Facebook Twitter

საქმე Nას-59-2023

26 ოქტომბერი 2023 წელი ქ. თბილისი

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ნ.ჯ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ტ.კ–ი“ (სს „თ.ბ–ის უფლებამონაცვლე) (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1 2019 წლის 10 სექტემბრის, საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ, ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების დაკისრება 2651.51 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა - 1495.47 ლარი, პროცენტი - 596.48 ლარი და ჯარიმა - 559.56 ლარი.

1.2 დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2021 წლის 06 ივლისიდან), 2019 წლის 10 სექტემბრის, საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ, ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირითად თანხაზე - 1495.47 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 36% სარგებლის დაკისრება, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 44.86 ლარს.

1.3 2017 წლის 4 ოქტომბრის, საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრებას - 2296.74 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხა არის 999.79 ლარი, პროცენტი - 641.61 ლარი და ჯარიმა - 655.34 ლარი.

1.4 დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2021 წლის 6 ივლისიდან ) 2017 წლის 4 ოქტომბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ, ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 999.79 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 48% სარგებლის დაკისრება, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 39.99 ლარს.

1.5. 2017 წლის 3 მარტის, საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრება 1960.55 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხა არის 1047.03 ლარი, პროცენტი - 368.14 ლარი, ჯარიმა - 541.75 ლარი და დაზღვევა - 3.63 ლარი.

1.6 დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2021 წლის 06 ივლისიდან), 2017 წლის 3 მარტის საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირითად თანხაზე - 1047.03 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 25.5% სარგებლის დაკისრება, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 22.24 ლარს.

მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა პირგასამტეხლოს მოთხოვნა, კერძოდ, 1.1 სასარჩელო მოთხოვნაში - 559.56 ლარიდან 450 ლარამდე; 1.3 სასარჩელო მოთხოვნაში - 655.34 ლარიდან 300 ლარამდე; 1.5 სასარჩელო მოთხოვნაში - 541.75 ლარიდან 350 ლარამდე.

2. სარჩელის საფუძვლები

2.1 მხარეთა შორის, 2019 წლის 10 სექტემბერს, დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი TBC Prime Card - 1500 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო გრაფიკით განსაზღვრული გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში, ყოველი გადაცილებული დღისთვის: 1 ლარი და დავალიანების 1%. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები - 2020 წლის 10 ნოემბრის შემდეგ აღარ გადაუხდია თანხა. 2021 წლის 06 ივლისის მდგომარეობით, მოპასუხეს, 2019 წლის 10 სექტემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ერიცხება დავალიანება - 2651.51 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 1495.47 ლარი, პროცენტი - 596.48 ლარი და ჯარიმა - 559.56 ლარი.

2.2 მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, 2017 წლის 04 ოქტომბერს, დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი TBC Prime Card - 1000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო გრაფიკით განსაზღვრული გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში, ყოველი პირველი გადაცილებული დღისთვის: 20 ლარი და ამას დამატებული დავალიანების 0.5%. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები - 2020 წლის 04 ნოემბრის შემდეგ აღარ გადაუხდია თანხა. 2021 წლის 06 ივლისის მდგომარეობით, მოპასუხეს 2017 წლის 04 ოქტომბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 2296.74 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 999.79 ლარი, პროცენტი - 641.61 ლარი და ჯარიმა - 655.34 ლარი.

2.3 მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, 2017 წლის 3 აგვისტოს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 2100 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 25.5%-ით, კრედიტის ვადა - 1468 დღით. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 10 რიცხვში, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები - 2020 წლის 18 თებერვლის შემდეგ აღარ გადაუხდია თანხა. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხის მიერ გადახდილი თანხის ჯამურმა ოდენობამ შეადგინა - 2237.40 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა - 1 052,97 ლარი, სარგებელი - 1064.49 ლარი, ჯარიმა - 35.40 ლარი, საკომისიო - 52 ლარი და დაზღვევა - 32.54 ლარი. 2021 წლის 6 ივლისის მდგომარეობით მოპასუხეს, 2017 წლის 3 აგვისტოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ერიცხება დავალიანება - 1960.55 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 1047.03 ლარი, პროცენტი - 368.14 ლარი, ჯარიმა - 541.75 ლარი და დაზღვევა - 3.63 ლარი.

3. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხემ, წარმოდგენილი შესაგებლით ცნო სამივე სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხისა და პროცენტის მოთხოვნები, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი თქმა მოითხოვა.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

4.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, მოპასუხე ნ.ჯ–ძეს, მოსარჩელე შპს „ტ.კ–ის“ სასარგებლოდ, 2019 წლის 10 სექტემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაეკისრა დავალიანების გადახდა 2147.95 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 1495.47 ლარი, სარგებელი - 596.48 ლარი, პირგასამტეხლო - 56

ლარი; მოსარჩელე შპს „ტ.კ–ის“ მოთხოვნა დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2021 წლის 06 ივლისიდან), 2019 წლის 10 სექტემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირითად თანხაზე - 1495.47 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 36% სარგებლის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, 2017 წლის 04 ოქტომბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაეკისრა დავალიანების გადახდა 1772.40 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 999.79 ლარი, სარგებელი - 641.61 ლარი, პირგასამტეხლო - 131 ლარი; მოსარჩელის მოთხოვნა დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2021 წლის 06 ივლისიდან ) 2017 წლის 04 ოქტომბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 999.79 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 48% სარგებლის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, 2017 წლის 03 აგვისტოს საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაეკისრა დავალიანების გადახდა 1527.15 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 1047.03 ლარი, სარგებელი - 368.14 ლარი, პირგასამტეხლო - 108.35 ლარი და დაზღვევა - 3.63 ლარი; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, 2017 წლის 03 აგვისტოს საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირითად თანხაზე - 1047.03 ლარზე, დაეკისრა წლიური 25.5% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 22.24 ლარს, დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2021 წლის 06 ივლისიდან) წინამდებარე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, მაგრამ არაუმეტეს ჯამში 196.72 ლარისა.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება

5.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება.

5.2 სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაო კოდექსის 867-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით; 868-ე მუხლის I ნაწილზე (მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი) და 417-ე მუხლის (პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის) დანაწესზე.

5.3 სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სააპელაციო საჩივრით აპელანტი დაეთანხმა დავალიანებას მხოლოდ თანხის ძირითად ნაწილში. აპელანტის მიერ არ იქნა მითითებული შესაბამისი გარემოებები, რაც გააქარწყლებდა პროცენტის დაკისრების საფუძვლიანობას.

5.4 სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრულია და არ უნდა შემცირდეს.

6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები

6.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა მის მიერ თვეების განმავლობაში გადახდილი თანხები, ხოლო პანდემიიდან გამომდინარე ფინანსური პრობლემების გამო, ფიზიკურად ვერ შეძლო დავალიანების დაფარვა.

6.2 კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულ იქნა კანონის დარღვევით. სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს.

7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 07 აპრილის განჩინებით, ნ.ჯ–ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

8. მსესხებლის მიმართ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულების და მიუღებელი შემოსავლის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 867-ე (საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით), 868.1 (მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი (საკრედიტო ხელშეკრულებების დადების პერიოდში მოქმედი რედაქცია), 417-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის), 411-ე (ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო), 412-ე (ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს) მუხლები.

9. პალატა განმარტავს, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, სსკ-ის 867-ე მუხლის თანახმად, ყოველთვის სარგებლიან სესხს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც კრედიტორი, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იბრუნებს როგორც სესხად გაცემული თანხის ძირს, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტს. საბანკო კრედიტს უკავშირდება დაბრუნების, ფასიანობის, უზრუნველყოფისა და ვადიანობის საწყისებზე ფულადი თანხების გაცემასთან დაკავშირებული ვალდებულებები (შდრ. სუსგ. Nას-681-652-2016, 17.02.2017წ.; სუსგ Nას-226-2019, 24.04.2020წ.)

10. სადავო არ არის, რომ მხარეთა შორის არსებობდა საკრედიტო ბარათებით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულება, რომელიც მსესხებლის მიერ დაირღვა. შესაბამისად, იგი ვალდებულია დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტი. საკასაციო პალატა მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე/აპელანტი,კასატორი დაეთანხმა მოთხოვნას სასესხო დავალიანების ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დარიცხვის ნაწილში.

11. რაც შეეხება პირგასამტეხლოს, პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სსკ აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებითსამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურება და რომელთა შერჩევაც მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება - პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს ერთ-ერთ ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ: სუსგ Nას-1053-993-2015, 08.04.2016წ.; №ას-1056-2021,17.12.2021წ.). მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევის გამო სსკ-ის 417-ე-418-ე მუხლების საფუძველზე, მართებულად დააკისრა მოპასუხეს პირგასამტეხლოს გადახდა (სამივე შემთხვევაში). ამასთან, აღსანიშნავია, რომ უშუალოდ მოსარჩელემ შეამცირა მოთხოვნები პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, ხოლო ქვემდგომი ინსტანციების სასამართლოებმა პირგასამტეხლოს შემცირების მიზნით გამოიყენეს სსკ-ის 420-ე მუხლი (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) და მისი ოდენობა შეამცირეს გონივრულ და თანაზომიერ ოდენობამდე, საკასაციო საჩივრის ფარგლებში არ არსებობს პირგასამტეხლოს დამატებით შემცირების რაიმე საფუძველი.

12. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

13. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს.

14. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

8. პროცესის ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.ჯ–ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. კასატორს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ხ.ხ–ვას მიერ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით, სს „თ.ბ–ში“, 2023 წლის 29 მარტს N5944 საგადასახადო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% - 210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი

ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე