Facebook Twitter

31 ოქტომბერი 2025 წელი

საქმე №ა-2626-შ-66-2025 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი - შ.პ.ს. „ბ.მ.გ.“ (B. M. G.LLC); ვ.გ–ი

დადგენილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – იერუსალიმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 10 მარტის N6700-02-25 დადგენილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. იერუსალიმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 10 მარტის დადგენილებით (სამოქალაქო საქმე 6700-02-25), სასამართლომ დააკმაყოფილა B. M. G.LLC-ის (შ.პ.ს. „ბ.მ.გ.“) შუამდგომლობა გარდაცვლილ - ჯ.გ–ის საკითხზე სადეკლარაციო განკარგულების გაცემის შესახებ. დადგენილების თანახმად:

1.1. საუბარია სარჩელზე სადეკლარაციო განკარგულების გაცემის შესახებ, რომელიც განმცხადებელმა შეიტანა სასამართლოში გარდაცვლილის ქვრივისა და ერთადერთი მემკვიდრის - ვ.გ–ის თანხმობით.

1.2. ვინაიდან მხარეები თანხმდებიან ფაქტობრივ გარემოებებზე რომლებსაც ადგილი ჰქონდა ჯ.გ–ის გარდაცვალების საღამოს, სასამართლომ დააკმაყოფილა განმცხადებლის შუამდგომლობა სადეკლარაციო განკარგულების გაცემის შესახებ.

1.3. გარდაცვლილი ჯ.გ–ი (პ/ნ ......., ამერიკის პასპორტი: ......) რწმუნებით ფლობდა ბ.ს–სა (ამერიკის პასპორტი: ........) და ბ. ს–ის (ამერიკის პასპორტი: .......) წილს ქართულ კომპანიაში - შ.პ.ს. „ბ–ი“ (ს/ნ .........) აღნიშნული წილი და სხვა უფლება-მოვალეობანი, რომელიც გარდაცვლილს ჰქონდა რწმუნების საფუძველზე, 2023 წლის მაისში მისგან გადაეცა კომპანია B. M. G. LLC-ის. ამდენად, ეს უკანასკნელი არის რწმუნებით 11% წილის კანონიერი მფლობელი შ.პ.ს. „ბ“-ში, რომელსაც რწმუნებით ფლობდა გარდაცვლილი.

1.4. არ აქვს გარდაცვლილის დასახელებულ მემკვიდრეს ან/და სხვა ნებისმიერ მემკვიდრეს რაიმე უფლება, პრეტენზია, მოთხოვნა ან/და სარჩელი ხსენებულ წილთან დაკავშირებით, მემკვიდრეობის შესახებ 1965 წლის კანონის ან/და მემკვიდრეობებსა და ანდერძებზე გავრეცელებული სამართლებრივი აქტების საფუძველზე და, ამდენად, გარდაცვლილის ზემოაღნიშნული მემკვიდრე ან/და მისი სხვა ნებისმიერს მემკვიდრე არ ფლობს რაიმე უფლებას ან/და ვალდებულებას არც ამჟამად და არც მომავალში, ხსენებული რწმუნების ან/და ნებისმიერი კანონის საფუძველზე, ამ რწმუნებასთან დაკავშირებით.

2. შ.პ.ს. „ბ.მ.გ.“-მა (B. M. G.LLC) და ვ.გ–იმ შუამდგომლობით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვეს იერუსალიმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 10 მარტის ზემოხსენებული დადგენილების (სამოქალაქო საქმე 6700-02-25) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

3. საქმეში წარმოდგენილია შ.პ.ს. „ბ.მ.გ.“-ისა (B. M. G.LLC) და ვ.გ–ის დადგენილების დამტკიცების შესახებ 2025 წლის 10 მარტით დათარიღებული ერთობლივი შუამდგომლობაც, რომლის მიხედვით, მხარეებმა 04.03.2025წ. გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, იერუსალიმის სასამართლოს დასამტკიცებლად წარუდგინეს ზემოხსენებული სადეკლარაციო განკარგულების გაცემის შესახებ შეთანხმებული დადგენილება.

4. შუამდგომლობის ავტორების მიერ წარმოდგენილი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ შ.პ.ს. „ბ–ი“ საქართველოში რეგისტრირებული კომპანიაა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სასამართლო დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

5. ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-ელი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მის წარმოებაში არსებულ სამოქალაქო საქმეებს განიხილავს სწორედ ეროვნული საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული წესების შესაბამისად.

6. განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივნისის განჩინებით, უცხო ქვეყნის დადგენილების ცნობისა და აღსრულების შესახებ შ.პ.ს. „ბ.მ.გ.“-ისა (B. M. G.LLC) და ვ.გ–ის ერთობლივი შუამდგომლობა მიღებული იქნა განსახილველად.

7. საკასაციო სასამართლო მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის მეორე წინადადებას, რომლის თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები).

8. პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ 2025 წლის 04 ივლისს რონალდ ვ–მა, რომელიც შ.პ.ს. „ბ“-ს 89% წილის მფლობელი პარტნიორი და დირექტორია, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა განცხადება (თანდართული დოკუმენტებით), რომლითაც ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს დავა იმავე საკითხზე და იმავე მხარეებს - შ.პ.ს. „ბ.მ.გ.“-ს და გარდაცვლილი ჯ. ჰ გ–ს უფლებამონაცვლე - ვ.გ–ის შორის. აღნიშნულ საქმეში რ. ვ–ი - რომელიც სწორედ იმ კომპანიის (შ.პ.ს. „ბ“-ს) 89% წილის მესაკუთრეა, რომლის დარჩენილი 11% წილი სადავოდ არის გამხდარი, წარმოდგენილია დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, რომლის ფარგლებშიც ითხოვს: შ.პ.ს. „ბ.მ.გ.“-სა და ჯ. ჰ გ–ის შორის 2018 წლის 20 თებერვალს დადებული სესხის ხელშეკრულების ბათილად ცნობას; შ.პ.ს. „ბ.მ.გ.“-სა და ჯ. ჰ გ–ის შორის 2023 წლის 11 მაისს დადებული მორიგების ხელშეკრულების ბათილად ცნობას და შ.პ.ს. „ბ“-ს ზემოხსენებული 11% წილის მესაკუთრედ ცნობას ჯ. ჰ გ–ისათვის (უფლებამონაცვლე - ვ.გ–ი) 58.620.90 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ.

9. ამდენად, საკასაციო სასამართლოსთვის, რონალდ ვ–ის მიერ 2025 წლის 04 ივლისს წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე ცნობილი გახდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მიმდინარეობს საქმის განხილვა, იმავე მხარეებს შორის და იმავე საკითხზე, რაც უშუალოდ უკავშირდება წინამდებარე შუამდგომლობის საგანს და შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს მის შედეგზე.

10. საკასაციო სასამართლო მოიხმობს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმად, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი. ამავე კანონის 68-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით კი, თუ სამართალწარმოება მიმდინარეობს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა შესაძლებელია საქართველოში ამ საქმის დამთავრების შემდეგ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ განჩინებაშია განმარტებული, რომ „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები წარმოადგენს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების ცნობის დამაბრკოლებელ გარემოებებს (ს.უ.ს.გ. №ა-3197-შ-65-2015, 20 ოქტომბერი, 2015 წელი; №ა-3809-შ-80-2015, 23 დეკემბერი, 2015 წელი).

11. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოში სადავოა შ.პ.ს. „ბ“-ს 11% წილი, ამასთან, მხარეებს წარმოადგენენ წინამდებარე შუამდგომლობის ავტორები და დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით - შ.პ.ს „ბ“-ს (რომლის 11% წილიც სადავოა) 89% წილის მესაკუთრე, საკასაციო პალატას, მოხმობილი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, მიაჩნია, რომ ვლინდება წინამდებარე უცხო ქვეყნის დადგენილების ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობის განუხილველად დატოვების ფაქტობრივსამართლებრივი წინამძღვარი.

12. საკასაციო სასამართლო დამატებით განუმარტავს მხარეს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 278-ე მუხლის თანახმად, შუამდგომლობის განუხილველად დატოვება მხარეს არ ართმევს უფლებას, რომ იმ გარემოებათა აღმოფხვრის შემთხვევაში, რომელიც საფუძვლად დაედო განუხილველად დატოვებას, კვლავ მიმართოს სასამართლოს იმავე შუამდგომლობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187.2 და 275-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შ.პ.ს. „ბ.მ.გ.“-ის (B. M. G.LLC) და ვ.გ–ის შუამდგომლობა იერუსალიმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 10 მარტის N6700-02-25 დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი