ბს-1128-1079(კ-07) 30 აპრილი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ინდმეწარმე “...." სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 05.11.04წ. ¹1-196 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა. მოსარჩელის განმარტებით, სადავო სამართლებრივი აქტით ინდმეწარმე “....." 20.09.01წ. საიჯარო ხელშეკრულების დარღვევის გამო, კერძოდ, საიჯარო ქირის გადაუხდელობის მოტივით, დაჯარიმდა 406.80 ლარით. საიჯარო ხელშეკრულების თანახმად, ქირა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ანგარიშზე უნდა ჩარიცხულიყო. სამინისტროს მიერ ანგარიშის შეცვლის შესახებ ერთხელ გაფრთხილებულ იქნა სატელეფონო ზარით, რის შემდეგაც საიჯარო ქირა ახალ ანგარიშზე გადაიხადა. შემდეგ მოპასუხემ კვლავ შეცვალა საბანკო ანგარიში, რის თაობაზეც მისთვის არ უცნობებიათ და მის მიერ გადარიცხული საიჯარო ქირა ეროვნული ბანკის გარესაბალანსო ანგარიშზე, როგორც გაურკვეველი თანხა, ისე აისახა. სადავო ბრძანების ჩაბარების შემდეგ საიჯარო ქირა 17.11.04წ. გადაიხადა შესაბამის ანგარიშზე.
მოპასუხე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით ინდმეწარმე “...." საიჯარო ქირის ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო ქონების საბოლოო ღირებულების 10%-ით, 406.80 ლარით დაჯარიმება მოითხოვა. შეგებებულმა მოსარჩელემ განმარტა, რომ “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ" დებულების მე-10 მუხლის და ხელშეკრულების 3.1 მუხლის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოიჯარე ჯარიმდება საიჯარო ქონების ღირებულების 10%-ით. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის სამმართველოს 04.11.04წ. მოხსენებითი ბარათისა და სამინისტროს ბუღალტერიის 28.10.04წ. ¹310/11-4 სასამსახურო ბარათის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 05.11.04წ. ¹31-1/196 ბრძანებით მოსარჩელე დაჯარიმდა 406.80 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 14.03.06წ. გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 05.11.04წ. ¹1-196 ბრძანება, შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სამინისტროს ხელშეკრულებით დადგენილი საბანკო ანგარიშის შეცვლის შესახებ მოიჯარისათვის არ უცნობებია. სასამართლოში საქმის განხილვის დროს სამინისტროს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომლითაც იგი დაადასტურებდა მოიჯარისათვის ინფორმაციის მიწოდებას საბანკო ანგარიშის შეცვლასთან დაკავშირებით. სკ-ის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ კრედიტორს, ამ შემთხვევაში სამინისტროს, ჰქონდა ფულის ჩარიცხვისათვის გამიზნული საბანკო ანგარიში იმ ადგილას ან იმ ქვეყანაში, სადაც გადახდა უნდა მოხდეს, მაშინ მოვალეს, მოსარჩელე მ. დ-ეს, შეეძლო ამ ანგარიშზე ჩარიცხვით შეესრულებინა თავისი ფულადი ვალდებულება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ კრედიტორი ამის წინააღმდეგი იქნებოდა. სამინისტროს, როგორც კრედიტორსა და ფულის მიმღებს, წინასწარ არ უცნობებია მოიჯარისათვის, რომ ხელშეკრულებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე საიჯარო თანხის გადარიცხვით იგი საიჯარო ქირის თანხას არ მიიღებდა. სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებას, რომ ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საბანკო ანგარიშის შეცვლის შესახებ გამოქვეყნებული იყო ინტერნეტის მეშვეობით, სასამართლომ არ გაიზიარა და აღნიშნა, რომ სამართლის არც ერთი ნორმა არ ავალდებულებდა მოიჯარეს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობების შეცვლა ინტერნეტის საშუალებით ეკონტროლებინა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ინდმეწარმე “....” ვალდებულების შესრულების ვადა არ დაურღვევია. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2004 წლის 5 ნოემბრის ¹1-1/196 გასაჩივრებული ბრძანება "საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და ინდივიდუალურ მეწარმე “....” შორის 2001 წლის 20 სექტემბერს გაფორმებულ საიჯარო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობაზე სანქციის შესახებ" გამოცემულ იქნა საკითხის არსებითი შესწავლის გარეშე. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. სასამართლომ ჩათვალა, რომ სადავო ბრძანების გამოცემისას ადმინისტრაციამ დაარღვია კანონის მოთხოვნები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 და 96-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს არა აქვს უფლება კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, მათ შორის, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელსაც საფუძვლად დაედება ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული. სადავო ბრძანება მიღებულ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნების პროცედურული საკითხების უგულებელყოფით, რომელთა დაცვის შემთხვევაშიც მიიღებდა სხვაგვარ გადაწყვეტილებას და არ გამოსცემდა სადავო ადმინისტრაციულ აქტს, რაც სადავო ადმინისტრაციული აქტის ბათილობის საფუძველია. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60.1 მუხლის "დ" ქვეპუნქტის თანახმად, სადავო ადმინისტრაციული აქტი ბათილია, რადგან ეწინააღმდეგება კანონს და არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 14.03.06წ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.10.07წ. განჩინებითYსაქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.03.06წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენდა სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.10.07წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ. კასატორის განმარტებით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელშეკრულებო დებულებათა მონიტორინგის სამმართველოს 04.11.04წ. მოხსენებითი ბარათისა და სამინისტროს ბუღალტერიის 28.10.04წ. ¹310/11-4 სასამსახურო ბარათის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 05.11.04წ. ¹1-1/196 ბრძანებით ინდმეწარმე “...." საიჯარო ქირის ხელშეკრულებით დდგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო დაჯარიმდა ქონების საბოლოო ღირებულების 10%-ით, რამაც 406.80 ლარი შეადგინა. მოსარჩელეს სამინისტროსთან ჰქონდა დიდი ხნის ურთიერთობა (3 წლის) და უნდა სცოდნოდა ამის შესახებ. ანგარიშის ნომერი, კასატორის განცხადებით, ყოველ წელს იცვლებოდა, თუმცა ამას გაუგებრობა არ გამოუწვევია. სამინისტროს ანგარიშის ნომერი მითითებულია სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე და განთავსებულია გაზეთ “...." ყველა ნომერში. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მისი შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საკასაციო სასამართლოს 28.12.07წ. განჩინებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი ასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული. მხარეებს დასაშვებობის თაობაზე მოსაზრებების წარმოდგენის უფლება მიეცათ. მხარეებს მოსაზრებები არ წარმოუდგენიათ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.