№ას-1032-2025 16 ოქტომბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, თეა ძიმისტარაშვილი
კასატორი - გ.ა–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - თ.ა–ი (მხარდამჭერი მ.ც–ძე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება, დამატებით ხარჯებში მონაწილეობა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თ.ა–ის მხარდამჭერმა მ.ც–ძემ (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას გ.ა–ის (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის შრომისუუნარო სრულწლოვანი შვილის - 2005 წლის 15 ნოემბერს დაბადებული თ.ა–ის სასარგებლოდ, ალიმენტის ყოველთვიურად 1000 ლარის დაკისრება, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2024 წლის 07 თებერვლიდან, შვილის სიცოცხლის ბოლომდე. ასევე შრომისუუნარო სრულწლოვანი შვილის - 2005 წლის 15 ნოემბერს დაბადებული თ.ა–ის სასარგებლოდ, დამატებით ხარჯებში მონაწილეობის ვალდებულების სახით, ყოველთვიურად 500 ლარის დაკისრება.
2. სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით თ.ა–ის მხარდამჭერის მ.ც–ძის სარჩელი მოპასუხე გ.ა–ის მიმართ, ალიმენტის დაკისრებისა და დამატებით ხარჯებში მონაწილეობის თაობაზე, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გ.ა–ს, შრომისუუნარო სრულწლოვანი შვილის - 2005 წლის 15 ნოემბერს დაბადებული თ.ა–ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად - 900 (ცხრაასი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2024 წლის 07 თებერვლიდან, გარემოების სხვაგვარად შეცვლამდე; თ.ა–ის მხარდამჭერის მ.ც–ძის სარჩელი მოპასუხე გ.ა–ის მიმართ, დანარჩენ ნაწილში, არ დაკმაყოფილდა.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. მოსარჩელემ, მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. მოპასუხემ კი, გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება 300 ლარის ოდენობით ალიმენტის დაკისრების ნაწილში.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით გ.ა–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაუყოფილდა. თ.ა–ის მხარდამჭერ მ.ა–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გ.ა–ს დაეკისრა შრომისუუნარო სრულწლოვანი შვილის - 2005 წლის 15 ნოემბერს დაბადებული თ.ა–ის სასარგებლოდ, ალიმენტის გადახდა სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2024 წლის 07 თებერვლიდან 2026 წლის 01 ივნისამდე ყოველთვიურად - 1000 (ათასი) ლარის ოდენობით და 2026 წლის 01 ივნისიდან ყოველთვიურად 1200 (ათას ორასი) ლარის ოდენობით, გარემოების სხვაგვარად შეცვლამდე; თ.ა–ის მხარდამჭერის მ.ც–ძის სარჩელი მოპასუხე გ.ა–ის მიმართ დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. გ.ა–ს დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 1008 ლარის გადახდა.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინების ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1. გ.ა–ი და მ.ც–ძე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში 2004 წლის 20 ნოემბრიდან. ქორწინების პერიოდში - 2005 წლის 15 ნოემბერს, მ.ც–ძეს და გ.ა–ს შეეძინათ შვილი - თ.ა–ი. გ.ა–ის და მ.ც–ძის თანაცხოვრება შეწყვეტილია. განქორწინების რეგისტრაცია განხორციელდა 2007 წლის 26 დეკემბერს. 2005 წლის 15 ნოემბერს დაბადებული - თ.ა–ი ცხოვრობს დედასთან ერთად.
6.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით (საქმე N2/1477-20), ამავე სასამართლოს 2007 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით გ.ა–ისთვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა შეიცვალა და გ.ა–ს შვილის - 2005 წლის 15 ნოემბერს დაბადებული თ.ა–ის სასარგებლოდ ალიმენტის სახით დაეკისრა 850 ლარის გადახდა 2020 წლის 21 იანვრიდან მის სრულწლოვანებამდე.
6.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით (საქმე N2/1477-20) დადგენილია შემდეგი გარემოებები: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით (საქმე #2/9079-06) მ.ც–ძის სარჩელი მამობის დადგენის, გვარის მიკუთვნებისა და ალიმენტის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა. 2005 წლის 15 ნოემბერს დაბადებული თ.ც–ძის მამად აღიარებული იქნა გ.ა–ი, დაბადებული 02.10.1973 წ., და ბავშვს მიეკუთვნა მამის გვარი - ა–ი. გ.ა–ს დაეკისრა ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ თვეში 200 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2006 წლის 20 თებერვლიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით გ.ა–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და გაითვალისწინა, რომ მ.ც–ძე არ მუშაობდა, ხოლო გ.ა–ის ხელფასი შეადგენდა 905 ლარს. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და მასზე გაცემულია სააღსრულებო ფურცელი.
6.4. 2023 წლის 22 დეკემბრის მდგომარეობით, თ.ა–ს უფიქსირდება დიაგნოზი - აუტიზმი, საშუალო ანდა გამოხატული გონებრივი ჩამორჩენილობა, არსებობს ქცევის მნიშვნელოვანი აშლილობა, რომელიც მოითხოვს ყურადღებას და მკურნალობას. ავადმყოფობის მიმდინარეობა: მწვავე. ექიმის რეკომენდაცია: ფსიქიატრის ამბულატორული მეთვალყურეობა, ქცევითი, სენსორული და აკადემიური თერაპიები, მუსიკალური თერაპია, პერსონალური ასისტენტი (პაციენტის სოციალიზაცია არის მისთვის უმნიშვნელოვანესი, რის უზრუნველყოფაც ვერ ხერხდება, რადგან პაციენტის ქცევა საფრთხის შემცველია როგორც საკუთარი თავისთვის, ისე გარშემომყოფთათვის), აზალეპტინი 100 მგ. ½ აბი 2-ჯერ დღეში, ორთოპედის კონსულტაცია, წყლის პროცედურები, ცურვა (თერაპიული მნიშვნელობით).
6.5. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, ამბულატორიული სასამართლო ფსიქოსოციალური ექსპერტიზის 12/03/2024 წლის დასკვნის თანახმად, თ.ა–ს აქვს მყარი ფსიქიკური (გონებრივ/ინტელექტუალური) დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთობამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში. თ. ა–ის ფსიქიკური (გონებრივ/ინტელექტუალური) შესაძლებლობები მკვეთრად არის დაქვეითებული. თ.ა–ის მოქმედებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის ხარისხი შეზღუდულია მკვეთრად. თ.ა–ის სოციალური ადაპტაციის ხარისხი არის მკვეთრად დაქვეითებული. მას არ შეუძლია გააცნობიეროს თავისი ქმედებების ფაქტობრივი ხასიათი ან მოსალოდნელი შედეგები. ანდა უხელმძღვანელოს მის მიერ განხორციელებულ ქმედებებსა და ქცევებს. თ.ა–ს ესაჭიროება მხარდამჭერი მკურნალობაზე/რეაბილიტაციაზე თანხმობის გამოხატვის სფეროში; განათლების მიღების სფეროში; რეცეპტით გასაცემი მედიკამენტების მიღება/შეძენის სფეროში; სახელმწიფო სოციალური დახმარების მიღების მიზნით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის სფეროში; პენსიის დანიშვნის, მიღების, აღდგენის და განკარგვის სფეროში; საბანკო პლასტიკური ბარათის (პინ კოდის მიღების) დამზადება/მიღების სფეროში და ამ მიზნით საბანკო დაწესებულებებთან, მათ შორის სს „ლ.ბ–თან“ და ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის სფეროში; სასამართლო სარჩელის აღძვრისა და საქმის წარმოების სფეროში და ამ მიზნით ადვოკატის აყვანის და მისთვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილებების ჩათვლით, კანონით დადგენილი წესით, მინდობილობის გაფორმების სფეროში; წვრილმანი გარიგების დადების სფეროში; მკურნალობისა და სამედიცინო მომსახურების მიღების სფეროში; თავისუფლად გადაადგილების, მათ შორის საზღვარგარეთ გამგზავრების სფეროში. თ.ა–ს არ შეუძლია შეიგნოს თავისი მოქმედების მნიშვნელობა და განაგოს იგი. თ.ა–ის მდგომარეობის გაუმჯობესების, ან გაუარესების შესაძლებლობა მინიმალურია, პრაქტიკულად არ არის მოსალოდნელი. თ.ა–ს არ შეუძლია განახორციელოს სხვადასხვა უფლებები და გამოხატოს შესაბამისი ნება მხარდამჭერის დახმარებითაც კი, და შესაძლებელია მხარდამჭერმა განახორციელოს აღნიშნული უფლებანი უშუალოდ, მხარდაჭერის მიმღები პირის მონაწილეობის გარეშე. მხარდაჭერის გადასინჯვის ვადა რეკომენდებულია ხუთი წლით. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ქ. თბილისის საქალაქო ცენტრის სოციალური მუშაკის შეფასება/დასკვნის (04.03.2024) თანახმად, მიუხედავად თ.ა–ის მუდმივი მედიკამენტოზური მკურნალობისა, არის ძალიან აგრესიული, უმართავი, იმპულსური, გამოირჩევა სპონტანურად აგრესიული გამოვლინებებით, დაუნდობლობით, იცინის ან ტირის უმიზეზოდ, ღამით იღვიძებს და მღერის, იყენებს თვითდაზიანებებს, იკბენს ხელებს, ირტყამს თავში, ცდილობს ბინიდან გაპარვას, განსაკუთრებით სასტიკი და აგრესიულია დედის მიმართ, რომელიც ვერ ახერხებს მის დამორჩილებას, დედაზე განსაკუთრებული სისასტიკით ახორციელებს ფიზიკურ ძალადობას, თავს ესხმის ქუჩაში გამვლელებს, ასევე სტუმრად მისულ ნათესავებს, იკბინება, აგლეჯს თმას, ურტყამს თავის არეში, განსაკუთრებით აგრესიულია შენიშვნების მიცემისას (დედის ინფორმაცია). წარმოდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად, მის აგრესიას არ აქვს წინაპირობა, ვერ ხერხდება მისი სტაციონირება ფსიქიატრიულ კლინიკაში, რადგან უცხო გარემო აძლიერებს მის შფოთვას და აგრესიას. პაციენტს მრავალჯერ შეეცვალა დანიშნულება, თუმცა მისი ლაბილურობის გამო ფსიქოტროპული მედიკამენტების მიმართ ეფექტი არის ხანმოკლე და არამყარი, აქვს მოთხოვნები, რომლებიც მოითხოვს დიდ ფინანსურ რესურსებს, 18 წლის შემდგომ შეეზღუდა მუნიციპალური პროგრამებით სარგებლობა. ექიმი ფსიქიატრის მიერ თ.ა–ისთვის რეკომენდირებულია: ფსიქიატრის ამბულატორიული მეთვალყურეობა, ქცევითი, სენსორული და აკადემიური თერაპიები, რაც საჭიროებს ფინანსურ შესაძლებლობებს, მუსიკალური თერაპია - დედის ინფორმაციით: თ.ა–ი კომპოზიტორის კერძო გაკვეთილებს იღებს ოჯახში მისვლით, კვირაში ორი გაკვეთილი, ღირებულება შეადგენს 50 ლარს, დადის სიხარულით, ეფერება პედაგოგს, მშვიდი და ბედნიერია იქ ყოფნის პერიოდში საათნახევრის განმავლობაში, მღერის სიამოვნებით. თ.ა–ს ესაჭიროება ასევე პერსონალური ასისტენტი, ორთოპედის კონსულტაცია, წყლის პროცედურები, ცურვა - დედის ინფორმაციით დადიოდა ცურვაზე, თუმცა ამჟამად მას არ აქვს ფინანსური შესაძლებლობა.
6.6. სოციალური მუშაკის ოჯახში ვიზიტისას თ.ა–თან დამყარდა კონტაქტი, მოითხოვა სახელი და გვარის გაგება, რის შემდგომაც სოციალურ მუშაკს მიმართავდა სახელით და გვარით. მაგიდასთან დაჯდომისას თ.ა–მა მოითხოვა სოციალურ მუშაკს დაეწერა ბლოკნოტში მისი კარნახით, მაგრამ უცბათ გახდა აგრესიული დედის მიმართ, აიღო იატაკის ჯოხი, დედა გარბოდა, თ.ა–ი მოითხოვდა სოციალური მუშაკის სახლიდან წასვლას სიტყვებით: „რ.ქ–ი კარგად ბრძანდებოდეთ“, ურტყამდა სოციალურ მუშაკსაც ფეხებს და დედასაც. სახლიდან გამოსვლის შემდეგ სოციალურმა მუშაკმა დედას შესთავაზა სასწრაფოს გამოძახება, მაგრამ მიიღო უარი, რადგან არ აქვს სურვილი თ.ა–ის ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაყვანის. დედა დარწმუნებულია, რომ ფსიქიატრიული კლინიკიდან გამოწერის შემდგომ თ.ა–ის მდგომარეობა იქნება იდენტური ან გაუარესებული.
6.7. თ.ა–ის დიაგნოზიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ დედა მაქსიმალურად ცდილობს შესაბამისად დააკმაყოფილოს მისი მოთხოვნილებები და ზრუნავს მასზე, ვერ ახერხებს თ.ა–ის მართვას. ამასთან საკუთარი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ცდილობს შეასრულოს ექიმის მიერ გაწერილი რეკომენდაციები, ამჟამად მ.ც–ძეს არ აქვს შესაბამისი ფინანსური მდგომარეობა. ოჯახის ფინანსები დამოკიდებულია თ.ა–ის პენსიაზე და მისი ნათესავების (მ.ც–ძის დედა, დეიდა და და) ეკონომიკურ დახმარებაზე. თ.ა–ს მამა ფაქტობრივად არ იცნობს, არ კითხულობს 18 წელია და არც ფინანსურ- ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
6.8. თ.ა–ის და მისი მხარდამჭერი კანდიდატის მ.ც–ძის შეფასების პროცესში გამოკვეთილი ძირითადი ასპექტებისა და ფაქტორების გათვალისწინებით, თ.ა–ი საჭიროებს მხარდაჭერას, ხოლო მასზე მხარდაჭერად დასანიშნი კანდიდატის მიერ განხორციელებული ზრუნვა არის კარგი, შესაბამისად, მიზანშეწონილია, თ.ა–ის მხარდამჭერად დაინიშნოს მ.ც–ძე სარჩელში მითითებულ სფეროებში.
