საქმე №ას-55-2025
29 სექტემბერი 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,
არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - შპს „მ.ა.ფ.ჰ.ჯ–ია“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ა–ე“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 02 ოქტომბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ხელშეშლის აღკვეთა
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოსარჩელე შპს „მ.ა.ფ.ჰ.ჯ–ამ“ (შემდეგში, მოსარჩელე, აპელანტი ან მოიჯარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს “ა–ეს” (შემდეგში: მოპასუხე ან კასატორი) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისთვის მფლობელობისა და სარგებლობის უფლების განხორციელებაში ხელშეშლის აკრძალვა, მათ შორის, უძრავ ქონებებზე, მდებარე - ქ. თბილისი, …….., ს.კ. ………., კომერციული ფართი N1 (მშენებარე), სართული 1, ფართი: 169.30 კვ.მ. და ქ. თბილისი, ……….., ს.კ. ………., კომერციული ფართი N1ა (მშენებარე), სართული 1, ფართი: 60.40 კვ.მ. ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგების, სხვა კომუნალური მომსახურების მიწოდების შეზღუდვა/შეწყვეტისაკენ მიმართული ქმედების განხორციელების აკრძალვა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლოს სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო, უარყო ხელშეშლის ფაქტი და განმარტა, რომ მოპასუხემ გადაამოწმა რა საჯარო რეესტრის ამონაწერი, კანონით დადგენილი წესით შეიძინა სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული უძრავი ნივთები შპს „ა–გან“. იჯარის ხელშეკრულება, რომელზეც მიუთითებს მოსარჩელე, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ ყოფილა. შესაბამისად, საფუძველს მოკლებულია მითითება მოსარჩელის მიმართ მოპასუხის რაიმე ვალდებულების არსებობის თაობაზე. თავის მხრივ, თავად მოსარჩელე ვალდებულია გამოანთავისუფლოს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაკავებული ფართები.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი შპს „ა–ეს“ მიმართ ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 13 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც დავის საბოლოო დასრულებამდე სარჩელის უზრუნველყოფის სახით შპს „ა–ეს,, (ს/კ …….) აეკრძალა შპს „მ.ა.ფ.ჰ.ჯ–იასათვის“ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგების და სხვა კომუნალური მომსახურების მიწოდების შეზღუდვა/შეწყვეტისაკენ მიმართული ქმედების განხორციელება; დავის საბოლოო დასრულებამდე სარჩელის უზრუნველყოფის სახით შპს „ა–ეს,, (ს/კ ……….) აეკრძალა შპს „მ.ა.ფ.ჰ.ჯ–იასათვის“ მფლობელობისა და სარგებლობის უფლების სხვაგვარი ხელშეშლა უძრავ ქონებებზე მდებარე: ქ. თბილისი, ………, ს/კ ………., კომერციული ფართი N1 (მშენებარე), სართული 1, ფართი 169.30 კვ.მ; უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, ……….., ს/კ …….., კომერციული ფართი N1ა (მშენებარე), სართული 1, ფართი 60.40 კვ.მ.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით. სარჩელის დაკმაყოფილება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს „მ.ა.ფ.ჰ.ჯ–იას“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შპს „ა–ეს“ აეკრძალა შპს „მ.ა.ფ.ჰ.ჯ–იას“ მფლობელობისა და სარგებლობის უფლების განხორციელებაში ხელშეშლა, კერძოდ: უძრავ ქონებებზე, მდებარე - ქ. თბილისი, …….., ს.კ. ………, კომერციული ფართი N1 (მშენებარე), სართული 1, ფართი: 169.30 კვ.მ. და ქ. თბილისი, ………., ს.კ. ………, კომერციული ფართი N1ა (მშენებარე), სართული 1, ფართი: 60.40 კვ.მ. ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგების, სხვა კომუნალური მომსახურების მიწოდების შეზღუდვა/შეწყვეტისაკენ მიმართული ქმედების განხორციელება.
5.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
5.2.1. 2021 წლის 16 აგვისტოს, ერთის მხრივ, შპს „ა–ს“, როგორც „მეიჯარეს“ და მეორეს მხრივ, შპს „მ.ა.ფ.ჰ.ჯ–იას“, როგორც „მოიჯარეს“ შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოიჯარეს დროებით სარგებლობაში გადაეცა ქ. თბილისში, ……… მდებარე შენობის 1-ელ სართულზე არსებული 229.7 კვ.მ. ფართი, მათ შორის, 169.30 კვ.მ. კომერციული ფართი N1 საკადასტრო კოდზე N……… და 60.40 კვ.მ. კომერციული ფართი N1ა საკადასტრო კოდზე N…….. . ყოველთვიური საიჯარო ქირის ოდენობად განისაზღვრა ბრუნვის 3% დღგ-ს გარეშე. იჯარის მოქმედების ვადა განისაზღვრა 10 წლით.
5.2.2. 2022 წლის 21 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ა–ემ“ შპს „ა–გან“ შეიძინა შემდეგი უძრავი ნივთები: - 169.30 კვ.მ. კომერციული ფართი, მდებარე - ქ. თბილისში, ………, საკადასტრო კოდი N………; - 60.40 კვ.მ. კომერციული ფართი, მდებარე - ქ. თბილისში, ………, საკადასტრო კოდი N………. აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლების შესაბამისი რეგისტრაცია განხორციელდა საჯარო რეესტრში.
5.2.3. წინამდებარე გადაწყვეტილების 5.1.-5.2 პუნქტებში აღნიშნული უძრავი ნივთები არის მოსარჩელის ფაქტობრივ მფლობელობაში.
5.2.4. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მთავარ მოტივად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ ვერ დაადასტურა იმ ფაქტობრივ წინაპირობათა არსებობა, რაც, მის მიერ არჩეული სარჩელის ფორმის პირობებში, მოსარჩელეების მიერ დასამტკიცებელ გარემოებათა წრეს განეკუთვნებოდა. კერძოდ, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა დავის განხილვის პერიოდისათვის ხელშეშლის არსებობის ფაქტი; ჯერ არ დამდგარ, სამომავლოდ სავარაუდოდ მოსალოდნელ ქმედებაზე მსჯელობა კი სასამართლომ არ მიიჩნია ნეგატორული სარჩელის ფარგლებში შეფასებად კატეგორიად.
5.2.5. საქმეში არსებული მასალების, მხარეთა წერილობითი და ზეპირი ახსნა-განმარტებების, ასევე, სააპელაციო საჩივრის მოტივების მხედველობაში მიღებით, სააპელაციო სასამართლო ნაწილობრივ დაეთანხმა სასამართლოს ზემოაღნიშნულ მსჯელობას და დაასკვნა, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა სასარჩელო მოთხოვნის იმგვარი ფორმა და შინაარსი, რაც, წარმოშობს საჭიროებას, სასარჩელო მოთხოვნის ფარგლები და მოთხოვნის საპასუხოდ წარმოდგენილი შესაგებლის სამართლებრივი ბუნება შეფასდეს სასამართლოს მიერ.
5.2.6. სააპელაციო სასამართლომ შეაფასა, მოსარჩელისა და მოპასუხის მიერ, დავის საგანთან მიმართებით წარმოდგენილ პოზიციები და მათი სამართლებრივი მოთხოვნების ურთიერთმიმართება.
5.2.7. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა უდავო გარემოებებზე: 2021 წლის 16 აგვისტოს, ერთის მხრივ, შპს „ა–ს“, როგორც „მეიჯარეს“ და მეორეს მხრივ, შპს „მ.ა.ფ.ჰ.ჯ–იას“, როგორც „მოიჯარეს“ შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოიჯარეს დროებით სარგებლობაში გადაეცა კომერციული ფართი. ყოველთვიური საიჯარო ქირის ოდენობად განისაზღვრა ბრუნვის 3% დღგ-ს გარეშე. იჯარის მოქმედების ვადა განისაზღვრა 10 წლით; იჯარის ხელშეკრულების და შესაბამისად, მოიჯარის უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრირება არ განხორციელებულა.; ზემოთ მითითებული კომერციული ფართი 2022 წლის 21 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხემ შეიძინა შპს „ა–გან“. აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლების შესაბამისი რეგისტრაცია განხორციელდა საჯარო რეესტრში; საქმის განხილვის დროისათვის კომერციული ფართი არის მოსარჩელის ფაქტობრივ მფლობელობაში. მოპასუხემ, საკუთარ სახელზე დაირეგისტრირა ძირითადი კომუნალური საშუალებები (ელექტროენერგია, წყალმომარაგება), რის შემდეგაც, აცნობა მოსარჩელეს, რომ განხორციელდებოდა საიჯარო ფართში კომუნალური საშუალებებით სარგებლობის შეზღუდვა. კერძოდ, მოპასუხემ წერილობით მიმართა (ტ. I, ს.ფ. 125) მოსარჩელეს და მოითხოვა დაკავებული ფართების განთავისუფლება, რისთვისაც მას განუსაზღვრა 10 დღიანი ვადა და გააფრთხილა, რომ თუ ამ ვადაში არ მოხდებოდა ფართების განთავისუფლება, მოპასუხე მიმართავდა პროვაიდერებს კუთვნილ ფართში ელექტროენერგიის და წყლის გათიშვის/შეწყვეტის მოთხოვნით.
5.2.8. აპელანტის მოსაზრებით, მუქარის რეალიზება არამხოლოდ მატერიალური ზიანის მომტანი იქნება მისთვის (საიჯარო ფართში განთავსებულია დაახლოებით 40,000 ლარის ღირებულების მქონე მალფუჭებადი პროდუქტი), არამედ მხარეს რეპუტაციული ზიანიც მიადგება, მან მომართა სასამართლოს და მოპასუხისთვის მოსარჩელის მფლობელობისა და სარგებლობის უფლების განხორციელებაში ხელის შეშლის აკრძალვა, მათ შორის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგების, სხვა კომუნალური მომსახურების მიწოდების შეზღუდვა/შეწყვეტისაკენ მიმართული ქმედების განხორციელება. მოპასუხემ უარყო აპელანტის მიერ კომერციული ფართების ფლობის მართლზომიერება და და მოითხოვაქ მოსარჩელის მიერ დაკავებული ფართების გათავისუფლება. მოპასუხე სადავოდ არ ხდის წერილობითი მიმართვის არსებობას, რომლითაც მან აპელანტისაგან დაკავებული ფართების გათავისუფლება მოითხოვა და გააფრთხილა, რომ თუ ამ ვადაში არ მოხდება ფართების განთავისუფლება, მოპასუხე მიმართავდა პროვაიდერებს კუთვნილ ფართში ელექტროენერგიის და წყლის გათიშვის/შეწყვეტის მოთხოვნით.
5.2.9. სააპელაციო სასამართლომ დავის საგნის გათვალისწინებით, გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია ნეგატორული სარჩელი.
5.2.10. სააპელაციო სასამართლომ ასევე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება მესაკუთრის უფლების დაცვის საშუალებებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ნეგატორულ სარჩელს მხარე აღძრავს მაშინ, როცა სხვისი უკანონო მოქმედების გამო, ხელი ეშლება საკუთრების გამოყენებაში. სსკ-ის 161-ე მუხლის თანახმად, თუ კეთილსინდისიერ მფლობელს არ ჩამოერთმევა ნივთი, მაგრამ სხვაგვარად შეეშლება ხელი მისი მფლობელობის განხორციელებაში, მაშინ მას, მსგავსად მესაკუთრისა, შეუძლია მოითხოვოს ხელის შეშლის აღკვეთა. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა განმარტებას და აღნიშნა, რომ მოცემული ნორმის მიზანია, ნივთის კეთილსინდისიერ მფლობელს, მესაკუთრის მსგავსად, ჰქონდეს ხელშეშლის აღკვეთის სამართლებრივი საფუძველი.
5.2.11. სააპელაციო სასამართლოს განამრტებით, ნეგატორული სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობებია: მოსარჩელის მიერ ნივთის მართლზომიერად ფლობა და მფლობელობის ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა.
5.2.12. ფლობის მართლზომიერებასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის მითითება და მიიჩნია, რომ მოპასუხის შესაგებლით წარმოდგენილი არგუმენტაცია, ისევე როგორც, მისი წერილობითი მიმართვა მოპასუხის მიმართ, თავისი არსით, ვინდიკაციური მოთხოვნის შინაარსს ატარებს და სწორედ სადავო ფართის ფლობის უფლებას უპირისპირდება. თუმცა, ამავდროულად, უდავოა, რომ მოპასუხეს საქმის განხილვის დროსათვის ვინდიკაციური სარჩელი არ აღუძრავს.
5.2.13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის შეფასების მიზნებისათვის სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა უძრავი ნივთის მართლზომიერად ფლობის პრეზიუმირებულ მდგომარეობაზე. „საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება იჯარა, ქვეიჯარა. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების, ხოლო კერძო სამართლის იურიდიული პირის მონაწილეობით 1 წელზე მეტი ვადით დადებული გარიგებების (მათ შორის, გარიგებებისა, რომელთა საერთო ვადა აღემატება 1 წელს) საფუძველზე − აგრეთვე ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“–„ი“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების წარმოშობისათვის აუცილებელია მათი საჯარო რეესტრში რეგისტრაცია. ამავე მუხლის მე-4 პუნქტით, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებებზე, აგრეთვე სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან/და მუნიციპალიტეტის მიერ განკარგული უძრავი ნივთის საპრივატიზებო პირობებზე რეგისტრირებული მონაცემები უცვლელად გადადის ახალ მესაკუთრეზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა.
5.2.14. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მართალია უძრავ ნივთებზე გარიგების დადებისათვის ამ გარიგების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია სავალდებულო პირობაა, თუმცა, ამგვარი რეგისტრაციის არ არსებობა იჯარის ხელშეკრულებას ავტომატურად იურიდიული ძალას არ უკარგავს. იგი მოქმედებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის, მაგრამ ძალა ვერ ექნება მესამე პირებთან ურთიერთობაში, თუ, რა თქმა უნდა, მათთვის ცნობილი არ იყო საიჯარო ხელშეკრულების არსებობის თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ მიუთითა, რომ იჯარის ხელშეკრულების რეგისტრაციის არ არსებობის გამო, მასზე არ გადასულა საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, ხოლო, მოსარჩელე აპელირებს, რომ რეგისტრაციის არ არსებობის მიუხედავად, მოპასუხე წარმოადგენს უფლებამონაცვლეს, რადგან მისთვის ცნობილი იყო საიჯარო ურთიერთობის არსებობა.
5.2.15. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სასამართლო აფასებს ფაქტობრივ გარემოებებს და მოცემულობად იღებს იმ ფაქტს, რომ კომერციული ფართები საქმის განხილვის დროისათვის იმყოფება აპელანტის მფლობელობასა და სარგებლობაში, ხოლო, პოტენციურად სათანადო უფლებამოსილების მქონე პირის - მოპასუხის მიერ, კანონით დადგენილი წესით - სანივთო (ვინდიკაციური) ან/და ვალდებულებით-სამართლებრივი სასარჩელო მოთხოვნის წარდგენის გზით - შედავებული არ არის აპელანტის მიერ ფართის ფლობის უფლება. ამდენად, მიმდინარე სამართალწარმოების ფარგლებში მოპასუხის განმარტებები აპელანტის მიერ ფართის უკანონოდ ფლობასთან დაკავშირებით, წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ იმის დასტურს, რომ იგი დაუტვირთავ საკუთრებად მიიჩნევს სადავო კომერციულ ფართს, ინფორმირებულია საკუთარი უფლების დაცვის წესის თაობაზე, თუმცა, დისპოზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, მისი არჩევანია - არ წარადგინოს სარჩელი. ამდენად, ვინაიდან უდავო ფაქტია, რომ აპელანტს სადავო კომერციული ფართები დროებით სარგებლობაში გადაეცა 2021 წლის 16 აგვისტოს, ერთის მხრივ, შპს „ა–ს“, როგორც „მეიჯარეს“ და მეორეს მხრივ, შპს „მ.ა.ფ.ჰ.ჯ–იას“, როგორც „მოიჯარეს“ შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, იჯარის მოქმედების ვადად კი განისაზღვრა 10 წელი, ვიდრე პროცესუალურად სათანადო ფორმით სადავოდ არ იქნება ქცეული აპელანტის მიერ ფართის ფლობის საფუძვლები, პალატა მიჩნევს, რომ მოპასუხის განმარტებები ვერ იქონიებს გავლენას აპელანტის მიერ ფართის მართლზომიერად ფლობის პრეზიუმირებულ მდგომარეობაზე.
5.2.16. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოცემულ საქმეში, ნეგატორულ და ვინდიკაციურ ინტერესთა ურთიერთშეპირისპირებისას, სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, მხარეთა ინტერესების დაცვისა და უზრუნველყოფისას იხელმძღვანელოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით. საიჯარო ხელშეკრულებისა და უფლებამონაცვლეობის საფუძვლების არსებობა/არ არსებობის დადგენა, აპელანტის მიერ ფართის ფლობის მართლზომიერების სადავოდ ქცევა, წარმოადგენს არა ფაქტობრივი მფლობელის, არამედ, იმ მესაკუთრის ინტერესს, რომელსაც ხელი ეშლება მისი საკუთრების უფლებს რეალიზაციაში. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, დასახელებულ საკითხთა თაობაზე სასამართლოსათვის მიმართვის უფლებამოსილებით აღჭურვილია მესაკუთრე და ამ თვალსაზრისით ერთადერთ კანონიერ საპროცესო ინსტრუმენტს წარმოადგენს სანივთო (ვინდიკაციური) ან/და ვალდებულებითი სარჩელის აღძვრა. კანონმდებლობით განსაზღვრული საპროცესო მექანიზმის გვერდის ავლით საკუთრების უფლების რეალიზების გზების ძიება წარმოადგენს მესაკუთრის, და არა ამჟამინდელი მფლობელის რისკს.
5.2.17. შესაბამისად, როგორც აღინიშნა, ვიდრე პროცესუალურად სათანადო ფორმით სადავოდ არ იქნება ქცეული აპელანტის მიერ ფართის ფლობის საფუძვლები, ნეგატორული სარჩელის წინაპირობათაგან, პალატა დადასტურებულად მიიჩნევს ფართის მართლზომიერად ფლობას.
5.2.18. რაც შეეხება აპელანტის (მოსარჩელის) მოთხოვნას, ნეგატორული სარჩელის ფარგლებში განხილული იქნეს და შეფასდეს არა მხოლოდ ხელშეშლის არსებული ფაქტი, არამედ, აგრეთვე, სამომავლოდ მოსალოდნელი ხელშემშლელი ქმედება - ამ თვალსაზრისით, სააპელაციო პალატა ნაწილობრივ იზიარებს სასამართლოს შეფასებებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით და დამატებით აღნიშნავს:
5.2.19. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სასარჩელო მოთხოვნაზე - მოპასუხისთვის მოსარჩელის მფლობელობისა და სარგებლობის უფლების განხორციელებაში ხელშეშლის აკრძალვა, მათ შორის, უძრავ ქონებებზე, მდებარე - ქ. თბილისი, ……….., ………., კომერციული ფართი N1 (მშენებარე), სართული 1, ფართი: 169.30 კვ.მ. და ქ. თბილისი, ………. ქუჩა N24, ს.კ. ……….., კომერციული ფართი N1ა (მშენებარე), სართული 1, ფართი: 60.40 კვ.მ. ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგების, სხვა კომუნალური მომსახურების მიწოდების შეზღუდვა/შეწყვეტისაკენ მიმართული ქმედების განხორციელების აკრძალვა.
5.2.20. სააპელაციო სასამართლომ პრეზუმირებულად მიიჩნია მოსარჩელის მიერ უძრავი ნივთის მართლზომიერად ფლობის ფაქტი და გამოარკვია, რომ არსებობს მომავალში უფლების შელახვის საფრთხე, რაც შესაძლოა გამოიხატოს მოპასუხის მხრიდან უძრავ ნივთებზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგების, სხვა კომუნალური მომსახურების მიწოდების შეწყვეტაში.
5.2.21. მოცემულ შემთხვევაში, დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს, რომ უძრავი ნივთის თავისუფლად ფლობასა და სარგებლობაში (უწყვეტად მიეწოდებოდეს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგების, სხვა კომუნალური მომსახურებები) ხელშეშლის დადგომის საფრთხე არის რეალური. კერძოდ: ,,ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 ივნისის #19 დადგენილების მე-13 მუხლის მეორე პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სისტემის ოპერატორს უფლება აქვს, კანონმდებლობისა და წესებში მოცემული ნორმების დაცვით, შეწყვიტოს მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგება, თუ: არსებობს მიმწოდებლის მოთხოვნა მომარაგების შეწყვეტის შესახებ (თუ ეს წესები ან/და საცალო ბაზრის წესები ითვალისწინებს მითითებული საფუძვლით მომხმარებლისათვის ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტას).
5.2.22. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და სადავო არ არის, მოპასუხემ, საკუთარ სახელზე დაირეგისტრირა ძირითადი კომუნალური საშუალებები (ელექტროენერგია, წყალმომარაგება), რის შემდეგაც, დაემუქრა აპელანტს, რომ შეუზღუდავდა საიჯარო ფართში კომუნალური საშუალებებით სარგებლობას. კერძოდ, შპს „ა–ემ“ წერილობით მიმართა მოსარჩელეს და მოითხოვა დაკავებული ფართების განთავისუფლება, რისთვისაც მას განუსაზღვრა 10 დღიანი ვადა და გააფრთხილა, რომ თუ ამ ვადაში არ მოხდებოდა ფართების განთავისუფლება, მოპასუხე მიმართავდა პროვაიდერებს კუთვნილ ფართში ელექტროენერგიის და წყლის გათიშვის/შეწყვეტის მოთხოვნით. დადგენილია, რომ მოსარჩელემ დაუყოვნებლივ მიმართა სასამართლოს განსახილველი სარჩელით და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 13 იანვრის განჩინებით გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც დავის საბოლოო დასრულებამდე სარჩელის უზრუნველყოფის სახით მოპასუხეს (ს/კ …….) აეკრძალა მოსარჩელისთვის ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგების და სხვა კომუნალური მომსახურების მიწოდების შეზღუდვა/შეწყვეტისაკენ მიმართული ქმედების განხორციელება; დავის საბოლოო დასრულებამდე სარჩელის უზრუნველყოფის სახით მოპასუხეს (ს/კ ……….) აეკრძალა მოსარჩელისთვის მფლობელობისა და სარგებლობის უფლების სხვაგვარი ხელშეშლა უძრავ ქონებებზე მდებარე: ქ. თბილისი, …….., ს/კ ……….., კომერციული ფართი N1 (მშენებარე), სართული 1, ფართი 169.30 კვ.მ; უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, ……….. ქუჩა N24, ს/კ ………., კომერციული ფართი N1ა (მშენებარე), სართული 1, ფართი 60.40 კვ.მ.
5.2.23. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, უზრუნველყოფის ღონისძიება მიმართულია ფაქტობრივი და სამართლებრივი მდგომარეობის შენარჩუნებისკენ, რათა დაიცვას იმ უფლებების აღსრულება, რომლებიც შესაძლებელია მიღებულ იქნეს სასამართლოს მიერ. მისი მიზანია მოახდინოს პრევენცია ან/და შეამციროს ის ზიანი, რაც შეიძლება მიადგეს მხარეს გადაწყვეტილების გამოტანამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის პირობებში, დავის განხილვის პროცესში, მხარისათვის კომუნალური მომსახურებების უწყვეტად მიწოდება გარანტირებულია, თუმცა სარჩელის უზრუნველყოფა, მისი დროებითი და დამხმარე ღონისძიების ხასიათის გათვალისწინებით, ვერ იქნება მომავალში უფლების დამცავი მექანიზმი.
5.2.24. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა, მოსარჩელის მფლობელობის უფლება და რეალურია მომავალში უფლების შელახვის საფრთხე, რაც შესაძლოა გამოიხატოს მოპასუხის მხრიდან უძრავ ნივთებზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგების, სხვა კომუნალური მომსახურების მიწოდების შეწყვეტაში. მოსალოდნელი საფრთხისაგან თავდაცვის მიზნით, პალატას მიაჩნია, რომ გამართლებულია მოპასუხის დავალდებულება უზრუნველყოს კომუნალური მომსახურებების უწყვეტად მიწოდება. შესაბამისად, მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს: შპს „ა–ეს“ უნდა აეკრძალოს შპს „მ.ა.ფ.ჰ.ჯ–იას“ მფლობელობისა და სარგებლობის უფლების განხორციელებაში ხელშეშლა, კერძოდ: უძრავ ქონებებზე, მდებარე - ქ. თბილისი, ………. ქუჩა N24, ს.კ. ………., კომერციული ფართი N1 (მშენებარე), სართული 1, ფართი: 169.30 კვ.მ. და ქ. თბილისი, ………. ქუჩა N24, ს.კ. …….., კომერციული ფართი N1ა (მშენებარე), სართული 1, ფართი: 60.40 კვ.მ. ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგების, სხვა კომუნალური მომსახურების მიწოდების შეზღუდვა/შეწყვეტისაკენ მიმართული ქმედების განხორციელება. პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით გამოიკვეთა მხოლოდ მომავალში უფლების დარღვევის საფრთხე კომუნალური მომსახურებების შეწყვეტის გზით. ნივთის მფლობელობასა და სარგებლობაში სხვა სახის ხელშეშლა ან სამომავლო საფრთხე საქმის მასალებით არ გამოკვეთილა, შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ მტკიცების ტვირთის რეალიზების პირობებში, იურიდიულად გამართლებულია მოპასუხისათვის აკრძალვა, რომ არ შეწყვიტოს უძრავი ნივთების კომუნალური მომსახურებებით მომარაგება, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება მოსარჩელის მფლობელობა.
5.2.25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ხელშეშლის აღკვეთის მიზნით ნაწილობრივ დასაბუთებულია, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, რომლითაც შპს „ა–ეს“ უნდა აეკრძალოს შპს „მ.ა.ფ.ჰ.ჯ–იას“ მფლობელობისა და სარგებლობის უფლების განხორციელებაში ხელშეშლა, კერძოდ: უძრავ ქონებებზე, მდებარე - ქ. თბილისი, ……….. ქუჩა N24, ს.კ. ………., კომერციული ფართი N1 (მშენებარე), სართული 1, ფართი: 169.30 კვ.მ. და ქ. თბილისი, ……… ქუჩა N24, ს.კ. ………., კომერციული ფართი N1ა (მშენებარე), სართული 1, ფართი: 60.40 კვ.მ. ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგების, სხვა კომუნალური მომსახურების მიწოდების შეზღუდვა/შეწყვეტისაკენ მიმართული ქმედების განხორციელება.
6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები
6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე წარდგენილი საკასაციო საჩივრით მოსარჩელემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
6.2. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, მოწინააღმდეგე მხარის მიერ, კასატორისთვის გაგზავნილი გაფრთხილების წერილები და არ შეაფასა ის გარემოება, რომ არსებობდა კასატორის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ნივთით სარგებლობის ზემოხსენებული საშუალებებისგან განსხვავებული ფორმით ხელშეშლის საფრთხეც. საქმეში წარმოდგენილი წერილებით უდავოდ დასტურდება, როგორც კომუნალური მომსახურების შეზღუდვა/შეწყვეტისკენ მიმართული ქმედების განხორციელების საფრთხე, ისე - სხვა ნებისმიერი ფორმით ხელშეშლის საფრთხეც. სწორედ ამიტომ წარმოადგენდა კასატორის მოთხოვნას სასამართლოს მიერ შპს „ა–ესთვის“ კომუნალური მომსახურებების შეზღუდვა/შეწყვეტისკენ მიმართული ქმედების განხორციელების აკრძალვასთან ერთად, საზოგადოდ ხელშეშლის აკრძალვაც.
6.3. აღნიშნულის მიუხედავად, სააპელაციო სასამართლომ სარჩელი განიხილა და იმსჯელა მხოლოდ კომუნალური მომსახურების შეზღუდვა/შეწყვეტისკენ მიმართული ქმედების აკრძალვის ნაწილში და ყურადღების მიღმა დატოვა საზოგადოდ ხელშეშლის საშიშროების ფაქტი. კერძოდ, მან ნაწილობრივ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით და არ იმსჯელა ხელშეშლის ზოგადი ხასიათის აღკვეთის მიზანშეწონილობაზე, მაშინ როდესაც თავისი არსით პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთება როგორც ხელშეშლის საზოგადოდ, ისე კონკრეტული ხასიათით - კომუნალური მომსახურების მიწოდების შეზღუდვის აღკვეთის ნაწილში, ეყრდნობოდა ერთსა და იმავე საფუძველს.
6.4. კასატორის პრეტენზიის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა ხელშეშლის, როგორც ზოგადი გაგებით, ნივთით სარგებლობის შეზღუდვისკენ მიმართული ნებისმიერი ქმედების აკრძალვის მართლზომიერებაზე, მაშინ როდესაც მოპასუხის მხრიდან ადგილი ჰქონდა პირდაპირ მუქარას ყველა შესაძლო ზომის გამოყენების თაობაზე, რათა „კარფური“ იძულებული გამხდარიყო დაეტოვებინა საიჯარო ფართი.
6.5. კასატორის განმარტებით, მოპასუხის მუქარის რეალიზების რისკი მაღალი და რეალურია, ვინაიდან მიუხედავად ყველაფრისა, იგი სადავოდ ხდის იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მასზე რაიმე სახის პასუხისმგებლობის არსებობას, უგულებელყოფს სსკ-ის 572-ე მუხლით განმტკიცებულ უფლებამონაცვლეობის სტანდარტს და ამის საფუძველზე მოთხოვს კარფურისგან საიჯარო ქონების გამოთავისუფლებას. განსახილველ შემთხვევაში, კომუნალურ მომსახურებებზე წვდომის შეზღუდვა წარმოადგენდა ერთ-ერთს იმ რეალურ საფრთხეთაგან, რომელიც კასატორს მეიჯარისგან ემუქრება. შესაბამისად სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისა და კასატორის წინააღმდეგ უფლების შესაძლო დარღვევის სრულყოფილად თავიდან აცილების მიზნით უმნიშვნელოვანესია აკრძალვას მიეცეს იმგვარი ზოგადი ხასიათი, რაც მეიჯარეს ხელს შეუშლის, რაიმე სახის ჩარევით, იძულებით დაატოვებინოს კარფურს საიჯარო ქონება და ამის საფუძველზე განიცადოს როგორც მძიმე მატერიალური ისე რეპუტაციული ზიანი.
6.6. კასატორის მოსაზრებით ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია კომუნალური მომსახურების შეზრუდვის/შეწყვეტის დადგომის საფრთხის რეალურობა რაც საკმარისი აღმოჩნდა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისთვის, სასამართლოს ასევე უნდა შეეფასებინა ის პოტენციური საფრთხეები, რომლებიც კასატორს მეიჯარისგან ჯერ კიდევ ემუქრება.
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 31 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
9. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.
10. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია.
11. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 161-ე (თუ კეთილსინდისიერ მფლობელს არ ჩამოერთმევა ნივთი, მაგრამ სხვაგვარად შეეშლება ხელი მისი მფლობელობის განხორციელებაში, მაშინ მას, მსგავსად მესაკუთრისა, შეუძლია მოითხოვოს ხელის შეშლის აღკვეთა. სსკ-ის 161-ე მუხლიც, ისევე როგორც 160-ე მუხლი, წარმოადგენს ნივთის მფლობელის პოსესორულ მოთხოვნას, რომელიც არა მფლობელობის ჩამორთმევით, არამედ მის სხვაგვარად ხელშეშლით გამოიხატება. ნორმის მიზანია, ნივთის კეთილსინდისიერ მფლობელს, მესაკუთრის მსგავსად, ჰქონდეს ხელშეშლის აღკვეთის სამართლებრივი საფუძველი. კეთილსინდისიერი მფლობელი, სსკ-ის 159-ე მუხლის შესაბამისად, უპირველეს ყოვლისა, არის ის პირი, რომელიც ნივთს სამართლებრივი საფუძვლით ფლობს. მაგალითად: დამქირავებელი, მოიჯარე ან მონათხოვრე. ამგვარად, მოსარჩელეს, როგორც მართლზომიერ მფლობელს, ეკისრება მტკიცების ტვირთი, როცა მოპასუხის მიერ განხორციელებულია მისი მფლობელობის ხელშეშლა.
12. საკასაციო სასამართლო, წინამდებარე საქმეზე, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ, დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებზე მიუთითებს:
13. 2021 წლის 16 აგვისტოს, შპს „ა–ს“, და მოსარჩელეს შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოიჯარეს დროებით სარგებლობაში გადაეცა ქ. თბილისში, ………. ქ. N24-ში მდებარე შენობის 1-ელ სართულზე არსებული 229.7 კვ.მ. ფართი, მათ შორის, 169.30 კვ.მ. კომერციული ფართი N1 საკადასტრო კოდზე N………. და 60.40 კვ.მ. კომერციული ფართი N1ა საკადასტრო კოდზე N…………. ყოველთვიური საიჯარო ქირის ოდენობად განისაზღვრა ბრუნვის 3% დღგ-ს გარეშე. იჯარის მოქმედების ვადა განისაზღვრა 10 წლით.
14. 2022 წლის 21 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხემ შპს „ა–გან“ შეიძინა შემდეგი უძრავი ნივთები: - 169.30 კვ.მ. კომერციული ფართი, მდებარე - ქ. თბილისში, .........., საკადასტრო კოდი N..........; - 60.40 კვ.მ. კომერციული ფართი, მდებარე - ქ. თბილისში, ............ ქ. N24-ში, საკადასტრო კოდი N.......... აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.
15. წინამდებარე გადაწყვეტილებაში აღნიშნული უძრავი ნივთები არის მოსარჩელის ფაქტობრივ მფლობელობაში. მოპასუხემ საკუთარ სახელზე დაირეგისტრირა ძირითადი კომუნალური საშუალებები (ელექტროენერგია, წყალმომარაგება), რის შემდეგაც, აცნობა მოსარჩელეს, რომ განხორციელდებოდა საიჯარო ფართში კომუნალური საშუალებებით სარგებლობის შეზღუდვა. კერძოდ, მოპასუხემ წერილობით მიმართა (ტ. I, ს.ფ. 125) მოსარჩელეს და მოითხოვა დაკავებული ფართების განთავისუფლება, რისთვისაც მას განუსაზღვრა 10 დღიანი ვადა და გააფრთხილა, რომ თუ ამ ვადაში არ მოხდებოდა ფართების განთავისუფლება, მოპასუხე მიმართავდა პროვაიდერებს კუთვნილ ფართში ელექტროენერგიის და წყლის გათიშვის/შეწყვეტის მოთხოვნით.
16. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების თანახმად, მოპასუხეს აეკრძალა უძრავი ნივთების კომუნალური მომსახურებებით (ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგების, სხვა კომუნალურის მომსახურების) მიწოდების შეზღუდვა-შეწყვეტისკენ მიმართული ქმედებების განხორციელება; საკასაციო სასამართლოში კასატორი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს ნაწილობრივ და საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ითხოვს ზოგადი სახით ხელშეშლის აღკვეთას. კასატორის მოსაზრებით, უმნიშვნელოვანესია აკრძალვას მიეცეს იმგვარი ზოგადი ხასიათი, რაც მეიჯარეს ხელს შეუშლის, რაიმე სახის ჩარევით, იძულებით დაატოვებინოს მოსარჩელეს საიჯარო ქონება და ამის საფუძველზე განიცადოს როგორც მძიმე მატერიალური ისე რეპუტაციული ზიანი.
17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება.მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).
18. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გავმიჯნოთ ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლის პრეროგატივაა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ სამართლებრივი ნორმა. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ; N ას- 1027-2020, 27.11.2020წ; N ას-634-2021, 4.11.2021წ; N ას-1363-2021, 5.04.2022წ; N ას-1183-2022, 23.12.2022წ; N ას-1572-2022, 5.05.2023წ.; Nას-1449-2023, 9.02.2024წ.; N ას- 1044-2022, 17.10.20204წ.; N ას- 313-2024, 8.11.2024წ.; N ას-852-2024, 22.11.2020წ.; N ას-1038-2024, 11.10.2024წ.; N ას- 1324-2024, 13.12.2024წ.; N ას- 1202-2024, 13.12.2024წ.; N ას-24-2024, 26.12.2024წ.).
19. საქმის მასალებით დგინდება, რომ მოპასუხემ დაირეგისტრირა ძირითადი კომუნალური საშუალებები (ელექტროენერგია, წყალმომარაგება), რის შემდეგაც, დაემუქრა კასატორს, რომ შეუზღუდავდა საიჯარო ფართში კომუნალური საშუალებებით სარგებლობას. კერძოდ, მოპასუხემ წერილობით მიმართა (ტ. I, ს.ფ. 125) მოსარჩელეს და მოითხოვა დაკავებული ფართების განთავისუფლება, რისთვისაც მას განუსაზღვრა 10 დღიანი ვადა და გააფრთხილა, რომ თუ ამ ვადაში არ გაანთავისუფლებდა ფართებს, მოპასუხე მიმართავდა პროვაიდერებს კუთვნილ ფართში ელექტროენერგიის და წყლის გათიშვის/შეწყვეტის მოთხოვნით.
20. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მართებულია სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივი დასკვნა, რომლითაც დადასტურებულად მიიჩნია მომავალში მოსარჩელის უფლების დარღვევის საფრთხე, მხოლოდ კომუნალური მომსახურებებით ხელშეშლის ნაწილში და კასატორის პრეტენზიის პასუხად, მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებებზე და განმარტავს, რომ ნივთის მფლობელობასა და სარგებლობაში სხვა სახის ხელშეშლა ან სამომავლო საფრთხე, საქმის მასალებით არ გამოკვეთილა. შესაბამისად, მოსარჩელემ, საკასაციო შედავების ფარგლებში, ვერ შეძლო მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმით დადგენილი იმ მნიშვნელოვანი ფაქტობრივი ელემენტის დადასტურება, რაც მისი მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს წარმოშობდა(ზოგადი სახის ხელშეშლის აკრძალვის ნაწილში). უფრო მეტიც, კასატორის მოთხოვნა, აკრძალვას მიეცეს იმგვარი ზოგადი ხასიათი, რაც მეიჯარეს ხელს შეუშლის, რაიმე სახის ჩარევით, იძულებით დაატოვებინოს მოსარჩელეს საიჯარო ქონება, სცდება განსახილველი დავის ფარგლებს. დამატებით, კასატორის პრეტენზიის პასუხად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ამგვარი, ზოგადი სახის მოთხოვნის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება ვერც აღსრულდება.
21. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელეს მართებულად ეთქვა უარი საკასაციო საჩივრით შედავებულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე. პალატას მიაჩნია, რომ კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება.
22. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
23. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
24. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
25. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
27. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, ასევე 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „მ.ა.ფ.ჰ.ჯ–იას“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. კასატორს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს შპს „ბ–ის“ მიერ, სს „საქართველოს ბანკში“, საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით, 2024 წლის 06 დეკემბერს №24927645993 საგადასახადო დავალებით გადახდილი 200 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 50 ლარი, ხოლო დარჩენილი 150 ლარიდან 70% - 105 ლარი, სულ 155 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
არჩილ კოჭლამაზაშვილი