№ას-1279-2025 23 ოქტომბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თეა ძიმისტარაშვილი, მირანდა ერემაძე
კერძო საჩივრის ავტორი – ლ.ჯ–ნი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ჩ–ნი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 15 აგვისტოს განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი –ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა,მესაკუთრედ ცნობა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2024 წლის 5 დეკემბრის განჩინებით ზ.ჩ–ი ცნობილ იქნა დ.ჩ–ის უფლებამონაცვლედ სამოქალაქო საქმეზე - ნ.ჩ–ნის სარჩელის გამო, დ.ჩ–ის, რ.ჩ–ისა და ლ.ჯ–ნის მიმართ ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე.
2. ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ლ.ჯ–მა და რ.ჩ–მა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 4 აპრილის განჩინებით კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. ხოლო, ამავე პალატის 2025 წლის 15 აგვისტოს განჩინებით ლ.ჯ–ნისა და რ.ჩ–ის განცხადებები კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 4 აპრილის განჩინების, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2024 წლის 5 დეკემბრის განჩნების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
4. ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ლ.ჯ–ნმა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულია განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
6. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელი.
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
8. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებზე:
8.1. 2024 წლის 6 აგვისტოს თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა მოსარჩელემ და მოითხოვა საქმის განხილვის შეჩერება, მოპასუხე დ.ჩ–ის უფლებამონაცვლის დადგენამდე, რომელიც გარდაიცვალა 2023 წლის 30 მაისს.
8.2. თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ 2024 წლის 5 დეკემბერს განიხილა ნ.ჩ–ნის განცხადება გარდაცვლილი მოპასუხე დ.ჩ–ის უფლებამონაცვლედ ზ.ჩ–ის ცნობის თაობაზე და მოთხოვნა დააკმაყოფილა - #2/291-23 სამოქალაქო საქმეზე ნ.ჩ–ნის სარჩელის გამო მოპასუხეების - დ. და რ.ჩ–ებისა და ლ.ჯ–ნის მიმართ ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე ზ.ჩ–ი (პ/ნ .........) ცნობილ იქნა დ.ჩ–ის უფლებამონაცვლედ.
8.3. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2024 წლის 5 დეკემბრის განჩინებაზე, მოპასუხეებმა - ლ.ჯ–ნმა და რ.ჩ–მა შეიტანეს კერძო საჩივარი და მოითხოვეს მისი გაუქმება.
8.4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 4 აპრილის განჩინებით, კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
8.5. 2025 წლის 25 აპრილს ლ.ჯ–ნმა და რ.ჩ–მა განცხადებებით მიმართეს სააპელაციო სასამართლოს და სსსკ-ის 422-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 4 აპრილის განჩინების ბათილად ცნობა.
8.6. სამოქალაქო საქმე N2ბ/553-25 მოპასუხის უფლებამონაცვლედ ცნობის თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 4 აპრილის განჩინების ბათილად ცნობის შესახებ ლ.ჯ–ნის და რ.ჩ–ის განცხადებები, მოსამართლე - ზურაბ ძლიერიშვილის თვითაცილების გამო, საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის მეშვეობით გაუნაწილდა მოსამართლე - თამარ ალანიას (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 აპრილის განჩინება, საქმის განაწილების დამადასტურებელი დოკუმენტი ტ. 5, ს.ფ. 25-33 ).
8.7. აღნიშნულ განცხადებებთან დაკავშირებით ნ.ჩ–ნმა 2025 წლის 20 მაისს მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით და წარადგინა მოსაზრება (იხ. განცხადება ტ. 5, ს.ფ. 37-47).
8.8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 მაისის განჩინებით განცხადებებზე დაუდგინდათ ხარვეზი, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 ივნისის განჩინებით, დადგენილი ხარვეზის შევსების შედეგად, ლ.ჯ–ნისა და რ.ჩ–ის განცხადებები მიღებულია წარმოებაში.
9. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 15 აგვისტოს განჩინება დაუსაბუთებელია და არასწორ შეფასებებს შეიცავს.
10. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით 2023 წლის 26 ივლისის განჩინების აბსოლუტურ უკანონობაზე მეტყველებს ის გარემოებაც, რომ არც თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ და არც თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ აცნობა მოპასუხე მხარეებს მოსარჩელის მიერ 2023 წლის 6 აპრილის განჩინების გასაჩივრების ფაქტის შესახებ: 2023 წლის 8 მაისის კერძო სააპელაციო საჩივარი პირველმა ინსტანციამ არ ატვირთა საქმისწარმოების ელექტრონულ პროგრამაში, ხოლო თბილისი სააპელაციო სასამართლომ მოპასუხეებს არ გაუგზავნა საჩივრის ასლი. განმცხადებლების განმარტებით სასამართლოებმა ასეთი მიზანმიმართული ქმედებით მოპასუხე მხარეს წაართვა დაცვის უფლება და კერძო სააპელაციო საჩივარი განხილულ იქნა მათი პოზიციის გარეშე.
11. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმეზე დადგენილ გარემოებებსა და კერძო საჩივრის ავტორის მიერ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ პრეტენზიებზე. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის საამართლოში წარდგენილი პრეტენზიით მხარე ითხოვდა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2024 წლის 5 დეკემბრის განჩინების (უფლებამონაცვლის დადგენის შესახებ) ბათილად ცნობას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 5 აპრილის განჩინების ბათილად ცნობას.
12. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებასა და დასკვნას, რომ კერძო საჩივრის ავტორისა და მეორე მოპასუხის მიერ წარდგენილი განცხადების ფარგლებში, სააპელაციო სასამართლოს შეფასების საგანი ვერ გახდებოდა ქვემდგომი სასამართლოს იმ განჩინების კანონიერება, რომლითაც დადგინდა მოპასუხის უფლებამონაცვლეობის საკითხი (იხ. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2024 წლის 5 დეკემბრის განჩინება), რადგანაც აღნიშნული მოთხოვნა არსებითად განხილულ იქნა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მიერ, რომელმაც დააკმაყოფილა მოსარჩელის შუამდგომლობა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნა არსებითად განიხილა კერძო საჩივრის ფარგლებში.
13. ამდენად, საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების კანონიერებასა და სამართლებრივ გამართულობაზე იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ პრეტენზიების ფარგლებში, რომელიც სააპელაციო სასამართლოს მიერ 2025 წლის 4 აპრილის განჩინების მიღებას ეხება.
14. უდავოა, რომ მოპასუხეები (მათ შორის კერძო საჩივრის ავტორი) თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 4 აპრილის კანონიერ ძალაში შესული განჩინების ბათილად ცნობასა და საქმისწარმოების განახლებას ძირითადად იმ გარემოებაზე დაყრდნობით ითხოვდნენ, რომ აღნიშნული განჩინება მიღებულია სასამართლოს არაკანონიერი შემადგენლობის მიერ, კერძოდ, განმცხადებლებს მიაჩნიათ, რომ მოცემული განჩინების მიმღებისას სამოქალაქო საქმეთა პალატის შემადგენლობის წევრი არ უნდა ყოფილიყო მოსამართლე ეკატერინე ყანჩელი, ვინაიდან, მისი მონაწილეობით იქნა მიღებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივლისის (თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე ნ.მამულაშვილი; მოსამართლეები: ე.ყანჩელი და გ.თოთოსაშვილი) განჩინება, რომელის მიღებისას მოსამართლე ეკატერინე ყანჩელი მიზანმიმართულად, ნ. ჩხვიმიანის უკანონო ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით, უკანონოდ მოქმედებდა. განმცხადებლების განმარტებით აღნიშნული გამოიხატა იმ გარემოებაში, რომ მოსამართლე ეკატერინე ყანჩელმა სხვა მოსამართლეებთან ერთად, არ შეატყობინა მოპასუხე მხარეს მოსარჩელის მიერ კერძო საჩივრის წარდგენის ფაქტი, ასევე, არ აცნობა კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ, კერძო საჩივარი განიხილა მოპასუხე მხარის პოზიციის გარეშე და მხარის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ მიიღო 2023 წლის 26 ივლისის უკანონო განჩინება (განჩინება ეხება თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ 2023 წლის 6 აპრილის განჩინებაზე ნ.ჩ–ნის მიერ წარდგენილ კერძო საჩივარს, რომელიც დაკმაყოფილდა).
15. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესის“ გათვალისწინებით, საქმის განაწილება უნდა მომხდარიყო 2024 წლის 31 ოქტომბრის განჩინების მიმღებ მოსამართლეზე/მოსამართლეებზე, რაც არ მოხდა. კოლეგიური შემადგენლობის განსაზღვრისას არ იქნა გათვალისწინებული ის ფაქტებიც, რომ: ა) ე.ყანჩელი მონაწილეობდა 2023 წლის 26 ივლისის განჩინების მიღებაში ნ.მამულაშვილთან და გ.თოთოსაშვილთან ერთად; ბ) გ.თოთოსაშვილმა აიცილა საქმე 2024 წლის 23 სექტემბრის განჩინებით. შესაბამისად, სსსკ–ის 31–ე მუხლის 1–ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ე.ყანჩელიც არ იყო უფლებამოსილი მიეღო მონაწილეობა 2025 წლის 4 აპრილის განჩინების მიღებაში და ვალდებული იყო გაეკეთებინა თვითაცილება. როგორც მინიმუმ, საქმის აცილების მოტივად მასაც უნდა განეცხადებინა: „ობიექტური და სუბიექტური შეფასების კრიტერიუმებით, მხარეს უნდა შეექმნას წარმოდგენა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ საქმის განხილვის შესახებ“.
16. საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიის საპირისპიროდ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებასა და დასკვნას, რომ საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილებასთან დაკავშირებულ საკითხებს აწესრიგებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს №1/56 გადაწყვეტილებით დამტკიცებული საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესი, რომლის მე-2 მუხლის მიხედვით დადგენილია საქმეთა განაწილების პრინციპი, რომლის თანახმად - 1. საერთო სასამართლოებში მოსამართლეთა შორის საქმეთა განაწილება, გარდა ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხორციელდება შემთხვევითი განაწილების პრინციპის დაცვით, რიცხვების გენერირების ალგორითმის საფუძველზე. 2. შემთხვევითი განაწილების პრინციპი გულისხმობს ელექტრონული სისტემის მეშვეობით საქმის განაწილებას ამ წესით დადგენილი პროცედურის დაცვით ავტომატურად შერჩეულ შესაბამისი კოლეგიის/პალატის/ვიწრო სპეციალიზაციის მოსამართლეზე.
17. ამავე წესის მე-3 მუხლი განსაზღვრავს იმ შემთხვევებს, რომლებზეც არ ვრცელდება შემთხვევითი განაწილების პრინციპი: შემთხვევითი განაწილების პრინციპი არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როცა: ა) შესაბამის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი მოსამართლის უფლებამოსილებას მხოლოდ ერთი მოსამართლე ახორციელებს; ბ) რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში შესაბამისი სპეციალიზაციის მხოლოდ ერთი მოსამართლეა; გ) რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში შესაბამისი სპეციალიზაციის მხოლოდ ერთი მოსამართლე მორიგეობს. 2. ამ პუნქტით გათვალისწინებული სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეები ნაწილდება განჩინების/გადაწყვეტილების გამომტან მოსამართლეზე შემდეგ შემთხვევებში: ა) სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სარჩელის განმეორებით წარდგენისას; ა1 ) სარჩელის მიღების შემდეგ იმავე მხარეების მიერ იმავე საგანზე იმავე საფუძვლით სარჩელის განმეორებით წარდგენისას; ბ) სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებაზე საჩივრის წარდგენისას; გ) სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების განმეორებით წარდგენისას; დ) სარჩელის აღძვრამდე სარჩელის ან მტკიცებულების უზრუნველყოფის შესახებ განჩინების მიღების შემდეგ სარჩელის წარდგენისას; ე) სარჩელის აღძვრამდე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ქმედების განხორციელების შესახებ დროებითი განჩინების მიღების შემდეგ სარჩელის წარდგენისას; ე1 ) პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მხარდაჭერის ფარგლების შეცვლის შესახებ განცხადების წარდგენისას; ე2 ) გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შემდეგ მოვალის ქონებასთან დაკავშირებით სარჩელის წარდგენისას; ვ) გადაწყვეტილებაში უსწორობათა ან აშკარა არითმეტიკული შეცდომების გასწორების შესახებ განცხადების წარდგენისას; ზ) დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ განცხადების წარდგენისას; თ) სასამართლოს გადაწყვეტილების განმარტების შესახებ განცხადების წარდგენისას; ი) სააღსრულებო ფურცლის ან მისი დუბლიკატის გაცემის, სააღსრულებო ფურცელში უზუსტობის აღმოფხვრის, გადაწყვეტილების აღსრულების გადადების ან განაწილვადების, გადაწყვეტილების აღსრულების საშუალების ან წესის შეცვლის, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის, აგრეთვე აღსრულების პროცესში უფლებამონაცვლის დადგენის შესახებ განცხადების წარდგენისას; კ) ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებისას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ლ) ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების წარდგენისას.
18. ამდენად, არ დგინდება, რომ ციტირებული ნორმა მოიცავს განსახილველ შემთხვევას, შესაბამისად, სამოქალაქო საქმეებზე კერძო საჩივრების წარდგენის შემთხვევისას საქმე ყოველ ცალკეულ შემთხვევაში უნდა განაწილდეს სწორედ შემთხვევითი განაწილების პრინციპის დაცვით. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია იმის თაობაზე, რომ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2024 წლის 5 დეკემბრის განჩინებაზე მოპასუხეთა მიერ წარდგენილი კერძო საჩივრები უნდა განაწილებულიყო მათი წინა კერძო საჩივრების ფარგლებში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ოქტომბრის განჩინების გამომტან მოსამართლეზე/მოსამართლეებზე უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
19. საკასაციო სასამართლო მხარის მიერ წარდგენილი განცხადების საფუძვლებსა და არგუმენტებს მიაქცევს ყურადღებას და განმარტავს, რომ სსკ-ის 422-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში. დასახელებული ნორმა შინაარსობრივად გულისხმობს იმ მოსამართლის მონაწილეობით, საქმის განხილვას, რომელსაც გააჩნდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 29-ე-31-ე მუხლებით გათვალისწინებული საქმის განხილვისაგან აცილების/თვითაცილების საფუძველი. ამგვარად კი, ვერ ჩაითვლება მხარის მიერ განჩინების ბათილად ცნობის წინაპირობად მითითებული გარემოებები.
20. სსკ-ის 29-ე მუხლი განსაზღვრავს საქმის განხილვაში მოსამართლის განმეორებითი მონაწილეობის დაუშვებლობის წინაპირობებს, კერძოდ: 1. მოსამართლე, რომელიც მონაწილეობდა საქმის პირველი ინსტანციით განხილვაში, ვერ მიიღებს მონაწილეობას ამ საქმის განხილვაში სააპელაციო ინსტანციის ან/და საკასაციო ინსტანციის სასამართლოში. 2. მოსამართლე, რომელიც მონაწილეობდა საქმის განხილვაში სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში, ვერ მიიღებს მონაწილეობას ამ საქმის განხილვაში პირველი ინსტანციის ან/და საკასაციო ინსტანციის სასამართლოში. 3. მოსამართლე, რომელიც მონაწილეობდა საქმის განხილვაში საკასაციო ინსტანციის სასამართლოში, ვერ მიიღებს მონაწილეობას ამ საქმის განხილვაში სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ან/და პირველი ინსტანციის სასამართლოში.
21. სსკ-ის 31-ე მუხლი განსაზღვრავს მოსამართლის აცილების სხვა საფუძვლებს, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს საქმე ან მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, თუ ის: ა) ამ საქმეში თვითონ წარმოადგენს მხარეს, ან მას ამა თუ იმ მხარესთან საერთო უფლებები ან ვალდებულებები აკავშირებს; ბ) ამ საქმის ადრინდელ განხილვაში მონაწილეობდა მოწმედ, ექსპერტად, სპეციალისტად, თარჯიმნად, წარმომადგენლად ან სასამართლო სხდომის მდივნად; გ) მხარის ან მისი წარმომადგენლის ნათესავია; დ) პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში; ე) იყო მედიატორი იმავე საქმეზე ან ამ საქმესთან არსებითად დაკავშირებულ სხვა საქმეზე.