6.9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 დეკემბრის განჩინებით (საქმე N2/332871-23), მ.ც–ძეს თ.ა–ის მიმართ მიენიჭა დროებითი მხარდამჭერის სტატუსი.
6.10. თ.ა–ი ჩართული იყო ქ. თბილისის მერიის „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის“ პროგრამის ფარგლებში 2023 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება N20-122 2022 წლის 29 დეკემბრის, მუხლი 4, #5-ს (ვაუჩერით ანაზღაურდება მომსახურება, მოსარგებლის ქვეპროგრამაში ჩართვის თვიდან მოსარგებლის 18 წლის ასაკის შესრულებამდე. ანაზღაურებას ექვემდებარება ასევე 18 წლის ასაკის შესრულების თვის მანძილზე მოსარგებლისათვის მიწოდებული მომსახურება) მიხედვით 2023 წლის დეკემბრის თვიდან ბენეფიციარი ტოვებს აღნიშნულ პროგრამას.
6.11. ბავშვთა და მოზარდთა რეაბილიტაციის ცენტრ „ფ–ში“, ბენეფიციარს მომსახურების მიღება შეეძლება თვითდაფინანსებით, ხელშეკრულების ამოწურვამდე, 2024 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით. 2023 წლის დეკემბრის თვიდან, ცენტრში თვითდაფინანსებით სიარულის შემთხვევაში, კვირის ჭრილში 45 წუთი სენსორული თერაპია, რომლის თითო სეანსის ღირებულება შეადგენს 55 ლარს და 3 საათი აკადემიური უნარები, რომლის თითო სეანსის ღირებულება შეადგენს 45 ლარს, ერთი კვირის ჯამური გადასახადი იქნება 190 ლარი. შპს ,,გ.ც.უ–ის’’ 21/12/2023 წლის ცნობის თანახმად, მიმართა შშმ პირის დედამ შვილთან - თ.ა–თან ერთად, რომელსაც აქვს მე-2- მე-3 ხარისხის სქოლიოზი და ესაჭიროება მუდმივი მკურნალობა, რაშიც იგულისხმება ხერხემლის მუდმივი რეაბილიტაცია, ცურვა და მასაჟები. ხერხემლის მკურნალობა ინოვაციური მეთოდით CERACEM აპარატით, 40 პროცედურა, ერთეულის ღირებულება 120 ლარი, ჯამურად გადასახდელი თანხა შეადგენს 4800 ლარს.
6.12. თ.ა–ი შრომისუუნაროა, წარმოადგენს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირს, საჭიროებს მუდმივ ყურადღებას, მხარდაჭერას და დახმარებას, ვინაიდან არსებობს საშიშროება, დაზიანება მიაყენოს საკუთარ თავს, მესამე პირებს და ოჯახის წევრებს, მისი მოქმედებები და განწყობები სპონტანურია, ვერ აცნობიერებს მოქმედებების მნიშვნელობას და შედეგებს.
6.13. თ.ა–ის ერთადერთი მეთვალყურე, მხარდამჭერი და მასზე მზრუნველი (მორალურად/ფიზიკურად) პირი არის - მ.ც–ძე, რომელსაც ობიექტური მიზეზებით, ფიზიკურად შეზღუდული აქვს შესაძლებლობა იყოს დასაქმებული და უდავოა, რომ ფაქტობრივად 2006 წლის შემდეგ არ უმუშავია.
6.14. 2010 წლის 17 სექტემბერს მ.ც–ძემ გაასხვისა უძრავი ქონება, მდებარე: მცხეთა, ........, ფართი - 600 კვ.მ. – 1000 ლარად. 2018 წლის 22 ნოემბერს მ.ც–ძემ (მასთან ერთად 2 გამყიდველი) გაასხვისა უძრავი ქონება, მდებარე: ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, .......... ს/კ ........, სკ/ ......... და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ........, ს/კ ........., ს/კ N........– 23000 ლარად. მ.ც–ძის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხება უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისი, ..........., ფართი - 82.32 კვ.მ. საკადასტრო კოდი - ........... მ.ც–ძეს საკუთრებაში გააჩნდა ავტომანქანა „მიცუბიში აირტეკი“, რომელიც მისივე განმარტებით გაასხვისა 3500 აშშ დოლარად და 2024 წლის 23 აპრილს 8691 აშშ დოლარად შეიძინა ავტომანქანა hyundai kona. მ.ც–ძის განმარტებით, ავტომანქანის შესაძენად 6000 აშშ დოლარი მას გადასცა დამ - თ.ც–ძემ. მითითებული თანხა თ.ც–ძემ მიიღო ამხანაგობის ბალანსზე არსებულ ტერიტორიაზე საგარაჟე ადგილის გასხვისების შედეგად, რომლის დასადასტურებლად მ.ც–ძემ წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულება (გ.ც–ძის ხელწერილი, დადასტურებული სანოტარო წესით).
6.15. სსიპ შემოსავლების სამსახურის N21-11/14070 წერილის თანახმად (21.02.2024 წ. მდგომარეობით), 2023 წლის თებერვლის თვიდან მ.ც–ძეს არ უფიქსირდება მიღებული შემოსავლის შესახებ ინფორმაცია.
6.16. გ.ა–ს უფიქსირდება ხელფასის ჩარიცხვა სს „ლ.ბ–იდან“. 2023 წლის თებერვლიდან 2024 წლის იანვრის თვის ჩათვლით ჯამურად მას დაერიცხა 59524.54 ლარი (შემოსავლის ტიპი - ხელფასი, სხვა), რაც საშუალოდ თვეში გამოდის (დაუბეგრავი) 4960.37 ლარი. გ.ა–ის ხელზე ასაღები ხელფასი (შემოსავლის ტიპი) შეადგენს - 3040 ლარს.
6.17. მოპასუხეს მონაწილეობა არ მიუღია შვილის სულიერ და სოციალურ განვითარებაში, არასდროს უნახავს თ.ა–ი. თავდაპირველად გ.ა–ს მიაჩნდა, რომ თ.ა–ი არ იყო მისი შვილი. მოპასუხეს, ოფიციალურად განსაზღვრული ალიმენტის გარდა (რომელის გადახდაც შეწყდა სრულწლოვანების მიღწევისას), არ გაუწევია არავითარი დახმარება თ.ა–ის რჩენა-აღზრდაში, არც ფიზიკური და არც მორალური თვალსაზრისით. გ.ა–ი არასდროს დაინტერესებულა თ.ა–ის მდგომარეობით, სრულწლოვანების მიღწევის შემდეგაც - 2023 წლის 15 ნოემბრიდან, არ გამოუჩენია არავითარი ინიციატივა მინიმალურზე უფრო მცირედით მაინც დახმარებოდა შვილს მატერიალურად (ან სხვა ნებისმიერი ფორმით). მოპასუხე გ.ა–ს სადავოდ არ გაუხდია თ.ა–ის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მითითებული თანხების ოდენობა (ალიმენტის ოდენობა 1000 ლარი და დამატებითი ხარჯის ოდენობა 500 ლარი, მხოლოდ გადახდის შეუძლებლობაზე მიუთითებდა), მისი განმარტებით არ გამორიცხავს და დასაშვებად მიაჩნია აღნიშნული ხარჯების საჭიროება.
6.18. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ გ.ა–თან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ქ.ბ–ძის სახელზე ირიცხება შემდეგი უძრავი ქონება: 1. მის.: ქ. თბილისი, ..........., ს/კ #..........; 2. ქ. თბილისი, ............., ს/კ #..........., რომელზედაც 2017 წლის 10 მაისის მდგომარეობით სს „ბ.რ–ის“ მოთხოვნის უზრუნველსაყოფად რეგისტრირებულია იპოთეკა. იპოთეკის ხელშეკრულების დამოწმების თარიღია 05.05.2017 წელი. 2020 წლის 29 იანვრის მდგომარეობით გ.ა–ის ჯამური დავალიანება სს „თ.ბ–ის“ მიმართ იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულების (#000774018) საფუძველზე შეადგენს 37.225.69 ლარს, ხოლო სამომხმარებლო სესხის ხელშეკრულების (#669506-10595497) საფუძველზე - 24668.83 ლარს. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთულია ქ.ბ–ძის სახელზე რიცხული უძრავი ქონება. აღნიშნული სესხების დასაფარად ყოველთვიურად გადასახდელი თანხა შეადგენს 1005 ლარს. სს „ლ.ბ–იდან“ გ.ა–მა, 2023 წლის 06 ოქტომბრის ხელშეკრულების თანახმად (სესხი 0101.3361923.001 - გენერალური ხელშეკრულების P61613229.0101.001 საფუძველზე), აიღო კრედიტი 48 500 ლარის ოდენობით(კრედიტის მთლიანი თანხის ოდენობა 65404.07 ლარი). კრედიტის მოქმედების ვადად მითითებულია 2027 წლის 05 მაისი. მიზნობრიობაში დაფიქსირებულია - სხვა ბანკის ვალდებულების რეფინანსირება. სესხის დაფარვის გრაფიკის მიხედვით, გ.ა–მა ყოველთვიურად უნდა გადაიხადოს დაახლოებით 1050 ლარი. 2024 წლის ივნისის თვის მდგომარეობით დარჩენილი დავალიანება შეადგენს 30822.55 ლარს, ხოლო 2025 წლის 05 მაისის მდგომარეობით დარჩენილი დავალიანება - 22 251.70 ლარს. უძრავ ნივთზე (მესაკუთრეები: მ. ა–ი, ნ.ა–ი) ს/კ #........... რეგისტრირებულია სს „ლ.ბ–ის“ იპოთეკა.
6.19. სს „ლ.ბ–იდან“ წარმოდგენილი ცნობის თანახმად (21.02.2024), გ.ა–ი დასაქმებულია ნაღდი ფულისა და ფასეულობების გადაზიდვის განყოფილების უფროსის მოადგილის, ჯგუფის უფროსის თანამდებობაზე (დასაქმების თარიღი 11/11/09) თვიური დარიცხული ხელფასი - 3750 ლარი. 2023 წლის აგვისტოს თვიდან 2024 წლის იანვრის თვის ჩათვლით გ.ა–ს, ხელფასის, საწვავის, საჩუქრის და ქეშბექის სახით, დარიცხული აქვს 25374.16 ლარი (საშემოსავლო გადასახადი 5074.84 ლარი).
6.20. გ.ა–ს, მეორე (ფაქტობრივი) ქორწინებიდან - ქ.ბ–ძესთან, ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი - 2008 წლის 30 მაისს დაბადებული ნ. ა–ი და 2013 წლის 17 იანვარს დაბადებული მარიამი ა–ი.
6.21. სსიპ შემოსავლების სამსახურის N21-11/33665 წერილის თანახმად (23.04.2024 წ. მდგომარეობით), ქ.ბ–ძეს უფიქსირდება ხელფასის ჩარიცხვა სს „ლ.ბ–იდან“ (ახსნა-განმარტების თანახმად, IT სპეციალისტი). 2023 წლის თებერვლიდან 2024 წლის მარტის თვის ჩათვლით ჯამურად მას დაერიცხა 68 350 ლარი, საშუალოდ თვეში (დაუბეგრავი) 4882 ლარის ოდენობით.
6.22. 2023 წლის 22 მარტს უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების თანახმად, ავთანდილ ა–მა (გ.ა–ის მამა) აჩუქა ნ. ა–ს, მ. ა–ს და ნ. ა–ს უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისი, ..........., ფართი 148.55 კვ.მ. - საკადასტრო კოდი - ...........
6.23. 2023 წლის 22 მარტს უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების თანახმად, ქ.ბ–ძემ აჩუქა მ. ა–ს და ნ. ა–ს უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისი, ..........., ფართი 72.76 კვ.მ. - საკადასტრო კოდი - ............
6.24. 2023 წლის 22 მარტს უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების თანახმად, ქ.ბ–ძემ აჩუქა მ. ა–ს და ნ. ა–ს უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისი, ............., ნახევარსარდაფი, ფართი 45.97 კვ.მ. - საკადასტრო კოდი - ..........
6.25. გ.ა–ის მეუღლის (ფაქტობრივი ქორწინება) ქ.ბ–ძის სახელზე საკუთრების უფლებით 28/03/2023 წლამდე რეგისტრირებული იყო უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისი, ..........., ფართი 72.76 კვ.მ. - საკადასტრო კოდი - ........... აღნიშნული უძრავი ნივთი, 05/04/2024 წლის მდგომარეობითაც, დატვირთულია იპოთეკით - იპოთეკარი სს „ლ.ბ–ი“ - დამოწმების თარიღი 28/03/2022 - იპოთეკის ხელშეკრულება N გენ. P61613229.0101.001.01. ზემოაღნიშნული იპოთეკის ხელშეკრულება დაკავშირებულია სს „ლ.ბ–სა“ და გ.ა–ს შორის 2023 წლის 06 ოქტომბერს გაფორმებულ ხელშეკრულებასთან (0101.3361923.001), რომლის საფუძველზე მიღებულ კრედიტს ყოველთვიურად, 1050 ლარის ოდენობით, დღემდე იხდის გ.ა–ი. კერძოდ, გ.ა–ისთვის 2023 წლის 06 ოქტომბერის კრედიტის გაცემის და ქ.ბ–ძისთვის 2022 წლის იპოთეკის ხელშეკრულებით სესხის გაცემის საფუძველია გენერალური ხელშეკრულება - P61613229.0101.001 – თარიღი:17.03.2022.
6.26 ქ.ბ–ძის მიერ გაფორმებულ იპოთეკის ხელშეკრულებაში (Nგენ. P61613229.0101.001.01) მე-3 პუნქტში (უზრუნველყოფილი მოთხოვნა) ძირითადი ხელშეკრულების დასახელებაში - მითითებულია ზემოაღნიშნული გენერალური ხელშეკრულება (P61613229.0101.001 – თარიღი:17.03.2022), არსებულ ან/და სამომავლო მოვალეში - გ.ა–ი, უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოცულობაში მითითებულია - ძირითადი ხელშეკრულებიდან (მათ შორის ძირითად ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებიდან) გამომდინარე სხვა მოვალეების მიმართ, ბანკის არსებული, ასევე მომავალში წარმოშობილი ან/და პირობითი მოთხოვნები. გ.ა–მა დაადასტურა, რომ ზემოაღნიშნული ქონება შეიძინეს მეუღლეებმა ერთობლივად, მათ შორის, მის მიერ აღებული სესხით (რომელსაც დღემდე თავად იხდის) და საკუთრების უფლება აღირიცხა ქ.ბ–ძის სახელზე. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 23 თებერვლის ცნობის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული პროგრამის მონაცემებით გ.ა–ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის.
6.27. 2024 წლის 23 თებერვალს ნოტარიულად რეგისტრირებული უძრავი ნივთის ქირავნობის ხელშეკრულების თანახმად, გ.ა–მა თ.ს–ისაგან იქირავა საცხოვრებელი ბინა (მდებარე: თბილისი, ............, ფართი 46.65 კვ.მ.) თვეში 850 ლარად. ხელშეკრულების თანახმად, შეთანხმება ძალაში შედის 01.03.2024 წლიდან, და მოქმედებს 11 თვის ვადით. ფიქსირდება გ.ა–ის მხრიდან თ.ს–ის ანგარიშზე თანხების მხოლოდ ორ შემთხვევაში გადარიცხვა: 28.03.2024 – 850 ლარი, 27.02.2024 – 1700 ლარი. გადახდის დანიშნულებაში გარკვევით არის მითითებული - ბინის ქირავნობის გადასახადი. შემდგომი პერიოდის ქირის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ არის წარმოდგენილი.
6.28. ა. ა–ი არის მოპასუხე გ.ა–ის მშობელი. ნ. ა–ი არის გ.ა–ის და. ა. ა–ი და ნ. ა–ი ცხოვრობენ ერთად, 148.55 კვ.მ. ფართის მქონე ბინაში (ქ. თბილისი, ............), მათ კომუნალურ გადასახადებს კი - 2023 წლის ნოემბრის თვიდან იხდის გ.ა–ი.
6.29. 2024 წლის 30 მაისს, ქ.ბ–ძემ და გ.ა–მა გააფორმეს „მორიგების აქტი“ და დაამოწმეს ნოტარიულად, რომლის თანახმად, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს საქმის წარმოება N2/4908-24, სადაც სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ალიმენტის დაკისრება გ.ა–ისთვის 2 არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, სურთ საქმის წარმოება დაასრულონ მორიგებით: „მოპასუხე“ გ.ა–ი თანახმაა, მისი არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ გადაიხადოს ალიმენტი ყოველთვიურად შემდეგი გაანგარიშებით - 2024 წლის 01 ივნისიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე თითოეულისთვის 350 ლარის ოდენობით (ჯამურად 700 ლარი).
6.30. სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია შემდეგი გარემოებები: 2024 წლის 15 ოქტომბერს სს ,,ლ.ბ–სა“ და გ.ა–ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. კრედიტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 27.10.2025 წლის ჩათვლით. კრედიტის მოცულობა შეადგენს 2010 ლარს. კრედიტის ყოველთვიური შენატანია საშუალოდ 150 ლარი. გ.ა–ის განმარტებით, აღნიშნული თანხით შესრულდა საალიმენტო დავალიანება.
6.31. მ.ც–ძემ წარმოადგინა თ.ა–ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა - ფორმა 100/ა, რომლის თანახმად, თ.ა–ს დაენიშნა მედიკამენტოზური მკურნალობა. ასევე, წარმოდგენილია მითითებული მედიკამენტების შეძენის დამადასტურებელი მტკიცებულებები (გადახდის ქვითები), რომლის საერთო ჯამი შეადგენს 474.26 ლარს. სტომატოლოგიური კლინიკის მიერ გაცემული ინვოისით დასტურდება, რომ თ.ა–ს ესაჭიროება 10 კბილის კარიესული დაზიანების დაბჟენა და პირის ღრუს ჰიგიენური წმენდა, რომლის საერთო ღირებულება შეადგენს 1550 ლარს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სამართლებრივი დასაბუთება:
6.32. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი არის – პირი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევით, რომლის სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში.
6.33. პალატამ აღნიშნა, რომ სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალური მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტვალდებული მხარეები იღებენ, ასევე, გასათვალისწინებელია მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერი ინტერესი. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. პალატა მიუთითა, რომ შვილის (არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო) აღზრდა და მათ კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს. ეს ვალდებულება გულისხმობს შვილისათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნას, რომელიც შეესაბამება მათ საუკეთესო ინტერესებს.
6.34. საამართლომ აღნიშნა, რომ ალიმენტის ოდენობის დაანგარიშებას, უპირატესად, შვილის საჭიროებანი განაპირობებს და არ გაიზიარა გ.ა–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ალიმენტის 900 ლარის 300 ლარამდე შემცირების შესახებ, ვინაიდან, დგინდებოდა, რომ მამა არ იღებს მონაწილეობას შვილის აღზრდაში. დედა - მ.ც–ძე თავის თავზე იღებს შვილზე ფიზიკურ პასუხისმგებლობას. ამ ვალდებულების გამო მეორე მშობელთან შედარებით, შეზღუდულია მატერიალური სახსრების მიღება თავისი გამომუშავებით უზრუნველყოს. პალატამ მიუთითა, რომ თუ ჯანმრთელი შვილისათის საკმარისია მხოლოდ საკვები, ტანისამოსი და განათლება, დროებითი ან სამუდამო შშმ პირისათვის შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი ზრუნვა.
6.35. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ გ.ა–ს გააჩნია იმ ოდენობის შემოსავლები ან/და შესაძლებლობა-მიიღოს შემოსავალი, რომ უმნიშვნელოვანესი საჭიროებების დაკმაყოფილებაში დაეხმაროს შრომისუუნარო სრულწლოვან შვილსაც, რომელიც დახმარებას საჭიროებს, ალიმენტის გადახდით მაინც.
6.36. პალატამ გაითვალისწინა, რომ თ.ა–ი წარმოადგენს სახელმწიფოსაგან სოციალური დახმარების მიმღებ პირს; ნ.ა–ი (გ.ა–ის შვილი) 2026 წლის 30 მაისს მიაღწევს სრულწლოვნების ასაკს, რაც ნიშნავს, რომ გ.ა–ი გათავისუფლება საალიმენტო ვალდებულებისაგან, ასევე 2027 წლის 05 მაისს, სრულდება საკრედიტო ვალდებულება და მიიჩნია, რომ 2026 წლის 01 ივნისიდან გ.ა–ის ყოველთვიური გადასახდელი უნდა განისაზღვროს 1200 ლარით, ხოლო სარჩელის აღძვრის მომანტიდან 2026 წლის 01 ივნისამდე პარიოდისათვის გადასახდელი ალიმენტი უნდა განისაზღვროს 1000 ლარით, რაც მოიცავს შვილის ჯანმრთელობისთვის, კვებისთვის, ჩაცმისათვის, ჰიგიენისთვის, დასვენებისათვის, სოციალური აქტივობებისთვის და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოქმედებებისთვის გასაწევ ხარჯებს. პალატამ განმარტა, რომ ამ შემთხვევაში, მითითებული გადასახდელი საალიმენტო ვალდებულებად მიიჩნევა, ვინაიდან თანხა შვილის ყოველთვიურ საჭიროებებს დაფარავს, ხოლო დამატებით ხარჯებს (სამოქალაქო კოდექსის 1215-ე მუხლი) ძირითადად ერთჯერადი ხასიათი გააჩნია.
6.37. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხისათვის ყოველთვიურად 1200 ლარის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებით, სასამართლო არ გაცდენია მოთხოვნის ფარგლებს, ვინაიდან მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხისათვის 1700 ლარის დაკისრებას (მათ შორის ალიმენტი - 1000 ლარი, დამატებითი ხარჯი - 500 ლარი). პალატა განმარტა, რომ სამართლებრივი ნორმის მოძიება და მისადაგება სასამართლოს პრეროგატივაა და შესაბამისად, სასამართლოს სრული უფლებამოსილება გააჩნდა დადგენილ ფაქტობრივ საფუძვლებზე დაყრდნობით, თავისი შეხედულებისამებრ განეხორციელებინა მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის სამართლებრივი კვალიფიკაცია.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა გ.ა–მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება 300 ლარის ოდენობით ალიმენტის დაკისრების ნაწილში.
8. საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
8.1. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არასწორად იხელმძღვანელა ბავშვის საუკთესო ინტერესების კუთხით არსებული სასამართლო პრაქტიკით. ვინაიდან, თ.ა–ი მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდულქმედუნარიანია, არ არის ბავშვი, სრულწლოვანი პირია და მსგავსი საკითხის მიმართ სასამართლოს უნდა ჰქონდეს განსხვავებული მიდგომა.
8.2. კასატორი ასევე მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ გ.ა–ის დაკირებული ოდენობით ალიმენტის გადახდის შესაძლებლობა არ გააჩნია. თუმცა, სასამართლომ არ გაითვალისწინა აღნიშნული მტკიცებულებები და მხოლოდ შინაგან რწმენაზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება. ამასთან, გასცდა მოთხოვნის ფარგლებს და მოპასუხეს დააკისრა ალიმენტი იმაზე მეტი ოდენობით, ვიდრე მოსარჩელე მოთხოვდა. საკასაციო პრეტენზია შეეხება ასევე სახელმწიფო ბაჟის განაწილების საკითხს.
8.3. კასატორი შუამდგომლობს მის მიერ ქირის გადადის დამადასტურებელი ქვითრებისა და ალიმენტის გადახდის დამადასტურებელი ქვითრების საქმეზე დართვაზე.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 ივლისის განჩინებით, სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 08 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
11. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის გამოყენება ან/და განმარტება. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა დასაშვები და ნაწილობრივ დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
13. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იმსჯელებს სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილის სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტის ოდენობის საკითხზე და ამ კუთხით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული, სამართლებრივი შედეგის მართლზომიერებას შეაფასებს.
14. საკასაციო პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ უპირველესყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი (მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა). მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს, ხოლო, ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ №ას-53-49-2017, 07 აპრილი 2017 წელი).
15. სადავო საკითხის სამართლებრივი მოწესრიგების თვალსაზრისით, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე (მშობლები მოვალენი არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე, შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ), 1214-ე (თუ მშობლები ვერ შეთანხმდებიან ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლის, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას), 1198.2 (მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება), 1202.1 (მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ) მუხლებზე და განმარტავს, რომ მოხმობილი საკანონმდებლო დანაწესები მშობლების მიერ შვილების რჩენის - ალიმენტის გადახდის კანონისმიერ ვალდებულებას აწესებს. არასრულწლოვნის და შრომისუუნარო შვილის რჩენის მოვალეობა ეკისრება როგორც დედას, ისე - მამას, მიუხედავად იმისა, ისინი დაქორწინებული არიან თუ არა, თუმცა ალიმენტის ზღვრულ ოდენობას კანონი არ ადგენს. მისი გონივრული და სამართლიანი ოდენობა, სასამართლომ თავისი დისკრეციის ფარგლებში, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებათა შეფასებით უნდა დაადგინოს.
16. საქართველოს უზენაეს სასამართლოს არაერთ საქმეზე აქვს განმარტებული, რომ ალიმენტის დაკისრების საკითხის განხილვის დროს, ამოსავალი წერტილია ბავშვის საუკეთესო ინტერესი და გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს. ამასთან, ალიმენტის ოდენობის დადგენისას, უნდა შეფასდეს მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა ობიექტური გარემოებები. ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს მხოლოდ ფორმალურ ხასიათს, ის უნდა იყოს ეფექტური და ქმედითი ღონისძიება, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს ბავშვის განვითარებისთვის საჭირო და აუცილებელი პირობების შექმნას. შვილების რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა და იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან (იხ. სუსგ-ები №ას-58-49-2011, 27/06/2011წ; №ას-1141-1061-2017, 17/10/2017წ.; №ას-ას-1301-2019, 13/03/2020წ.; №ას-878-2021, 27/10/2021წ. Nას-1262-2023, 08/11/2023წ.; Nას-1328-2023, 07/03/2024წ.; Nას-1606-2023, 10/04/2024წ.). ამდენად, სასამართლომ, ერთი მხრივ, უნდა დაადგინოს ბავშვის (განსახილველ შემთხვევაში შრომისუუნარო შვილის) ის მატერიალური აუცილებლობანი, რომლებიც მისი რჩენა-აღზრდის საკითხს მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფენ, ხოლო, მეორე მხრივ, გადაწყვეტილება უნდა იყოს აღსრულებადი, კერძოდ, ალიმენტვალდებულმა პირმა რეალურად უნდა შეძლოს დაკისრებული თანხის გადახდა, რამდენადაც უნდა დადგინდეს გონივრული ბალანსი არასრულწლოვანთა ინტერესებსა (რაც მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფს ბავშვების საჭიროებებს) და მშობელთა სოციალურ თუ სხვა პასუხისმგებლობას შორის საზოგადოებაში (იხ. სუსგ №ას-829-2019, 11/07/2019წ.). ამასთან, ალიმენტის განსაზღვრისას, სხვა გარემოებებთან ერთად, მხედველობაში მიიღება ის, თუ რომელ მშობელთან ცხოვრობს ბავშვი და რომელს უფრო მეტი ხარჯის გაწევა უწევს (იხ. სუსგ №ას-159-2024; 23/01/2025წ.). როგორც წესი, იმ მშობლის მიერ გაწეული ხარჯები, რომელთანაც ბავშვი მუდმივად ცხოვრობს, გაცილებით მეტია და მას ემატება ის მორალური თუ ემოციური მხარდაჭერაც, რაც როგორც წესი მეტი აქვს იმ მშობელს, ვისთანაც ბავშვები განქორწინების შემდგომ, მუდმივად ცხოვრობენ, აღნიშნული კი კომპენსირებული უნდა იყოს მეორე მშობლის მიერ გონივრული ფულადი დახმარებით (იხ. სუსგ Nას-341-2022, 14/06/2022წ.).
17. მშობელთა მხრიდან შვილზე მაქსიმალური ზრუნვის დანაწესი უნდა განისაზღვროს მშობელთა მატერიალური შემოსავლების, ყოველთვიური ხარჯისა და შვილის მდგომარეობის გათვალისწინებით. მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური ფიქსირებული შემოსავალი ხელფასის სახით, უნდა უზრუნველყოს შვილი რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი თანხით. პალატა დამატებით განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ალიმენტის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია სასამართლოს მხრიდან დადგინდეს არა მხოლოდ ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობა, არამედ - ალიმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირის საჭიროებები, იმ მოთხოვნების გათვალისწინებით, რაც აუცილებელია მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე ას-1011-931-2017).
18. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია თ.ა–ის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მითითებული თანხების ოდენობა. თუმცა განმარტავს, რომ არ გააჩნია შესაბამისი ფინანსები, რათა ყოველთვიურად უზრუნველყოს მისი შვილი თ.ა–ი საალიმენტო მოვალეობის გადახდის გზით. გ.ა–ი მიუთითებს საბანკო ვალდებულებებზე, მშობლის წინაშე არსებულ მის ვალდებულებებზე, არასრულწლოვანი შვილების მიმართ არსებულ საალიმენტო ვალდებულებებზე და საცხოვრებლით უზრუნველყოფისათვის ბინის ქირის გადახდაზე.
19. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებასთან მიმართებით და განმარტავს, რომ საალიმენტო ვალდებულება მნიშვნელოვანია სხვა ვალდებულებებთან მიმართებით. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარის არგუმენტები და წარმოდგენილი მტკიცებულებები საკასაციო პალატას არ უქმნის დაკისრებული ალიმენტის 300 ლარამდე შემცირების რწმენას (როგორც ამას კასატორი მოითხოვს)(შდრ. სუსგ Nას-279-264-17, 21.04.17 წელი „მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტი მიუთითებს სასამართლოსათვის არა სუბიექტურ მოსაზრებებზე დაყრდნობით მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადგენილად მიჩნევაზე, არამედ მოსამართლის შინაგან რწმენაზე, რომელიც შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ შეფასებაზეა დაფუძნებული). პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილის დიაგნოზიდან გამომდინარე, დედა - მ.ც–ძე მოკლებულია შესაძლებლობას დასაქმდეს და ჰქონდეს შემოსავალი.
20. რაც შეეხება კასატორის არგუმენტს მასზედ, რომ სასამართლო გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს და მოსარჩელეს მიაკუთვნა იმაზე მეტი, ვიდრე იგი სარჩელით მოთხოვდა, საკასაციო პალატა ამ ნაწილში სრულად იზიარებს კასატორის შედავებას.
21. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებაში მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. შეჯიბრებითობის პრინციპის შინაარსის ანალიზი საფუძველს გვაძლევს გავაკეთოთ შემდეგი დასკვნები: 1. შეჯიბრებითობის პრინციპი მოიცავს მხარეთა საქმიანობას მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების სფეროში. საკითხი იმის შესახებ, რომ სასამართლო საქმის განხილვას (სამოქალაქო პროცესს) იწყებს მხოლოდ დაინტერესებული პირის მოთხოვნით, ან, რომ სასამართლო არ უნდა გასცდეს მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს და ა.შ. განეკუთვნება არა შეჯიბრებითობის, არამედ დისპოზიციურობის პრინციპის სფეროს. 2. მხარეთა მოთხოვნების თუ შესაგებლის ფაქტობრივი (და არა იურიდიული) დასაბუთება (გამართლება) ეკისრებათ თვითონ მხარეებს. 3. მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ, თუ რომელი ფაქტები დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს (შესაგებელს). ამის შესახებ პირდაპირაა მითითებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის „გ“, „ზ“ და „ე“ ქვეპუნქტებში, რომლის თანახმად, მოსარჩელე უთითებს დავის საგანს და სარჩელის მოთხოვნას, ასევე, სარჩელში აღნიშნული უნდა იყოს გარემოებები, რომლებზეც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს. ამასთან, სასამართლომ დავის განხილვისა და საქმეზე გადაწყვეტილების მიღების დროს უნდა დაიცვას სარჩელის მოთხოვნის ფარგლები (იხ. სუსგ №ას-883-2021 09.12. 2021 წ.)
22. არაერთ საქმეში საკასაციო პალატამ ასევე განმარტა, რომ: „...სსსკ-ის 248-ე მუხლით იმპერატიულადაა დადგენილი სასამართლო გადაწყვეტილების ფარგლები, რომლის თანახმადაც, სასამართლოს უფლება არა აქვს, მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. მითითებული ნორმის დანაწესი არა მარტო პირველი ინსტანციის, არამედ, სააპელაციო და საკასაციო განხილვის წესებზეც ვრცელდება, რამდენადაც, ამავე კოდექსის 384-ე და 409-ე მუხლების თანახმად, ზემდგომი სასამართლო უფლებამოსილია, გადაწყვეტილება მხოლოდ მხარის მოთხოვნის ფარგლებში შეცვალოს, ხოლო საქმის ზემდგომ სასამართლოში განხილვისას, დავის საგნის გადიდება დაუშვებელია (სსსკ-ის 381-ე და 406-ე მუხლები) (შდრ: სუსგ №ას-863-813-2015, 17 დეკემბერი, 2015 წ).
23. ამდენად, როგორც სასამართლოში დავის დაწყება, ისე მოთხოვნის ჩამოყალიბება თუ დავის საგნის განსაზღვრა, მხოლოდ მხარის პრეროგატივაა. სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებში, სასამართლოს როლი განისაზღვრება მხარეთა მიერ განსაზღვრული მოთხოვნის საფუძვლიანობის მათ მიერვე წარმოდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში გამოკვლევასა და სამართლებრივ შეფასებაში (შდრ: სუსგ №ას -934-2020, 25 მარტი, 2021 წ).
24. სადავო საკითხთან მიმართებით, საკასაციო პალატა უპირველესად მხარის სასარჩელო მოთხოვნებზე გაამახვილებს ყურადღებას. კერძოდ, სარჩელის მიხედვით, მოთხოვნებს წარმოადგენდა: 1. მოპასუხისათვის შრომისუუნარო სრულწლოვანი შვილის - 2005 წლის 15 ნოემბერს დაბადებული თ.ა–ის სასარგებლოდ, ალიმენტის ყოველთვიურად 1000 ლარის დაკისრება, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2024 წლის 07 თებერვლიდან, შვილის სიცოცხლის ბოლომდე. 2. მოპასუხისათვის შრომისუუნარო სრულწლოვანი შვილის - 2005 წლის 15 ნოემბერს დაბადებული თ.ა–ის სასარგებლოდ, დამატებით ხარჯებში მონაწილეობის ვალდებულების სახით, ყოველთვიურად 500 ლარის დაკისრება.
25. ამდენად, პირველი სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში მოპასუხისადმი ალიმენტის სახით დასაკისრერბელ თანხა მოსარჩელეს განსაზღვრული ჰქონდა 1000 ლარით; მეორე სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში კი, მოპასუხისადმი დასაკისრებელი თანხა მოსარჩელეს განსაზღვრული ჰქონდა დამატებით ხარჯებში მონაწილეობის ვალდებულების სახით 500 ლარი. აღსანიშნავია, რომ სამართალწარმოების არც ერთ ეტაპზე სასარჩელო მოთხოვნის მოდიფიცირება არ მომხდარა. დამატებით ხარჯებში მონაწილეობის ვალდებულების სახით სარჩელის დაკმაყოფილებაზე კი, მოსარჩელეს ეთქვა უარი. აღნიშნულის მიუხედავად, სასარჩელო მოთხოვნების ფარგლებისა და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დადგენილი თანხების ურთიერთშედარებით დგინდება, რომ სასამართლომ იმაზე მეტი მიაკუთვნა მოსარჩელეს ვიდრე ის მოითხოვდა. კერძოდ, სასამართლომ მოსარჩელე პირველი სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში აღჭურვა უფლებით, ალიმენტის სახით, ნაცვლად მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი 1000 ლარისა, 2026 წლის 01 ივნისიდან მიეღო 1200 ლარი.
26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის შედავებას მასზედ, რომ სასამართლომ მოსარჩელეს ალიმენტის სახით მიაკუთვნა იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. ამასთან, პალატა არ ეთანხმება კასატორის მსჯელობას იმის შესახებ, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს მისი მატერიალური მდგომარეობა და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რაც ადასტურებდა მოპასუხისათვის ნაკლები ოდენობის ალიმენტის დაკისრების აუცილებლობას. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილის სასარგებლოდ გადასახდელი ალიმენტის შემცირების შემთხვევაში, უზრუნველყოფილი ვერ იქნება მისი აუცილებელი საჭიროებები. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი მოპასუხისათვის ალიმენტის სახით 1000 ლარის დაკისრების ნაწილში სრულად უნდა დაკმაყოფილდეს და გ.ა–ს შრომისუუნარო სრულწლოვანი შვილის - 2005 წლის 15 ნოემბერს დაბადებული თ.ა–ის სასარგებლოდ, დაეკისროს ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 1000 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2024 წლის 07 თებერვლიდან გარემოების სხვაგვარად შეცვლამდე.
27. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, კერძოდ, პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 1000 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2024 წლის 07 თებერვლიდან გარემოების სხვაგვარად შეცვლამდე.
28. რაც შეეხება კასატორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმეზე დართვის შუამდგომლობას, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, კანონმდებელმა იმპერატიულად განსაზღვრა უმაღლესი და საბოლოო ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის ფარგლები და დაადგინა, რომ საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება, მხედველობაში იქნეს მიღებული სსსკ-ის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. საკასაციო სამართალწარმოების თავისებურების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე, ახალი ფაქტების მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა დაუშვებელია იმ შემთხვევაშიც კი, თუ მხარეს არ ჰქონდა, საქმის ქვემდგომი წესით განხილვისას, მათი წარდგენის ობიექტური შესაძლებლობა. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ გ.ა–ს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული დოკუმენტები 25 (ოცდახუთ) ფურცლად.
29. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
30. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოპასუხის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საბოლოოდ, მოპასუხისათვის დასაკისრებელი ალიმენტის ოდენობა განისაზღვრა ყოველთვიურად 1000 ლარით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2024 წლის 07 თებერვლიდან გარემოების სხვაგვარად შეცვლამდე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ პუნქტის თანახმად, ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელის დავის საგნის ფასი განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხის ერთობლიობით. გ.ა–მა სააპელაციო საჩივრით ალიმენტის დაკისრების შესახებ სასარჩელო მოთხოვნა ცნო 300 ლარის ნაწილში. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოში მის მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი უნდა განისაზღვროს 360 ლარით (1000X12=12000; 12000X3/100=360); ხოლო სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი უნდა დაანგარიშდეს 8400 ლარიდან და შესაბამისად, განისაზღვროს 336 (8400X4/100) და 420 (8400X5/100) ლარით. საკასაციო საჩივარს ერთვის 540 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნულის გათვალისწინებით, გ.ა–ს დაუკმაყოფილებელი საკასაციო მოთხოვნის პროპორციულად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს 576 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 408.3-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. გ.ა–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება თ.ა–ის მხარდამჭერ მ.ც–ძის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში (გადაწყვეტილების მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-7 პუნქტები) და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. თ.ა–ის მხარდამჭერ მ.ც–ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. გ.ა–ს შრომისუუნარო სრულწლოვანი შვილის - 2005 წლის 15 ნოემბერს დაბადებული თ.ა–ის სასარგებლოდ, დაეკისროს ალიმენტის გადახდა სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2024 წლის 07 თებერვლიდან ყოველთვიურად 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, გარემოების სხვაგვარად შეცვლამდე;
5. დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;
6. გ.ა–ს (.........) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სამივე ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 576 (360+336+420=1116; 1116-540=576) ლარის გადახდა;
7. გ.ა–ს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული დოკუმენტები 25 (ოცდახუთ) ფურცლად.
8. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე არჩილ კოჭლამაზაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
თეა ძიმისტარაშვილი