საქმე №ა-2950-შ-74-2025 24 ოქტომბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ამირან ძაბუნიძე, ლაშა ქოჩიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ი.მ. დ.პ.
მოწინააღმდეგე მხარე – ი.მ. ე.ნ.
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – რუსეთის ფედერაციის ვოლოგდის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 2 ივლისის №A13-3340/2024 გადაწყვეტილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
რუსეთის ფედერაციის ვოლოგდის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 2 ივლისის №A13-3340/2024 გადაწყვეტილებით ინდივიდუალურ მეწარმე ე.ვ. ძე ნ–ს ინდივიდუალურ მეწარმე დ.ი. ძე პ–ის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლო 8000 აშშ დოლარის ოდენობით რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის კურსით გადაწყვეტილების აღსრულების დღისათვის, იურიდიული მომსახურების ხარჯები 4 000 რუბლის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის ხარჯები 27 052 რუბლის ოდენობით.
ი.მ.დ.პ–ის წარმომადგენელმა გ.ჟ–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა რუსეთის ფედერაციის ვოლოგდის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 2 ივლისის №A13-3340/2024 საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლით ირკვევა, რომ მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (განხილულია ზეპირი მოსმენით), დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2024 წლის 31 ოქტომბერს და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 ივნისის განჩინებით ი.მ. დ.პ–ის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ვოლოგდის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 2 ივლისის №A13-3340/2024 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნას განსახილველად.
აღნიშნული განჩინება და ი.მ. დ.პ–ის შუამდგომლობა თანდართული მასალით ორჯერ გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარე ი.მ. ე.ნ–ს საქმეში არსებულ და ასევე მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) პირთა რეესტრში არსებულ მისამართზე – ქ.თბილისი, ........ და სასამართლო კურიერების აქტებით ირკვევა რომ აღნიშნულ მისამართზე ი.მ. ე.ნ–ი არ ცხოვრობს.
საკასაციო სასამართლოს 2025 წლის 29 ივლისის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა საკასაციო სასამართლოს 2025 წლის 23 ივნისის განჩინებისა და ი.მ. დ.პ–ის შუამდგომლობის თანდართული მასალებით ი.მ. ე.ნ–ისათვის ჩაბარება.
ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს, პოლიციის VII სამმართველოს მართლწესრიგის ოფიცერის - ნ.კ–ძის მიერ შედგენილი ოქმიდან ირკვევა, რომ ადრესატის მოძიება ვერ მოხერხდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 12 სექტემბრის განჩინებით დადგინდა უწყების ჩაბარება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით – საჯარო შეტყობინებით და განთავსდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე საჯაროდ გაცნობის მიზნით.
სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მოწინააღმდეგე მხარე ი.მ. ე.ნ–ს თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს უზენაესი სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ი.მ. დ.პ–ის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ვოლოგდის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 2 ივლისის №A13-3340/2024 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ რუსეთის ფედერაციის ვოლოგდის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 2 ივლისის №A13-3340/2024 გადაწყვეტილებით ინდივიდუალურ მეწარმე ე. ვ. ძე ნ–ს ინდივიდუალურ მეწარმე დ.ი. ძე პ–ის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლო 8000 აშშ დოლარის ოდენობით რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის კურსით გადაწყვეტილების აღსრულების დღისათვის, იურიდიული მომსახურების ხარჯები 4 000 რუბლის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის ხარჯები 27 052 რუბლის ოდენობით.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლით ირკვევა, რომ მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (განხილულია ზეპირი მოსმენით), დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2024 წლის 31 ოქტომბერს და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
საკასაციო სასამართლოს 2025 წლის 23 ივნისის განჩინებით ი.მ. დ.პ–ის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ვოლოგდის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 2 ივლისის №A13-3340/2024 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნას განსახილველად და ის საქმის მასალებთან ერთად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის თანახმად, 2025 წლის 16 სექტემბერს ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარე, რომელსაც რაიმე შუამდგომლობით საკასაციო სასამართლოსათვის არ მოუმართავს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის არ არის გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულება სამოქალაქო საქმეებზე სამართლებრივი დახმარების თაობაზე და ამიტომ წინამდებარე განჩინების დასაბუთებისას დაეყრდნობა „მინსკის კონვენციის“ მოწესრიგებას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის მე-3 თავი აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების წესებს. აღნიშნული კონვენციის 51-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ცნობენ და აღასრულებენ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებულ სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს.
