Facebook Twitter

საქმე № ას-573-2025 18 სექტემბერი, 2025 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,

არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები - ნ.ს–ძე, ი.ნ–ძე (აპელანტები, მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე - რ.ლ.ჯ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 18 თებერვლის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - უძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობა (ძირითადი სარჩელით), უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა, თანხის დაკისრება (შეგებებული სარჩელით)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ნ.ს–ძისა (შემდგომში გამყიდველი, მოპასუხე, პირველი მოპასუხე, კასატორი ან საკასაციო საჩივრის ავტორი) და ი.ნ–ძის (შემდგომში მოპასუხე, მეორე მოპასუხე, კასატორი ან საკასაციო საჩივრის ავტორი, ხოლო ორივე მოპასუხე ტექსტში ერთად მოხსენებული, როგორც მოპასუხეები, კასატორები ან საკასაციო საჩივრის ავტორები) საკასაციო პრეტენზიით, დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 18 თებერვლის განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, დაკმაყოფილდა რ.ლ.ჯ–ის (შემდგომში მოსარჩელე ან მყიდველი) სარჩელი და მოსარჩელე ცნობილ იქნა ქ. თბილისში, ........ მდებარე 40 კვ.მ ავტოფარეხის (შენობა N4, ს/კ: ..........) (შემდგომში ავტოფარეხი, სადავო ავტოფარეხი ან სადავო ქონება) მესაკუთრედ, ხოლო მოპასუხეთა შეგებებული სარჩელი მოსარჩელის უკანონო მფლობელობიდან ავტოფარეხის გამოთხოვის, ასევე 2020 წლის 25 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ქირის სახით ყოველთვიურად 250 ლარის მოსარჩელისთვის გადახდის დაკისრების (ავტოფარეხის არამართლზომიერად დაკავების გამო) შესახებ არ დაკმაყოფილდა. კასატორების მოსაზრებით, სასამართლომ არასათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და არასწორად დაასკვნა, რომ არსებობდა სადავო ავტოფარეხის მესაკუთრედ მოსარჩელის ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი. სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა ის ფაქტი, რომ მოსარჩელეს შეეძლო ქონების შეძენისას შეემოწმებინა შესაძენი ქონების საკადასტრო კოდები და ისე მიეღო გადაწყვეტილება. სასამართლომ უგულებელყო ის გარემოებაც, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას აუცილებელია მნიშვნელოვან პირობებზე შეთანხმება. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

3.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 19 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, (შემდეგში: სსსკ), 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.

4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

7. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმეში სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

8. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

8.1. გამყიდველმა ვებ-გვერდის მეშვეობით გაავრცელა განცხადება, რომ ყიდდა ქ. თბილისში, ჩუღუღეთის რაიონში, მიწის ნაკვეთს სახლით და გზისპირა გარაჟით;

8.2. 2019 წლის 14 ნოემბერს მოსარჩელესა და გამყიდველს შორის გაფორმდა ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, გამყიდველი მიჰყიდის, ხოლო მყიდველი იყიდის უძრავ ქონებას, რისთვისაც მხარეები დადებენ ნასყიდობის ძირითად ხელშეკრულებას შემდეგი პირობებით: ა) ნასყიდობის საგანი: გამყიდველის კუთვნილი უძრავი ქონება; ბ) ნასყიდობის საგნის მდებარეობა: ქ. თბილისი, ..........ქუჩა N32-ის მიმდებარედ, ს.კ...........; გ) ნასყიდობის ფასი - 90 000 აშშ დოლარი; დ) ძირითადი ხელშეკრულების დადების ვადა - 2020 წლის 14 იანვარი;

8.3. ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების მიხედვით, ბეს თანხა შეადგენს 500 აშშ დოლარს, რომელიც ჩაითვლება ძირითადი ხელშეკრულების ნასყიდობის ფასში. იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი ბრალეულად დაარღვევს ამ ხელშეკრულებით დადგენილ ვალდებულებებს, მაშინ გამყიდველი ვალდებულია მყიდველს ბე დაუბრუნოს ორმაგად. ... გამყიდველმა განაცხადა, რომ არ არსებობს მისთვის ცნობილი რაიმე გარემოება, რომელიც ხელს შეუშლის ნასყიდობის ძირითადი ხელშეკრულების დადებას. გამყიდველის განცხადებით, ნასყიდობის საგანი არ არის სადავო. მხარეებმა განაცხადეს, რომ ნასყიდობის საგანი ნივთობრივად უნაკლოა, ნასყიდობის საგნის ხარისხი შეთანხმებულია მხარეთა შორის, მყიდველმა მოიწონა ნასყიდობის საგნის ხარისხი;

8.4. 2019 წლის 15 ნოემბერს მყიდველსა და გამყიდველს შორის დაიდო ძირითადი ხელშეკრულება - მყიდველმა იყიდა ქ. თბილისში, ........ ქ. N32-ში მდებარე 129 კვ.მ უძრავი ქონება (ს/კ ........);

8.5. მოსარჩელის მიერ წარდგენილი 2019 წლის 27 ივლისის ელექტრონული მიმოწერის ფოტოასლებით, რომლის ავთენტურობა მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია, ირკვევა, რომ გამყიდველმა ელექტრონული მიმოწერის მეშვეობით მყიდველს გაუგზავნა აზომვითი ნახაზის ფოტო, მითითებით „ეს არის გარაჟი“. ასევე, გაუგზავნა ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების ფოტო, რომელზეც ასევე ჩანს, რომ შეთავაზებული ფასი არის 85 000 აშშ დოლარი;

8.6. 2019 წლის 14 ნოემბრის მიმოწერის მიხედვით, რომლის ავთენტურობა ასევე არ არის სადავო, გამყიდველმა მყიდველის შეკითხვას ავტოფარეხის გასაღებთან დაკავშირებით ასე უპასუხა: „გარაჟის გასაღები არ მაქვს, შეცვალე, პერლა“;

8.7. 2020 წლის 15 იანვარს პირველმა მოპასუხემ მოსარჩელეს გაუგზავნა ტექსტური შეტყობინება და აცნობა, რომ აპირებდა მის საკუთრებაში არსებული დანარჩენი ქონების - მიწის და გარაჟის გაყიდვას, შეთავაზებაზე გამოხმაურებისთვის კი განუსაზღვრა ვადა საღამომდე;

8.8. 2020 წლის 25 მაისს პირველ და მეორე მოპასუხეს შორის სადავო ავტოფარეხზე გაფორმდა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. ხელშეკრულების მიხედვით, ავტოფარეხის გამოსყიდვის საბოლოო ვადად განისაზღვრა 2021 წლის 25 მაისი. 2021 წლის 11 მაისის შეთანხმებით ცვლილება შევიდა აღნიშნულ ხელშეკრულებაში და გამოსყიდვის საბოლოო ვადად განისაზღვრა 2021 წლის 25 სექტემბერი. ხელშეკრულების გაფორმების დღესვე, 2020 წლის 25 მაისს ავტოფარეხზე საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში აღირიცხა მეორე მოპასუხის სახელზე;

8.9. 2021 წლის 10 ივნისის ხელშეკრულებით გაუქმდა გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება და მეორე მოპასუხემ თანხმობა განაცხადა ავტოფარეხის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში კვლავ პირველი მოპასუხე აღრიცხულიყო;

8.10. მოწმე ალექსანდრე ჩხაიძის განცხადებით, იგი დაახლოებული იყო მოსარჩელესთან და მის მეუღლესთან და უწევდა მათ დახმარებას ქონების შეძენის მიზნით, უთარგმნიდა საჭირო ინფორმაციას. იგი ესწრებოდა თითქმის ყველა შეხვედრას და მოლაპარაკების პროცესს გამყიდველთან. მოსარჩელემ გასაყიდი ქონების შესახებ შეიტყო ვებვერდზე https://www.myhome.ge განთავსებული განცხადებით, განცხადებაში მითითებული იყო, რომ ქონება იყიდებოდა გარაჟთან ერთად 85 000 აშშ დოლარად. პირველად იგი გაჰყვა მოსარჩელეს და მის მეუღლეს ქონების სანახავად, ადგილზე დახვდათ გამყიდველის დედა, რომელმაც განაცხადა, რომ ქონება 120 000 აშშ დოლარად იყიდებოდა. მოწმემ ურჩია მოსარჩელეს, რომ ამ ფასს არ დათანხმებოდნენ. მოწმე რამდენჯერმე იყო მისული ქონების სანახავად, გასაყიდი იყო მიწის ნაკვეთი სახლით, უკან ტერასით, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო აღრიცხული გამყიდველის სახელზე. ეზოს მხრიდან ჩასასვლელი იყო გარაჟში, მოწმე მოსარჩელის ქმართან ერთად, თვითონ ჩავიდა გარაჟში. სულ ორჯერ დაათვალიერა გარაჟი. იმის მიუხედავად, რომ ავტოფარეხს შესასვლელი ქუჩის მხრიდანაც ჰქონდა, მასში ჩასასვლელი ეზოდან ისე იყო მოწყობილი, რომ წარმოუდგენელი იყო იგი არ ჩათვლილიყო გასაყიდი ქონების ნაწილად. მოწმის განმარტებით, სახლი ოთხად იყო გაყოფილი, ყველა ნაწილს თავისი მესაკუთრე ჰყავდა, რომელსაც სესხების უზრუნველსაყოფად ჰქონდათ ქონება გადაცემული, თუმცა რეალურად ქონების გამყიდველი პირველი მოპასუხე იყო. ქონების გაყიდვით მიღებული თანხის ძირითადი ნაწილი მას მევალეებისთვის უნდა მიეცა. ამ გარემოების გამო, მოწმემ ურჩია მოსარჩელეს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებები ერთდროულად გაფორმებულიყო საჯარო რეესტრში და არა ნაწილ-ნაწილ, როგორც გამყიდველს სურდა. მოწმემ ასევე განაცხადა, რომ გამყიდველმა მას გაუგზავნა საჯარო რეესტრის 4 ამონაწერის კოდი და 3 საკადასტრო გეგმა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ავტოფარეხი იყო ცალკე საკადასტრო კოდით. აღნიშნულის მიუხედავად, გამყიდველთან მოლაპარაკებისას არ დამდგარა ავტოფარეხის ცალკე გაყიდვის საკითხი, საუბრისას გამყიდველმა დაადასტურა, რომ ყველაფერი ერთად იყიდებოდა;

8.11. მოწმე ა.გ–ძის ჩვენებით, იგი იყო მოსარჩელის შვილის ძიძა. ოჯახი ინგლისურენოვანი იყო და ამიტომ, როგორც თარჯიმანი, როდესაც ა.ჩ–ძე არ იყო, თავად დაყვებოდა მოსარჩელეს და მის მეუღლეს მოლაპარაკების წარმოების მიზნით. მან ნახა ეზო, რომელსაც პირველი მოპასუხე ყიდდა, ეზოდან იყო ჩასასვლელი ავტოფარეხში. გამყიდველის დამოკიდებულებიდან ჩანდა, რომ ეზო მთლიანად იყიდებოდა, ავტოფარეხის ცალკე გაყიდვასთან დაკავშირებით კითხვა არ დასმულა. მოწმე ახლდა მხარეებს ბანკშიც, როდესაც უნდა აეღოთ მოსარჩელის ქმრის ანგარიშზე გაგზავნილი ფული. ფული იყო დაყოვნებული ანგარიშზე და ვერ მოხერხდა აღება, რის გამოც გამყიდველი ძალიან ღელავდა;

8.12. უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების შეფასების შესახებ დასკვნის მიხედვით, ავტოფარეხი წარმოადგენს ნაგებობას, მას არ გააჩნია არაუძრავი ელემენტები, მიწის ნაკვეთთან მიმართებით წილობრივია, სხვა შესადარებელი ქონებისგან განსხვავებით არ არის ინდივიდუალურ საკუთრებაში

9. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის ფარგლებში შესაფასებელია სადავო ავტოფარეხის მესაკუთრედ მოსარჩელის ცნობის კანონიერება. კასატორების მოსაზრებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად შეაფასეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც, არასწორად დაასკვნეს, რომ არსებობდა სადავო ქონებაზე მოსარჩელის მესაკუთრედ ცნობის წინაპირობები.

10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. ნასყიდობის ხელშეკრულების არსებითი პირობაა ნასყიდობის ხელშეკრულების მახასიათებლები და ფასი. ამავე კოდექსის 329-ე, 331-ე მუხლებიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებას წინ უსწრებს ოფერტი, თუ შეთავაზებულ პირობებს მხარე სათანადო ფორმით წარდგენილი აქცეპტით უპასუხებს, ხელშეკრულება დადებულად ითვლება და მხარეებს წარმოეშობათ შეთანხმებული ვალდებულებები.

11. განსახილველ საქმეზე სადავო არ არის, რომ გამყიდველის მიერ საჯაროდ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, გასაყიდი ქონება მოიცავდა ეზოში არსებულ 40 კვ.მ ავტოფარეხს (განცხადებაში მითითებულია: ...... ქ. დიდუბე-ჩუღურეთი, მიწა... კვმ... 216 კვ.მ გზის პირა გარაჟით 40 კვ.მ). საქმეში წარდგენილი ფოტოსურათებით და უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების შეფასების შესახებ დასკვნით ასევე დადგენილია, რომ სადავო ავტოფარეხი წარმოადგენს ნაგებობას, მას არ გააჩნია არაუძრავი ელემენტები, მიწის ნაკვეთთან მიმართებით წილობრივია, სხვა შესადარებელი ქონებისგან განსხვავებით არ არის ინდივიდუალურ საკუთრებაში. სადავო არ არის არც ის ფაქტი, რომ გამყიდველს მყიდველისთვის გაგზავნილი აქვს ავტოფარეხის აზომვითი ნახაზის ფოტო (მითითებით, „ეს არის გარაჟი“), ასევე მათ შორის არსებული მიმოწერის მიხედვით, ავტოფარეხის გასაღებთან დაკავშირებით შეკითხვაზე, გამყიდველს მყიდველისთვის მიწერილი აქვს ტექსტი: „გარაჟის გასაღები არ მაქვს, შეცვალე პერლა“. უდავოდ დგინდება ისიც, რომ გამყიდველმა საჯარო რეესტრის ამონაწერი ავტოფარეხთან დაკავშირებით მას შემდეგ განაახლა, რაც მოსარჩელესთან გააფორმა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. მანამდე კი, ქონების გასხვისებისას მყიდველს მიაწოდა 4 საკადასტრო კოდი (1. ..........; 2. .......; 3. ......... და 15 4. .......), ხოლო ავტოფარეხის საკადასტრო კოდი არ მიუწოდებია.

12. ზემოაღნიშნული განმარტებებისა და საქმეზე უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას იმის შესახებ, რომ ვინაიდან გამყიდველმა არ შეასრულა ნასყიდობის ხელშეკრულების პირობა - არ გადასცა მყიდველს ხელშეკრულებით განსაზღვრული ქონება (ავტოფარეხი), სახეზეა გამყიდველის მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის ფაქტი, რაც წარდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას ქმნიდა, ამასთან, ვინაიდან დაკმაყოფილებულია ძირითადი სარჩელი უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობის შესახებ, სააპელაციო სასამართლომ მართებულად აღნიშნა, რომ ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილება გამორიცხავდა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას (რომლითაც შეგებებული სარჩელის ავტორები ითხოვდნენ მოსარჩელის უკანონო მფლობელობიდან სადავო ავტოფარეხის გამოთხოვას, ასევე ქირის სახით ყოველთვიურად 250 ლარის მეორე მოპასუხის სასარგებლოდ მოსარჩელისთვის გადახდის დაკისრებას (ავტოფარეხის არამართლზომიერად დაკავების გამო)).

13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სადავო საკითხების გადაწყვეტისას მართებულად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმები, ასევე მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

14. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.ს–ძისა და ი.ნ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. ნ.ს–ძესა (პ.ნ. ........) და ი.ნ–ძეს (პ.ნ. ..........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე თ.ა–ას (პ.ნ. .........) მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი (საგადასახადო დავალება: N 27720644897; გადახდის თარიღი: 09.06.2025) 1066.83 ლარის 70% - 746,7 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

ა. კოჭლამაზაშვილი