Facebook Twitter

საქმე №ას-767-2025 2 ოქტომბერი, 2025 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – გ.გ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ვ.კ–ვი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 7 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

კერძო საჩივრის დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით:

1.1. გ.გ–ის (შემდეგში - მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი დაკმაყოფილდა; აუცილებელი გზის მოწყობის მიზნით მოსარჩელეს უფლება მიეცა, რომ თავის კუთვნილ მიწის ნაკვეთთან (მდებარე ქ.თბილისი, ...........) დასაკავშირებლად/მისასვლელად, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2024 წლის 11 ივლისის ექსპერტიზის დასკვნის N4 დანართზე აღნიშნულ სიტუაციურ გეგმაზე ლურჯი ფერით მონიშნული ტრაექტორიისა და ინდმეწარმე ე.გ–ას მიერ 2024 წლის 14 აგვისტოს მომზადებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად ესარგებლა ვ.კ–ვის (შემდეგში - მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით (მდებარე ქ.თბილისში, .......) მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც მოპასუხის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს შეეხებოდა.

1.2. მოპასუხის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა და ამ უკანასკნელის სასარგებლოდ მოსარჩელეს 2 000 ლარის ოდენობით კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.

2. მოპასუხის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მოსარჩელემ გაასაჩივრა, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმებასთან ერთად, 300 ლარის ოდენობით ექსპერტიზის ხარჯისა და 600 ლარის ოდენობით იურიდიული მომსახურების საფასურის მოწინააღმდეგე მხარისთვის დაკისრება მოითხოვა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 7 აპრილის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იმ საფუძვლით დარჩა, რომ სააპელაციო საჩივრის ფასი მოცემულ შემთხვევაში 2000 ლარია, ექსპერტიზის ხარჯი და იურიდიული მომსახურების საფასური კი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 37-ე მუხლით გათვალისწინებულ პროცესის ხარჯებს შეადგენს და დავის საგნის ფასად ვერ განიხილება.

4. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ კერძო საჩივარი შემოიტანა.

- კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, დავის საგანი მოცემულ შემთხვევაში შეადგენს 2 900 და, არა - 2 000 ლარს.

- მართალია, 900 ლარი პროცესის ხარჯებს წარმოადგენს, მაგრამ ჯამურად დავა 2 900 ლარზე მიმდინარეობს.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 17 ივლისის განჩინებით, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე კერძო საჩივარი განსახილველად იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

6. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი იმ საფუძვლით იქნა დატოვებული განუხილველად, რომ დავის საგნის ღირებულება არ შეესაბამებოდა კანონით დადგენილ ზღვრულ ოდენობას.

7. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სსსკ-ის 365-ე მუხლის დანაწესზე, რომლითაც დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივარი ქონებრივსამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

დასახელებული მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, ცხადი ხდება შემდეგი: სააპელაციო სასამართლოში ქონებრივ დავებზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა ხასიათდება გარკვეული სპეციფიკურობით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 2 000 ლარს სცილდება, შესაბამისად, ნორმით დადგენილი შეზღუდვა იმპერატიულია და კრძალავს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებას, თუ მისი ღირებულება 2 000 ლარს არ აღემატება.

8. სააპელაციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში მართებულად აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება განსახილველ შემთხვევაში 2 000 ლარია. აპელანტი მოითხოვს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხის სასარგებლოდ მას სწორედ 2 000 ლარის გადახდა დაეკისრა.

9. რაც შეეხება 300 ლარის ოდენობით ექსპერტიზის ხარჯისა და 600 ლარის ოდენობით იურიდიული მომსახურების საფასურის მოწინააღმდეგე მხარისთვის დაკისრების მოთხოვნას, აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს შემდეგს:

დავის საგნის ღირებულებაში, რაზეც სსსკ-ის 365-ე მუხლი მიუთითებს, იგულისხმება სააპელაციო საჩივრით შედავებული მოთხოვნის მატერიალურსამართლებრივი ნაწილი და მასში არ მოიაზრება პროცესის ხარჯები (მათ შორის: სახელმწიფო ბაჟი, ადვოკატისთვის გაწეული ხარჯები, ექსპერტიზის ხარჯი).

უწინარეს ყოვლისა, ასეთი დასკვნა გამომდინარეობს თავად ამ მუხლის შინაარსიდან, კერძოდ, როდესაც კანონმდებელი საუბრობს დავის საგნის ღირებულების ზღვრული ოდენობის დადგენაზე, იქვე განმარტავს, რომ შეზღუდვა შეეხება ქონებრივსამართლებრივი სახის სააპელაციო საჩივრებს.

ამდენად, კანონმდებელი ცალსახად ყურადღებას ამახვილებს მოთხოვნის სწორედ მატერიალურ ნაწილზე. გარდა ამისა, სსსკ-ის 37-ე მუხლის მიხედვით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები;

სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით; სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე. მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. ადვოკატისთვის გაწეული ხარჯები და ექსპერტიზის ხარჯი, ხსენებული ნორმით გათვალისწინებული პროცესის ხარჯების სახეებია. პროცესის ხარჯები გამოანგარიშდება დავის საგნის ღირებულების შესაბამისად, ხოლო ეს უკანასკნელი მოსარჩელის მოთხოვნის მიხედვით გამოითვლება, სსსკ-ის 41-ე მუხლით დადგენილი წესით.

ცხადია, რომ პროცესის ხარჯი დავის საგნის ღირებულებაში არ შედის და სააპელაციო საჩივრის ღირებულების გამოანგარიშებისას დავის საგნის ღირებულებისთვის მისი მიმატება ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზემომოყვანილ ნორმებს. უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკა (შდრ. სუსგ-ები: №ას-63-2019, 19.06.2019; №ას-230-218-2017, 28.04.2017; №ას-1360-1585-05, 7.02.2006). შესაბამისად, ცალსახაა, რომ სააპელაციო საჩივრის ღირებულება, განსახილველ შემთხვევაში 2 000 ლარია და, სსსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად, არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველი.

10. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, თუმცა, უფლებით დაცულ სფეროში ჩარევად ვერ განიხილება მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა იმ პირობებში, როდესაც შესაბამისი საკანონმდებლო საფუძველი არსებობს და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (იხ. ასევე სსსკ-ის 2.2. მუხლი).

ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ფარგლებში პალატა დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დადგენილი პრაქტიკის გათვალისწინებით, განაცხადის დასაშვებობისას, ამოწმებს ზიანის (დანახარჯების) ოდენობას და მიიჩნევს, რომ მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, განაცხადი დაუშვებელია სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (ECHR: Ionescu v. Romania; Vasilchenko v. Russia; Stefanescu v. Romania და სხვა), (სუსგ 28.04.2017წ. საქმე №ას-230-218-2017).

11. ამრიგად, იმ გარემოების გამო, რომ სააპელაციო საჩივრის ფასი 2 000 ლარს არ აღემატებოდა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე (შდრ. სუსგ-ები: №ას-713-2019, 21.06.2019; ას-1025-2019, 9.09.2019; ას-1102-2019, 13.09.2019; ას-1305-2019, 21.11.2019, ას-1693-2018, 29.03.2019).

12. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.გ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 7 აპრილის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

გიზო უბილავა