Facebook Twitter

25 მარტი 2025 წელი

№ას-48-2025 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ვ.მ–ია

მოწინააღმდეგე მხარე - ა(ა)იპ მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ვ.მ–იამ (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „I მოსარჩელე“, „კასატორი“, „დასაქმებული“) და ა.(ა).ი.პ. „იურისტთა ასოციაცია“-მ (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „II მოსარჩელე“) სარჩელით მიმართეს სენაკის რაიონულ სასამართლოს ა.(ა).ი.პ. „მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრი“-ს (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „აპელანტი“, „მოწინააღმდეგე მხარე“, „დამსაქმებელი“) მიმართ, ვ.მ–იას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ 01.12.2022 წლის №183 ბრძანების ბათილად ცნობის, სალხინოს საბავშვო ბაღის უფროსის ან ტოლფას თანამდებობაზე მისი აღდგენისა და ვ.მ–იას იძულებითი განაცდურის - 17640 ლარის ა.(ა).ი.პ. „იურისტთა ასოციაცია“-ს სასარგებლოდ დაკისრების მოთხოვნებით.

სარჩელის საფუძვლები:

2.1. მოსარჩელის განმარტებით, 33 წლის განმავლობაში დასაქმებული იყო მარტვილის მუნიციპალიტეტის სალხინოს საბავშვო ბაღში, გამგის პოზიციაზე და მისი ხელფასი შეადგენდა ხელზე ასაღებ 490 ლარს. მოსარჩელე დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებდა პირნათლად, მის მიმართ ამ ხნის განმავლობაში დისციპლინური პასუხისმგებლობის რაიმე ზომა გამოყენებული არ ყოფილა.

2.2 2022 წლის ბოლოს სალხინოს ბაგა-ბაღში შევიდა აუდიტის სამსახური, რომელმაც თითქოს აღმოაჩინა, რომ მოსარჩელეს კანონის მოთხოვნათა დარღვევით ჰქონდა შენახული პროდუქტები, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. მოსარჩელეს აუდიტის სამსახურის თანამშრომელი აიძულებდა, დაეწერა განცხადება ქ.მარტვილის მერის სახელზე, ეღიარებინა დარღვევა და ეთხოვა პატიება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ემუქრებოდა, რომ მოსარჩელეს მოუწევდა ციხეში ჩაჯდომა და ჯარიმის გადახდა. შეშინებულმა მოსარჩელემ დაწერა განცხადება თითქოსდა უვარგის პროდუქტზე, ხოლო გათავისუფლების განცხადება არ დაუწერია, რის გამოც მასზე ზეწოლა განახორციელეს მოპასუხე ცენტრის თანამშრომლებმა, კერძოდ, ურეკავდნენ და გადასცემდნენ მოპასუხე ცენტის დირექტორის მოთხოვნას, რომ მოსარჩელე საკუთარი ნებით წასულიყო სამსახურიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაიჭერდნენ, რის გამოც, შეშინებულმა მოსარჩელემ, საბოლოო ჯამში, დაწერა კიდეც განცხადება უფრო დაბალ - მნის - თანამდებობაზე გადაყვანის თხოვნით.

2.3. ა.(ა).ი.პ. „მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებო- სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრი“-ს დირექტორის 2022 წლის 01 დეკემბრის №183 ბრძანებით მოსარჩელე გათავისუფლდა სამუშაოდან საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ვ” და „ზ“ პუნქტების შესაბამისად. მოსარჩელის განმარტებით, დირექტორის ბრძანება უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან იგი წლების განმავლობაში მუშაობდა საბავშვო ბაღის გამგედ, მისი კვალიფიკაცია ან სამუშაოსთან შეუსაბამობა, რა საფუძვლითაც გათავისუფლდა სამსახურიდან, არასოდეს დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ, ასევე, არასოდეს დაურღვევია შრომის კანონმდებლობა. დარღვევის შემთხვევაშიც, უნდა გაეთვალისწინებინათ მისი დამსახურება და უპირობოდ არ უნდა გაეთავისუფლებინათ სამსახურიდან.

2.4. 2023 წლის 20 მარტს ვ.მ–იამ მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულების ძალით, იძულებითი განაცდურის მოთხოვნის უფლება დაუთმო ა.(ა).ი.პ. „იურისტთა ასოციაცია“-ს.

მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელე სამუშაოდან გათავისუფლდა ბაღების აუდიტის სამსახურის მიერ აღმოჩენილი დარღვევის საფუძველზე. კერძოდ, შემოწმებით დადგინდა, რომ საბავშვო ბაღში ვ.მ–იას შენახული ჰქონდა ვადაგასული რძის პროდუქტები.

3.2. მოპასუხის განმარტებით, ვ.მ–იას, ვინაიდან დიდი წვლილი მიუძღოდა სალხინოს ბაღის შენარჩუნებაში, ცენტრის დირექტორმა წერილით მიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის მერს და ითხოვა სალხინოს საბავშვო ბაღის საშტატო ერთეულში მნის პოზიციის დაშვება, რაზეც მერიისგან თანხმობა მიიღო. აღნიშნულ პოზიციაზე დანიშვნა შესთავაზა ვ.მ–იას, რაზეც თავდაპირველად თანახმა იყო, თუმცა, მოგვიანებით, უარი განაცხადა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. სენაკის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 03 აპრილის გადაწყვეტილებით ვ.მ–იას და ა.(ა).ი.პ. „იურისტთა ასოციაციის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

4.1. ბათილად იქნა ცნობილი ვ.მ–იას სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ა.(ა).ი.პ. „მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრი“-ს დირექტორის 2022 წლის 01 დეკემბრის №183 ბრძანება;

4.2. ვ.მ–ია აღდგენილი იქნა იმავე, ან ტოლფას სამუშაოზე;

4.3. მოპასუხე ა.(ა).ი.პ. „მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრს“ ა.(ა).ი.პ. „იურისტთა ასოციაციის“ სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2022 წლის 01 დეკემბრიდან ვ.მ–იას სამსახურში აღდგენამდე ყოველთვიურად, ამ თანამდებობისათვის გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6. სააპელაციო წარმოების ეტაპზე სასამართლოს ერთობლივი განცხადებით მიმართეს ვ.მ–იამ და ა(ა).ი.პ. „იურისტთა ასოციაცია“-მ, წარადგინეს მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულება და მოითხოვეს იძულებითი განაცდურის ნაწილში ა.(ა).ი.პ. „იურისტთა ასოციაცია“-ს უფლებამონაცვლედ ვ.მ–იას ცნობა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 01 ნოემბრის განჩინებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და წინამდებარე საქმეზე ა.(ა).ი.პ. „იურისტთა ასოციაცია“-ს უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა ვ.მ–ია.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ხოლო სარჩელს დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა.

8. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია დავისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

8.1. ვ.მ–ია წლების განმავლობაში დასაქმებული იყო მარტვილის მუნიციპალიტეტის სალხინოს საბავშვო ბაღში, სხვადასხვა პოზიციაზე. კერძოდ: 2008-2012 წლებში აღმზრდელის პოზიციაზე, ხოლო 2012-2022 წლებში - სალხინოს საბავშვო ბაღის გამგის პოზიციაზე. გათავისუფლებამდე მისი თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 489.20 ლარს

8.2. 2022 წლის 9 ნოემბერს, სალხინოს საბავშვო ბაღში, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის აუდიტის სამსახურის მიერ შემოწმებისას გამოვლინდა ვადაგასული რძის პროდუქტების (7 პაკეტი რძე, ორი ვედრო მაწონი და ერთი ვედრო არაჟანი) შენახვის ფაქტი.

8.3. იმავე დღეს, ვ.მ–იამ, თავის ახსნა-განმარტებაში, რომლითაც მიმართა მარტვილის მუნიციპალიტეტის მერს, დაადასტურა მის მიერ ვადაგადასული რძის პროდუქტების შენახვის ფაქტი, აღნიშნა, რომ ეს მოხდა მისი დაუდევრობით და ითხოვა პატიება.

8.4. ამავე ბაღის მზარეულის, მარინა ბარგატიას, 09.11.2022წ. ახსნა-განმარტების თანახმად, ინსპექტირების დროს, მაცივარში აღმოჩენილი იქნა ვადაგასული პროდუქტები. ვინაიდან არის ახალი დანიშნული, არ აქვს საკმარისი გამოცდილება და საწყობიდან გამოტანილ პროდუქტებს ვადების გადაუმოწმებლად აწოდებდა აღსაზრდელებს. აუდიტის წასვლის შემდეგ, მან და ვ.მ–იამ მაღაზიაში ნაყიდი მაწონი, სხვა შეფუთვით, წარუდგინეს ადმინისტრაციის თანამშრომელს. ვ.მ–იამ განაცხადა, რომ აღსაზრდელებმა სწორედ ეს ვადიანი პროდუქტი მიიღეს, რასაც მ.ბ–ია არ ადასტურებს.

8.5. ინსპექტირების დროს გამოვლენილი დარღვევების გამო, ა.(ა).ი.პ. „მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრი“-ს დირექტორის 2022 წლის 01 დეკემბრის №183 ბრძანებით, ვ.მ–ია გათავისუფლდა საბავშვო ბაღის უფროსის თანამდებობიდან. გათავისუფლების საფუძვლად მიეთითა საქართველოს შრომის კოდექსის 47.1 მუხლის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები; ა.(ა).ი.პ. „მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრი“-ს წესდების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი და 2018 წლის შინაგანაწესის 26-ე მუხლის „ვ“ პუნქტი.

9. სააპელაციო სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს მისცა შემდეგი შეფასება:

9.1. დასაქმებულის მიერ დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა, დამსაქმებლის მტკიცებით, გამოიხატა იმაში, რომ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის აუდიტის სამსახურის მიერ სალხინოს საბავშვო ბაღის შემოწმებისას გამოვლინდა ვადაგასული რძის პროდუქტების შენახვის ფაქტი, კერძოდ, აღმოჩნდა 7 პაკეტი ვადაგასული რძე, 2 ვედრო ვადაგასული მაწონი და 1 ვედრო ვადაგასული არაჟანი.

9.2. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (ინსპექტირების აქტი, ბრძანება, წერილი, განცხადება, მათ შორის, თვით ვ.მ–იას განცხადება, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებები, მხარეთა ახსნა-განმარტებები) დასტურდება და მხარეთა შორის სადავო არ არის ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ 2022 წლის 9 ნოემბერს, სალხინოს საბავშვო ბაღში მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმებისას, გამოვლინდა ზემოაღნიშნული ოდენობებისა და სახეობის ვადაგასული რძის პროდუქტების შენახვის ფაქტი. სასამართლო სხდომაზე ვ.მ–იამ განმარტა, რომ ის ათეულობით წლების განმავლობაში მუშაობდა სალხინოს საბავშვო ბაღში და, საჭიროების შემთხვევაში, მაღაზიაში ყიდულობდა საბავშვო ბაღის პროდუქტებს.

