Facebook Twitter

15 ოქტომბერი, 2025 წელი,

საქმე №ას-574 -2025 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სს „ს.რ–ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - პ.შ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა

დავის საგანი - სარჩოს გადაანგარიშება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სს „ს.რ–ა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 თებერვლის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, რომლითაც პ.შ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან დასაქმებული) მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მოსარჩელისთვის ყოველთვიურად დაკისრებული სარჩო - 704 ლარი, 426 ლარით გაზარდა; მოპასუხეს 2024 წლის 1 მარტიდან ყოველთვიურად - 1130 ლარის (საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით) და 2023 წლის იანვრიდან 2024 წლის მარტის ჩათვლით მიუღებელი სარჩოს სხვაობის - 5964 ლარის (საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით), გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ. კასატორის აზრით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, განჩინება არ არის დასაბუთებული, სახელდობრ:

კასატორის მტკიცებით, მოქმედი კანონმდებლობა დანიშნული სარჩოს გადაანგარიშების წესს არ აწესრიგებს, შესაბამისად, შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ ხელფასის მატების შესაბამისად აუცილებელია სარჩოს გადაანგარიშებაც. აღსანიშნავია ისიც, რომ მოსარჩელეს შრომის უნარი დაკარგული აქვს 80% რაც ასევე უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

4.3. მოსარჩელე დაიბადა 1965 წლის 10 დეკემბერს, ის მე-5 თანრიგის მთავარი კონდუქტორად მუშაობდა მოპასუხე კომპანიაში.

4.4. 1996 წლის 9 იანვარს, მოსარჩელემ საწარმოო ტრავმა მიიღო, რის შედეგადაც დაკარგა პროფესიული შრომისუნარიანობა 80%-ით.

4.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 დეკემბრის N2/19771-22 გადაწყვეტილებით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება), მოპასუხეს 2022 წლის 1 ივლისიდან ყოველთვიური სარჩოს - 704 ლარის (საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით) გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ.

4.6. 2023 წლის 1 იანვრიდან სატვირთო მატარებლის მთავარი კონდუქტორის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო - 1130 ლარია.

4.7. მოპასუხე 2013 წლის 1 ივნისისდან სარჩელის აღძვრამდე მოპასუხეს ყოველთვიურ სარჩოს - 704 ლარს უხდიდა.

4.8. 2023 წლის იანვრიდან 2024 წლის მარტის ჩათვლით (14 თვე) მოსარჩელის მიერ მიღებულ თანხასა და ხელფასის სრულ ოდენობას შორის სხვაობა ჯამურად - 5964 (1130-704=426*14) ლარია.

4.8.1. აღნიშნული სხვაობა მოპასუხეს მოსარჩელისათვის არ აუნაზღაურებია.

5. უკვე დანიშნული სარჩოს გადაანგარიშების მოთხოვნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408.2 (თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით) და 411-ე (ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო) მუხლებიდან გამომდინარეობს.

6. შრომითი ურთიერთობისას წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების საკითხს აწესრიგებს ორგანული კანონი - საქართველოს შრომის კოდექსი, რომლის 58-ე მუხლის თანახმად, მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შრომითი ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით. ზიანის ანაზღაურების საკითხს განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, ერთის მხრივ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევიდან გამომდინარე, ხოლო მეორეს მხრივ, დელიქტური ვალდებულების, შესაბამისად, მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მომწესრიგებელ ნორმებში უნდა იქნას მოძიებული.

7. საგულისხმოა, რომ სამოქალაქო კოდექსი ზიანის ანაზღაურების ორ წესს ადგენს: ა) სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევიდან ნაწარმოები მეორადი მოთხოვნები და ბ) დელიქტური ვალდებულებები, თუმცა, დაზარალებული პირის უფლებრივი რესტიტუციის განსაკუთრებული თვისებიდან გამომდინარე, კანონი მათ თანაარსებობას დასაშვებად მიიჩნევს, რამდენადაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 326-ე მუხლის თანახმად, წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ გამოიყენება, ასევე, სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს (შდრ სუსგ საქმე №ას-1180-1141-2016, 31 მარტი, 2017 წელი).

8. სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება, ხოლო, მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით.

სსკ-ის 408.1 მუხლის ამგვარი ფორმულირების მიზანია დაზარალებულის მდგომარეობის აღდგენა იმგვარად, რომ მივიღოთ ზიანის მიყენებამდე არსებული მდგომარეობა. თეორიულად, განხორციელდეს ე.წ რესტიტუცია, რაც პრაქტიკულად დაზარალებულის იმ პირობებში ჩაყენებას გულისხმობს, რომელიც ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობისას იქნებოდა სახეზე. სადავო შემთხვევაშიც, სარჩოს გადაანგარიშების მიზანს დაზარალებულისათვის იმ მატერიალური დანაკლისის შევსება წარმოადგენს, რაც დაზარალებულმა მიიღო დაზიანების (უბედური შემთხვევის) გამო, რაც იმას ნიშნავს, რომ მხედველობაშია მისაღები ზოგადი კრიტერიუმი დაზარალებულის მხრიდან (დელიქტის არარსებობის პირობებში) აქტიური შრომისუნარიანობის შესახებ. რაც შეეხება იმავე მუხლის მე-2 ნაწილს, იგი მიუთითებს, რომ ზიანის ანაზღაურების ოდენობის დასადგენად მნიშვნელოვანია შეფასდეს, რა დრომდეა ვალდებული საწარმო გადაუხადოს დაზარალებულს კომპენსაცია. ამდენად, შეფასებას საჭიროებს გარემოება, რომელიც პირის დასაქმების პერიოდს უკავშირდება (შდრ. სუსგ საქმე №ას-52-48-2017, 26 ოქტომბერი, 2018 წელი).

9. კასატორის პრეტენზიას, რომ უკვე დანიშნული სარჩოს გადაანგარიშების მოთხოვნას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია, საკასაციო სასამართლო უარყოფს, ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას და კასატორის ყურადღებას მიაქცევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

9.1. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე დაიბადა 1965 წლის 10 დეკემბერს, ის მე-5 თანრიგის მთავარი კონდუქტორად მუშაობდა მოპასუხე კომპანიაში. ასევე დადგენილია, რომ 1996 წლის 9 იანვარს, მოსარჩელემ საწარმოო ტრავმა მიიღო, რის შედეგადაც დაკარგა პროფესიული შრომისუნარიანობა 80%-ით.

9.2. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, მოპასუხეს 2022 წლის 1 ივლისიდან ყოველთვიური სარჩოს - 704 ლარის (საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით) გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ.

9.3. დადგენილია ისიც, რომ 2023 წლის 1 იანვრიდან სატვირთო მატარებლის მთავარი კონდუქტორის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო - 1130 ლარია.

9.4. დადგენილია, რომ მოპასუხე 2013 წლის 1 ივნისისდან სარჩელის აღძვრამდე მოპასუხეს ყოველთვიურ სარჩოს - 704 ლარს უხდიდა.

9.5. ასევე დადგენილია, რომ 2023 წლის იანვრიდან 2024 წლის მარტის ჩათვლით (14 თვე) მოსარჩელის მიერ მიღებულ თანხასა და ხელფასის სრულ ოდენობას შორის სხვაობა ჯამურად - 5964 (1130-704=426*14) ლარია, რაც მოპასუხეს მოსარჩელისათვის არ აუნაზღაურებია.

10. საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას ასევე ამახვილებს შემდეგზე: სარჩოს მიღების უფლების ხანგრძლივობა პირდაპირ, პროპორციულად დაკავშირებულია დაზარალებულის მხრიდან ხელფასის მიღების შესაძლებლობასთან. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სარჩოს ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება, პირს ართმევს შესაძლებლობას, ჰქონდეს სამუშაო და იღებდეს შესაბამის შრომით ანაზღაურებას. სარჩოს მიღებით პირი შემოსავლით უზრუნველყოფილია ზიანის არარსებობის პირობებში შესაძლო შრომის ანაზღაურების შესაბამისად. ჯანმრთელობის დაზიანების გამო მოსარჩელის მიერ სამუშაოსა და შესაბამისი ანაზღაურების მიღების შესაძლებლობის დაკარგვა, თავის მხრივ, წარმოშობს საფუძვლიან და კანონიერ ვარაუდს იმასთან დაკავშირებით, რომ ზიანის არარსებობის პირობებში, მუშაკი განაგრძობდა მუშაობას და მიიღებდა ხელფასს.

11. ამასთან, საკასაციო სასამართლოს არაერთი განმარტების მიხედვით, მართალია, ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის პირობებში, დაზარალებული საპენსიო ასაკამდე იმუშავებდა, თუმცა დაზარალებულისათვის ყოველთვიური სარჩოს გადახდის ვალდებულება მისი სიცოცხლის განმავლობაში კვლავაც ეკისრება საწარმოს.

12. შესაბამისად, დასაქმებულის სასარგებლოდ სარჩოს გადახდის ვალდებულება საწარმოს ეკისრება დაზარალებულის სიცოცხლის ბოლომდე, ხოლო, დაკისრებული სარჩო ხელფასის ზრდის შესაბამისად გადაანგარიშებას აღარ ექვემდებარება მას შემდეგ, რაც დაზარალებული საპენსიო ასაკს მიაღწევს (შდრ. სუსგ. №ას-349-349-2018, 2018 ივნისი, 2020; №ას-1216-1141-2015, 03 ივნისი, 2016 წელი, №ას-1220-1145-2015, 03 ივნისი, 2016 წელი; №ას-799-766-2016, 08 მაისი, 2017 წელი; №ას-1180-1141-2016, 07 აპრილი, 2017 წელი).

13. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებებიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სარჩოს გადაანგარიშების (გაზრდის), ასევე მიუღებელი სარჩოს ანაზღაურების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები, შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გასაზიარებელია და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

14. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავდება.

15. არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

17. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს ,,ს.რ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. სს ,,ს.რ–ას“ (ს/ნ ..........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 976.20 ლარის (საგადახდო დავალება №527, გადახდის თარიღი - 09.07.2025) 70% - 683.34 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

გიზო უბილავა