„მინსკის კონვენციის“ 54-ე მუხლის მე-2 ნაწილი მიუთითებს, რომ სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების ნებართვის შესახებ, შემოიფარგლება კონვენციით გათვალისწინებული წინაპირობების შემოწმებით. შესაბამისად, ცნობა-აღსრულების პროცედურის მიმართ გამოიყენება კონკრეტული ხელშემკვრელი მხარის საპროცესო-სამართლებრივი ნორმები, ხოლო ცნობა-აღსრულების სხვა საკითხებზე ვრცელდება კონვენციის მე-3 თავის დებულებები. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური სამართლის დანაწესის მიუხედავად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო პროცესუალური მოქმედებების განხორციელების თვალსაზრისით ხელმძღვანელობს ამავე კოდექსით.
„მინსკის კონვენციის“ მე-19 მუხლის თანახმად, სამართლებრივი დახმარების თხოვნა შეიძლება უარყოფილი იქნეს, თუ ასეთი დახმარების გაწევა ზიანს მოუტანს იმ ხელშემკვრელი მხარის სუვერენიტეტს ან უშიშროებას, რომელსაც წაუყენეს მოთხოვნა ან ეწინააღმდეგება მის კანონმდებლობას.
ამავე კონვენციის მე-3 თავით მოწესრიგებულია გადაწყვეტილებათა აღიარება (ცნობა) და იძულებითი აღსრულება, კერძოდ, 51-55 მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა აღიარებისა (ცნობის) და იძულებითი აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები, შესაბამისად, სწორედ ამ ფარგლებით განისაზღვრება საკასაციო სასამართლოს მსჯელობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვა კანონის ფორმალურ დანაწესებთან ამ გადაწყვეტილების შემოწმების გზით ხორციელდება, იმგვარად, რომ საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს, რაიმე ფორმით განმარტოს ან შესწორება შეიტანოს თავად გადაწყვეტილებაში ან მისი სარეზოლუციო ნაწილის რომელიმე პუნქტში.
ამ თვალსაზრისით საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დავის საგანზე, რომელიც, მოცემულ შემთხვევაში, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, თანხის დაკისრებას შეეხება.
„სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილებათა ცნობისა და მათი იძულებითი აღსრულების ნებართვის შესახებ, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ ამ კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში, თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების შესახებ.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ეროვნული კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული ფიზიკური პირის გადახდისუუნაროდ ან გაკოტრებულად გამოცხადება, ხოლო „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საქართველოში უცხო ქვეყნის ნორმები არ გამოიყენება, თუ ეს ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
საქმეში არსებული მასალებისა და მტკიცებულებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს „მინსკის კონვენციის“ 55-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმის საფუძველები.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.
საკასაციო სასამართლოს მიიჩნევს, რომ ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის ვოლოგდის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 2 ივლისის №A13-3340/2024 გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 51-ე, 53-55-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.მ. დ.პ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილი იქნეს და მიექცეს აღსასრულებლად რუსეთის ფედერაციის ვოლოგდის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 2 ივლისის №A13-3340/2024 გადაწყვეტილება, რომლითაც ინდივიდუალურ მეწარმე ე.ვ. ძე ნ–ს ინდივიდუალურ მეწარმე დ.ი. ძე პ–ის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლო 8000 აშშ დოლარის ოდენობით რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის კურსით გადაწყვეტილების აღსრულების დღისათვის, იურიდიული მომსახურების ხარჯები 4 000 რუბლის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის ხარჯები 27 052 რუბლის ოდენობით.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე
ლაშა ქოჩიაშვილი