№ას-435-2024
29 სექტემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,
არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - სს „ს.კ.ა–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - თ.თ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. თ.თ–ძემ (შემდეგში: მოსარჩელე ან დამზღვევი) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სს „ს.კ.ა–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, მზღვეველი ან სადაზღვევო კომპანია) წინააღმდეგ და მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 11 122 ლარის დაკისრება მოითხოვა.
2. მოპასუხის შესაგებელი
2.1. მოპასუხე სადაზღვევო კომპანიამ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ - 4 950 ლარის ოდენობით.
3. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 11 122 ლარის გადახდა დაეკისრა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები
4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 თებერვლის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
4.2. 2020 წლის 7 ივლისს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა ავტოტრანსპორტისა და მის მართვასთან დაკავშირებული რისკების დაზღვევის პოლისი MO/R-034890/20, რომლის საფუძველზეც დაზღვეულ იქნა ავტომანქანა PORSCHE CAYENNE COUPE გამოშვების წელი - 01.01.2019. სადაზღვევო პერიოდი განისაზღვრა 2020 წლის 31 ივლისის 12 საათიდან 2021 წლის 31 ივლისის 12 საათამდე.
4.3. 2020 წლის 10 აგვისტოს დანართით NMO/R-034890/20-1 შეიცვალა ავტოტრანსპორტის მესაკუთრე და ახალ მესაკუთრედ განისაზღვრა მ.ბ–ი (დაბ. 08.05.1988 წ.), ხოლო მოსარგებლედ - მოსარჩელე (დაბ. 10.01.1987 წ.).
4.4. 2020 წლის 6 სექტემბერს დადგა სადაზღვევო შემთხვევა.
4.5. შპს „თ.პ.ვ–ის“ 2020 წლის 7 სექტემბრის ინვოისის თანახმად, ავტომანქანის შეკეთების სრული ღირებულება შეადგენდა 11 765.5 ლარს. აღნიშნული ინვოისის შესაბამისად, ავტომანქანის „საბარგულის კარი“ და „უკანა ბამპერის მც ნაწილი“ ექვემდებარებოდა გამოცვლას.
4.6. იმავე ცენტრის მიერ, იმავე თარიღში, მოგვიანებით გაცემული ინვოისის შესაბამისად, ავტომანქანის შეკეთების სრული ღირებულება შეადგენდა 4 950 ლარს, რომელიც ითვალისწინებდა „საბარგულის კარისა“ და „უკანა ბამპერის მც ნაწილის“ შეკეთებას.
4.7. ავტოტრანსპორტის დაზღვევის პირობების I ნაწილის 4.6. პუნქტის თანახმად იმ შემთხვევაში თუ ავტოტრანსპორტის ხნოვანება, რომელიც შეძენილია შესაბამის ავტორიზებულ სერვისცენტრში და იმყოფება ამავე ავტორიზებული სერვისცენტრის სრულ საგარანტიო მომსახურებაზე, 3 წელს არ აღემატება და დამზღვევი მოითხოვს, მისი აღდგენა/შეკეთება განხორციელდეს კონკრეტულ ავტორიზებულ სერვისცენტრში და/ან აღდგენითი/შეკეთების ღირებულება განისაზღვროს კონკრეტული შესაბამისი ავტორიზებული სერვისცენტრის მიერ, სადაზღვევო კომპანია უფლებამოსილია დამზღვევის სასარგებლოდ გასაცემი სადაზღვევო ანაზღაურება გადაურიცხოს უშუალოდ ასეთ ავტორიზებულ სერვისცენტრს ფრანშიზის გამოკლებით.
4.8. მოსარჩელემ თავისი პოზიციის დასადასტურებლად სასამართლოს წარუდგინა მოწმე - შპს „თ.პ.ვ–ის“ თანამშრომელი ო.ღ–ი, ვინც უშუალოდ განსაზღვრა სადაზღვევო შემთხვევის შედეგად ავტომობილის აღდგენისათვის საჭირო ღირებულება. ხოლო მოპასუხემ მოწმის სახით წარადგინა სადაზღვევო კომპანიის სერვისცენტრებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ა.გ–ა და ექსპერტი - გ.ბ–ძე.
4.9. მოწმე ო.ღ–ის განმარტებით, სადაზღვევო შემთხვევის დადგომის პერიოდში, დასაქმებული იყო შპს „თ.პ.ვ–ში“, სადაც პასუხისმგებელი იყო ავტომობილების შეკეთების სერვისებზე. განსახილველ საქმეზე, მოწმემ განმარტა, რომ უკანა საბარგული იყო დაზიანებული და „ბამპერი“. აღდგენის ღირებულება იყო როგორც ახსოვს „11 ათას რაღაც“. უნდა შეცვლილიყო ძირითადი ნაწილები - საბარგული და „ბამპერი“. სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელი იყო მოსული და დეტალების გამოცვლა შეაცვლევინა შეკეთებით. დეტალის შეცვლის ღირებულება მის მიერ იქნა განსაზღვრული, რომელიც გამოითვალა კომპანიის მიერ გადაცემული ფორმულით. მოწმის განმარტებით, პორშეს გარანტია არის სერვისი, რომელსაც სთავაზობს პორშე და რომელიც ინდივიდუალურია, თუ ვინ, როგორ მდგომარეობაში დაუბრუნებს მანქანას. მაგრამ, პირობა რაც აუცილებელია, უნდა იყოს მანქანა გაგრძელებულ გარანტიაზე და არ იყოს დარღვეული გარანტიის პირობები. მანქანა უნდა იყოს „საღსალამათი“. მოწმის განმარტებით, მათთან მანქანის შეფასება ფოტოსურათებით არ ხდება. თუმცა, ზოგადად ასეთი შეფასება შესაძლებელია. თუკი ცენტრი გამოწერს ინვოისს, მანქანა მიდის ცენტრში და იქ ხდება შეფასება. მოწმის განმარტებით, მასალა პორშეს შემთხვევაში, არის ალუმინი და მისი აღდგენა ყოველთვის უფრო რთულია, რადგან რბილი მასალაა, გაწელვადია და პირვანდელ სახეს რომ დაუბრუნდეს ძალიან რთულია. ყველაფრის აღდგენა არის შესაძლებელი, თუმცა გააჩნია რა ხარისხი მიიღება. კონკრეტულ შემთხვევაში, მოწმემ განმარტა, რომ პირვანდელ სახეს დაკარგავდა ავტომობილი და ის ვერ იქნებოდა რაც უნდა ყოფილიყო. დაბოლოვებაა საბარგულის, სადაც „გერმეტიკით“ არის დაწებებული საბარგულის ბოლო ფორმა და მანდ, როცა ცხელდება გასწორების დროს ფორმას კარგავს. მერე კუსტარულად შეიძლება იმუშაონ, რომ კუსტარულად დააწებონ მაგრამ ის არ გამოდის რაც უნდა იყოს. მოსამართლის კითხვაზე, თუ რა იყო ინვოისის შეცვლის მიზეზი, მოწმემ განმარტა, რომ სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელი მივიდა მეორე დღეს, შეაცვლევინა ინვოისი და ჩააწერინა შეკეთება შეცვლის ნაცვლად. მოწმის განმარტებით, როდესაც მეორე დღეს დარეკა ბ–თან (იგივე მ.ბ–ი), ის საქმის კურსში არ ყოფილა. 2020 წლის 28 სექტემბრის 2000 ლარიან ქვითართან მიმართებით განმარტა, რომ აღნიშნული თანხა იყო ბაჩოს მიერ ავანსის სახით გადმორიცხული თანხა, რომ ნაწილების შეკვეთა შესაძლებელი ყოფილიყო და შემდგომ სხვაობის დამატება მოხდებოდა. ცენტრის გარანტიიდან მოიხსნებოდა თუ არა ავტომობილი აღდგენითი სამუშაოებით, მოწმემ პასუხი ვერ გასცა დაზუსტებით, ვინაიდან მის კომპეტენციას არ ეხებოდა. მისი განმარტებით, პორშეს აქვს თავისი რეგლამენტი, სადაც აქვს ჩამონათვალი, თუ რა შემთხვევაში იხსნება მანქანა გარანტიიდან. მაგალითად, გარანტია შესაძლოა არ შეუწყდეს მანქანას თუ აღდგება, მაგრამ პირვანდელ სახეს ვერ დაიბრუნებს, რადგან ექნებოდა აღდგენილის სტატუსი და იერი. ნაწილის აღდგენის შემთხვევაში, საბაზრო ღირებულებას დაკარგავდა, ვინაიდან, აღდგენილ ნაწილს სხვა ფასი აქვს, ახალს - სხვა. მოპასუხის შეკითხვაზე, მოწმემ უპასუხა, რომ ინვოისის კორექტირებები ყოველთვის ხდებოდა, მაგრამ ნაწილის ამოგდება, ასეთი არ ახსენდება. მისი განმარტებით, მათ ცენტრში მანქანის შეფასება მეთუნუქის გარეშე არ ხდება. დაზიანებული ავტომანქანა მეთუნუქემ ნახა და ვინაიდან იყო ალუმინი, რომელიც რთულად სწორდება, ვერ გასწორდებოდა და ვერ მიიღებდა იმას რაც სასურველი იყო, მოხდა ახალი ნაწილით ჩანაცვლება. ყოველ წელს ახალი გაიდლაინებია პორშესგან და შესაძლოა ახლა სხვანაირად იყოს, თუმცა როდესაც იგი მუშაობდა ცენტრში, პორშეს გაიდლაინის თანახმად, იზომებოდა სიგრძე და შეზნექილობა-სიღრმე და თუ „შპაკლი“ იქნებოდა საჭირო, ნაწილი იყო შესაცვლელი. ასეთი იყო რეგლამენტი. ამასთან, მომხმარებლის ნება არის ნომერ პირველი. ასეთი დაზიანებით პორშე რომ გარანტიას ხსნიდეს, ასეთი შემთხვევა არ ყოფილა. თუ საუბარია „კუზაოს“ დაზიანებაზე, პორშეს რეგლამენტით ეს უნდა „გატოტალდეს“. მოწმემ მაგალითად მოიყვანა მანქანები, რომლებიც ჩამოდის, მათი 99% არის ტოტალი, თუ მეტი არა. მოწმემ განმარტა, რომ გარანტიიდან არ მოიხსნებოდა, თუმცა შეეხებოდა საბაზრო ღირებულებას. გაიდლაინით ეს შემთხვევა იყო შეცვლადი, თუმცა ინვოისის შეცვლის მიზეზი იყო სადაზღვევო კომპანიის თანამშრომელი, რომელმაც უთხრა რომ გავასწოროთ არ იქნება პრობლემაო. საბარგული რომ გაკეთებულიყო სხვაგან, ავტომობილი გარანტიიდან არ მოიხსნებოდა, თუმცა რაც ექვემდებარება გარანტიას, მაგალითად საბარგულის შიგნით რაც იყო, და რა რისკების წინაშეც დადგებოდა დანარჩენი ნაწილები, დაზიანების შემდეგ მაგალითად წყალი რომ შევიდოდა, ის აღარ დაექვემდებარებოდა გარანტიას. მოწმის განმარტებით, მან ინვოისის შეცვლის შესახებ კლიენტს აცნობა იმავე დღეს - საღამოს და უკმაყოფილო დარჩა მოლოდინი ჰქონდა რომ უნდა შეცვლილიყო. მისი განმარტებით, „თ.პ.ვ–იდან“ შეიძინა ბ–მ მანქანა. მცირე დაზიანების დროს, როდესაც აღდგენა შესაძლებელია, ისე რომ პირვანდელ მდგომარეობამდე მივიდეს და კლიენტი ითხოვს გამოცვლას, შესაძლებელია გამოცვლა. ახალი დეტალი არის სპეციალურად შავი გრუნტით დაფარული, რომელიც აუცილებლად იღებება. ბაჩოსათვის გამოწერილი ინვოისის თანხასთან დაკავშირებით, მოწმემ განმარტა, რომ შეიძლება კონკრეტულ მომხმარებელს ჰქონდეს კონკრეტული მაგალითად 5% ან 10% ფასდაკლება და შესაძლოა პირველ და ბოლო ინვოისს შორის სხვაობა აღნიშნულით იყო გამოწვეული.
