Facebook Twitter

2 ოქტომბერი, 2025 წელი,

საქმე №ას-1069-2025 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,ნ.ვ.დ–ვა’’ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2020 წლის 29 დეკემბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა (შემდეგში: მოსარჩელე, კასატორი, მზღვეველი, სამინისტრო) და სს ,,ნ.ვ.დ–ვას’’ (შემდეგში: მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, მზღვეველი, სადაზღვევო კომპანია) შორის დაზღვევის ხელშეკრულება (შემდეგში - დაზღვევის ხელშეკრულება, სადავო ხელშეკრულება ან ხელშეკრულება) დაიდო, რომლითაც მოპასუხე სადაზღვევო კომპანიას მოსარჩელის ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურება უნდა განეხორციელებინა.

2. სადაზღვევო მომსახურების გაწევის ვადა და დაზღვევის პერიოდი 2020 წლის 29 დეკემბრის 24:00 საათიდან (მაგრამ არაუადრეს 2021 წლის 1 იანვრის 00:00 საათისა) არაუგვიანეს 2021 წლის 31 დეკემბრის 24:00 საათამდე განისაზღვრა, ხოლო, ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა - 174 848.73 ლარს.

3. დაზღვევის ხელშეკრულების №1 დანართის, ,,დაზღვევის პირობების’’ II ნაწილის მე-2 პუნქტის №10 ქვეპუნქტის თანახმად, ავტომობილის ან მისი ნაწილების შეკეთება/აღდგენის ვადად განისაზღვრა, ზარალის რეგულირების აქტის ხელმოწერიდან არაუგვიანეს 20 კალენდარულ დღემდე პერიოდი, დეფიციტური ნაწილების შემთხვევაში კი - არაუგვიანეს 45 კალენდარული დღე.

4. სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების აქტს ხელი მოეწერა 2020 წლის 10 აგვისტოს. ხელშეკრულების მე-11 პუნქტის 11.4 ქვეპუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების (მათ შორის წუნის გამოსწორების) ვადის გადაცილებისთვის მზღვეველს ეკისრება პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 100 ლარის ოდენობით.

5. 2021 წლის 28 ივლისს მომხდარი სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დაზღვევის ობიექტის შეკეთება/აღდგენა მოპასუხემ (მზღვეველი) 125 დღის დაგვიანებით დაასრულა.

6. 12 500 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნით მოპასუხის წინააღმდეგ მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს 1 250 ლარის გადახდა დაეკისრა.

8. სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 10 აპრილის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

- სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა საქმის კონკრეტული გარემოებები, შესრულების ღირებულება, პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა, დარღვევის გათვალისწინებით ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო მოსარჩელისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 100 ლარის ოდენობით, მხარეთა სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 319-ე მუხლი) დათქმული პირობის მიუხედავად, არაგონივრულად მაღალი იყო და სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების სტანდარტს ეწინააღმდეგებოდა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ვალდებულების დარღვევის შედეგად მოსალოდნელ სავარაუდო ზიანთან მიმართებით და დამრღვევის მხრიდან ბრალის ხარისხის, დარღვევის სიმძიმისა და დარღვევის შედეგებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლომ 10-ჯერ მართებულად შეამცირა, რაც ჯამურად 1 250 ლარს შეადგენდა.

- საქმის განხილვისას სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები გამოიყენა.

10. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი მოპასუხემ შემდეგი დასაბუთებით შემოიტანა:

10.1. სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ მოპასუხემ ვალდებულება დაგვიანებით შეასრულა, თუმცა დარიცხული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად არასწორად მიიჩნია. ხელშეკრულების მიხედვით, ვადის გადაცილებისთვის მოპასუხეს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 100 ლარის ოდენობით ეკისრება.

10.2. მზღვეველის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობამ/შეუკეთებლობამ კასატორს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. შესაბამისად ცალსახაა, რომ მოწინააღმდეგე მხარისთვის დარიცხული პირგასამტეხლო, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერია. პირგასამტეხლო, ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებაა, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა ვალდებულების დარღვევასთან არის დაკავშირებული. პირგასამტეხლო მხარეს იმ დროიდან ეკისრება, როდესაც დარღვეული ვალდებულება უნდა ყოფილიყო შესრულებული - ამ ვალდებულების სრულად შესრულებამდე. ვინაიდან სასამართლომ დაადგინა, რომ ხელშეკრულებით განსაზღრული სამუშაოს შესრულების ვადები მოპასუხემ დაარღვია, ხელშეკრულების საფუძველზე დარიცხული პირგასამტეხლო მოპასუხისთვის სრულად უნდა დაეკისრებინა.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 23 ივლისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ამავე სასამართლოს 2025 წლის 25 სექტემბრის განჩინებით, სსსკ-ის 391.5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე საკასაციო პალატამ მითითებული საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნო და საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა დაადგინა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

12. განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებული დასკვნა, რომლითაც დადგინდა მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევა, კერძოდ, სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დაზიანებული დაზღვევის ობიექტის შეკეთება/აღდგენის 125 დღის დაგვიანებით დასრულება, არაა შედავებული.

კასატორის პრეტენზია იმაში გამოიხატება, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლო - 1 250 ლარის ნიშნულამდე დაუსაბუთებლად შეამცირეს და შესაბამისად, სადავოა პირგასამტეხლოს შემცირების კანონიერების საკითხი.

13. კასატორის განსახილველი მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი სსკ-ის 799.1 (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად), 316.1 (ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება), 317.1 (ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან) და 417-418-ე (პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებშია წარმოდგენილი.

14. პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. "ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...", “პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე.

პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის:

ა). პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები;

ბ). დარღვევის სიმძიმეს, მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს;

გ). ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს;

დ). პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. სუსგ-ები # ას 848-814-2016, 28.12.2016; #ას-816-767-2015, 19.11.2015; #ას-953-918-2016, 22.11.2016).

15. სასამართლოს სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება.

განსახილველ შემთხვევაში პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, მოიხმოს პირგასამტეხლოს შემცირების საფუძვლიანობის თაობაზე დამკვიდრებული სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა. საკასაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს თაობაზე არაერთ საქმეზე განმარტა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, თუმცა იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით.

სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება (შდრ. სუსგ.-ებები. №ას-1292-2019, 24.12.2020წ.; Nას-386-2019, 02.04.2021წ. №ას-1199-1127-2015, 13.04.2016წ.).

პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (სუსგ Nას-1511-2018, 26.03.2019წ.).

პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული, რაც გულისხმობს სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირებას (სუსგ. №ას-186-2021, 25.03.2021წ.).

16. მართალია, ნორმის დასახელებული დანაწესი სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის ლეგიტიმური საფუძველია, თუმცა ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და სხვა.

17. განსახილველ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი გარემოებების ერთობლივად შეფასების შედეგად საკასაციო პალატა მიიჩნევს რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლო, ვერ იქნება ვალდებულების დარღვევის გონივრული საპირწონე, ვერ შეასრულებს არსებითი სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას და ვერც იმ მიზანს მოემსახურება, რომ თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები.

საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქმის კონკრეტულ გარემოებებს, გარიგების მთლიან ღირებულებას, მის შეუსრულებელ ნაწილს, ვადაგადაცილების პეიოდს, არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობას სარჩელით მოთხოვნილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ასევე მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, რომელიც გამოიხატა ვადის გადაცილებაში და არა, საერთოდ, ვალდებულების შეუსრულებლობაში და აღნიშნავს, რომ საქმის გარემოებების გათვალისწინებით პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობა - 6 250 ლარით უნდა განისაზღვროს.

18. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე.

19. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, შესაბამისად, სსსკ-ის 55.1 მუხლის (სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია) თანახმად მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 312.5 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, მე-8, 55-ე, 264.3, 257.1, 253-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 აპრილის განჩინება გაუქმდეს და საქმეზე ახალი გადაწყვეტილება იქნეს მიღებული;

3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ სს ,,ნ.ვ.დ–ვას’’ 6 250 ლარის გადახდა დაეკისროს;

4. სს ,,ნ.ვ.დ–ვას’’ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 312.5 ლარის გადახდა. სახელმწიფო ბაჟი განთავსებულ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

5. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

გიზო უბილავა