საქმე №ას-17-2025 24 ოქტომბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
I საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ი.ჯ–ი“ (მოსარჩელე)
II საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ი.ჯ–ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება
I საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება
II საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება
დავის საგანი – დაკისრებული პირგასამტეხლოს გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომში - „სამსახური“ ან „მოპასუხე“) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: შპს „ი.ჯ–ის“ (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „მოსარჩელე კომპანია“) სარჩელი დაკისრებული პირგასამტეხლოს უკანონოდ ცნობისა და მისი გაუქმების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოსარჩელე კომპანიას სამსახურის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლო, ჯამში - 2192.33 ლარის ოდენობით.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2019 წლის 27 ნოემბერს მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №11/66 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელე კომპანია ახორციელებს სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში კვებით მომსახურებას;
2.2. ხელშეკრულების 5.3. პუნქტის თანახმად, სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებულ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა, ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა, გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა და პენიტენციური დაწესებულებების მოსამსახურეთა ხელშეკრულების მე-2 მუხლით განსაზღვრული რიცხვი შესაძლებელია იყოს უფრო ნაკლები ან განსაკუთრებულ შემთხვევებში უფრო მეტი. შემსყიდველი იღებს ვალდებულებას ყოველდღიურად (არაუგვიანეს 18:00 საათისა) კომპანიას მიაწოდოს დაწესებულებაში არსებულ ბრალდებულთა, მსჯავრდებულთა და მოსამსახურეთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე დღეს არ განხორციელდა ამ პუნქტში მითითებული ინფორმაციის შეტყობინება, მიმწოდებელმა უნდა იხელმძღვანელოს ბოლო დღეს მიწოდებული ინფორმაციით;
2.3. ხელშეკრულების 5.4. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია, მისთვის მიწოდებული ამ ხელშეკრულების 5.3. პუნქტში მითითებული ინფორმაციის შესაბამისად მოამზადოს საჭირო რაოდენობის კვების ულუფა და შემსყიდველის მხრიდან უფლებამოსილ პირს გადასცეს სათანადო დოკუმენტაციის თანხლებით. აღნიშნული დოკუმენტაცია გამოიყენება მიმწოდებელთან ანგარიშსწორებისას;
2.4. ხელშეკრულების 9.13. პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მიერ არ შესრულდა/არაჯეროვნად შესრულდა ხელშეკრულებითა და სატენდერო წინადადებით გათვალისწინებული რომელიმე ვალდებულება და აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის/არაჯეროვნად შესრულებისათვის არ არის გათვალისწინებული პირგასამტეხლო ამ ხელშეკრულების მე-9 მუხლით, შემსყიდველს უფლება აქვს მოსთხოვოს მიმწოდებელს პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,03%-ის ოდენობით;
2.5. ხელშეკრულების 3.7. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საერთო სავარაუდო ღირებულება შეადგენს 73 077 497.50 ლარს. ამავე, ხელშეკრულების 6.1. პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტის (მომსახურების) მიღება ფორმდება ყოველდღიური მიღება-ჩაბარების აქტით, რომელიც დასტურდება შემსყიდველისა და მიმწოდებლის მიერ საამისოდ უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელმოწერებით და ინახება შესაბამისი დაწესებულების ადმინისტრაციაში. ყოველდღიური მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე, მხარეთა შორის შეთანხმებული სიხშირით დგება შემაჯამებელი მიღება-ჩაბარების აქტი, რაც იგზავნება სამსახურში გაწეული მომსახურების ანაზღაურების მიზნით;
2.6. ხელშეკრულების 6.2. პუნქტის თანახმად, შემსყიდველის მიერ არ ანაზღაურდება მენიუთი განსაზღვრული იმ კერძის/პროდუქტის ღირებულება, რაც ფაქტობრივად არ მიეწოდა ან მიეწოდა ამ ხელშეკრულების პირობებთან შეუსაბამოდ (აღნიშნული კერძის/პროდუქტის ღირებულების ხვედრითი წილის დასადგენად დღიური კვების ღირებულების ტარიფი გაიყოფა დღიური მენიუს კალორაჟის ჯამურ ციფრზე და გამრავლდება იმ კერძის/პროდუქტის კალორიების ოდენობაზე, რაც უნდა მიწოდებოდა). მხარეები უფლებამოსილნი არიან შეთანხმდნენ ცალკეულ შემთხვევაში დაანგარიშების განსხვავებულ წესზეც;
2.7. სამსახურმა 2022 წლის 06 ოქტომბრის №293775/01 წერილით მოსარჩელე კომპანიას დაარიცხა პირგასამტეხლო, ჯამში 21 923.32 ლარის ოდენობით.
3. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა მოსარჩელის შედავებაზე, რომ მოპასუხემ კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფით დააკისრა პირგასამტეხლო. კერძოდ, სამსახურის 06.10.2022წ. წერილით, მოსარჩელემ დაარღვია 27.11.2019წ. ხელშეკრულება და №6 პენიტენციური დაწესებულების ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს არ მიაწოდა მენიუთი გათვალისწინებული საკვები. 22.09.2022წ. კვების მენიუს მიხედვით, ვახშმის ულუფაში სხვადასხვა საკვებთან ერთად უნდა დარიგებულიყო „მაწონი“, რომლის დარიგებაც ვერ მოხერხდა ადგილზე არქონის გამო, რასაც კატეგორიულად გამორიცხავს მოსარჩელე მხარე.
4. სააპელაციო პალატამ საქმეში არსებულ მტკიცებულებათა გამოკვლევისა და შეფასების შედეგად მიიჩნია, რომ სამსახურმა დაადასტურა ვალდებულების დარღვევის ფაქტი.
5. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 420-ე მუხლზე დაყრდნობით პირგასამტეხლოს სამართლიანი ოდენობის დადგენის მიზნებიდან გამომდინარე შეაფასა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ხელშეკრულების საერთო ფასი შეადგენდა 73 077 497.50 ლარს; მხარემ ვალდებულება შეასრულა ნაწილობრივ და ერთ კონკრეტულ დღეს წარსადგენ საღამოს ულუფაზე ერთი კომპონენტი - მაწონი ვერ მიაწოდა მოპასუხეს; ვალდებულების დარღვევისათვის პირგასამტეხლო დაანგარიშებულ იქნა არა შეუსრულებელი/არაჯეროვნად შესრულებული მომსახურების, არამედ - მთლიანი სახელშეკრულებო ფასიდან, რაც, პალატის შეფასებით, წარმოადგენდა შეუსაბამოდ დიდ ოდენობას (იხ. ტ. 1, ს/ფ 105-108). დარიცხული პირგასამტეხლო მთლიანი სახელშეკრულებო ფასის 0.03%-ს შეადგენდა (21 923.32 ლარს), რაც წინააღმდეგობაში მოდიოდა სსკ-ის 420-ე მუხლის რეგულაციასთან და ექვემდებარებოდა სააპელაციო სასამართლოს მიერ ათჯერ შემცირებას. პალატამ მიიჩნია, რომ 2 192.33 ლარის პირგასამტეხლოს მოცულობა სრულად უზრუნველყოფდა პირგასამტეხლოს ფუნქციასა და დანიშნულებას.
6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ორივე მხარემ შეიტანეს საკასაციო საჩივრები და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება.
7. მოსარჩელემ მიუთითა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
7.1. სასამართლომ მოსარჩელეს დააკისრა თანხის გადახდა სამსახურის სასარგებლოდ, როდესაც სამსახური აღნიშნულ საქმეში წარმოადგენს მოპასუხეს და მას მოსარჩელისთვის თანხის დაკისრება საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით (შეგებებული სარჩელით) არ მოუთხოვია. აღნიშნული წარმოადგენს სსსკ-ის 248-ე მუხლის დარღვევას;
7.2. მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა პირგასამტეხლოს გაუქმებას, რაც დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და პირგასამტეხლო გაუქმდა 19730,99 ლარის ნაწილში. შესაბამისად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ შეიძლება ჩამოყალიბებულიყო ისე, როგორც სააპელაციო პალატამ დაადგინა და მოსარჩელეს არ უნდა დაკისრებოდა თანხის გადახდა სამსახურის სასარგებლოდ.
8. მოპასუხემ მიუთითა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საფუძველზე: მოპასუხისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო სიმბოლურია და არ უზრუნველყოფს დამრღვევი პირისთვის შესაბამის სანქცირებას, ეწინააღმდეგება მხარეთა ნების ავტონომიას და პირგასამტეხლოს კანონისმიერ მიზანს - უზრუნველყოს ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულება.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 იანვრის განჩინებით - სამსახურის საკასაციო საჩივარი, ხოლო ამავე პალატის 2025 წლის 29 იანვრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 11 აპრილის განჩინებით მხარეთა საკასაციო საჩივრები ცნობილ იქნა დასაშვებად სსსკ-ის 391.5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
11. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. როგორც გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და სარჩელი დაკისრებული პირგასამტეხლოს უკანონოდ ცნობისა და მისი გაუქმების შესახებ განუხილველად უნდა დარჩეს.
12. საკასაციო პალატა, პირველ რიგში, განმარტავს, რომ საპროცესო სამართლებრივი დოქტრინა სარჩელს განსაზღვრავს, როგორც დაინტერესებული პირის მიმართვას სასამართლოსადმი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მოთხოვნით [სსსკ-ის მე-2 და მე-3 მუხლები] (იხ. სუსგ საქმე №ას-955-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი).
13. მოსარჩელის მოთხოვნათა მიხედვით შესაძლებელია სარჩელის შემდეგი კლასიფიკაცია: 1. მიკუთვნებითი, ანუ აღსრულებითი სარჩელი - მოთხოვნა გულისხმობს მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების დაკისრებას მოსარჩელის სასარგებლოდ. მაგალითად, ფულადი ვალდებულების შესრულების დაკისრება; ზიანის ანაზღაურება, სარჩოს დაკისრება. 2. აღიარებითი სარჩელი - რომელიც აღძრულია უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტის ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტის სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის იურიდიული ინტერესი. მაგალითად, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა; 3. გარდაქმნითი სარჩელი - მოთხოვნა მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის შეცვლა-შეწყვეტისაკენ, მაგალითად, განქორწინება (იხ. სუს დიდი პალატის განჩინება საქმე №ას-121-117-2016, 17 მარტი, 2016 წელი).
14. წინამდებარე სარჩელით მოსარჩელემ მოითხოვა პირგასამტეხლოს გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მოპასუხის მიერ მისთვის დარიცხული პირგასამტეხლო არის უკანონო. კერძოდ, იგი უთითებს, რომ შემსყიდველის 2022 წლის 06 ოქტომბრის №293775/01 წერილში მითითებულ დარღვევას ადგილი არ ჰქონია; ამასთან, თუ სასამართლო უკანონოდ არ აღიარებს მოთხოვნილ პირგასამტეხლოს, იგი უნდა შემცირდეს, როგორც შეუსაბამოდ მაღალი. ამდენად, სარჩელი აღძრულია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებულად ცნობისა და, შესაბამისად, უკანონოდ დარიცხული პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის შესახებ. მოთხოვნის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ აღძრულია აღიარებითი სარჩელი.
15. აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობად უნდა იკვეთებოდეს მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომელსაც სასამართლო სარჩელის დასაშვებობისას ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით ამოწმებს, ხოლო, დაშვების შემთხვევაში, სწორედ ამ ინტერესის ნამდვილობაზეა დამოკიდებული სარჩელის წარმატებულობა [სსსკ-ის 180-ე მუხლი: სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს]. აღიარებითი სარჩელის დასაშვებობისა და დასაბუთებულობის საკითხის შემოწმება სამართლის საკითხია. აქედან გამომდინარე, სასამართლომ პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე (იხ. მზია თოდუა, ჰაგენლოხი / ალავიძე / ბაქაქური / ბერეკაშვილი / გასიტაშვილი / თოდუა / მესხიშვილი / ქათამაძე / ძლიერიშვილი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი (რჩეული მუხლები), GIZ, თბილისი, 2020, გვ. 643).
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ იურიდიული ინტერესი არის ის ფაქტობრივი და სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევასაც ცდილობს მხარე აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით. აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში, იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. აღიარებითი სარჩელი უნდა ემსახურებოდეს მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას. სსსკ-ის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს, კერძოდ: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა. აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. სხვა საკითხია იურიდიული შედეგის არსებობის ან არარსებობის დადგენის სურვილი. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში (იხ. სუს დიდი პალატის განჩინება საქმე №ას-121-117-2016, 17 მარტი, 2016 წელი).
17. სსსკ-ის 180-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის, ასევე, დოკუმენტების ნამდვილობის ან მათი სიყალბის დადგენის მოთხოვნა (აღიარებითი სარჩელი) დასაშვებია თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ, ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისაგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათის მატარებელია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (იხ. სუსგ საქმე №ას-937-887-2015, 10 ნოემბერი, 2015 წელი).
18. მიკუთვნებითი (აღსრულებითი) სარჩელებისაგან განსხვავებით, რომლებიც მიმართულია დარღვეული უფლების დაცვისაკენ, აღიარებითი სარჩელების დროს მოსარჩელის უფლება ჯერ კიდევ არაა დარღვეული, მაგრამ არსებობს მისი მომავალში დარღვევის საშიშროება, რადგან ვიღაც ედავება მას ამ უფლებაში. ამასთან, აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ აღიარებითი სარჩელი დაუშვებელია, თუ უკვე შესაძლებელია სარჩელის აღძვრა ვალდებულების შესრულების თაობაზე, ე.ი. თუ შესაძლებელია, აღიძრას მიკუთვნებითი (აღსრულებითი) სარჩელი. აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის ეს უკანასკნელი კრიტერიუმი განპირობებულია საპროცესო ეკონომიისა და სწრაფი მართლმსაჯულების ინტერესებით, რათა თავიდან იქნეს აცილებული ერთი დავის ფარგლებში რამდენიმე სარჩელის აღძვრა (იხ. სუსგ საქმე №ას-148-138-2015, 27 ნოემბერი, 2015 წელი).
19. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, თუ აღიარებითი მოთხოვნის ინტერესი მიკუთვნებითი ხასიათისაა, მაშინ აღიარებითი სარჩელის წარმოებაში მიღებით სასამართლო პროვოცირებას გაუკეთებს ერთ სასარჩელო მოთხოვნაზე ორმაგი სასარჩელო წარმოების ჩატარების აუცილებლობას, რაც ეწინააღმდეგება სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების წარმართვისა და სასამართლოს ეკონომიურობის ძირითად პრინციპს. აღიარებითი სარჩელი დაუშვებელია, თუ შესაძლებელია აღიძრას მიკუთვნებითი სარჩელი. აღიარებითი სარჩელის დასაშვებობაზე არსებით გავლენას, იურიდიული ინტერესის თვალსაზრისით, ახდენს ის ფაქტი, რომ სხვა სახის სარჩელის (მაგ., მიკუთვნებითი სარჩელის) აღძვრის გზით დავის გადაწყვეტა არ უნდა იყოს შესაძლებელი (იხ. სუსგ საქმე №ას-287-273-2016, 3 აპრილი, 2017 წელი).
20. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელე სარჩელში იურიდიულ ინტერესად უთითებს „შავ სიაში“ რეგისტრაციის პრევენციასა და ფინანსური ზარალის აცილებაზე.
21. სარჩელის თანახმად, შემსყიდველმა ორგანიზაციამ შესაძლოა შეწყვიტოს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება და მიმართოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნით. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული შავი სიის წარმოების წესისა და პირობების 6.1 მუხლზე, რომლის თანახმად, შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება ჩერდება იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი/მიმწოდებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სასამართლოში გაასაჩივრებს მის მიმართ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც წარმოიშვა ამ წესის მე-3 მუხლში (იგ. შავ სიაში რეგისტრაციის საფუძვლები) მითითებული გარემოებები და სასამართლო, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეუზღუდავს სააგენტოს წერილობით შეტყობინებაზე გადაწყვეტილების მიღების უფლებას.
22. ამდენად, „შავ სიაში“ რეგისტრაციის პროცედურა თავად ითვალისწინებს მიმწოდებლის მიერ სასამართლოში სარჩელით მიმართვის შესაძლებლობას და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას ჩერდება შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება. გამომდინარე აქედან, „შავ სიაში“ რეგისტრაციის პრევენცია ვერ იქნება მიჩნეული მსგავსი სარჩელის აღძვრის ნამდვილ იურიდიულ ინტერესად.
23. რაც შეეხება ფინანსურ ზარალს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, ვინაიდან მოსარჩელის აღიარებითი მოთხოვნა საბოლოოდ მიმართულია პირგასამტეხლოს გაუქმებისკენ/შემცირებისკენ, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რაც მოსარჩელეს სურს რომ მიიღოს, უნდა არსებობდეს კიდეც დავა პირგასამტეხლოს გადახდევინებაზე. მოცემულ შემთხვევაში კი დადგენილია, რომ სამსახურმა 2022 წლის 06 ოქტომბრის №293775/01 წერილით მოსარჩელე კომპანიას დაარიცხა პირგასამტეხლო, ჯამში 21 923.32 ლარის ოდენობით (იხ. წინამდებარე განჩინების 2.7 ქვეპუნქტი). წერილის თანახმად, გადაუხდელობის შემთხვევაში, აღნიშნული თანხა გამოიქვითებოდა მოსარჩელის მიერ წარდგენილი მომსახურების ხარჯიდან (იხ. ტ. 1, ს.ფ. 41,42). შესაბამისად, ვინაიდან შემსყიდველ ორგანიზაციას არ გაუქვითავს დარიცხული პირგასამტეხლო მომსახურების ხარჯიდან, მიიჩნევა, რომ არ არსებობს დავა უფლებაზე. მოსარჩელის ინტერესი კი პირგასამტეხლოს გაუქმების, მისგან განთავისუფლების, მისი უკანონოდ ცნობის გზით მიმართულია მომავალში მის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების მიღებისკენ, რომლის მიღწევის საუკეთესო საშუალება შესაძლოა იყოს მოსარჩელის მიერ დავის აღძვრა მის მიერ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების მოთხოვნით (მიკუთვნებითი სარჩელი), რომლის ფარგლებშიც შემოწმდება როგორც პირგასამტეხლოს დაკისრების კანონიერება, ასევე შესაძლებელი გახდება პირგასამტეხლოს შემცირების საკითხზე მსჯელობა [სსკ-ის 420-ე მუხლი].
24. საკასაციო პალატა ასევე ყურადღებას გაამახვილებს პირგასამტეხლოს, როგორც ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებაზე, რომლის მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ. „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა. პირგასამტეხლოს ფუნქციის არსი განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაა. შესაბამისად, ისეთი სარჩელების წარმოებაში მიღებით, როდესაც მოპასუხე კრედიტორს ჯერ არ უსარგებლია მხარეთა თავისუფალი ნების პირობებში შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრებით უფლებით, რისკის ქვეშ დგება ზოგადად ხელშეკრულების შესრულება, ხოლო პირგასამტეხლომ შესაძლოა დაკარგოს საკუთარი ფუნქცია და დანიშნულება. გამომდინარე აქედან, მსგავსი აღიარებითი სარჩელები იურიდიული ინტერესის კუთხით მოვალე მოსარჩელეთა მხრიდან მეტ დასაბუთებას მოითხოვს.
25. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტური და რეალური დაცვა უნდა იყოს. ის არ უნდა იყოს ფორმალური ხასიათის, რომელსაც დავის აღმოფხვრა შედეგად არ მოჰყვება. საქმეზე: Apostol v. Georgia; §37; ასევე, Hornsby v.Greece, §40 ევროსასამართლომ განმარტა, რომ საერთო სასამართლოებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ აღძრული სარჩელისადმი მოსარჩელის იურიდიულ ინტერესზე, ასევე, იმ საკითხზე, თუკი აღიარებითი სარჩელის ნაცვლად, შესაძლებელია მიკუთვნებითი მოთხოვნის წაყენება მოპასუხისადმი, რაც იმავდროულად გადაწყვეტილების აღსრულებაუნარიანობის საკითხსაც უკავშირდება, რადგან გადაწყვეტილების აღსრულება მხარისათვის გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს განუყოფელი ნაწილია (იხ. სუსგ საქმე №ას-36-2019, 27 ივნისი, 2019 წელი). ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით რეგულირებულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. კონვენციის აღნიშნული დათქმა, ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ექვემდებარება ფართო განმარტებას და თავის თავში არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს, არამედ, სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტიან და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა შედეგად არ მოჰყვება (იხ. სუსგ საქმე №ას-302-285-2017, 16 ივნისი, 2017 წელი).
26. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო დაესაბუთებინა აღიარებითი მოთხოვნის მიმართ მისი ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობა, როგორც აღიარებითი სარჩელის წარმოებაში მიღებისა და განხილვის აუცილებელი წინაპირობა [სსსკ-ის 178.1 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი, ამავე კოდექსის 186.1 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი (სარჩელის აღძვრის დროს მოქმედი რედაქცია)].
27. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი განუხილველად უნდა დარჩენილიყო საქმისწარმოების პირველივე ეტაპზე. შესაბამისად, არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აბსოლუტური საფუძველი [გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია].
28. ამასთან, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სსსკ-ის 399-ე, 372-ე მუხლებითა და 187.2. მუხლის მე-2 წინადადებით, რომლის თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოხმობილი ნორმა მითითებითი ხასიათისაა და მასში ამავე კოდექსის 275-ე მუხლის წინაპირობების შემოწმებაზეა საუბარი, თუმცა ეს უკანასკნელი ნორმაც არ შეიცავს სარჩელის განუხილველად დატოვების ამომწურავ ჩამონათვალს, რის გამოც დასაშვებია საპროცესო ანალოგიის პრინციპის გამოყენება (სსსკ-ის მე-7 მუხლი) იმ შემთხვევისათვის, როდესაც იკვეთება სარჩელის მიღებაზე უარის თქმის კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა (იხ. სუსგ საქმე №ას-36-2019, 27 ივნისი, 2019 წელი). რადგანაც მოცემულ შემთხვევაში აღიარებითი სარჩელი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის მოთხოვნას, ამავე კოდექსის 186-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
29. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სარჩელის განუხილველად დატოვების გამო, სსსკ-ის 187.2. მუხლის მე-3 წინადადების შესაბამისად [მთავარი სხდომის დანიშვნამდე სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი, ხოლო საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს არ დაუბრუნდება], მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 ლარი.
30. სსსკ-ის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, ვინაიდან საკასაციო პალატის წინამდებარე განჩინებით სარჩელი განუხილველად იქნა დატოვებული, პალატა მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს მისი უზრუნველყოფის მიზნით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 07 ოქტომბრის განჩინებით საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაც.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე, 399-ე, 372-ე, 187.2, 284-ე, 285-ე, 408.3, 1991 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და შპს „ი.ჯ–ის“ საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება;
3. შპს „ი.ჯ–ის“ სარჩელი დარჩეს განუხილველად;
4. კასატორს შპს „ი.ჯ–ს“ (საიდ. კოდი: ........) დაუბრუნდეს ბ. ნ–ძის მიერ 2025 წლის 28 იანვარს №25685318349 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
5. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 07 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს აეკრძალა 2022 წლის 06 ოქტომბრის №293775/01 წერილის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმის - 21923,32 ლარის ჩამოჭრა/გაქვითვა მხარეთა შორის გაფორმებული №11/66 მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე გადასახდელი თანხებიდან;
6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი
ა. ძაბუნიძე