საქმე №ას-909-2025
15 ოქტომბერი, 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – გ.ბ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 05 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სს „ს.ბ–მა“ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ.ბ–ის (შემდგომში - „მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი საგარეჯო, ........, ს.კ. ....... (შემდგომში - „სადავო უძრავი ქონება“ ან „სადავო ქონება“) გამოთხოვა და აღნიშნული ქონების მოსარჩელისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა.
2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. სიღნაღის რაიონული სასამართლოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს 2024 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა სადავო უძრავი ქონება და დადგინდა მისი მოსარჩელისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა.
4. მოპასუხემ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 05 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1. სადავო უძრავი ქონება საკუთრების უფლებით ირიცხება მოსარჩელის სახელზე. საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტია - განკარგულება აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლებამოსილების მიღების შესახებ N221675443, დამოწმების თარიღი: 08.12.2022წ.;
6.2. სადავო უძრავ ქონებას ფლობს მოპასუხე და, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ ათავისუფლებს მას. მოსარჩელე აღნიშნულის გამო ვერ სარგებლობს თავისი ქონებით;
6.3. მოპასუხე არ წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მართლზომიერ მფლობელს.
7. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება, რომ მასთან ერთად სადავო ბინაში ცხოვრობენ არასრულწლოვნები. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ მოიხმო „ბავშვის უფლებათა კონვენცია“, „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 69.1 მუხლი, „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის 27.2 მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198.1 მუხლი და აპელანტის პრეტენზია ბავშვის საუკეთესო ინტერესების უგულებელყოფის თაობაზე უსაფუძვლოდ მიიჩნია (შდრ. სუსგ Nას-1282-2021, 15.06.2022წ.; Nას-674-2022, 13.10.2022წ.; Nას-1351-2022, 14.12.2022წ.).
8. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია, რომ სადავო ქონება ოჯახის ერთადერთ საცხოვრებელს წარმოადგენს. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემული დავისათვის გადამწყვეტია, რომ მოსარჩელემ დაადასტურა სავინდიკაციო სარჩელის დაკმაყოფილების ყველა წინაპირობის არსებობა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის საკუთრების უფლება სადავო უძრავ ნივთზე დადასტურებულია კანონით დადგენილი წესითა და ფორმით, ხოლო აპელანტი სადავო უძრავ ქონებაზე მართლზომიერი ფლობის საფუძვლის არსებობაზე ვერ მიუთითებს. მოპასუხის არგუმენტი, რომ სხვა საცხოვრებელი არ აქვს, არ არის საკმარისი მტკიცებულება იმისათვის, რომ შეაფერხოს სასარჩელო მოთხოვნის განხორციელება ან საერთოდ გამორიცხოს მისი დაკმაყოფილება.
9. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, აპელანტმა ვერ წარადგინა დასაბუთებული პრეტენზია წინამდებარე საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საწინააღმდეგოდ. მისი მხოლოდ ზეპირი მითითება ვერ გააქარწყლებს რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედ უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციას. ამასთან, საგულისხმოა, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აუქციონის ჩატარების მართლზომიერებას მოპასუხე შეგებებული სარჩელით არ შედავებია. ამდენად, მოპასუხემ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსთვის იმგვარი მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში განხორციელებულია სსკ-ის 172.1 მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა დასაბუთებულია და ის მართებულად დაკმაყოფილდა.
11. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
11.1. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 183-ე, 311.1, 312-ე მუხლები, ასევე, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის შინაარსი და არ გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციის 9.1 და 15.1 მუხლები;
11.2. უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შემთხვევებში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172.2 მუხლი მიუთითებს სამი ნიშნის არსებობაზე: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი, მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ნივთის ფლობის უფლება. გარდა ამ სამი ნიშნისა, კასატორის მოსაზრებით, არსებობს მეოთხე სავალდებულო ნიშანი: მესაკუთრეს უნდა გააჩნდეს უპირატესი ინტერესი მოპასუხის ინტერესთან მიმართებით. აღნიშნული ნიშნის არსებობას განაპირობებს არა მხოლოდ სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლი, არამედ საქართველოს კანონმდებლობა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით;
11.3. საცხოვრებელ სახლთან ადამიანს აკავშირებს განსაკუთრებული ემოციური დამოკიდებულება და მისმა დაკარგვამ შესაძლოა გამოიწვიოს როგორც მისი ღირსების, ისე პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევა. შესაბამისად, ასეთი ქონება მესაკუთრის ნების გარეშე არ შეიძლება დაექვემდებაროს გასხვისებას. როდესაც ამგვარი საკუთრების შემძენი არის არა ფიზიკური, არამედ იურიდიული პირი, რომელიც საკუთრებას განიხილავს როგორც შემოსავლის მიღების საშუალებას, ახალ მესაკუთრეს ვერ ექნება იგივე ემოციური კავშირი საკუთრებასთან, როგორც წინა მესაკუთრეს გააჩნდა. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში, როდესაც ახალი მესაკუთრე ითხოვს ძველი მესაკუთრის მფლობელობაში დარჩენილი უძრავი ნივთის იძულებით გამოთხოვას, უნდა დადასტურდეს, რომ მას უძრავი ნივთის მიმართ ძველი მესაკუთრის მსგავსი ან უპირატესი ინტერესი გააჩნია;
11.4. უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელებზე, სადაც მოსარჩელეა იურიდიული პირი - საბანკო ან საფინანსო დაწესებულება, მოსარჩელის ინტერესი ვლინდება არა უძრავ ნივთზე მფლობელობის დაბრუნებაში, არამედ იმ ფინანსური ვალდებულების შესრულებაში, რაც დაკავშირებულია უძრავ ნივთთან. ამგვარი სარჩელები წარმოადგენს არა ნივთზე მფლობელობის მოპოვებისაკენ გადადგმულ ნაბიჯს, არამედ სასამართლოს გამოყენებით ახალი ხელშეკრულების დადების იძულებას, რაც სასამართლოსათვის მიმართვის უფლების ბოროტად გამოყენების შემთხვევაა;
11.5. ზემოაღნიშნული მიუთითებს, რომ სასამართლო პრაქტიკა უნდა შეიცვალოს და სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის შინაარსი განიმარტოს ახლებურად, საქართველოს კონსტიტუციის დებულებათა შინაარსის გათვალისწინებით.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 31 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
13. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
17. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია.
18. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია მოპასუხის მფლობელობიდან სადავო უძრავი ქონების გამოთხოვის მართლზომიერება.
19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება დადგენილი, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა გამოკვლეული აქვს.
20. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. იმავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
21. ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება (იხ. სუსგ საქმე Nას-1095-2025, 30 სექტემბერი, 2025 წელი; Nას-424-2025, 09 ივლისი, 2025 წელი; Nას-1069-2024, 26 დეკემბერი, 2024 წელი; Nას-573-2024, 11 ივნისი, 2024 წელი; Nას-1314-2023, 17 ნოემბერი, 2023 წელი; Nას-555-2022, 30 სექტემბერი, 2022 წელი; Nას-1713-2018, 13 ნოემბერი, 2019 წელი; Nას-1613-2018, 29 მარტი, 2019 წელი; Nას-960-895-2017, 13 ოქტომბერი, 2017 წელი).
22. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში არსებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 19-20), რომლის მიმართაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის შესაბამისად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. დადგენილია, ასევე, რომ მოპასუხე/კასატორი წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მფლობელს. მან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების შესაბამისად, ვერ უზრუნველყო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმგვარი მტკიცებულების წარდგენა, რომლითაც სადავო უძრავ ქონებაზე მისი მფლობელობის მართლზომიერება დადასტურდებოდა.
23. ამდენად, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში გამოიკვეთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა დასაბუთებულია და ის მართებულად დაკმაყოფილდა.
24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
26. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გ.ბ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. გ.ბ–ს (პ.ნ. .......) დაუბრუნდეს შ.ხ–ის (პ.ნ. ........) მიერ 2025 წლის 21 ივლისს №28407519159 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის 70% – 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი: TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი: 300773150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიზო უბილავა
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე