Facebook Twitter

საქმე №ას-742-2025

15 ოქტომბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „გ.თ.გ.“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „შემსყიდველი“ ან „კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „გ.თ.გ–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „მიმწოდებელი“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისათვის პირგასამტეხლოს - 13 572,88 ლარის გადახდის დაკისრება.

2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით, ასევე, სასამართლო სხდომაზე სარჩელი ცნო 1 000 ლარის მოთხოვნის ნაწილში.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 02 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 1 000 ლარის ოდენობით.

4. მოსარჩელემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

6.1. მხარეთა შორის 2018 წლის 11 ივნისს დაიდო N380 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის შესყიდვის ობიექტსაც წარმოადგენდა წინამდებარე ხელშეკრულების N1 დანართით განსაზღვრული ბერეტების, სხვადასხვა ნაქსოვი ნივთების და ცხვირსახოცების შესყიდვა;

ხელშეკრულების 2.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 99 435 ლარით;

ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, შესყიდვების ობიექტის მიწოდების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან დანართი N1-ის (ფასების ცხრილი) შესაბამისად;

ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, რომ მიწოდებული ობიექტის ხარისხი უპასუხებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს, შეესაბამება მიმწოდებლის მიერ შემსყიდველ ორგანიზაციაში წარდგენილ ნიმუშს და დააკმაყოფილებს შემსყიდველის მოთხოვნებს;

ხელშეკრულების 4.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე და, ასევე, მისი მოქმედების დასრულების შემდგომ აღმოჩენილი ხარვეზის ან/და ნაკლის არსებობის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია 10 კალენდარული დღის ვადაში გამოასწოროს იგი ან შეცვალოს ახალი შესყიდვის ობიექტით, შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯის გაწევის გარეშე;

ხელშეკრულების 9.1 პუნქტის თანახმად, ფორს-მაჟორული პირობების გარდა, ხელშეკრულების დამდები მხარეების მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისა ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში გამოიყენება საჯარიმო სანქციები;

ხელშეკრულების 9.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,15%-ის ოდენობით (იხ. ს.ფ. 20-24);

6.2. ხელშეკრულების N1 დანართის თანახმად, მოპასუხეს მოსარჩელისთვის: ა) 1 800 ცალი ბერეტი (შავი ფერი), საერთო ღირებულებით 23 040 ლარი, უნდა მიეწოდებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში; ბ) 1 000 ცალი ნაქსოვი ქუდი-კაიოტი (ღია ყავისფერი), საერთო ღირებულებით 4 050 ლარი, უნდა მიეწოდებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 კალენდარული დღის ვადაში; გ) 5 500 ცალი ნაქსოვი შავი ქუდი, საერთო ღირებულებით 25 025 ლარი, უნდა მიეწოდებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 კალენდარული დღის ვადაში; დ) 1 400 წყვილი ხელთათმანი - კაიოტი (ღია ყავისფერი), საერთო ღირებულებით 6 370 ლარი, უნდა მიეწოდებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 კალენდარული დღის ვადაში; ე) 5 500 წყვილი შავი ხელთათმანი, საერთო ღირებულებით 25 025 ლარი, უნდა მიეწოდებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 კალენდარული დღის ვადაში; ვ) 6 500 ცალი ცხვირსახოცი, საერთო ღირებულებით 15 925 ლარი, უნდა მიეწოდებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში (იხ. ს.ფ. 20-30);

6.3. მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტი - ბერეტები შემსყიდველს მიაწოდა 2018 წლის 27 აგვისტოს (იხ. ს.ფ. 37-39);

6.4. მოპასუხემ შესყიდვის ობიექტი - ცხვირსახოცები შემსყიდველს მიაწოდა 2018 წლის 08 ოქტომბერს (იხ. ს.ფ. 44-46);

6.5. მოპასუხემ მოსარჩელეს ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში მიაწოდა: ა) ქუდი ნაქსოვი - კაიოტი 100 ცალი, ღირებულებით 4 050 ლარი; ბ) ხელთათმანი 1 400 ცალი, ღირებულებით 6 370 ლარი; გ) ნაქსოვი ქუდი 5 500 ცალი - ღირებულებით 25 025 ლარი; დ) შავი ხელთათმანი 5 500 ცალი, ღირებულებით 25 025 ლარი (იხ. ს.ფ. 65-75).

7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში საკვლევ გარემოებას წარმოადგენდა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების მართლზომიერება.

8. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე, 420-ე მუხლებით, ასევე, მხედველობაში მიიღო შესრულების ღირებულება, ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების ხანგრძლივობა, ვალდებულების მოცულობა, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის ხასიათი და პირგასამტეხლოს ფუნქციის გათვალისწინებით, მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული/შემცირებული პირგასამტეხლო - 1 000 ლარის ოდენობით, გონივრულია და სრულად შეესაბამება მოვალის მიერ ხელშეკრულების დარღვევის ხასიათს. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო შესასრულებელ ვალდებულებასთან მიმართებით შეუსაბამოდ მაღალი იყო და, შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით განმტკიცებული დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს იძლეოდა.

9. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აპელანტმა ვერ დაადასტურა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,15%-ის ოდენობით) გონივრულობა და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მისი შემცირების არამართლზომიერება. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მოწინააღმდეგე მხარემ (მოპასუხემ) შეძლო სასამართლოსთვის შეექმნა ვარაუდი, რომ დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალი იყო და მისი გონივრულ ოდენობამდე შემცირების წინაპირობები არსებობდა. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია მოპასუხის/მოწინააღმდეგე მხარის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ, მართალია, ბერეტებისა და ცხვირსახოცების მიწოდება განხორციელდა დაგვიანებით, მაგრამ აღნიშნული გამოწვეული იყო პროდუქციის უმნიშვნელო ნაკლით, რის გამოც საქონელი არ მიიღო მოსარჩელემ და კომპანიას მოუწია ახალი პროდუქციის დამზადება და ისევ შემსყიდველისთვის მიწოდება, რამაც მოპასუხე ფინანსურად დააზარალა.

10. სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მართალია, მოპასუხემ გადააცილა ხელშეკრულების შესრულების ვადას, მაგრამ აღნიშნულით არსებითი ხასიათის ზიანი არ მიდგომია სახელმწიფო ან/და კერძო პირთა ინტერესებს. ამასთან, მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტი მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია.

11. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

12. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

12.1. სასამართლომ საქმის გარემოებები სრულფასოვნად არ შეისწავლა და არ დაასაბუთა, რატომ მიიჩნია დაკისრებული პირგასამტეხლო არაგონივრულად;

12.2. საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და ვალდებულების დარღვევის ხარისხის გათვალისწინებით, მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო შეესაბამებოდა, როგორც ხელშეკრულებით შეთანხმებულ პირობებს, ისე დარღვევის ხარისხს (პროდუქცია სამინისტროს მიაწოდა ორი თვის დაგვიანებით);

12.3. სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის 11.09.2018წ. N2208764 სამსახურებრივი ბარათით ირკვევა, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების 3.1 მუხლით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა. კერძოდ, ბერეტები, ნაცვლად 2018 წლის 26 ივლისისა, მიწოდებულ იქნა 2018 წლის 27 აგვისტოს, 32 კალენდარული დღის დაგვაინებით; ხოლო ცხვირსახოცები, 2018 წლის 10 აგვისტოს ნაცვლად, მიწოდებულ იქნა 2018 წლის 08 ოქტომბერს, 59 კალენდარული დღის დაგვიანებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხელშეკრულების 9.3 პუნქტის შესაბამისად, მოპასუხეს ბერეტების დაგვიანებით მიწოდებისათვის დაეკისრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების - 99 435 ლარის 0,15%-ის ოდენობით, რაც 4 772,88 ლარს შეადგენს, ხოლო ცხვირსახოცების დაგვიანებით მიწოდებისათვის კი, ხელშეკრულების ღირებულების - 99 435 ლარის 0,15%-ის ოდენობით, რაც 8 800 ლარს შეადგენს. ამდენად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო სრულად - 13 572,88 ლარის ოდენობით.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 09 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

14. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

18. კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით პრეტენზია (შედავება) არ განუხორციელებია.

19. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია მოპასუხისათვის დარიცხული პირგასამტეხლოს შემცირების მართლზომიერება.

20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლი ხელშეკრულების მხარეებს ანიჭებს უფლებამოსილებას, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

21. ამდენად, პირგასამტეხლოს თაობაზე შეთანხმება არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, ასეთ დროს სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ასევე, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიც არის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-1560-1463-2012, 28 დეკემბერი, 2012 წელი; Nას-1200-1145-2013, 16 მაისი, 2014 წელი; Nას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; Nას-1511-2018, 26 მარტი, 2019 წელი; Nას-183-2021, 29 ნოემბერი, 2022 წელი; Nას-56-2023, 28 სექტემბერი, 2023 წელი).

22. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა (იხ. სუსგ საქმე Nას-186-2021, 25 მარტი, 2021 წელი).

23. საკასაციო სასამართლო აგრეთვე განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, პირგასამტეხლო დაანგარიშებული უნდა იყოს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან. საერთო ღირებულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გათვალისწინება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან რამდენიმე დღის ვადაგადაცილებისათვის ხელშეკრულების საერთო თანხის გათვალისწინებით პირგასამტეხლოს დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს (იხ. სუსგ საქმე Nას-164-160-2016, 28 ივლისი, 2016 წელი).

24. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის დარიცხული პირგასამტეხლოს დაანგარიშება ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან განხორციელდა, საკასაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული დადგენილი პრაქტიკიდან გამომდინარე, მისი შემცირება მართლზომიერია. ამასთან, დარღვეული ვალდებულების ხასიათისა (სადავო არაა ვალდებულების შესრულების ხარისხი, არამედ დარღვეულია მხოლოდ შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა) და მოცულობის, ხელშეკრულების საერთო ღირებულების, დარღვევით გამოწვეული შესაძლო ზიანისა და მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა - 1 000 ლარის ოდენობით გონივრულ და სამართლიან ოდენობას წარმოადგენს. კასატორს აღნიშნულის საწინააღმდეგო კვალიფიციური შედავება არ წარმოუდგენია.

25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს. კასატორმა ვერ დაადასტურა პირგასამტეხლოს შემცირების არამართლზომიერება და ვერ დაარწმუნა საკასაციო პალატა მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძვლების არსებობაში.

26. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიზო უბილავა

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე