Facebook Twitter

საქმე № ა-370-ა-10-2025 30 ოქტომბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე

ბადრი შონია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განცხადების ავტორი – ვ.ხ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს ს.რ–ა (მოპასუხე)

განმცხადებლის მოთხოვნა – გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ვ.ხ–მა (შემდგომში - „მოსარჩელე“, „კასატორი“) სარჩელი აღძრა სს „ს.რ–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“) მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ მოითხოვა შრომითი ურთიერთობის დამსაქმებლის ინიციატივით შეწყვეტის შესახებ გამოვლენილი წერილობითი ნების - ბრძანების ბათილად ცნობა, გათავისუფლებამდე დაკავებულ პოზიციაზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის დაკისრება, დისკრიმინაციული მოპყრობიდან გამომდინარე მატერიალური ზიანის ანაზღაურება.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 4 დეკემბრის განჩინებით ვ.ხ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივნისის განჩინებაზე, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.

ვ.ხ–მა 2025 წლის 20 ოქტომბერს გაცხადებით (ზ-370-25) მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

8. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადებისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და საქმის წარმოების განახლების თაობაზე უნდა დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საკითხი რეგლამენტირებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-427-ე მუხლებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ ა) გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში; ბ) ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე; გ) პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე. დ) სასამართლო უწყება ამ კოდექსის 71-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად ჩაბარებულად ჩაითვალა, თუმცა გამოუცხადებელი მოპასუხე სასამართლოს წინაშე აცხადებს, რომ მას ბრალის გარეშე არ ჰქონდა ინფორმაცია სასამართლო უწყების ან/და სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, რის გამოც არ მიეცა შესაძლებლობა, წარედგინა შესაგებელი ან/და გაესაჩივრებინა სასამართლოს გადაწყვეტილება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ: ა) აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია; ბ) დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება; გ) დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება; დ) სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა; ე) მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ; ვ) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; ზ) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს; თ) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ − კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი გადაწყვეტილება ამ დარღვევას ეფუძნება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება. ამავე კოდექსის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს: ა) გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტ დასახელებას; ბ) მითითებას იმ საფუძვლებზე, რომელთა გამოც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ან საქმის განახლება; გ) მითითებას იმ გარემოებებზე, რომლებიც მოწმობენ, რომ დაცულია განცხადების შეტანის ვადა, და ამ გარემოებების დამადასტურებელ მტკიცებულებებზე; დ) მითითებას განსჯადობის წესების დაცვის თაობაზე; ე) მითითებას იმის შესახებ, თუ რა ზომით და რა ფარგლებში მოითხოვს განმცხადებელი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და სხვა გადაწყვეტილებით მის შეცვლას. ზემოაღნიშნული ნორმები შეიცავს აუცილებელ მონაცემთა ჩამონათვალს, რომელთაც გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს. პალატა განმარტავს, რომ ამათგან უმნიშვნელოვანესია მითითება საკუთრივ იმ საფუძვლებზე, რომელთა გამოც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და საქმის წარმოების განახლების საპროცესო ვალდებულება აკისრია იმ სასამართლოს, რომელმაც გადაწყვეტილება გამოიტანა. განსახილველ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივნისის განჩინებით. ხოლო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 4 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლო და არა საქართველოს უზენაესი სასმართლო. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი განცხადების შინაარსიდან გამომდინარე, იგი ითხოვს სწორედ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და საქმის წარმოების განახლებას. შესაბამისად, ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, აღნიშნული განცხადების განხილვის უფლებამოსილება გააჩნია სწორედ იმ სასამართლოს, რომელმაც საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო და არა იმას, რომელმაც გაიზიარა ამ გადაწყვეტილებით დადგენილი მართლწესრიგის კანონიერება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსთვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე ან სასამართლოს შეხედულებაზე ვერ იქნება დამოკიდებული. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არაა უფლებამოსილი, იმსჯელოს წარმოდგენილი განცხადების შინაარსობრივ მხარეზე, რის გამოც მოსარჩელის განცხადება, გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე, 399-ე, 421-ე, 422-ე, 423-ე, 425-ე, 427-ე, 429-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ვ.ხ–ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 4 დეკემბრის განჩინების (საქმე №ას-1151-2024) ბათილად ცნობის და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ბადრი შონია