15 ოქტომბერი, 2025 წელი,
#ას-460-2025 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
I კასატორი - სს „თ–ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „რ.ჰ–ი“ (მოპასუხე)
II კასატორი - შპს „რ.ჰ–ი“
მოწინააღმდეგე მხარე - სს „თ–ი“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სს „თ–ისა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი ან 1-ლი კასატორი) და შპს „რ.ჰ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი ან II კასატორი) საკასაციო პრეტენზიებით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხის სააპელაციო საჩივარი უარყოფილ იქნა; მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი კი, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით - 52 200 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ, სახელდობრ:
1.1. 1-ლი კასატორის მტკიცებით, თავად მხარეთა შორის გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე განისაზღვრა ვალდებულების შესრულების ვადა და მისი დარღვევისას ასანაზღაურებელი პირგასამტეხლო, შესაბამისად, ყოველთვიურად პირგასამტეხლოს დარიცხვის შესახებ შეხსენების ვალდებულებაც არ გააჩნდათ (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).
1.2. II კასატორის მტკიცებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მივიჩნევთ, რომ მოპასუხემ ვალდებულება დაარღვია, პირგასამტეხლოს ოდენობა არათანაზომიერი, არაპროპორციული და არაგონივრულია. ვალდებულების დარღვევის ხასიათთან შეუსაბამოა და კიდევ უნდა შემცირდეს (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 მაისისა და 7 ივლისის განჩინებებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
4.3. მხარეებს შორის 2022 წლის 7 სექტემბერს უძრავი ქონების გაცვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმად, მოსარჩელემ თბილისში, წყალსადენის მიმდებარედ (მუხადგვერდი) 42 კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა/ნაგებობით - ელ. ქვესადგური N00.., ს/კ-ით ......., მოპასუხეს თბილისში, ......... მიმდებარედ არსებულ 42 კვ.მ. მიწის ნაკვეთში, ს/კ-ით # ........., გადაუცვალა.
4.3.1. შეთანხმება საჯარო რეესტრში (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მარეგისტრირებელი ორგანო) 2022 წლის 9 სექტემბერს დარეგისტრირდა.
4.4. მარეგისტრირებელ ორგანოში ხელშეკრულების რეგისტრაციიდან 6 თვეში, მოპასუხეს მოსარჩელისთვის საკუთრებაში გადაცემულ უძრავ ქონებაში ენერგოობიექტი უნდა მოეწყო, გადაეტანა არსებული ელ. მეურნეობა და შემდეგ მოეხდინა ძველის დემონტაჟი, მისი გატანა და მოთავსება თბილისში, ......... მდებარე მოსარჩელის საწყობში (იხ. შეთანხმების მე-7 პუნქტი).
4.4.1. შეთანხმება ჯეროვნად არ შესრულდა.
4.5. ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისას მოპასუხეს ეკისრებოდა პირგასამტეხლო - 200 ლარი, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რომლის გადახდა კომპანიას ნაკისრი ვალდებულების შესრულებისაგან არ ათავისუფლებდა (იხ. შეთანხმების მე-11 პუნქტი).
4.6. მოპასუხეს შეთანხმების მე-7 პუნქტით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო, პირგასამტეხლო დაერიცხა.
4.7. 2024 წლის 8 აპრილს მოპასუხეს იმჟამინდელი მონაცემებთ, პირგასამტეხლოს - 79600 ლარის ანაზღაურების თაობაზე ეცნობა, თუმცა გადახდა არ მომხდარა.
4.8. ვალდებულება 2024 წლის 10 აგვისტოს შესრულდა (იხ. მიღებაჩაბარების აქტი). ამ პერიოდისათვის დარიცხული პირგასამტეხლო - 104 400 ლარია.
5. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, გაცვლის ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების გამო პირგასამტეხლოს დაკისრება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 521-ე (გაცვლის ხელშეკრულებით მხარეებს ეკისრებათ ქონებაზე საკუთრების უფლების ურთიერთგადაცემა. გაცვლის ხელშეკრულებით ყოველი მხარე ითვლება იმ ქონების გამყიდველად, რასაც ცვლის და იმ ქონების მყიდველად, რასაც სანაცვლოდ იღებს) და მე-400 (მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას) მუხლებიდან გამომდინარეობდა.
სსკ-ის 417-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის) და 420-ე (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) მუხლებთ კი, მოწესრიგებულია პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები.
6. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 521-ე მუხლით, გაცვლის ხელშეკრულებით მხარეებს ეკისრებათ ქონებაზე საკუთრების ურთიერთგადაცემა. გაცვლის ხელშეკრულების ყოველი მხარე ითვლება იმ ქონების გამყიდველად, რასაც ცვლის, და იმის მყიდველად, რასაც სანაცვლოდ იღებს. „გაცვლა განკარგვითი ხასიათის ხელშეკრულებაა და შემძენისათვის საკუთრების უფლების გადაცემას იწვევს, გაცვლის ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნების ანალიზის აუცილებლობა განპირობებულია მისი თავისებურებებით (შდრ: MüKoBGB/ Westerman, 7.Aufl. 2016, §480, Rn.2. Tonner, Schuldrecht, 3.Aufl. 2013, §10 (IV) Tausch, S.99.; Grunewald, in Erman Bürgerliches Gesetzbuch, Handkommentar, 12.,neu.Aufl. 2008, §480, Rn.2.).
7. სამოქალაქო-სამართლებრივ ხელშეკრულებებს შორის გაცვლის ხელშეკრულების დამოუკიდებელი ხასიათი, შესაძლებლობას გვაძლევს გამოვყოთ ამ ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები, რომლითაც იგი განსხვავდება სხვა სახელშეკრულებო ვალდებულებებისაგან, მათ შორის გაცვლასთან ყველაზე ახლოს მდგომი ნასყიდობის ხელშეკრულებისგან: 1) გაცვლის ხელშეკრულება მიეკუთვნება ქონების გადაცემის ტიპის ხელშეკრულებებს და ამით განსხვავდება სამუშაოს შესრულების (ნარდობა), მომსახურების გაწევის (შუამავლობა და სხვ.) და სადამფუძნებლო ხელშეკრულებებისაგან (ერთობლივი საქმიანობის-ამხანაგობის ხელშეკრულება). 2) გაცვლის ხელშეკრულებით ხდება განსაზღვრული ქონების გადაცემა მხარეთა საკუთრებაში. ამით გაცვლის ხელშეკრულება განსხვავდება ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემის ტიპის ხელშეკრულებებისაგან (იჯარა, ქირავნობა და სხვ.). 3) გაცვლის ხელშეკრულება არის ნასყიდლიანი ხელშეკრულება, რამეთუ ადგილი აქვს თითოეული მხარის მიერ მეორისათვის შემხვედრი დაკმაყოფილების გადაცემას (შდრ. MüKoBGB/ Westermann, 7. Aufl. 2016, §480, Rn.2.; Palandt/ Weidenkaff, 74. Aufl. 2015, §480, Rn.8; Axel J. Halbach/Rigmar Osterkamp, Die Rolle des Tauschhandlels Für die Entwicklungsländer, 1988, S.117). ამით გაცვლა განსხვავდება ქონების საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის ხელშეკრულებისაგან (ჩუქება). „გაცვლის ხელშეკრულების ერთ-ერთი უმთავრესი თავისებურება მისი სასყიდლიანი ხასიათია“ (იხ. სუსგ №ა-661-1-26-03, 9 ოქტომბერი, 2003 წ.). გაცვლის ხელშეკრულება მართალია არის სასყიდლიანი ხელშეკრულება, მაგრამ განსხვავდება ქონების საკუთრებაში სასყიდლით გადაცემის ტიპის ისეთი ხელშეკრულებებისაგან, როგორიცაა ნასყიდობა და სესხი. ნასყიდობის ხელშეკრულებით შემხვედრი დაკმაყოფილება ხდება ფულის გადახდის გზით, ხოლო გაცვლისას გასაყიდი ფასის ადგილს იკავებს ნივთი“ (იხ. სუსგ №ას-1327-1169-2020, 10 მარტი, 2011 წ.) სსკ-ის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. მაშასადამე, სესხის ხელშეკრულებით შემხვედრი დაკმაყოფილება ხდება იმავე რაოდენობის ფულადი თანხის ან სხვა გვაროვნული ნივთის დაბრუნებით. (იხ. ზურაბ ძლიერიშვილი, ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებების სამართლებრივი ბუნება, თბილისი, 2010 წ., გვ.345.). რაც შეეხება გაცვლის ხელშეკრულებას, ამ დროს ხდება ქონებაზე საკუთრების ურთიერთგადაცემა (იხ. სუსგ №ას-557-265-2011, 07 ივნისი, 2011 წ.). „ქონებაზე საკუთრების ურთიერთგადაცემა, წარმოადგენს გაცვლის ხელშეკრულების თავისებურებას და არის უპირობო კრიტერიუმი იმისა, რომ მოხდეს გაცვლის ხელშეკრულების დამოუკიდებელი ბუნების გამოყოფა სახელშეკრულებო ვალდებულებებს შორის (შდრ. MüKoBGB/Westermann 7.Aufl. 2016, §480, Rn.1.; Palandt/ Weidenkaff, 74. Aufl. 2015, §480, Rn.1; Tonner, Schuldrecht, 3.Aufl.,2013, §10 (IV) Tausch, S.99; Grunewald, in Erman Bürgerliches Gesetzbuch, Handkommentar, 12., neu.Aufl.2008, §480, Rn.3.; VGH München NJW 1996,2321; BGH, Urteil vom 07.12.2005 – VIII ZR 126/05; NJW 2006, 988.).
8. საკასაციო პალატის არაერთი განმარტებით, გაცვლის ხელშეკრულება არის სინალაგმატური ანუ ორმხრივად მავალდებელებელი ხელშეკრულება, რადგან თითოეულ მხარეს გააჩნია ერთდროულად უფლებებიც და ეკისრება მოვალეობებიც. გაცვლის ხელშეკრულების თითოეული მხარე ერთდროულად არის კრედიტორიც და მოვალეც. უფრო მეტიც, გაცვლის ხელშეკრულებაში გვხვდება ორი მკვეთრად გამოხატული შემხვედრი ვალდებულება: თითოეული მხარე მოვალეა გადასცეს კონტრაჰენტს შესაბამისი გასაცვლელი ქონება ((შდრ. MüKoBGB/Westermann 7.Aufl. 2016, §480, Rn.1.; Tonner, Schuldrecht, 3.Aufl. 2013, §10 (IV) Tausch, S.99).
9. ხელშეკრულების დადება და შესაბამისი სამართლებრივი შედეგების წარმოშობა მხარეთა შორის შეთანხმების მიღწევით ხორციელდება. (შდრ. Alessi, The Distinction between Obligations de Resultat and Obligationis de Moyens and the Enforceability of promises, ERPL 5/2005, p. 657-692.). გაცვლა, როგორც ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულება, უნდა აკმაყოფილებდეს ხელშეკრულების ნამდვილობისათვის წაყენებულ მოთხოვნებს. „მხარეთა შორის დადებულ იქნა სამოქალაქო კოდექსის სსკ-ის 521-ე მუხლით გათვალისწინებული გაცვლის ხელშეკრულება და არ არსებობს სადავო გარიგების ბათილად ცნობის საფუძველი“ (იხ. სუსგ №ას-192-185-2013, 3 ივნისი, 2013 წ.).
10. გაცვლის ხელშეკრულების საგანი შეიძლება იყოს ნებისმიერი თავისუფალ ბრუნვაუნარიანი ქონება. ის ნივთები, რომლებიც შეზღუდული ბრუნვაუნარიანობით გამოირჩევა, შეიძლება გადაცემულ იქნეს ასეთი ნივთის სამართლებრივი რეჟიმისათვის დამახასიათებელ თავისებურებათა გათვალისწინებით. სსკ-ის მე-7 მუხლის თანახმად, „კერძოსამართლებრივი ურთიერთობის ობიექტი შეიძლება იყოს ქონებრივი ან არაქონებრივი ღირებულების მატერიალური და არამატერიალური სიკეთე, რომელიც კანონით დადგენილი წესით ბრუნვიდან არ არის ამოღებული“. ინდივიდის მოქმედების თავისუფლებიდან გამომდინარე, მისი მოქმედებისა თუ კერძოსამართლებრივი ურთიერთობის ობიექტი არის ყველაფერი, რაზეც მიმართულია ინდივიდის უფლება. ნივთები პიროვნებულობას მოკლებული, პირთა ბატონობას დაქვემდებარებული და ნატურით გამიჯნული საგნებია (იხ. ბესარიონ ზოიძე, ქართული სანივთო სამართალი, თბილისი, 2003, გვ.27.).
11. გაცვლის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც ზეპირად, ისე წერილობით. ჩვეულებრივ, მოძრავი ნივთების გაცვლა ხდება ზეპირი ფორმით, ხოლო უძრავი ქონებისა - წერილობით. კანონის მიერ გაცვლის ხელშეკრულების ფორმის განსაზღვრის ზოგად საფუძვლად აღიარებულია კონკრეტულ ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობის წესი, შესაბამისად დაცული უნდა იქნეს სსკ-ის 521, 68, 328, 323-ე მუხლების მოთხოვნები ხელშეკრულების ფორმასთან მიმართებით. თუ გაცვლის საგანს ისეთი ქონება წარმოადგენს, რომელზეც საკუთრების უფლება წარმოიშობა მხოლოდ კანონით დადგენილი ფორმის დაცვით, მაშინ ასეთი ქონების გაცვლის ხელშეკრულებაც იმავე ფორმის დაცვით უნდა მოხდეს. (იხ. სუსგ №ას-1245-1265-2011, 03 ივნისი, 2012 წ.). „საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ გაცვლა. განკარგვითი ხასიათისაა და შედეგად მხარისათვის (შემძენისათვის) საკუთრების უფლების გადაცემას იწვევს. უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების გადაცემისათვის კი, კანონი სპეციალურ წესს ადგენს“ (იხ. სუსგ №ას-221-213-2012, 24 ივლისი, 2012 წ.). „საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეებს შორის დაიდო გაცვლის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, პირველი უძრავო ქონება მოპასუხემ გადაცვალა მეორე უძრავ ქონებაში“ (იხ. სუსგ №ას-733-733-2018, 11 ივლისი, 2018 წ.).
12. ამდენად, სსკ-ის 323-ე და 327-ე მუხლების ერთობლივი ანალიზით, უძრავი ქონების თაობაზე დადებული გაცვლის გარიგების ნამდვილობისათვის აუცილებელია: მხარეთა ნამდვილი ნება, არსებით პირობებზე შეთანხმება და გარიგების წერილობითი ფორმით შედგენა (შდრ. სუსგ. №ას-1448-2023 , 20.05.2024 წ).
13. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეებს შორის 2022 წლის 7 სექტემბერს უძრავი ქონების გაცვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმად, მოსარჩელემ თბილისში, წყალსადენის მიმდებარედ (მუხადგვერდი) მდებარე 42 კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა/ნაგებობით - ელ. ქვესადგური N00.., ს/კ-ით .........., მოპასუხეს თბილისში, ........ ქუჩა N2ა-ს მიმდებარედ არსებულ 42 კვ.მ. მიწის ნაკვეთში, ს/კ-ით # .........., გადაუცვალა. დადგენილია, რომ შეთანხმება საჯარო რეესტრში 2022 წლის 9 სექტემბერს დარეგისტრირდა. დადგენილია ისიც, რომ მარეგისტრირებელ ორგანოში ხელშეკრულების რეგისტრაციიდან 6 თვეში, მოპასუხეს მოსარჩელისთვის საკუთრებაში გადაცემულ უძრავ ქონებაში ენერგოობიექტი უნდა მოეწყო, რომელშიც უნდა გადაეტანა არსებული ელ. მეურნეობა და შემდეგ მოეხდინა ძველის დემონტაჟი, მისი გატანა და მოთავსება თბილისში, ........ მდებარე მოსარჩელის საწყობში. ასევე დადგენილია, რომ ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისას მოპასუხეს ეკისრებოდა პირგასამტეხლო - 200 ლარი, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რომლის გადახდა კომპანიას ნაკისრი ვალდებულების შესრულებისაგან არ ათავისუფლებდა. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხემ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვია.
დადგენილია, რომ მოპასუხეს შეთანხმების მე-7 პუნქტით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო, პირგასამტეხლო დაერიცხა.
14. საკასაციო სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს სსკ-ის 417-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის) მუხლზე, რომლითაც მოწესრიგებულია პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები.
14.1. პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. "ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...", “პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე.
პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის:
ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები;
ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს;
გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს;
დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. სუსგ-ები # ას 848-814-2016, 28.12.2016; #ას-816-767-2015, 19.11.2015; #ას-953-918-2016, 22.11.2016).
14.2. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას
ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. (იხ: ირაკლი რობაქიძე, წიგნში სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590). პირგასამტეხლო ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (შდრ. სუსგ-ები: №ას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018 წელი; №ას-1158-1104-2014, 06 მაისი, 2015 წელი; №ას-1265- 1187-2015, 10 თებერვალი, 2016 წელი).
14.3. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხეს შეთანხმების მე-7 პუნქტით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო, პირგასამტეხლო დაერიცხა. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხეს 2024 წლის 8 აპრილს, იმჟამინდელი მონაცემებთ, პირგასამტეხლოს - 79600 ლარის ანაზღაურების თაობაზე ეცნობა, თუმცა გადახდა არ მომხდარა.
14.4. უდავოა, რომ ვალდებულება 2024 წლის 10 აგვისტოს შესრულდა (იხ. მიღებაჩაბარების აქტი). ამ პერიოდისათვის დარიცხული პირგასამტეხლო - 104 400 ლარია.
14.5. დასახელებული გარემოებების ერთობლივად შეფასების შედეგად საკასაციო პალატა მიიჩნევს რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლო, ვალდებულების დარღვევის გონივრული საპირწონეა, არსებითი სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას ასრულებს და იმ მიზანს ემსახურება, რომ თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები, შესაბამისად, მისი გადახდაც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ მართებულად დაეკისრა.
15. პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე პირველი კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მის ყურადღებას მიაქცევს სსკ-ის 420-ე (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) მუხლზე, რომლითაც მოწესრიგებულია პირგასამტეხლოს შემცირების წინაპირობები.
15.1. დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით: „პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან... პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა“ (შდრ. საქმე №ას-176-157-2014);
15.2. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გასათვალისწინებელია პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, კერძოდ, საკასაციო სასმაართლომ არაერთ სამოქალაქო დავაზე განმარტა შემდეგი: „მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც მთავარია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. (შდრ.,სუსგ-ები: Nას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; №ას-222-209-2015, 06 მაისი, 2015 წელი) “.
15.3. საკასაციო სასამართლო, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმარტავს, რომ, მართალია, პირგასამტეხლოს განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა სსსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად.
15.4. დადგენილია, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებანი, 2022 წლის 7 სექტემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 6 თვიანი ვადის დარღვევით - 2024 წლის 10 აგვისტოს შეასრულა, თუმცა მოსარჩელეს მოპასუხისთვის ვადის დარღვევის გამო, სანქციის განსაზღვრის შესახებ არ უცნობებია, მან აღნიშნულზე მოპასუხეს მხოლოდ - 2024 წლის 8 აპრილის აცნობა.
15.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქმის კონკრეტულ გარემოებებს, შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობას პირგასამტეხლოს ოდენობასთან, მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, რომელიც გამოიხატა ვადის გადაცილებაში და არა, საერთოდ, ვალდებულების შეუსრულებლობაში და აღნიშნავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ პირგასამტეხლოს მოცულობა სწორადაა გამოთვლილი.
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად, ამდენად, საკასაციო პალატა მიმოიხილავს კასატორის მხოლოდ ძირითად არგუმენტებს (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
17. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორებმა ვერ შეძლეს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლიეს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლეს მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.
18. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მათი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
21. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, რაკი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა ცნობილი, I კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 2610 ლარის (საგადასახადო დავალება #180, გადახდის თარიღი 16.04.2025წ), 70% - 1827 ლარი.
II კასატორს უნდა დაუბრუნდეს ბ. ნ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 2610 ლარის (საგადასახადო დავალება #2857, გადახდის თარიღი 16.05.2025წ), 70% - 1827 ლარი.
შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „თ–ისა“ და შპს „რ.ჰ–ის“ საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სს „თ–ს“ (ს/ნ .......) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 2610 ლარის (საგადასახადო დავალება #180, გადახდის თარიღი 16.04.2025წ), 70% - 1827 ლარი.
3. შპს „რ.ჰ–სს“ (ს/ნ .........) ბ.ნ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 2610 ლარის (საგადასახადო დავალება #2857, გადახდის თარიღი 16.05.2025წ), 70% - 1827 ლარი.
შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
გიზო უბილავა