№ას-881-2025 16 ოქტომბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, თეა ძიმისტარაშვილი
კასატორები – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (მოასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ ი–ი“ (მოსარჩელე)
მესამე პირი (მოსარჩელის მხარეს) დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - შპს „მ–ბა“, შპს „ვ–ი“
თავდაპირველი მოპასუხე - ი.კ–ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 18 თებერვლის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს „ი–მა“ (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა (შემდეგში: მოპასუხეები, კასატორები) და ი.კ–ის (შემდეგში: თავდაპირველი მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთი 61204 კვ.მ. მდებარე, საგარეჯოს რაიონი, სოფელ .......... (ყოფილი პიონერთა ბანაკი), ს/კ ........) სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ ი.კ–ის 2012 წლის 17 აგვისტოს განცხადებისა და 2012 წლის 20 აგვისტოს N05/17877 მომართვის ბათილად ცნობა და უძრავი ქონების - 60 089 კვ.მ., მდებარე მუნიციპალიტეტი საგარეჯო, ადმინისტრაციული ერთეული ნინოწმინდა, კვარტალი .., ბლოკი .., ნაკვეთი .., საკადასტრო კოდი: ...... მესაკუთრედ შპს „ი–ის“ ცნობა.
1.1. სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით მოპასუხეებმა - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სარჩელი არ ცნეს.
1.2. მოპასუხე ი.კ–მა სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო.
1.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 09 მარტის განჩინებით მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ჩაებნენ მოპასუხის მხარეს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ხოლო მოსარჩელის მხარეს შპს „მ–ბა“ და შპს „ვ–ი“.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 01 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 07 მარტის გადაწყვეტილებით, (1). შპს „ი–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა: (1.1). უძრავი ქონების მესაკუთრედ 60 089 კვ.მ. ფართზე - მდებარე მუნიციპალიტეტი საგარეჯო, ადმინისტრაციული ერთეული ნინოწმინდა, კვარტალი .., ბლოკი ..., ნაკვეთი ..., საკადასტრო კოდი: ..... ცნობილი იქნა შპს „ი–ი“.
3. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის ნაწილობრივი გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი ი.კ–ის 2012 წლის 17 აგვისტოს განცხადება უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთი 61204 კვ.მ მდებარე საგარეჯოს რაიონის სოფელ ..... (ყოფილი პიონერთა ბანაკი), საკადასტრო კოდი #.....) სახელმწიფოსთვის გადაცემის შესახებ. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
3.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ ბათილად იქნა ცნობილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2012 წლის 20 აგვისტოს N05/17877 მიმართვა, ხსენებული გადაწყვეტილებების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, შპს „ი–ის“ განცხადების საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაუქმდა რეგისტრაცია - უძრავ ქონებაზე სახელმწიფო საკუთრების უფლება საკადასტრო კოდზე ..... და ამასთანავე შპს „ი–მა“ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება დაირეგისტრირა მითითებულ უძრავ ქონებაზე (მიწის ნაკვეთზე) მდებარე 29 (ოცდაცხრა) საკადასტრო ერთეულ შენობა-ნაგებობაზე.
3.3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან წარმოდგენილი 2023 წლის 10 აგვისტოს ინფორმაციით, დადგენილია, რომ უძრავი ნივთზე მდებარე რაიონი საგარეჯო, სოფელი ....., საკადასტრო კოდი: ........, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 61204.00 კვ.მ., შენობა-ნაგებობები: N01/4 საცხოვრებელი გაშენების ფართი 687კვ.მ. N02/1 საკონფერენციო - 1056 კვ.მ. N03/1 სასადილო 726 კვ.მ. N04/2, კანტორა - 207კვ.მ. N05/1სააბაზანო - 321კვ.მ. N06/1 საქვაბე - 167კვ.მ. 2018 წლის 02 ნოემბერს მიღებულია რეგისტრაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება N892018934267, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: გადაწყვეტილება, N3/2406-15, გაფორმების თარიღი: 23/12/2016, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია, განჩინება, N3ბ/293-17, გაფორმების თარიღი: 27/02/2018, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა, განჩინება, Nბს-692- 692(კ-18), გაფორმების თარიღი: 20/09/2018, საქართველოს უზენაესი სასამართლო. უძრავი ნივთზე მდებარე მუნიციპალიტეტი საგარეჯო, ადმინისტრაციული ერთეული ნინოწმინდა, კვარტალი .., ბლოკი ..., ნაკვეთი ..., საკადასტრო კოდი: ..., ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 60089.00 კვ.მ. რეგისტრირებულია სახელმწიფოს (საიდენტიფიკაციო ნომერი: ....) და თანამესაკუთრეების თანასაკუთრების უფლება. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: სარეგისტრაციო ბლოკის გეგმა N203.55.13.55.006.02, მიწის ნაკვეთზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად. .... და ..... საკადასტრო კოდები წარმოადგენს ერთი და იგივე უძრავ ქონებას. საჯარო რეესტრის ინფორმაციის მიხედვით .... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთის ფართობი შენობების გამოკლებით შეადგენს 58040 კვ.მ.
3.4. მოსარჩელემ 2023 წლის 03 აგვისტოს, დამატებითი განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომლითაც მოითხოვა ინფორმაცია უძრავ ქონებაში - საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, ნინოწმინდა, კვარტალი .., ბლოკი ..., ნაკვეთი ..., ს/კოდით ...., ნაკვეთის დაზუსტებული ფართობი 60 089 კვ.მ., რომელზეც რეგისტრირებულია სახელმწიფოს და თანამესაკუთრეების საკუთრების უფლება, თანამესაკუთრეების საკუთრების უფლებაში იგულისხმება თუ არა შპს „ი–ი“ (ს/ნ ....), რომლის სახელზეც საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია შენობა - ნაგებობები 29 (ოცდაცხრა) საკადასტრო ერთეულზე (ჩამოთვლილია ყველა საკადასტრო ერთეულის საკადასტრო კოდი). მოსარჩელემ ასევე მოითხოვა ინფორმაცია - ზემოაღნიშნულ 60 089 კვ.მ ფართში - შედის თუ არა მითითებული შენობა-ნაგებობების ფართი (განაშენიანების ფართი) სულ 6863 კვ.მ და რამდენს შეადგენს მიწის ფართი ამ უძრავ ქონებაზე (ს.კ. .....) შენობა ნაგებობების (განაშენებიანების) ფართის გამოკლებით. საჯარო რეესტრიდან ინფორმაცია წარმოდგენილია სიტუაციური ნახაზის სახით, მითითებულია, რომ ..... ს/კოდზე რეგისტრირებულია მხოლოდ ნაკვეთი, შენობების გარეშე - 60089 კვ.მ წერილში მითითებული 29 შენობა მდებარეობს ცალ-ცალკე ნაკვეთზე აღნიშნული 29 შენობის ფართობი არ შედის ...... კოდით რეგისტრირებული ნაკვეთის ფართობში.
3.5. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მიწის ნაკვეთები (..... და ......) წარმოადგენენ ერთი და იგივე უძრავ ქონებას და ამ მიწის ნაკვეთის ახალი კონფიგურაციით ფართობი შედგენს 60 089 კვ.მ ფართობს. კონკრეტულ შემთხვევაში აღსანიშნავია, რომ სახელმწიფომ ხელახლა დაარეგისტრირა სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება, საჯარო რეესტრის კორესპოდენციით (სიტუაციური ნახაზით) დგინდება, რომ ს/კ ....., რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ფაქტობრივად მდებარეობს შპს „ი–ის“ საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები, ხსენებული დოკუმენტით დგინდება, რომ 29 შენობის ფართი არ შედის ს/კოდით ..... რეგისტრირებულ ნაკვეთის ფართობში, ანუ მათი განაშენიანების ფართი არ უნდა გამოაკლდეს ...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის ფართობს.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 07 მარტის გადაწყვეტილება და 2023 წლის 01 დეკემბრის განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტაზე უარის თქმის შესახებ, სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სამართლებრივი დასაბუთება:
6.1. პალატის მითითებით, მოპასუხეთა შედავება უძრავი ქონების - 60 089 კვ.მ., მდებარე მუნიციპალიტეტი საგარეჯო, ადმინისტრაციული ერთეული ნინოწმინდა, კვარტალი ..., ბლოკი ..., ნაკვეთი ..., საკადასტრო კოდი: .... მესაკუთრედ შპს „ი–ის“ ცნობისადმი ემყარებოდა იმ გარემოებას, რომ შპს „ი–ი“ არ წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს და შესაბამისად მასზე პრეტენზიის მქონე სუბიექტს. პალატამ განმარტა, რომ უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებზე დაყრდნობით ქონების საკუთრებაში დაბრუნების თაობაზე მოთხოვნისას, მოსარჩელემ გარდა იმისა, რომ უნდა დაადასტუროს მოპასუხის მიერ ქონების უსაფუძვლოდ მიღება, ასევე შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენით უნდა ამტკიცოს, რომ იგი წარმოადგენს ამ ქონებაზე უფლებამოსილ პირს, კერძოდ მის მესაკუთრეს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებითა და კანონიერ ძალაში შესული ნაწილობრივი გადაწყვეტილებით დადგენილი იყო, რომ 1998 წლის 17 ნოემბერს შპს „მ–ას“ მიერ შპს „მ–ბასა“ და შპს „ვ–ისაგან“ შეძენილი იქნა მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობები, მდებარე საგარეჯოს რაიონის სოფელ ........ (ყოფილი პიონერთა ბანაკი), საკადასტრო კოდი №...... უძრავ ქონებაზე ირიცხებოდა შპს „მ–ბასა“ და შპს „ვ–ის“ საკუთრების უფლება. 2005 წლის 13 ივნისის რუსთავის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით შპს „მ–ა“ შეერწყა შპს „ი–ს“ და შპს „ი–ი“ წარმოადგენს შპს „მ–ას“ უფლებამონაცვლეს.
6.2. რაც შეეხება შპს „ი–ს“, როგორც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნაზე უფლებამოსილ პირს, პალატამ ყურადღება გაამხვილა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 21 ივლისის კანონიერ ძალაში შესული ნაწილობრივი გადაწყვეტილებისა და იმავე გადაწყვეტილებაზე მიღებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 9 სექტემბრის განჩინების მოტივაციაზე, სადაც განმარტებულია შემდეგი - „სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ შპს „მ–ას“ 2005 წლის 13 ივნისს შპს „ი–თან“ შერწყმის დროს გააჩნდა 1998 წლის 17 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება, რაც შერწყმის შედეგად გადავიდა შპს „ი–ზე“. შესაბამისად, საგარეჯოს რაიონის სოფ. ნინოწმინდაში მდებარე სადავო უძრავი ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ ი.კ–ის განცხადების ბათილად ცნობის მიმართ მოსარჩელის იურიდიული ინტერესი ნამდვილია.“
6.3. პალატამ მიიჩნია, რომ საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 9 სექტემბრის განჩინებაში მოყვანილი დასკვნა, რომ შპს „ი–ს“ აქვს ნამდვილი იურიდიული ინტერესი სარჩელის მიმართ და ამასთან, როგორც შპს „მ–ას“ უფლებამონაცვლეს, აქვს 1998 წლის 17 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება, წარმოადგენს პრეიუდიციული ძალის მქონე ფაქტს, რომელიც დადგენილია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით და რომლის ხელახალი შეფასების საშუალება სასამართლოს არ გააჩნია, რა თქმა უნდა გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხდება საქმის წარმოების განახლება, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ გვქონია.
6.4. პალატამ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ მოპასუხე მხარის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში/შესაგებელში შედავებული არ ყოფილა მიწის ფართობის კორექტირების საკითხი/კონფიგურაციის ცვლილება, შედავებული იყო მხოლოდ მოსარჩელე მხარის იურიდიული ინტერესი მოცემული დავისადმი, რაზეც იმსჯელა პალატამ და მოპასუხეთა პოზიცია არ გაიზიარა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ აპელაციის სტადიაზე სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას, ემსჯელა და გამოეკვლია მიწის ფართობის ცდომილების/ცვლილების თაობაზე წადგენილი შედავება.
6.5. აპელანტი მხარის მიერ გასაჩივრებულ საოქმო განჩინებასთან მიმართებით, პალატამ აღნიშნა, რომ უსაფუძვლო იყო აპელანტის მითითება, რომ მესაკუთრედ ცნობა უძრავ ქონებაზე მხოლოდ კონკრეტული კანონის საფუძველზე და მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე უნდა განხორციელებულიყო. პალატამ მიუთითა, რო შპს „ი–ის“ საქმე განხილულ იქნა როგორც სამოქალაქო საქმეთა, ისე ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიებში განსხვავებული სასარჩელო მოთხოვნებიდან გამომდინარე, მათი განსჯადობის გათვალისწინებით. საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე წარმოშობილა უწყებრივი ქვემდებარეობის ეჭვქვეშ დაყენების საკითხი და იგი არც მოცემულ მოთხოვნასთან მიმართებით იყო საეჭვო, ვინაიდან უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნა არსებითად განსახილველია სასამართლოს მიერ და მას უწყებრივად ექვემდებარება. აღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფუძვლოდ მიიჩნია, მოსარჩელის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 18 თებერვლის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
8. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
8.1. კასატორი არ იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ სადავო უძრავ ქონებაზე განხორციელებული ტრანზაქცია, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს წარმოეშვა საკუთრების უფლება, უარყოფილია და შესაბამისად, სახეზეა კონდიქციური ვალდებულების მნიშვნელოვანი ელემენტი, რაც უსაფუძვლოდ ქონების მიღებაში ვლინდება. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული მსჯელობა მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძველს, ვინაიდან, სახელმწიფოს სადავო უძრავ ნივთზე უფლება იმთავითვე გააჩნდა და უფლების წარმომშობ დოკუმენტად ი.კ–ის 2012 წლის 17 აგვისტოს განცხადების მიჩნევა, არასწორია. იმ მოცემულობაში, როდესაც მიწა წარმოადგენდა სახელმწიფო ფლობის ობიექტს და შეუძლებელი იყო მისი კერძო პირისათვის გადაცემა, უსაფუძვლოა მიჩნეულ იქნეს, რომ შპს „ი–ს“, გარდა 29 ერთეული შენობა-ნაგებობისა, გააჩნია უფლება მიწის ნაკვეთზეც.
9. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
9.1. კასატორი მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი არ გააჩნდა და მის მიერ საკუთრების უფლების მოპოვება, არსებული საკანონდებლო მოწესრიგებიდან გამომდინარე შეუძლებელი იყო.
9.2. განსახილველი საქმის სასარჩელო მოთხოვნის გათვალისწინებით, მესაკუთრედ ცნობაზე მოთხოვნა შეიძლება წარდგენილ იქნეს მხოლოდ საჯარო რეესტრის მიმართ და აღნიშნული ვერ იქნება განხილული სასამართლოს მიერ, მითუმეტეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. ყოველივე აღნიშნული კი, საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენდა.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 03 ივლისის განჩინებებით, სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
11. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
14. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
15. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანია ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების მართლზომიერება.
16. სასარჩელო მოთხოვნა, ქონების საკუთრებაში გადაცემის თაობაზე გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილიდან (მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას) და 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში). პალატა განმარტავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების წესები მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებად გვევლინება მხოლოდ მაშინ, როდესაც სასამართლო, მოვლენათა დინამიკის გათვალისწინებით, დაასკვნის, რომ გამორიცხულია სხვა უფრო სპეციალური ნორმის გამოყენება (მაგ: პოსესორული ან ვინდიკაციური სარჩელები (სანივთო სამართალი), სარჩელი ვალდებულების შესრულების შესახებ (როგორც პირველადი, ისე _ მეორადი მოთხოვნები) და სხვა) - (იხ. სუსგ-ები: Nას-774-723-2017, 11.10.2017 წ.; N ას-794-794-2018, 11.09.2018; N ას-1021-2019, 20.12.2019წ.; №ას-461-2023 21.07.2023წ.). საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის თანახმად, სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით რეგულირებულია ე.წ. „შესრულების კონდიქცია“ და ამგვარი სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელემ უნდა მიუთითოს სამართლებრივი სიკეთის გადაცემის ფაქტზე, ასევე მხარეთა შორის ვალდებულების არარსებობაზე (იხ. სუსგ №ას-653-621-2013, 27.04.2015 წ.). ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გამოყენება ხდება მოთხოვნის სხვა საფუძვლებთან სუბსიდიურად, რაც იმას ნიშნავს, რომ, თუ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის შესაძლო დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი (მოთხოვნათა კონკურენცია), უსაფუძვლო გამდიდრების სამართლის ნორმების, როგორც მოთხოვნის საფუძვლის, გამოყენება ბოლოს უნდა განხორციელდეს ანუ მას შემდეგ, რაც გამოირიცხება მოთხოვნის დაკმაყოფილება სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძვლებიდან (იხ. სუსგ №ას-1249-1269-2011, 04.04.2012 წ.). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების (რომელშიც უნდა ვიგულისხმოთ უფლების ან გარკვეული შეღავათის, უპირატესობის) ამოღება, რითაც უნდა უზრუნველყოფილ იქნეს სამართლიანობის აღდგენა ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უფლების, უპირატესობის მიღებამდე”... უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, რათა უზრუნველჰყოს არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღება და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემა. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი – მიიღო თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია – ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას“ (იხ. სუსგ N ას-390-390-2018, 15.05.2018 წ). „კონდიქციური ვალდებულების არსებობისას, არ გაითვალისწინება არც კონტრაჰენტის კეთილსინდისიერება და არც ბრალეულობა. ამ ვალდებულების მიზანი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გადანაცვლებულ მატერიალურ/არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეთა ისე აღდგენაა, რომელიც იარსებებდა, რომ არ შექმნილიყო კონდიქციური ვალდებულების მახასიათებელი წინაპირობები. ქონებრივი წონასწორობის აღდგენის მიზნით, კანონი “განსაზღვრავს უსაფუძვლოდ გადაცემულის დაბრუნებას, რათა ხელი შეეწყოს სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას და ბრუნვის მონაწილე რომელიმე მხარე იმგვარ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს, რომელსაც სამართლებრივი წინაპირობები გამდიდრების ეტაპზე არ გააჩნია“ (ახალაძე მ., უსაფუძვლო გამდიდრება 2015-2018 წლის პირველი ნახევარი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გამომცემლობა, თბილისი, 2019, 32 ).
17. კასატორები სადავოდ ხდიან სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობების არსებობას იმ მიზეზით, რომ ხელშეკრულების დადებისას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მიწა წარმოადგენდა სახელმწიფო ფლობის ობიექტს და შეუძლებელი იყო მისი კერძო პირისათვის გადაცემა, შესაბამისად, კასატორების მოსაზრებით, საფუძველს მოკლებულია სასამართლოს მსჯელობა, რომ შპს „ი–ს“, გარდა 29 ერთეული შენობა-ნაგებობისა, გააჩნია უფლება მიწის ნაკვეთზეც.
18. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორების შედავებას და ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ დასაბუთებას სადავო საკითხზე. პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება პრეიუდიციული ფაქტების მნიშვნელობასა და მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებაზე.
19. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს დადგენილება, რომლითაც საქმე წყდება არსებითად, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილების ფორმით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი იცნობს არსებითად საქმის გადაწყვეტისას მიღებულ დადგენილების სხვადასხვა სახეებს, როგორებიცაა მაგალითად საბოლოო გადაწყვეტილება (სსსკ-ის 243-ე მუხლი), ნაწილობრივი გადაწყვეტილება (სსსკ-ის 245-ე მუხლი), წინასწარი (შუალედური) გადაწყვეტილება (სსსკ-ის 246-ე მუხლი), დამატებითი გადაწყვეტილება (სსსკ-ის 261-ე მუხლი) და განსახილველი საქმის მიზნებისთვის - დაუსწრებელი გადაწყვეტილება (სსსკ-ის 229-ე მუხლი). აღნიშნულ გადაწყვეტილებათა მთავარი განსხვავება დამოკიდებულია საქმის პროცესუალურ განვითარებაზე და გამოიყენება სწორედ შესაბამისი პროცესუალური გარემოებების საფუძველზე.
20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 245-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ერთ სარჩელში გაერთიანებული რამდენიმე მოთხოვნიდან, აგრეთვე რამდენიმე მოსარჩელის მიერ ან რამდენიმე მოპასუხის მიმართ წარდგენილი მოთხოვნებიდან ერთ-ერთი გარკვეულია და მომზადებულია გადაწყვეტილების გამოსატანად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით გამოიტანოს ნაწილობრივი გადაწყვეტილება ამ მოთხოვნის მიმართ. იმავე კოდექსის 266-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი.
21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ. გადაწყვეტილების პრეიუდიციულობა ორმხრივ სავალდებულო აკრძალვას გულისხმობს, რომელიც კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი და დადასტურებული ფაქტების სხვაგვარად შეფასებას უკრძალავს სასამართლოს, ხოლო საქმეში მონაწილე პირებს - ამავე გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებთან და სამართლებრივ ურთიერთობებთან შედავებას, თუ სხვა საქმეში იგივე პირები ან მათი უფლებამონაცვლეები მონაწილეობენ. სამოქალაქო საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს აქვთ პრეიუდიციული მნიშვნელობა და ისინი აღარ უნდა დამტკიცდეს ხელახლა სხვა სამოქალაქო საქმის განხილვისას, რომელშიც იგივე მხარეები მონაწილეობენ.
22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტის პრეიუდიციულობის შემოწმებისას მნიშვნელობა ენიჭება ასევე ამ გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივი გარემოების შინაარსს - კერძოდ, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები უნდა ამართლებდეს ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს, ანუ განსაზღვრავდეს მხარის მატერიალურ-სამართლებრივ უფლებებსა და ვალდებულებებს, რაც საფუძვლად დაედო გადაწყვეტილების გამოტანას. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ პრეიუდიციული მნიშვნელობის ფაქტები შეუდავებელი ფაქტებია და სასამართლო არ არის უფლებამოსილი, სხვა დავაში მხედველობაში მიიღოს ამ ფაქტების წინააღმდეგ წარდგენილი შედავება, აღნიშნულს მოწმობს სსსკ-ის 266-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი (იხ. სუსგ-ები: Nას-547-510-2017 , 04.05.2018წ; N ას-15-2020, 11.03.2021წ; N ას-456-2020, 11.11.2022წ.).
23. მოცემულ შემთხვევაში, კანონიერ ძალაში შესული ნაწილობრივი გადაწყვეტილებით და მის თაობაზე სააპელაციო და საკასაციო სასამართლოების მიერ მიღებული განჩინებებით შეფასებულია მოპასუხეთა ის შედავებები, რაც წინამდებარე სააპელაციო და საკასაციო საჩივრებშია წარმოდგენილი და ცალსახად დადგენილია, რომ შპს „მ–ბის“ და შპს „ვ–ის“ სახელზე ირიცხებოდა საკუთრების უფლება სადავო უძრავ ქონებაზე და აღნიშნული რეგისტრირებული უფლების საფუძველზე მოახდინეს მათ უძრავი ქონების რეალიზაცია. შპს „მ–ბასა“ და შპს „ვ–ზე“ საკუთრების უფლება რეგისტრირებული იყო, კერძოდ დადგენილია ამ უფლების რეგისტრაციის ფაქტი - საგარეჯოს ტექ. აღრიცხვის და ინვენტარიზაციის ბიუროს ცნობით. შესაბამისად, სასამართლოების მიერ არ არის გაზიარებული მოპასუხეთა შედავება ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობასთან მიმართებით და ცალსახად დადგენილია შპს „ი–ის“ უფლება სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარებისა და მისი რეგისტრაციის მოთხოვნის თაობაზე. ამდენად, განსახილველი დავის ფარგლებში 1998 წლის 17 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობა შეფასების საგანს აღარ წარმოადგენს, რაც თავის მხრივ კასატორების პრეტენზიას აცლის საფუძველს. პალატა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ გამოკვეთილია კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და მიმდინარე დავის განმხილველ სასამართლოს არ აქვს უფლება, პრეიუდიციულად ცნობილი ფაქტები ხელმეორედ შეისწავლოს და ამით ხელყოს იურიდიულად ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების ფორმალური და მატერიალური ან/და სუბიექტური და ობიექტური მოქმედების ფარგლები.
24. რაც შეეხება კასატორების პრეტენზიას უძრავი ქონების მესაკუთრედ 60 089 კვ.მ. ფართზე - მდებარე მუნიციპალიტეტი საგარეჯო, ადმინისტრაციული ერთეული ნინოწმინდა, კვარტალი .., ბლოკი ..., ნაკვეთი ..., საკადასტრო კოდი: ...... შპს „ი–ის“ ცნობასთან დაკავშირებით, ამ მიმართებით, საკასაციო პალატა პირველ რიგში განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოპასუხის მხოლოდ ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (სუსგ №ას-1465-2020, 18.03.2021წ., პ. 48). მხარეებს მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი თანაბრად ეკისრებათ.
25. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, საკასაციო პალატა ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ მოსარჩელემ, სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი სადავო გარემოებების მტკიცების სტანდარტის დაცვით, უზრუნველყო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების - სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობის წინაპირობების არსებობის დადასტურება, ხოლო, მოპასუხეებმა, მტკიცების ტვირთის შებრუნებისა და კვალიფიციური შედავების პირობებში, ვერ შეძლეს სასარჩელო მოთხოვნის მართლზომიერების გამორიცხვა.
26. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხეეებს (კასატორებს), მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების გასაქარწყლებლად, თავად უნდა წარმოედგინათ საპირისპირო გარემოების დამადასტურებელი რელევანტური მტკიცებულება ან დამაჯერებელი არგუმენტებით შედავებოდნენა მათ. თუმცა, კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზება დამაჯერებელი/სარწმუნო არგუმენტებითა და მტკიცებულებებით, მოპასუხეებმა ვერ შეძლეს. საკასაციო პალატა პირველ რიგში ყურადღებას გაამახვილებს იმაზე, რომ შესაგებელი, როგორც მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება, მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამოქალაქო სამართალწარმოებაში. მასში ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი, ასევე, დისპოზიციურობის (სსსკ-ის მე-3 მუხლი) პრინციპის ერთგვარი გამოხატულებაა, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. საპროცესო ავტონომიის ფარგლებში მოპასუხის გადასაწყვეტია, ცნობს თუ არა სარჩელს, დაასრულებს თუ არა საქმეს მორიგებით ან რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს, რაც გარკვეულწილად დავასა და სარჩელში მითითებულ გარემოებებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. შესაბამისად, სარჩელის წარმატება იმაზეა დამოკიდებული, რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე სარჩელისაგან. შესაგებლის შინაარსიდან უნდა მიხვდეს მოსამართლე, რომელია უდავო და რომელია სადავო მტკიცების საგანში შემავალი ფაქტები. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული (კვალიფიციური) შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება. შესაგებელში სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეებს შესაგებელი წარმოდგენილი აქვთ, თუმცა, საგულისხმოა წარმოდგენილი შესაგებლის შინაარსობრივი მხარე. შესაგებლით მოპასუხეები სადავოდ ხდიდნენ იმ ფქტობრივ გარემოებებს, რაც სასამართლოებმა პრეიუდიციულად დადგენილად მიიჩნიეს და მათი ხელახლა კვლევის შეუძლებლობაზე მიუთითეს, ხოლო სადავო მიწის ფართობის კორექტირების/კონფიგურაციის ცვლილების საკითხი წარმოდგენილი შესაგებლებით მოპასუხეებს სადავოდ არ გაუხდიათ და არათუ დასაშვები მტკიცებულება არ წარუდგენიათ სასამართლოსთვის, არამედ, ისეთ გარემოებაზეც არ მიუთითებიათ, რაც მათი პოზიციის სისწორეს დაადასტურებდა და სასარჩელო მოთხოვნის განხორციელებას შეუშლიდა ხელს. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ, მითითებულ სასარჩელო მოთხოვნაზე მოპასუხეთა არაკვალიფიციური შედავების შედეგად, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებულად მიჩნევას.
27. პალატა მიუთითებს სსსკ-ის 219-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარეები შეზღუდული არიან ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ ამის შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით ვერ განაცხადეს. ზემოაღნიშნული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ მოპასუხე შეზღუდულია შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით და მას არ აქვს უფლება შემდგომში, საქმის არსებითად (მთავარ სხდომაზე) განხილვის დროს ან სააპელაციო და საკასაციო ინსტანციაში საქმის განხილვისას სადავოდ გახადოს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა თაობაზეც შესაგებელში მითითებული არ ჰქონია. განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, სასამართლოში წარდგენილი შესაგებლებით მოპასუხე მხარეებს (კასატორებს) მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის დასადასტურებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები, თავისი პასიური მოქმედებით, პრაქტიკულად სადავოდ არ გაუხდიათ. შესაბამისად, სააპელაციო და შემდგომ უკვე საკასაციო ინსტანციის სასამართლოში მოპასუხეებმა დაკარგეს აღნიშნულ საკითხზე შედავების საპროცესო უფლება. ამდენად, იმ გარემოებასთან ერთობლიობაში შეფასებით, რომ მოპასუხეებს სადავოდ არ გაუხდიათ მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებდა სარჩელის საფუძვლიანობას.
28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელისა და მოპასუხის სტადიებზე წარდგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ერთობლივად შესწავლისა და გაანალიზების გზით, სავსებით დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო, რომლის საკასაციო წესით გასაჩივრებისას, მოპასუხეებმა ვერ დაძლიეს მასში ასახული მსჯელობა/დასკვნები და ვერ გააქარწყლეს ისინი დასაბუთებული საკასაციო შედავებით.
29. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივრებს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
30. კასატორებმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
31. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრების განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
32. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
34. საკასაციო საჩივრის ავტორები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე არჩილ კოჭლამაზაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
თეა ძიმისტარაშვილი