17 სექტემბერი, 2025 წელი,
საქმე №ას-532 -2025 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - გ.გ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს მ.ო. „რ.ე–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 18 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გ.გ–ი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი მსესხებელი ან მოვალე) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 18 თებერვლის განჩინებას თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2024 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ამ გადაწყვეტილებით შპს მ.ო. „რ.ე–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, გამსესხებელი ან კრედიტორი) წინააღმდეგ ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანის თაობაზე აღძრული მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ცვლილება შევიდა 2019 წლის 26 ნოემბრის #191434075 სააღსრულებო ფურცელში და 2016 წლის 18 იანვრის #14475 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს ნაწილში მოსარჩელის ვალდებულება მოპასუხის მიმართ - 80 აშშ დოლარით განისაზღვრა. დანარჩენ ნაწილში სააღსრულებო ფურცელი დარჩა უცვლელად.
კასატორის აზრით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, განჩინება არ იყო საკმარისად დასაბუთებული, სახელდობრ: კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არასწორად გაიზიარა პროცენტებისა და სხვა გადასახდელების გადაანგარიშების თაობაზე მოპასუხის მოსაზრებები, რის შედეგადაც არაკანონიერი გადაწყვეტილება მიიღო (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
4.3. 2016 წლის 18 იანვარს მხარეებს შორის დაიდო #14475 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, ე.წ. „გენერალური ხელშეკრულება“, რომლითაც მხარეთა თანამშრომლობის ფარგლები განისაზღვრა, კერძოდ, საკრედიტო ხაზი - 9000 აშშ დოლარის ოდენობით, სესხის გაცემის მაქსიმალური ვადა - 10 წელი, სარგებლის ოდენობა არაუმეტეს წლიური - 60% და პირგასამტეხლო - სესხის ძირითადი თანხის 0.5 %.
4.4. ხელშეკრულების საფუძველზე დადებული ნებისმიერი საკრედიტო ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი ვალდებულებების შესრულება უზრუნველყოფილ იქნა გენერალური ხელშეკრულების დანართით - 2016 წლის 18 იანვრის #14475 იპოთეკის ხელშეკრულებით, სახელდობრ, ვალდებულებათა შესრულება უზრუნველყოფილი იქნა თეთრიწყაროს რაიონში, სოფელ ........., მდებარე მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონებით, ს/კ-ით # ....... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც იპოთეკის საგანი).
4.5. შეთანხმების საფუძველზე მხარეებს შორის 2016 წლის 18 იანვარს გაფორმდა #14475 საკრედიტო ხელშეკრულება, შემდეგი პირობებით: სესხის თანხა - 7994 აშშ დოლარი, კრედიტის ვადა - 35 თვე (სარგებლის სრულად დაფარვის შემთხევაში გაგრძელების პერსპექტივით), პროცენტის გადახდის თარიღი - ყოველი თვის 18 რიცხვი, პერიოდულად გადაიხდებოდა მხოლოდ სარგებელი წლიური - 18%, ხოლო სესხი სრულად მხარეს უნდა დაებრუნებინა გარიგების ვადის ბოლოს.
4.6. მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც მოპასუხემ მიმართა ნოტარიუსს ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ამოღების მიზნით სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე.
4.7. ნოტარიუსმა 2019 წლის 26 ნოემბერს გასცა #191434075 სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგნაირად: ძირითადი თანხა - 7977.19 აშშ დოლარი; სარგებელი (პროცენტი) – 266.34 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 796.92 აშშ დოლარი.
4.8. მოსარჩელემ/მსესხებელმა 2016 წლის 18 იანვრიდან 2019 წლის 18 აგვისტოს ჩათვლით პროცენტის სახით - 5149.90 აშშ დოლარი გადაიხადა, ზედმეტად გადახდილი თანხით, ძირითადი თანხა - 16.81 აშშ დოლარი დაიფარა.
6. ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანის შესახებ მოსარჩელელის მოთხოვნის წარუმატებლობა სსკ-ის 867-ე (საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით). 868.1 (მხარეთა შეთანხმებითკრედიტისთვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი) 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი) 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლების დანაწესმა განაპირობა.
7. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია, მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მართებული გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
7.1. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმისწარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას. მხარეებს შეუძლიათ საქმისწარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
7.2. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის, ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).
7.3. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები სრულიად თავისუფალი არიან, მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებს ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება დავას.
7.4. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურსამართლებრივი ნორმა. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და, პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის წარმომშობი ყველა გარემოება, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, „სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა“, თბ., 2003, გვ.64).
8. მოსარჩელის/კასატორის მტკიცებით, შეთანხმების პირობები, სსკ-ის 54-ე მუხლით გათვალისწინებულ წესსა და აკრძალვებს, საჯარო წესრიგსა და ზნეობრი ნორმებს, ეწინააღმდეგება.
9. კასატორის მსჯელობასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად კეთილსინდისიერების ჭრილში მნიშვნელოვანია სსკ-ის 54-ე მუხლის დეფინიცია, რომელიც ბათილად ცნობს ისეთ გარიგებას, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. ამ ნორმასთან დაკავშირებით არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ მყარად დამკვიდრებული პრაქტიკა (შდრ. სუსგ-ებს: №ას-755-811-2011, 10.09,.2012წ ; ას-40-38-2013,25.02.2013წ; ას-63-58-2013, 11.02.2013წ; საქმე №ას-813-764-2015, 28.10.2015წ; საქმე №ას-1167-1087-2017, 23.01.2018წ.).
10. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეებს შორის 2016 წლის 18 იანვარს გაფორმდა #14475 საკრედიტო ხელშეკრულება, შემდეგი პირობებით: სესხის თანხა - 7994 აშშ დოლარი, კრედიტის ვადა - 35 თვე (სარგებლის სრულად დაფარვის შემთხევაში გაგრძელების პერსპექტივით), პროცენტის გადახდის თარიღი - ყოველი თვის 18 რიცხვი, პერიოდულად გადაიხდება მხოლოდ სარგებელი, ხოლო სესხი მოვალეს უნდა დაებრუნებინა ვადის ბოლოს, წლიური სარგებელი - 18% შეადგენდა. შეთანხმებასა და გრაფიკზე ხელმოწერით მოსარჩელე მასში მითითებულ პირობებს დაეთანხმა და მისი შესრულების ვალდებულებაც იკისრა.
11. საკასაციო სასამართლოს მყარად დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის შესაბამისად, მხარეთა შორის გაფორმებული გარიგების პირობები სესხის ხელშეკრულების შედგენისას ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთის საშუალო მაჩვენებლის შეუსაბამო და მართლსაწინააღმდეგო შეთანხმებას არ წარმოადგენს და გონივრულობის ფარგლებს არ სცდება. ასევე დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც მოპასუხემ მიმართა ნოტარიუსს ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ამოღების მიზნით სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე.
12. დადგენილია ისიც, რომ ნოტარიუსმა 2019 წლის 26 ნოემბერს გასცა #191434075 სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგი სახით: ძირითადი თანხა - 7977.19 აშშ დოლარი; სარგებელი (პროცენტი) – 266.34 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 796.92 აშშ დოლარი.
13. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელემ/მსესხებელმა 2016 წლის 18 იანვრიდან 2019 წლის 18 აგვისტოს ჩათვლით პროცენტის სახით - 5149.90 აშშ დოლარი გადაიხადა, ზედმეტად გადახდილი თანხით, სესხის ძირითადი ნაწილიდან - 16.81 აშშ დოლარი დაიფარა.
14. ამდენად, სააღსრულებო ფურცელი ძირითადი თანხისა და პროცენტის ნაწილში, კანონით გათვალისწინებული საფუძვლით გაიცა და მოსარჩელის/კასატორის პრეტენზიაც უსაფუძვლოა.
15. საყურადღებოა, რომ საქმეში არ მოიპოვება კასატორის მხრიდან ნაკისრი ფულადი ვალდებულების გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში დადგენილზე მეტი მოცულობით შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია ვიმსჯელოთ სანოტარო წესით გაცემული სააღსრულებო ფურცლის მონაცემების უსწორობასა და მათი ცვლილების საფუძვლიანობაზე.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
17. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
18. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ამ ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს, ვინაიდან კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.გ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
გიზო უბილავა