Facebook Twitter

№ას-882-2025 16 ოქტომბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, თეა ძიმისტარაშვილი

კასატორი – შპს „დ.დ.ჯ–ია“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.კ.ე.ჯ–ია“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – სადაზღვევო შემთხვევით დამდგარი ზიანის ანაზღაურება

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს „დ.დ.ჯ–იამ“ (შემდეგში - მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში სს „ს.კ.ე.ჯ–იას“ (შემდეგში - მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა მოპასუხის მიერ მოსარჩელის სასარგებლოდ სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურება N200101694 პოლისის საფუძველზე - 39880 ლარის ოდენობით, ხოლო N200105994 პოლისის საფუძველზე - 16335 ლარის ოდენობით.

1.1. მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით, შპს „დ.დ.ჯ–იას“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა N200105994 პოლისის საფუძველზე, სადაზღვევო შემთხვევით დამდგარი ზიანის ანაზღაურების მიზნით 16335 ლარის გადახდა; დანარჩენ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მხარეებმა. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. მოპასუხემ კი, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით შპს „დ.დ.ჯ–იას“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სს „ს.კ.ე.ჯ–იას“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილების მეორე და მეოთხე პუნქტები და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. სს „ს.კ.ე.ჯ–იას“ მოსარჩელე შპს „დ.დ.ჯ–იას“ სასარგებლოდ დაეკისრა N200105994 პოლისის საფუძველზე, სადაზღვევო შემთხვევით დამდგარი ზიანის ანაზღაურების მიზნით 13 448 ლარის გადახდა.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

5.1. 2022 წლის 6 მაისს სს „ს.კ.ე.ჯ–იასა“ და შპს „დ.დ.ჯ–იას“ შორის გაფორმდა ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევის ხელშეკრულება და შეთანხმდა დაზღვევის პირობები. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 08.05.2022 წლიდან 08.05.2023 წლამდე. ხელშეკრულების ფარგლებში სხვა სატრანსპორტო საშუალებებთან ერთად დაზღვეული იქნა შპს „დ.დ.ჯ–იას“ შემდეგი ავტომანქანები: „RENAULT DOKKER“, სახელმწიფო ნომრით - ......... და „RENAULT EXPRESS“, სახელმწიფო ნომრით - .........

5.2. დაზღვეული სატრანსპორტო საშუალებები პარალელურად არის საქართველოში რენოს ოფიციალური დილერის სს „ფ.ა–ოს“ გარანტიაზე და დაზღვევის პოლისების თანახმად, „RENAULT DOKKER“, სახელმწიფო ნომრით - ......... საბაზრო ღირებულებაა 16000 აშშ დოლარი, ხოლო „RENAULT EXPRESS“, სახელმწიფო ნომრით - ....... საბაზრო ღირებულება - 16900 აშშ დოლარი.

5.3. დაზღვევის ხელშეკრულების თანახმად, სადაზღვევო შემთხვევა განმარტებულია, როგორც შემთხვევა, ხელშეკრულებით და/ან სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებული სადაზღვევო რისკის დადგომით გამოწვეული ზიანი, რომელიც მზღვეველს სადაზღვევო ანაზღაურების ვალდებულებას წარმოუშობს (2.12 პუნქტი). ხოლო ერთ-ერთ დაფარულ რისკს წარმოადგენს ავტოსაგზაო შემთხვევა. მხარეები შეთანხმდნენ სხვადასხვა გამონაკლისზე, რაც არ ექვემდებარება ანაზღაურებას, მათ შორის მზღვეველი უფლებამოსილია არ გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება: ა) თუკი შემთხვევა გამოწვეულია უფლებამოსილი მძღოლის მიერ შუქნიშნის ამკრძალავი და გამაფრთხილებელი ნიშნის დაუმორჩილებლობის შედეგად (5.4.14. პუნქტი); ბ) თუკი შემთხვევა გამოწვეულია უფლებამოსილი მძღოლის მიერ ცალმხრივი მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში საპირისპირო მიმართულებით მოძრაობის ან საპირისპირო მიმართულებით მობრუნების ან ცენტრალური გზიდან გადახვევის მიზნით, ორმაგი და უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთის წესების დარღვევის შედეგად. განსაკუთრებული პირობა: მხოლოდ სპეციალური დანიშნულების მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებების (საინკასო) მართვისას, უფლებამოსილი მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევად არ ჩაითვლება ინკასირების პროცესის განხორციელების მიზნით მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილებისთვის გამოყოფილი ხაზის (ე.წ. BUS LANE) და ორმაგი და უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთის წესების დარღვევა, რადგან აღნიშნულ ზოლში მოძრაობის უფლება დასტურდება საქართველოს შსს სსიპ მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ტექპასპორტითა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ გაცემული ნებართვით (5.4.15 პუნქტი).

5.4. დაზღვევის ხელშეკრულებით შეთანხმდა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი გარემოებები: ა) დამზღვევი ვალდებულია, მიიღოს აუცილებელი ზომები დაზღვევის ობიექტის დაზიანების გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის, შემდგომი დაზიანების თავიდან აცილების ან/და ზარალის შემცირების მიზნით (5.1.16 პუნქტი); ბ) იმ შემთხვევაში, თუ მხარეთა შორის ვერ მოხდება ზიანის ოდენობაზე (მათ შორის ცენტრის გარანტიაზე მყოფი ავტომობილების შემთხვევაში, ცენტრის მიერ გაცემული შეფასების მზღვეველის მხრიდან სადაოობისას) ზიანის ოდენობის განსაზღვრა მოხდება მხარეთა შორის შეთანხმებული ექსპერტის მიერ, ხოლო ექსპერტის მიერ გაცემულ დასკვნაში მითითებული ზარალის ოდენობას მხარეები სადავოს არ გახდიან (9.17 პუნქტი).

5.5. შპს „დ.დ.ჯ–ია“ არის საგადასახადო სისტემის პროვაიდერი და საქმიანობის ფარგლებში ახორციელებს თვითმომსახურების ტერმინალებიდან (ე.წ. სწრაფი გადახდის აპარატებიდან) მათში დაგროვილი თანხის აკრებას/ინკასირებას. მოსარჩელის კუთვნილ ორივე დაზღვეულ სატრანსპორტო საშუალებაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გაცემულია შესაბამისი ნებართვები (საშვები), რაც გულისხმობს ავტოსატრანსპორტო საშუალებების სპეციალური სიგნალების დაყენება/გამოყენებასა და ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის ავტომობილებისთვის სპეციალური შეფერილობის გამოყენებას.

5.6. 2022 წლის 20 ივნისს, ქალაქ გორში, სტალინის გამზირისა და ქუთაისის ქუჩების კვეთაზე, დაზღვეული ავტომანქანით „RENAULT DOKKER“, სახელმწიფო ნომრით - PP876EE, მოძრაობდა უფლებამოსილი მძღოლი გ.მ–ი, რომელიც არ დაემორჩილა საგზაო ნიშანს „დაუთმე გზა“ და შეეჯახა „მერსედესის“ ტიპის ავტომობილს, სახელმწიფო ნომრით .......... ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა დაზღვეული სატრანსპორტო საშუალება. საპატრულო პოლიციის მიერ გაცემული საჯარიმო ქვითრით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-6, 6.2, მე-7-8 პუნქტების საფუძველზე დაჯარიმდა დაზღვეული სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, გ.მ–ი - 250 ლარით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი შპს „დ.დ.ჯ–იას“ და გ.მ–ს არ გაუსაჩივრებიათ.

5.7. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გ.მ–ი არ მოძრაობდა გადაჭარბებული სიჩქარით და არ იმყოფებოდა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ.

5.8. 2022 წლის 3 ნოემბერს ქალაქ თბილისში, თავისუფლების მოედანზე რუსთაველის მიმართულებით, დაზღვეული ავტომანქანით „RENAULT EXPRESS“, სახელმწიფო ნომრით-......., მოძრაობდა უფლებამოსილი მძღოლი ლ.ხ–ი, რომელმაც დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები - „საგზაო მონიშვნა“ და შეეჯახა წინ მიმავალ „BMW-ს“ ტიპის ავტომობილს. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა დაზღვეული სატრანსპორტო საშუალება. საპატრულო პოლიციის მიერ გაცემული საჯარიმო ქვითრით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-6, 6.2, მე-7-8 პუნქტების საფუძველზე დაჯარიმდა დაზღვეული სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, და ლ.ხ–ი - 250 ლარით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი შპს „დ.დ.ჯ–იას“ და ლ.ხ–ს არ გაუსაჩივრებიათ.

5.9. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ლ.ხ–ი არ მოძრაობდა გადაჭარბებული სიჩქარით და არ იმყოფებოდა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ.

5.10. სს „ს.კ.ე.ჯ–იამ“ 2022 წლის 16 სექტემბრის წერილით მოსარჩელეს უარი უთხრა 20.06.2022 წელს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევით დამდგარი ზიანის ანაზღაურებაზე. უარის საფუძვლად სადაზღვევო კომპანიამ მიუთითა მძღოლის მხრიდან საგზაო წესების დარღვევაზე (საგზაო ნიშნის „დაუთმე გზა“ დაუმორჩილებლობა) და იმ ზიანის ანაზღაურებისგან გათავისუფლებაზე, რაც გამოწვეული იყო უფლებამოსილი მძღოლის მხრიდან უხეში გაუფრთხილებელი ქმედებით. სს „ს.კ.ე.ჯ–იამ“ 2022 წლის 25 ნოემბრის წერილით მოსარჩელეს უარი უთხრა 03.11.2022 წელს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევით დამდგარი ზიანის ანაზღაურებაზე. უარის საფუძვლად სადაზღვევო კომპანიამ მიუთითა მძღოლის მხრიდან საგზაო წესების დარღვევაზე (საგზაო მონიშვნის - ღერძულა ხაზის გადაკვეთა) და იმ ზიანის ანაზღაურებისგან გათავისუფლებაზე, რაც გამოწვეული იყო უფლებამოსილი მძღოლის მხრიდან უხეში გაუფრთხილებელი ქმედებით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:

5.11. პალატა განმარტავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე წამოჭრილი დავის დროს მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება: დამზღვევმა უნდა ამტკიცოს სადაზღვევო შემთხვევასა და მიღებულ ზიანს შორის causa proxima-ს არსებობა. მეორე მხრივ, მზღვეველმა უნდა ამტკიცოს, რომ ზიანის გამომწვევი მიზეზი წარმოადგენს კანონის ან ხელშეკრულების გამონაკლისს, რის გამოც, მასზე ვერ გავრცელდება სადაზღვევო დაფარვა.

5.12. პალატამ განმარტა, რომ „ავტოსატრანსპორტო საშუალება წარმოადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მიერ დადგენილია მთელი რიგი რეგულაციები ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელთა მიმართ და მათ ევალებათ იცოდნენ თავიანთი ვალდებულებები, დაიცვან ისინი ზედმიწევნით და ავტოსატრანსპორტო საშუალება მართონ გონივრული დასათანადო წინდახედულობის ფარგლებში. შესაბამისად, თუ დადგინდება, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის მიერ არ ჰქონდა ადგილი კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევას და იგი ავტომანქანას მართავდა სათანადო წინდახედულობის ფარგლებში, მისი ქმედება არ შეიძლება შეფასდეს განზრახ ან უხეშ გაურთხილებლობად.

5.13. პალატამ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე, მარტივი და უხეში გაუფრთხილებლობის შეფასების კუთხით. ასევე მიუთითა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის დანაწესზე, რომლის თანახმად, „დაუთმე გზა აჩვენებს ადგილს, სადაც მძღოლი აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გაჩერდეს და გზა დაუთმოს გადამკვეთ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას“. პალატის მოსაზრებით, საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ კანონით დადგენილი მოქმედების აღნიშნული წესი მოსარჩელემ არ დაიცვა და საგზაო შუქნიშანზე იმოძრავა გაუჩერებლად, რის საფუძველზეც დაეჯახა მოძრავ ავტომანქანას. თავის მხრივ, მოძრავი ავტომობილის მძღოლისათვის ნათელია საგზაო მონიშვნით დადგენილი წესრიგი და მისი გავლის უპირატესობის შესახებ ის ელოდება გზის სავალი ნაწილის დათმობას. პალატამ მიიჩნია, რომ ამგვარი წესის უგულებელყოფა, ავტომობილის შეუჩერებლად გავლა და მოძრაობის სახიფათო მონაკვეთზე ავტომობილთან შეჯახება დადგენილი წესრიგის უხეში დაუდევრობის მაღალი სტანდარტით დარღვევად უნდა შეფასებულიყო.

5.14. რაც შეეხება აპელანტის არგუმენტს, რომ აპელანტის საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებაზე საქართველოს შსს მიერ „სატრანსპორტო საშუალებებზე სპეციალური სიგნალების დაყენება-გამოყენებისა და ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის ავტომობილებისათვის სპეციალური შეფერილობის გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №166 ბრძანების შესაბამისად გაცემული თანხმობის პირობებში, მძღოლის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენება, ვერ ჩაითვლება უხეშ გაუფრთხილებლობად, აღნიშნული პალატამ არ გაიზიარა და მიუთითა, რომ განსახილველ დავაში გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო მართებულად შეფასებულიყო მძღოლის ბრალეულობა. კერძოდ, მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა უხეშ გაუფრთხილებლობას, თუ ვლინდებოდა მარტივი გაუფრთხილებლობისთვის დამახასიათებელი ნიშნები. მოცემულ შემთხვევაში პალატის მოსაზრებით, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ადასტურებდა მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებას.

5.15. რაც შეეხება სადაზღვევო კომპანიის სააპელაციო საჩივარს, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მხოლოდ პატრულ-ინსპექტორის პატაკი არ იძლეოდა ისეთ სიცხადეს ქმედებისას, რაც დაადასტურებდა მძღოლის მხრიდან უჩვეულოდ მაღალი ხარისხით გულგრილ დამოკიდებულებას. ამასთან, პალატამ დამატებით აღნიშნა, რომ მოცემულ სიტუაციაში, ადგილი არ ჰქონია ისეთ შემთხვევას, როდესაც, მაგალითად, ბრალეული მძღოლი საწინააღმდეგო ზოლში გადადის ქარაფშუტული მანევრირებით და მიზანმიმართულად აგრძელებს გზას. შესაბამისად, როდესაც საქმის მასალების მიხედვით, ბრალეული მძღოლის მხრიდან ავტოსაგზაო შემთხვევის დადგომისას არც სიჩქარის გადაჭარბება, არც ალკოჰოლური თრობის ქვეშ ყოფნა და არც ქარაფშუტული მანევრირების გზით საწინააღმდეგო ზოლში მოძრაობა იკვეთებოდა, პალატამ მიიჩნია, რომ მძღოლის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედება უხეშ გაუფრთხილებლობად არ უნდა დაკვალიფიცირებულიყო, რადგან სამართალდამრღვევის დამოკიდებულება ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების მიმართ არ წარმოადგენდა იმ ხარისხის ბრალეულობას, რაც მის უხეშ გაუფრთხილებლობად მიჩნევის საფუძველს შექმნიდა. აღნიშნული კი, თავის მხრივ, გამორიცხავდა იმგვარი შემთხვევის არსებობას, რომლის დროსაც, მზღვეველი სადაზღვევო ანაზღაურების გადახდისაგან თავისუფლდება.

5.16. პალატამ მიიჩნია, რომ სს „ფ.ა–ოს“ 2022 წლის 12 ნოემბრის დეფექტური აქტი ზიანის ოდენობის განსასაზღვრად არარელევანტური იყო. მოპასუხის მიერ წარდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 21 დეკემბრის #009085723 დასკვნის თანახმად კი, 2020 წელს დამზადებულ ავტომობილ RENAULT EXPRESS“, სახელმწიფო ნომრით - ......... მიყენებული ზარალის ოდენობა შეადგენდა 13448 ლარს. აღნიშნული დასკვნის მე-2 გვერდზე აღნიშნულია, რომ ,,ვინაიდან ზემოთ აღნიშნული, 2022 წელს დამზადებული ავტომობილი RENAULT EXPRESS, სახელმწიფო ნომრით ........., საიდენტიფიკაციო ნომრით ........., იმყოფება ცენტრის გარანტიაზე, შესაბამისად გათვალისწინებულ იქნა შპს ,,დ.დ.ჯ–ია“ ინვოისის ფასები, რომელთა დასახელება, ღირებულებების გათვალისწინებით იხილეთ ქვემოთ მოცემული ცხრილში #1.“ ამასთან საექსპერტო დასკვნაში დამატებით მითითებულია ექსპერტის გამოთვლები გარბენის, ცვეთის გათვალისწინებით, რამაც საბოლოო ჯამში ფასი დააკორექტირა 13 448 ლარამდე. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ სს „ს.კ.ე.ჯ–იას“ მოსარჩელე შპს „დ.დ.ჯ–იას“ სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა #200105994 პოლისის საფუძველზე, სადაზღვევო შემთხვევით დამდგარი ზიანის ანაზღაურების მიზნით 13 448 ლარის გადახდა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. შპს „დ.დ.ჯ–იამ“ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. სს „ს.კ.ე.ჯ–იამ“ კი გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა.

შპს „დ.დ.ჯ–იას“ საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6.1. კასატორი აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული სადაზღვევო ხელშეკრულებით, შეთანხმებულია მხოლოდ ორი საგამონაკლისო შემთხვევა, როდესაც მზღვეველი უფლებამოსილია არ გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება: თუკი შემთხვევა გამოწვეულია უფლებამოსილი მძღოლის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისას კანონმდებლობით დაშვებული ზღვრული სიჩქარის გადაჭარბების შედეგად და თუკი შემთხვევა გამოწვეულია უფლებამოსილი მძღოლის მიერ შუქნიშნის ამკრძალავი და გამაფრთხილებელი ნიშნის დაუმორჩილებლობის შედეგად. მოცემულ შემთხვევაში, არსებული გამაფრთხილებელი ნიშნის დარღვევა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საგამონაკლისო პირობად მხარეებს არ გაუთვალისწინებიათ და შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, არ არსებობს სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.

6.2. სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ წინდახედულობის ნორმების, დაუდევრობის ხარისხისა და გაუფრთხილებლობის ტიპის განსაზღვრისას სასამართლომ არ იმსჯელა სპეციალიზებული სატრანსპორტო საშუალებებისთვის გათვალისწინებულ საკანონმდებლო რეგულაციებზე. არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ვინაიდან, სადაზღვევო კომპანიის მიერ მტკიცებულებათა მოკვლევის პროცესში და ანაზღაურებაზე უარის წერილში სპეციალური ციმციმა სიგნალებით ავტომანქანის მოძრაობა არ იყო ეჭვქვეშ დაყენებული, მოსარჩელეს წაერთვა შესაძლებლობა დროულად მოეხდინა მტკიცებულებათა უზრუნველყოფა - 2022 წლის 22 ივნისიდან 2022 წლის 16 სექტემბრამდე 30 დღეზე მეტია გასული, რაც აჭარბებს სამხრე კამერების ჩანაწერების შენახვის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადას.

6.3. კასატორი ასევე მიიჩნევს, რომ სასამართლომ არ დაასაბუთა დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, ზიანის ანაზღაურების სახით მოსარჩელის სასარგებლოდ 13448 ლარის დაკისრების მართზომიერება, ნაცვლად მოთხოვნილი 16335 ლარისა.

სს „ს.კ.ე.ჯ–იას“ საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6.4. კასატორი სადავოდ ხდის დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში გადაწყვეტილების საფუძვლიანობას. კერძოდ, მიიჩნევს, რო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, როდესაც მიიჩნია, რომ სატრანსპორტო შემთხვევის დროს ადგილი არ ჰქონია მძღოლის უხეშ გაუფრთხილებლობას.

6.5. ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თავისუფლების მოედანზე, ღამის საათებში, როდესაც მოედანი სრულად განათებულია, შემცირებულია ავტომობილების მოძრაობა და არის აბსოლუტური ხილვადობა. საქმის მასალებით არ დასტურდება მძიმე მეტეოროლოგიური პირობების არსებობა. ასევე არ დასტურდება, საინკასო მომსახურებას ახორციელებდა თუ არა და ჩართული ჰქონდა თუ არა უფლებამოსილ მძღოლს სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალი.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 03 ივლისის განჩინებებით სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე სასამართლოს 2025 წლის 08 ოქტომბრის განჩინებით სს „ს.კ.ე.ჯ–იას“ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, ხოლო შპს „დ.დ.ჯ–იას“ საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

8. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის გამოყენება ან/და განმარტება. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა დასაშვები და ნაწილობრივ დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

10. სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 799-ე მუხლის პირველი ნაწილი (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება), ამავე კოდექსის 820-ე (ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით) და 821-ე (მზღვეველი ზიანს ანაზღაურებს მხოლოდ სადაზღვევო თანხის ფარგლებში) მუხლები.

11. დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივი, სასყიდლიანი და რეალური ხელშეკრულებაა. დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი, ხოლო მზღვეველი მოვალეა აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი. დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა (სუსგ Nას-1165-1110-2014, 23.01.2015წ.).

12. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებულია დაზღვევის ხელშეკრულება; სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დაზიანდა დაზღვეული ავტომანქანა. სადაზღვევო კომპანიამ N200101694 სადაზღვევო პოლისის ფარგლებში დამდგარი ავტოსატრანსპორტო შემთხვევვით გამოწვეული ზარალის ანაზღაურებაზე უარი განაცხადა და მიუთითა, რომ დამდგარი ავტო-საგზაო შემთხვევა არის უხეში გაუფრთხილებელი ქმედების შედეგი, რის გამოც, მზღვეველის მხრიდან ანაზღაურებას არ ექვემდებარება. საკასაციო პალატის შეფასების საგანს სწორედ მძღოლის მართლსაწინააღმდეგო ქმედების „უხეშ გაუფრთხილებლობად“ კვალიფიკაციის საფუძვლის არსებობა წარმოადგენს.

13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის თანახმად, მზღვეველი თავისუფლდება საკუთარი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით. ამდენად, განსახილველ დავაში გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, მართებულად შეფასდეს მძღოლის ბრალეულობა, კერძოდ, მისი მხრიდან ვლინდებოდა უხეში გაუფრთხილებლობა თუ მარტივი გაუფრთხილებლობისთვის დამახასიათებელ ნიშნებს ჰქონდა ადგილი. აღნიშნული განაპირობებს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას ან ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. ამასთან, დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე წამოჭრილი დავის დროს მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება: სადაზღვევო შემთხვევასა და მიღებულ ზიანს შორის causa proxima-ს არსებობა დამზღვევმა უნდა ამტკიცოს, მზღვეველმა კი უნდა დაასაბუთოს, რომ ზიანის გამომწვევი მიზეზი კანონის ან ხელშეკრულების გამონაკლისია და მასზე ვერ გავრცელდება სადაზღვევო დაფარვა (იხ.: №ას-1091-2022, 23.02.2023წ.).

14. სამოქალაქო კანონმდებლობა არ ქმნის უხეში გაუფრთხილებლობის ლეგალურ დეფინიციას. ამდენად, მისი არსებობა უნდა დადგინდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შეფასების შედეგად. მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა, უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით (იხ.: სუსგ №ას-1306-1226-2015, 01.07.2016წ.; №ას-865-2023, 29.09.2023წ.; №ას-422-2023, 9.11.2023წ.). უხეში გაუფრთხილებლობა გულისხმობს აუცილებელი წინდახედულობის ნორმების განსაკუთრებით მძიმე დარღვევას (იხ.: სუსგ №ას-654-2019, 26.06.2020წ.; №ას-499-2023, 7.06.2023წ.). გამორიცხვის მეთოდით, მარტივ გაუფრთხილებლობად შეფასდება ყველა ის მოქმედება, რომელიც არ წარმოადგენს აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას, როგორიცაა: დაშვებული სიჩქარის 80-100%-ით გადაჭარბება, უმიზეზოდ საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა, ქარაფშუტულად, სათანადო გათვლების გარეშე, დაკავებული ზოლიდან გამოსვლით იმავე ზოლში თანხვდენილი მიმართულებით წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გადასწრება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ასევე, სახანძრო და სხვა სპეციალური ტრანსპორტისათვის გზის დაუთმობლობა, ავტომანქანის სამართავად გადაცემა მართვის უფლების არმქონე ან არაფხიზელი მესამე პირისათვის და ა.შ. (იხ.: სუსგ №ას-1306-1226-2015, 01.07.2016წ.; №ას-1091-2022, 23.02.2023წ.).

15. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში განმარტა: ხელშეკრულებაში საგამონაკლისო ნორმების იმპლემენტაციის დანიშნულებაა ამომწურავად განისაზღვროს იმ გარემოებათა/ქმედებათა წრე, რაც მზღვეველის პასუხისმგებლობას გამორიცხავს, ყველა სხვა შემთხვევა კი, დამზღვევის ინტერესების სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საგამონაკლისო შემთხვევების გაფართოების დაშვება, ეწინააღმდეგება ხელშეკრულებაში ამგვარი დათქმების ჩართვის მიზანს. მხარეები თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში დებენ ხელშეკრულებას, თავადვე განსაზღვრავენ სახელშეკრულებო ურთიერთობების იმპერატიულ და დისპოზიციურ წესებს, რომელსაც ორივე მხარე განუხრელად უნდა დაემორჩილოს და იცავდეს. საგამონაკლისო დათქმები სადაზღვევო ხელშეკრულების სწორედ იმპერატიულ დანაწესთა იმ წყებას მიეკუთვნება, რომელიც სადაზღვევო თანხის ანაზღაურებისათვის დაუშვებლად მიჩნეულ ქმედებათა სრულ სპექტრს განსაზღვრავს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო დაზღვევის ხელშეკრულებით ანაზღაურებას ექვემდებარება მძღოლის ბრალით (ავარიისას) გამოწვეული ნებისმიერი ის ზიანი, რომელიც მხარეთა შეთანხმებით საგამონაკლისო შემთხვევების ნუსხის განსაზღვრისას დაუშვებლად არ არის მიჩნეული (სუსგ №ას--1147-1067-2017, 29 .12.2017წ). ამდენად, დაზღვევის საგამონაკლისო შემთხვევები ვიწროდ უნდა განიმარტოს, იმგვარად, რომ მზღვეველთა პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლება არ წახალისდეს და ამით საფრთხე არ დაემუქროს სამართლებრივ სივრცეში დაზღვევის სამართლებრივ დანიშნულებასა და მიზანს.

16. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია მხარეთა შორის გაფორმებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევის ხელშეკრულება/პირობები. ხელშეკრულება მოიცავს შემთხვევათა გამოკალისებს, რომლის არსებობის პირობებშიც სადაზღევო კომპანია არ გასცემს სადაზღვევო ანაზღაურებას. საგამონაკლისო შეთხვევებია: ხელშეკრულების 5.4.13 პუნქტი - ზღვრული სიჩქარის გადაჭარბება; 5.4.14 პუნქტი - შუქნიშნის ამკრძალავი და გამაფრთხილებელი ნიშნების დაუმორჩილებლობა და 5.4.15 პუნქტი - ორმაგი და უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა. აღნიშნულ პუნქტთან მიმართებით, მხარეებს გათვალისწინებული აქვთ განსაკუთრებული პირობა, კერძოდ: მხოლოდ სპეციალური დანიშნულების მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებების (საინკასო) მართვისას, უფლებამოსილი მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევად არ ჩაითვლება ინკასირების პროცესის განხორციელების მიზნით მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილებისთვის გამოყოფილი ხაზის (ე.წ. BUS LANE) და ორმაგი და უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთის წესების დარღვევა, რადგან აღნიშნულ ზოლში მოძრაობის უფლება დასტურდება საქართველოს შსს სსიპ მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ტექპასპორტითა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ გაცემული ნებართვით (5.4.15 პუნქტი).

17. სადაზღვევო კომპანია საკასაციო საჩივარში მიუთითებს შემთხვევის დადგომის დროს მძღოლის მიერ ავტომანქანის მართვისას სიფრთხილის ნორმების მაღალი ხარისხით დარღვევით მოქმედებაზე და მიიჩნევს, რომ მძღოლმა ყოველგვარი ხელისშემშლელი გარემოების გარეშე ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო ექსპლუატაცია, რაც ადასტურებს უხეშ გაუფრთხილებლობას. აღნიშნულს პალატა ვერ გაიზიარებს და მიუთითებს, მყარად დადგენილ პრაქტიკაზე, რომლის თანახმად, ყველა ის მოქმედება, რომელიც არ წარმოადგენს აუცილებელი წინდახედულობის ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას, გამორიცხვის მეთოდით უნდა შეფასდეს მარტივ გაუფრთხილებლობად. პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება მძღოლის მიერ წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევად მიჩნევის საფუძველი. გასათვალისწინებელია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, მძღოლი არ მოძრაობდა გადაჭარბებული სიჩქარით და არ იმყოფებოდა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ. სხვა რაიმე დამატებითი ფაქტორების არსებობა კი, რაც მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების მკვეთრად დარღვევას და თავისი მოქმედებით აუცილებელი ყურადღებიანობის მოთხოვნების უჩვეულოდ მაღალი ხარისხით დაუმორჩილებლობას დაადასტურებდა, საქმის მასალებით არ დასტურდება. შესაბამისად, ასეთ პირობებში, მძღოლის მოქმედების უხეშ გაუფრთხილებლობად მიჩნევა, ნორმით დადგენილი საგამონაკლისო შემთხვევის ვრცლად განმარტება იქნება.

18. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ შპს „დ.დ.ჯ–ია“ არის საგადასახადო სისტემის პროვაიდერი და საქმიანობის ფარგლებში ახორციელებს თვითმომსახურების ტერმინალებიდან (ე.წ. სწრაფი გადახდის აპარატებიდან) მათში დაგროვილი თანხის აკრებას/ინკასირებას. მოსარჩელის კუთვნილ სადავო დაზღვეულ სატრანსპორტო საშუალებაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გაცემულია შესაბამისი ნებართვა (საშვი), რაც გულისხმობს ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალური სიგნალების დაყენება/გამოყენებასა და ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის ავტომობილებისთვის სპეციალური შეფერილობის გამოყენებას. საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ასრულებს სამსახურებრივ დავალებას, შეუძლია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობების დაცვით გადაუხვიოს ამ კანონის 25-ე, 31-ე−41-ე და 44-ე მუხლებით, აგრეთვე ამ კანონის №1 და №2 დანართებით დადგენილ მოთხოვნებს. ამავე კანონის 36-ე მუხლი კი მოიცავს გზის დათმობის მოვალეობას. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის პრეტენზიას და მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ავტომანქანის სპეციალური დანიშნულება, რისი გათვალისწინებითაც სადავო შემთხვევის მონაწილე მძღოლის ქმედება არ უნდა შეფასდეს უხეშ გაუფრთხილებლობად.

19. რაც შეეხება სადაზღვევო კომპანიის აპელირებას მასზედ, რომ უფლებამოსილი მძღოლი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე წამოჭრილი დავის დროს მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება: დამზღვევმა უნდა ამტკიცოს სადაზღვევო შემთხვევასა და მიღებულ ზიანს შორის causa proxima-ს არსებობა. მეორე მხრივ, მზღვეველმა უნდა ამტკიცოს, რომ ზიანის გამომწვევი მიზეზი წარმოადგენს კანონის ან ხელშეკრულების გამონაკლისს, რის გამოც, მასზე ვერ გავრცელდება სადაზღვევო დაფარვა.

20. მტკიცების ტვირთის სამართლიანი განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღნიშნავს შემდეგს: სადაზღვევო კომპანიის უარი ანაზღაურებაზე, მხოლოდ მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებას ეფუძნებოდა. ის გარემოება, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს უფლებამოსილი მძღოლი ინკასირების პროცესის განხორციელების მიზნით გადაადგილდებოდა სადაზღვევო კომპანიას ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ წერილით სადავოდ არ გაუხდია. ამასთან, ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სადაზღვევო კომპანიის წერილი დათარიღებულია 2022 წლის 16 სექტემბრით და ამავე წერილით დასტურდება, რომ 2022 წლის 20 ივნისის სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შესახებ მზღვეველს ეცნობა 2022 წლის 20 ივნისს. ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის პიერ შედგენილი პატაკით დასტურდება, რომ შემთხვევა გადაღებული იყო სამხრე კამერით. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 5.3.2. და 5.3.3. პუნქტებით კი, მზღვეველი ვალდებულია ...საპრეტენზიო განაცხადის წარდგენიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში მიიღოს გადაწყვეტილება და გადაწყვეტილების მიღებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში დამზღვევზე გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება ან მოტივირებული უარი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადაზღვევო კომპანიის მიერ სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით მძღოლის გაადგილების მიზნის შესახებ პრეტენზიის დაფიქსირებისას და თუნდაც სადაზღვევო კომპანიის ზემოაღნიშნული წერილის შედგენის დროისათვის, მოსარჩელე მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო მოკლებული იყო შესაძლებლობას, უზრუნველეყო სამხრე კამერების ჩანაწერით იმის დადასტურება, რომ როგორც სპეციალური დანიშნულების ავტომობილის მძღოლი, კანონის მოთხოვნათა დაცვით გადაადგილდებოდა სავალ გზაზე.

21. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მსჯელობას კასატორმა დაუპირისპირა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო შედავება და დაასაბუთა, რომ მოცემულ შემთხვევაში, N200101694 პოლისიდან გამომდინარე, მზღვეველის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი არ იკვეთება.

22. რაც შეეხება N200101694 პოლისიდან გამომდინარე, სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ოდენობას, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია სს „ფ.ა–ოს“ დეფექტური აქტი, სადაც მოცემულია ავტომანქანის დაზიანებული დეტალები და ჩასატარებელი სამუშოები, მათი ღირებულებების მითითებით. აღნიშნული დეფექტური აქტის თანხმად, ნაწილებისა და მომსახურების სრულმა ღირებულებამ შეადგინა 39880 ლარი. მოპასუხის მიერ საქმეში წარმოდგენილია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, სადავო ავტომანქანისათვის მიყენებული მატერილური ზიანის ოდენობა, ექსპერტიზის შედგენის დროის ფასის გათვალისწინებით, საორიენდაციოდ შეადგენს 17500 ლარს. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ ასანაზღაურებელი სადაზღვევო თანხის ოდენობა უნდა განისაზღვროს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, ვინაიდან, აღნიშნული დასკვნით ნათლად დგინდება ავტომობილის საბაზრო ღირებულება დაზიანებამდე, მისი დამზადების წლის, ექსპლუატაციაში ყოფნის ხანგრძლივობის, ასევე მსგავსი, ტექნიკურად გამართული ავტომობილების ექსპერტიზის შედგენის დროისათვის არსებული საბაზრო ღირებულებებისა და საავტომობილო ბაზრობებსა და ინტერნეტ გვერდებზე მოპოვებული ინფორმაციის გათვალისწინებითა და კორექტირებით (25000 ლარი), მხედველობაშია მიღებული აღნიშნული ავტომობილის საბაზრო ღირებულება საგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანებების გათვალისწინებით (7500) და შესაბამისად, ზიანის ოდენობად მიჩნეულია საბაზრო ღირებულებას გამოკლებული მისივე ნარჩენი ღირებულება (25000-7500=17500 ლარი).

23. კასატორის პრეტენზია შეეხება N200105994 პოლისიდან გამომდინარე დამდგარი სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებას. საკასაციო პალატა მიიჩნევს, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად იქნა გათვალისწინებული ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა, მის შესაბამისად განისაზღვრა 13448 ლარი, დამდგარი ზიანის ასანაზღაურებელ ოდენობად და ამ ნაწილში კასატორმა ვერ წარმოადგინა დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

24. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე. პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს და სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. სს „ს.კ.ე.ჯ–იას“ შპს „დ.დ.ჯ–იას“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 17500 ლარის გადახდა N200101694 პოლისიდან გამომდინარე დამდგარი სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების მიზნით.

25. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

26. განსახილველ შემთხვევაში, სსსკ-ის 53-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სამივე ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის (დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციული) - 2100 (525+700+875) ლარის ანაზღაურება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 408.3-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. შპს „დ.დ.ჯ–იას“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 მარტის გადაწყვეტილების პირველი პუნქტი და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. შპს „დ.დ.ჯ–იას“ სარჩელი სს „ს.კ.ე.ჯ–იას“ მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

4. სს „ს.კ.ე.ჯ–იას“ შპს „დ.დ.ჯ–იას“ სასარგებლოდ დაეკისროს 17500 ლარის გადახდა;

5. სს „ს.კ.ე.ჯ–იას“ (........) შპს „დ.დ.ჯ–იას“ (.......) სასარგებლოდ სამივე ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 2100 (525+700+875) ლარის ანაზღაურება.

6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე არჩილ კოჭლამაზაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

თეა ძიმისტარაშვილი