საქმე№ა-6902-შ-167-2024
28 ოქტომბერი, 2025 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – თ.ქ-ია
მოწინააღმდეგე მხარე – გ.ა–ძე
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – რუსეთის ფედერაციის ქალაქ მოსკოვის ტვერსკის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 12 მაისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - დამატებითი განჩინების მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
რუსეთის ფედერაციის ქალაქ მოსკოვის ტვერსკის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 12 მაისის გადაწყვეტილებით, თ.გ. ძე ქ–ას სარჩელი, გ.ნ. ძე ა–ის წინააღმდეგ სესხის ოდენობის, პროცენტებისა და სასამართლო ხარჯების თაობაზე დაკმაყოფილდა. ა–ძე გ. ნ. ძემ ქ–ია თ. გ. ძეს სასარგებლოდ აანაზღაუროს სესხის ხელშეკრულების საფუძველზე სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების თარიღისთვის რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის კურსით 100 000 ევროს ექვივალენტი ოდენობა, სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების თარიღისთვის რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის კურსით პროცენტები 65 792,32 ევროს ოდენობით, სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების თარიღისთვის რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის კურსით 199 823,36 აშშ დოლარის ექვივალენტი ოდენობა, სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების თარიღისთვის რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის კურსით პროცენტები 135 622,26 აშშ დოლარის ოდენობით, სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების თარიღისთვის რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის კურსით 289 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ოდენობა, სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების თარიღისთვის რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის კურსით პროცენტები 201 846,71 აშშ დოლარის ოდენობით, ხარჯები სასამართლო ხარჯებისთვის 60 000 რუბლი. ა–ძე გ. ნ. ძეს, ქ–ია თ. გ. ძეს წინააღმდეგ შესაგებელზე სესხის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე უარი ეთქვა.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2024 წლის 04 დეკემბერს შუამდგომლობით მომართა თ. ქ–ას წარმომადგენელმა ა.თ–ძემ და მოითხოვა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 18 სექტემბრის განჩინებით შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქალაქ მოსკოვის ტვერსკის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 12 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე, დაკმაყოფილდა.
აღნიშნული განჩინების ასლი გაეგზავნა შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელს ა.თ–ძეს და ჩაბარდა 2025 წლის 21 ოქტომბერს.
2025 წლის 28 ოქტომბერს შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა შეცდომით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის უკან დაბრუნება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, დამატებითი განჩინების მიღებით, თ.ქ–ას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით, მეორე საგადასახადო დავალებით (N 24867106029) გადახდილი 300 ლარი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, კერძოდ: ა) იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა; ბ) სასამართლოს, რომელმაც გადაწყვიტა უფლების საკითხი, არ მიუთითებია გადასახდელი თანხის ოდენობა, გადასაცემი ქონება ან მოქმედება, რომელიც მოპასუხემ უნდა შეასრულოს; გ) სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. მოხმობილი ნორმის დეფინიციიდან გამომდინარეობს, რომ საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს ამომწურავ ჩამონათვალს იმ საკითხების განხილვისა და გადაწყვეტისათვის, რომელიც ახასიათებს დამატებითი გადაწყვეტილების ინსტიტუტს. მითითებული მუხლი ითვალისწინებს ისეთი ხარვეზის აღმოფხვრის მექანიზმებს, როდესაც, მართალია, მხარემ მოითხოვა პროცესის ხარჯების ანაზღაურება სასამართლოსაგან, მაგრამ სასამართლოს თავისი მიზეზით გამორჩა მხედველობიდან ამ საკითხის გადაწყვეტა (შდრ. სუსგ.-ებები: №ას-1054-2019, 30 სექტემბერი, 2019წ., №ას-165-158-2013, 27 იანვარი, 2014წ.). ამასთანავე, მითითებული ნორმა ქმნის ე.წ „ნაკლიანი“ გადაწყვეტილების გასწორების შესაძლებლობას და გულისხმობს მთლიანად სასამართლო ხარჯების საკითხს (როგორც სასამართლო, ისე არასასამართლო ხარჯები) (იხ. სუსგ №ას-658-625-2014, 26 იანვარი, 2015 წელი).
ამავე მუხლის თანახმად, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. დამატებითი გადაწყვეტილება სასამართლოს გამოაქვს სასამართლო სხდომაზე, რომლის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს ასეთი გადაწყვეტილების გამოტანას. ასევე 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შუამდგომლობის ავტორს 2024 წლის 4 დეკემბრის შუამდგომლობასთან ერთად წარმოდგენილი აქვს სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლითა და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით ამომწურავადაა განსაზღვრული საქმეთა კატეგორია, რომელზეც სავალდებულოა მხარემ გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი. ზემოაღნიშნული ნორმები არ ითვალისწინებს უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების შესახებ შუამდგომლობის აღძვრისთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის საჭიროებას. ამდენად, შუამდგომლობის ავტორს უნდა დაუბრუნდეს შეცდომით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
თ. ქ–ას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს ა.თ–ძის (პ/ნ ......) მიერ 2024 წლის 2 დეკემბერს №24867106029 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
არჩილ კოჭლამაზაშვილი