4.10. მოპასუხის ინიციატივით გამოძახებულმა მოწმე ა.გ–ამ განმარტა, რომ 2009 წლიდან მუშაობს მოპასუხე სადაზღვევო კომპანიაში და ამჟამად არის სერვისცენტრებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი. წესით, მას ცენტრმა უნდა დაურეკოს, რომ დაესწროს შეფასებას, თუმცა ხშირ შემთხვევაში ასე არ ხდება და ცენტრი უგზავნის ინვოისს. თუ შემდგომ ფოტოსურათები არ არის საკმარისი რაოდენობის ან ინვოისში რაიმე გაურკვევლობაა, მიდის ცენტრში და ცენტრში მენეჯერთან უშუალოდ გადის საკითხს. აღნიშნულ შემთხვევაშიც ასე მოხდა. დაზიანება იმდენად მცირე იყო, რომ სურათებში არ ჩანდა, თან იყო ისეთი დეტალები რაც გასარკვევი იყო. მაგალითად „მოლდინგი“, თუმცა შემდგომ გაირკვა, რომ „მოლდინგი“ ერთჯერადად მაგრდება ქარხნულად და დარჩა შეცვლაში. რაც შეეხება საბარგულის კარებს, უკანა მხარეს რომელსაც დაზიანება ჰქონდა, იმდენად მცირე იყო, რომ გაიარეს და გაირკვა, რომ აღდგენადი იყო. მოწმის განმარტებით, თუ აღდგენას ექვემდებარება და სერვის ცენტრი აიღებდა გარანტიას აღდგენაზე უნდა გამოწერილიყო აღდგენა. შეუცვალეს ინვოისი, გადაუგზავნეს და სთხოვეს, რომ კლიენტი ჩაეყენებინა საქმის კურსში, რაც ეცნობა კლიენტსაც. შემდგომ როგორც გაიგო, კლიენტი პორშეს ცენტრში მივიდა და ძალიან დიდი ამბავი ატყდა. მოსამართლის შეკითხვაზე, მოწმემ განმარტა, რომ ჰერმეტულობის პრობლემა რომ ყოფილიყო და ემოქმედა ცენტრის საგარანტიო პირობებზე, ცენტრი ინვოისს არ გასცემდა. კლიენტის სურვილი იყო შეცვლა, თორე დაზიანება იყო უმნიშვნელო. მოწმემ ალუმინის მასალასთან მიმართებით, განმარტა, რომ არის ისეთი საშუალება, რომელიც უბრუნებს პირვანდელ სახეს. არ ჰქონდა ისეთი შეზნექა, რომ სადმე ტალღა გამოეწვია, ან საღებავი დაეზიანებინა, ან ჰერმეტულობა დაერღვია. ეს რომ სადმე დაშვებული ყოფილიყო ინვოისს ცენტრი არ შეცვლიდა.
