საქმე №ას-248-2025
08 ოქტომბერი, 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „თ.ა.თ.ფ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ფ–ს“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს „ფ–სმა“ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „თ.ა.თ.ფ–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის ფრენის ხანგრძლივი დაგვიანების გამო, კომპენსაციის სახით 800 ევროს ეკვივალენტი ლარის გადახდის დაკისრება.
2. მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 07 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით 800 ევროს ეკვივალენტი ლარის გადახდა, გადახდის დღისათვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით.
4. მოპასუხემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1. მოპასუხის კუთვნილი საჰაერო ხომალდით 2023 წლის 21 მაისს უნდა განხორციელებულიყო მგზავრების - დ.მ–ის და ა.ქ–ის (შემდგომში - „მგზავრები”) გადაყვანა (ტრანსპორტირება) ქალაქ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან (TBS) - სტამბოლი (IST) - ვენეციის (VCE) მიმართულებით (ფრენის ნომერი: TK387-TK1867). რეისი TK387 თბილისი (TBS) - სტამბოლი (IST) არ შესრულდა დადგენილ დროს და განსაზღვრული გრაფიკით, კერძოდ, 47 წუთზე მეტი დროით დაგვიანებამ გამოიწვია დამაკავშირებელი ფრენის TK1867 სტამბოლი (IST) - ვენეციის (VCE) გამოტოვება, რამაც, თავის მხრივ, გამოიწვია მგზავრების საბოლოო დანიშნულების ადგილზე 4 (ოთხი) საათზე მეტი დაგვიანება. მგზავრებისთვის არ მიუციათ ახსნა - განმარტება თუ რის საფუძველზე გადაიდო რეისი TK387;
6.2. საბოლოო დანიშნულების ადგილამდე ფრენის დაგვიანების ხანგრძლივობა იყო 4 (ოთხი) საათზე მეტი, ხოლო ფრენის დისტანცია აეროპორტებს შორის 1500 კილომეტრზე მეტი და 3500 კილომეტრზე ნაკლები, ფრენა დასრულდა TK1871 რეისით;
6.3. ა.ქ–მა 2023 წლის 31 მაისს, ხოლო დ.მ–მა 2023 წლის 05 ივნისს კომპენსაციის მიღების უფლება, შესაბამისი მოთხოვნის დათმობის (ცესია) დოკუმენტით, გადასცეს მოსარჩელეს;
6.4. მოსარჩელემ მიწერა მოპასუხეს კომპენსაციასთან დაკავშირებით, რაზეც 2023 წლის 17 ივნისს მისგან მიიღო პასუხი, რომ ფრენის დაგვიანება გამოიწვია მათ კონტროლს მიღმა მიზეზებმა, კერძოდ: ძრავაში შესულმა უცხო ნივთმა, ფრინველის დაჯახებამ და იმ ფაქტმა, რომ წინა რეისს 10 წუთით დააგვიანდა.
7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, „საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის, ფრენის გაუქმების ან ხანგრძლივი დაგვიანების შემთხვევაში მგზავრებისთვის კომპენსაციის გაცემისა და დახმარების აღმოჩენის წესის“ 5.2 მუხლის თანახმად, ავიაგადამზიდველს/მომსახურე ავიაგადამზიდველს არ დაეკისრება ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებული კომპენსაციის გადახდის ვალდებულება, თუ ის დაამტკიცებს, რომ ფრენის გაუქმება გამოწვეული იყო განსაკუთრებული ვითარებით, რომლის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო ყველა საჭირო ზომის მიღების მიუხედავად. განსაკუთრებული ვითარება, ამ წესის მიზნებიდან გამომდინარე, უნდა განიმარტოს, როგორც - ვითარება, როდესაც პოლიტიკურმა არასტაბილურობამ, მეტეოპირობებმა, ფრენის უსაფრთხოებასთან/საავიაციო უშიშროებასთან დაკავშირებულმა მოულოდნელმა რისკებმა, გაფიცვებმა და სხვა მსგავსმა მოვლენებმა, შესაძლოა გავლენა მოახდინოს ავიაგადამზიდველის/მომსახურე ავიაგადამზიდველის საქმიანობაზე და გამოიწვიოს ფრენის დაგვიანება/გაუქმება (იხ. ბრძანების მე-2 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტი). მოცემულ საქმეზე უდავოა საჰაერო ხომალდის მიერ დაფრენის დანიშნული დროის 1 საათით და 1 წუთი გადამეტების ფაქტი, რამაც საბოლოოდ დანიშნულების ადგილამდე მგზავრთა 4 საათის დაგვიანებით ჩასვლა გამოიწვია. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სასამართლოს კვლევის საგანს წარმოადგენდა - არსებობდა თუ არა მომსახურე ავიაგადამზიდის ბრალის გამომრიცხველი გარემოება - ავიაკომპანიისათვის კომპენსაციის დაკისრებამდე უნდა შემოწმებულიყო მიუძღვის თუ არა მოპასუხეს ბრალი ფრენის გაუქმების ან ჩასხდომაზე უარის თქმის ფაქტობრივი მოცემულობის დადგომაში.
8. სააპელაციო პალატის განმარტებით, შესაგებელში/სააპელაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ რეისის დაგვიანების გამომწვევი მიზეზები იყო: 10 წუთი წინა ფრენის დაგვიანება, 08 წუთი ფრინველის დარტყმა და 43 წუთი ძრავაში შესული უცხო ნივთი. საქმეში წარდგენილი 29.12.2023წ. TAV საქართველოს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამეთვალყურეო კოშკურის ინფორმაციის თანახმად, სადავო ფრენის (2023 წლის 21 მაისის TK387) დაგვიანების კოდად მითითებულია შემდეგი: DL93/51/0010/0008, EDL51/0043, DLA93Z/51B/51H. აღნიშნული კოდი იკითხება შემდეგნაირად: 1. DL93/51/0010/0008 კოდიდან: 0010 მიემართება 93-ს და იგულისხმება, რომ თვითმფრინავმა 93-ე მიზეზის გამო დაიგვიანა 10 წუთით, 0008 მიემართება 51-ს და იგულისხმება, რომ 51-ე მიზეზის გამო თვითმფრინავმა დაიგვიანა 08 წუთით; EDL51/0043 კოდიდან: 0043 მიემართება კვლავ 51-ს და იგულისხმება, რომ 51-ე მიზეზის გამო თვითმფრინავმა დაიგვიანა 43 წუთით. გარდა წუთობრივად დაგვიანების დროის მითითებისა, საქმეზე წარდგენილი IATA-ის კოდები ამავე დროს განსაზღვრავს კონკრეტულ დაგვიანების მიზეზებს, ქვეკოდებს. DLA93Z/51B/51H ქვეკოდი გულისხმობს შემდეგს: 1. 93Z მიუთითებს, რომ დაგვიანება გამოწვეული იყო თვითმფრინავის დაგვიანებით ჩამოსვლით წინა სადგურზე მისი გაფრენის დაგვიანების გამო (10 წუთით დაგვიანება); 2. 51B მიუთითებს ფრინველის შეჯახებას (08 წუთით დაგვიანება); 3. 51H მიუთითებს უცხო სხეულით დაზიანებას (43 წუთით დაგვიანება).
9. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე/აპელანტი ფრენის დაგვიანების ერთ-ერთ მიზეზად მიუთითებდა წინა ფრენის დაგვიანებას, თუმცა მას არ წარუდგენია მტკიცებულება იმის შესახებ, რომ წინა ფრენა დაგვიანდა ექსტრაორდინალური გარემოების გამო. ამასთან, აპელანტი მიუთითებს, რომ ჩიტის შეჯახებამ გამოიწვია 08-წუთიანი დაგვიანება, ხოლო 43-წუთიან დაგვიანებაზე კი მიუთითებს უცხო სხეულით დაზიანებას. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული მიზეზები წარმოშობს ავიახომალდის გადაყვანას შესამოწმებლად, თუმცა ამგვარი მტკიცებულება საქმეში არ არსებობს. რაც შეეხება წარდგენილ წერილებს, ისინი წარმოადგენს ერთი მხარის მიერ მითითებული მიზეზების ზოგად ჩამონათვალს, რაც არ არის გამყარებული უფრო რელევანტური და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ ისინი სარწმუნოდ არ მიიჩნია.
10. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხეს/აპელანტს არამარტო საპროცესო შესაძლებლობა, არამედ საპროცესო ვალდებულება ჰქონდა, მის წინააღმდეგ წარდგენილი მოთხოვნა შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენით გაექარწყლებინა, თუმცა განსახილველ შემთხვევაში აპელანტმა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ წარადგინა მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების (ფრენის დაგვიანების შემაფერხებელი გარემოებების არსებობის) დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება, რაც მის მოთხოვნას უსაფუძვლოს ხდის.
11. სააპელაციო სასამართლომ მოიხმო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1, 317.1, 327.1, 668-ე მუხლები, საქართველოს საჰაერო კოდექსის 63-ე, 66-ე მუხლები და განმარტა, რომ საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვა ხორციელდება „კარიდან კარამდე“ პრინციპით, ზუსტი რაოდენობით, ზუსტ ადგილას, ზუსტ დროში და ზუსტი ფასით“ (სატრანსპორტო-საექსპედიტორო საქმიანობის საფუძვლები, საქართველოს ექსპედიტორთა ასოციაცია, 2000წ, გვ. 147), ანუ სამოქალაქო საჰაერო ხომალდის გადაადგილება ხდება რა წინასწარ განსაზღვრულ ადგილას და დროში, მგზავრის გადაყვანის ხელშეკრულების (ბილეთის) ერთ-ერთ არსებით პირობას სწორედ მგზავრის გადაყვანის დრო და ხანგრძლივობა წარმოადგენს. აღნიშნული პირობა არსებითია და ემსახურება, უპირველეს ყოვლისა, მგზავრის - როგორც კომერციული საავიაციო ბაზრის მომხმარებლის, ინტერესების დაცვას (სხვადასხვა მიზეზთა გამო მგზავრს, როგორც წესი, განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია დანიშნულების პუნქტში ჩასვლის დროსთან მიმართებით) და ასევე ზრდის გადამყვანი კომპანიების პასუხისმგებლობას, ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულების თვალსაზრისით.
12. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს საჰაერო კოდექსის 75.1 მუხლით, სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 17.07.2012წ. N122 ბრძანებით დამტკიცებული „საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის, ფრენის გაუქმების, ან ხანგრძლივი დაგვიანების შემთხვევაში მგზავრებისთვის კომპენსაციის გაცემისა და დახმარების აღმოჩენის წესის” 1.1, 1.2, 3.1, მე-5, 7.1, 3.10 მუხლებით, მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით, ასევე, განმარტა, რომ მართალია დასახელებული წესი არ აკონკრეტებს ფრენის დაგვიანების შემთხვევაში კომპენსაციის გადახდის წესს, თუმცა ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებებით დადგენილი პრაქტიკის (სასამართლოს (მეოთხე პალატა) 2009 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება. Sturgeon v Condor Flugdients GmbH და Bosk and Lepuchitz v Air Franse, გაერთიანებული საქმეები C402/07 და C-432/07, პარაგრაფი 61, 62.) თანახმად, რეისის 3 საათზე მეტი დროით დაგვიანება მგზავრებს ანიჭებს იგივე უფლებებს, რასაც ავიარეისის გაუქმება და ასეთ დროს კომპენსაციის გადახდა მგზავრებისათვის უნდა განხორციელდეს ფრენის გაუქმების შემთხვევისათვის გათვალისწინებული წესის მიხედვით. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა (თითოეულ მგზავრზე - 400 ევროს ოდენობით კომპენსაციის გადახდის თაობაზე), ფრენის დაგვიანების დროისა და ფრენის დისტანციის გათვალისწინებით, სწორედ ზემოაღნიშნული წესის რეგულაციებს ეფუძნებოდა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანად მიიჩნია.
13. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
14. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
14.1. სააპელაციო სასამართლომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ყველა მტკიცებულება სრულყოფილად არ გამოიკვლია და სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები მსჯელობის მიღმა დატოვა. განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ავიაკომპანიის ბრალი არ არსებობს და სასამართლომ გადაწყვეტილება მხოლოდ სავარაუდო მსჯელობას დააფუძნა;
14.2. სასამართლომ სწორად ვერ განსაზღვრა და შეფასების გარეშე დატოვა ავიაციის სფეროში საერთაშორისო დონეზე მოქმედი კოდების მნიშვნელობა. სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა მოპასუხისაგან სრულიად დამოუკიდებელ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის უტყუარ განმარტებაზე ფრენის დაგვიანების მიზეზების თაობაზე. სასამართლომ მხარის მიერ შეუდავებელი, უტყუარი მტკიცებულებები სადავოდ მიიჩნია;
14.3. სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით არასწორად დაადგინა, რომ მგზავრებისთვის ახსნა-განმარტება არ მიუციათ. მოცემულ ფაქტს სასამართლო როგორც ერთგვარ დარღვევას ისე აფასებს, როდესაც გასაჩივრებული განჩინებით სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ წესს განმარტავს. მოცემული წესი მგზავრისათვის ინფორმაციის მიწოდებას მხოლოდ ფრენის გაუქმების დროს არეგულირებს, თუმცა სასამართლოს არ უმსჯელია იმ ფაქტზე, რომ 2023 წლის 17 ივნისის საპასუხო წერილით მოპასუხემ დეტალურად განუმარტა მგზავრებს ფრენის დაგვიანებით შესრულების მიზეზები;
14.4. სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ სადავო რეისის დაგვიანება არ იყო გამოწვეული განსაკუთრებული გარემოებით და/ან დაუძლეველი ძალით. დაგვიანების ყველაზე ხანგრძლივი მიზეზი - 43 წუთი განპირობებული იყო თვითმფრინავის ძრავის უცხო სხეულით დაზიანებით. კერძოდ, მოცემულ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებები - IATA-ს კოდები და თბილისის საერთაშორისო აეროპორტის TAV სამეთვალყურეო კოშკურის და მათში მითითებული ფაქტები მხარეთა მიერ სადავო არ გამხდარა. მხარეთა მხრიდან არ განხორციელებულა არც მათი ავთენტურობის შედავება. შესაბამისად, როგორც გასაჩივრებულ განჩინებაში თავად სასამართლო მიუთითებს, უდავოა, რომ ფრენის დაგვიანებას გააჩნდა არაორაზროვანი განმარტების მიზეზები - მათ შორის 51 H (და არა რომელიმე სხვა ქვეკოდი), რაც FOD-ს, ანუ უცხო სხეულით დაზიანებას გულისხმობს. სააპელაციო სასამართლომ IATA-ს საერთაშორისო კოდებს „წერილები“ უწოდა და არც აღნიშნა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ დადასტურებული და მხარის მიერ შეუდავებელი საერთაშორისო კოდები ფრენის დაგვიანების მიზეზებს უტყუარად ასახავს. გაუგებარია დამატებით რა მტკიცებულებას მოითხოვს სასამართლო და რატომ მიაჩნია, რომ ავიაკომპანიამ მტკიცების ტვირთს თავი ვერ გაართვა;
14.5. დაგვიანების შემდეგი მიზეზი არის ფრინველის შეჯახება - 8 წუთი, ალბათ ნამდვილად ზედმეტი იქნება იმაზე მსჯელობა შეეძლო თუ არა ავიაკომპანიას ეს გარემოება აეცილებინა თავიდან და, ბუნებრივია, კომპანიას არავითარი ბრალეულობა არ გააჩნია;
14.6. დაგვიანების მიზეზი 10 წუთით - წინა ფრენის დაგვიანებაა, რაზედაც სასამართლომ არასრულად იმსჯელა. კერძოდ, თუნდაც დადგენილი ყოფილიყო, რომ წინა ფრენა არასაპატიო მიზეზით დაგვიანდა, სააპელაციო სასამართლომ აქაც ყურადღების მიღმა დატოვა აპელანტის მიერ მითითებული უზუსტობა, როდესაც სასამართლომ გადაწყვიტა, რომ „დამაკავშირებელი ფრენის 30-წუთიანი დაყოვნებაც საკმარისი იქნებოდა იმისათვის, რომ მგზავრს მიესწრო, როგორც დამაკავშირებელ ფრენაზე, ასევე, დროულად ჩამოსულიყო დანიშნულების საბოლოო პუნქტამდე“. თუკი სასამართლომ ეს გარემოება ჯეროვნად არ შეაფასა, მაშინ როგორ დაასკვნა, რომ მხოლოდ 10 წუთი იყო ფრენის დაგვიანების განმაპირობებელი.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
16. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და სააპელაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს მოპასუხისათვის ფრენის ხანგრძლივი დაგვიანების გამო, კომპენსაციის სახით 800 ევროს გადახდის დაკისრება. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 07 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით 800 ევროს ეკვივალენტი ლარის გადახდა.
18. წინამდებარე საქმეში დადგენილია, რომ მოპასუხის კუთვნილი საჰაერო ხომალდით 2023 წლის 21 მაისს უნდა განხორციელებულიყო მგზავრების - დ.მ–ის და ა.ქ–ის გადაყვანა (ტრანსპორტირება) ქალაქ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან (TBS) - სტამბოლი (IST) - ვენეციის (VCE) მიმართულებით (ფრენის ნომერი: TK387-TK1867). რეისი TK387 თბილისი (TBS) - სტამბოლი (IST) არ შესრულდა დადგენილ დროს და განსაზღვრული გრაფიკით, კერძოდ, 47 წუთზე მეტი დროით დაგვიანებამ გამოიწვია დამაკავშირებელი ფრენის TK1867 სტამბოლი (IST) - ვენეციის (VCE) გამოტოვება, რამაც, თავის მხრივ, გამოიწვია მგზავრების საბოლოო დანიშნულების ადგილზე 4 (ოთხი) საათზე მეტი დაგვიანება; დადგენილია, ასევე, რომ ა.ქ–მა 2023 წლის 31 მაისს, ხოლო დ.მ–მა 2023 წლის 05 ივნისს ზემოაღნიშნული შემთხვევიდან გამომდინარე ფინანსური კომპენსაციის მიღების უფლება, შესაბამისი მოთხოვნის დათმობის (ცესია) დოკუმენტით, გადასცეს მოსარჩელეს; მოსარჩელემ მიუთითა და სასამართლომაც დაადგინა, რომ „საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის, ფრენის გაუქმების ან ხანგრძლივი დაგვიანების შემთხვევაში მგზავრებისთვის კომპენსაციის გაცემისა და დახმარების აღმოჩენის წესის” შესაბამისად, ფრენის დაგვიანების დროისა და ფრენის დისტანციის გათვალისწინებით, მოსარჩელისათვის დათმობილი მოთხოვნის ოდენობა შეადგენდა თითოეულ მგზავრზე - 400 ევროს, რაც არ აღემატება სააპელაციო საჩივრის დასაშვებობისათვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით დადგენილ ზღვრულ ოდენობას - 2 000 ლარს და, შესაბამისად, მოპასუხის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.
19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობა ქონებრივ-სამართლებრივ დავებში სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ წინაპირობად, სხვა წინაპირობებთან ერთად, მიიჩნევს სააპელაციო საჩივრის ღირებულების შესაბამისობას კანონით გათვალისწინებულ ოდენობასთან. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
20. დასახელებული სამართლებრივი ნორმიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოში ქონებრივ-სამართლებრივი ტიპის დავებზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო განსახილველად მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 2 000 ლარს აღემატება. 2 000 ლარის ან მასზე ნაკლები ღირებულების მქონე სააპელაციო საჩივარი კი, არ დაიშვება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის [სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა] შესაბამისად, დარჩება განუხილველად. კანონის აღნიშნული დანაწესი სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპიდან გამომდინარეობს და შედარებით ნაკლები ღირებულების ქონებრივი დავის სწრაფად გადაწყვეტასა და დასრულებას ემსახურება.
21. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა დავის საგნის ღირებულების საფუძვლით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება დაცულ სფეროში ჩარევად ვერ იქნება განხილული, რადგანაც მას გააჩნია საკანონმდებლო საფუძველი და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (სსსკ-ის 2.2 მუხლის თანახმად, საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით).
22. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს“. აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების, რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, № 8225/78, §57, 28 მაისი, 1985 წელი). საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განაცხადის დასაშვებობის ეტაპზე, განაცხადის დასაშვებობის სხვა კრიტერიუმებთან ერთად, ამოწმებს განიცადა თუ არა განმცხადებელმა მნიშვნელოვანი ზიანი. მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, იგი განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (იხ. Cecchetti v. San Marino, № 40174/08, §28-§33, 09 აპრილი, 2013 წელი; Vasilchenko v. Russia, № 34784/02, §45-§50, 23 დეკემბერი, 2010 წელი; Ionescu v. Romania, № 36659/04, §23-§36, 01 ივნისი, 2010 წელი).
23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით დადგენილი სააპელაციო საჩივრის ფასი მხარისათვის მინიჭებული გასაჩივრების უფლების ერთ-ერთ კანონიერი წინაპირობაა, რომელიც სამართალწარმოების დროულ და ეფექტურ ორგანიზებასა და განხორციელებას ემსახურება, რაც არ შეიძლება ისეთ დანაწესად შეფასდეს, რომელიც არასამართლიანად ართმევს მომჩივანს სასამართლოსადმი წვდომის უფლებას (იხ. Miragall Escolano and Others v. Spain, № 38366/97, §33; ასევე, სუსგ საქმე №ას-692-646-2017, 14 ივლისი, 2017 წელი).
24. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა შეადგენს ჯამში 800 ევროს, თუმცა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან ირკვევა, რომ აღნიშნული მოთხოვნის წარმოშობის ფაქტობრივი საფუძველია 2023 წლის 31 მაისს მოსარჩელესა და ა.ქ–ს, ხოლო 2023 წლის 05 ივნისს მოსარჩელესა და დ.მ–ს შორის დადებული ცესიის (მოთხოვნის დათმობის) ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზე ა.ქ–მა და დ.მ–მა მოსარჩელეს დაუთმეს მოპასუხის მიმართ კომპენსაციის მოთხოვნის უფლება. აღნიშნული მოთხოვნის უფლება, თავის მხრივ, გამომდინარეობდა 2023 წლის 21 მაისს TK387-TK1867 თბილისი (TBS) - სტამბოლი (IST) - ვენეციის (VCE) მიმართულებით განხორციელებულ რეისზე დაფიქსირებული ინციდენტიდან, კერძოდ, რეისი TK387 გადაიდო 47 წუთზე მეტი დროით, რამაც გამოიწვია დამაკავშირებელი ფრენის TK1867 სტამბოლი (IST) - ვენეციის (VCE) გამოტოვება და რის გამოც ცედენტები საბოლოო დანიშნულების ადგილზე 4 საათზე მეტი დროით დაგვიანებით ჩავიდნენ.
25. ამდენად, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა 800 ევროს ოდენობით წარმოშობილია მოპასუხის მიმართ არსებული ა.ქ–ისა და დ.მ–ის დამოუკიდებელი მოთხოვნებიდან, რომლებიც დადგენილია, რომ 400-400 ევროს შეადგენს, ხოლო ის გარემოება, რომ ორივე მათგანმა აღნიშნული მოთხოვნები ცესიის ხელშეკრულებებით დაუთმეს მოსარჩელეს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის მიზნებისათვის, მათ ერთიან, განუყოფელ მოთხოვნად ვერ აქცევს. მართალია, მოსარჩელის მოთხოვნას მსგავსი, თუმცა სხვადასხვა ფაქტობრივი საფუძველი გააჩნია - ორმა ფიზიკურმა პირმა, ასევე ორი დამოუკიდებელი, სხვადასხვა დროს გაფორმებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებებით დაუთმეს მოსარჩელეს მოპასუხის მიმართ არსებული კომპენსაციის (ფრენის ხანგრძლივი დაგვიანების გამო) მოთხოვნის უფლება.
26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალში, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, დაშვებულია მოთხოვნის დათმობა. მოთხოვნის დათმობა ახალ კრედიტორზე უნდა განხორციელდეს შინაარსის ცვლილების გარეშე. ძველი კრედიტორის („ცედენტის“) მიერ ახალ კრედიტორზე („ცესიონერზე“) მოთხოვნა გადადის იდენტური სახით, ანუ ისე, როგორც ის ძველი კრედიტორის ხელში არსებობდა. სხვა შემთხვევაში მოთხოვნის დათმობა დაუშვებელია. მოთხოვნის დათმობამ არ უნდა გამოიწვიოს ვალდებულების შინაარსის ცვლილება. მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება იწვევს კრედიტორის, როგორც უფლებამოსილი პირის, ცვლილებას და არა მოთხოვნის შინაარსის ცვლილებას (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი II, სანივთო (ქონებრივი) სამართალი, 199-ე მუხლის კომენტარი, გვ. 180-182).
27. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელესა და ა.ქ–ს შორის 2023 წლის 31 მაისს დადებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებით მოსარჩელეზე გადავიდა მოპასუხის მიმართ 400 ევროს ოდენობით კომპენსაციის მოთხოვნის უფლება, ხოლო მოსარჩელესა და დ.მ–ს შორის 2023 წლის 05 მაისს დადებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებით მოსარჩელეზე გადავიდა მოპასუხის მიმართ ასევე 400 ევროს ოდენობით კომპენსაციის მოთხოვნის უფლება, შესაბამისად, მოსარჩელეს მოპასუხის მიმართ გააჩნია ორი დამოუკიდებელი მოთხოვნა თითოეულ შემთხვევაში 400 ევროს ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოში დავის საგნის ღირებულება შეადგენდა არა 800 ევროს, არამედ თითოეული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 400-400 ევროს, რაც არ აღემატება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით ქონებრივ-სამართლებრივი დავების დასაშვებობისთვის დადგენილ ქონებრივ ზღვარს (2000 ლარი) და მოპასუხის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.
28. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დასაშვებობის ეტაპზე განუხილველად უნდა დარჩენილიყო. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტით [გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია] გათვალისწინებული წინაპირობები. ამასთან, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.
29. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე მუხლებით, 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადებით [თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები)] და მიიჩნევს, რომ მოპასუხის სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
30. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-3 წინადადების [მთავარი სხდომის დანიშვნამდე სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი, ხოლო საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს არ დაუბრუნდება] შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის 70% - 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 365-ე, 372-ე, 399-ე, 411-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს „თ.ა.თ.ფ–ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 დეკემბრის განჩინება და სს „თ.ა.თ.ფ–ის“ სააპელაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი;
3. სს „თ.ა.თ.ფ–ს“ (ს.ნ. .....) დაუბრუნდეს მის მიერ 2025 წლის 05 თებერვალს №242996 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის 70% – 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი: TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი: 300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიზო უბილავა
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე