15 ოქტომბერი, 2025 წელი,
საქმე №ას-547 -2025 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ჟ.მ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „მ.ლ.კ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ჟ.მ–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან იპოთეკის საგნის მესაკუთრე) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 იანვრის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ამ გადაწყვეტილებით შპს „მ.ლ.კ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, გამსესხებელი ან კრედიტორი) წინააღმდეგ ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანის თაობაზე აღძრული მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ცვლილება შევიდა ნოტარიუსის მიერ 2021 წლის 23 ივლისს გაცემულ #210775583 და #210776073 სააღსრულებო ფურცლებში; გაუქმდა სააღსრულებო ფურცლებით განსაზღვრული თანხის მოთხოვნა იმ ნაწილში, რომელიც შეეხება სააღსრულებო ფურცლის გაცემის (2021 წლის 23 ივლისის) შემდგომ პერიოდში სარგებლისა და პირგასამტეხლოს დარიცხვას; დანარჩენ ნაწილში მოთხოვნა უარყოფილ იქნა.
1.1. მოსარჩელის საკასაციო პრეტენზიით, გასაჩივრებული განჩინება, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია, კერძოდ, მისი მტკიცებით, საქმეში დაცული მტკიცებულებების სწორი და სამართლიანი შეფასების შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს გაუქმების ხარჯზე მოთხოვნის დაკმაყოფილება და სესხის ძირითადი თანხის შემცირება შეეძლო (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
4.3. 2021 წლის 8 აპრილს მოპასუხესა და „ზენიტი საშუალო სკოლას“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოვალე) შორის დაიდო #434043-403582 (სანოტარო რეგისტრაციის #210333382) სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: სესხის თანხა - 100 000 ლარი, წლიური სარგებელი - 27,1%, სესხის ვადა - 120 თვე. შეთანხმებით განისაზღვრა რომ სესხი ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით უნდა დაფარულიყო, კერძოდ, მსესხებელი ვალდებული იყო 2030 წლის 8 იანვრის ჩათვლით, ყოველთვიურად განსაზღვრული თანხა (ძირი თანხის ნაწილი და პროცენტი) გადაეხადა.
4.4. იმავე დღეს მოპასუხემ ზურაბ დუმბაძესთან (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოვალე) #428853-403584 (სანოტარო რეგისტრაციის #2100333521) სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გააფორმა, შემდეგი პირობებით: სესხის თანხა - 37 650 ლარი, წლიური სარგებელი - 26,14%, სესხის ვადა - 120 თვე. ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ სესხი შეთანხმებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად უნდა დაფარულიყო.
გრაფიკის თანახმად, მსესხებელი ვალდებული იყო 2030 წლის 8 იანვრის ჩათვლით, ყოველთვიურად განსაზღვრული თანხა (ძირი თანხის ნაწილი და პროცენტი) გადაეხადა.
4.5. ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს მოცულობა განისაზღვრა შემდეგი სახით: დარჩენილი სესხის თანხის - 0.25%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
4.6. ორივე ხელშეკრულების ფარგლებში სასესხო ვალდებულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, ს/კ-ით # ......... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც იპოთეკის საგანი).
4.7. 2021 წლის 11 მაისს ორივე ხელშეკრულებაზე მათში ცვლილების შეტანის შესახებ წერილობითი შეთანხმება გაფორმდა (შეთანხმებებში დაშვებულია ტექნიკური ხარვეზი მსესხებლის საიდენტიფიკაციო მონაცემებში, რასაც მოსარჩელე სადავოდ არ ხდის, იხ. 2022 წლის 9 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი, 15:18:36-15:21:25 სთ).
მსესხებელი ვალდებული იყო 2031 წლის 8 აპრილის ჩათვლით, გადანაწილების პროცენტთან ერთად, ყოველთვიურად გადაეხადა გრაფიკით განსაზღვრული თანხა (იხ. გადახდის გრაფიკი).
მხარეთა შეთანხმებით, მოთხოვნის დაკმაყოფილების ვადის დადგომისას თუ მოვალე ნებაყოფლობით არ დააკმაყოფილებდა გამსესხებლის მოთხოვნას, გამსესხებელი უფლებამოსილი იყო, ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემა მოეთხოვა.
4.8. კრედიტორის მიმართვის საფუძველზე, 2021 წლის 23 ივლისს ნოტარიუსმა გასცა ორი სააღსრულებო ფურცელი.
4.8.1. #210775583 სააღსრულებო ფურცელში, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგნაირად: ძირითადი თანხა - 100 000 ლარი, პროცენტი - 6389.04 ლარი (2021 წლის 9 აპრილიდან, დღეში 60.2739 ლარის დარიცხვით, 2021 წლის 23 ივლისის მონაცემებით) და პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მიმდინარე ბალანსის - 0,25% (2021 წლის 9 ივნისიდან, ყოველდღიურად 250 ლარი და 2021 წლის 23 ივლისის მონაცემებით - 11247.05 ლარი (პირგასამტეხლოს დარიცხვა გრძელდება აღსრულების დაწყებამდე), ასევე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი.
2022 წლის 12 იანვარს მოვალესა და იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის მესაკუთრეს, გადაწყვეტილების შესრულების შესახებ კერძო აღმასრულებლის წინადადება გაეგზავნათ, რომლის მიხედვით, #210775583 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, მოსარჩელის კუთვნილი, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის აუქციონზე რეალიზაცია უნდა მომხდარიყო. აღსასრულებელი მოთხოვნა ჯამურად - 170 812,95 ლარის შეადგენდა.
4.8.2. #210776073 სააღსრულებო ფურცელში, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგნაირად: ძირითადი თანხა - 37 650 ლარი, სარგებელი - 2021 წლის 23 ივლისის მონაცემებით - 2 405.47 ლარი (დაერიცხება 2021 წლის 9 აპრილიდან, დღეში 22.69 ლარი) და - 2021 წლის 23 ივლისის მონაცემებით პირგასამტეხლო - 4233.98 ლარი (მიმდინარე ბალანსის 0,25%, ერიცხება 2021 წლის 9 ივნისიდან, ყოველდღიურად 94,125 ლარი. პირგასამტეხლოს დარიცხვა გრძელდება აღსრულების დაწყებამდე).
2022 წლის 12 იანვარს მოვალესა და იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის მესაკუთრეს, გადაწყვეტილების შესრულების შესახებ კერძო აღმასრულებლის წინადადება გაეგზავნათ, რომლის მიხედვით, #210776073 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, მოსარჩელის კუთვნილი, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის აუქციონზე რეალიზაცია უნდა მომხდარიყო. აღსასრულებელი მოთხოვნა ჯამურად - 64 385,34 ლარს შეადგენდა.
5. მოსარჩელე/კასატორი ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ სსკ-ის 420-ე მუხლის გამოყენების მართებულობაზე აპელირებდა, ამასთან უთითებდა, რომ საქმეში დაცული მტკიცებულებების სწორი და სამართლიანი შეფასების შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს ხარჯზე მოთხოვნის დაკმაყოფილება და სესხის ძირითადი თანხის შემცირება შეეძლო.
6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებით, მოწესრიგებულია პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები.
7. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. "ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის აქვს, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...",
“პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. სუსგ-ები: №ას-1373-2018, 17.01.2019; № ას 848-814-2016, 28.12.2016; №ას-816-767-2015, 19.11.2015; №ას-953-918-2016, 22.11.2016).
სსკ-ის 417-, 418-ე მუხლების თანახმად, პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია აქვს, ერთი მხრივ, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფის პრევენციაა ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს, ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმით ვლინდება, რომ, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული სანქცია ეკისრება.
პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაა. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.
8. დადგენილია, რომ მხარეები ვადაგადაცილებისას პირგასამტეხლოს მოცულობაზე შეთანხმდნენ, რომელიც განისაზღვრა დარჩენილი სესხის თანხის - 0.25% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
9. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააღსრულებლო ფურცლები, იმ ნაწილში რომლებიც ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს დარიცხვას სააღსრულებო ფურცლის გაცემის შემდგომ პერიოდზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სწორად ცნო ბათილად და დასარიცხი პირგასამტეხლოს ოდენობა განსაზღვრა სააღსრულებო ფურცელში მითითებული თანხით, რაც დაანგარიშებულია 2021 წლის 23 ივლისის მონაცემებით; შესაბამისად, დადგენილი პირგასამტეხლო შეესაბამებოდა მოპასუხის მიერ დაგვიანებით შესრულებელ ვალდებულებას და უზრუნველყოფდა მისი დარღვევისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი სანქციის ფუნქციას.
10. რეფინანსირების დროს გადახდილი პირგასამტეხლოს შემცირებისა და სხვაობის სესხის ძირითადი თანხის ანგარიშში ჩათვლასთან მიმართებითაც საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ მოვალეების მიერ უკვე გადახდილი პირგასამტეხლო, წინამდებარე სარჩელის ფარგლებში, სკ-ის 420-ე მუხლთან შეუთავსებლად ვერ ჩაითვლებოდა, რადგან მოსარჩელემ ამგვარი ნება სადავო სამართალურთიერთობის წარმოშობამდე (რეფინანსირებამდე) არსებული სხვა სასესხო ვალდებულების ფარგლებში გამოავლინა, რაც გახდა კიდეც მხარეთა შორის ახალი ხელშეკრულების გაფორმების საფუძველი. პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულობაზე შეუძლებელი იყო მსჯელობა, რადგან სასამართლოსთვის უცნობი იყო იმ სესხის ხელშეკრულების პირობები, ვალდებულების დარღვევის ხარისხი და მოცულობა, რომლის საფუძველზეც იქნა გადახდილი აღნიშნული პირგასამტეხლო.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
12. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
13. კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 ივლისის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის, 1250 ლარის 30%-ის - 375 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ჟ.მ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ჟ.მ–ძეს (პ/ნ ..........) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 ივლისის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის, 1250 ლარის 30%-ის 375 ლარის გადახდა;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
გიზო უბილავა