22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური დამოკიდებულების შეფასების საფუძველზე მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა მოსამართლის (მოსამართლეების) აცილების საფუძველი, რადგან კერძო საჩივრის ავტორმა, თანამოპასუხესთან ერთად ვერ წარადგინა საკმარისად დასაბუთებული განცხადება, რაც გაამართლებდა მათ მოთხოვნას. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, საქმის შედეგით მოსამართლის პირდაპირი ან არაპირდაპირი დაინტერესება და მისი სუბიექტური მიკერძოება რომელიმე მხარის მიმართ არ იკვეთება, ხოლო კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ მოსამართლე ეკატერინე ყანჩელი მიზანმიმართულად, ნ. ჩ–ის უკანონო ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით, უკანონოდ მოქმედებდა, ყოველგვარი მტკიცებულბის გარეშე, ვერ ჩაითვლება მხარის მიერ კანონიერ ძალაში შესული განჩინების ბათილად ცნობის წინაპირობად.
23. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია, რომ კოლეგიური შემადგენლობის განსაზღვრისას არ გათვალისწინებულა შემდეგი ფაქტები: ა) ე. ყანჩელი მონაწილეობდა 2023 წლის 26 ივლისის განჩინების მიღებაში ნ.მამულაშვილთან და გ.თოთოსაშვილთან ერთად; ბ) გ. თოთოსაშვილმა აიცილა საქმე 2024 წლის 23 სექტემბრის განჩინებით და სსსკ–ის 31–ე მუხლის 1–ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ე.ყანჩელიც არ იყო უფლებამოსილი მიეღო მონაწილეობა 2025 წლის 4 აპრილის განჩინების მიღებაში და ვალდებული იყო გაეკეთებინა თვითაცილება, დაუსაბუთებელია.
24. საკასაციო სასამართლო მხარის მიერ მითითებული სამართლებრივი საფუძვლის (სსკ-ის 31.1 „დ“ - მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს საქმე ან მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, თუ ის: პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში) პასუხად განმარტავს: მოსამართლის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა სამართლიანი სასამართლოს უფლების ქვაკუთხედი და მართლმსაჯულების ფუნქციონირების უმთავრესი პრინციპია, ხოლო მოსამართლის წარმოებაში არსებულ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა, მოსამართლის უმთავრეს ფუნქციას წარმოადგენს. ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის 63-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მოსამართლის დამოუკიდებლობა ნიშნავს, რომ იგი ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციას და კანონს და რაიმე ზემოქმედება მოსამართლეზე ან ჩარევა მის საქმიანობაში გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით აკრძალულია. იმავე პრინციპს განამტკიცებს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, რომლის მე-7 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია. მოსამართლე ფაქტობრივ გარემოებებს აფასებს და გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლის საყოვლთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების, სხვა კანონების შესაბამისად და თავისი შინაგანი რწმენის საფუძველზე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „მოსამართლეს, კონსტიტუციის შესაბამისად, ევალება იყოს მის საქმიანობაში დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, მოქმედებდეს მხოლოდ კონსტიტუციის შესაბამისად. ამგვარად, მაღალი პასუხისმგებლობის განმახორციელებელი პირების მიმართ მოქმედებს ვარაუდი, მოლოდინი, რომ ისინი საქმიანობას განახორციელებენ მაღალი პროფესიონალიზმით, რაც, პირველ რიგში, სწორედ სუბიექტური განცდებისა თუ დამოკიდებულებებისგან გათავისუფლებას და საქმის შეფასებასა თუ გადაწყვეტას გულისხმობს კონსტიტუციის საფუძველზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 დეკემბრის №3/7/679 განჩინება საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს მიუკერძოებლობა მოიცავს წინასწარგანწყობის ან ტენდენციურობის არარსებობას და მისი არსებობა მოწმდება სუბიექტური და ობიექტური ტესტის გამოყენებით, რომელთა შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთ პრეცედენტულ გადაწყვეტილებაშია განმარტებული (იხ. ვეტსტაინი შვეიცარიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2000 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება; მიქალეფი მალტის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება; პადოვანი იტალიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1993 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება; პესკადორ ვალერო ესპანეთის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2003 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება). სუბიექტური ტესტით მოსამართლის აცილების შემოწმებისას, სახეზე არ არის ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც მოსამართლის მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველია, არამედ ეს არის დაუდასტურებელი გარემოება, ემოცია, განწყობა, რომლის არსებობა დააბრკოლებდა სასამართლოს მიუკერძოებლობის მიღწევადობას. ობიექტურობის ტესტი კი, უმეტესწილად ეხება იერარქიულ ან სხვა კავშირებს მოსამართლესა და სამართალწარმოების სხვა მონაწილეებს შორის.
25. ზემოაღნიშნული ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთებით საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განჩინების დასაბუთებას და კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიების საპირისპიროდ, კანონიერ ძალაში შესული განჩინების ბათილად ცნობის საფუძველთან მიმართებით განმარტავს, რომ საქმის წარმოების განახლების ინსტიტუტი (სსსკ-ის LII თავი) არ წარმოადგენს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გასაჩივრების კიდევ ერთ შესაძლებლობას, არამედ, იგი საგამონაკლისო წარმოების სახეა, როდესაც მართლმსაჯულების განხორციელებისას შესაძლო დაშვებული ხარვეზი უნდა აღმოიფხვრას. თავის მხრივ, რამდენადაც საქმისწარმოების განახლება ევროკონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს პრინციპის რეალიზაციისთვისაა დადგენილი, იმდენადვე ამავე ნორმიდან გამომდინარეობს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს და საქმისწარმოება განახლდეს მხოლოდ ისეთ საგამონაკლისო შემთხვევებში, როდესაც მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები იძლევა მაღალი ალბათობით იმისი დაშვების შესაძლებლობას, რომ არსებობს გადაწყვეტილების შეცვლის საფუძვლები. პრეცედენტული სამართლის თანახმად, „კონვენციის მე-6 მუხლის 1 პუნქტით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება უნდა განიმარტოს კონვენციის პრეამბულის კონტექსტში, რომლის თანახმადაც კანონის უზენაესობა უნდა წარმოადგენდეს მაღალ ხელშემკვრელ მხარეთა საერთო მემკვიდრეობას. კანონის უზენაესობის ერთ-ერთი ფუნდამენტური ასპექტი არის სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპი, რომლის თანახმადაც სასამართლო თუ გადაწყვეტს საკითხს, მისი განჩინება არ უნდა დადგეს ეჭვქვეშ (Brumărescu v. Romania [GC], no. 28342/95, § 61, ECHR 1999 VII). ეს პრინციპი ნიშნავს, რომ არცერთ მხარეს არ უნდა ჰქონდეს საბოლოო და ძალაში შესული გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმიტომ, რომ მიაღწიოს საქმის ხელახლა მოსმენასა და ახალ გადაწყვეტილებას. უმაღლესი ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმის გადახედვა არ უნდა იქცეს შენიღბულ აპელაციად და საკითხზე ორი შეხედულების არსებობა არ წარმოადგენს საქმის გადასინჯვის საფუძველს. ამ პრინციპიდან გადახვევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის აუცილებლობა გამოწვეულია არსებითი და გარდაუვალი ხასიათის გარემოებების წარმოშობით (იხ. Ryabykh, §52). საბოლოოდ გადაწყვეტილი სამოქალაქო დავის განახლების პროცედურა კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებს ემსახურება, თუმცა იგი გამართლებულია, თუკი დადგინდება სწორად იქნა თუ არა პროცედურა განხორციელებული არსებული საქმის ფაქტებზე, ანუ სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ საქმისწარმოების განახლება არ ემსახურებოდა სხვა მიზნებს, გარდა იმისა, რომლის გამოც იგი გადაწყდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამის დებულებებზე დაყრდნობით“ (იხ. ECHR: „ჭიჭინაძე საქართველოს წინააღმდეგ“ განაცხადი №18156/05, 27.05.2010წ.).
26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დამატებით აღარ იმსჯელებს კერძო საჩივრის იმ პრეტენზიებზე, რომელიც არსებით გავლენას ვერ მოახდენს წინამდებარე საქმის გადაწყვეტასა თუ გასაჩივრებული განჩინების შეცვლაზე და მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განჩინების ბათილად ცნობის შესახებ განცხადების ფარგლებში ხსენებულ იმ საკითხებსა და პრეტენზიებზე, რომელთაც მოცემული განცხადების ფარგლებში საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნია.
27. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მართებულად ეთქვათ განმცხადებლებს (ამჟამინდელ ერთ-ერთ მოპასუხეს - კერძო საჩივრის ავტორს) უარი განცხადების დაკმაყოფილებაზე, რომელიც არ ქმნიდა სსსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობის საფუძველს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 396-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ.ჯ–ნის კერძო არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 15 აგვისტოს განჩინება
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. კოჭლამაზაშვილი
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
მ. ერემაძე