Facebook Twitter

საქმე №ას-652-2025

30 სექტემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – ო.მ–ძე, გ.ლ–ძე, გ.ლ–ძე, ს.ლ–ძე (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ლიბერთი ბანკი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სს „ლიბერთი ბანკმა“ (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „ბანკი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ო.მ–ძის (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“), გ.ლ–ძის (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“), ს.ლ–ძისა (შემდგომში - „მესამე მოპასუხე“) და გ.ლ–ძის (შემდგომში - „მეოთხე მოპასუხე“) მიმართ თანხის დაკისრებისა და ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

2. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლებით სარჩელი არ ცნეს.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; პირველ და მეორე მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 37 018,29 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 32 644,96 ლარი, პროცენტი - 3 894,33 ლარი და სესხზე ვადაგადაცილების ჯარიმა - 479 ლარი; სარჩელი პირველ და მესამე მოპასუხეებს, ასევე, პირველ და მეოთხე მოპასუხეებს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

4. მოპასუხეებმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინეს სააპელაციო საჩივარი, რომლითაც პირველი და მეორე მოპასუხეებისათვის დავალიანების დაკისრების ნაწილში მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 იანვრის განჩინებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

6. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი ცნობილი იყო აპელანტების წარმომადგენლის - დ.ჯ–ძისათვის და აპელანტი ო.მ–ძისათვის, რადგან ესწრებოდნენ 2024 წლის 16 ოქტომბრის მთავარ სხდომას, როდესაც ჩაინიშნა გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი. სსსკ-ის 2591 მუხლით დადგენილი გადაწყვეტილების ჩაბარების 30-დღიანი ვადა ამოიწურა 2024 წლის 21 ნოემბერს, ხოლო გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებისათვის დადგენილი 14-დღიანი ვადა გავიდა 2024 წლის 05 დეკემბერს. აპელანტების წარმომადგენელმა, დ.ჯ–ძემ სასამართლოს გადაწყვეტილების ჩასაბარებლად მიმართა 2024 წლის 10 დეკემბერს (იხ. განცხადება, ს.ფ. 275), ხოლო გადაწყვეტილება ჩაიბარა იმავე წლის 11 დეკემბერს, საიდანაც გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებისთვის დადგენილი 14-დღიანი ვადა ამოიწურა 2024 წლის 25 დეკემბერს. სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა 2024 წლის 26 დეკემბერს.

7. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369.1, 2591.1, 63-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი ვადადარღვევით წარდგენის გამო დაუშვებელი იყო და იგი განუხილველად უნდა დარჩენილიყო.

8. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე აპელანტებმა წარადგინეს კერძო საჩივარი და მისი გაუქმება მოითხოვეს. კერძო საჩივარში აღნიშნულია, რომ აპელანტების წარმომადგენელმა - დ.ჯ–ძემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაიბარა 2024 წლის 11 დეკემბერს, ხოლო სააპელაციო საჩივარი წარადგინა იმავე წლის 25 დეკემბერს, დადგენილ ვადაში, რის გამოც არ არსებობდა მისი განუხილველად დატოვების საფუძველი.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივნისის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

10. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

11. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით წარდგენის მოტივით, მისი განუხილველად დატოვების მართლზომიერება. კერძო საჩივრის ავტორები დავობენ, რომ მათ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში წარადგინეს.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების ან 259​1 მუხლის შესაბამისად, ასევე, 259​1 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. იმავე კოდექსის 2591-ე მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია; ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლი, ერთი მხრივ, ადგენს მხარის ვალდებულებას, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა) და ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარადგინოს სააპელაციო საჩივარი, ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 21-ე დღეს მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ვერ უზრუნველყოფს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას ამ ვადაში, ეს გარემოება მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება და ვადის ათვლა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან მომდევნო დღეს დაიწყება (იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-1495-2018, 01 ივლისი, 2019 წელი; Nას-1289-2019, 24 ოქტომბერი, 2019 წელი; Nას-749-2023, 05 ივლისი, 2023 წელი).

14. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან ირკვევა, რომ წინამდებარე საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა 2024 წლის 22 ოქტომბერს. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი ცნობილი იყო პირველი და მეორე მოპასუხეებისათვის. კერძოდ, პირველი და მეორე მოპასუხეების უფლებამოსილი წარმომადგენელი - დ.ჯ–ძე (იხ. რწმუნებულებები, ს.ფ. 151-153, 175-177), ასევე, პირველი მოპასუხე ესწრებოდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოში 2024 წლის 16 ოქტომბერს გამართულ მთავარ სხდომას, რომელზეც გადაიდო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება 2024 წლის 22 ოქტომბერს. აღნიშნული დადასტურებულია მათი ხელმოწერებით (იხ. სხდომის ოქმი, ხელწერილი, ს.ფ. 244-249); სადავო არ არის, რომ მოპასუხეებს სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა სასამართლოსთვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით არ მიუმართავთ და გადაწყვეტილება არ ჩაუბარებიათ. მოპასუხეთა წარმომადგენელმა, დ.ჯ–ძემ გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა ამ ვადის გასვლის შემდგომ, 2024 წლის 10 დეკემბერს და გადაწყვეტილება ჩაიბარა იმავე წლის 11 დეკემბერს (იხ. ს.ფ. 275-276). შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591.1 მუხლიდან გამომდინარე, პირველი და მეორე მოპასუხეებისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს (სსსკ-ის 60.2 მუხლის მიხედვით მეორე დღეს) - 2024 წლის 22 ნოემბერს და ამოიწურა იმავე წლის 05 დეკემბერს.

15. სადავო არ არის, რომ ამ ვადაში პირველ და მეორე მოპასუხეებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი არ წარუდგენიათ. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარდგენილია 2024 წლის 26 დეკემბერს, გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდგომ.

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. იმავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

18. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში პირველმა და მეორე მოპასუხეებმა სააპელაციო საჩივარი წარადგინეს კანონით გათვალისწინებული ვადის დარღვევით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა მათი სააპელაციო საჩივარი განუხილველად.

19. რაც შეეხება მესამე და მეოთხე მოპასუხეებს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ისინი არ წარმოადგენდნენ სააპელაციო საჩივრის წარდგენაზე უფლებამოსილ პირებს, რის გამოც ასევე სახეზე იყო მათი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

20. კერძოდ, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში. მითითებული სამართლებრივი ნორმა ადგენს სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლებამოსილების მქონე პირთა წრეს და სხვა პირთა მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანას არ ითვალისწინებს (იხ. სუსგ საქმე Nას-1316-1236-2017, 30 იანვარი, 2018 წელი).

21. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლი არ შეიძლება გაგებულ იქნას იმგვარად, რომ მხარეს უფლება აქვს ნებისმიერ შემთხვევაში გაასაჩივროს გადაწყვეტილება. კანონმდებლის მიზანს წარმოადგენს მხოლოდ იმ მხარის უფლების დაცვა, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია გადაწყვეტილება. კანონის აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარეობს, რომ პირს შეუძლია სასამართლო წესით დაიცვას მხოლოდ საკუთარი კანონიერი ინტერესები და იდავოს თავისი უფლებების დარღვევის ფაქტზე. მხარე უფლებამოსილია სააპელაციო წესით გაასაჩივროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც უარი ეთქვა ამა თუ იმ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და მას არ შეუძლია სადავოდ გახადოს მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება (იხ. სუსგ საქმე Nას-804-771-2016, 28 ნოემბერი, 2016 წელი). სააპელაციო საჩივრის ობიექტს წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლოს მხოლოდ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც აპელანტის წინააღმდეგ არის გამოტანილი. სააპელაციო საჩივრით აპელანტი მიზნად უნდა ისახავდეს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას და ეს შედეგი მისი საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში მიღწევადი და მისთვის სასარგებლო უნდა იყოს (იხ. სუსგ საქმე Nას-1316-1236-2017, 30 იანვარი, 2018 წელი).

22. ამდენად, დაინტერესებულ პირს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლია, თუ იგი მის წინააღმდეგაა მიღებული ან რაიმე ფორმით მის კანონიერ ინტერესებს შეეხება (იხ. სუსგ საქმე Nას-545-517-2015, 01 ივლისი, 2015 წელი).

23. წინამდებარე საქმეში მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა პირველი და მეორე მოპასუხეებისათვის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრება და პირველ და მესამე, ასევე, პირველ და მეოთხე მოპასუხეებს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობა; პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი დავალიანების დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდა, ხოლო ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ანუ მესამე და მეოთხე მოპასუხების მიმართ არსებულ მოსარჩელის მოთხოვნას სრულად ეთქვა უარი.

24. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მესამე და მეოთხე მოპასუხეები ასაჩივრებდნენ მათ სასარგებლოდ გამოტანილ გადაწყვეტილებას, აღნიშნული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლიდან გამომდინარე, მათ მიმართ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.

25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

26. ზემოთ მითითებული მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არსებითად სწორია, რაც მისი ძალაში დატოვებისა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ო.მ–ძის, გ.ლ–ძის, გ.ლ–ძისა და ს.ლ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიზო უბილავა

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე