საქმე № ას-144-2025 2 ოქტომბერი, 2025 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,
არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (აპელანტი, მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ი.ს–ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 04 ივნისის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა და უსასყიდლოდ
საკუთრებაში გადაცემა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. 1985 წლის 3 იანვარს ნოტარიუს მ. გ–ას მიერ გაცემული კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის თანახმად, 1984 წლის 13 იანვარს გარდაცვლილი ა.ი. ძე ი–ის ქონების (მდებარე: ქ. ფოთი, .........., საცხოვრებელი ფართი 20.30 კვ.მ, დამხმარე ფართი - 9.96 კვ.მ, სულ 30.26 კვ.მ, განლაგებული 600 კვ.მ მიწის ნაკვეთზე) (შემდგომში სადავო ქონება, სადავო უძრავი ქონება ან სადავო ბინა) მემკვიდრედ ცნობილია მეუღლე - ვ.ა. ასული ი–ვა (შემდგომში სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე ან მამკვიდრებელი);
2. 1992 წლის 23 დეკემბერს გაცემული მინდობილობით ვ.ი–ამ ბ.ჭ–ას მიანიჭა უფლებამოსილება თავისი შეხედულებისამებრ ფასით და პირობებით გაეყიდა მისი კუთვნილი სახლი (სადავო უძრავი ქონება), რისთვისაც ასევე, მიანიჭა უფლებამოსილება მიეღო აუცილებელი ცნობები, ხელი მოეწერა ნასყიდობის ხელშეკრულებისთვის და შეესრულებინა ყველა მოქმედება და ფორმალობა, რაც დაკავშირებული იქნებოდა დავალების შესრულებასთან. მინდობილობა გაფორმდა 1993 წლის 31 დეკემბრამდე;
3. ვ.ი–ვა გარდაიცვალა 1993 წლის 1 სექტემბერს;
4. 2021 წლის 2 აპრილს ნოტარიულად დამოწმებული შეთანხმებით, ბ.ჭ–ამ, როგორც ვ.ა. ასულ ი–ას მინდობილმა პირმა და ი.ს–ამ (შემდგომში მოსარჩელე), როგორც სადავო ქონების მყიდველმა, საკუთარი ხელმოწერებით დაადასტურეს, რომ 1993 წლის 5 მაისს მათ შორის გაფორმდა ხელშეკრულება და სადავო უძრავი ქონება ბ.ჭ–ამ, როგორც გამყიდველმა, მოსარჩელეს, როგორც მყიდველს, საკუთრებაში გადასცა ვ.ი–ვას კუთვნილი საცხოვრებელი სახლი (სადავო უძრავი ქონება). მყიდველმა გამყიდველს გადაუხადა შესაბამისი საფასური, 3000 აშშ დოლარი;
5. 2022 წლის 30 ივნისს სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაცემული ინფორმაციის თანახმად, ანდერძების ერთიან ელექტრონულ რეესტრში რეგისტრირებულია ჩანაწერი, 1986 წლის 9 აპრილს ნოტარიუს მ. გ–ას მიერ ვ.ა. ასულ ი–ას ანდერძის დამოწმების თაობაზე. ანდერძის თანახმად, ვ.ი–ამ მისი გარდაცვალების შემდეგ მთელი დანაშთი ქონება უანდერძა ვ.ა. ასულ კ–ას;
6. იმავე დღეს (2022 წლის 30 ივნისს) სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაცემული ინფორმაციის თანახმად, 1993 წლის 1 სექტემბერს გარდაცვლილი ვ.ი–ას სამკვიდრო ქონების თაობაზე ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში რეგისტრირებული ჩანაწერი არ არსებობს. ვ.ი–ვას გარდაცვალების შემდეგ, მისი დანაშთი სამკვიდროს მისაღებად, ნოტარიუსთან განაცხადი კანონისმიერ ან/და ანდერძისმიერ მემკვიდრეებს არ წარუდგენიათ;
7. 2022 წლის 27 სექტემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ინფორმაციის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის. უძრავ ნითზე ასევე არ არის რეგისტრირებული რაიმე სანივთო უფლება;
8. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ 2022 წლის 19 სექტემბერს გაცემული N204 ცნობის თანახმად, მოსარჩელე ნამდვილად ცხოვრობს სადავო ბინაში;
9. 2021 წლის 5 აპრილს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა მოსარჩელემ და მოითხოვა მიწის ნაკვეთზე უფლებათა სპორადული რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ განიხილა განცხადება და მოითხოვა ვ.ა. ასულ ი–ას მიერ ხელმოწერილი შეთანხმება ან/და მინდობილობა.
10. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმედ დაკითხული პირის, თ.პ–ას მიერ მიცემული განმარტების მიხედვით, მოსარჩელე 30 წელია მისი მეზობელია. მან სადავო ბინა (რომელშიც ახლა ცხოვრობს) იყიდა ვ.ი–ვასგან (რომელსაც მინდობილობა ჰქონდა მიცემული ბ.ჭ–თვის). ........ ქუჩაზე ჩაემატა ახალი სახლი და შეიცვალა ნუმერაცია. მოწმის განმარტებით, როგორც მისთვის ცნობილია, საცხოვრებელ სახლზე პრეტენზია არავის გამოუთქვამს;
11. მოწმე თ.ქ–ის განცხადებით, იგი 1984 წლიდან ცხოვრობს ქალაქ ფოთში, ......... ქუჩაზე. 1993 წლიდან მისი მეზობელია მოსარჩელე, რომელიც ცხოვრობს სადავო ბინაში. მისი განმარტებით, მოსარჩელემ საცხოვრებელი სახლი იყიდა ვ.ი–ვასგან. ვ.ი–ვას საცხოვრებელი სახლის გვერდზე იყო ვ.ი–ვას სიძის, კ–ვის სახლიც, რომელიც შემდგომ იძულებით გადაადგილებულმა პირებმა იყიდეს. მოწმის განმარტებით, როგორც მისთვის ცნობილია, საცხოვრებელ სახლზე მოსარჩელეს მოდავე არავინ ჰყავს;
12. მოსარჩელის მოთხოვნა
5.1. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა (შემდგომში მოპასუხე ან პირველი მოპასუხე) და ვ.კ–ას (შემდგომში მეორე მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა სადავო უძრავი ქონების უმკვიდროდ ცნობა და მოსარჩელისთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა.
5.2. მოსარჩელის განცხადებით, ნოტარიუსის მიერ 1985 წელს გაცემული სამკვიდრო მოწმობის მიხედვით, სადავო ბინა მეუღლისგან, გარდაცვლილი ალექსი ივანოვისგან მემკვიდრეობთ მიიღო მეუღლემ ვ.ი–ვამ, რომელმაც 1986 წელს ნოტარიუსთან დაწერა ანდერძი და მიუთითა, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ მთელ ქონებას უანდერძებდა ვ.კ–ას. 1992 წელს მამკვიდრებელი და ვ.კ–ა საცხოვრებლად გადავიდნენ რუსეთში. 1992 წელს კი ვ.ი–ვამ ბ.ჭ–ას სახელზე გასცა მინდობილობა, რომლითაც მინდობილ პირს მიანიჭა მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის (სადავო ბინის) გასხვისების უფლებამოსილება. 1993 წლის 5 მაისს ბ.ჭ–ამ ბინა მიჰყიდა მოსარჩელეს, ხოლო იმავე წლის 1 სექტემბერს გარდაიცვალა მამკვიდრებელი. მისი გარდაცვალების დღიდან გარდაცვლილის მემკვიდრეობაზე განაცხადი არავის გაუკეთებია. სადავო ბინაში მოსარჩელე დღემდე ცხოვრობს და იხდის კომუნალურ გადასახადებს.
13. მოპასუხეების პოზიცია
13.1. პირველმა მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო ბინით სარგებლობის ფაქტს მოსარჩელე ვერ ადასტურებს, საქმის მასალებით არც ის დასტურდება, რომ მამკვიდრებლის მინდობილ პირსა და მოსარჩელეს შორის სადავო ქონებაზე გაფორმებული იყო ნასყიდობის ხელშეკრულება. ამასთანავე, წარდგენილი არ არის სათანადო მტკიცებულებები მამკვიდრებლის, ვ.ი–ვას დანაშთი სამკვიდროს კანონისმიერი მემკვიდრის მიერ ფაქტობრივი ფლობით მიღების გამოსარიცხად;
13.2მეორე მოპასუხეს სარჩელზე შესაგებელი არ წარუდგენია.
14. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
14.1. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. უმკვიდროდ იქნა ცნობილი 1985 წლის 3 იანვარს ნოტარიუსის მიერ გაცემულ კანონისმიერ მემკვიდრეობის უფლების მოწმობაში ვ.ა. ასულ ი–ას სახელზე რიცხული სადავო უძრავი ქონება და დადგინდა მისი მოსარჩელისთვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა.
15. პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი
15.1. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა პირველმა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
16. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
16.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ივნისის განჩინებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
10.1. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-11 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები, მიუთითა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონზე (შემდგომში სპეციალური კანონი ან კანონი) და აღნიშნა, რომ მოსარჩელე მითითებული კანონით განსაზღვრული პირია, ხოლო სასამართლოს მსჯელობის საგანია აღნიშნული კანონის ფარგლებში არსებობს თუ არა სადავო საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობისა და მოსარჩელის საკუთრებაში მისი დარეგისტრირების წინაპირობები.
10.2. სასამართლომ იხელმძღვანელა სპეციალური კანონის მე-2, მე-5 და მე-9 მუხლებით, სამოქალაქო კოდექსის 1421-ე, 1424-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 105-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ ვინაიდან საქმის მასალებით დგინდებოდა 1993 წლიდან სადავო ბინაში მოსარჩელის ცხოვრების/მის მიერ კომუნალური გადასახადების გადახდის ფაქტი, ამასთან, ის გარემოებაც, რომ მოსარჩელემ საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლება მიიღო თანხის გადახდის სანაცვლოდ, ხოლო მოპასუხეს გარდა ზეპირი განმარტებისა, აღნიშნულის საწინააღმდეგო რაიმე მტკიცებულება სასამართლოში არ წარუდგენია, არსებობდა სადავო საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობისა და მისი მოსარჩელისთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობა.
10. მოპასუხის საკასაციო საჩივარი
10.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა პირველმა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
10.2. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არსებითი ხასიათის მტკიცებულებების გარეშე გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა მოსარჩელის მხრიდან სადავო ქონების კანონიერად მოსარგებლეობის შესახებ, რის შემდგომაც არასწორად დაასკვნა, რომ სპეციალური კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, არსებობდა ქონების უმკვიდროდ ცნობისა და მისი უსასყიდლოდ მოსარჩელისთვის საკუთრებაში გადაცემის ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობა. სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად ის ფაქტიც, რომ ქ. ფოთში, ........ ქუჩა N20 და N18 იდენტური მისამართებია (რის საფუძელზეც არასწორად დაასკვნა მოსარჩელის მხრიდან სადავო ბინაში კომუნალური გადასახადების გადახდის ფაქტი), მაშინ, როდესაც აღნიშნულის დადასტურება აუცილებელი იყო სამისამართო რეესტრიდან შესაბამისი ინფორმაციით ან/და ჩამატებული სახლის შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციით. ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც მითითებულია, რომ მოსარჩელე ნამდვილად ცხოვრობს სადავო ბინაში, ვერ მიიჩნევა იმ გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად, რომ მოსარჩელე 1997 წლის 25 ნოემბრის მდგომარეობითაც მითითებულ სახლში ცხოვრობდა (სპეციალური კანონის მიხედვით, სწორედ ამ გარემოების დადასტურების ვალდებულება ეკისრებოდა მოსარჩელეს).
17. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
17.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 17 თებერვლის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.
18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
20. მოცემულ შემთხვევაში სადავო საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობისა და საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ სპეციალური კანონის მე-9 მუხლის პირველი და მე-2 („თუ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე გარდაცვლილი ან გარდაცვლილად გამოცხადებულია და არც კანონით მემკვიდრეები და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არცერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, მოსარგებლე უფლებამოსილია მოითხოვოს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა (საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობის შესახებ სარჩელი); ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უმკვიდროდ ცნობილი საცხოვრებელი სადგომი სასამართლო გადაწყვეტილებით მოსარგებლეს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა და საჯარო რეესტრში რეგისტრირდება“) პუნქტები.
21. აღნიშნული მოთხოვნა განხორციელებადია შემდეგი წინაპირობების არსებობისას: მოსარჩელე უნდა იყოს საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლე; მესაკუთრე უნდა იყოს გარდაცვლილი ან გარდაცვლილად გამოცხადებული; არც კანონით და არც ანდერძით მემეკვიდრეები არ უნდა არსებობდნენ.
22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სპეციალური კანონიდან გამომდინარე, პირისათვის საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლის სტატუსის მინიჭების ცნობის თაობაზე არსებობს მყარი სასამართლო პრაქტიკა. სპეციალური კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს (მოცემული კანონის მიზანია ისეთი ფაქტობრივი ურთიერთობების მოწესრიგება, რომელთაც არ ითვალისწინებს არც საქართველოს მოქმედი სამოქალაქო კოდექსი და ისინი არც საბჭოთა სამოქალაქო კანონმდებლობით იყო სათანადოდ მოწესრიგებული. ეს ურთიერთობები ათეულობით წლების განმავლობაში ყალიბდებოდა მოქალაქეთა შორის მოწესრიგებული სამოქალაქო ურთიერთობების გვერდით. მათ ფართოდ დამკვიდრებას ხელს უწყობდა არა მარტო საბჭოთა სამართლებრივი სისტემის ნაკლოვანებანი, არამედ - სხვა სუბიექტური თუ ობიექტური გარემოებანი. სამოქალაქო უფლებათა განხორციელება კანონში მითითებულ პერიოდში ბევრად იყო დამოკიდებული ადმინისტრაციულ- სამართლებრივ დანაწესებზე, რაც ხელს უშლიდა თავისუფალი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას. ასეთ ვითარებაში მხარეები ფაქტობრივად იძულებული იყვნენ, ურთიერთობები დაემყარებინათ კანონის მიღმა. მითითებულიდან გამომდინარე, „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონმა მათ მიანიჭა იურიდიული მნიშვნელობა და დაუკავშირა მას კონკრეტული სამართლებრივი შედეგი - ე.ი. აღნიშნული გარიგებების საგანი აღიარებულ იქნა სამოქალაქო ბრუნვის ობიექტად. თავის მხრივ, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო ბრუნვის ობიექტად მიიჩნევა არა მხოლოდ ნივთები, არამედ არამატერიალური ობიექტები - უფლებები და მოთხოვნები, შესაბამისად, ამ კანონით მოსარგებლის სტატუსიდან გამომდინარე უფლება შესაძლოა განკარგული იქნეს ან/და გადავიდეს მემკვიდრეზე (შეად. სუსგ-ებს: N ას-958-2022, 30.09.2022წ; N ას- 1017-2023, 13.10.2023წ.)).
23. კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინში „მოსარგებლედ“ მოიაზრება პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობდა საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ხოლო განსახილველი ნორმის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, ტერმინი „რეგისტრაცია“ განიმარტება, როგორც „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 27 ივნისის კანონის ამოქმედებამდე არსებული წესით რეგისტრაცია (ჩაწერა) საცხოვრებელ ფართობში. დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები თანაბრად ვრცელდება მესაკუთრესა და მოსარგებლეზე, აგრეთვე - მათ უფლებამონაცვლეებზე.
24. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებით/გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდა. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემობაზე, რომ საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგების არსებობის დადასტურებისათვის აუცილებელი არ არის მოცემული ნორმაში ჩამოთვლილი ყველა სახის დოკუმენტის ერთდროულად არსებობა (იხ. სუსგ N ას-445-2023, 28.07.2023 წ.).
25. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის ძირითადი საკასაციო პრეტენზია ეხება იმას, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითი ხასიათის მტკიცებულებების გარეშე დაადგინა მოსარჩელის მიერ სადავო საცხოვრებელი ფართით სარგებლობის/მის მიერ კომუნალური გადასახადების გადახდის ფაქტი. შესაბამისად, არასწორად მიიჩნია იგი სპეციალური კანონით გათვალისწინებულ მოსარგებლედ.
26. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
27. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია.
28. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე, ანუ ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს (იხ. სუსგ №ას-1117-1074-2016, 2017 წლის 6 მარტი).
29. საქართველოს კონსტიუციის 85.3-ე მუხლით გარანტირებულია სამართალწარმოების განხორციელება მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საწყისებზე, რაც, ასევე, ასახულია სსსკ-ის მე-4 და მე-5 მუხლებში, ამასთან, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ (სსსკ-ის 105-ე მუხლი).
30. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სსსკ 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
31. მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე წარდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით (1992 წლის 23 დეკემბერს ბ.ჭ–ას სახელზე გაცემული მინდობილობა, 2021 წლის 2 აპრილის ნოტარიულად დამოწმებული შეთანხმება) სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 1992 წლის 23 დეკემბერს, სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე ვ.ა. ასულმა ი–ვამ, 1993 წლის 31 დეკემბრამდე გაცემული მინდობილობით, ბ.ჭ–ას მიანიჭა უფლებამოსილება თავისი შეხედულებისამებრ ფასით და პირობებით გაეყიდა მისი კუთვნილი სახლი (სადავო ქონება), ხოლო 1993 წლის 5 მაისს ბ.ჭ–ამ, როგორც გამყიდველმა და ვ.ი–ვას მინდობილმა პირმა, თანხის გადახდის სანაცვლოდ, ქონება გადასცა მოსარჩელეს. სააპელაციო სასამართლომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან და სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატიდან წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დაადგინა ისიც, რომ 1993 წლის 1 სექტემბერს გარდაცვლილი ვ.ი–ვას დანაშთი სამკვიდროს მისაღებად ნოტარიუსთან განაცხადი გარდაცვლილის კანონისმიერ ან/და ანდერძისმიერ მემკვიდრეებს არ წარუდგენიათ და ამჟამად სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის. ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაცემული ინფორმაციისა და მოწმის სახით დაკითხულ პირთა ჩვენებების ურთიერთშეჯერებით კი, სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელემ თანხის გადახდის სანაცვლოდ შეიძინა სადავო ბინა, 1993 წლიდან დღემდე ცხოვრობს მასში და იხდის კომუნალურ გადასახადებს.
32. აღსანიშნავია, რომ მითითებული გარემოებების გაბათილების მიზნით, მოპასუხეს, გარდა საკუთარი განმარტებისა, რაიმე მტკიცებულება არცერთი ინსტანციის სასამართლოში არ წარუდგენია. კასატორის მხოლოდ ზეპირი სახის მითითება კი იმის შესახებ, რომ მოსარჩელე ვერ ადასტურებს სადავო საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ფაქტს, ვერ მიიჩნევა იმგვარ დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად, რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებების გაბათილებისა და საქმის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
33. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცა მათ, სწორად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებთა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
34. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში ასახული მსჯელობა სრულად შეესაბამება წინამდებარე განჩინებაში მოყვანილ განმარტებებს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილურ პრაქტიკას. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
ა. კოჭლამაზაშვილი