4.11. ექსპერტ გ.ბ–ძის განმარტებით, სადაზღვევო კომპანიამ მიმართა კითხვით აღდგებოდა თუ არა დეტალი ისე, რომ არ დაეკარგა იერსახე და მდგომარეობა ავტომობილ პორშეს და წარდგენილი იყო 2 ინვოისი, ორივე პორშეს მიერ გაცემული. ერთში მითითებული იყო ნაწილის შეცვლა, მეორეში აღდგენა. დაზიანება დეფორმაციებში არ იყო და ამის აღმოჩენა ძალიან მარტივი იყო. ყველა სერვის ცენტრს აქვს სპეციალური განათება მოწყობილი. თუ რამე დეფორმაცია არსებობს ანარეკლები სხვადასხვანაირად გადადის. ამ შემთხვევაში, ანარეკლის ჩავარდნა არ იყო, რაც ნიშნავდა, რომ დეფორმაციას ადგილი არ ჰქონდა და დაზიანება იყო ზედაპირული. საბარგულის სახურავზე იყო ისეთი დეფორმაცია, რომელიც გაცხელებას არ საჭიროებდა. ცივი გასწორების მეთოდით შესაძლებელი იყო აღდგენა. ექსპერტის განმარტებით, დასკვნა შეადგინა პორშეს მიერ გაცემული 2 ინვოისისა და ფოტომასალის საფუძველზე. მისი განმარტებით, დეტალის გამოუცვლელად აღდგენა შესაძლებელი იყო, ისე რომ ავტომობილი დაიბრუნებდა პირვანდელ სახეს. მოსარჩელის წარმომადგენლის კითხვაზე, ე.წ. „ფითხით“ შეკეთებული ავტომანქანა მის ფასზე თუ იმოქმედებდა, ექსპერტმა უპასუხა, რომ „ფითხის“ სისქეს აქვს მნიშვნელობა და ამისთვის სპეციალური სისქის მზომები არსებობს და ყველა ავტომობილს აქვს დაყენებული სტანდარტი. ასეთი ტექნოლოგიით როდესაც „ფითხს“ გამოიყენებენ „ფითხის“ ზომა არ უნდა აღემატებოდეს რაღაც კონკრეტულ სისქეს. როდესაც მერე იღებება ავტომობილი აღდგენის გამო, იგივე საბარგული რომ შეეცვალათ და შეეღებათ, იქ ვერ იქნებოდა დაცული ის ქარხნული ზუსტი სისქე, იმიტომ რომ იქ სხვა ტექნოლოგიით იღებება აქ სხვანაირად ესხმება საღებავი. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ახალი დეტალი შეიღებებოდა, იმ შემთხვევაშიც სხვანაირი იქნებოდა ასეთი გაზომვით, ვინაიდან ჩამოდის სპეციალური ფერის, რომელიც ადვილად იღებება და რომელზეც დაცული არის ტექნოლოგიური დამუშავება. დამუშავებული დეტალი ჩამოდის, რომელიც იღებება იმ ფერზე რომელ ავტომანქანაზეც უნდა დაყენდეს. ავტომობილს აქვს საღებავის ნომერი, რომელიც სპეციალურ პროგრამაში შეყავთ და პირდაპირ იძლევა საღებავს და იმით იღებება. მოსარჩელის კითხვაზე, პირვანდელ მდგომარეობას თუ დაუბრუნდებოდა ცივად გასწორების შემთხვევაში, მოწმემ განმარტა, რომ სხვანაირად „პორშე“ არ დაწერდა აღდგენის შესახებ ინვოისს თუ ტექნიკურად არ იყო შესაძლებელი. მათ აქვთ ინსტრუქცია, რომელსაც ვერ დაარღვევენ. მას მხოლოდ 2 ინვოისი გაუგზავნეს და ჰკითხეს აღდგენა თუ იყო შესაძლებელი. სავარაუდოდ პორშეს მონაცემები გადაამოწმეს. ექსპერტის განმარტებით, იგი სამუშაო პროცესში სარგებლობს სპეციალური გაიდლაინებით, ხოლო ინვოისებთან მიმართებით განმარტა, რომ კომერციული ორგანიზაციაა და რადგანაც დაზიანება არსებობს დეტალზე, მათ აქვთ აბსოლუტური უფლება შესთავაზონ მომხმარებელს შეცვლა. მისი ლოგიკითა და დაზიანების შეფასებით, რადგან მეორე ინვოისი გასცეს აღდგენის შესახებ, რომელიც მაღალი კლასის ავტომობილების შემთხვევაში არ გაიცემა, თუ ავტომობილის ღირებულებაზე იმოქმედებს ეს სამუშაოები. ამ შემთხვევაში დეფორმაცია ისეთი არ იყო, რომელიც გამოიწვევდა თერმულ ჩარევას. „ცივი მეთოდით“ გასწორების შემთხვევაში, რომელიც ყველა მეთუნუქეს არ შეუძლია, აღდგებოდა პირვანდელი მდგომარეობა. როდესაც იმ ცენტრში არის აღდგენის სამუშაო ჩატარებული, მითუმეტეს მაღალი კლასის ავტომობილის შემთხვევაში, თუ მათი გაცემულია ინვოისი და მის მიხედვით არის შესრულებული სამუშაოები, ისინი ვალდებულნი არიან ჩათვალონ რომ არის იმ მეთოდით აღდგენილი რა მეთოდითაც მოთხოვნილია ქარხანა-დამამზადებლის მიერ და გავლენა არ უნდა იქონიოს. მაგრამ ყველა ვარიანტში გავლენას იქონიებს ის ფაქტი რომ ბამპერი არის შეცვლილი, თუნდაც ახალი იყოს დაყენებული და მერე შეღებილი, ეს უკვე თავის გავლენას ფასთან დაკავშირებით ახდენს, ვინაიდან ეს ჩანაწერი უკვე არის ავტომობილის ისტორიაში. არის დაზიანება, რომელიც არ ექვემდებარება აღდგენას, არის ისეთიც რომელიც ექვემდებარება, ამ შემთხვევაში ეს დაზიანებაა, რომელიც აღდგენის გამო ფასზე არ მოახდენს გავლენას. ექსპერტის განმარტებით, არის კონკრეტული შემთხვევები, როდესაც შესაძლებელია დასკვნის გაკეთება ფოტოებით ან ადგილზე დათვალიერებით. მოცემული კონკრეტული იყო ისეთი ფაქტი როდესაც, შეიძლებოდა დარწმუნებით თქმა რომ აღდგებოდა ყოველგვარი კვალის დატოვების გარეშე.
4.12. მოპასუხემ ექსპერტის წინაშე დასვა შეკითხვა: „გთხოვთ დაგვიდგინოთ ავტომობილის PORSCHE CAYENNE COUPE სახ. ნომრით ........., „უკანა ბამპერი“ და „საბარგულის კარი“ ექვემდებარება თუ არა სრულყოფილად აღდგენას მასზე არსებული დაზიანების გათვალისწინებით და საჭიროებს თუ არა ავტომობილი უკანა ბამპერის და საბარგულის კარის გამოცვლას მისი პირვანდელი იერსახის დასაბრუნებლად?“ დასკვნის თანახმად, „ფოტოზე მოცემული დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარებით უკანა ბამპერი და საბარგულის კარი ექვემდებარება სრულყოფილად აღდგენას და ავტომობილს PORSCHE CAYENNE COUPE სახ. ნომრით .......... დაუბრუნდება პირვანდელი იერსახე“. აღნიშნული დასკვნისათვის სახელმძღვანელო მასალას წარმოადგენდა: ექსპერტიზისათვის წარდგენილი ფოტომასალა და ქარხანა-დამამზადებლის მიერ დადგენილი სამღებრო სამუშაოების შესრულების რეკომენდაციები და სამღებრო მასალების მახასიათებლები. დასკვნის კვლევითი ნაწილის თანახმად, „ბამპერის მთლიანობა არ არის დარღვეული. დაზიანებულია მხოლოდ ბამპერის საღებავის ზედაპირის საფარი და მარტივი ზედაპირული სამღებრო სამუშაოების მეშვეობით, ბამპერის მთლიანად, ქარხანა დამამზადებლის მიერ დადგენილი ხარისხის საღებავით და შესაბამისი ტექნოლოგიით შეღებვით დაზიანება სრულად აღმოიფხვრება და დაუბრუნდება პირვანდელი იერსახე. არ არის საბარგულის კარის ლითონი იმგვარად დაზიანებული, რომ მომხდარიყო ლითონის გაწელვა და სათუნუქე სამუშაოების შესრულება არ მოითხოვს ტემპერატურული რეჟიმის გამოყენებას, შესაბამისად არ მოხდება ლითონის სტრუქტურული ცვლილება. ლითონის ცივად გასწორების ტექნოლოგიის გამოყენებით დეფორმაციის გასწორების შემდგომ მარტივი, ზედაპირული სამღებრო სამუშაოების მეშვეობით, საბარგულის კარი მთლიანად, ქარხანა დამამზადებლის მიერ დადგენილი ხარისხის საღებავით და შესაბამისი ტექნოლოგიით შეღებვით დაზიანება სრულად აღმოიფხვრება და დაუბრუნდება პირვანდელი იერსახე. აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ იგივე მეთოდით უნდა მოხდეს ახალი დეტალების შეღებვა დაზიანებული დეტალის შეცვლის შემთხვევაში, შესაბამისად არ იქნება განსხვავება აღდგენის ხარისხში და შედეგი არ იქნება განსხვავებული“.
4.13. აღსრულების ეროვნული ბიუროს ფაქტების კონსტატაციის შესახებ F2100496 ოქმის თანახმად, დაფიქსირებულია ბ.ბ–ის (მ.ბ–ის) ელექტრონულ ფოსტაზე არსებული მიმოწერა. ო.ღ–ის 2020 წლის 18 სექტემბრის წერილის თანახმად, „გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული დეტალები არ ექვემდებარება აღდგენას, საჭიროებს შეცვლას. მადლობა“. აღნიშნული წერილი გაგზავნილია მოპასუხეთან (agigaia@aldagi.ge, m.chinchaladze@aldagi.ge, z.nadareiSvili@aldagi.ge). ო.ღ–ის 2020 წლის 14 სექტემბრის წერილის თანახმად, „პირველად შედგენილი დეფექტაცია სრულად შეესაბამება პორშეს დადგენილ სტანდარტებს, სადაც მსგავსი ტიპის დაზიანების კუსტარულად გასწორება აღდგენის შემთხვევაში პირვანდელ მდგომარეობამდე დაბრუნება შეუძლებელია. უკანა საბარგულის კარის ინვოისიდან ამოკლება მოხდა სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლის მოთხოვნის საფუძველზე. გთხოვთ, მიიღოთ გადაწყვეტილება აღნიშნული დეტალის შეცვლასთან დაკავშირებით. ცენტრის გადაწყვეტილებით აღნიშნული დეტალი ექვემდებარება ახლით ჩანაცვლებას“. შემდგომ, ფიქსირდება 2020 წლის 19 სექტემბრის ა.გ–ას წერილი, რომლის თანახმად, „გასაგებია თქვენი პოზიცია, მაგრამ მიუღებელია, რადგან ნებისმიერი ხელოსანი, რომელსაც ელემენტარული კვალიფიკაცია აქვს სათუნუქე სამუშაოზე უპრობლემოდ გაასწორებს და უხარვეზოდ. თქვენს თავდაპირველად გადმოგზავნილ ინვოისში გათვალისწინებული იყო შეცვლა, შემდეგ როდესაც მე მოვედი, გავიარეთ ეს საკითხი, რომ ინვოისი დაკორექტირებულიყო და შემდეგ დაკორექტირდა და გადმოიგზავნა ინვოისი. ასევე, თქვენ თქვით, რომ კლიენტი არ დაეთანხმება აღდგენას და ითხოვს შეცვლას. მაგრამ თქვენ არ გითქვამთ, რომ თქვენ არ გყავთ გამოცდილი ხელოსანი ვინც ამას ვერ გააკეთებდა“. თქვენთან მოვიდა კლიენტი, როგორც ამბობთ, შეხვდა უფროსობას შემდეგ თქვენ მოგთხოვეს პასუხი და ამის გამო არ აღდგება ეს დეტალი თურმე და პასუხისმგებლობას არ იღებთ. სამწუხაროა, რომ ცალმხრივად ვთანამშრომლობთ. ჩვენ არ ვაფინანსებთ შეცვლას, რადგან ექვემდებარება აღდგენას“. 2020 წლის 22 სექტემბრის ო.ღ–ის წერილის თანახმად, „ჩვენი პოზიცია არის დეტალის შეცვლა. სიღრმისეულ დეტალებზე ალბათ საჭიროა შეხვედრის ჩანიშვნა“. 2020 წლის 22 სექტემბრის ბ.ბ–ის წერილის თანახმად, „რასაც ვუყურებ მიმოწერაში ალდაგი ვერ იგებს პორშეს პოზიციას, რაც ჩემი როგორც კლიენტის პრობლემა არ უნდა იყოს. შესაბამისად, რა შეხვედრა იყო, რაზე მოხდა შეთანხმება და ასე შემდეგ ჩემი საკითხი არ არის. მე ვითხოვ მარტივს, ცენტრის მოთხოვნის აღსრულებას. ჩემთვის პორშეს პოზიცია, რომ აღდგება, დაფიქსირდა მისვლის დღიდან და გრძელდება 1 თვე... ამასობაში, დავდივარ დაზიანებული მანქანით, რაც ჩემთვის პრობლემაა“.
