Facebook Twitter

№ას-790-2025 16 ოქტომბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიზო უბილავა

კასატორები – შ.ჯ–ი, ლ.ვ–ი, ნ.ჯ–ი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – თ.კ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და თავისუფალ მდგომარეობაში მოსარჩელისთვის გადაცემა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სარჩელის მოთხოვნა

1.1. თ.კ–მა (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში თ.ჯ–ის, შ.ჯ–ის, ლ.ვ–ისა და ნ.ჯ–ის (შემდეგში: მოპასუხეები, კასატორები) მიმართ და მოითხოვა მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან, თ.კ–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (N.........., 1/4 ნაწილი) მდებარე: ქ. თბილისი, ............ (ყოფილი მისამართი: ქ. თბილისი, ..........), გამოთხოვა და აღნიშნული უძრავი ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მესაკუთრისათვის გადაცემა.

2. მოპასუხეების შესაგებელი

2.1. სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ სადავო ბინას ფლობენ მართზომიერად, რამდენადაც წარმოადგენენ „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ მოსარგებლეებს.

3. ერთ-ერთი მოპასუხის შეგებებული სარჩელი

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს შეგებებული სარჩელით მიმართა თ.ჯ–მა და მოითხოვა საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვა და მის მესაკუთრედ ცნობა.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება შეგებებულ სარჩელზე

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 4 დეკემბრის განჩინებით თ.ჯ–ს უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის მიღებაზე იმ საფუძვლით, რომ შეგებებული სარჩელი არ პასუხობდა დასაშვებობის პირობებს. კერძოდ, შეგებებულ სარჩელზე მათალია მოპასუხედ დასახელებული იყო თავდაპირველ სარჩელზე მოსარჩელე - თ.კ–ი, თუმცა შეგებებული სარჩელი ასევე მიემართებოდა სხვა პირებსაც - ნ.კ–ს, ლ.კ–ს, გ.კ–სა და ო.კ–ს. შესაბამისად, თ.ჯ–ის სარჩელის მოპასუხეთა წრე, არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ თ.კ–ის დასახელებით. აღნიშნული გარემოება კი გამორიცხავდა შეგებებული სარჩელის ფორმატში თ.ჯ–ის სასარჩელო მოთხოვნის განხილვის პროცესუალურ შესაძლებლობას.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება/საოქმო განჩინება

5.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 14 ნოემბრის საოქმო განჩინებით მოცემულ დავაზე, თ.ჯ–ის მიმართ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება მისი გარდაცვალების გამო. ამავე საოქმო განჩინებით მოპასუხეების წარმომადგენლის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე („საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული დავის განხილვამდე) არ დაკმაყოფილდა. ასევე არ დაკმაყოფილდა მოპასუხეების წარმომადგენლის შუამდგომლობა მოწმეთა დაკითხვის შესახებ.

5.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ.კ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეების: შ.ჯ–ის, ლ.ვ–ისა და ნ.ჯ–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ქ. თბილისში, .......... (ყოფილი მის: ქ. თბილისი, ..........) თ.კ–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (ს/კ N..........., ¼ ნაწილი) და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს.

6. მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი

6.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2024 წლის 14 ნოემბრის საოქმო განჩინებები საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის ნაწილში, ასევე მოწმეთა დაკითხვის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და საოქმო განჩინებების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. სააპელაციო საჩივრით აპელანტებმა ასევე იშუამდგომლეს საქმის წარმოების შეჩერებისა და სააპელაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებების საქმეზე დართვის შესახებ.

8. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

8.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მარტის განჩინებით შ.ჯ–ის, ლ.ვ–ისა და ნ. ჯ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საოქმო განჩინებები. ამავე განჩინებით არ დაკმაყოფილდა აპელანტების შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერებისა და სააპელაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებების საქმეზე დართვის შესახებ.

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

9.1. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ნივთიდან, მდებარე: ქ. თბილისი, ............. (ყოფილი მის: ქ. თბილისი, ..........), ს/კ №............., ¼ ნაწილი რეგისტრირებულია თ.კ–ის საკუთრებაში.

9.2. მოპასუხეები ფლობენ ქ. თბილისში, ........ (ყოფილი მის: ქ. თბილისი, ................)-ში მდებარე უძრავი ქონებიდან მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრირებულ ფართს.

9.3. თ.კ–ის საკუთრებაში არსებულ სადავო ფართს მოპასუხეები: შ.ჯ–ი, ლ.ვ–ი და ნ.ჯ–ი ფლობენ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.

9.4. პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლზე, რომლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

9.5. პალატამ აღნიშნა, რომ საქმის მასალებით დგინდებოდა მოსარჩელის მესაკუთრედ ყოფნისა და მოპასუხეების მიერ მოსარჩელის კუთვნილი ქონების ფლობის ფაქტი, ხოლო მოპასუხეების მიერ აღნიშნული ქონებით მართლზომიერი ფლობის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ ყოფილა წარმოდგენილი. მოპასუხეთა მითითება, „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოსარგებლეებად მიჩნევის შესახებ, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს უძრავი ნივთი, რომელზეც საკუთრების უფლება დგინდება საჯარო რეესტრის ამონაწერით.

9.6. პალატის ასევე მიუთითა, რომ „როგორც საჯარო რეესტრის ამონაწერიდან ირკვევა, რომ ქონება არის რამდენიმე პირის თანასაკუთრებაში და მათ შორის კუთვნილი ფართები არ არის გამიჯნული რეალური წილებით, ასახულია მხოლოდ თითოეული მესაკუთრის იდეალური წილი. შესაბამისად, ფაქტი, რომ კონკრეტულად თ.კ–ის კუთვნილ ¼ ნაწილში არის მოქცეული ის ფართი, რომლის მოსარგებლეც შესაძლოა ნამდვილად იყოს მოპასუხე მხარე, მიმდინარე დავის ფარგლებში არ დასტურდება. ამასთან, მოპასუხის პოზიციის დადასტურება საჭიროებს შესაბამისი სამართალწარმოების წესით მიღებულ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რაც ასევე არ არსებობს ამ ეტაპისთვის.

9.7. პალატამ სააპელაციო საჩივრის არგუმენტების ჭრილში, რომელიც შეეხებოდა მოპასუხეთა მომავალი საკუთრების უფლებას, განმარტა, რომ აღნიშნული შეიძლება იყოს ცალკე სხვა დავის საგანი (როგორც ირკვევა, მოპასუხეთა ოჯახის წევრის მიერ აღძრულია ცალკე სარჩელი) და არ წარმოადგენს ვინდიკაციური მოთხოვნის გამომრიცხავ შესაგებელს.

10 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მარტის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

11. საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

11.1. კასატორები მიუთითებენ, რომ განსახილველი დავის ფარგლებში, მოპასუხეთა მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა მოითხოვა 12 მესაკუთრიდან მხოლოდ ერთმა, თ.კ–მა, რომელსაც საკუთრების უფლებით რეგისტრირებული აქვს მთელი უძრავი ქონების მხოლოდ 1/4 ნაწილი. ამასთან, უძრავი ნივთი არ არის გამიჯნული თანამესაკუთრეთა წილების შესაბამისად და წარმოადგენს საზიარო საკუთრებას.

11.2. კასატორები მიიჩნევენ, რომ დაკისრებული მტკიცების ტვირთს სათანადოდ გაართვეს თავი და დაადასტურეს მათი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტობრივი გარემოება მფლობელობის მართლზომიერების შესახებ. განსხვავებით მოსარჩელისგან, რომელმაც მასზე დაკისრებულ მტკიცების ტვირთს მხოლოდ ნაწილობრივ გაართვა თავი, წარმოადგინა საჯარო რეესტრის ამონაწერი, თუმცა ის გარემოება, რომ მისი წილის 1/4 ნაწილის შესაბამის ფართს ფლობენ მოპასუხეები ვერ დაადასტურა.

11.3. კასატორების მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ უპასუხოდ დატოვა ყველა არგუმენტაცია და კასატორთა მიერ წამოჭრილი სადავო საკითები. სასამართლო პრაქტიკით დასტურდება, რომ სპეციალური კანონით გათვალისწინებულ მოსარგებლედ ცნობის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების არარსებობის პირობებშიც არ უნდა დაკმაყოფილდეს ვინდიკაციური სარჩელი, თუ მოპასუხე წარმოადგენს მტკიცებულებას, რომელიც უდავოდ დაადასტურებს საცხოვრებელი სადგომის გადაცემის ფაქტსა და 30 წელზე მეტი ხნის მანძილზე მფლობელობას.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ივლისის განჩინებით, სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2025 წლის 8 აგვისტოს განჩინებით დასაშვებადაა ცნობილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

13. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

14. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

15. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა სსსკ-ის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას სწორედ საკასაციო საჩივარში გამოთქმული პრეტენზიების შესაბამისად შეამოწმებს.

16. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (N.........., 1/4 ნაწილი) მდებარე: ქ. თბილისი, ........... (ყოფილი მისამართი: ქ. თბილისი, ...........), გამოთხოვა და აღნიშნული უძრავი ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მესაკუთრისათვის გადაცემის შესახებ მოთხოვნის მართლზომიერების შეფასება.

17. კასატორები მიიჩნევენ, რომ წარმოადგენენ სპეციალური კანონით გათვალისწინებულ მოსარგებლეებს, რაც ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებას გამორიცხავს.

18. საკასაციო სასამართლო წინამდებარე საქმეზე დადგენილ, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს მიაქცევს ყურადღებას.

19. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ნივთიდან, მდებარე: ქ. თბილისი, ........... (ყოფილი მის: ქ. თბილისი, ............), ს/კ №............., ¼ ნაწილი რეგისტრირებულია თ.კ–ის საკუთრებაში.

20. მოპასუხეები ფლობენ ქ. თბილისში, ............ (ყოფილი მის: ქ. თბილისი, ...........)-ში მდებარე უძრავი ქონებიდან მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრირებულ ფართს.

21. კასატორების განმარტებით, შ.ჯ–ის მამამ - გ.ი. ძე ჯ–მა თ.კ–ის პაპისგან 1962 წელს შეიძინა საცხოვრებელი სადგომი - ქ. თბილისი, ........., 18 კვ.მ. შუშაბანდითა დაკუთვნილი ეზოთი 3 500 მანეთად; შ.ჯ–ის მშობლები - გ.ჯ–ი სადავო სახლში რეგისტრირებული 1963 წლის 7 თებერვლიდან, ხოლო მეუღლე თ.ჯ–ი რეგისტრირებულია 1976 წლიდან და გარდაცვალებამდე ცხოვრობდა უწყვეტად; შ.ჯ–ი დაბადებიდან დავის განხილვის მომენტამდე ცხოვრობს სადავო სახლში და რეგისტრირებულია 1991 წლიდან. შ.ჯ–სა და ლ.ვ–ს ფაქტობრივი თანაცხოვრება აქვთ 1995 წლიდან, ხოლო 1996 წლის 30 მაისიდან არიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. ქორწინებიდან დღემდე უწყვეტად ლ.ვ–ი ცხოვრობს სადავო საცხოვრებელ სადგომში. ხოლო, შ.ჯ–ისა და ლ.ვ–ის შვილი - ნ.ჯ–ი დაიბადა 1995 წლის 21 ნოემბერს და დაბადებიდან სადავო საცხოვრებელ სადგომშია ჩაწერილი. საქმეში წარდგენილია სს „თ–ის“ მიერ გაცემული ცნობა, რომლის მიხედვითაც სადავო სადგომში 1996 წლიდან დღემდე აბონენტად რეგისტრირებულია ჯინაშვილი. (იხ. შესაგებელზე თანდართული მტკიცებულებები ტ.1,ს.ფ. 45-128).

26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ სამართლებრივი შედეგის მიღწევა რაც წინამდებარე შემთხვევაში მოსარჩელეს სურს მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ნივთის გამოთხოვა, სსკ-ის 168-ე „მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას“, 170-ე „მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას“ და 172-ე „მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება“ მუხლებიდან გამომდინარეობს.

27. მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

28. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხეთა მომავალი საკუთრების უფლება ვინდიკაციური სარჩელის მოთხოვნის გამომრიცხავ გარემოებას არ წარმოადგენს, ვინაიდან სადავო ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლებაა დადგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად.

29. საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთების საპირისპიროდ განმარტავს, რომ წინამდებარე შემთხვევაში ვინდიკაციურ სარჩელს მოპასუხეებმა დაუპირისპირეს კვალიფიციური შედავება - მიუთითეს, რომ წარმოადგენენ სპეციალური კანონით გათვალისწინებულ მოსარგებლეებს.

30. კასატორთა (მოპასუხეთა) შედავების საფუძვლიანობის გამოსარკვევად საკასაციო პალატა მიუთითებს „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონის მოწესრიგებაზე.

31. სპეციალური კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს.

32. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სპეციალური კანონით წესრიგდება არა ყველა ის ურთიერთობა, რაც უძრავი ნივთის თაობაზე დადებულ ფორმადაუცველ გარიგებასთანაა დაკავშირებული, არამედ მხოლოდ ისეთი, რომელიც მოითხოვდა სპეციალურ მოწესრიგებას. სამოქალაქო ბრუნვის მონაწილენი ვალდებული იყვნენ დაეცვათ უძრავ ქონებაზე საკუთრების წარმოშობის იმ დროს მოქმედი წესები, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევებში ამ წესების დარღვევა უკავშირდებოდა გარკვეულ ობიექტურ გარემოებებს, რაც დამახასიათებელი იყო იმ დროს მოქმედი სამართლებრივი სივრცისათვის, კერძოდ, სამოქალაქო უფლებათა განხორციელება იმ დროს ბევრად იყო დამოკიდებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ დანაწესებზე, რაც ხელს უშლიდა თავისუფალი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას. ასეთ ვითარებაში ხშირად მხარეთა ურთიერთობა არ სცილდებოდა მათი ფაქტობრივი ქონებრივი ურთიერთობის ფარგლებს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სპეციალური მოწესრიგება უკავშირდება უშუალოდ ამ ურთიერთობების თავისებურებებს, კერძოდ, ურთიერთობებს, რომლებიც არსებობდა ზემოაღნიშნულ პერიოდში ფაქტის სახით, განსახილველმა კანონმა მიანიჭა იურიდიული მნიშვნელობა და დაუკავშირა მას კონკრეტული სამართლებრივი შედეგები (იხ., სუსგ №ას-1359-2021, 30 იანვარი, 2024 წელი, პ.9).

33. სპეციალური კანონის 2.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარგებლე არის პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებით/გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდა.

34. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სპეციალური კანონით გათვალისწინებული გარიგების არსებობის დადასტურებისათვის აუცილებელი არ არის მოცემული ნორმაში ჩამოთვლილი ყველა სახის დოკუმენტის ერთდროულად არსებობა. სსსკ-ის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სსსკ-ის 102-ე მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრულია დასაშვებ მტკიცებულებათა ჩამონათვალი. სასამართლო კი, მტკიცებულებათა კვლევისათვის დადგენილი სტანდარტის გათვალისწინებით (ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად), ვალდებულია, გამოიტანოს სწორი დასკვნები საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

35. საკასაციო სასამართლო სააპელაციო პალატის მსჯელობასთან მიმართებით, რომ მოპასუხეთა მომავალი საკუთრების უფლება ვინდიკაციური სარჩელის მოთხოვნის გამომრიცხავ გარემოებას არ არ წარმოადგენს, იზიარებს, თუმცა, განსახილველი საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით აღნიშნავს, რომ მართალია, სადავო საქმის დავის საგანი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვაა და სპეციალური კანონით განსაზღვრული წინაპირობების კვლევას სასამართლო ამ დავის ფარგლებში არ ახორციელებს, თუმცა, მესაკუთრის მიერ მფლობელისათვის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ პრეტენზიის წარდგენის შემთხვევაში, სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ერთ-ერთი წინაპირობა მოპასუხის მფლობელობის არამართზომიერების დადასტურებაა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში მხედველობაში მიღებით, სააპელაციო სასამართლომ სწორედ აღნიშნული თვალსაზრისით უნდა გამოიკვლიოს და შეაფასოს მოპასუხეთა მფლობელობის მართლზომიერების საკითხი (იხ.: განჩინებები: საქმე Nას-445-2023 28.07.2023წ; Nას-1502-2024 11.04.2025წ.).

36. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების წინააღმდეგ წარმოადგინეს დასაბუთებული შედავება (სსსკ-ის 393.3 მუხლი), რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველია.

37. სსკ-ს 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის შესაბამისად გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება არ არის შესაძლებელი.

38. საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ უნდა გამოიკვლიოს ფაქტობრივი გარემოებები და სრულყოფილად შეაფასოს მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. გაარკვიოს რა სამართლებრივი ურთიერთობების საფუძველზე ახორციელებენ მოპასუხეები სადავო საცხოვრებელი სადგომის ფლობას.

39. იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს განსახილველ საქმეზე შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების გათვალისწინებით, სრულად არ გამოუკვლევია მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საკასაციო პალატა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას, თვითონ მიიღოს საქმეზე გადაწყვეტილება.

40. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

41. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დასახელებული ფაქტობრივსამართლებრივი საფუძვლებით საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების პირობებში, საკასაციო სასამართლო დამატებით აღარ იმსჯელებს მხარის მიერ გასაჩივრებულ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 13 მარტის, საოქმო განჩინებებზე საქმის წარმოების შეჩერებაზე, მოწმეთა დაკითხვაზე და სასამართლოს გარეშე ხარჯის დაკისრებაზე უარის შესახებ.

42. სსსკ-ის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას, უნდა გადაწყვიტოს სასამართლო ხარჯების მხარეთა შორის განაწილების საკითხი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3, 408.3, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შ.ჯ–ის, ლ.ვ–ისა და ნ.ჯ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე არჩილ კოჭლამაზაშვილი

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

გიზო უბილავა