Facebook Twitter

ბს-1126-1077(კ-07) 3 აპრილი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე

ლევან მურუსიძე

სხდომის მდივანი _ ქეთევან მაღრაძე

კასატორი (მოპასუხე) _ ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობა (ბოლნისის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლე), წარმომადგენლები: გ. ი-ე, მ. ყ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ შპს “....”, წარმომადგენელი _ მ. გ-ი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 16 ოქტომბრის განჩინება

სარჩელის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 20 ოქტომბერს შპს “....” სარჩელით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ბოლნისის რაიონის გამგეობის მიმართ.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1998 წლის 18 მარტს მოპასუხისგან იჯარით აიღო 262,3 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, ათი წლის ვადით. წლების განმავლობაში, მიუხედავად ბევრი სირთულისა, მოიჯარე განუხრელად იცავდა იჯარის ხელშეკრულებითა და კანონით გათვალისწინებულ პირობებს და ბიუჯეტისადმი დავალიანება არ ჰქონდა. მიუხედავად აღნიშნულისა, ბოლნისის რაიონის გამგეობამ 2005 წლის 26 აგვისტოს ¹272 დადგენილებით სრულიად მოულოდნელად გააუქმა ხსენებული იჯარის ხელშეკრულება და შესაბამის კომისიას დაავალა მიწის ხელახლა იჯარით სხვა პირებზე გადაცემა საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 2 აგვისტოს ¹446 ბრძანებულებით დამტკიცებული “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის წესის შესახებ დებულების” შესაბამისად, რაც ეწინააღმდეგებოდა “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტსა და მთლიანად ამ კანონის მიზნებს.

მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ მოპასუხის ასეთი ქმედება მიმართული იყო იმისკენ, რომ მოსარჩელეს ნებისმიერი საშუალებით ჩამორთმეოდა ახალი სამართლებრივი რეჟიმით მისთვის მინიჭებული უპირატესობა _ იჯარით აღებული მიწის პირდაპირი წესით შესყიდვის უფლება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ბოლნისის რაიონის გამგეობის 2005 წლის 26 აგვისტოს ¹272 დადგენილების ბათილად ცნობა.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით შპს “....” სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ბოლნისის რაიონის გამგეობის 2005 წლის 26 აგვისტოს ¹272 დადგენილება.

რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 1998 წლის 18 მარტს შპს “...” და ბოლნისის რაიონის გამგეობას შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბოლნისის რაიონის გამგეობამ, როგორც მეიჯარე მხარემ, შპს “....” იჯარით გადასცა 262 ჰა მიწის ნაკვეთი ათი წლის ვადით. აღნიშნული ხელშეკრულება გაფორმდა ბოლნისის რაიონის გამგეობის შესაბამისი დადგენილების საფუძველზე. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაკეთილსინდისიერად შესრულების შემთხვევაში, ისინი პასუხს აგებდნენ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. შპს “...” წარმომადგენლის განმარტებით, შპს “....” იჯარის ხელშეკრულების მოქმედების დროისათვის ასრულებდა იმავე ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, იხდიდა საიჯარო ქირას და დანიშნულებისამებრ იყენებდა იჯარით გამოყოფილ მიწას. მიუხედავად იმისა, რომ 2005 წლის 22 აგვისტოს მდგომარეობით შპს “....” საიჯარო ქირის დავალიანება არ ერიცხებოდა, ბოლნისის რაიონის გამგეობამ 2005 წლის 26 აგვისტოს ¹272 დადგენილებით ცალმხრივად შეწყვიტა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე მასთან დადებული იჯარის ხელშეკრულება საიჯარო ქირის დავალიანების გამო. ბოლნისის რაიონის გამგეობის წარმომადგენლის განმარტებიდან ირკვეოდა, რომ შპს “....” საიჯარო ხელშეკრულება გაუქმებულად ჩაითვალა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 592-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 558-ე მუხლისა და იმავე იჯარის ხელშეკრულების 4.1.3 პუნქტის საფუძველზე იჯარის ქირის გადასახადის ხსენებული ხელშეკრულებით დადგენილი ვადის გასვლიდან სამი თვის განმავლობაში გადაუხდელობის გამო.

რაიონულმა სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად არ გაიზიარა ბოლნისის რაიონის გამგეობის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის შესაბამისად, იმავე გამგეობამ უზრუნველყო შპს “....” მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში და განუმარტა მას, რომ იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი იყო იჯარის ქირის გადასახადის გადაუხდელობა. უდავოდ დადგენილი იყო, რომ ბოლნისის რაიონის გამგეობის 2005 წლის 26 აგვისტოს სხდომაზე, სადაც განიხილებოდა სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულების გაუქმების საკითხი, მოსარჩელის მიერ წარდგენილ იქნა მტკიცებულება იმის შესახებ, რომ შპს “....” არ ერიცხებოდა საიჯარო ქირის დავალიანება.

რაიონულმა სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილი ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებდა უფლებამოსილებას, თავად გამოეცხადებინა ძალადაკარგულად მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მხოლოდ საამისო პირობების არსებობისას. გასაჩივრებული დადგენილების აღწერილობით ნაწილში მითითებული გარემოება იმის შესახებ, რომ შპს “....” ერიცხებოდა საიჯარო ქირის დავალიანება, რომელიც მას უნდა გადაეხადა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-16 ნაწილის თანახმად, გასული საანგარიშო წლის არა უგვიანეს 15 ნოემბრისა, არ შეიძლებოდა განხილულიყო კანონით გათვალისწინებულ იმ საფუძვლად, რასაც გულისხმობდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილი და რასაც შედეგად შეიძლებოდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა მოჰყოლოდა.

რაიონული სასამართლოს განმარტებით, მოპასუხე მხარემ სასამართლო სხდომაზე ვერ წარმოადგინა მტკიცებულება შპს “.....” დავალიანების არსებობის შესახებ და უფრო მეტიც, მოპასუხე მხარემ არ უარყო, რომ შპს “....” საიჯარო ქირის დავალიანება 2005 წლის 26 აგვისტოსთვის არ ირიცხებოდა, მაგრამ მასთან იჯარის ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი გახდა შპს “....” მიერ იჯარის ქირის გადასახადის იჯარის ხელშეკრულებით დადგენილი ვადის გასვლიდან სამი თვის განმავლობაში გადაუხდელობა. რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარის აღნიშნული განმარტება არ შეიძლებოდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გამხდარიყო, რადგან გასაჩივრებული დადგენილების გამოტანის დროისათვის მოსარჩელეზე დავალიანება არ ირიცხებოდა.

რაიონულმა სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოპასუხის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე იჯარის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ საკითხის განხილვის დროისათვის, შპს “....” საიჯარო ქირის დავალიანება არ ერიცხებოდა, რაც დასტურდებოდა საქმეში წარმოდგენილი თანხის გადახდის ქვითრებითა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის რუსთავის საგადასახადო ინსპექციის მიერ გაცემული შესაბამისი ცნობებით, კერძოდ, რუსთავის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 24 აგვისტოს ¹3886/01 ცნობით დადგენილი იყო, რომ შპს “....” რუსთავის საგადასახადო ინსპექციაში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, 2005 წლის 22 აგვისტოს მდგომარეობით, ბიუჯეტის მიმართ დავალიანება არ გააჩნდა.

რაიონულმა სასამართლომ მოპასუხე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გამოთხოვილი მტკიცებულებით _ რუსთავის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 15 თებერვლის ¹1224/01 ცნობით დადგენილად მიიჩნია, რომ 2005 წლის 22 აგვისტოს მდგომარეობით, შპს “....” ირიცხებოდა დავალიანება საურავის სახით _ 998,28 ლარი, რაც მის მიერ გადახდილი იყო 2005 წლის 23 აგვისტოს (რუსთავის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 13 მარტის ¹1954/01 ცნობა). ბოლნისის რაიონის გამგეობის გასაჩივრებული დადგენილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, თავისი ფორმითა და შინაარსით, წარმოადგენდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც იურიდიულ პირთან _ შპს “....” უფლება-მოვალეობის შეწყვეტას ითვალისწინებდა, რა დროსაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაცული უნდა ყოფილიყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნები, რადგან აღნიშნული მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებდა, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბოლნისის რაიონის გამგეობის ზემოაღნიშნული დადგენილება გამოცემული იყო კანონდარღვევით, რადგან არ არსებობდა შესაბამისი იჯარის ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი და ხსენებული დადგენილება ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 10 აპრილის საოქმო განჩინებით აპელანტი _ ბოლნისის რაიონის გამგეობა შეიცვალა მისი უფლებამონაცვლე _ ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1998 წლის 18 მარტს შპს “....” და ბოლნისის რაიონის გამგეობას შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება 10 წლის ვადით, რომლის საფუძველზეც მოსარჩელეს იჯარით გადაეცა 262,3 ჰა მიწის ნაკვეთი. აღნიშნული ხელშეკრულებით განისაზღვრა საიჯარო ქირა. რუსთავის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 15 თებერვლისა და 13 მარტის ცნობებით დადგენილი იყო, რომ შპს “....” დავალიანება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადში 2004 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით, შეადგენდა 7122,31 ლარს (ძირითადი თანხა _ 5393,9 ლარი, საურავი _ 2274,79 ლარი), 2005 წლის 22 აგვისტოს მდგომარეობით კი _ 998,28 ლარს, რაც 2005 წლის 23 აგვისტოსთვის დაფარული იყო ამ საზოგადოების მიერ.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლოს დავალების მიუხედავად, აპელანტის მიერ, ზემოხსენებული დადგენილების მიღებამდე, ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება, შპს “....” გაფრთხილების თაობაზე იჯარის ქირის გადაუხდელობის გამო, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მიწის გადასახადი და იჯარის ქირა არ წარმოადგენდა იდენტურ ცნებებს. გადასახადი იყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით ბიუჯეტსა და სპეციალურ სახელმწიფო ფონდებში სავალდებულო შენატანი, რომელსაც იხდიდა გადასახადის გადამხდელი, გადასახადის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე, ხოლო იჯარის ქირა წარმოადგენდა სასყიდლიან, ეკვივალენტურ, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ თანხას, რომელსაც მოიჯარე უხდიდა მეიჯარეს ხელშეკრულებით განსაზღვრულ დროსა და ადგილას.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის შესახებ” საქართველოს 1996 წლის 28 ივნისის კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის თავდაპირველი რედაქცია ადგენდა, რომ იჯარის ქირის ოდენობა განისაზღვრებოდა იჯარის ხელშეკრულებით, ამასთან, სახელმწიფო საკუთრების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის ყოველწლიურ ქირად ითვლებოდა ამავე მიწით სარგებლობისათვის მოქმედი წესით დადგენილი გადასახადი. აღნიშნული რედაქცია ხსენებულ კანონში 1996 წლის 13 დეკემბრის კანონით შეტანილი ცვლილებების შედეგად შეიცვალა. ამ ნორმის ახალი რედაქცია კი ითვალისწინებდა, რომ მიწის იჯარით გადაცემისას იჯარის ქირა მიწის გადასახადზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო. ამდენად, დასახელებული კანონი სადავო პერიოდში მიწის გადასახადს იჯარის ქირასთან არ აიგივებდა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს 2003 წლამდე მოქმედი კანონმდებლობა ასევე არ იძლეოდა მიწის გადასახადისა და საიჯარო ქირის გაიგივების საფუძველს. საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2003 წლის 18 ივლისის კანონით შეტანილი ცვლილება-დამატების შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 152-ე მუხლს დაემატა მე-4 ნაწილი, რომლის თანახმად, სახელმწიფო საკუთრების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისათვის მოიჯარეები იხდიდნენ საიჯარო ქირას, რომელიც მოიცავდა მიწის გადასახადს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის აღნიშნული ნორმა მოქმედებდა რამდენიმე თვის განმავლობაში და გაუქმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსში საქართველოს 2003 წლის 31 დეკემბრის კანონით შეტანილი ცვლილებით. ხსენებული ნორმის მოქმედება კი არ მოიცავდა სადავო პერიოდს. დასახელებული გარემოებების მიუხედავად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საიჯარო ქირის დავალიანების არსებობის შემთხვევაშიც, აპელანტი ბოლნისის რაიონის გამგეობა სამართლებრივ საფუძველს იყო მოკლებული, მოსარჩელესთან შეეწყვიტა იჯარის ხელშეკრულება.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ იჯარის ხელშეკრულების 4.1.3 პუნქტის “გ” ქვეპუნქტით განსაზღვრული იყო მეიჯარის უფლება, შეეწყვიტა იჯარის ხელშეკრულება თუ მოიჯარე არ იხდიდა იჯარის ქირას ხელშეკრულებით დადგენილი ვადის გასვლიდან 3 თვის განმავლობაში, 4.3.4 პუნქტით კი, მეიჯარე ვალდებული იყო, წერილობით შეეტყობინებინა მოიჯარესათვის იჯარის ხელშეკრულების ცალმხივად შეწყვეტის შესახებ.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მეიჯარე ბოლნისის რაიონის გამგეობის მიერ მოიჯარე შპს “...” წერილობით გაფრთხილებული არ ყოფილა საიჯარო ქირის გადაუხდელობის გამო, იჯარის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე.

ზემოთ დასახელებულ გარემოებებზე მითითებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 16 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება.

კასატორი აღნიშნავს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, შპს “....” მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დროისათვის, შესაბამისი საგადასახადო ინსპექციიდან წარმოდგენილი კონკრეტული ცნობის მიხედვით, შპს “...” ჰქონდა დავალიანება საიჯარო ქირის სახით. იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, შპს “....” საიჯარო ქირის გადახდა ეკისრებოდა იჯარის ხელშეკრულების და არა საქართველოს საგადასახადო კოდექსის საფუძველზე. მას კალენდარული წლის ბოლომდე უნდა გადაეხადა მიწით სარგებლობის გადასახადი. შპს “....” მიერ ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ფაქტი (გადასახადის დაგვიანებით ან საერთოდ გადაუხდელობის ფაქტი) დადგენილი იყო.

კასატორი განმარტავს, რომ დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი გადასახადის ადმინისტრირებას ახდენდა საგადასახადო ინსპექცია (ანუ გადასახადის გადახდა ხდებოდა საგადასახადო ინსპექციის ანგარიშზე), საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შემდეგ კი, საიჯარო ქირის შეტანა ხდებოდა გამგეობის (ხელშეკრულებით გათვალისწინებული ადგილობრივი ორგანოს) ანგარიშზე, ხოლო მიწის გადასახადისა _ საგადასახადო ანგარიშზე, ამასთან, პირველი მათგანის _ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების, ხოლო მეორის _ კანონით (საქართველოს საგადასახადო კოდექსით) დაკისრებული ვალდებულების შესრულების მიზნით. საქმეში არსებული, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით (გადასახადის გადახდის დამამტკიცებელი ქვითრებით) დასტურდება, რომ შპს “...” გადახდილი აქვს მიწის გადასახადი და გაურკვეველია, რა გადასახადი აქვს გადახდილი შპს “...” _ საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადი, თუ იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქირა.

კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4, მე-19 და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4 მუხლების საფუძველზე, მხარემ თვითონ უნდა ამტკიცოს მის მიერ მითითებული გარემოებები, ხოლო სასამართლო უფლებამოსილია, თავისი ინიციატივით შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების მიუხედავად, საქმის ვითარება იმგვარად წარმოაჩინა, თითქოს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დროისათვის შპს “....” რუსთავის საგადასახადო ინსპექციიდან წარმოდგენილი ცნობის მიხედვით, დავალიანება არ გააჩნდა. სააპელაციო სასამართლო ერთ შემთხვევაში შეეცადა იმის დამტკიცებას, რომ შპს “...” იყო კანონით (საქართველოს საგადასახადო კოდექსით) გადასახადის გადამხდელი, კეთილსინდისიერი მეწარმე, რაც დადასტურებული იყო იმავე საგადასახადო ინსპექციიდან წარმოდგენილი ცნობით, ხოლო მეორე შემთხვევაში არ გაიზიარა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარა მოიცავს საიჯარო ქირას და მიწით სარგებლობის გადასახადს.

კასატორის განმარტებით, იგი მოითხოვდა საიჯარო ქირის გადახდას, რომლის გადაუხდელობის გამოც გააუქმა შესაბამისი იჯარის ხელშეკრულება. რაც შეეხება შესაბამისი საგადასახადო ინსპექციიდან წარმოდგენილ ცნობას (რომელიც წარმოდგენილია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ), იგი ადასტურებს იმ გარემოებას, რომ შპს “....” არ გააჩნია დავალიანება საქართველოს საგადასახადო კოდექსის საფუძველზე და არა საიჯარო ქირის დავალიანება.

კასატორი აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი, რის გამოც სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა-გ” და 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტებით, ასევე _ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები.

კასატორი მიუთითებს, რომ ანალოგიურ საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განსხვავებული პრაქტიკაა დადგენილი. ამ შემთხვევაში მიღებულ იქნა არსებული პრაქტიკის აბსოლუტურად საწინააღმდეგო განჩინება. გაცილებით მცირე ფართობის მიწის მქონე მიწათმოსარგებლეებს, გადასახადის გადაუხდელობის გამო, ჩამოერთვათ მიწათსარგებლობის უფლება, ხოლო იმავე დარღვევისათვის გაცილებით დიდი ფართობის მიწის მქონე შპს “....” მხრიდან გადასახადის გადაუხდელობის გამო (ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო) გამოცემული აქტი ბათილად იქნა ცნობილი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ეწინააღმდეგება მოცემული კატეგორიის დავებზე გამოტანილ გადაწყვეტილებებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 27 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 27 დეკემბრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 28 თებერვლამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 28 თებერვლის განჩინებით ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით, 2008 წლის 3 აპრილს, 11.30 საათზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 1998 წლის 18 მარტს შპს “....” და ბოლნისის რაიონის გამგეობას (უფლებამონაცვლე _ ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობა) შორის გაფორმდა სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულება 10 წლის ვადით, რომლის საფუძველზეც მოსარჩელეს იჯარით გადაეცა 262,3 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი (ს.ფ. 7-14). ბოლნისის რაიონის გამგეობის (უფლებამონაცვლე _ ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობა) 2005 წლის 26 აგვისტოს ¹272 დადგენილებით შპს “....” დადებული იჯარის ხელშეკრულება გაუქმებულად ჩაითვალა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 592-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 581-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 558-ე მუხლის და იმავე იჯარის ხელშეკრულების 4.1.3 პუნქტის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე, იჯარის ქირის გადასახადის ხსენებული ხელშეკრულებით დადგენილი ვადის გასვლიდან სამი თვის განმავლობაში გადაუხდელობის გამო (ს.ფ. 3). საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის რუსთავის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 24 აგვისტოს ¹3886/01 ცნობის თანახმად, შპს “....” რუსთავის საგადასახადო ინსპექციაში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, 2005 წლის 22 აგვისტოს მდგომარეობით, ბიუჯეტის მიმართ დავალიანება არ გააჩნდა (ს.ფ. 4). საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის რუსთავის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 15 თებერვლის ¹1224/01 ცნობის მიხედვით, შპს “....” დავალიანება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადში 2004 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით შეადგენდა 7122,31 ლარს, 2005 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით _ 6668,69 ლარს, ხოლო 2005 წლის 22 აგვისტოს მდგომარეობით, შპს “....” ირიცხებოდა დავალიანება საურავის სახით _ 998,28 ლარი (ს.ფ. 68). ბოლნისის რაიონის გამგეობის (უფლებამონაცვლე _ ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობა) 2005 წლის 26 აგვისტოს ¹23 სხდომის ოქმის მიხედვით, ამ სხდომას ესწრებოდა შპს “....” დირექტორი პ. ჯ-ი და იმავე სხდომაზე ერთხმად იქნა მიღებული დადგენილების პროექტი შპს “....” დადებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ (ს.ფ. 78-83). საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის რუსთავის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 13 მარტის ¹1954/01 ცნობის თანახმად, 2005 წლის 22 აგვისტოს მდგომარეობით, საიჯარე ფართზე შპს “...” დავალიანება მიწის გადასახადში შეადგენდა 998,28 ლარს, რაც დაფარულ იქნა იმავე საზოგადოების მიერ 2005 წლის 23 აგვისტოს (ს.ფ. 89). ბოლნისის რაიონის გამგეობის (უფლებამონაცვლე _ ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობა) 2005 წლის 17 თებერვლის ¹93 წერილით შპს “...” ეცნობა, რომ, თუ იგი 2005 წლის 28 თებერვლამდე არ დაფარავდა მიწის გადასახადის დავალიანებას, რაც შეადგენდა 2596 ლარს, ხსენებული გამგეობა მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იძულებული იქნებოდა, ვადაზე ადრე შეეწყვიტა მასთან საიჯარო ურთიერთობები და ჩამოერთმია მისთვის მიწის ნაკვეთი (ს.ფ. 157). ბოლნისის რაიონის სოფელ ქვ. ბოლნისის საკრებულოს გამგებლის ახსნა-განმარტების მიხედვით, 2005 წლის 17 თებერვალს ბოლნისის რაიონის გამგეობამ (უფლებამონაცვლე _ ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობა) მას გადასცა ზემოხსენებული ¹93 წერილი მოიჯარე შპს “....” გადასაცემად, რომელიც მან 2005 წლის 18 თებერვალს გადასცა შპს “....” წარმომადგენელს (ს.ფ. 162). ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის (ბოლნისის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლე) 2007 წლის 15 ოქტომბრის ¹1104 წერილის მიხედვით, შპს “....” 2004 წლიდან საიჯარო ქირის გადასახადი არ გადაუხდია (ს.ფ. 163).

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს შპს “....” და ბოლნისის რაიონის გამგეობას (უფლებამონაცვლე _ ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობა) შორის 1998 წლის 18 მარტს გაფორმებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულების 2.1 და 2.3 პუნქტებზე, რომელთა თანახმად, იჯარით აღებული მიწის ნაკვეთებით სარგებლობისათვის ქირის ყოველწლიური თანხა შეადგენდა 6846 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს. მიწის იჯარის ყოველწლიური ქირის 25% შეიტანებოდა მეიჯარის ანგარიშზე შესაბამისი წლის 1 აგვისტომდე, დანარჩენი ნაწილი კი _ იმავე წლის 1 ნოემბრამდე. ხსენებული ხელშეკრულების 3.3.4 პუნქტის მიხედვით, მოიჯარე ვალდებული იყო, გადაეხადა იჯარის ქირა. იმავე ხელშეკრულების 4.1.3 პუნქტის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, მეიჯარეს (იჯარით გაცემული ობიექტების მესაკუთრეს) უფლება ჰქონდა, იჯარის ვადის გასვლამდე შეეწყვიტა იჯარის უფლება, თუ მოიჯარე არ იხდიდა იჯარის ქირას ამავე ხელშეკრულებით დადგენილი ვადის გასვლიდან 3 თვის განმავლობაში. დასახელებული ხელშეკრულების 4.3.4 პუნქტის მიხედვით კი, მეიჯარე ვალდებული იყო, წერილობით შეეტყობინებინა მოიჯარესთვის იჯარის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ.

საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ დაადგინა და არ შეაფასა ამ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ, ორი ძირითადი გარემოება, რომელთაგან პირველი შეეხება მოსარჩელის გაფრთხილებას საიჯარო ქირის გადასახადის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, მასთან იჯარის ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ, ხოლო მეორე _ მოსარჩელისთვის წინასწარ შეტყობინებას მასთან დადებული იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხის განხილვის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნულ პირველ გარემოებასთან მიმართებაში, მიუთითებს ბოლნისის რაიონის გამგეობის (უფლებამონაცვლე _ ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობა) 2005 წლის 17 თებერვლის ¹93 წერილზე, რომლითაც ამავე გამგეობამ შპს “....” გააფრთხილა, რომ მის მიერ 2005 წლის 28 თებერვლამდე მიწის გადასახადის დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, რაც შეადგენდა 2596 ლარს, დასახელებული გამგეობა იძულებული იქნებოდა, ვადაზე ადრე შეეწყვიტა მასთან საიჯარო ურთიერთობები და ჩამოერთმია მისთვის მიწის ნაკვეთი. გარდა ამისა, ბოლნისის რაიონის სოფელ ქვ. ბოლნისის საკრებულოს გამგებელმაც, მისივე ახსნა-განმარტების თანახმად, 2005 წლის 18 თებერვალს შპს “....” გადასცა ბოლნისის რაიონის გამგეობის (უფლებამონაცვლე _ ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობა) მიერ მისთვის გადაცემული ხსენებული 2005 წლის 17 თებერვლის ¹93 წერილი. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ, მიუხედავად დასახელებული მტკიცებულებებისა, სააპელაციო სასამართლომ ისე დაასკვნა, რომ სასამართლოს დავალების მიუხედავად, აპელანტის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება, გასაჩივრებული დადგენილების მიღებამდე შპს “....” გაფრთხილების თაობაზე იჯარის ქირის გადაუხდელობის გამო, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ, რომ საერთოდ არ გამოუკვლევია ხსენებული მტკიცებულებები და არ მიუცია მათთვის შესაბამისი სამართლებრივი შეფასება. მართალია, ბოლნისის რაიონის გამგეობის (უფლებამონაცვლე _ ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობა) 2005 წლის 17 თებერვლის ¹93 წერილში მითითებულია მიწის გადასახადის დავალიანების გადახდაზე, მაგრამ საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ბოლნისის რაიონის გამგეობას (უფლებამონაცვლე _ ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობა) შეეძლო შპს “...” გაეფრთხილებინა მხოლოდ საიჯარო ქირის გადასახადის დროულად გადახდის შესახებ.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ბოლნისის რაიონის გამგეობამ (უფლებამონაცვლე _ ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობა), ამავე გამგეობასა და შპს “....” შორის გაფორმებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტას საფუძვლად დაუდო სწორედ ხსენებული ხელშეკრულების 4.1.3 პუნქტის “გ” ქვეპუნქტი, ანუ მოიჯარე შპს “ამიგოს” მიერ დასახელებული ხელშეკრულებით განსაზღვრული იჯარის ქირის ამავე ხელშეკრულებით დადგენილი ვადის გასვლიდან 3 თვის განმავლობაში გადაუხდელობა, რაც ამ გამგეობას, სხვა რაიმე დამატებითი პირობის გარეშე, ანიჭებდა უფლებას, იჯარის ვადის გასვლამდე შეეწყვიტა შპს “....” იჯარის ხელშეკრულება. ამასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ, ერთი მხრივ, თვითონვე აღნიშნა, რომ მიწის გადასახადი და იჯარის ქირა არ წარმოადგენდა იდენტურ ცნებებს, რადგან გადასახადი იყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით ბიუჯეტსა და სპეციალურ სახელმწიფო ფონდებში სავალდებულო შენატანი, რომელსაც იხდიდა გადასახადის გადამხდელი, გადასახადის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე, ხოლო იჯარის ქირა წარმოადგენდა სასყიდლიან, ეკვივალენტურ, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ თანხას, რომელსაც მოიჯარე უხდიდა მეიჯარეს ხელშეკრულებით განსაზღვრულ დროსა და ადგილას, ხოლო, მეორე მხრივ, გასაჩივრებული განჩინება დააფუძნა იმაზე, რომ რუსთავის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 15 თებერვლისა და 13 მარტის ცნობებით დადგენილი იყო, რომ შპს “...” დავალიანება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადში 2004 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით, შეადგენდა 7122,31 ლარს, 2005 წლის 22 აგვისტოს მდგომარეობით კი _ 998,28 ლარს, რაც 2005 წლის 23 აგვისტოსთვის დაფარული იყო ამ საზოგადოების მიერ. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ სრულიად დაუსაბუთებლად დაასკვნა, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საიჯარო ქირის დავალიანების არსებობის შემთხვევაშიც, აპელანტი ბოლნისის რაიონის გამგეობა (უფლებამონაცვლე _ ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობა) მოკლებული იყო სამართლებრივ საფუძველს, მოსარჩელესთან შეეწყვიტა იჯარის ხელშეკრულება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს რუსთავის საგადასახადო ინსპექციის ზემოაღნიშნულ ცნობებზე მსჯელობისას საერთოდ არ გაუმიჯნავს ერთმანეთისაგან მიწის გადასახადი, როგორც გადასახადის ერთ-ერთი სახე და საიჯარო ქირის გადასახადი, როგორც შპს “....” და ბოლნისის რაიონის გამგეობას (უფლებამონაცვლე _ ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობა) შორის 1998 წლის 18 მარტს გაფორმებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულების 2.1 პუნქტით კონკრეტულად განსაზღვრული, მოიჯარის მიერ მეიჯარისათვის გადასახდელი მიწის ნაკვეთის სარგებლობის ყოველწლიური ქირა, რაც შეადგენდა 6846 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს. შესაბამისად, მოცემული საქმის მასალებიდან არ ირკვევა, გადახდილი აქვს თუ არა მოსარჩელეს იჯარის ქირის გადასახადი, ანუ გადაიხადა თუ არა მან იგი საერთოდ და თუ გადაიხადა, როდის, ხოლო, თუ შპს “....” არ გააჩნდა საიჯარო ქირის დავალიანება, მაშინ რა თანხა გადაიხადა მან 2005 წლის აგვისტოში _ მიწის გადასახადი, თუ საიჯარო ქირის გადასახადი, რადგან საქმეში წარმოდგენილ საბანკო ქვითრებში გარკვევით არ არის მითითებული ამის შესახებ (ს.ფ. 6). საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გარკვევას არსებითი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მხარეთა შორის არსებული დავის სამართლებრივი რეგულირებისათვის. ამის თაობაზე კასატორიც მიუთითებს საკასაციო საჩივარში, რომ დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი გადასახადის ადმინისტრირებას ახდენდა საგადასახადო ინსპექცია (ანუ გადასახადის გადახდა ხდებოდა საგადასახადო ინსპექციის ანგარიშზე), საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შემდეგ კი, საიჯარო ქირის შეტანა ხდებოდა გამგეობის (ხელშეკრულებით გათვალისწინებული ადგილობრივი ორგანოს) ანგარიშზე, ხოლო მიწის გადასახადისა _ საგადასახადო ანგარიშზე, ამასთან, პირველი მათგანის _ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების, ხოლო მეორის _ კანონით (საგადასახადო კოდექსით) დაკისრებული ვალდებულების შესრულების მიზნით. კასატორი იქვე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით (გადასახადის გადახდის დამამტკიცებელი ქვითრებით) დასტურდება, რომ შპს “....” გადახდილი აქვს მიწის გადასახადი და გაურკვეველია, რა გადასახადი აქვს გადახდილი შპს “....” _ საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული, თუ იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქირა. კასატორი საკასაციო საჩივარში პირდაპირ აღნიშნავს, რომ იგი მოითხოვდა საიჯარო ქირის გადახდას, რომლის გადაუხდელობის გამოც გააუქმა შესაბამისი იჯარის ხელშეკრულება, ხოლო რაც შეეხება შესაბამისი საგადასახადო ინსპექციიდან წარმოდგენილ ცნობას (რომელიც წარმოდგენილია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ), იგი ადასტურებს იმ გარემოებას, რომ შპს “....” არ გააჩნია დავალიანება საქართველოს საგადასახადო კოდექსის საფუძველზე და არა საიჯარო ქირის დავალიანება.

ზემოხსენებულთან დაკავშირებით, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 20 მარტის სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ შპს “....” 2005 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით, გააჩნდა დავალიანება 6668 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხა იყო 4383 ლარი, ხოლო აღნიშნული თანხა მოსარჩელეს უნდა გადაეხადა 2004 წლის 15 ნოემბრამდე, მან კი ხსენებული დავალიანება დაფარა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეცნობა მასთან დადებული იჯარის ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე იმავე გამგეობის სხდომის შესახებ, ანუ დავალიანება, რაც დაიფარა 2005 წლის 23 აგვისტოს, იყო საიჯარო ქირის დავალიანება, რაც მოსარჩელეს უნდა გადაეხადა 2004 წლის 15 ნოემბრამდე, ხოლო, რაც შეეხებოდა 2005 წლის გადასახადს, სახეზე იყო 9 თვის დავალიანება, ამასთან, შპს “....” სისტემატურად არღვევდა იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და იმის გამო, რომ არ გადაიხადა იჯარის ქირა ამ ხელშეკრულებით დადგენილი ვადის გასვლიდან სამი თვის განმავლობაში, მოპასუხემ მას შეუწყვიტა იჯარის ხელშეკრულება (ს.ფ. 94-95). გარდა ამისა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 9 ოქტომბრის სხდომაზე აპელანტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ რაიონულმა სასამართლომ ერთმანეთთან გააიგივა საიჯარო ქირა და ის გადასახადები, რაც ერიცხებოდა შპს “....”, ხოლო აღნიშნული გადასახადები სადავო პერიოდში არ წარმოადგენდა ერთსა და იმავე გადასახადს, ბოლნისის რაიონის გამგეობის (უფლებამონაცვლე _ ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობა) მიერ მოსარჩელესთან დადებული იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი კი იყო საიჯარო ქირის და არა მიწის გადასახადის გადაუხდელობა და მისი დავალიანების არსებობა (ს.ფ. 154-155).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ბოლნისის რაიონის გამგეობამ (უფლებამონაცვლე _ ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობა) 2005 წლის 26 აგვისტოს ¹272 დადგენილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 592-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 581-ე მუხლის მე-2 ნაწილსა და 558-ე მუხლზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 592-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარაზე ვრცელდება იჯარის წესები, თუ სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარისათვის სხვა რამ არ არის დადგენილი. ხსენებული კოდექსის 581-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, თუ ამ კოდექსის 581–606-ე მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. იმავე კოდექსის 558-ე მუხლის მიხედვით კი, გამქირავებელს შეუძლია ხელშეკრულება მოშალოს ვადამდე, თუ დამქირავებელმა ქირა არ გადაიხადა სამი თვის განმავლობაში.

რაც შეეხება ზემოთ მითითებულ მეორე ძირითად გარემოებას მოსარჩელესთან დადებული საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხის განხილვის თაობაზე მისთვის წინასწარი შეტყობინების შესახებ, საკასაციო სასამართლო მიუთითებს მოცემულ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებაზე _ ბოლნისის რაიონის გამგეობის (უფლებამონაცვლე _ ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობა) 2005 წლის 17 აგვისტოს წერილზე, რომლითაც შპს “.....” 2005 წლის 18 აგვისტოს ეცნობა (ჩაჰბარდა აღნიშნული წერილი), რომ ბოლნისის რაიონის გამგეობის (უფლებამონაცვლე _ ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობა) სხდომა დანიშნული იყო 2005 წლის 26 აგვისტოს, 11.00 საათზე, რომელზეც განიხილებოდა შპს “....” დადებული იჯარის ხელშეკრულების გაუქმების საკითხი და შპს “....” მიწვეულ იქნა ხსენებულ სხდომაზე (ს.ფ. 84). ამდენად, ხსენებული წერილით ბოლნისის რაიონის გამგეობამ (უფლებამონაცვლე _ ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობა) ნათლად გამოხატა ნება აღნიშნული ხელშეკრულების გაუქმებასთან, ანუ შეწყვეტასთან დაკავშირებით, კერძოდ, იგი აპირებდა იმავე ხელშეკრულების გაუქმებას და შესაბამისად, შპს “....” ხსენებულ სხდომამდე _ 2005 წლის 18 აგვისტოს უკვე ცნობილი იყო ამის თაობაზე. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ, მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ ისე მიიჩნია დადგენილად, რომ მეიჯარე ბოლნისის რაიონის გამგეობის (უფლებამონაცვლე _ ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობა) მიერ მოიჯარე შპს “....” წერილობით გაფრთხილებული არ ყოფილა საიჯარო ქირის გადაუხდელობის გამო, იჯარის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე, რომ საერთოდ არ უმსჯელია დასახელებულ მტკიცებულებაზე და არ მიუცია მისთვის შესაბამისი სამართლებრივი შეფასება.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემული საქმის განხილვისას საერთოდ არ გამოუკვლევია ზემოაღნიშნული, ამ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რომელთა ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევა და ობიექტური სამართლებრივი შეფასება აუცილებელია წინამდებარე დავის სწორად გადაწყვეტისათვის.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა სწორად გააკეთა კასაციის განაცხადი და სრულიად საფუძვლიანად მოითხოვა საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება.

საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 3 აპრილის სხდომაზე კასატორის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებს, ამასთან, იმავე სასამართლომ არ დაადგინა, თუ როდის უნდა შეესრულებინა მოსარჩელეს შესაბამისი ვალდებულება და შეასრულა თუ არა მან დადგენილ ვადაში ხსენებული ვალდებულება საიჯარო ქირის გადასახადის გადახდის თაობაზე, ანუ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა შპს “....” დადებული იჯარის ხელშეკრულების 4.3.4 პუნქტი, მიწის გადასახადის გადახდას კი კასატორი ვერ მოითხოვდა, ხოლო თუ მიჩნეულ იქნება, რომ შპს “....” მიერ გადახდილ იქნა საიჯარო ქირის გადასახადი, არ არის გარკვეული, აღნიშნული გადასახადი 2004 წლის იყო თუ 2005 წლის, რადგან მისი გადახდის დროს _ 2005 წლის აგვისტოში შპს “...” უკვე 2005 წლის საიჯარო ქირის გადასახადიც უნდა გადაეხადა.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას (განჩინებას) და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის “გ” და “ე” ქვეპუნქტებისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე1” ქვეპუნქტის თანახმად კი, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი _ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესაბამისად, არ მისცა მათ სწორი სამართლებრივი შეფასება, რის გამოც სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე1” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძველი, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვითონ ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, რადგან არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ, ზემოხსენებულის გათვალისწინებით, ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, სრულყოფილად დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მისცეს მათ სწორი სამართლებრივი შეფასება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის (ბოლნისის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 16 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. სახელმწიფო ბაჟის საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.