4.14. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმებია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 799.1-ე, 814.1-ე, 820-ე და 821-ე მუხლები, რომელთა ფარგლებში სარჩელი წარმატებულია, თუ მხარეთა შორის არსებობს ზიანის დაზღვევის ხელშეკრულება, დადგა ხელშეკრულებით განსაზღვრული სადაზღვევო შემთხვევა, დამზღვევი დადგენილი წესით აცნობებს მზღვეველს აღნიშნულის თაობაზე და მოითხოვს ზიანის ფულად ანაზღაურებას ფაქტობრივი დანაკლისისა და სადაზღვევო თანხის გათვალისწინებით (იხ. სუსგ #ას-642-2019, 22.05.2020 წ.).
4.15. განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ მხარეთა შორის არსებობდა ხელშეკრულება, დადგა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადაზღვევო შემთხვევა, დამზღვევმა დადგენილი წესით აცნობა მზღვეველს აღნიშნულის თაობაზე.
4.16. ზიანის ოდენობის განსაზღვრასთან მიმართებით, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები, რომ როგორც კი დაზიანებული ავტომანქანა მიყვანილ იქნა პორშეს ოფიციალურ სერვის-ცენტრში 2020 წლის 7 სექტემბერს, გაცემულ იქნა ინვოისი, რომელიც ითვალისწინებდა დაზიანებული „საბარგულის კარის“ და „უკანა ბამპერის“ შეცვლა და ავტომობილის მესაკუთრეს ეცნობა, რომ ზემოაღნიშნული ნაწილები ექვემდებარებოდა შეკეთებას/აღდგენას. რის შემდგომაც, მოსარჩელემ თავად გაიღო ის ხარჯები, რაც საჭირო იყო ახალი ნაწილების შესაძენად და მათ ავტომანქანაზე დამაგრების სამუშაოების შესასრულებლად.
4.17. სააპელაციო სასამართლოს შეხედულებით, ცალსახად იკვეთება პორშეს ოფიციალური წარმომადგენლის შპს „თ.პ.ვ–ის“ პოზიცია ავტომანქანის დაზიანებული ნაწილების ახლით შეცვლის საჭიროების შესახებ. ექსპერტის დასკვნა და განმარტებები, წინააღმდეგობაში მოდის პორშეს ოფიციალური წარმომადგენლის პოზიციასთან. მოსარჩელემ დასძლია მტკიცების ტვირთი, რომ 2020 წლის 6 სექტემბრის სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანი აღმოიფხვრებოდა დეტალების ახლით შეცვლით და არა მათი აღდგენით.
4.18. რაც შეეხება აპელანტის მითითებას, რომ საგარანტიო პირობები ვრცელდება მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების ძარაში, ძრავში, სავალ ნაწილში, გადაცემათა კოლოფში, ელექტრულ და ელექტრონულ სისტემაში აღმოჩენილ ხარვეზეზბზე, შესაბამისად, მოსარჩელესა და შპს „თ.პ.ვ–სს“ შორის არსებული ხელშეკრულების თანახმად, მწარმოებლის ოფიციალური გარანტია არ ითვალისწინებს მომსახურებას, სატრანსპორტო საშუალების საბარგულის კარის ფარგლებში. სააპელაციო სასამართლომ განმარტა შემდეგი:
4.18.1. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-3, მე-4, 219-ე, 380-ე, 215.3-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ ფაქტები, რომელთა შესახებაც ცნობილია მხარეებისათვის უნდა წარედგინოს პირველი ინსტანციის სასამართლოს. ახალი ფაქტები ეს ისეთი ფაქტებია, რომლებიც ადრე არ იყო მითითებული მხარეების მიერ იმის გამო, რომ არ იყო ცნობილი მათ შესახებ და წარმოიშვნენ პირველ ინსტანციაში საქმის განხილვის შემდეგ.
4.18.2. არც სარჩელში და არც პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მოსამზადებელ ეტაპზე აღნიშნულ ფაქტებზე არ მიუთითებია. ამასთან, აპელანტი ვერ უთითებს სსსკ-ის 215.3-ე მუხლით გათვალისწინებულ რაიმე საპატიო მიზეზზე. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეს შეეძლო სარჩელში მიეთითებინა აღნიშნულის თაობაზე, მაგრამ მან ეს არ გააკეთა, რის გამოც დაკარგა უფლება, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მიუთითოს ახალ გარემოებაზე.
5. მოპასუხის საკასაციო საჩივრის საფუძვლები
5.1. მოპასუხე სადაზღვევო კომპანიამ საკასაციო საჩივრით ნაწილობრივ, 6 172 ლარის ფარგლებში, გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება და ამ ნაწილში სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
5.2. კასატორის განმარტებით, ვინაიდან შემკეთებელ საწარმოს აქვს ფინანსური ინტერესი, რომ ძვირადღირებული სამუშაოები შეასრულოს, მზღვეველმა გაცემული ინვოისისა და ჩასატარებელი სამუშაოების ხელახლა განხილვა მოითხოვა, რაც გათვალისწინებულია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.
5.3. კასატორის განმარტებით, ხელშეკრულების თანახმად სადაზღვევო ანაზღაურება გაიცემა სადაზღვევო შემთხვევამდე არსებულ ფინანსურ მდგომარეობამდე აღდგენის მიზნით და არა სადაზღვევო შემთხვევამდე არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.
5.4. მოპასუხის მოსაზრებით, ავტომობილის საბარგულის კარი და უკანა ბამპერი არ იყო გამოსაცვლელი, რადგან იგი ექვემდებარებოდა აღდგენას.
5.5. კასატორის განმარტებით, ო.ღ–ის ჩვენება წინააღმდეგობაშია სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლის ჩვენებასთან.
6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
6.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ივლისის განჩინებით მოპასუხე სადაზღვევო კომპანიის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
7. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
9. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მოპასუხეს/კასატორს ასეთი დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.
10. მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 799.1-ე (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება), 814.1-ე (სადაზღვევო შემთხვევის დადგომის გაგებისთანავე დამზღვევი მოვალეა აცნობოს ამის შესახებ მზღვეველს), 820-821-ე (ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით. მზღვეველი ზიანს ანაზღაურებს მხოლოდ სადაზღვევო თანხის ფარგლებში) მუხლები.
11. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ფაქტების მითითების ტვირთისა და ფაქტების დამტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
12. „სამართლებრივი დავისას სამოქალაქო საქმის განმხილველ მოსამართლეს ორი ამოცანა აქვს დასაძლევი: პირველ რიგში, მან უნდა გამოარკვიოს, თუ რა მოხდა სინამდვილეში. მეორე რიგში კი, მოსამართლემ სამართლებრივად უნდა შეაფასოს ფაქტობრივი გარემოებები და დაადგინოს, არსებობს თუ არა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. მოსარჩელემ სასამართლოს უნდა მიუთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნას. თუ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნას, მაშინ სარჩელი უკვე ამ საფუძველზევე არ უნდა დაკმაყოფილდეს. ასეთ შემთხვევაში მოსამართლეს არა აქვს უფლება, საკუთარი ინიციატივით მოიძიოს სასარჩელო მოთხოვნის დამადასტურებელი გარემოებები და შეაგროვოს მტკიცებულებები. თუ მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულია ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ადასტურებენ მოთხოვნის არსებობას, მაშინ უკვე მოპასუხეზეა დამოკიდებული, ამ გარემოებების არსებობის უარყოფა“ (იხ. თომას ჰერმანი, მტკიცებულებითი სამართალი, GIZ, თბილისი, 2016 წ., გვ.3-4).
13. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ; N ას- 1027-2020, 27.11.2020წ; N ას-634-2021, 4.11.2021წ; N ას-1363-2021, 5.04.2022წ; N ას-1183-2022, 23.12.2022წ; N ას-1572-2022, 5.05.2023წ.; Nას-1449-2023, 9.02.2024წ.; N ას- 1044-2022, 17.10.20204წ.; N ას- 313-2024, 8.11.2024წ.; N ას-852-2024, 22.11.2020წ.; N ას-1038-2024, 11.10.2024წ.; N ას- 1324-2024, 13.12.2024წ.; N ას- 1202-2024, 13.12.2024წ.; N ას-24-2024, 26.12.2024წ.).
14. დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივი, სასყიდლიანი და რეალური ხელშეკრულებაა. ამასთან, დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივ მავალდებულებელი ხელშეკრულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი, ხოლო მზღვეველი მოვალეა აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი. დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა. დამზღვევისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი გამოწვეულია მხარეთა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადაზღვევო შემთხვევის დადგომით და არ არსებობს შემთხვევის ანაზღაურების გამომრიცხავი გარემოება.
15. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებულია დაზღვევის ხელშეკრულება; დამზღვევის მიერ შესრულებულია ვალდებულება ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკით სადაზღვევო პრემიის გადახდის თაობაზე; დადგა სადაზღვევო შემთხვევა და დაზიანდა დაზღვეული ავტომანქანა.
16. სადაზღვევო კომპანიამ ნაწილობრივ უარი განაცხადა ზიანის ანაზღაურებაზე, რადგან მიიჩნევს, რომ ზიანის ოდენობა კორექტირებული ინვოისის საფუძველზე უნდა განისაზღვროს, რაც 4 950 ლარს შეადგენს.
17. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს „თ.პ.ვ–ის“ 2020 წლის 7 სექტემბრის ინვოისის თანახმად, ავტომანქანის შეკეთების სრული ღირებულება შეადგენდა 11 765.5 ლარს. აღნიშნული ინვოისის შესაბამისად, ავტომანქანის „საბარგულის კარი“ და „უკანა ბამპერის მც ნაწილი“ ექვემდებარებოდა გამოცვლას.
18. დადგენილია, რომ მოპასუხე სადავოდ არ ხდის არც ავტოსაგზაო შემთხვევის დადგომასა და ამ შემთხვევის დადგომაში პირის ბრალეულობას. სადავოა, მხოლოდ დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალების იმ ნაწილების დაზიანების ხარისხი და ავტომანქანის აღდგენისათვის აუცილებელი ხარჯის ოდენობა, რაც აღწერილია ინვოისში.
19. დადგენილია, რომ როგორც კი დაზიანებული ავტომანქანა მიყვანილი იქნა პორშეს ოფიციალურ სერვის-ცენტრში, 2020 წლის 7 სექტემბერს, გაიცა ინვოისი, რომელიც ითვალისწინებდა დაზიანებული „საბარგულის კარის“ და „უკანა ბამპერის“ ახლით შეცვლას. ხოლო, მოგვიანებით, იმავე თარიღით, იმავე ცენტრის მიერ გაცემულ იქნა შეცვლილი ინვოისი, რომლიდანაც ამოღებული იქნა დაზიანებული „საბარგულის კარის“ და „უკანა ბამპერის“ შეცვლა და ავტომობილის მესაკუთრეს ეცნობა, რომ ზემოაღნიშნული ნაწილები ექვემდებარებოდა შეკეთებას/აღდგენას. რის შემდგომაც, მოსარჩელე მხარემ თავად გაიღო ის ხარჯები, რაც საჭირო იყო ახალი ნაწილების შესაძენად და მათ ავტომანქანაზე დამაგრების სამუშაოების შესასრულებლად.
20. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „ერთი მხარის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის მტკიცებულებითი მნიშვნელობის შეფასება დამოკიდებულია მეორე მხარის კვალიფიციურ შედავებაზე. ამდენად, ერთი მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის გაქარწყლების ვალდებულება, მტკიცებულებათა შეფასების ეტაპზე უაღრესად დიდი მნიშვნელობის მქონეა. კერძო დავებზე წარმატების მისაღწევად კი, მხარეებმა ჯეროვნად უნდა განკარგონ თავიანთი საპროცესო უფლებები, რაც დავის ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებისა და მათი რელევანტური მტკიცებულებებით დამტკიცების ტვირთის რეალიზებაში მდგომარეობს. ამ უფლებით თანაბრად სარგებლობს როგორც მოსარჩელე (სარჩელის ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება), ასევე, მოპასუხე (სარჩელის ფაქტობრივი გარემოებების გაქარწყლება)“.
21. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ როგორც სხვა მტკიცებულებების, ასევე, ექსპერტის დასკვნის იურიდიული ძალას აფასებს სასამართლო. ამასთანავე, ექსპერტის დასკვნა კრიტიკულად უნდა შეფასდეს, როგორც ცალკე აღებული, ასევე საქმეზე მოპოვებულ ყველა სხვა მტკიცებულებასთან ერთობლიობაში. ექსპერტის დასკვნის შეფასება ხდება ზოგადად მტკიცებულებების შეფასებისათვის დადგენილი ყოველმხრივი სრული და ობიექტური განხილვის კრიტერიუმებით. მტკიცებულების სრულყოფილად გამოკვლევა კი, გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ - მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას, რის შედეგადაც, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
22. საქმეზე სადაზღვევო კომპანიის მიერ წარმოდგენილი შპს "ა–ის" ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც არაკატეგორიული ხასიათისაა და ექსპერტ გ.ბ–ძის განმარტებები, წინააღმდეგობაში მოდის პორშეს ოფიციალური წარმომადგენლის პოზიციასთან, რომელიც წარმოადგენს თ.პ.ვ–ის“ ავტომობილების შეკეთების სერვისებზე პასუხისმგებელ პირს. შპს „თ.პ.ვ–ის“ მიერ გაცემული ინვოისით, ხსენებული კომპანიის სპეციალისტის ო.ღ–ის მიერ მიცემული ჩვენებით და ელ. ფოსტაზე არსებული მიმოწერებით დასტურდება, რომ დაზღვეული ავტომობილის დაზიანებული ნაწილები ექვემდებარება გამოცვლას. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი სასამართლოების პოზიციას, რომ უპირატესობა ვერ მიენიჭება სადაზღვევო კომპანიის მიერ წარმოდგენილი ექსპერტის დასკვნას (რომელიც არაკატეგორიული ხასიათისაა) და ექსპერტ გ. ბ–ძის ჩვენებას, რომელმაც აღნიშნა, რომ ავტომანქანის აღდგენა შესაძლებელი იყო "ცივი მეთოდით", ისე, რომ პირვანდელი სახე დაებრუნებინა ავტომანქანას. თუმცა აღნიშნა ისიც, რომ ცივი მეთოდით გასწორება, ყველა მეთუნუქეს არ შეეძლო.
23. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელემ დასძლია მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი და დადასტურებულად მოითხოვა ავტომობილის დაზიანებული ნაწილების ახლით შეცვლისათვის საჭირო თანხის ანაზღაურება. მოსარჩელემ მის მიერ მოთხოვნილი ზიანის ოდენობა განსაზღვრა ავტომანქანის შეკეთების სამუშაოს გამწევი ორგანიზაციის ინვოისის საფუძველზე, შესაბამისად მიუხედავად იმისა, რომ ამ ინვოისში მითითებული თანხას კასატორი არ ეთანხმება, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის გაბათილებული მოპასუხის მიერ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო კასატორის აღნიშნულ პრეტენზიას ვერ გაიზიარებს.
24. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, §§ 29-30).
25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
26. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს "ს.კ.ა–ის" საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. სს "ს.კ.ა–ს" (ს/ნ ........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ, საკასაციო საჩივარზე, სახელმწიფო ბაჟის სახით, სს „საქართველოს ბანკში“ 24.06.2024 წლის N16ა საგადასახადო დავალებით გადახდილი 556.1 ლარის 70% 389.27 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
არჩილ კოჭლამაზაშვილი