Facebook Twitter

საქმე №ას-437-2024

08 ოქტომბერი, 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ა.ს–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ზ.ბ–ვა (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ა.ს–მა (შემდგომში - „მოსარჩელე“, „აპელანტი“ ან „კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ.ბ–ვას (შემდგომში - „მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, .........., ს.კ. .......... (შემდგომში - „სადავო უძრავი ქონება“ ან „სადავო ქონება/ბინა“), გამოთხოვა და მოსარჩელისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა.

2. სარჩელის თანახმად, მოპასუხე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს მოსარჩელის კუთვნილ სადავო უძრავ ქონებას და უარს აცხადებს მის გათავისუფლებაზე, რითაც მესაკუთრეს ხელი ეშლება მისი კუთვნილი უძრავი ქონების გამოყენებაში.

3. მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო.

4. მოპასუხის განმარტებით, იგი სადავო უძრავი ქონების ფლობას ახორციელებს კანონიერად, კერძოდ, ბ.ს–ის (შემდგომში - „მამკვიდრებელი“) საანდერძო დანაკისრის შესაბამისად. ამ უკანასკნელმა და მოპასუხემ ჯვარი დაიწერეს 2007 წლის 26 იანვარს. აღნიშნული პერიოდიდან ისინი იმყოფებოდნენ ფაქტობრივ ქორწინებაში და ჰქონდათ საერთო მეურნეობა მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე, 2020 წლის 28 ოქტომბრამდე. მოპასუხე ქორწინების შემდგომ მუდმივად ცხოვრობს სადავო უძრავ ქონებაში. მამკვიდრებელმა 2018 წელს შეადგინა შინაურული ანდერძი, რომლითაც მოპასუხეს მიენიჭა სადავო ბინით სარგებლობის უფლება. სწორედ აღნიშნული ანდერძის საფუძველზე ახორციელებს მოპასუხე ქონების ფლობას, რაც გამორიცხავს მის მიერ ქონების არამართლზომიერად ფლობის ფაქტს.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 06 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

6. მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

8. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

8.1. მოსარჩელის საკუთრებაშია სადავო უძრავი ქონება. საკუთრების უფლების რეგისტრაციის თარიღია: 20.06.2021 წელი, ხოლო უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია სამკვიდრო მოწმობა: №210607288 (16.06.2021წ.);

8.2. 12.08.2013 წლის მონაცემებით, სადავო უძრავი ქონება აღრიცხული იყო მამკვიდრებლის სახელზე, რომელიც გარდაიცვალა 2020 წლის 28 ოქტომბერს;

8.3. 2018 წლის 07 დეკემბერს სანოტარო ფორმით შედგენილი ანდერძის თანახმად, მამკვიდრებელმა მთელი მისი უძრავ-მოძრავი ქონება, რაც მისი გარდაცვალების მომენტისათვის აღმოჩნდებოდა მის საკუთრებაში, მათ შორის, სადავო უძრავი ქონება და მასში არსებული მოძრავი ქონება უანდერძა შვილიშვილს, მოსარჩელეს;

8.4. 2018 წელს (ანდერძზე მითითებული არ არის მისი შედგენის თვე და რიცხვი) შინაურული ფორმით შედგენილ ანდერძში აღნიშნულია შემდეგი: „მე, ბ.ვ. ძე ს–ლი ... 1. მთელ ჩემს მოძრავ ქონებას, რომელიც ჩემი სიკვდილის მომენტისათვის აღმოჩნდება ჩემს საკუთრებაში არსებულ ბინაში, მისამართზე: ქ. თბილისი, .........., ვუანდერძებ ჩემს შვილიშვილს - ა. ს. ძე ს–ს. მოძრავი ქონების განკარგვის უფლება მას წარმოეშობა სრულწლოვანების დადგომის მომენტიდან. მანამდე მოძრავ ქონებაზე მეურვეობას გასწევს მისი დედა - ნ.ჯ–ი; 2. მთელ ჩემ უძრავ ქონებას, სახელდობრ ბინას, მდებარე: ქ. თბილისი, .........., ვუანდერძებ ჩემს შვილიშვილს - ა.ს. ძე ს–ს. ჩემი გარდაცვალების შემდეგ ჩემს შვილიშვილს დედასთან ერთად მის სრულწლოვანებამდე უფლება არ აქვს ისარგებლოს ბინით. ბინით სარგებლობის უფლება დარჩება ჩემს ეკლესიურ მეუღლეს - ზ.(ლ.) ბ–ას. სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ ჩემს შვილიშვილს აქვს ბინის გაყიდვის უფლება ექსკლუზიურად. ამასთან, ბინის გაყიდვის შემთხვევაში გაყიდვიდან მიღებული თანხა გაიყოფა ორად - ჩემს შვილიშვილსა და ჩემ ეკლესიურ მეუღლეს შორის თანაბრად“;

8.5. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 12.08.2022წ. N005497422 დასკვნის თანახმად: ა) ტექსტობრივი და ციფრობრივი ჩანაწერები, განლაგებული ანდერძზე, 2018 წლის თარიღით (რიცხვი არ აღინიშნება), რომელიც იწყება და მთავრდება შესაბამისად სიტყვებით: „ქ. თბილისი, ორიათასი თვრამეტი წლის მე, ბ. ვ. ძე ს–ლი“...“ „...შინაარსს ვადასტურებ ჩემი ხელმოწერით“, შესრულებულია მამკვიდრებლის მიერ; ბ) ხელმოწერა ბ. ს–ის სახელით, განლაგებული: ანდერძზე, 2018 წლის თარიღით (რიცხვი არ აღინიშნება), რომელიც იწყება და მთავრდება შესაბამისად სიტყვებით: „ქ. თბილისი, ორიათასი თვრამეტი წლის მე, ბ.ვ. ძე ს–ლი“...“ „...შინაარსს ვადასტურებ ჩემი ხელმოწერით“, მეორე გვერდზე, ხელნაწერი ტექსტის ქვემოთ, შუაში, შესრულებულია მამკვიდრებლის მიერ;

8.6. სადავო უძრავ ქონებას ფლობს მოპასუხე. იგი სადავო ქონებაში ცხოვრობს 2007 წლიდან.

9. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სადავო უძრავი ქონება, რომლის ვინდიცირებასაც ითხოვს მოსარჩელე, რეგისტრირებული იყო - 2020 წლის 28 ოქტომბერს გარდაცვლ. მამკვიდრებლის სახელზე. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სადავო უძრავი ქონების მართლზომიერად ფლობის ფაქტი დაუკავშირა მამკვიდრებლის ანდერძს, რომლის თანახმადაც, მამკვიდრებელმა შინაურული ფორმით შედგენილი ანდერძით მიანიჭა მოპასუხეს ბინით სარგებლობის უფლება. ანდერძი შედგენილია 2018 წელს, კონკრეტული თვის და რიცხვის აღნიშვნის გარეშე და მასში მითითებულია შემდეგი: „მე ბ.ვ. ძე ს–ი .... 2. მთელ ჩემ უძრავ ქონებას, სახელდობრ ბინას, მდებარე: ქ. თბილისი, შატბერაშვილის ქ. 2, ბინა 2, ვუანდერძებ ჩემს შვილიშვილს ა.ს– ძე ს–ს. ჩემი გარდაცვალების შემდეგ ჩემს შვილიშვილს დედასთან ერთად მის სრულწლოვანებამდე უფლება არ აქვს ისარგებლოს ბინით. ბინით სარგებლობის უფლება დარჩება ჩემს ეკლესიურ მეუღლეს - ზ. (ლ.) ბ–ას. სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ ჩემს შვილიშვილს აქვს ბინის გაყიდვის უფლება ექსკლუზიურად. ამასთან, ბინის გაყიდვის შემთხვევაში გაყიდვიდან მიღებული თანხა გაიყოფა ორად - ჩემს შვილიშვილსა და ჩემ ეკლესიურ მეუღლეს შორის თანაბრად.“

10. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქმის განხილვის დროისათვის ზემოაღნიშნული ანდერძი კანონით დადგენილი წესით სადავოდ არ ყოფილა გამხდარი. რაც შეეხება აპელანტის წარმომადგენლის მითითებას ანდერძის დაუდგენელი პირის მიერ შედგენის თაობაზე, ასევე, აპელირებას იმის შესახებ, რომ ტექსტში ჩამატებულია სიტყვა „არ“ („....სრულწლოვანებამდე უფლება არ აქვს ისარგებლოს ბინით“), არ დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებებით. მეტიც, საქმის მასალებში მოპასუხის მიერ წარდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 12.08.2022წ. N005497422 დასკვნა, რომლის თანახმად, ანდერძის ტექსტი და მასზე ხელმოწერა შესრულებულია მამკვიდრებლის მიერ. შესაბამისად, მოსარჩელის მხოლოდ ზეპირი მითითება ანდერძის ნამდვილობასთან დაკავშირებით, საკმარისი ვერ იქნება მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულების (ექსპერტიზის დასკვნა) გასაქარწყლებლად.

11. სააპელაციო სასამართლოს მითითებით საქმის მასალებში წარდგენილია, ასევე, 2018 წლის 07 დეკემბერს სანოტარო ფორმით შედგენილი ანდერძი, რომლის თანახმად, მამკვიდრებელმა მთელი მისი უძრავ-მოძრავი ქონება, რაც მისი გარდაცვალების მომენტისათვის აღმოჩნდებოდა მის საკუთრებაში, მათ შორის, სადავო უძრავი ნივთი და მასში არსებული მოძრავი ქონება უანდერძა შვილიშვილს, მოსარჩელეს. სააპელაციო სასამართლომ სათანადო მტკიცებულებების არარსებობის გამო არ გაიზიარა აპელანტის მითითება, რომ შინაურული ანდერძი, რომელსაც მოპასუხე უკავშირებს ფლობის მართლზომიერებას, შედგენილია - 2018 წლის 07 დეკემბრის ანდერძის შედგენამდე, რის გამოც ეს უკანასკნელი აუქმებს მას და, შესაბამისად, მოპასუხის სარგებლობის უფლებას სადავო ბინაზე. ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული ანდერძების შინაარსი არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ შინაურული ფორმით შედგენილ ანდერძში მამკვიდრებლის მიერ გამოვლენილი ნება, რომ სადავო ბინით ისარგებლოს მოპასუხემ, იმგვარად არ ცვლის და ეწინააღმდეგება სანოტარო ფორმით შედგენილ ანდერძს, რომ განსახილველი დავის ფარგლებში ბინით სარგებლობის საკითხთან დაკავშირებით დადგენილ იქნას სანოტარო ანდერძის უპირატესობა.

12. სააპელაციო სასამართლომ დასკვნის სახით მიუთითა, რომ მოცემული კატეგორიის დავებში მოპასუხის მიერ ნივთის არამართლზომიერი ფლობის ფაქტი უდავოდ უნდა დასტურდებოდეს, ხოლო ანდერძის ნამდვილობა, ასევე, ის გარემოება თუ რომელ ანდერძს უნდა მიენიჭოს უპირატესობა, ვინდიკაციური სარჩელის შინაარსს სცილდება და მისი განხილვისას რელევანტური არ არის.

13. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 159-160-ე, 162-ე, 170.1, 172.1 მუხლებით, სსსკ-ის 102.1, 102.3 მუხლებით და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი ეჭვქვეშ არ დგას, რის გამოც, დაუშვებელია მართლზომიერ მფლობელს ნივთის უკან დაბრუნება მოეთხოვოს.

14. მოსარჩელემ სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

15. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არ მისცა სწორი შეფასება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და დაუსაბუთებლად გაიზიარა მოპასუხის მიერ წარდგენილი შინაურული ანდერძი, რომელიც შედგენილია დაუდგენელი პირის მიერ, ამასთან, მასში არ არის მითითებული თარიღი და ჩამატებულია სიტყვა „არ” („არ ისარგებლოს”), რაც მთლიანად ცვლის მის შინაარს. მამკვიდრებლის მიერ შედგენილ, ნოტარიულად დამოწმებულ ანდერძში არ არის მითითებული ხელით დაწერილ ანდერძში არსებულ დათქმაზე. აღნიშნული ხელით ნაწერი ანდერძი ვიღაცამ შეადგინა შეგნებულად მანამდე, სანამ მამკვიდრებელი მოსარჩელეზე დატოვებდა ნოტარიულად დამოწმებულ ანდერძს; ნოტარიულად დამოწმებული ანდერძი აუქმებს უთარიღო, ხელით დაწერილ ანდერძს; მოპასუხის მხრიდან მართლზომიერ მფლობელობას ადგილი არ აქვს; მოსარჩელემ მოპასუხის მიერ წარდგენილ უთარიღო, ყალბ ანდერძთან დაკავშირებით მიმართა პროკურატურას გამოძიების დაწყების თაობაზე.

16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 06 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

17. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

18. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია მოპასუხის მფლობელობიდან სადავო უძრავი ქონების გამოთხოვაზე უარის თქმის მართლზომიერება. კერძოდ, მოპასუხის მიერ აღნიშნული ქონების ფლობის მართლზომიერების საკითხი.

19. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვინდიკაციურ სარჩელში უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლი. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. ეს ნორმა ითვალისწინებს მესაკუთრის უფლების დაცვის შესაძლებლობას ვინდიკაციური სარჩელის მეშვეობით იმ შემთხვევაში, როცა შელახულია ნივთზე მესაკუთრის მფლობელობა, კერძოდ, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა.

21. ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის სავალდებულოა, რომ არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ნივთის ფლობის უფლება. ერთ-ერთი წინაპირობის არარსებობა გამორიცხავს ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

22. წინამდებარე საქმეში დადგენილია, რომ მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, ხოლო მოპასუხე აღნიშნული ქონების მფლობელს. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, მოპასუხე სადავო უძრავ ქონებას ფლობს მართლზომიერად, კერძოდ, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს მამკვიდრებლის (სადავო უძრავი ქონების ადრინდელი მესაკუთრის) შინაურული ანდერძის საფუძველზე მინიჭებული აქვს სადავო ბინით სარგებლობის უფლება. დადგენილია, რომ აღნიშნულ ანდერძი შედგენილია 2018 წელს, კონკრეტული თვისა და რიცხვის აღნიშვნის გარეშე და მასში მითითებულია შემდეგი: „მე, ბ.ვ. ძე ს–ი ... 2. მთელ ჩემ უძრავ ქონებას, სახელდობრ ბინას, მდებარე: ქ. თბილისი, .........., ვუანდერძებ ჩემს შვილიშვილს - ა.ს– ძე ს–ს. ჩემი გარდაცვალების შემდეგ ჩემს შვილიშვილს დედასთან ერთად მის სრულწლოვანებამდე უფლება არ აქვს ისარგებლოს ბინით. ბინით სარგებლობის უფლება დარჩება ჩემს ეკლესიურ მეუღლეს - ზ. (ლ.) ბ–ას. სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ ჩემს შვილიშვილს აქვს ბინის გაყიდვის უფლება ექსკლუზიურად. ამასთან, ბინის გაყიდვის შემთხვევაში გაყიდვიდან მიღებული თანხა გაიყოფა ორად - ჩემს შვილიშვილსა და ჩემ ეკლესიურ მეუღლეს შორის თანაბრად“.

23. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ დასკვნას კასატორი არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ მოპასუხის მხრიდან სადავო ბინის მართლზომიერ მფლობელობას ადგილი არ აქვს. მისი პრეტენზია შინაურული ანდერძის სიყალბეს ემყარება. კერძოდ, კასატორის მტკიცებით, შინაურული ანდერძი არ არის შედგენილი მამკვიდრებლის მიერ, ხოლო მასში არსებული ტექსტი შეცვლ.ა და ჩამატებულია სიტყვა „არ“ („....სრულწლოვანებამდე უფლება არ აქვს ისარგებლოს ბინით“), რაც მამკვიდრებელს არ განუხორციელებია და რაც მთლიანად ცვლის ანდერძის შინაარსს; გარდა ამისა, კასატორი მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სანოტარო ფორმით შედგენილი ანდერძი აუქმებს დასახელებულ შინაურულ ანდერძს.

24. ამდენად, იმისათვის, რომ შემოწმდეს რამდენად მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა მოპასუხის მიერ სადავო ბინის მართლზომიერად ფლობის თაობაზე, პასუხი უნდა გაეცეს კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიებს 2018 წელს შედგენილი შინაურული ანდერძის ნამდვილობასთან დაკავშირებით.

25. საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ მართლზომიერ მფლობელად ითვლება პირი, რომელიც სამართლებრივი საფუძვლით ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას. მაშასადამე, მართლზომიერი მფლობელობა მიუთითებს ობიექტურად არსებულ ფაქტორებზე, რაც ვლინდება მფლობელობის სამართლებრივი საფუძვლით არსებობაში. მართლზომიერი მფლობელია მესაკუთრე და ის პირები, რომელთა მფლობელობა მესაკუთრის მფლობელობიდანაა წარმოქმნილი. ნივთის მართლზომიერი მფლობელობა ვრცელდება მანამ, სანამ არსებობს მართლზომიერების სამართლებრივი საფუძველი.

26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გარდაცვლ. პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით (სსკ-ის 1306.1 მუხლი). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1357-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 1364-ე მუხლის თანახმად, ანდერძი უნდა შედგეს წერილობითი ფორმით. ამასთან, დასაშვებია წერილობითი ანდერძი სანოტარო ფორმით ან ამის გარეშე; მოანდერძეს შეუძლია თავისი ხელით დაწეროს ანდერძი და ხელი მოაწეროს მას (შინაურული ანდერძი).

27. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა (სსსკ-ის მე-5 მუხლი) და შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი) ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით. სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა (სსსკ-ის 102-ე მუხლი). მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. ამ გარემოებების დამტკიცება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-833-833-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი; Nას-867-834-2016, 22 ნოემბერი, 2018 წელი).

28. სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი „affirmanti, non negati, incumbit probatio“ - „მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს“. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს.

29. ამდენად, ვინაიდან წინამდებარე დავაში მოსარჩელე სადავოდ ხდის მოპასუხის მიერ საქმეში წარდგენილი შინაურული ანდერძის ნამდვილობას, აღნიშნული მისივე მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენდა.

30. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამდენად, მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (იხ. სუსგ საქმე Nას-406-383-2014, 17 აპრილი, 2015 წელი).

31. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ საქმეში წარდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 12.08.2022წ. N005497422 დასკვნა, რომლის თანახმად: ა) ტექსტობრივი და ციფრობრივი ჩანაწერები, განლაგებული: ანდერძზე, 2018 წლის თარიღით (რიცხვი არ აღინიშნება), რომელიც იწყება და მთავრდება შესაბამისად სიტყვებით: „ქ. თბილისი, ორიათასი თვრამეტი წლის მე, ბ.ვ. ძე ს–ი“...“ „...შინაარსს ვადასტურებ ჩემი ხელმოწერით“, შესრულებულია მამკვიდრებლის მიერ; ბ) ხელმოწერა ბ. ს–ის სახელით, განლაგებული: ანდერძზე, 2018 წლის თარიღით (რიცხვი არ აღინიშნება), რომელიც იწყება და მთავრდება შესაბამისად სიტყვებით: „ქ. თბილისი, ორიათასი თვრამეტი წლის მე, ბ.ვ. ძე ს–ი“...“ „...შინაარსს ვადასტურებ ჩემი ხელმოწერით“, მეორე გვერდზე, ხელნაწერი ტექსტის ქვემოთ, შუაში, შესრულებულია მამკვიდრებლის მიერ. ამდენად, ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ სადავო შინაურული ანდერძის ტექსტი, ასევე, მასზე ხელმოწერა შესრულებულია მამკვიდრებლის მიერ. მოსარჩელეს დასახელებული ექსპერტიზის დასკვნა სადავოდ არ გაუხდია და არც მისი საწინააღმდეგო მტკიცებულება წარუდგენია. იგი მხოლოდ ზეპირი ახსნა-განმარტებით შემოიფარგლა, რაც ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის გამაქარწყლებელ და ანდერძის ნამდვილობის საწინააღმდეგო გარემოებების დამადასტურებელ საკმარის და სათანადო მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ შინაურული ანდერძი არ არის მამკვიდრებლის მიერ შედგენილი და მისი თავდაპირველი ტექსტი შეცვლ.ა.

32. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ შინაურულ ანდერძში ტექსტის შეცვლასთან დაკავშირებით მოსარჩელის/კასატორის მითითების გაზიარების შემთხვევაშიც, არ იცვლება ანდერძის ტექსტში არსებული ჩანაწერის შინაარსი მოპასუხის მიერ სადავო ბინით სარგებლობასთან დაკავშირებით - „ბინით სარგებლობის უფლება დარჩება ჩემს ეკლესიურ მეუღლეს - ზ. (ლ.) ბ–ას“.

33. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1400-ე მუხლის თანახმად, თუ მოანდერძემ რამდენიმე ანდერძი შეადგინა, მაგრამ ისინი ავსებენ და მთლიანად არ ცვლიან ერთმანეთს, მაშინ ყველა ანდერძი ინარჩუნებს ძალას. წინა ანდერძი ძალას ინარჩუნებს იმდენად, რამდენადაც მისი განკარგულებები შეცვლ. არ არის შემდგომი ანდერძით; ხოლო, იმავე კოდექსის 1401-ე მუხლის თანახმად, თუ ერთმა პირმა რამდენიმე ანდერძი შეადგინა, რომელთაგან ერთ-ერთი შედგენილია სანოტარო ფორმით, დანარჩენი კი - არა, უპირატესობა სანოტარო ფორმით შედგენილ ანდერძს ენიჭება; სანოტარო ანდერძი არ შეიძლება მოიშალოს სხვა ფორმის ანდერძით.

34. საკასაციო სასამართლო, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1400-ე, 1401-ე მუხლების სამართლებრივი ანალიზიდან გამომდინარე, განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1401-ე მუხლის დანაწესი სანოტარო ფორმით შედგენილი ანდერძის სხვა ფორმით შედგენილ ანდერძთან მიმართებით უპირატესობას ადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სხვა ფორმით შედგენილი ანდერძი აუქმებს ან ცვლის ნოტარიულად დადასტურებული ანდერძის შინაარსს (იხ. სუსგ საქმე Nას-1048-988-2015, 09 მარტი, 2016 წელი; ასევე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მეხუთე, გამომცემლობა სამართალი, თბილისი, 2000, 1400-ე და 1401-ე მუხლების კომენტარი, გვ. 451-452).

35. წინამდებარე საქმეში დადგენილია, რომ მამკვიდრებელმა შეადგინა ორი ანდერძი - შინაურული და ნოტარიულად დამოწმებული. დადგენილია, ასევე, რომ შინაურული ანდერძი შედგენილია 2018 წელს, თუმცა მასზე მითითებული არ არის ანდერძის შედგენის თვე და რიცხვი და მასში აღნიშნულია შემდეგი: „მე, ბ.ვ. ძე ს–ი ... 2. მთელ ჩემ უძრავ ქონებას, სახელდობრ ბინას, მდებარე: ქ. თბილისი, .........., ვუანდერძებ ჩემს შვილიშვილს - ა.ს– ძე ს–ს. ჩემი გარდაცვალების შემდეგ ჩემს შვილიშვილს დედასთან ერთად მის სრულწლოვანებამდე უფლება არ აქვს ისარგებლოს ბინით. ბინით სარგებლობის უფლება დარჩება ჩემს ეკლესიურ მეუღლეს - ზ. (ლ.) ბ–ას; რაც შეეხება ნოტარიულად დამოწმებულ ანდერძს, ის შედგენილია 2018 წლის 07 დეკემბერს და ამ ანდერძის თანახმად, მამკვიდრებელმა მთელი მისი უძრავ-მოძრავი ქონება, რაც მისი გარდაცვალების მომენტისათვის აღმოჩნდებოდა მის საკუთრებაში, მათ შორის, სადავო უძრავი ქონება და მასში არსებული მოძრავი ქონება უანდერძა შვილიშვილს, მოსარჩელეს. სააპელაციო სასამართლომ სათანადო მტკიცებულებების არარსებობის გამო არ გაიზიარა მოსარჩელის/აპელანტის შედავება, რომ შინაურული ანდერძი შედგენილია ნოტარიულად დადასტურებული ანდერძის შედგენამდე - 2018 წლის 07 დეკემბრამდე, ხოლო კასატორს აღნიშნულის საწინააღმდეგო დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.

36. საქმეში არსებული შინაურული და სანოტარო ფორმით შედგენილი ანდერძების შინაარსის შესწავლისა და გაანალიზების შედეგად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ დასახელებული ანდერძების შინაარსი არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს და შინაურული ფორმით შედგენილ ანდერძში მამკვიდრებლის მიერ გამოვლენილი ნება, რომ სადავო ბინით ისარგებლოს მოპასუხემ, იმგვარად არ ცვლის და ეწინააღმდეგება სანოტარო ფორმით შედგენილ ანდერძს, რომ განსახილველი დავის ფარგლებში ბინით სარგებლობის საკითხთან დაკავშირებით დადგენილ იქნას სანოტარო ანდერძის უპირატესობა. კასატორს აღნიშნული მსჯელობის საწინააღმდეგო დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

37. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1385-ე მუხლის თანახმად, მოანდერძეს უფლება აქვს დააკისროს მემკვიდრეს, რომელზედაც საცხოვრებელი სახლი, ბინა ან სხვა საცხოვრებელი სადგომი გადადის, სადგომით ან მისი განსაზღვრული ნაწილით სამისდღეშიო სარგებლობის უფლების გადაცემა იმ პირისთვის, რომელიც მამკვიდრებელთან ერთად ცხოვრობდა არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში სამკვიდროს გახსნამდე. საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების შემდგომი გადასვლისას სამისდღეშიო სარგებლობა ძალას ინარჩუნებს.

38. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მამკვიდრებლის მიერ 2018 წელს შედგენილი შუნაურული ანდერძით მოპასუხეს, რომელიც 2007 წლიდან მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე ამ უკანასკნელთან ერთად ცხოვრობდა სადავო ბინაში, მინიჭებული აქვს აღნიშნული ბინით სამისდღეშიო სარგებლობის უფლება.

39. შესაბამისად, ზემოაღნიშნული მსჯელობებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოპასუხე სადავო უძრავი ქონების მართლზომიერ მფლობელს წარმოადგენს.

40. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ გამოიკვეთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა (მოპასუხეს აქვს ნივთის ფლობის უფლება), საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მფლობელობიდან სადავო უძრავი ქონების გამოთხოვის თაობაზე დაუსაბუთებელია და ის მართებულად არ დაკმაყოფილდა.

41. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

42. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება სწორია, რაც მისი უცვლელად დატოვებისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

43. კასატორმა 2025 წლის 05 და 06 მარტს განცხადებით მომართა სასამართლოს და იშუამდგომლა მტკიცებულების გამოთხოვის თაობაზე. კერძოდ, მან მოითხოვა მოწინააღმდეგე მხარისათვის 2018 წლის შინაურული ანდერძის დედნის წარმოდგენის დავალება და აღნიშნული ანდერძის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტისათვის გადაგზავნა. კასატორის განმარტებით, მან მიმართა პროკურატურას აღნიშნული ანდერძის სიყალბის შესახებ გამოძიების დაწყების თაობაზე. პარალელურად ასევე მიმართა ექსპერტიზას იმის დასადგენად - არის თუ არა ანდერძი მამკვიდრებლის მიერ შედგენილი და ჩამატებულია თუ არა მასში სიტყვა „არ“, თუმცა ექსპერტიზამ ექსპერტიზის ჩასატარებლად მოითხოვა დედანი დოკუმენტის წარდგენა, რაც კასატორს არ გააჩნია და აქვს მოპასუხეს. კასატორის თქმით, ანდერძის სიყალბის დადგენის შემდგომ აღნიშნულ დოკუმენტს წარადგენს საკასაციო სასამართლოში და ეს იქნება მოცემულ საქმეზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის გადასინჯვის საფუძველი.

44. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში; იმავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, რამდენადაც აღნიშნული შეუთავსებელია საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილებასთან. საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილების მხოლოდ იურიდიულ მხარეს. საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, იგი საკასაციო პრეტენზიათა საფუძვლიანობას ამოწმებს საქმეში უკვე წარდგენილი, საპროცესო წესების დაცვით ქვემდგომი სასამართლოების მიერ მიღებული მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ჭრილში. ამდენად, საკასაციო ინსტანციის სასამართლოში ახალი მტკიცებულებების მიღება-შემოწმება მოკლებულია პროცესუალურ საფუძვლიანობას.

45. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის შუამდგომლობა მტკიცებულების გამოთხოვის თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

46. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას.

47. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს კასატორის მიერ გაღებული ხარჯის მხარეთა შორის განაწილების წინაპირობები. შესაბამისად, აღნიშნული ხარჯი (150 ლარის ოდენობით) უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

48. ამასთან, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 14.ა [მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5 000 ლარს], 39.1.გ [სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: საკასაციო საჩივრისათვის – დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა] და 41.1.კ [დავის საგნის ფასი განისაზღვრება 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა] მუხლებიდან გამომდინარე, განსახილველ საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 150 ლარს, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 300 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 150 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ა.ს–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. ა.ს–ის შუამდგომლობა მტკიცებულების გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

4. ა.ს–ს (პ.ნ. ..........) დაუბრუნდეს ტ.კ–ის (პ.ნ. ........) მიერ 2024 წლის 18 მარტს №9971 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 300 ლარიდან ზედმეტად გადახდილი - 150 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი: TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი: 300773150;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიზო უბილავა

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე