საქმე № ას-992-2025 2 ოქტომბერი, 2025 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,
არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – შპს „ბ“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 2 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2023 წლის 14 თებერვალს, საქართველოს სასაზღვრო პოლიციასა (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, შემსყიდველი) და შპს „ბ–ს“ (შემდეგში: მოპასუხე) შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N15/3-60 ხელშეკრულება. მიმწოდებელმა იკისრა შემსყიდველისათვის განტვირთვის ჟილეტების მიწოდება.
2. 2023 წლის 14 თებერვლის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N15/3-60 ხელშეკრულების თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ 90 კალენდარულ დღეში, არაუგვიანეს 15 მაისის ჩათვლით, შპს „ბ–ს“ უნდა მიეწოდებინა 176 000 ლარის ღირებულების განტვირთვის ჟილეტები.
3. მიწოდება განხორციელდა 3 ეტაპად: 2023 წლის 18 მაისს მიწოდებულია 132 000 ლარის, 2023 წლის 30 მაისს 13 816 ლარის, ხოლო 2023 წლის 15 ივნისს 30 184 ლარის საქონელი. ბოლო მიწოდება განხორციელდა 2023 წლის 15 ივნისს - 31 დღის დაგვიანებით.
4. 2023 წლის 14 თებერვლის სახელმწიფო შესყიდვის N15/3-60 ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისთვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,10%-ის ოდენობით.
5. სასარჩელო მოთხოვნა და საფუძვლები
მოპასუხის მიერ დაირღვა ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.1. პუნქტით განსაზღვრული მიწოდების ვადა. კერძოდ, ხელშეკრულების დანართი #1-ით განსაზღვრული მიწოდების ვადა. ბოლო მიწოდება განხორციელდა 15 ივნისს 31 დღის დაგვიანებით. ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღურებულების 0.10%-ის ოდენობით. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 176 000 ლარს, შესაბამისად პირგასამტეხლო ერთ დღეზე შეადგენს 176 ლარს. პირგასამტეხლომ ჯამში შეადგინა 5456 ლარი (31*176). შპს „ბ–ს“ ეცნობა პირგასამტეხლოს შესახებ 23/03/2023 წლის N1788265 წერილით. პირგასამტეხლო უნდა ჩაერიცხათ სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე ერთი თვის ვადაში და წარედგინათ გადახდის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი, რაც არ განუხორციელებიათ.
6. მოპასუხის შესაგებელი
მოპასუხე მხარემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო. მხარის მითითებით, შპს „ბ–ი“ არ ეთანხმება პირგასამტეხლოს დაანგარიშებას. მოპასუხე აღნიშნავს, რომ პირველი მიწოდება განხორციელდა 2023 წლის 18 მაისს 3 დღიანი დაგვიანებით და მიწოდებულ იქნა 132 000 ლარის ღირებულების საქონელი. მოპასუხე მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა დათვლილ უნდა იქნეს შემდეგნაირად: 176 000*0,1*3=528 ლარი; მეორე მიწოდება განხორციელდა 2023 წლის 30 მაისს, 15 დღის დაგვიანებით. მიწოდებულ იქნა 13 816 ლარის ღირებულების საქონელი და ვინაიდან ამ დროისთვის დარჩენილი ვალდებულების ღირებულება იყო 44 000 ლარი პირგასამტეხლოც ამ თანხიდან უნდა დაითვალოს შემდეგნაირად: 44 000*0,1%*15=660 ლარი; საბოლოო მიწოდება დასრულდა 2023 წლის 15 ივნისს - 31 დღიანი დაგვიანებით, ხოლო ამ დროისთვის შეუსრულებელმა ვალდებულებამ შეადგინა 30 184 ლარი. პირგასამტეხლოც ამ თანხიდან უნდა იქნეს დათვლილი შემდეგნაირად 30 184*0,1%*31=935.70 ლარი. მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლო შეადგენს 2 123.70 ლარს (528+660+935.70=2123.70). ამასთან აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 0,1% არის შეუსაბამოდ მაღალი და სასამართლოს მიერ უნდა შემცირდეს 0,05%-მდე, შესაბამისად მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიწოდების ვადების გამო გონივრული პირგასამტეხლოს ოდენობა იქნება 1 061,85 ლარი.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
7.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს „ბ–ს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 2 728 ლარის გადახდა.
7.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 14 იანვრის განჩინებით გასწორდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1 პუნქტში დაშვებული უსწორობა და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის, 1.1. პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: „1.1. შპს „ბ–ს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სასარგებლოდ დაეკისრა 2 728 ლარის გადახდა.
8. სააპელაციო საჩივარი
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინება
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 2 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.
10. საკასაციო საჩივარი
10.1. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
10.2. კასატორის მითითებით, გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია და უსაფუძვლო. სასამართლო გვერდს უვლის თავისუფალი ნების გამოვლენის უფლებას, შესაბამისად, სწორედ ამ საფუძვლით, მხარეების შეთანხმებაში ჩარევა დაუსაბუთებელია. ამასთან, მოპასუხე იურიდიული პირია და სამართლებრივი შედეგების გაცნობიერების უნარი გაცილებით ჰქონდა ვიდრე ფიზიკურ პირს.
10.3. კასატორი განმარტებით, სასამართლომ დაადასტურა ის გარემოება, რომ ხელშეკრულების პირობებიდან და კანონიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გადახდა მოვალეს ეკისრება უპირობოდ, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების საფუძველი. ამასთან, შეუსაბამოდ დაბალი, შეუსრულებელი ვალდებულების არათანაზომიერი და არაგონივრული პირგასამტეხლო ვერ უზრუნველყოფს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას. ამდენად, როდესაც საკითხი ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, პირგასატეხლოს ოდენობა არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის. ასეთ შემთხვევაში უმნიშვნელოვანესია დარღვევის პროპორციული პირგასამტეხლოს განსაზღვრა, რაც იქნება გარანტი იმისა, რომ პირგასამტეხლომ არ დაკარგოს თავისი ძირითადი ფუნქცია - ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფის პრევენცია და განცდილი ზიანის სწრაფად და მარტივად ანაზღაურების შესაძლებლობა. ხელშეკრულებით პროდუქციის დროულად მიწოდება რომელიც ესაჭიროებოდათ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად მეტად მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან მათ აკისრიათ მეტად რთული და სახელმწიფოს წინაშე საპასუხისმგებლო პოზოცია, იცავენ სახელმწიფო საზღვარს. აქედან გამომდინარე ლეგიტიმური სახელმწიფო ინტერესის გათვალისწინებით მიაჩნია, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიერ წარმოდგენილი სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
11. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 18 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
12. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ-ის) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ ისინი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
15. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
16. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურ სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
17. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა- განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
18. სსსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
19. საკასაციო პალატა, როგორც არაერთ გადაწყვეტილება/განჩინებაში აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებელი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
20. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ საქმე №ას-833-833-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი; №ას-867-834-2016, 22 ნოემბერი, 2018 წელი).
21. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოსთვის განსახილველ მთავარ სამართლებრივ საკითხს წარმოადგენს სახელშეკრულებო ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შედეგად წარმოშობილი პირგასამტეხლოს დაკისრების ოდენობის გონივრულად განსაზღვრის შეფასება.
22. სასამართლოს სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. განსახილველ შემთხვევაში პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, მოიხმოს პირგასამტეხლოს შემცირების საფუძვლიანობის თაობაზე დამკვიდრებული სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა. საკასაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს თაობაზე არაერთ საქმეზე განმარტა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, თუმცა იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით.
23. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა). პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ). დარღვევის სიმძიმეს, მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ). ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ). პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. სუსგ-ები # ას 848-814-2016, 28.12.2016; #ას-816-767-2015, 19.11.2015; #ას-953-918-2016, 22.11.2016).
24. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება (შდრ. სუსგ.-ებები. №ას-1292-2019, 24.12.2020წ.; Nას-386-2019, 02.04.2021წ. №ას-1199-1127-2015, 13.04.2016წ.). საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკით, სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს/იურიდიულ პირს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების დარღვევის სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება. ხელშეკრულებაში იურიდიული პირის კონტრაჰირებისას, სასამართლომ პირგასამტეხლო უნდა შეამციროს მხოლოდ არგუმენტირებული შედავების არსებობის პირობებში (იხ. სუსგ საქმე №ას-1417-2018, 16 ნოემბერი, 2020 წელი). მეწარმე სუბიექტი, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე თანხმდება პირგასამტეხლოს კონკრეტულ ოდენობას, შემდგომში მოკლებულია შესაძლებლობას, სათანადო არგუმენტაციის არარსებობის პირობებში მოითხოვოს პირგასამტეხლოს შემცირება (იხ. სუსგ საქმე №ას-1451-1371-2017, 13 ნოემბერი, 2018 წელი). როდესაც საკითხი ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის. პალატა აღნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევებში უმნიშვნელოვანესია დარღვევის პროპორციული პირგასამტეხლოს განსაზღვრა, რაც იქნება გარანტი იმისა, რომ პირგასამტეხლომ არ დაკარგოს თავისი ძირითადი ფუნქცია - ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფის პრევენცია და განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურების შესაძლებლობა (იხ. სუსგ საქმე №ას-889-2022, 23 მარტი, 2023 წელი).
25. პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე მოთხოვნის დაყენებასთან ერთად, მხარემ უნდა დაასაბუთოს, რას ეფუძნება ასეთი მოთხოვნა, ანუ მტკიცების ტვირთი პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების თაობაზე, ეკისრება ვალდებულ პირს (მოვალეს). ამ მხრივ, დავის გადაწყვეტაში სარჩელთან ერთად მნიშვნელოვანი დატვირთვის მქონეა მოვალის (მოპასუხე) შესაგებელი. შესაგებლის ზოგადი კლასიფიკაცია შემდეგია: მატერიალური და საპროცესო შესაგებელი; აბსტრაქტული (ზოგადი) და კონკრეტული შესაგებელი; მარტივი და კვალიფიციური (არსებითი) შესაგებელი.
26. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შესაგებლის სახეებიდან განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია კვალიფიციურ შედავებას. კვალიფიციური შედავება იურიდიულ დოქტრინაში განმარტებულია შემდეგნაირად: „მოპასუხე მოსარჩელის მოხსენების ნაცვლად წარმოადგენს მოვლენათა განვითარების მისეულ, განსხვავებულ ვერსიას, რომელიც ცალკეულ საკითხებში სადავოს ხდის მოსარჩელის მოხსენებას“. (შდრ. მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში, შ.შმიტი, ჰ.რიჰტერი, (GIძ), 2013წ., 19.) კვალიფიციურ შედავებას არსებით შედავებადაც მოიხსენიებენ. ამგვარი შედავება, ერთი მხრივ, შეიძლება გამორიცხავდეს სარჩელის დაკმაყოფილებას უსაფუძვლობის გამო, ხოლო მეორე მხრივ, ცვლიდეს მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული სამართლებრივი ურთიერთობის კვალიფიკაციას, საიდანაც მოსარჩელეს დამატებითი მოხსენების (ფაქტების მითითების) გარეშე გაუჭირდება იმ შედეგის მიღწევა, რომელიც სარჩელით აქვს მოთხოვნილი.
27. ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევას სასამართლო მოვალის კვალიფიციური შესაგებლის არსებობის შემთხვევაში ახორციელებს და მის გარეშე შეუძლებელია დადგინდეს რამდენად შეუსაბამო და არაგონივრულია პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან.
28. თუ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების მოთხოვნა კვალიფიციური შედავების ფორმით არ მოხდება, მაშინ სასამართლოს ხელთ აქვს მხოლოდ კრედიტორსა და მოვალეს შორის შეთანხმებით, სახელშეკრულებო თავისუფლებით გამყარებული ნება - მოთხოვნილი პირგასამტეხლოს სახით და კრედიტორის მიერ დასაბუთებული დარღვევა, როგორც პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა (ჩიტაშვილი ნ., პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17)
29. საკასაციო სასამართლო დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად განმარტავს, რომ მხარეთა შორის შეთანხმებული იყო ხელშეკრულების ღირებულების გათვალისწინებით პირგასამტეხლო გამოთვლა, საკასაციო სასამართლოს პრაქტიკაზე მიუთითებს, რომლის თანახმადაც, პირგასამტეხლოს, როგორც მხარეთა სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში (სსკ-ის 319-ე მუხლი) დათქმული პირობის მიუხედავად, ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გათვალისწინება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, ვინაიდან სამუშაოთა ნაწილის ვადის დარღვევით შეუსრულებლობა ხელშეკრულების საერთო თანხის გათვალისწინებით პირგასამტეხლოს დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებებისა და ვალდებულების შესულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. იგი, ერთი მხრივ, უსაფუძვლოდ ზრდის მის მოცულობას და, მეორე მხრივ, მოვალეს უკვე შესრულებული ვალდებულების ნაწილში აკისრებს პასუხისმგებლობას. ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, პირგასამტეხლო დაანგარიშებულ უნდა იქნეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (იხ. საქმე №ას-164-160-2016, 2016 წლის 28 ივლისის განჩინება, №ას-581-2019, 2019 წლის 31 ივლისის განჩინება).
30. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2023 წლის 14 თებერვალს, საქართველოს სასაზღვრო პოლიციასა და შპს „ბ–ს“ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N15/3-60 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მიმწოდებელმა იკისრა შემსყიდველისათვის საქართველოს სასაზღვრო პოლიციისთვის განტვირთვის ჟილეტების მიწოდება. კერძოდ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ 90 კალენდარულ დღეში, არაუგვიანეს 15 მაისის ჩათვლით, შპს „ბ–ს“ უნდა მიეწოდებინა 176 000 ლარის ღირებულების განტვირთვის ჟილეტები. ამავე ხელშეკრულების 10.3 ქვეპუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისთვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,10%-ის ოდენობით.
31. მოპასუხემ 132 000 ლარის ღირებულების პროდუქტი მოსარჩელეს მიაწოდა 2023 წლის 18 მაისს - ვალდებულების შესრულების დროის სამი დღის დაგვიანებით, ამიტომ, პირგასამტეხლოს გამოთვლა უნდა მოხდეს სწორედ დაგვიანებით შესრულებული ვალდებულების ფასიდან - 132 000 ლარიდან შემდეგი წესით: 132000X0,10/100=132ლარი, 132X3=396 ლარი, შესაბამისად, სამი დღის დაგვიანების პირგასამტეხლო არის 396 ლარი. ასეთივე წესით უნდა გამოითვალოს სხვა შემთხვევებიც: 13 816 ლარის ღირებულების პროდუქცია მიწოდებულია 2023 წლის 30 მაისს - 15 დღის დაგვიანებით, შესაბამისად, იგივე წესით გამოთვლილი პირგასამტეხლო 660 ლარია. რაც შეეხება 30 184 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდებას, ის მოსარჩელეს მიაწოდა 2023 წლის 15 ივნისს - 30 დღის დაგვიანებით, შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობაც იქნება 905.52 ლარი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს ჯამური ოდენობა იქნება 1961,52 ლარი.
32. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 248-ე მუხლით იმპერატიულადაა დადგენილი სასამართლო გადაწყვეტილების ფარგლები, რომლის თანახმადაც, სასამართლოს უფლება არა აქვს, მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. მითითებული ნორმის დანაწესი არა მარტო პირველი ინსტანციის, არამედ, სააპელაციო და საკასაციო განხილვის წესებზეც ვრცელდება, რამდენადაც, ამავე კოდექსის 384-ე (სააპელაციო ინსტანციის სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ) და 409-ე (საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ) მუხლების თანახმად, ზემდგომი სასამართლო უფლებამოსილია, გადაწყვეტილება მხოლოდ მხარის მოთხოვნის ფარგლებში შეცვალოს.
33. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებით, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2 728 ლარის (5456 ლარის ნახევარი) გადახდა. გადაწყვეტილება როგორც სააპელაციო, ისე საკასაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ, მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით, აქედან გამომდინარე, როგორც სააპელაციო, ისე საკასაციო პალატა შეზღუდული არიან მხოლოდ იმ ფარგლებში იმსჯელონ, რაც სადავოდაა გამხდარი.
34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ შეიცავს საკმარის დასაბუთებას, იმისთვის, რომ ის დასაშვებად იქნეს ცნობილი, რის გამოც ის, როგორც დაუშვებელი, განუხილველად უნდა დარჩეს.
35. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
ა. კოჭლამაზაშვილი