Facebook Twitter

საქმე №ას-813-2025 20 ოქტომბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ც.ქ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს მისო „ქ.კ–ი“ (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხე - მ.ბ–ძე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს მისო „ქ.კ–ის“ (შემდგომში - „მოსარჩელე“) დაზუსტებული სარჩელი დაკმაყოფილდა; აწ გარდაცვლილ გ.ქ–ძის მემკვიდრედ და უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ც.ქ–ძე (შემდგომში - „მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“); დადგინდა, რომ აწ გარდაცვლილ გ.ქ–ძის სახელზე რიცხული უძრავი ქონების, ს/კ N........, მესაკუთრედ ცნობილ იქნას მოპასუხე და საჯარო რეესტრში აღირიცხოს მოპასუხის საკუთრებაში; მოპასუხეს და მ.ბ–ძეს (შემდგომში - „თავდაპირველი მოპასუხე“) მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 57,972.65 ლარი; დადგინდა, რომ დავალიანების დაფარვის მიზნით განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, ს/კ N........., იძულებით აუქციონზე რეალიზაცია.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 მაისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დაუშვებლობის გამო (ხარვეზის შეუვსებლობის გამო) დარჩა განუხილველად შემდეგი დასაბუთებით:

2.1. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ;

2.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 21 თებერვლის განჩინებით აპელანტის სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და მას დაევალა გადაეხადა სახელმწიფო ბაჟის თანხა - 5000 ლარი, წარმოედგინა გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები (დედნის სახით) და ასევე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 2022 წლის 25 ნოემბრის N36 დადგენილებით დამტკიცებული ფორმის (ახალი ფორმის) ნიმუშის შესაბამისად, სრულყოფილად შევსებული დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი, იმდენი ასლის დართვით, რამდენი მონაწილეც იყო საქმეში; ასევე - ნაბეჭდი სახით შედგენილი სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია CD დისკის სახით;

2.3. 2025 წლის 4 მარტს სააპელაციო სასამართლოს მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა - ნ.ჩ–მა და იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის მოძიების მიზნით ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის 14 დღით გაგრძელების შესახებ;

2.4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 14 მარტის განჩინებით აპელანტის (წარმომადგენელი ნ.ჩ–ი) შუამდგომლობა ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა; აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადა გაუგრძელდა 14 დღით;

2.5. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის დაცვით, 2025 წლის 31 მარტს სააპელაციო სასამართლოს მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა ნ.ჩ–მა, განმარტა, რომ აპელანტი არის პენსიონერი, არ გააჩნია არანაირი შემოსავალი, აღნიშნულის გათვალისწინებით იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ ან უკიდურეს შემთხვევაში აპელანტს მისცემოდა შესაძლებლობა პირველი ეტაპისათვის გადაეხადა სახელმწიფო ბაჟის ნახევარი;

2.6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 11 აპრილის განჩინებით აპელანტის (წარმომადგენელი ნ.ჩ–ი) შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების/ან განაწილვადების შესახებ არ დაკმაყოფილდა; აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადა გაუგრძელდა 10 დღით და დაევალა გადაეხადა სახელმწიფო ბაჟის თანხა - 5000 ლარი, წარმოედგინა გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები (დედნის სახით) და ასევე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 2022 წლის 25 ნოემბრის N36 დადგენილებით დამტკიცებული ფორმის (ახალი ფორმის) ნიმუშის შესაბამისად, სრულყოფილად შევსებული დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი, იმდენი ასლის დართვით, რამდენი მონაწილეც იყო საქმეში; ასევე - ნაბეჭდი სახით შედგენილი სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია CD დისკის სახით; ხარვეზის შესავსებად აპელანტს განესაზღვრა 10-დღიანი ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან. აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღებოდა და დარჩებოდა განუხილველი;

2.7. ზემოაღნიშნული განჩინება 2025 წლის 23 აპრილს ჩაბარდა აპელანტის წარმომადგენელს - ნ.ჩ–ს, თუმცა ხარვეზი არ გამოსწორებულა;

2.8. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 372-ე, 373-ე, 374-ე, 368.5, 70-ე, 71-ე, 59-ე, მე-60, 61-ე, 63-ე, 64-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ, ვინაიდან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 11 აპრილის განჩინება ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ აპელანტისათვის (მისი წარმომადგენლისათვის) ჩაბარებულად ითვლება 2025 წლის 23 აპრილიდან, მისთვის სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოსწორების 10-დღიანი ვადის დენა დაიწყო განჩინების ჩაბარების მომდევნო დღიდან, ე.ი. 2025 წლის 24 აპრილიდან და ამოიწურა 2025 წლის 5 მაისს (ორშაბათს, ვინაიდან ხარვეზის აღმოფხვრის ბოლო დღე დაემთხვა არასამუშაო დღეს), თუმცა აპელანტს არც განჩინებით დადგენილი ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის ხარვეზის გამოსწორებისათვის სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გაგრძელების, ან გაშვებული ვადის საპატიოდ მიჩნევისა და აღდგენის მოთხოვნით;

2.9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო უნდა დარჩენილიყო განუხილველი.

3. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:

3.1. აპელანტი არის პენსიონერი და, გარდა სახელმწიფო პენსიისა, მას შემოსავლის არანაირი წყარო არ გააჩნია. შესაბამისად, მისთვის ფიზიკურად შეუძლებელი იყო ბაჟის სახით ამ ეტაპზე 5000 ლარის გადახდა. ამიტომ სთხოვა აპელანტმა სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის გადავადება, რაც არ დაკმაყოფილდა;

3.2. აპელანტის მოსაზრებით, პენსიონრებზე, რომელთაც, გარდა პენსიისა, შემოსავალი არ გააჩნიათ, უნდა მოხდეს ბაჟის გადავადება საქმის განხილვის დასრულებამდე.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 3 ივლისის განჩინებით მოპასუხის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

5. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

6. კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით [სსსკ-ის 420-ე მუხლი].

7. საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას [სსსკ-ის 410-ე მუხლი].

8. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში არ შეავსო სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს სწორედ აღნიშნული განჩინების კანონიერება წარმოადგენს.

9. სსსკ-ის 368.5 მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს დასახელებულ ნორმაში მითითებულ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება და ამავე კოდექსის 374.1 მუხლის შესაბამისად [სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა], დარჩება განუხილველი დაუშვებლობის გამო.

10. ამდენად, თუ სააპელაციო საჩივარი ხარვეზიანია, სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა კი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

11. წინამდებარე საქმეში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 21 თებერვლის განჩინებით აპელანტის სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და მას დაევალა, გადაეხადა სახელმწიფო ბაჟის თანხა - 5000 ლარი, წარმოედგინა სრულყოფილად შევსებული დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი, ასევე - ნაბეჭდი სახით შედგენილი სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია. ამავე სასამართლოს 2025 წლის 14 მარტის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადა გაუგრძელდა 14 დღით. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის დაცვით, 2025 წლის 31 მარტს სააპელაციო სასამართლოს მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა, განმარტა, რომ აპელანტი არის პენსიონერი, არ გააჩნია არანაირი შემოსავალი, აღნიშნულის გათვალისწინებით იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ ან უკიდურეს შემთხვევაში აპელანტს მისცემოდა შესაძლებლობა პირველი ეტაპისათვის გადაეხადა სახელმწიფო ბაჟის ნახევარი. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 11 აპრილის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების/ან განაწილვადების შესახებ არ დაკმაყოფილდა; აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადა გაუგრძელდა 10 დღით და დაევალა გადაეხადა სახელმწიფო ბაჟის თანხა - 5000 ლარი, წარმოედგინა გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები (დედნის სახით) და ასევე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 2022 წლის 25 ნოემბრის N36 დადგენილებით დამტკიცებული ფორმის (ახალი ფორმის) ნიმუშის შესაბამისად, სრულყოფილად შევსებული დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი, იმდენი ასლის დართვით, რამდენი მონაწილეც იყო საქმეში; ასევე - ნაბეჭდი სახით შედგენილი სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია CD დისკის სახით. აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღებოდა და დარჩებოდა განუხილველი. ზემოაღნიშნული განჩინება 2025 წლის 23 აპრილს ჩაბარდა აპელანტის წარმომადგენელს - ნ.ჩ–ს, თუმცა ხარვეზი არ გამოსწორებულა.

12. შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული გაგრძელებული საპროცესო ვადის ათვლა დაიწყო მომდევნო დღიდან - 2025 წლის 24 აპრილიდან [სსსკ-ის 60.2 მუხლი: წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი] და ამოიწურა ამავე წლის 5 მაისს [3 მაისი იყო დასვენების დღე - შაბათი, ხოლო მომდევნო სამუშაო დღე - 5 მაისი. სსსკ-ის 61.2 მუხლი: თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე], თუმცა აპელანტს აღნიშნულ ვადაში არც ხარვეზი შეუვსია და არც ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელების ან/და სხვა სახის შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის.

13. კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ არის პენსიონერი; გარდა სახელმწიფო პენსიისა, მას შემოსავლის არანაირი წყარო არ გააჩნია; შესაბამისად, მიაჩნია, რომ სასამართლოს უნდა გადაევადებინა ბაჟის გადახდა საქმის განხილვის დასრულებამდე.

14. სსსკ-ის 48.1 მუხლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს.

15. კანონმდებლობით დადგენილი და გათვალისწინებული გამონაკლისები (სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, მისი ოდენობის შემცირება ან გადახდის გადავადება) დასაშვებია მხოლოდ ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დადასტურების შემთხვევაში, კერძოდ, შუამდგომლობის ავტორი მხარე ვალდებულია, სასამართლოს წინაშე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, რათა სასამართლოს გაუჩნდეს მყარი შინაგანი რწმენა, რომ მხარეს არ შეუძლია გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი და სწორედ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოუყენებლობა გამოიწვევს სადავოდ მიჩნეული უფლების სასამართლოს წესით დაცვის რეალიზების შეზღუდვას მოდავე მხარის მიმართ (იხ. სუსგ საქმე №ას-1185-1146-2016, 10 თებერვალი, 2017 წელი). სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების ან გადასახდელი თანხის ოდენობის შემცირების შესაძლებლობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლისა და საქმის მასალების გაანალიზების საფუძველზე სასამართლოს შეექმნება შინაგანი რწმენა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, რომ მას მოცემულ ეტაპზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ შეუძლია (იხ. სუსგ საქმე №ას-1177-2023, 16 ნოემბერი, 2023 წელი). შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან გადავადების შესახებ უნდა იყოს დასაბუთებული. მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს არგუმენტაცია, რომელიც უნდა შეეხებოდეს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვთ შუამდგომლობაში დასმულ მოთხოვნასთან, ასევე დართული უნდა იქნეს შესაბამისი მტკიცებულებები (იხ. სუსგ საქმე №ას-1324-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი).

16. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორმა კანონით დადგენილი წესით ვერ დაასაბუთა, რომ იმყოფება ისეთ ფინანსურ მდგომარეობაში, რომლის დროსაც სახელმწიფო ბაჟის გადახდა მოცემულ ეტაპზე ობიექტურად არ შეუძლია. არც სააპელაციო წესით განხილვისა და არც საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე არ არის წარმოდგენილი აპელანტის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. რაც შეეხება სახელმწიფო პენსიის მიღების საკითხს, მხოლოდ აღნიშნული ფაქტი არ შეიძლება გახდეს სახელმწიფო ბაჟის გადავადების საფუძველი (იხ. სუსგ საქმე №ას-335-312-10, 27 მაისი, 2010 წელი; საქმე №ას-1185-1146-2016, 10 თებერვალი, 2017 წელი; საქმე №ას-1958-2018, 22 თებერვალი, 2019 წელი).

17. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატამ 2025 წლის 11 აპრილის განჩინებით, აპელანტს დაუდგინა ხარვეზი ძირითადი ორი საფუძვლით: ერთი მხრივ, დაევალა წარედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, ხოლო, მეორე მხრივ, - სრულყოფილად შევსებული დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი, თუმცა, მას სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არც დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი წარუდგენია. ამდენად, სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.

18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული პირის უფლება, თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, არ არის აბსოლუტური და სამოქალაქო პროცესში შეიძლება შეიზღუდოს სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, №. 8225/78, გვ, 20, §57, 28 მაისი, 1985 წელი) (იხ. სუსგ საქმე №ას-1959-2018, 19 აპრილი, 2019 წელი).

19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (სსსკ-ის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი) და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით (სსსკ-ის 372-ე მუხლი, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილი და 368-ე მუხლის პირველი ნაწილი), რომელთა შესრულება სავალდებულოა აპელანტისთვის. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებს და სასამართლოს მითითებებს, იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის 59-ე და 63-ე მუხლები, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი და 374-ე მუხლის პირველი ნაწილი).

20. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო. შესაბამისად, კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ც.ქ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი

ა. ძაბუნიძე