საქმე №ას-70-2025 20 ოქტომბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს.რ–ა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს.რ.ჯ–ია“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით შპს „ს.რ.ჯ”-ს (შემდგომში - „მოსარჩელე“, „მოსარჩელე კომპანია“, „პრინციპალი“ ან „მიმწოდებელი“) სარჩელი სს „ს.რ–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „მოპასუხე კომპანია“, „შემსყიდველი“, „ბენეფიციარი“ ან „კასატორი“) მიმართ 3915,73 ლარისა და 10 580 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2. საქალაქო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2022 წლის 1 დეკემბერს მხარეთა შორის ელექტრონული ტენდერის (GEO220000412) საფუძველზე დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება Nშს/22-358. შესყიდვის საგანს წარმოადგენდა სპილენძის ფასონური გამტარი. მიმწოდებელმა იკისრა ვალდებულება შემსყიდველისათვის შესყიდვის ობიექტი მიეწოდებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში. კერძოდ, ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 3.3 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია საქონლის მიწოდება განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში (არ დაიშვება ეტაპობრივი მიწოდება). ანგარიშსწორება მიმწოდებელთან უნდა განხორციელდეს მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 40 საბანკო დღის განმავლობაში (პუნქტი 6.3). ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 249 642,43 აშშ დოლარს (დღგ-ს ჩათვლით);
2.2. ხელშეკრულების 7.1 პუნქტის თანახმად, იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ საქონლის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, გამოყენებული იქნება შემსყიდველთან წინასწარ შეთანხმებული საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია ხელშეკრულების ღირებულების 5%-ის ოდენობით, რომელიც წარმოდგენილი უნდა იყოს აშშ დოლარში და რომლის მოქმედების ვადაც 50 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მიწოდების საბოლოო ვადას. ამასთან, მიმწოდებლის მიერ ან მისი მიზეზით ხელშეკრულების ნებისმიერ ეტაპზე შეწყვეტის ან/და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის, არასრულად ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, ასევე, თუ შემსყიდველს შეუძლია ივარაუდოს, რომ მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულება არ/ვერ შესრულდება, შემსყიდველი არ დაუბრუნებს მიმწოდებელს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიას და გამოიყენებს უპირობოდ;
2.3. ხელშეკრულების 8.1 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში, შემსყიდველის მიერ მოხდება ხელშეკრულების 7.1 პუნქტით გათვალისწინებული საბანკო გარანტიის ათვისება სრულად და დამატებით, ყოველი დაგვიანებული დღისათვის მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით;
2.4. ხელშეკრულების 7.1 პუნქტის შესაბამისად, შემსყიდველს წარედგინა სს „თიბისი ბანკის“ მიერ გაცემული საბანკო გარანტია 10 580 აშშ დოლარის ოდენობით. გარანტიის ვადად მიეთითა 2023 წლის 21 მარტის ჩათვლით პერიოდი. ამასთან, მიეთითა, რომ თანხის გადახდა მოხდებოდა პრინციპალის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე ბენეფიციარის პირველივე წერილობითი მოთხოვნისთანავე;
2.5. მიმწოდებელმა 2023 წლის 24 იანვარს წერილით მიმართა შემსყიდველს და აცნობა, რომ მისაწოდებელი პროდუქცია დამზადებული და გამოსაგზავნად მზად იყო 2023 წლის 6 იანვარს, თუმცა ყაზახეთში ტემპერატურის მკვეთრი ვარდნის გამო საავტომობილი გზები ჩაიკეტა და შეუძლებელი გახდა ავტოტრანსპორტის დროულად მიყვანა პროდუქციის მწარმოებელ ქარხნამდე. პროდუქციის დატვირთვა მოხერხდა მხოლოდ 2023 წლის 18 იანვარს. აღნიშნულიდან გამომდინარე მიმწოდებელმა მოითხოვა მიწოდების ვადის 15 დღით გაგრძელება. შემსყიდველის 2023 წლის 27 იანვრის პასუხით მიმწოდებელს უარი ეთქვა მიწოდების ვადის გაზრდაზე დაუსაბუთებლობის გამო;
2.6. მხარეთა შორის 2023 წლის 6 თებერვალს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, მოსარჩელემ ჩაიბარა საქონელი 2023 წლის 6 თებერვალს (მიწოდების 7-დღიანი დაგვიანებით);
2.7. 2023 წლის 23 თებერვალს შემსყიდველმა მიმართა მიმწოდებელს და აცნობა, რომ ხელშეკრულების 8.1 პუნქტიდან გამომდინარე, მიწოდების ვადის დარღვევის გამო დაეკისრა პირგასამტეხლო - 3915.73 ლარი; შემსყიდველმა მოახდინა აღნიშნული თანხის გაქვითვა შემხვედრ ვალდებულებასთან; ამასთან, მიმწოდებელს ჩამოეჭრა საბანკო გარანტიის თანხა, 10 580 აშშ დოლარის ოდენობით.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 10 580 აშშ დოლარის გადახდა.
4. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის არსებობდა ნასყიდობითსამართლებრივი ურთიერთობა. ამ ურთიერთობის ფარგლებში, გამყიდველს მყიდველისათვის უნდა მიეწოდებინა სპილენძის გამტარი, ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტია, ხელშეკრულების ღირებულების (211 561,38 აშშ დოლარის) 5%-ის (10 580 აშშ დოლარის) ოდენობით, ასევე, - პირგასამტეხლო, ხელშეკრულების ღირებულების 0,1% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. გამყიდველმა 7 დღის დაგვიანებით მიაწოდა მყიდველს ნასყიდობის საგანი. მყიდველს არ გამოუთქვამს რაიმე შენიშვნა ნასყიდობის საგნის მიმართ და პრეტენზიის გარეშე ჩაიბარა მიწოდებული საქონელი. შესრულების ვადის დარღვევის გამო, მყიდველმა გამყიდველს დააკისრა პირგასამტეხლო - 3915,73 ლარი და სრულად გაითხოვა შესრულების საბანკო გარანტია - 10 580 აშშ დოლარი.
5. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საბანკო გარანტია და პირგასამტეხლო ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებებია და ხელშეკრულების მხარეეებს ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის შეუძლიათ ხელშეკრულებით გაითვალისწინონ ორივე ინსტრუმენტი. ამასთან, საკითხი იმის შესახებ, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ერთდროულად პირგასამტეხლოს მიღებაც და საბანკო გარანტიის გამოთხოვაც, უნდა გაირკვეს ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მხედველობაშია მისაღები თავად საბანკო გარანტიის სახე და ბენეფიციარის მიერ მისი გამოთხოვის ხელშეკრულებით დადგენილი საფუძველი.
6. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა მხარეთა შორის დადებული 01.12.2022 წლის საქონლის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 18.1 პუნქტზე, რომლის მიხედვით, „ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი გარანტია გამოიყენება ნებისმიერი ზარალის ანაზღაურების მიზნით, რომელიც მიადგება შემსყიდველს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არასრული შესრულების გამო. იმ გარემოებების ჩამონათვალი, რომელთა დადგომა გამოიწვევს მიმწოდებლისათვის გარანტიის დაუბრუნებლობას და აღნიშნულ გარემოებათა დადგომის გამო, შემსყიდველისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების მიზნით, საგარანტიო თანხის გამოყენების წესი განსაზღვრულია ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში“. პალატის შეფასებით, ამ სახელშეკრულებო ჩანაწერის შინაარსიდან გამომდინარე, ზემოხსენებული შესყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულების საბანკო გარანტია ბენეფიციარმა შეიძლება გამოითხოვოს/გამოიყენოს მხოლოდ მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით. შესაბამისად, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ბენეფიციარის მოთხოვნის საფუძველი შეიძლება იყოს პრინციპალის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობით მიყენებული პირდაპირი ზიანი. ასეთი ზიანის მტკიცების ტვირთი ბენეფიციარს ეკისრება, რომელსაც ამ გარემოების დასადასტურებლად რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია. მისი შესაგებელი მხოლოდ იმას ეფუძნება, რომ საქონლის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 7.3 პუნქტის მიხედვით, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის, არასრულად ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, შემსყიდველი არ დაუბრუნებს მიმწოდებელს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიას, ხოლო ამავე პირობების 8.1 პუნქტით განისაზღვრა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადების გადაცილების შემთხვევაში, შემსყიდველის მიერ მოხდებოდა საბანკო გარანტიის ათვისება სრულად და დამატებით მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო. პალატამ მიიჩნია, რომ ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების ზემოხსენებული პუნქტები არ შეიძლება განხილულ იქნეს საქონლის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 18.1 პუნქტის შინაარსის გაუთვალისწინებლად, რადგან სწორედ ეს უკანასკნელი ადგენს ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტიის გათხოვის საფუძველს, რომლის მიზანია ხელშეკრულების შეუსრულებლობით ბენეფიციარისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ამასთან, ამ პუნქტში პირდაპირაა მითითებული, რომ „შემსყიდველისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების მიზნით, საგარანტიო თანხის გამოყენების წესი განსაზღვრულია ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში“. ამდენად, ბენეფიციარის მიერ საგარანტიო თანხის გამოყენების წესი შეიძლება განისაზღვროს ხელშეკრულების სპეციფიკური პირობებით, მაგრამ როგორი წესიც არ უნდა დადგინდეს ამ პირობებით, უცვლელი რჩება 18.1 პუნქტის ის მოთხოვნა, რომ საგარანტიო თანხის გამოყენება შეიძლება მხოლოდ „შემსყიდველისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების მიზნით“.
7. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, რაკი მოპასუხე არც კი უთითებდა შესრულების ვადის გადაცილების გამო მისთვის ზიანის მიყენების ფაქტზე, ბენეფიციარი არ იყო უფლებამოსილი გარანტისაგან გაეთხოვა საბანკო გარანტია - 10 580 აშშ დოლარი. ამით ბენეფიციარმა დაარღვია საბანკო გარანტიის გათხოვის სახელშეკრულებო პირობა, რითაც პრინციპალს მიაყენა ზიანი. შესაბამისად, ბენეფიციარი ვალდებულია პრინციპალს აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი სსკ-ის 394.1, 408-ე და 409-ე მუხლების მიხედვით, რადგან შესრულებულია ამ ნორმებით გათვალისწინებული წინაპირობები. კერძოდ, რაკი სადავო არაა, რომ გარანტმა ბენეფიციარს (მყიდველს) გადაუხადა საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა, ხოლო გამყიდველმა (პრინციპალმა) ეს თანხა რეგრესის წესით გადაუხადა გარანტს (სსკ-ის 890.1 მუხლი), ნათელია, რომ ბენეფიციარის ქმედებით პრინციპალს მიადგა ზიანი, რაც მას უნდა აუნაზღაურდეს. ამასთან, პალატის მოსაზრებით, სადავო თანხის პრინციპალისათვის დაბრუნება უსაფუძვლო გამდიდრების წესებითაცაა შესაძლებელი, რადგან დგინდება, რომ ბენეფიციარმა ეს თანხა მიიღო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და ამით გამდიდრდა პრინციპალის ხარჯზე. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ საბანკო გარანტიის თანხის მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანი იყო.
8. სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოსარჩელის პრეტენზია მისთვის პირგასამტეხლოს უკანონოდ დარიცხვის თაობაზე. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ პრინციპალმა დაარღვია ხელშეკრულების შესრულების ვადა - ნასყიდობის საგანი მყიდველს 7 დღის დაგვიანებით მიაწოდა. მართალია, მოსარჩელე უთითებდა ვალდებულების დარღვევის საპატიო მიზეზის არსებობაზე, მაგრამ ამ გარემოების დამადასტურებელი საკმარისი და დამაჯერებელი მტკიცებულებები მას არ წარმოუდგენია. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ სსკ-ის 417-ე-418-ე მუხლების მიხედვით, გამყიდველს მართებულად დაერიცხა პირგასამტეხლო. ამასთან, პალატის მოსაზრებით, არ არსებობდა პირგასამტეხლოს შემცირების სსკ-ის 420-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები და რაკი არც ისაა სადავო, რომ მყიდველმა გამყიდველს პირგასამტეხლო გაუქვითა ნასყიდობის ფასში, ამ თანხის მოსარჩელისათვის მიკუთვნების საფუძველი არ არსებობდა.
9. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
10. კასატორმა მიუთითა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
10.1. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების ზოგადი პირობების 18.1 პუნქტი არსად აკონკრეტებს, რომ საბანკო გარანტია მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება გამოყენებული ბენეფიციარის მიერ, თუ მას მიადგება რაიმე სახის ზიანი. პირიქით, აღნიშნული ზოგადი ნორმა პირდაპირ მიუთითებს, რომ ხელშეკრულების შესრულების გარანტიის მიზანია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა. აღნიშნულს ადასტურებს ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 7.1 პუნქტის ფორმულირებაც, რომლის თანახმად: იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ საქონლის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, გამოყენებული იქნება შემსყიდველთან წინასწარ შეთანხმებული საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია;
10.2. შედეგად, ხელშეკრულების ზოგადი პირობების 18.1 და 7.1 პუნქტების ლოგიკური, სიტყვა-სიტყვითი და სისტემური განმარტებებიდან გამომდინარე, შემსყიდველისთვის საბანკო გარანტიის არსებობის მიზანი იყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა, ხოლო ზოგადი პირობების 18.1 პუნქტის ფორმულირებაში ისეთი კავშირების არარსებობის პირობებში, როგორიცაა, მაგალითად, „მხოლოდ“, „კერძოდ“, „მარტოოდენ“ ან/და ა.შ., არსებითად არასწორი და სრულიად გაუმართლებელია დასკვნა, რომ თითქოსდა ხელშეკრულების შესრულების გარანტია მხოლოდ რაიმე სახის ზიანის არსებობის შემთხვევაში შესაძლოა ყოფილიყო გამოყენებული;
10.3. ხელშეკრულების საერთო პირობები წარმოადგენს შესყიდვების სააგენტოს მიერ თავის დროზე დადგენილ შაბლონს, რომლებსაც შემსყიდველი კომპანიები უცვლელად იყენებდნენ წლების განმავლობაში და ამის დასტურია თავად სპეციალური ჩანაწერი საერთო პირობების თავსართში, სადაც მითითებულია, რომ საერთო პირობები შესყიდვის ელექტრონული პროცედურის დოკუმენტაციისა და საქონლის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილია. ისინი ატარებენ ტიპიურ ხასიათს და უნდა იქნან გამოყენებული ყოველგვარი ცვლილებების გარეშე იმ მოცულობით, რა მოცულობითაც ეს შეესაბამება კონკრეტულ შესყიდვას;
10.4. რაც შეეხება ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებს, ამავე დოკუმენტის თავსართში მითითებულია, რომ განსხვავებით საერთო პირობებისგან, „ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებს შეიმუშავებს შემსყიდველი ორგანიზაცია. მისი შედგენის საფუძველს წარმოადგენს ხელშეკრულების საერთო პირობები და შემსყიდველის მოთხოვნები, რომელთა მიხედვითაც უნდა განხორციელდეს შესაბამისი საქონლის მოწოდება. ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მიზანია ყოველი შესყიდვისათვის დამახასიათებელი პირობების კონკრეტიზაცია, ხელშეკრულების საერთო პირობების შევსება და დაზუსტება. ხელშეკრულების სპეციფიკურ და საერთო პირობებს შორის ურთიერთშეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება სპეციფიკური პირობების შესაბამის მუხლებს“;
10.5. ამრიგად, ხელშეკრულების საერთო პირობების 18.1 პუნქტი არის ხელშეკრულების შესრულების გარანტიის თაობაზე ინფორმაციული/გამაფრთხილებელი და, ამავდროულად, ხელშეკრულების შაბლონში დაშვებული ტექნიკური („ჩარჩენილი“) ჩანაწერი, რომელიც მისი გაზიარებისა და დაშვების შემთხვევაშიც კი არ ზღუდავს და არ გულისხმობს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განსხვავებული მიზნისა და დანიშნულების მქონე კონკრეტული უზრუნველყოფის მექანიზმის განსაზღვრის ისეთ შესაძლებლობას, როგორიც ამავე ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-7 და მე-8 მუხლებით დადგენილი „უზრუნველყოფის საბანკო გარანტიაა“;
10.6. 18.1 პუნქტთან ერთად, საერთო პირობები ასევე შეიცავს ჩანაწერს ვალდებულების შეუსრულებლობის/არაჯეროვანი შესრულების სხვა მოსალოდნელ საჯარიმო სანქციებზე და მიუთითებს, რომ „მათი ფორმა, ამოქმედების პირობები და გადახდის ვადები განსაზღვრულია ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში“ (იხ. ხელშეკრულების საერთო პირობების 19.2 პუნქტი);
10.7. მოპასუხე მხარისათვის მტკიცებულებების წარმოდგენის შესაძლებლობის მიცემის გარეშე, ავტომატური დასკვნა და ხელშეკრულების სადავო ნორმის თვითნებური ინტერპრეტაცია, რომ თითქოს მხარეთა შეთანხმებით საბანკო გარანტიის გამოყენება მხოლოდ ზარალის ანაზღაურების მიზნით არის შესაძლებელი, სცდება გონივრულობის ფარგლებს და უხეშად არღვევს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპს;
10.8. ხელშეკრულების დათქმულ ვადებში შესრულებას მოპასუხისთვის ჰქონდა განმსაზღვრელი მნიშვნელობა უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე პროექტის შესასრულებლად (თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტი). საქართველოს მთავრობის 2022 წლის 08 თებერვლის №62 დადგენილებით დამტკიცებულია მოპასუხის, როგორც სტრატეგიული ობიექტის მიერ საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვის სპეც.წესი, რომლითაც კომპანიისათვის განსაზღვრულია იმ საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალი, რომელთა ფორმალობების გარეშე, გამარტივებულად, დროში სწრაფად, სპეც.წესით შეძენის უფლებამოსილებაც გააჩნია და რომელ ჩამონათვალსაც განეკუთვნება შესყიდვის საგანი. შესაბამისად, ალოგიკურია მსგავს პირობებში მოპასუხეს ხელშეკრულების შესრულების გარანტია მხოლოდ იმ შემთხვევებისათვის გაეთვალისწინებინა, როდესაც კონკრეტული ზიანი დადგებოდა სახეზე;
10.9. ამასთან, მოსარჩელეს ნათლად ჰქონდა გააზრებული ის გარემოება, რომ საბანკო გარანტიის ათვისება არ იყო დამოკიდებული ზიანის დადგომის ფაქტზე, რამდენადაც იგი სააპელაციო საჩივარში ზიანის არარსებობაზე მიუთითებდა, როგორც პირგასამტეხლოს შემცირებისათვის გასათვალისწინებელ გარემოებაზე და არა როგორც საბანკო გარანტიის ათვისების წინაპირობაზე. მას საქმისწარმოების არც ერთ ეტაპზე სადავოდ არ გაუხდია ხელშეკრულების ზოგადი პირობების 18.1 და სპეციფიკური პირობების 7.1, 8.1 პუნქტების შინაარსი, მათი ნამდვილობა ან/და ის საკითხი, რომ მხარეები შეთანხმდნენ საბანკო გარანტიის მხოლოდ ზარალის ამოღების მიზანზე;
10.10. სასამართლომ კი საკუთარი ინიციატივით, მხარის მითითების გარეშე, შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევით, გაუმართლებლად, არასწორად და დაუსაბუთებლად შეაფასა ხელშეკრულების ზოგადი პირობების 18.1 პუნქტი. ამასთან, მოპასუხეს წაერთვა შესაძლებლობა სხვა მტკიცებულებებით დაედასტურებინა შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში მხარეთა მიერ ხელშეკრულებით, საბანკო გარანტიისა და პირგასამტეხლოს (ყოველგვარი დამდგარი ზიანის წინაპირობის გარეშე) ერთდროულად გამოყენების საკითხები;
10.11. აუცილებლად გასათვალისწინებელია ხელშეკრულების 8.1 პუნქტი, რომელიც კონკრეტულ, არაორაზროვან და სპეციფიკურ რეგულირებას წარმოადგენს. აღნიშნული პუნქტი ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადაგადაცილებისთვის ადგენს პირგასამტეხლოსა და საბანკო გარანტიის ათვისების წინაპირობებს და მიუთითებს ხელშეკრულების მხოლოდ 7.1 პუნქტზე, რომლით განსაზღვრული ხელშეკრულების შესრულების გარანტიის მექანიზმის უშუალო მიზანსაც „მიმწოდებლის მიერ საქონლის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო“ დამდგარი რისკების და არა რაიმე სახის ზიანის თავიდან აცილება წარმოადგენს.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 3 თებერვლის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მაისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
13. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
14. საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში [სსსკ-ის 404.1 მუხლის პირველი წინადადება]. საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407-ე მუხლი]. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
15. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობდა ნასყიდობითსამართლებრივი ურთიერთობა. ამ ურთიერთობის ფარგლებში, გამყიდველს მყიდველისათვის უნდა მიეწოდებინა სპილენძის გამტარი, ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტია, ხელშეკრულების ღირებულების (211 561,38 აშშ დოლარის) 5%-ის (10 580 აშშ დოლარის) ოდენობით, ასევე, - პირგასამტეხლო, ხელშეკრულების ღირებულების 0,1% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. გამყიდველმა 7 დღის დაგვიანებით მიაწოდა მყიდველს ნასყიდობის საგანი. მყიდველს არ გამოუთქვამს რაიმე შენიშვნა ნასყიდობის საგნის მიმართ და პრეტენზიის გარეშე ჩაიბარა მიწოდებული საქონელი. შესრულების ვადის დარღვევის გამო, მყიდველმა გამყიდველს დააკისრა პირგასამტეხლო - 3915,73 ლარი და სრულად გაითხოვა შესრულების საბანკო გარანტია - 10 580 აშშ დოლარი (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი).
16. ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელემ (პრინციპალმა) დაარღვია ხელშეკრულების შესრულების ვადა - ნასყიდობის საგანი მყიდველს 7 დღის დაგვიანებით მიაწოდა, რის გამოც სსკ-ის 417-ე-418-ე მუხლების მიხედვით, მას მართებულად დაერიცხა პირგასამტეხლო და, ამასთან, არ არსებობდა პირგასამტეხლოს შემცირების სსკ-ის 420-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების მე-8 პუნქტი). სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ არ არის გასაჩივრებული და, შესაბამისად, მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს თანხის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში. მოპასუხის საკასაციო საჩივრის ფარგლებში კი საკასაციო სასამართლოს შემოწმების საგანია მისთვის (ბენეფიციარი) მოსარჩელის (პრინციპალი) სასარგებლოდ გამოთხოვილი საბანკო გარანტიის თანხის გადახდის დაკისრების კანონიერება.
17. სააპელაციო სასამართლომ სარჩელი გამოთხოვილი საბანკო გარანტიის თანხის დაკისრების ნაწილში დააკმაყოფილა იმ დასაბუთებით, რომ მხარეთა შორის 01.12.2022 წელს დადებული საქონლის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 18.1 პუნქტის შინაარსიდან გამომდინარე, შესყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულების საბანკო გარანტია ბენეფიციარს შეეძლო გამოეთხოვა/გამოეყენებინა მხოლოდ მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით. შესაბამისად, ბენეფიციარის მოთხოვნის საფუძველი შეიძლება ყოფილიყო პრინციპალის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობით მიყენებული პირდაპირი ზიანი, ხოლო ბენეფიციარს ამ გარემოების დასადასტურებლად რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენია.
18. საკასაციო საჩივრის ავტორი სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ დასკვნას არსებითად არასწორად მიიჩნევს, რასაც იზიარებს საკასაციო პალატაც და, ამ მხრივ, უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას გაამახვილებს თავად საბანკო გარანტიის სამართლებრივი ბუნების იმ თავისებურებებზე, რითაც ის განსხვავდება მოთხოვნის უზრუნველყოფის სხვა საშუალებებისგან.
19. საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე [სსკ-ის 879-ე მუხლი]. ამდენად, საბანკო გარანტია ფულადი ვალდებულებაა, რომელიც ბენეფიციარს შესაძლებლობას ანიჭებს, მოვალის (პრინციპალის) მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მიმართოს გარანტს წერილობით, მოითხოვოს გადახდა და მიიღოს მოთხოვნილი თანხა. მას ამისათვის არ სჭირდება წინასწარ მიმართვა რომელიმე იურისდიქციის ორგანოსთვის, თავისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად (იხ. სუსგ საქმე №ას-1038-999-2016, 01 თებერვალი, 2017 წელი). სამოქალაქო კოდექსი საბანკო გარანტიას განიხილავს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებას, რომელიც სხვა უზრუნველყოფის საშუალებებისაგან განსხვავდება თავისი დამოუკიდებლობით - არააქცესორულობით, რაც გულისხმობს იმას, რომ ძირითადი ვალდებულება - ხელშეკრულება, რომლის უზრუნველსაყოფადაც საბანკო გარანტია გაიცა, გავლენას ვერ ახდენს ამ უკანასკნელზე (იხ. სუსგ საქმე №ას-562-871-09, 20 ოქტომბერი, 2009წ). საბანკო გარანტია შესასრულებელია გაცემული პირობების ფარგლებში ბენეფიციარის მოთხოვნისთანავე, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესაგებელი. ასეთი მიდგომა ბენეფიციარის უფლების დასაცავად, ემსახურება საქონლის/მომსახურების სწრაფად მზარდ ბრუნვას, როგორც ქვეყნის შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზარზე, როცა ყველა მხარე დაინტერესებულია ხელშეკრულებების სწრაფად შესრულებით და მისი შეუსრულებლობის/არაჯეროვანი შესრულების გარემოება დადგება (იხ. სუსგ საქმე №ას-1038-999-2016, 01 თებერვალი, 2017 წელი; საქმე №ას-1217-1176-2016, 10 თებერვალი, 2017 წელი).
20. საბანკო გარანტიის ზემოაღნიშნული თავისებურება ასახულია სსკ-ის 881-ე მუხლში, რომლის თანახმად, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის ის გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე.
21. საბანკო გარანტიიდან გამომდინარე, გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე გარანტის მხრიდან შესასრულებელია იმ მომენტიდან, როდესაც ბენეფიციარი გარანტს წარუდგენს მოთხოვნას ფულადი თანხის გადახდის შესახებ. მხარეები საბანკო გარანტიაში ჩვეულებრივ თვითონ განსაზღვრავენ იმ წინაპირობებს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც ბენეფიციარი უფლებამოსილია მოითხოვოს გადახდა (იხ. სუსგ საქმე №ას-1038-999-2016, 01 თებერვალი, 2017 წელი).
22. სსკ-ის 885-ე მუხლით მოწესრიგებულია ბენეფიციარის მოთხოვნის წარდგენის ფორმა და მოთხოვნისა და თანდართული დოკუმენტების გარანტიის პირობებისადმი შესაბამისობის საკითხი, კერძოდ, საბანკო გარანტიით ბენეფიციარის მოთხოვნა ფულადი თანხის გადახდის შესახებ უნდა წარედგინოს გარანტს წერილობითი ფორმით, გარანტიაში მითითებული დოკუმენტების დართვით. მოთხოვნაში ან მის დანართში ბენეფიციარმა უნდა მიუთითოს, თუ რაში გამოიხატება პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევა, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა გარანტია. ბენეფიციარის მოთხოვნა უნდა წარედგინოს გარანტს გარანტიით განსაზღვრული იმ ვადის დამთავრებამდე, რა ვადითაც იგი გაიცა. ხოლო, ამავე კოდექსის 887.1 მუხლის თანახმად, გარანტმა უარი უნდა უთხრას ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ ეს მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს, ანდა ისინი წარედგინა გარანტს გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ. გარანტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ. ამდენად, სსკ-ის 885-ე და 887-ე მუხლების ანალიზი ცხადყოფს, რომ ბენეფიციარის მოთხოვნა ექვემდებარება მხოლოდ ფორმალური პროცედურის დაცვის მხრივ შემოწმებას და, შესაბამისად, ბენეფიციარის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარიც სწორედ ფორმალური პროცედურის დარღვევაზე მითითებით არის შესაძლებელი (იხ. სუსგ საქმე №ას-960-925-2016, 27 სექტემბერი, 2017 წელი).
23. რაც შეეხება ძირითად ვალდებულებასთან დაკავშირებულ შემთხვევებს, როგორიცაა: საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ძირითადი ვალდებულების მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულება, მისი სხვა საფუძვლებით შეწყვეტა ან ბათილად აღიარება, კანონი მათ გარანტის ვალდებულებისაგან გათავისუფლების საფუძვლად არ განიხილავს. ასეთ შემთხვევებში გარანტი უფლებამოსილია, დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ ბენეფიციარსა და პრინციპალს, თუმცა მიუხედავად ამ შეტყობინებისა, ბენეფიციარის განმეორებითი მოთხოვნა დაკმაყოფილებას ექვემდებარება (სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლის მეორე ნაწილი) (იხ. სუსგ საქმე №ას-781-996-08, 17 მარტი, 2009წ). ამდენად, პრინციპალის მიერ ვალდებულების დარღვევის სახის და ხარისხის კვლევა გარანტის მხრიდან გონივრული წინდახედულობის ფარგლებში შესაძლებელია მხოლოდ საბანკო გარანტიით შეთანხმებული მოთხოვნის ან თანდართული დოკუმენტების წარდგენის პირობების დაცვის კვლევის ფარგლებში ანუ ფორმალური სახით (დოკუმენტების გარეგნული შესაბამისობის დადგენა). სწორედ ამიტომ უწოდებენ კომერციულ პრაქტიკაში საბანკო გარანტიას ე.წ. დოკუმენტურ ოპერაციას (იხ. სუსგ საქმე №ას-782-739-2015, 19 ოქტომბერი, 2015 წელი).
24. განსახილველ საქმეში მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 7.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შეუსრულებლობის რისკის თავიდან აცილების მიზნით, გამოყენებული იქნებოდა შემსყიდველთან წინასწარ შეთანხმებული საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია. დადგენილია, რომ ხელშეკრულების 7.1 პუნქტის შესაბამისად, შემსყიდველს წარედგინა სს „თ.ბ–ის“ მიერ გაცემული საბანკო გარანტია 10 580 აშშ დოლარის ოდენობით. გარანტიის ვადად მიეთითა 2023 წლის 21 მარტის ჩათვლით პერიოდი. ამასთან, მიეთითა, რომ თანხის გადახდა მოხდებოდა პრინციპალის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე ბენეფიციარის პირველივე წერილობითი მოთხოვნისთანავე (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 2.4 ქვეპუნქტი).
25. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, უპირობო და პირველივე მოთხოვნისთანავე გადასახდელი გარანტიის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ბენეფიციარის მოთხოვნა წარმოშობს გარანტის მიერ თანხის გადახდის ვალდებულებას ბენეფიციარის მიერ მოთხოვნის საფუძვლის დამატებითი მტკიცების გარეშე (იხ. სუსგ საქმე №ას-960-925-2016, 27 სექტემბერი, 2017 წელი). „პირველი მოთხოვნისთანავე გადახდის გარანტია“ ყველაზე გავრცელებულია და ამ დროს საკმარისია მხოლოდ ფორმალური პროცედურის დაცვა, მაგალითად, ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნა გადახდის თაობაზე (885 I მუხლი). ასეთი გარანტია უპირატესად და თითქმის უპირობოდ ემსახურება ბენეფიციარის ინტერესებს და დიდ საფრთხეს შეიცავს მოვალისთვის (პრინციპალისთვის), რადგან ბენეფიციარმა შეიძლება უსაფუძვლოდ მიიღოს გარანტისაგან გადახდა, რაც პრაქტიკაში არც თუ იშვიათად ხდება (იხ. ლ.ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, გამომცემლობა „სამართალი“, თბილისი, 2012, გვ 224). მოთხოვნის წარდგენის ფორმალური წინაპირობების დაცვას განსაკუთრებული ყურადღება „პირველივე მოთხოვნისთანავე გადახდის გარანტიის“ დროს ექცევა, ვინაიდან ამ შემთხვევაში, ბენეფიციარს ფაქტობრივად შეუზღუდავი უფლებამოსილება გააჩნია, რისი კომპენსირებაც სწორედ ამ ფორმალურ პროცედურაზე აქცენტის გადატანით ხდება (იხ. სუსგ საქმე №ას-1038-999-2016, 01 თებერვალი, 2017 წელი). საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ძირითადი ხელშეკრულების მხარეთა ინტერესების დაბალანსებისთვის უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება საბანკო გარანტიის ავტონომიურობისა და „ზუსტი შესაბამისობის“ პრინციპების სათანადოდ რეალიზაციას. ბენეფიციარის მიერ უფლების ბოროტად გამოყენების რისკისგან პრინციპალის ერთადერთი დაცვის მექანიზმი, შეიძლება ითქვას, სწორედ საბანკო გარანტიის პირობებთან ბენეფიციარის მოთხოვნის ზუსტი შესაბამისობის დადგენაში მდგომარეობს (იხ. სუსგ საქმე №ას-960-925-2016, 27 სექტემბერი, 2017 წელი).
26. საკასაციო სასამართლო, დავის არსიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად მიიჩნევს, ყურადღება გამახვილდეს ასევე საგარანტიო ურთიერთობის მხარეების: გარანტის, პრინციპალისა და ბენეფიციარის მონაწილეობაზე საბანკო გარანტიის პირობების ჩამოყალიბების პროცესში.
27. იურიდიული დოქტრინის თანახმად, როგორც წესი, მოვალესა და კრედიტორს (ბენეფიციარს) შორის დადებული ძირითადი ხელშეკრულება შეიცავს დებულებას მოვალის მიერ ძირითადი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად კრედიტორისთვის საბანკო გარანტიის შეთავაზების თაობაზე. საბანკო გარანტიიდან მოსალოდნელი გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით მოვალე და კრედიტორი საბანკო გარანტიის პირობებს წინასწარ ათანხმებენ ერთმანეთთან და განსაზღვრავენ არა მხოლოდ საგარანტიო თანხის ოდენობას, საგარანტიო შემთხვევას ან გარანტიის ფორმას, არამედ იმ კონკრეტულ ბანკსაც (ან ბანკებსაც), რომელთა მიერ გაცემულ გარანტიასაც მიიღებს კრედიტორი. გარანტი კი ორმაგ სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფება, რაც მისი მოვალეობების სტრუქტურასა და შინაარსზე ახდენს გავლენას. ერთი მხრივ, გარანტი დაკავშირებულია მოვალესთან (პრინციპალთან) დავალების ხელშეკრულებით, საიდანაც მას წარმოეშობა ბენეფიციართან საბანკო გარანტიის ხელშეკრულების დადებისა და საგარანტიო შემთხვევის დადგომისას გადახდის მოვალეობა. მეორე მხრივ, ბენეფიციართან დადებული გარანტიის ხელშეკრულებით მას ეკისრება ბენეფიციარის სასარგებლოდ გადახდის მოვალეობა. ბანკი (გარანტი) ვალდებულია პრინციპალთან დადებული ხელშეკრულების (დავალება, ნარდობა) საფუძველზე გასცეს გარანტია შეთანხმებული შინაარსის გათვალისწინებით. საბანკო გარანტიის გაცემის საწყის ეტაპზე გარანტი, როგორც პრინციპალის თხოვნის შემსრულებელი, მოვალეა დაემორჩილოს პრინციპალის მითითებებს და გარანტია გასცეს პრინციპალთან დადებულ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული პირობების დაცვით (იხ. ლ.ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, გამომცემლობა „სამართალი“, თბილისი, 2012, გვ. 211, 213, 223, 224).
28. განსახილველ საქმეში, საბანკო გარანტია, რომელიც გაცემული იყო გარანტის მიერ პრინციპალის დავალების და მისი მითითებების საფუძველზე, არ შეიცავს ჩანაწერს ზარალის ანაზღაურების მიზნით მისი გამოყენების შესახებ და მისი გამოთხოვა შესაძლებელი იყო პრინციპალის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში. კერძოდ, საბანკო გარანტიის თანახმად, გარანტმა თანხის გადახდის ვალდებულება იკისრა პრინციპალის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე, ბენეფიციარის პირველივე წერილობითი მოთხოვნისთანავე; ამასთან, თანხის ანაზღაურებაზე ბენეფიციარის მოთხოვნაში განმარტებული უნდა ყოფილიყო კონკრეტულად პრინციპალსა და ბენეფიციარს შორის გაფორმებული ხელშეკრულების რა პირობები იქნა დარღვეული პრინციპალის მხრიდან.
29. რაც შეეხება თავად პრინციპალსა და ბენეფიციარს შორის დადებულ ხელშეკრულებას, საკასაციო პალატა მიუთითებს 2022 წლის 1 დეკემბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ Nშს/22-358 ხელშეკრულების საერთო პირობების 18.1 პუნქტზე, რომლის თანახმად, „ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი გარანტია გამოიყენება ნებისმიერი ზარალის ანაზღაურების მიზნით, რომელიც მიადგება შემსყიდველს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არასრული შესრულების გამო. იმ გარემოებების ჩამონათვალი, რომელთა დადგომა გამოიწვევს მიმწოდებლისათვის გარანტიის დაუბრუნებლობას და აღნიშნულ გარემოებათა დადგომის გამო, შემსყიდველისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების მიზნით, საგარანტიო თანხის გამოყენების წესი განსაზღვრულია ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში“ (იხ. ტ. 1. ს.ფ. 19).
30. ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 7.1. პუნქტის თანახმად, იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ საქონლის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, გამოყენებული იქნება შემსყიდველთან წინასწარ შეთანხმებული საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია ხელშეკრულების ღირებულების 5%-ის ოდენობით, რომელიც წარმოდგენილ უნდა იყოს აშშ დოლარში და რომლის მოქმედების ვადაც 50 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს 3.3 პუნქტით გათვალისწინებულ საქონლის მიწოდების საბოლოო ვადას. ამავე პირობების 7.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების წინამდებარე ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 3.3 პუნქტით დადგენილ ვადაში სრულად და ჯეროვნად შესრულების შემდეგ, შემსყიდველი დაუბრუნებს მიმწოდებელს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიას. სპეციფიკური პირობების 7.3. პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ ან მისი მიზეზით ხელშეკრულების ნებისმიერ ეტაპზე შეწყვეტის ან/და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის, არასრულად ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, ასევე თუ შემსყიდველს შეუძლია ივარაუდოს, რომ მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულება არ/ვერ შესრულდება, შემსყიდველი არ დაუბრუნებს მიმწოდებელს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიას და გამოიყენებს უპირობოდ.
31. ამდენად, ხელშეკრულების საერთო პირობების თანახმად, ხელშეკრულების შესრულების გარანტია გამოიყენება ნებისმიერი ზარალის ანაზღაურების მიზნით, რომელიც მიადგება შემსყიდველს ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო, ხოლო ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მიხედვით, ხელშეკრულების შესრულების გარანტიის გამოყენების წინაპირობაა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა, არასრულად ან არაჯეროვნად შესრულება.
32. ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან [სსკ-ის 52-ე მუხლი]. ხელშეკრულებაში ურთიერგამომრიცხველი ან მრავალმნიშვნელოვანი გამონათქვამების დროს უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ გამონათქვამს, რომელიც ყველაზე მეტად შეესატყვისება ხელშეკრულების შინაარსს [სსკ-ის 338-ე მუხლი]. ხელშეკრულების ცალკეული გამონათქვამების განმარტებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ხელშეკრულების ბუნების, მისი შინაარსის დადგენას, საიდანაც, საბოლოო ჯამში, გამომდინარეობს მხარეთა ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები. 338-ე მუხლით განსაზღვრული წესი ადგენს სისტემური განმარტების მეთოდს. მის თანახმად, უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ გამონათქვამს, რომელიც ყველაზე მეტად შეესატყვისება ხელშეკრულების შინაარსს. ხელშეკრულების შინაარსს ქმნის მხარეთა უფლება-მოვალეობების ერთობლიობა. შესაბამისად, გამონათქვამის განმარტებისას უნდა მოხდეს მისი შედარება ხელშეკრულების სხვა პირობებთან, მის მთლიან არსთან, ბუნებასა და მიზანთან, რამეთუ კონტექსტის გათვალისწინებამ შესაძლოა, უფრო მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს მხარეთა სავარაუდო განზრახვის დადგენისას, ვიდრე ცალკეული დებულების იზოლირებულად განხილვამ (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილი, თბილისი, 2019, გვ. 155). გარიგების სადავო დებულების განმარტება უნდა მოხდეს თავად გარიგების მთელი შინაარსის, იმ სუბიექტური და ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით, რაც შესაძლოა, მხარეებს ევარაუდათ სადავო დებულების ფორმირებისას. ხელშეკრულების ცალკეული გამონათქვამი (პირობა) უნდა განიმარტოს იმ მთლიანი ხელშეკრულების ჭრილში, რომელშიც ისინი არის მოცემული (იხ. სუსგ საქმე №ას-1144-1090-2014, 23 თებერვალი 2015 წელი).
33. საკასაციო პალატა, უპირველესად, მიუთითებს ხელშეკრულების საერთო და სპეციფიკური პირობების გამოყენების ფარგლებზე, რომლებიც თავად ამ ხელშეკრულებით არის დადგენილი. კერძოდ, ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების საერთო პირობები წარმოადგენს შესყიდვის ელექტრონული პროცედურის დოკუმენტაციისა და საქონლის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილს. ისინი ატარებენ ტიპიურ ხასიათს და უნდა იქნან გამოყენებული ყოველგვარი ცვლილებების გარეშე იმ მოცულობით, რა მოცულობითაც ეს შეესაბამება კონკრეტულ შესყიდვას (იხ. ტ. 1. ს.ფ. 17). ხოლო, ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებს შეიმუშავებს შემსყიდველი ორგანიზაცია. მისი შედგენის საფუძველს წარმოადგენს ხელშეკრულების საერთო პირობები და შემსყიდველის მოთხოვნები, რომელთა მიხედვითაც უნდა განხორციელდეს შესაბამისი საქონლის მოწოდება. ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მიზანია ყოველი შესყიდვისათვის დამახასიათებელი პირობების კონკრეტიზაცია, ხელშეკრულების საერთო პირობების შევსება და დაზუსტება. ხელშეკრულების სპეციფიკურ და საერთო პირობებს შორის ურთიერთშეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება სპეციფიკური პირობების შესაბამის მუხლებს (იხ. ტ. 1. ს.ფ. 21).
34. გარდა იმისა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით თავად არის მოწესრიგებული საერთო და სპეციფიკურ პირობებს შორის შეუსაბამობის აღმოფხვრის საკითხი, საერთო პირობების 18.1 პუნქტს ხელშეკრულების განმარტების თვალსაზრისით უპირატესობა ვერ მიენიჭება ვერც იმ საფუძვლით, რომ ამ შემთხვევაში მხარეთა შორის შეთანხმებულ სპეციფიკურ პირობებს, რომლებსაც თავად შემსყიდველი შეიმუშავებს, ეკარგება თავისი შინაარსი. კერძოდ, ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების თანახმად, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია გამოიყენება მიმწოდებლის მიერ საქონლის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო წარმოქმნილი რისკის თავიდან აცილების მიზნით (7.1. პუნქტი), ხოლო სპეციფიკური პირობების 7.3 პუნქტის მიხედვით, არათუ ზიანის მიყენების, არამედ - შემსყიდველის მიერ იმ ვარაუდის დაშვების შემთხვევაშიც კი, რომ მიმწოდებელი ხელშეკრულებას არ/ვერ შეასრულებს, შემსყიდველს უფლება აქვს გამოიყენოს საბანკო გარანტია, რაც არსობრივად გამორიცხავს მხარეთა შეთანხმებას ზარალის ანაზღაურების მიზნით საბანკო გარანტიის გამოყენების თაობაზე.
35. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს ასევე თავად საბანკო გარანტიის სამართლებრივ ბუნებაზე და აღნიშნავს, რომ საბანკო გარანტიის მოთხოვნის წარდგენის წინაპირობა ვალდებულების დარღვევის შედეგად ბენეფიციარისათვის ზიანის მიყენება არ არის (იხ. სუსგ საქმე №ას-1057-2020, 20 იანვარი, 2022 წელი). გარანტის მიერ საგარანტიო თანხის გადახდა არ წარმოდგენს ზიანის ანაზღაურებას და ამის გამო ბენეფიციარს არ სჭირდება ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცება. ამაშიც ჩანს საბანკო გარანტიის დამოუკიდებელი და აბსტრაქტული ბუნება: ის არ არის დამოკიდებული არც ზიანის დადგომაზე და არც სხვა მატერიალურ დანაკარგებზე, რომლებიც შეიძლება კრედიტორს ძირითადი ვალდებულების დარღვევით მიადგეს. თვით ფაქტი საგარანტიო შემთხვევის დადგომისა, მაგალითად, ვალდებულებით გათვალისწინებული სამუშაოს შეუსრულებლობა, მიუხედავად იმისა, მოჰყვა ამას ზიანი თუ არა, საკმარისია გარანტისაგან გადახდის მოთხოვნისათვის (იხ. ლ.ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, გამომცემლობა „სამართალი“, თბილისი, 2012, გვ. 220).
36. აქვე, საკასაციო პალატა ასევე იმასაც აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმეში პრინციპალი/მოსარჩელე წარმოდგენილი სარჩელის საფუძვლად განიხილავდა მიწოდების ვადის 7-დღიანი დაგვიანებისთვის პირგასამტეხლოსა და საბანკო გარანტიის ერთდროულად დაკისრების არაგონივრულობასა და ამ მხრივ, ზიანის მიყენების ფაქტის არარსებობას. იგი გამოთხოვილი საბანკო გარანტიის თანხის მოპასუხისთვის დაკისრების საფუძვლად არ უთითებდა იმ გარემოებაზე, რომ შესრულების საბანკო გარანტია ბენეფიციარს შეეძლო გამოეყენებინა მხოლოდ მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით და მხარეები სწორედ ამაზე იყვნენ შეთანხმებულნი, რაც დამატებით ადასტურებს სააპელაციო სასამართლოს მიერ ხელშეკრულების არასწორ, მცდარ განმარტებას.
37. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების საერთო და სპეციფიკური პირობების მთლიანი შინაარსის, ამავე ხელშეკრულების შესაბამისად გაცემული საბანკო გარანტიისა და, ზოგადად, საბანკო გარანტიის, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების, სამართლებრივი ბუნების გათვალისწინების შედეგად, მიდის დასკვნამდე, რომ შემსყიდველს საბანკო გარანტიის გამოყენება შეეძლო მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, ყოველგვარი დამატებითი ზიანის მიყენების ფაქტის დადასტურების გარეშე.
38. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო და საბანკო გარანტია ორი დამოუკიდებელი სამართლებრივი ინსტრუმენტია. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით ვალდებულების დარღვევა უზრუნველყოფილი იყო ორი დამოუკიდებელი საშუალებით, პირგასამტეხლოთი (სსკ-ის 417-420-ე მუხლებით) და საბანკო გარანტიით (სსკ-ის 879-890-ე მუხლებით) და არც ერთი მათგანის ნამდვილობა სადავო არაა (შედ. იხ. სუსგ საქმე №ას-1681-2018, 1 მარტი, 2019 წელი; სუსგ საქმე Nას-107-2022, 06 მაისი 2022 წელი). კერძოდ, ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 8.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადების გადაცილების შემთხვევაში, შემსყიდველის მიერ მოხდება წინამდებარე ხელშეკრულების 7.1 პუნქტით გათვალისწინებული საბანკო გარანტიის ათვისება სრულად და დამატებით, ყოველი დაგვიანებული დღისთვის, მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების (დღგ-ს გარეშე) 0.1%-ის ოდენობით, რომელიც გაანგარიშებულ იქნება აშშ დოლარში და მოთხოვნილი (გაქვითული) იქნება ქართულ ლარში მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღის, ან ასეთის არ არსებობის შემთხვევაში, შემსყიდველის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის აშშ დოლართან ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ამასთან, პირგასამტეხლოს დარიცხვა შეწყდება მას შემდეგ, რაც დარიცხული თანხა მიაღწევს ხელშეკრულების საერთო ღირებულების (დღგ-ს გარეშე) 5%-ს (იხ. ტ. 1. ს.ფ. 23).
39. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან დადგენილია, რომ პრინციპალმა დაარღვია ხელშეკრულების შესრულების ვადა, სარჩელი მოპასუხისთვის გამოთხოვილი საბანკო გარანტიის თანხის დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს (შედ. იხ. სუსგ საქმე №ას-1038-999-2016, 01 თებერვალი, 2017 წელი; საქმე Nას-107-2022, 06 მაისი, 2022 წელი).
40. სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.
41. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლები. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ამგვარი საფუძვლები და არ არის საჭირო მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, საკასაციო პალატა უფლებამოსილია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.
42. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელი მოპასუხისთვის 10 580 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
43. სსსკ-ის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
44. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან მოპასუხის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, მოწინააღმდეგე მხარეს/მოსარჩელეს კასატორის/მოპასუხის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1496,65 ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სს „ს.რ–ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება შპს „ს.რ.ჯ–იას“ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს „ს.რ.ჯ–იას“ სარჩელი სს „ს.რ–ისთვის“ 10 580 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
4. შპს „ს.რ.ჯ–იას“ სს „ს.რ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 1496,65 ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;
5. საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი
ა.ძაბუნიძე