26 სექტემბერი 2025 წელი
№ას-665-2025 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები - ი.ჩ–ძე, თ.ჭ–ძე, მ.კ–ნი
მოწინააღმდეგე მხარე - ნ.თ–ძე
თავდაპირველი მოპასუხეები - ლ.კ–ი, ლ.ე–ძე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 03 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - იპოთეკის ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარება, გარიგების და სააღსრულებო ბიუროს მიერ გაცემული განკარგულების ბათილად ცნობა, ნივთის
მესაკუთრედ ცნობა და საჯარო რეესტრში აღრიცხვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 09 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ.თ–ძის სარჩელი მოპასუხეების ლ.კ–ის, ი.ჩ–ძის, თ.ჭ–ძის, მ.კ–ნისა და ლ.ე–ძის მიმართ იპოთეკის ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარების შესახებ დაკმაყოფილდა. გაუქმდა იპოთეკის ხელშეკრულება #1-3913 (დამოწმების თარიღი 17/11/2006), რომლითაც, უძრავ ქონებაზე, ს/კ ……….., იპოთეკარების - ი.ჩ–ძის (პ/ნ ………..) და ლ.კ–ის (პ/ნ ………) სასარგებლოდ რეგისტრირებული იყო იპოთეკის უფლება და ნ.თ–ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი გათავისუფლდა იპოთეკისაგან. გაუქმდა იპოთეკის ხელშეკრულება #1-2242 (დამოწმების თარიღი 13/07/2007), რომლითაც, უძრავ ქონებაზე, ს/კ ………, იპოთეკარების - თ.ჭ–ძის (პ/ნ ………..), მ.კ–ნის (პ/ნ ……….), ლ.ე–ძის (პ/ნ ……..), ი.ჩ–ძის (პ/ნ ………) და ლ.კ–ის (პ/ნ ………) სასარგებლოდ რეგისტრირებული იყო იპოთეკის უფლება და ნ.თ–ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი გათავისუფლდა იპოთეკისაგან. არ დაკმაყოფილდა ი.ჩ–ძის, მ.კ–ნის და თ.ჭ–ძის შეგებებული სარჩელი ნ.თ–ძის მიმართ, გარიგების ბათილად ცნობის, ნივთის მესაკუთრედ ცნობის და საჯარო რეესტრში აღრიცხვის თაობაზე. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 21 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ნ.თ–ძეს (პ/ნ ……..) აეკრძალა მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე: ქ.თბილისი, ……….; საკადასტრო კოდით: ……… - გასხვისება და მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთვა.
2. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს ი.ჩ–ძემ, თ.ჭ–ძემ და მ.კ–ნმა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ივლისის განჩინებით, აპელანტებს სააპელაციო საჩივარს დაუდგინდათ ხარვეზი და ხარვეზის შესავსებად დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარედგინათ მათი ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება, რის საფუძველზეც ითხოვდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას, ან სახელმწიფო ბაჟის - 1111.20 ა.შ.შ. დოლარის ეკვივალენტი (ჩარიცხვის დღეს არსებული კურსით) ლარის გადახდის დამადასტურებელი დედანი დოკუმენტი.
4. აღნიშნული განჩინება აპელანტების წარმომადგენელ ც.მ–ძეს გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე. სასამართლო გზავნილის ჩაბარების დასტურით ირკვევა, რომ 2025 წლის 17 იანვარს გზავნილი მას პირადად ჩაბარდა (იხ. გზავნილი და ჩაბარების დასტური, ტ.2, ს.ფ. 184-185).
5. დადგენილია, რომ აპელანტებს სასამართლოს განჩინებით განსაზღვრულ ვადაში - 2025 წლის 18 იანვრიდან 2025 წლის 27 იანვრის ჩათვლით დროის შუალედში, სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავთ სააპელაციო სასამართლოსთვის.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 03 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დატოვებული იქნა განუხილველად დადგენილი ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის მოტივით.
7. განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ გაეგზავნა აპელანტების წარმომადგენელ ც.მ–ძეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და 2025 წლის 07 მარტს პირადად ჩაბარდა.
8. ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა აპელანტების წარმომადგენელმა. კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს განჩინების გაუქმებას, იმ მოტივით, რომ საქმეზე დავა მიმდინარეობს 2015 წლიდან დღემდე, რითიც დასტურდება, რომ აპელანტებს არ დაუკარგავთ ინტერესი საქმის მიმართ. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით მათ წაერთვათ სამართლიან სასამართლოში დავის უფლება, რასაც 10 წლის განმავლობაში აქტიურად ახორციელებდნენ. ხარვეზის გამოსწორება ვერ მოხერხდა საპატიო მიზეზით, კერძოდ, აპელანტების წარმომადგენლის განმარტებით, ის მძიმე სენით არის დაავადებული, სისტემატიურ მკურნალობას გადის შესაბამის ონკოლოგიურ კლინიკებში, პროცედურები, რომლებიც უტარდება არ აძლევს გადაადგილების საშუალებას და არ აქვს შრომის უნარი. შესაბამისად, საპატიო მიზეზით ვერ მოხერხდა მარწმუნებლებთან კომუნიკაცია. ზემოაღნიშნულის დასტურად კერძო საჩივარს თან ერთვის 27.01.2025 წლით დათარიღებული პაციენტის კვლევის ფურცელი. ამასთან, აპელანტების წარმომადგენელი მიუთითებს ხარვეზის გამოსასწორებლად დადგენილი ვადის აღდგენის შესახებ 2025 წლის 17 მარტს სასამართლოში გაგზავნილ შუამდგომლობაზე, რომელიც სასამართლოში შევიდა 2025 წლის 28 მარტს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კი, ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქმის იმავე ინსტანციაში დაბრუნებას და განმარტავს, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი წარმოდგენილი იქნება 10 დღის ვადაში.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 19 ივნისის განჩინებით, ი.ჩ–ძის, თ.ჭ–ძისა და მ.კ–ნის კერძო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებული იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
11. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერების საკითხი, რომლითაც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტებმა არ შეავსეს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი საამისოდ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება და, იმავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, დარჩება განუხილველად დაუშვებლობის გამო.
13. ამდენად, თუ სააპელაციო საჩივარი ხარვეზიანია, სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც ხარვეზის შევსების მიზნით უნდა განხორციელდეს და აპელანტს დაუნიშნავს ვადას, რომლის განმავლობაშიც ის ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში მითითებული მოქმედებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.
14. საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეში არსებულ მასალებზე, რომლითაც დასტურდება, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტების წარმომადგენელ ც.მ–ძეს გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მის მიერ მითითებულ მისამართზე: თბილისი, ………. და გზავნილი 2025 წლის 17 იანვარს მას პირადად ჩაბარდა.
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. სასამართლო უწყებით სასამართლოში იბარებენ აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს.
16. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ კანონმდებელი სასამართლოს შესაძლებლობას აძლევს საჭირო საპროცესო დოკუმენტები გაუგზავნოს უშუალოდ მხარეს ან, ასეთის არსებობის შემთხვევაში, მის წარმომადგენელს. სასამართლო უფლებამოსილია, თავად გადაწყვიტოს, ჩამოთვლილ პირთაგან კონკრეტულად რომელს ჩააბაროს გზავნილი. სასამართლოს მიერ გაგზავნილი საპროცესო დოკუმენტების მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლისათვის ჩაბარება ამავე დოკუმენტების თავად მხარისათვის ჩაბარებას უთანაბრდება.
17. დადგენილია, რომ გზავნილი ჩაიბარა კერძო საჩივრის ავტორების წარმომადგენელმა ც.მ–ძემ. ამრიგად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ აპელანტებს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ სასამართლოს განჩინება ჩაბარდათ კანონით დადგენილი წესით.
18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ხოლო თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. საპროცესო ვადის ხანგრძლივობის განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს იმ საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობა, რისთვისაც ეს ვადა დაინიშნა.
19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
20. ამავე კოდექსის 61-ე-63-ე მუხლების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება, შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო საჩივარი ან საბუთები, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
21. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.
22. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აპელანტებისათვის ხარვეზის გამოსწორების 10-დღიანი ვადის ათვლა 2025 წლის 18 იანვარს (განჩინების ასლის ადრესატისათვის გადაცემის მომდევნო დღიდან) დაიწყო და მიმდინარეობდა 2025 წლის 27 იანვრის ჩათვლით. საქმის მასალებით კი დასტურდება, რომ აპელანტებს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსიათ და არც შეუვსებლობის მიზეზების შესახებ უცნობებიათ სასამართლოსათვის.
23. პალატის შეფასებით, აპელანტებს გონივრული ვადა (10 დღე) მიეცათ ხარვეზის გამოსასწორებლად, თუმცა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ ან რაიმე სხვა სახის (საპროცესო ვადის აღდგენის) შუამდგომლობით არ მიუმართავთ სააპელაციო პალატისათვის, რამაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება განაპირობა.
24. კერძო საჩივრის ავტორების წარმომადგენელი სადავოდ ხდის გასაჩივრებულ განჩინებას იმ საფუძვლით, რომ მან ხარვეზის დადგენილ ვადაში შევსება ვერ შეძლო საპატიო მიზეზის გამო, კერძოდ, ის მძიმე სენით არის დაავადებული, უტარდება სისტემატიური მკურნალობა და პროცედურები, რაც არ აძლევს გადაადგილების საშუალებას და არ აქვს შრომის უნარი. სწორედ ამ მიზეზით ვერ მოხერხდა მარწმუნებლებთან კომუნიკაცია. ზემოაღნიშნულს კი დასტურად თან ერთვის 27.01.2025 წლით დათარიღებული პაციენტის კვლევის ფურცელი. ამასთან, აპელანტების წარმომადგენელი მიუთითებს ხარვეზის გამოსასწორებლად დადგენილი ვადის აღდგენის შესახებ 2025 წლის 17 მარტს სასამართლოში გაგზავნილ შუამდგომლობაზე. ის ასევე მიუთითებს აპელანტების ინტერესზე საქმის განხილვის მიმართ და მიიჩნევს, რომ ყოველივე ზემოაღნიშნული გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძველია.
25. ზემოაღნიშნული პრეტენზიის პასუხად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადის აღდგენის შესაძლებლობას ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლი. ნორმის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215.3 (დისპოზიცია: ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე) მუხლში მითითებული გარემოებები. ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებად შეიძლება მივიჩნიოთ მხოლოდ ისეთი გარემოება, რომელიც მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების დროულად შესრულებას. ასეთ გარემოებაზე მითითების ვალდებულება შესაბამისი საპროცესო ვადის გამშვებ პირს აკისრია, რომელმაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 102-ე (თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს) მუხლის შესაბამისად უნდა დაადასტუროს ვადის გაშვების საპატიო საფუძვლის არსებობა (სუსგ-ები №ას-319-2020, 30.03.2021წ.; Nას-1023-2019, 25.09.2019წ. პ.26). მეტიც, კანონის მითითებული დანაწესი ადგენს მტკიცების სტანდარტს - განსაზღვრავს სპეციალურ მტკიცებულებას, რომლითაც შესაძლებელია დადასტურდეს მხარის ავადმყოფობის ფაქტი და ასეთად მიიჩნევს სამედიცინო დოკუმენტს, რომელიც: ა) ხელმოწერილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ; ბ) პირდაპირ მიუთითებს მხარის შეუძლოდ ყოფნაზე კონკრეტული დროის მონაკვეთში (რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულებულიყო სადავო საპროცესო მოქმედება); გ) ასახავს პაციენტის ჯანმრთელობის იმგვარ გაუარესებას, რაც გამორიცხავს საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობას. სადავო შემთხვევაში, კერძო საჩივარზე დართული 27.01.2025 წლით დათარიღებული პაციენტის გასინჯვის ფურცელი (ს.ფ. 194). ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული 10-დღიანი საპროცესო ვადის საპატიოდ გაშვების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215.3 მუხლით გათვალისწინებულ მტკიცებულებად ვერ შეფასდება, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც აღნიშნული დოკუმენტი შედგენილია ხარვეზის შევსების ბოლო დღეს 27.01.2025 წელს, აღსანიშნავია, რომ მხარეს გზავნილი ჩაბარდა 17.01.2025 წელს და 10-დღიან ვადაში უნდა შეევსო ხარვეზი. წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში აპელანტების წარმომადგენელს არ შეეძლო განცხადებით მიემართა სასამართლოსათვის ან მოეხდინა მარწმუნებლების ინფორმირება სატელეფონო საშუალებით, ელექტრონული ფოსტით და ა.შ.
26. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში უთითებს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული, შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლი ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებას, რაც სასამართლოს ვალდებულებაა. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი თითოეული პირის უფლებას ემსახურება, განხილულ იქნეს მისი პრეტენზია, საამისოდ კი, საპროცესო კოდექსითვე დადგენილია ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სააპელაციო საჩივარი (სუსგ-ები: №ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; №ას-851-817-2016, 04.11.2011წ.). სწორედ საპროცესო კოდექსითაა დადგენილი საჩივარზე ხარვეზის დადგენისა და სასამართლოს განსაზღვრული ვადის დაცვით მხარის მიერ მისი აღმოფხვრის წესი და წინაპირობები.
27. პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორების წარმომადგენლის ვერც იმ პრეტენზიას, რომ მართლმსაჯულების განხორციელებაზე უკანონოდ უარის თქმით მათ მიმართ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, როგორც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით, ისე - „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლების სასამართლო წესით დაცვის პრინციპი (რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლების შინაარსიდან გამომდინარეობს) არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვას, უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა გამართლებულია, თუკი იგი ლეგიტიმურ, კანონის მიზანს ემსახურება, ამ შემთხვევაში, ჩარევის ლეგიტიმური საფუძველი სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლია, რომლის დარღვევის გამო სამართლებრივ შედეგს ამავე მუხლის მე-5 ნაწილი ითვალისწინებს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ „არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, “სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება, დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება ,,თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე’’ (იხ. Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the "Belgian Linguistic" judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5).
28. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, მათ შორის, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (სსსკ-ის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი) და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 177.3-ე და 368.1-ე მუხლები), რომელთა შესრულება სავალდებულოა აპელანტისათვის. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებსა და სასამართლოს მითითებებს, იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მიიღებს უარყოფით საპროცესო შედეგს, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე, 368.5, 374.1 მუხლები).
29. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტებს დაუდგინდათ გონივრული (10-დღიანი) ვადა სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობისათვის. თავის მხრივ, მათ არ გამოასწორეს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი შესაბამისად, ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს სწორედ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი წარმოადგენდა. ამრიგად, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების შეფასებებსა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ იგი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის სწორ გამოყენება-განმარტებას ემყარება, რის წინააღმდეგაც კერძო საჩივრის ავტორებს არ მიუთითებიათ ამავე კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაბუთებული პრეტენზია, რაც ამ განჩინების გაუქმებაზე უარის თქმის საფუძველია.
30. ამრიგად, ვინაიდან, კერძო საჩივრის ავტორებს სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის დაცვით, ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც შესაბამისი შუამდგომლობით მიუმართავთ სასამართლოსთვის, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი.ჩ–ძის, თ.ჭ–ძის და მ.კ–ნის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 03 თებერვლის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი