14 მარტი 2025 წელი
№ას-162-2025 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - შ.პ.ს. „ჩ–ი“
მოწინააღმდეგე მხარე - შ.პ.ს. „გ.ლ–სი“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 07 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შ.პ.ს. „გ.ლ–მა“ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა მოპასუხე - შ.პ.ს. „ჩ–ის“ მიმართ და მოითხოვა:
1.1. მოპასუხე შ.პ.ს. „ჩ–ის“ შ.პ.ს. „გ.ლ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს, მხარეთა შორის 2021 წლის 15 ნოემბერს #NGL21252 სატრანსპორტო-საექსპედიციო მომსახურების ხელშეკრულების შესაბამისად, 2022 წელს გაწეული ტვირთების გადაზიდვის მომსახურების ღირებულებიდან - 17 800 ა.შ.შ. დოლარიდან დარჩენილი მომსახურების დავალიანების - 4 284.73 ლარის ოდენობით გადახდა;
1.2. მოპასუხე შ.პ.ს. „ჩ–ის“ შ.პ.ს. „გ.ლ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს, მხარეთა შორის 2021 წლის 15 ნოემბერს #NGL21252 სატრანსპორტო-საექსპედიციო მომსახურების ხელშეკრულების შესაბამისად, შ.პ.ს. „გ.ლ–ის“ მიერ 2022 წელს ტვირთების თბილისიდან (საქართველო) მოსკოვში (რუსეთის ფედერაცია) ავტოტრანსპორტით გადაზიდვისა და ლიანიუნგანგიდან (ჩინეთი) თბილისში (საქართველო) სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვის უზრუნველსაყოფად გაწეული მომსახურების ღირებულების ვადების დარღვევის გამო, ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ანაზღაურება, ასანაზღაურებელი თანხების 3 300 ა.შ.შ. დოლარის და 14500 ა.შ.შ. დოლარის 0.1%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე, თუმცა არაუმეტეს მთელი ასანაზღაურებელი მომსახურების ღირებულების - 17 800 ა.შ.შ. დოლარის 20%-ის ოდენობით.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა ზიანის 4 284.73 ლარისა და პირგასამტეხლოს 2 589.90 ა.შ.შ დოლარის გადახდა, ასევე, იურიდიული მომსახურების საფასურის 447.94 ლარის გადახდა.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, შემცირებული თანხების დაკისრება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 07 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შემდეგი ფაქტობრივსამართლებრივი საფუძვლებით:
5.1. 2021 წლის 15 ნოემბერს შ.პ.ს. „გ.ლ–სა“ და შ.პ.ს. „ჩ–ის“ შორის დაიდო #GL21252 სატრანსპორტო-საექსპედიტორო მომსახურების გენერალური ხელშეკრულება.
5.2. 2022 წლის 08 ივლისს, ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, შ.პ.ს. „გ.ლ–ი“ და შ.პ.ს. „ჩ–ი“ შეთანხმდნენ გადაზიდვის მომსახურებაზე. მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 3 300 ა.შ.შ. დოლარი. აღნიშნული თანხის ანაზღაურება უნდა განხორციელებულიყო 2022 წლის 21 ივლისს.
5.3. 2022 წლის 13 მაისს, 2021 წლის 15 ნოემბრის #GL21252 ხელშეკრულების საფუძველზე, შ.პ.ს. „გ.ლ–ი“ და შ.პ.ს. „ჩ–ი“ შეთანხმდნენ გადაზიდვის მომსახურებაზე. მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 14500 ა.შ.შ. დოლარი. აღნიშნული თანხის ანაზღაურება უნდა განხორციელებულიყო 2022 წლის 30 ივლისს.
5.4. 2021 წლის 15 ნოემბრის #GL21252 ხელშეკრულების 4.3.2. ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის ვადების დარღვევის შემთხვევაში, „შემსრულებელი“ უფლებამოსილი იყო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მოეთხოვა პირგასამტეხლო 0.1% ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს მთელი ღირებულების 20%-ისა.
5.5. 2023 წლის 18 მაისს შ.პ.ს. „ჩ–იმ“ შ.პ.ს. „გ.ლ–ს“, N1684397425 საგადახდო დავალების შესაბამისად, ანგარიშზე ჩაურიცხა 45 117.66 ლარი.
5.6. პალატამ მიუთითა, რომ მხარეთა შორის დავა გამომდინარეობდა სატრანსპორტო-საექსპედიტორო მომსახურების ხელშეკრულებიდან, რაც რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 730-ე მუხლით.
5.7. პალატამ მიუთითა უდავო გარემოებებზე, რომლის თანახმადაც, მოსარჩელემ იკისრა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, ხოლო მოპასუხემ მომსახურების საფასური არა ვადაში, არამედ მოგვიანებით გადაიხადა. ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, ვალუტის კურსთა სხვაობის გათვალისწინებით, მოსარჩელე მიიღებდა არა 45 117.66 ლარს, არამედ 49 402,39 ლარს - ანუ 4 284,73 ლარით მეტს (49 402,39- 45 117,66), რომლის ანაზღაურებაც მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა.
5.8. პალატამ განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურების დამფუძნებელი ნორმები კი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე, 408.1 და 409-ე მუხლები იყო. პალატამ ასევე იმსჯელა ზიანის არსებობის დამადასტურებელ ელემენტებზეც.
5.9. განსახილველ შემთხვევაში პალატამ მიუთითა, რომ ვინაიდან ვალდებულების წარმოშობის დღე და ვალდებულების ფაქტობრივად შესრულების დღე ერთმანეთს არ ემთხვეოდა და დადგენილი იყო, რომ ვალდებულება 10-თვიანი ვადაგადაცილებით შესრულდა, კონტრაგენტს კურსთა შორის სხვაობის სახით, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება ჰქონდა. 408-ე მუხლის მიხედვით, კურსთა შორის სხვაობა, როგორც ფაქტობრივად დამდგარი ზიანი, ანაზღაურებას ექვემდებარებოდა.
5.10. ზიანის ანაზღაურების მოცულობის განსასაზღვრად კი დასადგენი იყო ზიანის რეალური ოდენობა. პალატამ მიუთითა, საქმეში არსებულ გარემოებებზე, რომლებითაც დგინდებოდა, რომ ვალდებულება ლარში უნდა შესრულებულიყო. ამასთან, ვალდებულების წარმოშობის თარიღებში არსებული ვალუტის კურსით მოპასუხეს 49 402.39 ლარი უნდა გადაეხადა. ვინაიდან მოპასუხის მიერ გადახდილი იყო 45 117.66 ლარი, სახეზე იყო მოპასუხისათვის 4 284.73 ლარის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები.
5.11. პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში პალატამ მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მისი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.05%-ით - 8.9 ა.შ.შ. დოლარით, განსაზღვრა, რამაც ჯამში 2589.9 ა.შ.შ. დოლარი შეადგინა, სრულად უზრუნველყოფდა შესასრულებელი ვალდებულების დარღვევისთვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას. სააპელაციო საჩივრის საფუძვლებთან დაკავშირებით კი, რომელშიც აპელანტი მიუთითებდა ზიანისა და პირგასამტეხლოს დაანგარიშების ახალ საფუძვლებზე, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილით აპელანტს ევალებოდა ახალი გარემოებების შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე მიუთითებლობის საპატიოობის მტკიცების ტვირთი, რაც მას სააპელაციო სასამართლოსთვის არ წარუდგენია, შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მოთხოვნების უგულებელყოფით აპელანტმა პროცესუალურად დაკარგა ახალ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით შედავების კანონისმიერი უფლება, რაც ნიშნავდა, რომ ამავე კოდექსის 380-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა მათზე ვერ იმსჯელებდა.
6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით კურსთაშორის სხვაობით გამოწვეული ზიანის 4 284.73 ლარის 842.255 ლარამდე შემცირება, ხოლო შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს 2 589.80 ა.შ.შ. დოლარის 1 355 ა.შ.შ. დოლარამდე შემცირება.
6.1. კასატორის მტკიცებით, სასამართლოს მიერ ექსპედიტორის მოსაზრების გაზიარება ზიანის მთლიანი თანხიდან დათვლის თაობაზე არასწორი და უსამართლოა რის შედეგადაც მოსარჩელეს ეძლევა ისეთი სარგებლის მიღების შესაძლებლობა, რომელიც მას არ ეკუთვნის და უსაფუძვლოდ ამდიდრებს მას. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ანგარიშფაქტურაში #GL 22-001210 განსაზღვრულია ანგარიშსწორების პირობები: „გადახდა დოლარში“. მომსახურების სრული საფასური არ წარმოადგენდა მოსარჩელის მოგებას. ამ თანხიდან 17 800 ა.შ.შ. დოლარიდან 3 000+12 250=15 250 ა.შ.შ. დოლარი მოსარჩელის მიერ გადახდილია გადამზიდველებისათვის (თავისი ქვეკონტრაქტორებისათვის) იმავე ვალუტაში - ა.შ.შ დოლარში და ის მოპასუხის მიერ ანაზღაურებულია. ამიტომ ექსპედიტორისთვის სრული თანხიდან კურსთაშორისი სხვაობით გამოწვეული ზიანის დათვლა არასწორია. მოპასუხის სასარგებლოდ გაწეული ტვირთების გადაზიდვისთვის: მოსკოვი-თბილისი, ლიანიუნგანგი(ჩინეთი)-თბილისი დადგენილი მომსახურებიდან 17 800 ა.შ.შ. დოლარიდან ექსპედიტორისთვის მომსახურების საფასური (მოგება) შეადგენდა 2 550 ა.შ.შ. დოლარს (300 ა.შ.შ. დოლარი + 2 250 ა.შ.შ. დოლარი), რომელიც ვალდებულების დღეს რომ შესრულებულიყო, შეადგენდა 7 305.84 ლარს. აღნიშნულისაგან განსხვავებით, 2023 წლის 18 მაისს ექსპედიტორმა მიიღო 2550 აშ.შ. დოლარი, რაც იმ დროს არსებული კურსით შეადგენდა 6463.485 ლარს, შესაბამისად, ექსპედიტორისთვის კურსთაშორისი სხვაობით გამოწვეულმა ზიანმა ორივე გადაზიდვიდან შეადგინა 842.355 ლარი.
6.2. რაც შეეხება დაკისრებულ პირგასამტეხლოს, კასატორის აზრით, ის შეუსაბამოდ მაღალია და ექვემდებარება შემცირებას. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილების პერიოდი შეადგენდა მხოლოდ 10 თვეს. ამასთან, კასატორს წარმოდგენილი ჰქონდა საექსპერტო/აუდიტორული დასკვნა კომპანიის მიერ ჩატარებული რეორგანიზაციის საჭიროებების ანალიზისა და მიღებული ფინანსური ოპტიმიზაციის შედეგების შესახებ. სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას ყურადღება უნდა გაამახვილოს მოვალის მძიმე ფინანსურ მდგომარეობასა და მის ბრალეულობაზე. მითითებული დარღვევაც აღნიშნული მძიმე ფინანსური მდგომარეობის შედეგს წარმოადგენდა და შესაბამისი სახსრების მოძიების შემდეგ, მან კეთილსინდისიერად გადაიხადა თანხა. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პირგასამტეხლო თავის თავში მოიცავს მინიმალური ზიანის ანაზღაურებასაც. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს მოთხოვნილი აქვს კურსთაშორის სხვაობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, შესაბამისად, პირგასამტეხლოს ფუნქცია, განცდილი მინიმალური ზარალის ანაზღაურება, ფაქტობრივად აღარ არსებობს. აღნიშნული კიდევ უფრო ამყარებს იმ გარემოებას, რომ დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს. დაკისრებული ოდენობით პირგასამტეხლო კრედიტორისათვის სარგებლის მომტანია და იმაზე მეტ შესრულებას იღებს ვიდრე მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. კასატორის აზრით, 17 800 ა.შ.შ. დოლარის 14.55% პირგასამტეხლოს დაკისრება 10-თვიანი დაგვიანების გამო არა მაკომპენსირებელი, არამედ არათანაზომიერი და არაგონივრულია, სცდება კეთილსინდისიერების ფარგლებს და კრედიტორს სარგებლის მიღების შესაძლებლობას აძლევს. კასატორმა იმსჯელა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სასამართლოს მხრიდან შემცირების შესაძლებლობაზე და ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ბიზნეს სესხით სარგებლობის შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიაზე მაქსიმალურ საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 9%-ს. კასატორის განმარტებით, ამ მაქსიმალური პროცენტულობითაც რომ იქნეს დაანგარიშებული პირგასამტეხლო სამართლიანობის, გონივრულობისა და თანასწორობის ფარგლებში მისი ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 9%/12=0.75%-ს. შესაბამისად 17 800 ა.შ.შ. დოლარის 0.75% შეადგენს 133.5 ა.შ.შ. დოლარს. განსახილველ შემთხვევაში ვალდებულების 10 თვით დაგვიანების გამო პირგასამტეხლოს მაქსიმალური ოდენობა უნდა განისაზღვროს 1 335 ა.შ.შ. დოლარით.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მტკიცების ტვირთის მართებულად გადანაწილებით, სააპელაციო სასამართლოში მხარეთათვის უზრუნველყოფილი იქნა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის კონსტიტუციურ პრინციპზე დაყრდნობით საქმის გამოკვლევა და შესწავლა (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-5 მუხლები). სააპელაციო სასამართლომ კანონის შესაბამისად დაადგინა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი წანამძღვრები და სამართლებრივად, არსებითად სწორად შეაფასა, ხოლო კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
11. საქმეში არსებული მასალების მიხედვით, მოსარჩელემ, მხარეთა შორის არსებული 2021 წლის 15 ნოემბრის ხელშეკრულების ფარგლებში მომსახურება გაუწია მოპასუხეს. მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულება - მომსახურების საფასურის გადახდის თაობაზე, დათქმულ ვადაში არ შესრულდა. კერძოდ, მოპასუხეს 2022 წლის 13 მაისის შეთანხმებიდან გამომდინარე, 2022 წლის 30 ივლისს მოსარჩელისათვის უნდა აენაზღაურებინა 14 500 ა.შ.შ. დოლარი, ხოლო 2022 წლის 08 ივლისის შეთანხმებიდან გამომდინარე, 2022 წლის 21 ივლისს უნდა აენაზღაურებინა 3300 ა.შ.შ. დოლარი. მოპასუხემ 2023 წლის 18 მაისს მოსარჩელის ანგარიშზე ჩარიცხა 45 117.66 ლარი და განმარტა, რომ აღნიშნული თანხა წარმოადგენდა 2021 წლის 15 ნოემბრის ხელშეკრულების ფარგლებში გაწეული მომსახურების საფასურს.
12. დადგენილია, რომ მხარეთა შორის წარმოიშვა სატრანსპორტო ექსპედიციის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა, რაც წესრიგდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 730-ე მუხლის პირველ ნაწილით (ექსპედიციის ხელშეკრულებით ექსპედიტორი კისრულობს თავისი სახელითა და შემკვეთის ხარჯზე განახორციელოს ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული მოქმედებანი. შემკვეთი მოვალეა, გადაიხადოს შეთანხმებული პროვიზია). მოსარჩელის მოთხოვნა კი, სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, ეფუძნება ამავე კოდექსის 394-ე მუხლის პირველ ნაწილსა და (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის), 408-ე-409-ე მუხლებს (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. და თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება). რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას პირგასამტეხლოს თაობაზე, მისი სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლი.
13. მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილება, ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილება ვალდებულების ფაქტობრივად შესრულების დღის მდგომარეობით და ზიანის ფაქტი. კასატორის ძირითადი პრეტენზია ეფუძნება იმ გარემოებას, რომ ზიანის ოდენობა არასწორად განისაზღვრა. მომსახურების სრული საფასური არ წარმოადგენდა მოსარჩელის მოგებას. შესაბამისად, არასწორი იყო ექსპედიტორისთვის გადახდილი სრული თანხიდან კურსთაშორისი სხვაობით გამოწვეული ზიანის დათვლა. ზიანი უნდა დათვლილიყო მხოლოდ მოგებიდან. ამასთან, პირგასამტეხლოს ოდენობაც შეუსაბამოდ მაღალი იყო და ექვემდებარებოდა შემცირებას.
14. დადგენილია, რომ მომსახურების საფასური განისაზღვრა ამერიკულ დოლარში და გადახდა უნდა განხორციელებულიყო ეროვნულ ვალუტაში. მოპასუხემ 17800 ა.შ.შ. დოლარი აანაზღაურა ეროვნულ ვალუტაში ვალდებულების ფაქტობრივად შესრულების დღეს მოქმედი კურსის შესაბამისად.
15. პალატა განმარტავს, რომ ვალუტის კურსთა შორის სხვაობით გამოწვეული ზიანის გადაანგარიშების ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვადამოსული ვალდებულების წარმოშობის დღე და ვალდებულების ფაქტობრივად შესრულების დღე ერთმანეთს არ ემთხვევა, ანუ როდესაც, ადგილი აქვს ვადაგადაცილებას. ასეთ შემთხვევაში, კონტრაგენტს კურსთა შორის სხვაობის სახით, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აქვს. კონტრაგენტისათვის მიყენებული ზიანი იმ დანაკლისში გამოიხატება, რაც მან ვალდებულების წარმოშობის დროიდან, ანუ იმ დღიდან როდესაც ვალდებულება უნდა შესრულებულიყო, ფაქტობრივ შესრულებამდე, ფულის ერთეულის (კურსის) მისთვის საუარესო ცვლილებით განიცადა. ასეთ შემთხვევაში, კურსთა შორის სხვაობა, როგორც ფაქტობრივად დამდგარი ზიანი, ანაზღაურებას ექვემდებარება (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლი) (შდრ. სუსგ. #ას-130-122-2017 24 მარტი, 2017 წელი).
16. საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის მსჯელობას და განმარტავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრისათვის არსებითია, დადგინდეს ზიანის რეალური ოდენობა - ის ფაქტობრივი დანაკლისი, რაც ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის მოქმედებით დაზარალებულ მხარეს მიადგა. ასეთ დროს კი, ზიანის ოდენობის განსაზღვრის მიზნით, სწორედ მატერიალური დანაკლისის საბაზრო ღირებულების განსაზღვრას ენიჭება მნიშვნელობა. მოვალეს არ შეიძლება, დაეკისროს იმაზე მძიმე ფინანსური ტვირთი, ვიდრე ეს მისი ვალდებულებულების არსს შეესატყვისება (შდრ. სუსგ. #ას-1280-2018, 30 ოქრტომბერი, 2019 წელი). დადგენილია, რომ მოპასუხემ 18.05.2023 წელს 17 800 ა.შ.შ. დოლარი აანაზღაურა ლარში იმ დღეს მოქმედი კურსის შესაბამისად. ამასთან, საქმეში არსებული მასალებით ირკვევა და მოპასუხის მიერ შედავებული არ ყოფილა 21.07.2022 წელს ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება ეროვნული ბანკის კურსის შესაბამისად 2.8203 ლარი იყო, ხოლო 30.07.2022 წელს - 2.7652 ლარი, მოპასუხეს 21.07.2022 წელს 9 306.99 ლარი (3 300 ა.შ.შ. დოლარის ეკვივალენტი ლარი), ხოლო 30.07.2022 წელს 40 095.4 (14 500 ა.შ.შ. დოლარი ეკვივალენტი ლარი) ანუ ჯამში 49 402.39 ლარი უნდა გადაეხადა. გამომდინარე იქიდან, რომ მოპასუხემ გადახდის დღეს არსებული კურსით ჩაურიცხა მოსარჩელეს 45 117.66 ლარი, ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოსარჩელე მიიღებდა 49402.39 ლარს, შესაბამისად, სახეზეა მოპასუხისათვის 4284.73 ლარის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები. მოსარჩელემ შეძლო მისი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტის _ ზიანის ოდენობის დადასტურება სათანადო მტკიცებულების წარდგენით, ხოლო მოპასუხეს ეს გარემოება სარწმუნო მტკიცებულებით არ გაუქარწყლებია.
17. როგორც აღინიშნა კასატორის პრეტენზია დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობასაც შეეხება. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე-418-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლოს მრავალჯერ განუმარტავს პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები. „ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის მოვალეობის წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...“ (იხ. ს.უ.ს.გ. №ას-1373-2018, 17.01.2019წ.; №ას-848-814-2016, 28.12.2016წ.; №ას-816-767-2015, 19.11.2015წ.; №ას-953-918-2016, 22.11.2016წ.).
18. “პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. სუსგ-ები: №ას-1373-2018, 17.01.2019; № ას 848-814-2016, 28.12.2016; №ას-816-767-2015, 19.11.2015; №ას-953-918-2016, 22.11.2016).
19. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.1%, მაგრამ არაუმეტეს მთლიანი ღირებულების 20%-სა. საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის მსჯელობას, რომ 17800 ა.შ.შ. დოლარის 291 დღის დაგვიანებით ჩარიცხვისათვის პირგასატეხლოს ოდენობის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.05%-მდე შემცირება რაც 8.9 ა.შ.შ. დოლარი გამოდიოდა და ჯამში 2589.9 ა.შ.შ. დოლარს შეადგენდა, სრულად უზრუნველყოფდა შესასრულებელი ვალდებულების დარღვევისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას.
20. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, რომელშიც ის პირგასამტეხლოს გამოთვლის ახალ საფუძვლებზე უთითებს, კერძოდ აღნიშნავს, რომ ბიზნეს სესხით სარგებლობის შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიაზე მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი წლიურ 9%-ს შეადგენს. აქედან გამომდინარე, მაქსიმალური პროცენტულობითაც რომ იქნეს დაანგარიშებული მისი ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 9%/12=0.75%-ს რაც 10-თვიანი დაგვიანების გამო შეადგენს 1 335 ა.შ.შ. დოლარს, პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის უგულებელყოფით, რაც მხარეებს ზღუდავს ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები და მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, მან პროცესუალურად დაკარგა ახალ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით შედავების კანონისმიერი უფლება, რაც ნიშნავდა, რომ ამავე კოდექსის 380-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა მოკლებული იყო მითითებულ პრეტენზიაზე მსჯელობის შესაძლებლობას.
21. ამდენად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა პირგასამტეხლოს ოდენობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მართებულად განსაზღვრეს 2 589.9 ა.შ.შ. დოლარით.
22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
23. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ ვლინდება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
24. ამრიგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს.
25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 237 ლარი და 30 თეთრი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ.პ.ს. „ჩ“-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. შ.პ.ს. „ჩ“-ს (ს/ნ ..........) დაუბრუნდეს ზ. შ–ძის (პ/ნ ........) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 339 ლარის (საგადახდო დავალება № 1738748452, გადახდის თარიღი: 05.02.2025წ, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „თიბისი ბანკი“) 70% – 237 ლარი და 30 თეთრი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი