Facebook Twitter

საქმე № ას-32-2025 2 ოქტომბერი, 2025 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,

არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს „გ.თ–ი“ (აპელანტი, მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „თ–სი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 31 ოქტომბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შპს „გ.თ–ის“ (შემდეგში „მოსარჩელე“, „გამყიდველი“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) საკასაციო პრეტენზიით, დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მიმწოდებლლის საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც მიმწოდებლის სარჩელი სს „თ–სის“ (შემდგომში „მოპასუხე“ ან „მყიდველი“) მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა შემცირებული პირგასამტეხლოს, 1 325 283.4 ლარის გადახდა.

2. კასატორის პრეტენზიით, გასაჩივრებულ განჩინებით სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი და არასწორად მიიჩნია დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად, შესაბამისად, არასწორად შეამცირა იგი. პირგასამტეხლო განსაზღვრული იყო ხელშეკრულებით მხარეთა თავისუფალი ნების გამოხატვის პირობებში, შესაბამისად, სასამართლოს არ ჰქონდა მისი შემცირების უფლება. სსკ 420-ე მუხლით სასამართლოს მართალია ენიჭება უფლებამოსილება შეხედულებისამებრ საქმის კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, თუმცა აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს არა ნებისმიერი ოდენობის პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას, არამედ იმ ოდენობის, რომელიც ძირითად შესასრულებელ ვალდებულებასთან მიმართებით შეუსაბამოდ მაღალია. ამრიგად, სასამართლოს კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დაესაბუთებინა, რატომ მიიჩნია დაკისრებული პირგასამტეხლო (0.075%) შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად და რის საფუძველზე შეამცირა იგი (0.02%-მდე), რაც მას არ განუხორციელებია.

3. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

3.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 იანვრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, (შემდეგში: სსსკ), 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.

6. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

7. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

7.1. 2020 წლის 27 ოქტომბერს მყიდველსა და გამყიდველს შორის გაფორმდა ელექტროენერგიის ნასყიდობის (სიმძლავრის) შესახებ პირდაპირი ხელშეკრულება (შემდგომში ხელშეკრულება), რომელიც დარეგისტრირდა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ (რეგისტრაციის თარიღი 30.10.2020, რეგისტრაციის ნომერი - №1/3176-00);

7.2. ხელშეკრულების 2.1. პუნქტის შესაბამისად, გამყიდველმა იკისრა ვალდებულება, მიეწოდებინა მყიდველისათვის გამყიდველის საკუთრებაში არსებული თბოელექტროსადგურის მიერ 2020 წლის ოქტომბერში (საანგარიშო თვე) გამომუშავებული ელექტროენერგია საორიენტაციო მოცულობით - 75 000 000 კვტ.სთ +/-30%, ხოლო მყიდველმა - ეყიდა ამ მოცულობით ელექტროენერგია და უზრუნველეყო მისი ღირებულების სრული და დროული ანაზღაურება;

7.3. ხელშეკრულების 2.2. პუნქტის მიხედვით, ელექტროენერგიის შესასყიდი ფასი განისაზღვრა 4.5 აშშ ცენტის ექვივალენტი ლარით, საანგარიშო პერიოდის დასრულებისას არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად;

7.4. გამყიდველმა მყიდველს საანგარიშო პერიოდში (2020 წლის 1-31 ოქტომბერი) მიაწოდა 76 801 950.4 კვტ.სთ ელექტროენერგია, რაც დასტურდება მხარეთა შორის 2020 წლის 12 ნოემბერს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით. საანგარიშო პერიოდში მიწოდებული ელექტროენერგიის ღირებულება შეადგენდა 11 172 494.3 ლარს, რაზეც 2020 წლის 13 ნოემბერს გამოიწერა შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურა №ეა-40 4228876;

7.5. ხელშეკრულების 6.5 პუნქტის თანახმად, მყიდველი ვალდებული იყო ანგარიშ-ფაქტურის მიღების შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 25 რიცხვისა, აენაზღაურებინა გამყიდველისათვის საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებული ელექტროენერგიის საფასური; მყიდველმა აღნიშნული ვალდებულება არ შეასრულა დროულად, საფასური გადაიხადა ვადაგადაცილებით, ეტაპობრივად, სხვადასხვა პერიოდულობით.

7.6. ხელშეკრულების 10.2 პუნქტის მიხედვით, მყიდველს დაერიცხა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0.075%, რაც რეალიზებული ელექტროენერგიის ღირებულების სრულად გადახდის თარიღისთვის (ვადაგადაცილების პერიოდი - 2020 წლის 26 ნოემბრიდან 2023 წლის 28 სექტემბრის ჩათვლით) ჯამურად შეადგენდა 3 054 096.15 ლარს;

7.7. 2020 წლის 25 ნოემბერს მხარეთა შორის გაფორმდა ელექტროენერგიის ნასყიდობის (სიმძლავრის) შესახებ პირდაპირი ხელშეკრულება №2 (შემდგომშიხელშეკრულება №2), რომლის 2.1 პუნქტის მიხედვით, გამყიდველმა იკისრა ვალდებულება, მიეწოდებინა მყიდველისათვის გამყიდველის საკუთრებაში არსებული თბოელექტროსადგურის მიერ 2020 წლის ნოემბერში (საანგარიშო თვე) გამომუშავებული ელექტროენერგია საორიენტაციო მოცულობით - 75 000 000 კვტ.სთ +/-30%, ხოლო მყიდველმა - ეყიდა ამ მოცულობით ელექტროენერგია და უზრუნველეყო მისი ღირებულების სრული და დროული ანაზღაურება;

7.8. ამავე ხელშეკრულების 2.2. პუნქტის მიხედვით, ელექტროენერგიის შესასყიდი ფასი განისაზღვრა 4.5 აშშ ცენტის ექვივალენტი ლარით, საანგარიშო პერიოდის დასრულებისას არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად;

7.9. გამყიდველმა მყიდველს საანგარიშო პერიოდში (2020 წლის 1-30 ნოემბერი) მიაწოდა 75 000 000 კვტ.სთ ელექტროენერგია, რაც დასტურდება მხარეთა შორის 2020 წლის 11 დეკემბერს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით.

7.10. საანგარიშო პერიოდში მიწოდებული ელექტროენერგიის ღირებულება შეადგენდა 11 192 850 ლარის, რაზეც 2020 წლის 14 დეკემბერს გამოიწერა შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურა №ეა-40 4268744;

7.11. ხელშეკრულება №2-ის 6.5 პუნქტის თანახმად, მყიდველი ვალდებული იყო ანგარიშ-ფაქტურის მიღების შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 25 რიცხვისა, აენაზღაურებინა გამყიდველისათვის საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებული ელექტროენერგიის საფასური; მყიდველმა აღნიშნული ვალდებულება არ შეასრულა დროულად, საფასური გადაიხადა ვადაგადაცილებით, ეტაპობრივად, სხვადასხვა პერიოდულობით. ხელშეკრულების 10.2 პუნქტის მიხედვით, მყიდველს დაერიცხა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0.075%, რაც რეალიზებული ელექტროენერგიის ღირებულების სრულად გადახდის თარიღისთვის (ვადაგადაცილების პერიოდი - 2020 წლის 26 დეკემბრიდან 2023 წლის 9 ოქტომბრის ჩათვლით) ჯამურად შეადგენდა 988 748.55 ლარს;

7.12. 2020 წლის 25 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმდა ელექტროენერგიის ნასყიდობის (სიმძლავრის) შესახებ პირდაპირი ხელშეკრულება №3 (შემდგომში ხელშეკრულება №3), რომელიც დარეგისტრირდა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ (რეგისტრაციის თარიღი 30.12.2020, რეგისტრაციის ნომერი - №1/3219-00);

7.13. №3 ხელშეკრულების 2.1. პუნქტის მიხედვით, გამყიდველმა იკისრა ვალდებულება, მიეწოდებინა მყიდველისათვის გამყიდველის საკუთრებაში არსებული თბოელექტროსადგურის მიერ 2020 წლის დეკემბერში (საანგარიშო თვე) გამომუშავებული ელექტროენერგია საორიენტაციო მოცულობით - 75 000 000 კვტ.სთ +/-30%, ხოლო მყიდველმა - ეყიდა ამ მოცულობით ელექტროენერგია და უზრუნველეყო მისი ღირებულების სრული და დროული ანაზღაურება;

7.14. ამავე ხელშეკრულების 2.2. პუნქტის მიხედვით, ელექტროენერგიის შესასყიდი ფასი განისაზღვრა 4.5 აშშ ცენტის ექვივალენტი ლარით, საანგარიშო პერიოდის დასრულებისას არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად;

7.15. გამყიდველმა მყიდველს საანგარიშო პერიოდში (2020 წლის 1-31 დეკემბერი) მიაწოდა 71 129 093.7 კვტ.სთ ელექტროენერგია, რაც დასტურდება მხარეთა შორის 2020 წლის 12 იანვარს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით. საანგარიშო პერიოდში მიწოდებული ელექტროენერგიის ღირებულება შეადგენდა 10 487 771.48 ლარს, რაზეც 2021 წლის 13 იანვარს გამოიწერა შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურა №ეა-40 4301478;

7.16. №3 ხელშეკრულების 6.5 პუნქტის თანახმად, მყიდველი ვალდებული იყო ანგარიშ-ფაქტურის მიღების შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 25 რიცხვისა, აენაზღაურებინა გამყიდველისათვის საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებული ელექტროენერგიის საფასური;

7.17. მყიდველმა აღნიშნული ვალდებულება არ შეასრულა დროულად, საფასური გადაიხადა ვადაგადაცილებით, ეტაპობრივად, სხვადასხვა პერიოდულობით. ხელშეკრულების 10.2 პუნქტის მიხედვით, მყიდველს დაერიცხა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0.075%, რაც რეალიზებული ელექტროენერგიის ღირებულების სრულად გადახდის დროისთვის (ვადაგადაცილების პერიოდი - 2021 წლის 26 იანვრიდან 2023 წლის 6 ნოემბრის ჩათვლით) ჯამურად შეადგენდა 926 968.05 ლარს;

7.18. 2023 წლის 6 ნოემბერს შემსყიდველმა სრულად დაფარა ძირითადი დავალიანება, 1 088 201.06 ლარი.

7.19. 2023 წლის 8 ნოემბერს გაფორმებული შედარების აქტით მოპასუხეს ვალდებულების ვადაგადაცილებით შესრულებისათვის ერიცხება დავალიანება, ჯამურად - 4 969 812.75 ლარი, საიდანაც 2020 წლის 13 ნოემბერს გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით დარიცხული საურავია - 3 054 096.15 ლარი, 2020 წლის 14 დეკემბერს გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით - 988 748.55 ლარი, ხოლო 2021 წლის 13 იანვარს გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით - 926 968.05 ლარი;

7.20. გაფრთხილების წერილების გაგზავნის მიუხედავად, მოპასუხეს მოსარჩელისთვის დარიცხული პირგასამტეხლო დღემდე არ აუნაზღაურებია;

7.21. მოპასუხე მხარის მითითებით, 2020-2021 წლებში მოსარჩელის მიმართ დავალიანების წარმოშობა განაპირობა 2019-2020 წლებში ელექტროენერგიის შესყიდვის საპროგნოზო პორტფელით გათვალისწინებული მოცულობების სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ (ესკოს) მხრიდან მიუწოდებლობამ. 2020 წელს ენგურის ჰიდროელექტროსადგურის გაჩერების გამო მოპასუხეს მოუწია ელექტროენერგიის მოცულობების დაგეგმილთან შედარებით უფრო ძვირად შესყიდვა, რამაც მოპასუხის ფინანსური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება გამოიწვია. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ გაითვალისწინა აღნიშნული მდგომარეობა და 2020 წლის დეკემბერში დადგენილი ელექტროენერგიის განაწილების ტარიფებში ასახა კომპანიის მიერ ელექტროენერგიის შესყიდვაზე გაწეული დამატებითი ხარჯების კომპენსაცია (იხ. სს „თ–სის“ 2020 წლის ფინანსური ანგარიშგება, ს.ფ. 115-187).

8. კასატორი (მოსარჩელე) სადავოდ ხდის ხელშეკრულებების დარღვევის გამო მოპასუხისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ შემცირებას 4 969 812.75 ლარიდან 1 325 283.4 ლარამდე (0.075%-დან 0.02%-მდე) და მიიჩნევს, რომ ვინაიდან სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპის გათვალისწინებით, მხარეთა შორის განსაზღვრული იყო ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს საპროცენტო განაკვეთი, ამასთან, ხელშემკვრელი მხარე იურიდიული პირია, სასამართლოებს არ ჰქონდათ მისი შემცირების უფლება. საკასაციო საჩივრის ავტორის აზრით, სასამართლოები ვერ ასაბუთებენ, რატომ მიიჩნიეს დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად.

9. განსახილველ შემთხვევაში, ცალსახად დასტურდება მყიდველსა და გამყიდველს შორის ნასყიდობის სამართალურთიერთობის არსებობა, რომელიც რეგულირდება სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლით (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება). ამავე კოდექსის 417-ე-418 (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) და 420-ე (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) მუხლებით კი, მოწესრიგებულია პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები.

10. პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი (იხ. სუსგ საქმე №ას 848-814-2016, 28 დეკემბერი, 2016 წელი; საქმე №ას-816-767-2015, 19 ნოემბერი, 2015 წელი; საქმე №ას-953-918-2016, 22 ნოემბერი, 2016 წელი).

11. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთის მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება; პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.

12. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (სუსგ №ას-1928-2018, 31.10.2019წ.).

13. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (სუსგ №ას-1511-2018, 26.03.2019წ.; №ას-848-814-2016, 28.12.2016წ.).

14. სასამართლოს, სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, მაგალითად, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან; პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (სუსგ №ას-1511-2018, 26.03.2019წ.; სუსგ №ას-535-2021, 29.10.2021წ.). კვალიფიციური შედავების გარეშე შეუძლებელია დადგინდეს რამდენად არაგონივრული, შეუსაბამოა პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან. ამდენად, როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი), არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა (ნათია ჩიტაშვილი. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17; ასევე იხ.: სუსგ №ას-827-2021, 03.12.2021წ.). ამდენად, რადგან მოვალეს ენიჭება პირგასამტეხლოს ოდენობის კვალიფიციური შეცილების უფლება, ხოლო სასამართლოს მისი შემცირების უფლებამოსილება - მნიშვნელოვანია კრედიტორის ვალდებულების დარღვევის ნაწილში წარმოდგენილი შეფასება დარღვევის მნიშვნელობასთან, ხანგრძლივობასთან და დარღვეულ სახელშეკრულებო ინტერესთან მიმართებით, რაც კრედიტორს მისცემს კვალიფიციურ შესაძლებლობას, შეამციროს სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების პერსპექტივა. სასამართლოს ხელშეკრულების განმარტების პროცესში სახელმძღვანელოდ ექნება არა მხოლოდ მოვალის კვალიფიციური შეცილება პირგასამტეხლოს ოდენობის არაგონივრულობის შესახებ, არამედ კრედიტორის პერსპექტივიდან წარმოჩენილი მისივე სახელშეკრულებო ინტერესის რღვევის ხარისხი (ნათია ჩიტაშვილი. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17).

15. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (სუსგ №ას-186-2021, 25.03.2021წ.; სუსგ №ას-535-2021, 29.10.2021წ).

16. ამასთან, მართალია, ნორმის ზემოთ დასახელებული დანაწესი სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის ლეგიტიმური საფუძველია, თუმცა ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და სხვა.

17. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავო არაა, რომ მოპასუხემ ელექტროენერგიის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულება შეასრულა არაჯეროვნად - დაარღვია ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურების ვადა (2020 წლის 27 ოქტომბრის ხელშეკრულებით განსაზღვრული შესყიდული ელექტროენერგიის ღირებულების ვადაგადაცილების პერიოდია - 2020 წლის 26 ნოემბრიდან 2023 წლის 28 სექტემბრის ჩათვლით; 2020 წლის 25 ნოემბრის ხელშეკრულებით განსაზღვრული შესყიდული ელექტროენერგიის ღირებულების ვადაგადაცილების პერიოდია - 2020 წლის 26 დეკემბრიდან 2023 წლის 9 ოქტომბრის ჩათვლით; 2020 წლის 25 დეკემბრის ხელშეკრულებით განსაზღვრული შესყიდული ელექტროენერგიის ღირებულების ვადაგადაცილების პერიოდია - 2021 წლის 26 იანვრიდან 2023 წლის 6 ნოემბრის ჩათვლით). მოპასუხის მიერ წარდგენილი დოკუმენტის - 2020 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით ირკვევა, რომ მოსარჩელის მიმართ დავალიანების წარმოშობა გარკვეულწილად განპირობებული იყო მოპასუხის ფინანსური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესებით, რაც გამოიწვია 2020 წელს ენგურის ჰიდროელექტროსადგურის გაჩერებამ (რის გამოც მოპასუხეს მოუწია ელექტროენერგიის მოცულობების დაგეგმილთან შედარებით უფრო ძვირად შესყიდვა). დადგენილია ისიც, რომ საბოლოოდ, მოსარჩელის მიმართ ნაკისრი ვალდებულება მოპასუხემ სრულად შეასრულა - სრულად დაფარა ელექტროენერგიის ნასყიდობის საფასური.

18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ხელშეკრულებების ჩანაწერები, რომლებიც ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მხარისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობაზე მიუთითებს, არ შეიძლება განიმარტოს იმგვარად, რომ პირგასამტეხლომ, როგორც კანონმდებლობით განსაზღვულმა სანქციამ დაკარგოს თავისი არსი და მნიშვნელობა და კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრების წყაროდ იქცეს.

19. საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების (რომლებზეც კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარუდგენია) ურთიერთშეჯერებით, ვალდებულების შესრულების ღირებულების, დარღვევის სიმძიმის, მოცულობისა და ხანგრძლივობის, მოპასუხის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებებისადმი დამოკიდებულების, ასევე ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევაში მყიდველის (დამრღვევის) ბრალეულობის გათვალისწინებით, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ მოპასუხისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირებით (0.075%-დან 0.02%-მდე) დაცულია სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპი, ხოლო დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა (1 325 283.4 ლარი) ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე, ადეკვატური და სამართლიანია. საკასაციო საჩივრის ავტორს კი, არ წარუდგენია იმგვარი დასაბუთებული და დასაშვები საკასაციო პრეტენზია, რაც ზემოაღნიშნული დასკვნის გაბათილებისა და საქმის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს. საგულისხმოა, რომ მოთხოვნილი თანხა (4 969 812.75 ლარი), სცდება მოსარჩელის მიერ შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულებას (1 088 201.06 ლარი) და შეადგენს შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულების 456,57%-ს, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო მხარისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების არსს და, ზოგადად, მის ფუნქციას.

20. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წინამდებარე დავაში სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო კოდექსის 417-420-ე მუხლები, ასევე მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

21. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (სადაც განმარტებულია პირგასამტეხლოს დაკისრებისა და მისი ოდენობის განსაზღვრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები), არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

23. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „გ.თ–ი ..“-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. შპს „გ.თ–ი ..“-ს (ს.კ. ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი (საგადასახადო დავალება: N65104; გადახდის თარიღი: 17.12.2024) 8000 ლარის 70% - 5 600 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

ა. კოჭლამაზაშვილი