9.3. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის მე-3 მუხლით რეგლამენტირებულ ბავშვის საუკეთესო ინტერესის ცნებაზე, განმარტა, რომ ამავე ინტერესის შესაბამისად მოქმედების ვალდებულება აქვთ სააღმზრდელო დაწესებულებებს, რაც უპირობოდ გულისხმობს უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მოქმედი წესების დაცვის აუცილებლობას. პალატამ მიუთითა ამავე კონვენციის მე-6 მუხლზე, რომლის შესაბამისადაც, ბავშვის გადარჩენასა და ჯანმრთელ განვითარებაზე ზრუნვა სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას წარმოადგენს. ეროვნული კანონმდებლობის, სახელდობრ, ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-11, 41-ე, 42-ე, 45-ე მუხლების შესაბამისად, პალატამ მიუთითა, რომ ბავშვის უფლება, მისი ჯანმრთელობა უმაღლესი სტანდარტით იყოს დაცული, მოიცავს სტანდარტის შესაბამისი საკვებითა და სუფთა წყლით ყველა ბავშვის უზრუნველსაყოფის უფლებასაც.

9.4. პალატამ განმარტა, რომ არასრულწლოვანი, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვას და მზრუნველობას. არასრულწლოვანის აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა ყველა იმ პირის ვალდებულებას წარმოადგენს, რომელსაც რაიმე ფორმით (ბაღი, სკოლა) შეხება აქვს არასრულწლოვანთან, რაც გამოიხატება არასრულწლოვნისათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნაში, რომელიც შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს. ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვა და შესაბამისად, მათთვის ჯანმრთელობის ხელყოფის ნებისმიერი საფრთხის შექმნა წარმოადგენს ზემოთ აღნიშნული კონვენციითა და კოდექსით დაცული ბავშვთა უფლებებისა და საუკეთესო ინტერესების უგულებელყოფას, დარღვევას, რაც დაუშვებელია. ამ კუთხით უმნიშვნელოვანესია ნებისმიერი ასეთი საფრთხის პრევენცია, მათზე დროული რეაგირება და აღმოფხვრა.

9.5. სასამართლომ გაითვალისწინა, რომ მოსარჩელე იყო ბაღის გამგე და მას აღსაზრდელად, დღის განმავლობაში, ჩაბარებული ჰყავდა არაერთი ბავშვი, საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი და დაუცველი ფენა, რომლებსაც ვადაგასული რძის პროდუქტების შენახვითა და მოხმარებით შეუქმნა ჯანმრთელობის დაზიანების რეალური საფრთხე. ამასთან, პალატამ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ იცოდა ბაღში ვადაგასული რძის პროდუქტების შენახვისა და მოხმარების ფაქტები, რაზეც მას, სამუშაო პოზიციის გათვალისწინებით, რეაგირება ევალებოდა, თუმცა არ გაუკეთებია.

9.6. ამ გარემოებების მხედველობაში მიღებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დასაქმებულის მიერ ჩადენილი დარღვევა თავისი არსით წარმოადგენდა მძიმე, უხეშ დარღვევას, რითაც ბაღში ბავშვებს შეექმნათ არაჯანსაღი კვებითი გარემო, ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხე. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ის გარემოება, რომ აღნიშნულ დარღვევას რაიმე მძიმე შედეგი არ მოჰყოლია, ვერ გახდებოდა ვ.მ–იას, როგორც ბაღის გამგისა და უფროსის, პასუხისმგებლობის შემსუბუქების საფუძველი.

9.7. ამრიგად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დამსაქმებლის გადაწყვეტილება, შრომის კოდექსის 47.1. მუხლის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებზე მითითებით შეეწყვიტა შრომის ხელშეკრულება - მართლზომიერი და პროპორციულია, ვინაიდან გამოვლენილი დარღვევა იმდენად მძიმეა, რომ სხვა უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენებას არამიზანშეწონილს ხდის.

10. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი საფუძვლებით:

10.1. დამსაქმებელი ვალდებული იყო, ემტკიცებინა ვ.მ–იას მიერ შრომითი ვალდებულების იმგვარად დარღვევის ფაქტი, რაც სამუშაოდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძვლად იქნებოდა მიჩნეული. ინსპექტირების აქტით გამოვლენილი დარღვევა კი, სიმძიმის ხარისხისა და დამდგარი შედეგების გათვალისწინებით, არ ადასტურებდა მოსარჩელის მიერ შრომით ვალდებულებათა იმგვარად უგულებელყოფის ფაქტს, რაც შეუძლებელს გახდიდა შრომითი ურთიერთობის შენარჩუნებას. დამსაქმებელს ინდივიდუალურად უნდა შეეფასებინა დასაქმებულის სასარგებლო გარემოებები, სახელდობრ, მოპასუხე ორგანიზაციაში საქმიანობის სტაჟის ხანგრძლივობა, წარსულში დისციპლინური გადაცდომის არარსებობა, მოსარჩელის ღვაწლი, რაც მან მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოს საბავშვო ბაღის შენარჩუნებაში გასწია, 90-იან წლებში უანგარო, ხელფასის გარეშე საქმიანობა, აგრეთვე კარიერული წინსვლა - აღმზრდელის პოზიციიდან ბაღის უფროსად დაწინაურება - რაც მეტყველებს მუშაკის მხრიდან მოვალეობათა კვალიფიციურად, კეთილსინდისიერად, მაღალი პროფესიული სტანდარტებით შესრულებაზე. ხსენებულ გარემოებათა ერთობლიობაში გათვალისწინებით, დამსაქმებელი უნდა შემოფარგლულიყო უფრო მსუბუქი დისციპლინური სახდელის დაკისრებით.

10.2. უდავო ფაქტია, რომ მოპასუხე ორგანიზაციის დირექტორმა, ვ.მ–იას ღვაწლის დასაფასებლად, ქალაქ მარტვილის მერს დააშვებინა საბავშვო ბაღში მნის თანამდებობა იმავე საბავშვო ბაღში, რასაც მოსარჩელე არ დათანხმდა. აღნიშნული გარემოება მით უფრო ცხადყოფს დისციპლინური სახდელის არაადეკვატურობას, რამეთუ თანამდებობრივად მნე სწორედ ის მუშაკია, რომელსაც უშუალოდ ეხება ბავშვთა კვება. კასატორისთვის გაურკვეველია, თუკი საბავშვო ბაღის უფროსის პოზიციიდან უვარგისი საკვები პროდუქტების მიწოდებით საფრთხეს უქმნიდა ბავშვების ჯანმრთელობას, რატომ შესთავაზეს მას ბაღში მნის პოზიცია, რომლის დაკავების შემთხვევაშიც, საკვებ პროდუქტებთან უფრო მეტი შეხება ექნებოდა.

10.3. კასატორის მტკიცებით, საბავშვო ბაღში ვადაგასული რძის პროდუქტები შეტანილია აუდიტის ჩატარების წინა დღეს სპეციალურად, დამლაგებელ ნ.გ–ას ხელით, იმ მიზნით, რომ ხელოვნურად შექმნილიყო ვ.მ–იას თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი. მოსარჩელეს აუდიტმა იძულებით აღიარებინა დარღვევის ფაქტი მარტივილის მერის სახელზე დაწერილი განცხადებით, რომელიც ასეთი ახსნა-განმარტების მიღებაზე უფლებამოსილი პირი არ ყოფილა. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მუქარით არის დაწერილი ვ.მ–იას ის განცხადებაც, რომელშიც მან გამოხატა ნება, დაქვეითებულიყო მნის პოზიციაზე. მოწმეები - ი.ჭ–ა, თ.ქ––ძე და მზარეული მ.ბ–ია - რომლებიც ადასტურებენ, რომ საბავშვო ბაღში ვადაგასული პროდუქტები ინახებოდა, კასატორის შეფასებით, ცრუ მოწმეები არიან, ვინაიდან მოპასუხე ორგანიზაციის ხელმძღვანელი ი.გ–ია კარნახობდა მათ სხდომაზე მისაცემი ჩვენების შინაარსს. ამდენად, კასატორი სადავოდ ხდის დარღვევის არსებობის ფაქტსაც.

10.4. არასწორია სასამართლოს მითითება, რომ ვ.მ–იას მართვის ქვეშ მყოფი საბავშვო ბაღის აღსაზრდელების გამოსაკვებად გამოიყენებოდა ვადაგასული რძის პროდუქტები, რითაც შეიქმნა მათი ჯანმრთელობის დაზიანების რეალური საფრთხე. მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ბავშვებისთვის ვადაგასული პროდუქტების მიწოდების ფაქტს, საქმეში წარდგენილი არ არის, ვინაიდან ასეთი შემთხვევა არასდროს მომხდარა.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

15. მოცემულ საქმეში სადავოა, ერთი მხრივ, დასაქმებულის მიერ იმ ქმედების ჩადენის ფაქტი, რომელიც საფუძვლად დაედო მის მიმართ გასაჩივრებული ბრძანების გამოცემას, ხოლო ამავე ფაქტის დამტკიცებულად მიჩნევის შემთხვევაში, მისი დაკვალიფიცირება შრომითი ვალდებულების „უხეშ“ დარღვევად, რაც გაამართლებს უვადო შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას.

16.1. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესი შრომითსამართლებრივ დავებში განსხვავებული და თავისებურია. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შრომით დავასთან დაკავშირებულ არაერთ საქმეში განმარტა, რომ „ამ სახის დავები, მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს იმ ძირითადი პრინციპიდან, რომ დამსაქმებელს დასაქმებულთან შედარებით გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები“ (იხ. სუსგ. №ას-922-884-2014, 16.04.2015წ; №ას-483-457-2015, 07.10.2015წ; №ას-182-171-2017, 27.12.2019წ). მოსარჩელე, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე უთითებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. მოსარჩელის მითითება, რომ იგი სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რათა მან დაასაბუთოს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მართებულობა (იხ. სუსგ. №ას-1276-1216-2014, 18.03.2015წ.; №ას-122-114-2015, 23.03.2015წ.; №ას-194-185-2016, 29.07.2019წ.).

16.2. ამავდროულად, მტკიცების პროცესის უზოგადესი პრინციპია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს (“affirmanti, non negati, incumbit probatio”) - სწორედ ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს. უარყოფის მტკიცება არ შეიძლება დაეკისროს მხარეს, რომელიც ფაქტის ან მოვლენის არარსებობაზე აპელირებს, არამედ ამ ფაქტისა თუ მოვლენის არსებობის მტკიცების ტვირთი აწევს მას, ვის სასარგებლოდაც მეტყველებს შედავებული ფაქტობრივი გარემოება“ (იხ. სუსგ. №ას-509-509-2018, 05.04.2019წ.; №ას-1299-2018, 29.11.2019წ.).

16.3. მტკიცების ტვირთის ზემოაღნიშნული წესების შესაბამისად განაწილებისას, იმ გარემოების მტკიცების მოვალეობა, რომ 2022 წლის 09 ნოემბერს საბავშვო ბაღის მაცივარში ნამდვილად ინახებოდა ვადაგასული პროდუქტები, დამსაქმებლის ტვირთს წარმოადგენდა; ხოლო ამ გარემოების დადასტურების შემთხვევაში, უკვე დასაქმებულს წარმოეშვებოდა იმ გარემოებათა დადასტურების მოვალეობა, რომ ბაღში აღმოჩენილი ვადაგასული რძის პროდუქტები არ წარმოადგენდა ბაღში მომარაგების შედეგად შეტანილს, არამედ, იგი სპეციალურად განათავსეს მაცივარში მესამე პირებმა, რათა ვ.მ–ია იძულებული გამხდარიყო, მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შიშით, დაეტოვებინა დაკავებული თანამდებობა.

16.4. პალატის განსჯით, დამსაქმებელმა საკუთარი წილი მტკიცების ტვირთი დაძლია და სარწმუნოდ დაადასტურა, რომ 2022 წლის 09 ნოემბერს სალხინოს საბავშვო ბაღის მაცივრის შემოწმებისას გამოვლინდა 7 ცალი ვადაგასული რძის, 2 დიდი ვედრო ვადაგასული მაწვნისა და 1 პატარა ვედრო არაჟნის შენახვის ფაქტი. აღნიშნულ გარემოებას მოწმობს არამარტო ინსპექტირების ოქმი 03/09/11/22, არამედ ა.(ა).ი.პ. „მარტვილის მიუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრი“-ს დირექტორის სახელზე ვ.მ–იას მიერ დაწერილი ახსნა-განმარტება, რომელშიც ადასტურებს ზემოაღნიშნული რაოდენობით ვადაგასული პროდუქტების მაცივარში არსებობას და აღნიშნულს უკავშირებს საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობას (გაციებას), რის გამოც ვერ გააკონტროლა პროდუქტების ვარგისიანობა. ამავე წერილში მოსარჩელე ადასტურებს, რომ მას ცენტრის დირექტორისაგან რამოდენიმეჯერ აქვს მიღებული მითითება, რომ არ უნდა ჰქონოდა ვადადამთავრებული პროდუქტი (ს.ფ 55); საქმეში დაცულია სალხინოს საბავშვო ბაღის მზარეულის - მ.ბ–იას ახსნა-განმარტებითი ბარათი, დათარიღებული 09.11.2022 წლით, რომელშიც მზარეული ადასტურებს დასახელებული რაოდენობით ვადაგასული რძის პროდუქტების საწყობის მაცივარში აღმოჩენის ფაქტს, აგრეთვე იმ გარემოებას, რომ სამზარეულოსა და საწყობის მაცივარში ვადაგასული რძის პროდუქტის გარდა ვადიანი რძის პროდუქტები არ ინახებოდა და საწყობიდან გამოტანილი პროდუქტები ვადების შეუმოწმებლად მიეწოდებოდათ აღსაზრდელებს, რასაც მზარეული საკუთარი გამოუცდელობით ხსნის. მზარეული ასევე განმარტავს, რომ აუდიტის წასვლის შემდეგ მან და ვ.მ–იამ მაღაზიაში ნაყიდი მაწონი, სხვა შეფუთვით, წარუდგინეს ცენტრის ადმინისტრაციის თანამშრომელს და ქ. ვ–ამ განაცხადა, რომ აღსაზრდელებმა სწორედ ეს ვადიანი პროდუქტი მიიღეს, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება (ს.ფ. 54).

17.1. კასატორის მითითებით, 09.11.2022 წელს და 16.11.2022 წელს მის მიერ დაწერილი ახსნა-განმარტებები მიცემულია იძულების შედეგად. საკასაციო პალატის სტაბილური პრაქტიკის შესაბამისად, იმ გარემოებების მტკიცების ვალდებულება, რომელიც ადასტურებს გარიგების მხარის ნებაზე არამართლზომიერ ზემოქმედებას, მოსარჩელის მხარეს არის. იძულების მტკიცების სირთულის გათვალისწინებით, საკმარისია მხარემ დაამტკიოს გარემოებები, რომლებიც იძულების განხორციელების ვარაუდს შექმნის, ესე იგი, ფაქტები, რომლებიც ობიექტურ შემფასებელს აფიქრებინებს, რომ მათი არარსებობის პირობებში, გარიგება საერთოდ არ დაიდებოდა, ან დაიდებოდა, მაგრამ არა ამ შინაარსით (იხ. სუსგ. №ას-945-2022, 07.06.2023წ.).

17.2. საკასაციო პალატის განსჯით, მარტოოდენ მოსარჩელის მითითება, რომ 09.11.2022 წლის და 16.11.2022 წლის ახსნა-განმარტებები დაწერა მოპასუხე ორგანიზაციისა და მუნიციპალიტეტის მერიის აუდიტის სამსახურის თანამშრომლებისაგან ,,ციხეში ჩასმის და დაჯარიმების მუქარის" შედეგად, საკმარისი არ არის იძულების ფაქტის დასადასტურებლად, რამეთუ მოსარჩელის ნებაზე არამართლზომიერ ზემოქმედებას საქმეში არსებული არცერთი სხვა მტკიცებულება, მათ შორის, მონიტორინგის შემსწრე პირების მოწმის სახით მიცემული ჩვენებები, არ ადასტურებს.

17.3. საქმის მასალებში წარმოდგენილია სოფელ სალხინოს საბავშვო ბაღის 2022 წლის ნოემბრის თვის მენიუ (ს.ფ. 64-71), რომლითაც დასტურდება, რომ 2022 წლის 01 ნოემბრიდან ამავე წლის 09 ნოემბრის ჩათვლით, ბაღი ყოველდღიურად იყენებდა რძეს, მაწონსა და არაჟანს ბავშვთა კვებაში. აღნიშნულ გარემოებას მოსარჩელე ვ.მ–ია არ შედავებია. იმ პირობებში, როდესაც მზარეული განმარტავს, რომ მონიტორინგის გზით აღმოჩენილ ვადაგასულ პროდუქტთან ერთად სხვა, ვადიანი რძე, მაწონი და არაჟანი საბავშვო ბაღის მარაგებში არ ინახებოდა და მზარეული სწორედ ამ საწყობიდან ბაღის უფროსის მიერ გამოტანილ რძის პროდუქტებს მოიხმარდა საკვების მოსამზადებლად, მოსარჩელის პრეტენზია, რომ სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიუთითა ვადაგადასული პროდუქტების ბავშვთა საკვებად გამოყენებასა და ამ გზით ბავშვთა ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების საშიშროების შექმნაზე, საკასაციო პალატას საფუძველს მოკლებულ საკასაციო პრეტენზიად მიაჩნია.

18.1. რაც შეეხება საკასაციო პრეტენზიის იმ ნაწილს, რომლის თანახმადაც, ვადაგასული პროდუქტები საბავშვო ბაღში დამლაგებელმა ნ.ჯ–ამ სპეციალურად შეიტანა მოპასუხე ცენტრის აუდიტის სამსახურის თანამშრომლების მითითებით, საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ ამგვარი გარემოება კასატორს არც სარჩელში მიუთითებია და არც სააპელაციო სასამართლოში. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებში მოსარჩელე მხოლოდ ზოგადი ხასიათის განმარტებებს იძლეოდა, რომ ბაღის საწყობის მაცივარში ვადაგასული პროდუქტების აღმოჩენის ფაქტი იყო სიცრუე, თუმცა ამგვარი პროდუქტების ბაღის ტერიტორიაზე მესამე პირთაგან შეტანის ფაქტზე პირველად საკასაციო საჩივარში მიუთითა.

18.2. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით კი, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები.

18.3. ციტირებული ნორმიდან გამომდინარე, პალატა განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლო არის მესამე ინსტანციის (საბოლოო ინსტანცია) სასამართლო, რომელიც ამოწმებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა სისწორეს სამართლებრივი კუთხით. საკასაციო სასამართლო არ არის ფაქტების დამდგენი სასამართლო, ამიტომ, ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების წარდგენა საკასაციო სასამართლოში პრინციპულად დაუშვებელია. ერთადერთ გამონაკლისს ამ შემთხვევაში წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას საპროცესო სამართლებრივი ნორმების ისეთი დარღვევა, რომლის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

18.4. ამრიგად, საკასაციო პალატა დაუშვებლად მიიჩნევს კასატორის მითითებას ახალ ფაქტობრივ გარემოებაზე იმის შესახებ, რომ ვადაგასული პროდუქტები ბაღის ტერიტორიაზე თითქოსდა შეიტანა ბაღის დამლაგებელმა, მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზნით. ამდენად, დასახელებული არგუმენტის შინაარსობრივ კვლევას პალატა არ შეუდგება. ამასთან, პალატა აქვე აღნიშნავს, რომ ახალ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითება დასაშვებიც რომ იყოს, ამავე გარემოების დამტკიცების მოვალეობა მოსარჩელე დასაქმებულზეა, შესაბამისად, სწორედ მას უნდა უზრუნველეყო სასამართლოში იმგვარი მტკიცებულების წარდგენა, რომელიც ნათელყოფდა, რომ ვადაგასული პროდუქტები საწყობში სწორედ მესამე პირთა მოქმედებით მოხდა და არა შენახვის ვადების უგულებელყოფის შედეგად. ამგვარი მტკიცებულება კი, საქმის მასალებში არ მოიპოვება. ამდენად, საკასაციო პრეტენზია ამ ნაწილშიც უპერსპექტივოა.

19. საკასაციო პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორის მითითება მოწმეთა არასანდოობასთან დაკავშირებით. პალატა მოწმეთა ჩვენებების აუდიოჩანაწერის მოსმენის შედეგად ასკვნის, რომ მათი ჩვენებები თანმიმდევრული და დამაჯერებელია. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადასტურების თვალსაზრისით, პალატა გამოყოფს მზარეულ მ.ბ–იას ჩვენებას, რომელმაც, მოწმის სტატუსით მისი დაკითხვისას, ინდივიდუალური პასუხისმგებლობის რისკის მიუხედავად, დაადასტურა, რომ ბავშვთა კვებაში გამოსაყენებლად ვ.მ–ია მას, როგორც მზარეულს, აწვდიდა სწორედ იმ რძის პროდუქტებს, რომლებიც აუდიტის სამსახურმა ვადაგადაცილებულად დააიდენტიფიცირა, შესაბამისად, ბავშვებამდე საკვებად სწორედ აღნიშნული პროდუქტები მიდიოდა (იხ. 21.03.2024წ. სასამართლო სხდომის ოქმი 13:29-13:44სთ).

20. ამრიგად, პალატას დადასტურებულად მიაჩნია 09.11.2022 წელს სალხინოს საბავშვო ბაღში ვადაგასული რძის პროდუქტების შენახვისა და გამოყენების ფაქტები.

21.1. მოცემულ ეტაპზე, პალატა შეაფასებს გამოვლენილი დარღვევისთვის შეფარდებული დისციპლინური ზომის - სამსახურიდან გათავისუფლების პროპორციულობას თავად დარღვევის სიმძიმესთან.

21.2. შრომის სამართალში “Ultima Ratio“ - ს პრინციპი ითხოვს დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნამდე მისი ქმედების შეფასებას მიზეზ-შედეგობრივი თვალსაზრისით, დარღვევასა (გადაცდომას) და გათავისუფლებას შორის ზომიერი ბალანსის დაცულობის შემოწმებას. ნიშანდობლივია, რომ ამავე პრინციპის შესაბამისად, დამსაქმებლის მიერ დარღვევის (გადაცდომის) ჩადენისას გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი ზომები, რომელიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს. შესაბამისად, მიზანშეწონილობის კუთხით, გადაცდომის დროს არჩეული უნდა იქნეს პროპორციული დასჯის მექანიზმი, რაც, შედეგობრივად, გარდა იმისა, რომ დამრღვევს დასჯის, მას და სხვა დასაქმებულებს უფრო ეფექტური შრომის მოტივაციას შეუქმნის (იხ. სუსგ. №ას-416-399-2016, 29.06.2016წ.; №ას-658-2020 04.12.2020წ.).

21.3. პალატა მოიხმობს საკასაციო სასამართლოს სტაბილურ პრაქტიკას, რომლის თანახმადაც, დასაქმებულთა შრომის უფლებების დაცვის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს, დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი დარღვევა შეფასებულ უნდა იქნეს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმის და რაც მთავარია, შედეგობრივი თვალსაზრისით. ამდენად, დამსაქმებელმა, შესაძლოა, დასაქმებულის ქმედება ჩათვალოს კიდეც ვალდებულებათა უხეშ დარღვევად, თუმცა ამგვარი კვალიფიკაციის მართებულობა ექვემდებარება სასამართლო კონტროლს (იხ. სუსგ. №ას-468-2021, 23.09.2022წ.).

21.4. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გადაცდომის სიმძიმე ყველა ცალკეულ შემთხვევაში შესაფასებელი კატეგორიაა და ამ თვალსაზრისით, ძალზედ მნიშვნელოვანია პირთა წრე, რომელთა მიმართაც გადაცდომის შედეგები შესაძლოა, რომ დადგეს. განსახილველ შემთხვევაში, საბავშვო ბაღში აღმოჩენილი ვადაგასული რძის პროდუქტების საბოლოო მიმღებნი საბავშო ბაღის მცირეწლოვანი აღსაზრდელები იყვნენ - ე.ი. სწორედ ის პირები, რომლებსაც, პრაქტიკულად, არ გააჩნიათ საჭირო უნარები ვარგისი პროდუქტის უვარგისისგან განსასხვავებლად ან მის მოხმარებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად, არამედ, საკვები პროდუქტის უსაფრთხოებისა და სარგებლიანობის კრიტერიუმებით შეფასება სრულად არის დამოკიდებული მათზე მზრუნველობის განმახორციელებელ პირებზე, შესაბამისად, გადაცდომის სიმძმის შეფასებისა და იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხის განსასაზღვრად, რომლებიც უსაფრთხო საკვების მიწოდების ვალდებულების დარღვევის შედეგად საფრთხეს უქმნიან ბავშვთა ჯანმრთელობის უფლებას, სახელმძღვანელოა სწორედ ბავშვთა უფლებების მარეგულირებელი კანონმდებლობა და სააპელაციო პალატამ სრულად მართებულად მოიხმო ნორმები როგორც ბავშვის უფლებათა კონვენციიდან, ისე ბავშვის უფლებათა კოდექსიდან. დასახელებულ ნორმებს ჩადენილი გადაცდომის სიმძიმის წარმოჩენის ფუნქცია აქვს, შესაბამისად, უსაფუძვლოა საკასაციო საჩივრის პრეტენზიის ის ნაწილი, რომლის თანახმადაც, სასამართლომ ბავშვის უფლებათა მარეგულირებელი კანონმდებლობის გამოყენებით თითქოს დაარღვია ნორმატიულ აქტებს შორის იერარქია და ორგანულ კანონ „შრომის კოდექსთან“ შედარებით უპირატესობა მიანიჭა მასზე უფრო დაბალი რანგის ბავშვის უფლებათა კოდექსს.

21.5. იმ საკითხის შესაფასებლად, თუ რამდენად წარმოადგენს ვადაგასული პროდუქტების შენახვა და ბავშვთა კვებაში გამოყენება საბავშვო ბაღის უფროსის დისციპლინური პასუხისმგებლობის საგანს, პალატა მოიხმობს ა.(ა).ი.პ. „მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრი“-ს დირექტორის 2019 წლის 14 მაისის №39 ბრძანებას, რომლის შინაარსიც ფორმულირებულია შემდეგნაირად: 1. გამკაცრდა ცენტრში შემავალი საბავშვო ბაღების თითოეული უფროსის მიმართ დაკისრებული პასუხისმგებლობა მიღებული პროდუქტის ხარისხზე, რაოდენობაზე (წონაზე), ვარგისიანობის ვადასა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნის შესაბამისობაზე; ამავე ბრძანებით განისაზღვრა, რომ 2. უსაფრთხოების დაცვის მიზნით გამკაცრდა სურსათის/პროდუქტის ტექნიკურ დოკუმენტაციასთან შეუსაბამობის, შენახვის პროცესის (ვადაგასული, უვარგისი, გამოუყენებადი) და წონასთან დაკავშირებული დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებიც და ასეთ შემთხვევაში, გატარდებოდა საყვედურის/ფულადი სანქციის/ჩამოქვეითების, ხოლო საფრთხის შემთხვევაში, განთავისუფლების/ხელშეკრულების შეწყვეტის ღონისძიებები. აღნიშნული ბრძანების შინაარსის გაცნობა ხელმოწერით დადასტურებული აქვს მოსარჩელე ვ.მ–იას (ს.ფ 62-63).

21.6. ამრიგად, საკვები პროდუქტების ხარისხზე, რაოდენობაზე, ვარგისიანობასა და უვნებლობაზე პასუხისმგებელ პირად დამსაქმებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განსაზღვრა სწორედ საბავშვო ბაღების უფროსები, რის შესახებაც ინფორმაციის მიღება ხელმოწერით დაადასტურა მოსარჩელემ. ამრიგად, პალატის განსჯით, საკვები პროდუქტის ვარგისიანობის კონტროლი საბავშვო ბაღის უფროსის უშუალო ვალდებულებას წარმოადგენდა, რაც საქმის მასალებით დგინდება, რომ არ შეუსრულებია.

21.7. დასახელებული ბრძანებით განსაზღვრულია, რომ პროდუქტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვალდებულების იმგვარ რღვევას, რომელიც დააფუძნებდა საფრთხეს, პასუხისმგებლობის ზომად მოჰყვებოდა პასუხისმგებელი პირის სამსახურიდან გათავისუფლება.

21.8. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ ვადაგასული რძის პროდუქტების საბავშვო ბაღის მცირეწლოვან აღსაზრდელთა გამოსაკვებად გამოყენება აფუძნებს ბავშვთა ჯანმრთელობისთვის ხელყოფის რეალურ რისკებს და იმის მიუხედავად, დადგება თუ არა კონკრეტული უარყოფითი შედეგი, თავად დარღვევა იმდენად მძიმეა, რომ საჭიროებს უმკაცრეს რეაგირებას.

21.9. საკასაციო პალატა ყურადღების მიღმა ვერ დატოვებს კასატორის მიერ მოპასუხე ცენტრის დირექტორის სახელზე დაწერილი ახსნა-განმარტების იმ ნაწილს, რომელშიც ვ.მ–ია ადასტურებს ცენტრის დირექტორისაგან წარსულში არაერთი მითითების მიღებას მასზედ, ვადადამთავრებული პროდუქტი საბავშვო ბაღში არ უნდა შენახულიყო (ს/ფ 55). აღნიშნული განმარტება ნათელყოფს, რომ ზეპირსიტყვიერმა მითითებამ კასატორის მიმართ შედეგი ვერ გამოიღო და სრულად კვლავაც ვერ აცნობიერებს რისკებს, რომლებიც ფუძნდება ვადაგასული პროდუქტების მცირეწლოვანთა კვებაში ჩართვით. ამ მოცემულობაში კი, საკასაციო პალატა მიდის დასკვნამდე, რომ დისციპლინური გადაცდომის საპირწონედ შერჩეული პასუხისმგებლობის ზომა ქმედების სიმძიმის თანაზომიერია და სხვა უფრო მსუბუქი პასუხისმგებლობის ზომა მუშაკს უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევისაკენ ვერ განაწყობდა.

21.10. საკასაციო საჩივარში აპელირებული ის გარემოება, რომ სამსახურიდან გათავისუფლებამდე მოსარჩელეს შესთავაზეს საბავშვო ბაღში მნის თანამდებობაზე დარჩენა, პალატის განსჯით, არ მეტყველებს გამოყენებული ზომის გადაჭარბებულ სიმკაცრეზე. როგორც მნეს, ისე საბავშვო ბაღის უფროსს, საკვები პროდუქტების კონტოლის მოვალეობა აკისრიათ, მაგრამ მათი პასუხისმგებლობის გათანაბრება პალატას დაუშვებლად მიაჩნია. მნე პასუხისმგებელია პროდუქტის მიღებაზე, მარაგის შექმნაზე, ხოლო საბავშვო ბაღის უფროსი - მის გამოსაყენებლად გაცემაზე, ესე იგი, მნის საქმიანობას საბოლოო ზედამხედველობას სწორედ საბავშვო ბაღის ხელმძღვანელი უწევს. ამრიგად, ის გარემოება, რომ მოსარჩელის უნარ-ჩვევები ჩაითვალა მნის პოზიციის შესაფერსად, არ აფუძნებს ვარაუდს, რომ იგი საბავშვო ბაღის უფროსის ვალდებულებებსაც ეფექტიანად გაართმევდა თავს.

22. ამრიგად, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივ დასკვნას მოპასუხე დაწესებულებიდან ვ.მ–იას გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებაზე, რაც საფუძველს აცლის საქართველოს შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული განაცდური ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნას.

23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

24. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის 70%, რაც შეადგენს 210 ლარს.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ.მ–იას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. ვ.მ–იას (პ/ნ .........) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის (საგადახდო დავალება №25126137809, გადახდის თარიღი: 19.12.2024წ, გადამხდელი: გ. ლ. (პ/ნ ...........) გადამხდელის ბანკი: ს.ს. „საქართველოს ბანკი“) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი