Facebook Twitter

2 ოქტომბერი, 2025 წელი,

საქმე №ას-571-2025 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - მ.კ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - თ.ა–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 26 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე ნაწილობრივ უარის თქმა

დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თ.ა–ი (შემდეგში - მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) და მ.კ–ძე (შემდეგში - მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) ფაქტობრივ ქორწინებაში 2020 წლიდან იმყოფებოდნენ. მათ ერთი არასრულწლოვანი შვილი ჰყავთ - 2021 წლის 22 იანვარს დაბადებული ვ.კ–ძე (შემდეგში - არასრულწლოვანი ან ბავშვი).

2. არასრულწლოვანი დედასთან ერთად ცხოვრობს და მასზე ძირითადად მოსარჩელე ზრუნავს.

3. ბავშვის დიაგნოზი შემდეგია: განვითარების ეტაპების დაყოვნება, მეტყველების განვითარების აშლილობანი. ექიმის რეკომენდაციით, არასრულწლოვანს ესაჭიროება: ადრეული განვითარების ხელშეწყობის პროგრამაში ჩართვა, ფსიქოლოგთან განვითარების მასტიმულირებელი ინდივიდუალური პროგრამით რეაბილიტაცია; ენისა და მეტყველების თერაპია, ქცევითი თერაპია; საბავშვო ბაღში სადიაგნოსტიკო-სადამკვირვებლო ტესტის საშუალებით შეფასება.

4. არასრულწლოვნის საჭიროებები მოსარჩელემ შემდეგნაირად განსაზღვრა: თერაპიული სერვისით მკურნალობა - 45 წუთიანი სეანსის ღირებულება 60 ლარი, ანუ თვეში 720 ლარი (უკვე მკურნალობს 4 თვეა). გარდა ამისა, მოსარჩელემ წარმოადგინა მეტყველების თერაპიის ღირებულების დამადასტურებელი ცნობა, რომლის თანახმად, ერთი გაკვეთილის ფასი 40 ლარია, მისი განმარტებით, თვეში ბავშვს დაახლოებით 8 გაკვეთილი სჭირდება. ექიმის დანიშნულებით, არასრულწლოვანს ესაჭიროება მასაჟი და

ცურვა (აქვათერაპია), რისთვისაც საჭიროა თვეში 560 ლარის ოდენობით დამატებითი სახსრები. რეკომენდირებულია ბავშვმა 3 წლის ასაკის შემდეგ იაროს რაიმე წრეზე: ინგლისური, ტანვარჯიში. არასრულწლოვანი კერძო ბაღშიც დადის, რადგან მისი პრობლემიდან გამომდინარე (ვერ ლაპარაკობს), შესაძლებელია, სახელმწიფო ბაღში ბულინგის მსხვერპლი გახდეს. კერძო ბაღის ღირებულება თვეში 600 ლარია.

5. სსიპ შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის იანვრიდან 2023 წლის 6 ოქტომბრის მდგომარეობით მოსარჩელეს არ უფიქსირდება დასაბეგრი შემოსავლის მიღება. თვეში 300 აშშ დოლარით მოსარჩელეს დედა ეხმარება, დამატებით შემოსავალს (თვეში დაახლოებით, 300-400 აშშ დოლარს) იგი იღებს ხელსაქმიდანაც იღებს.

6. აშშ-ის მოქალაქეა - მოპასუხე, რომელიც 2013 წლამდე საქართველოში, ხოლო, 2013-2024 წლებში - აშშ-ში ცხოვრობდა და საქართველოში პერიოდულად ჩამოდიოდა. საქართველოს რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურაში მოპასუხე დასაქმებული არ ყოფილა, 2024 წლის აგვისტოში ის საცხოვრებლად საქართველოში დაბრუნდა.

7. ნიუ ჯერსის შტატის შემოსავლების და საწარმოთა მომსახურების სახაზინო განყოფილების დეპარტამენტის მიერ 2018 წლისთვის მოპასუხეს მიენიჭა საწარმოს „M&N AUTO TRANSPORT“ დაფუძნების სერთიფიკატი. ამავე

პერიოდში მოპასუხის (ერთპიროვნული მეწარმე) შემოსავალმა წელიწადში 141 959 აშშ დოლარი შეადგინა.

8. ამერიკის შეერთებულ შტატებში მოპასუხეს აქვს ფინანსური ვალდებულებები. საქართველოში 2022 წლის 29 ოქტომბერს დადებული საკრედიტო ხელშეკრულების დასაფარად მოპასუხე ყოველთვიურად დაახლოებით 1 000 ლარამდე თანხას იხდის. სესხის მიზნობრიობაში მითითებულია, რომ სესხის თანხა - 29 350 ლარი, მარნის გასაკეთებლად უნდა იქნეს გამოყენებული.

9. საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად, მოპასუხის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხება ქ.თბილისში, ............ მდებარე უძრავი ქონება - 149კვ.მ კომერციული ფართი. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია, 2024 წლის 6 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება. აღნიშნული უძრავი ქონება 2024 წლის 12 სექტემბერს იპოთეკით არის დატვირთული. იპოთეკარია - სს „ს.ბ–ი“. 2024 წლის 18 დეკემბრიდან მითითებული კომერციული ფართი 10 წლით იჯარის ხელშეკრულებით შპს „ს.ს–ს“ აქვს გადაცემული.

10. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 5 თებერვლის ცნობის მიხედვით, 2025 წლის 3 თებერვლის მდგომარეობით მოპასუხის მიერ 2020 წლის იანვრიდან - 2021 წლის დეკემბრამდე და 2023 წლის ოქტომბრიდან - 2024 წლის დეკემბრის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავლის შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება.

11. არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ყოველთვიურად 1 000 ლარის ოდენობით ალიმენტის გადახდის მოთხოვნით მოპასუხის წინააღმდეგ მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

12. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით:

12.1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

12.2. 2023 წლის 21 სექტემბრიდან სრულწლოვანების მიღწევამდე არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ მოპასუხეს ყოველთვიურად 700 ლარის ოდენობით ალიმენტის გადახდა დაეკისრა.

13. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მოპასუხემ გაასაჩივრა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე ნაწილობრივ უარის თქმა მოითხოვა. მისთვის დაკისრებულ ალიმენტი აპელანტმა ნაწილობრივ გახადა სადავოდ, კერძოდ, ის არ დაეთანხმა არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაკისრებულ ალიმენტს 500 ლარის ნაწილში, შესაბამისად, მიიჩნია, რომ ბავშვზე ალიმენტის ყოველთვიური ოდენობა 200 ლარით უნდა განსაზღვრულიყო. (რა ნაწილშიც მან ცნო სარჩელი).

14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 26 თებერვლის განჩინებით:

- პასუხის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შეცვლით ახალი გადაწყვეტილება იქნა მიღებული;

- ის სრულწლოვანებამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე არასრულწლოვნის სასარგებლოდ მოპასუხეს ყოველთვიურად 400 ლარის ოდენობით ალიმენტის გადახდა დაეკისრა;

- გარდა ამისა, გარემოებების შეცვლამდე, ბავშვის სასარგებლოდ, მოპასუხეს, ყოველთვიურად დაეკისრა, 300 ლარის ოდენობით დამატებითი ხარჯის ანაზღაურება;

- სხვა ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

14.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-10 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და შემდეგი დასკვნა ჩამოაყალიბა:

14.1.1. მიზანშეწონილია, რომ დაკონკრეტდეს და ალიმენტი და დამატებითი ხარჯები შემდეგი პროპორციით გადანაწილდეს, ალიმენტი - 400 ლარი, რაც მოიცავს საარსებო მინიმუმს (საშუალოდ 260-265 ლარს თვეში) და ზოგადად ბავშვის ნორმალური განვითარებისთვის საჭირო ერთ აქტივობას (მაგალითად, ცეკვა, სპორტი, მუსიკა, ცურვა...), რომლის ღირებულებაც თვეში საშუალოდ 100-150 ლარია, ხოლო დამატებით ხარჯებში მონაწილეობა პირობითად 300 ლარით უნდა განისაზღვროს, რაშიც მოიაზრება ბავშვისთვის მისი ჯანმრთელობის/განვითარების მდგომარეობიდან გამომდინარე აუცილებელი დამატებითი აქტივობები და სამედიცინო რეკომენდაციების შესრულება (მაგალითად, მეტყველების თერაპია, სპეციალიზებული საბავშვო ბაღი და სხვ).

14.1.2. ალიმენტის განსაზღვრისას, მნიშვნელოვანია, სასამართლოს მხრიდან დადგინდეს არა მხოლოდ ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობა, არამედ - ალიმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირის საჭიროებები. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისთვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ რამდენს შეადგენს ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა. გასათვალისწინებელია, როგორც არასრულწლოვანი შვილების უფლება მიიღონ - მშობლისაგან ალიმენტი, ასევე, ის სამართლებრივი დანაწესი, რომ ორივე მშობელი თანაბრადაა ვალდებული იზრუნონ არასრულწლოვან შვილებზე. აღნიშნული ვალდებულების არსებობა უპირობო ხასიათს ატარებს და მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე არ არის დამოკიდებული. იმის გამო, თუ შრომისუნარიან მშობელს არ აქვს სტაბილურად მაღალი მატერიალური შემოსავალი, ან/და გააჩნია საბანკო ვალდებულებები, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისგან. მშობლის პოზიტიური ვალდებულება, არჩინოს არასრულწლოვანი შვილი, არა მისი ფაქტობრივად არსებული შემოსავლით, არამედ იმითაც განისაზღვრება, რამდენად შრომისუნარიანია მარჩენალი, რათა მან ყოველი ღონე იხმაროს შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდის პირობების შესაქმნელად.

14.1.3. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე შრომისუნარიანი პირია, რომელსაც

გარკვეული პროფესიული უნარ-ჩვევები აქვს, ამავდროულად ის სწორედ სამუშაოსა და შემოსავლის მისაღებად გაემგზავრა და ცხოვრობდა საზღვარგარეთ, რაც სასამართლოს უქმნის რწმენას, რომ აპელანტს აქვს სათანადო უნარები და პერსპექტივა, რომ დასაქმებული იყოს და უზრუნველყოს საკუთარი მცირეწლოვანი შვილის მატერიალური საჭიროებები.

დადგენილია, რომ: არასრულწლოვანი ცხოვრობს დედასთან და მის რჩენა-აღზრდაზე მოსარჩელე ზრუნავს; ამ ეტაპზე მოსარჩელე დასაქმებული არ არის და შემოსავალი არ ერიცხება, თუმცა, გარკვეული ფინანსური დახმარებას იღებს მშობლისგან, ასევე, დამატებით შემოსავალს იღებს ხელსაქმიდანაც; მოპასუხე მონაწილეობდა შვილის რჩენა-აღზრდაში, თუმცა, მოსარჩელის განმარტებით, გარკვეული დროის შემდეგ მან შეწყვიტა ფინანსური დახმარება; როდესაც მოსარჩელე დედა შვილის მოვლა-აღზრდას დამოუკიდებლად ახორციელებს, რაც დროისა და ადამიანური ესურსების უდიდეს ნაწილს მოითხოვს მისი საოჯახო შრომა არის ის მონაწილეობა, რაც აქტობრივად მოსარჩელეს შეუძლია შვილის ნორმალური რჩენააღზრდისთვის გაიღოს და არ შეიძლება რჩენის ვალდებულება მხოლოდ ისე ვიწროდ განიმარტოს, რომ მასში მოიაზრებოდეს მხოლოდ ფინანსური მონაწილეობა, მით უფრო, რომ მცირეწლოვან ბავშვს განსაკუთრებული მზრუნველობა და მუდვმივი მეთვალყურეობა ესაჭიროება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დედის მატერიალური შესაძლებლობები საკმარისია, მამა ასევე ვალდებულია (თუნდაც არ იყოს დასაქმებული) სტაბილურად ჩაერთოს შვილის რჩენა-აღზრდის საკითხებში, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ბავშვის საარსებო მოთხოვნილებები - ორივე მშობლის მონაწილეობით.

მშობელთა ვალდებულებაა, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესი იმაში მდგომარეობს, რომ უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც ის ორივე მშობლის სტაბილურ თანადგომას საჭიროებს. ამდენად, მოპასუხის მიერ შეთავაზებული 200 ლარი არ არის საკმარისი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდის პირობების შესაქმნელად და ასევე არ გამომდინარეობს არც მოპასუხის რეალური ფინანსური მდგომარეობიდან და შესაძლებლობებიდან.

15. გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმებასა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე ნაწილობრივ უარის თქმას მოითხოვს საკასაციო საჩივრით მოპასუხე, რომელიც შემდეგზე მიუთითებს:

- არასრულწლოვნის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება მართლზომიერია, თუმცა არა იმ ოდენობით, რაც მოპასუხეს დაეკისრა, გადაწყვეტილება გასაზიარებელია ალიმენტის სახით 250 ლარის ანაზღაურების ფარგლებში.

- 2018 წლის შემდეგ კასატორს არანაირი შემოსავალი არ აქვს, ხოლო, თუკი ასეთი მანამდე მას ჰქონდა, ეს მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში მუშაობის პერიოდში იყო. დღეის მდგომარეობით მოპასუხე საქართველოში უმუშევარია, რაც დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებით - შემოსავლების შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობით.

- უძრავი ქონება, რომელზეც სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით იპოთეკით იყო დატვირთული. ვინაიდან მოპასუხეს შემოსავალი არ გააჩნდა, თანხის გადახდა ვერ შეძლო და უძრავი ქონების გასხვისებაზე იძულებული შეიქმნა. აქედან გამომოდინარე, ალიმენტის დაკისრების მომენტისთვის კასატორს არც შემოსავალი არ აქვს და - არც ქონება, შესაბამისად, 400 ლარის ოდენობით ალიმენტის მისთვის დაკისრება არასწორია.

16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 ივლისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

17. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

18. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება განაპირობა.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ საკასაციო სასამართლოსთვის ისინი სავალდებულოა.

19. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია, თუ

რამდენად მართლზომიერია, მოპასუხისთვის, ყოველთვიურად, 400 ლარის ოდენობით ალიმენტისა და 300 ლარის ოდენობით დამატებითი ხარჯის დაკისრება.

20. განსახილველი მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი სსკ-ის 1214-ე (თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას) და 1215-ე (მშობელს, რომელიც ალიმენტს უხდის არასრულწლოვან შვილებს, შეიძლება დაეკისროს მონაწილეობა დამატებით ხარჯებში, რომლებიც გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებებით (ბავშვის მძიმე ავადმყოფობით, დასახიჩრებით და სხვა) მუხლებშია წარმოდგენილი.

21. ალიმენტის დაკისრების ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული საფუძველი არაერთხელ გამხდარა საკასაციო სასამართლოს განმარტების საგანი. ამ განმარტებების ძირითადი ნაწილი შემდეგი შინაარსისაა:

კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა (იხ. სუსგ №ას-1610-1511-2012, 4.02.2013).

ალიმენტის დაკისრების საკითხის განხილვის დროს ამოსავალი წერტილია ბავშვის საუკეთესო ინტერესი - გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს. ამასთან, ალიმენტის ოდენობის დადგენისას უნდა შეფასდეს მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა ობიექტური გარემოებები. ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს მხოლოდ ფორმალურ ხასიათს, ის უნდა იყოს ეფექტური და ქმედითი ღონისძიება, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს ბავშვის განვითარებისთვის საჭირო და აუცილებელი პირობების შექმნას (იხ. სუსგ: №ას-58-49-2011, 27.06.2011; №ას-1141-1061-2017, 17.10.2017; №ას-1355-2019, 25.02.2020; №ას-1301-2019, 13.03.2020).

რაც შეეხება დამატებით ხარჯებში მშობლის მონაწილეობის მოვალეობას, როგორც ზემოთ მიეთითა, აღნიშნულს სსკ-ის 1215-ე მუხლი განსაზღვრავს.

22. პალატის განსჯით, საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივად შეფასების შედეგად სააპელაციო სასამართლომ კანონშესაბამისადც მიიჩნია, რომ ყოველთვიურად 400 ლარის ოდენობით ალიმენტისა და 300 ლარის ოდენობით დამატებითი ხარჯის მოპასუხისთვის დაკისრება სამართლიანი და ადექვატური გადაწყვეტილებაა, კერძოდ, მხარეთა ფინასური მდგომარეობის, ასევე, არასრულწლოვნის სრულფასოვანი აღზრდისთვის საჭირო ხარჯების ურთიერთშეპირისპირების საფუძველზე ზემომითითებული თანხების მოცულობა გონივრული და სამართლიანია.

ზემომითითებული დასკვნის საფუძველი შექმნა სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილად ცნობილმა გარემოებებმა, რომლებიც წინამდებარე განჩინების 1-10 პუნქტებშია აღწერილი. ამავდროულად, ყურადსაღებია, რომ არასრულწლოვანს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, კერძოდ, ფსიქიკური განვითარების ეტაპების დაყოვნება, მეტყველების უნარის შეფერხება და ეკრანდამოკიდებულება, შესაბამისად, ბავშვის აღზრდა-განვითარებისთვის დამატებითი რესურსია საჭირო, რაც მის თერაპიულ გაკვეთილებსა და სხვა სახის მკურნალობას უნდა მოხმარდეს და რასაც განგრძობადი ხასიათი აქვს.

სსსკ-ის 407.2 მუხლის (სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება)) დანაწესიდან გამომდინარე ზემომითითებული გარემოებები საკასაციო სასამართლოსთვის სავალდებულოა და დასაბუთებული შედავების (პრეტენზია) გზით კასატორს არ გაუქარწყლებია.

23. შემოსავლის არქონასა და უმუშევრობასთან მიმართებით კასატორის პრეტენზიის უარსაყოფად გასაჩივრებულ განჩინებაში წარმოდგენილი დასაბუთება სრულადაა გასაზიარებელი, კერძოდ, მართებულად განიმარტა, რომ:

ალიმენტის განსაზღვრისას, მნიშვნელოვანია, სასამართლოს მხრიდან დადგინდეს არა მხოლოდ ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობა, არამედ - ალიმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირის საჭიროებები. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისთვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ რამდენს შეადგენს ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა. გასათვალისწინებელია, როგორც არასრულწლოვანი შვილების უფლება მიიღონ - მშობლისაგან ალიმენტი, ასევე, ის სამართლებრივი დანაწესი, რომ ორივე მშობელი თანაბრადაა ვალდებული იზრუნონ არასრულწლოვან შვილებზე. აღნიშნული ვალდებულების არსებობა უპირობო ხასიათს ატარებს და მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე არ არის დამოკიდებული. იმის გამო, თუ შრომისუნარიან მშობელს არ აქვს სტაბილურად მაღალი მატერიალური შემოსავალი, ან/და გააჩნია საბანკო ვალდებულებები, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისგან. მშობლის პოზიტიური ვალდებულება, არჩინოს არასრულწლოვანი შვილი, არა მისი ფაქტობრივად არსებული შემოსავლით, არამედ იმითაც განისაზღვრება, რამდენად შრომისუნარიანია მარჩენალი, რათა მან ყოველი ღონე იხმაროს შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდის პირობების შესაქმნელად.

მშობელთა ვალდებულებაა, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესი იმაში მდგომარეობს, რომ უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც ის ორივე მშობლის სტაბილურ თანადგომას საჭიროებს. ამდენად, მოპასუხის მიერ შეთავაზებული 200 ლარი არ არის საკმარისი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდის პირობების შესაქმნელად და ასევე არ გამომდინარეობს არც მოპასუხის რეალური ფინანსური მდგომარეობიდან და შესაძლებლობებიდან.

ამდენად, საქმეზე დადგენილი გარემოებების, მათ შორის, იმის გათვალისწინებით, რომ არასრულწლოვანი ცხოვრობს დედასთან და მის რჩენა-აღზრდაზე მოსარჩელე ზრუნავს, რომელიც ამ ეტაპზე დასაქმებული არ არის და შემოსავალი არ ერიცხება, თუმცა, გარკვეულ ფინანსური დახმარებას მშობლისგან იღებს, მოპასუხე შრომისუნარიანი პირია, რომელსაც გარკვეული პროფესიული უნარ-ჩვევები აქვს (ის სამუშაოსა და შემოსავლის მისაღებად გაემგზავრა და ცხოვრობდა საზღვარგარეთ), საკასაციო პალატასაც ჩამოუყალიბდა შინაგანი რწმენა იმის თაობაზე, რომ კასატორს სათანადო უნარები და პერსპექტივა აქვს, რომ დასაქმებული იყოს და უზრუნველყოს საკუთარი მცირეწლოვანი შვილის მატერიალური საჭიროებები.

რაც შეეხება ალიმენტისა და დამატებით ხარჯებში მონაწილეობისთვის მოპასუხისთვის დაკისრებული თანხის ოდენობას, სააპელაციო სასამართლომ დასახელებული ნაწილიც სათანადოდ დაასაბუთა და მკაფიოდ განმარტა, რომ 400 ლარის ოდენობით ალიმენტი მოიცავს საარსებო მინიმუმს (საშუალოდ 260-265 ლარს თვეში) და ზოგადად ბავშვის ნორმალური განვითარებისთვის საჭირო ერთ აქტივობას (მაგალითად, ცეკვა, სპორტი, მუსიკა, ცურვა...), რომლის ღირებულებაც თვეში საშუალოდ 100-150 ლარია, ხოლო დამატებით ხარჯებში მონაწილეობა უნდა განისაზღვროს პირობითად 300 ლარით, რაშიც მოიაზრება ბავშვისთვის მისი ჯანმრთელობის/განვითარების მდგომარეობიდან გამომდინარე აუცილებელი დამატებითი აქტივობები და სამედიცინო რეკომენდაციების შესრულება (მაგალითად, მეტყველების თერაპია, სპეციალიზებული საბავშვო ბაღი და სხვ), რაც ასევე, გასაზიარებელია.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, რადგანაც კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

25. არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

26. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.კ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. მ.კ–ძეს (პ/ნ ..........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ს.ბ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება 28219047026, გადახდის თარიღი - 9.07.2025) 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

გიზო უბილავა