Facebook Twitter

20 დეკემბერი 2023 წელი №ას-881-2023 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ ე.ი–ი

მოწინააღმდეგე მხარე _ ა(ა)იპ კავკასიის ფრანგული სკოლა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, გათავისუფლებამდე არსებულ პოზიციაზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ე.ი–მა (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, აპელანტი“, „კასატორი“, „დასაქმებული“, „მასწავლებელი“) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას ა(ა)იპ კავკასიის ფრანგული სკოლის (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, მოწინააღმდეგე მხარე“, „დამსაქმებელი“, „სკოლა“) მიმართ, ე.ი–ის გათავისუფლების შესახებ ა(ა)იპ კავკასიის ფრანგული სკოლის 07.07.2022 წლის №153 ბრძანების ბათილად ცნობის, მოსარჩელის ა(ა)იპ კავკასიის ფრანგული სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის პოზიციაზე აღდგენისა და მოპასუხისთვის, მოსარჩელის სასარგებლოდ, 2022 წლის 11 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად დარიცხული 4214 ლარის ოდენობით იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნებით.

სარჩელის საფუძვლები:

2.1. ე.ი–ი მოპასუხე სკოლაში დასაქმებლი იყო 2009 წლიდან, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად და მისი ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენდა 4214 ლარს, გადასახადების ჩათვლით. საქმიანობის განმავლობაში მოსარჩელეს არცერთი შენიშვნა ან საყვედური არ მიუღია, არ დაწყებულა დისციპლინური წარმოება. 2022 წლის 7 ივლისის ბრძანებით მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა ამავე წლის 11 ივლისიდან. ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად დასახელებულია საქართველოს შრომის კოდექსის 47.1 მუხლი „ო“ ქვეპუნქტი. მოსარჩელემ მოპასუხეს მოსთხოვა გათავისუფლების გადაწყვეტილების წერილობით დასაბუთება, რაზედაც სკოლის დირექტორმა განმარტა, რომ თითქოს ე.ი–მა დაარღვია ნეიტრალიტეტი და ჩაიდინა განმეორებითი დაუდევრობა გაკვეთილზე, რამაც მორალური ზიანი მიაყენა მოსწავლეებს, აღნიშნული კი, შეფასდა დისციპლინურ გადაცდომად და საფუძვლად დაედო მასწავლებლის სამსახურიდან გათავისუფლებას. აღნიშნული წერილი არ შეიცავს მითითებას კონკრეტული დარღვევის ან გადაცდომის შესახებ. ამავე წერილში მოხსენიებულია, რომ თითქოს მოსარჩელემ აღიარა გარკვეული ფაქტი 2021 წელს, თუმცა მოსწავლეთა და მშობელთა ჩვენებით ეს კვლავ განმეორდა, თუმცა რა დაუდევრობაზე, აღიარებაზე ან ჩვენებაზეა საუბარი, მასწავლებლისთვის უცნობია.

2.2. მოსარჩელის განსჯით, მას არასდროს დაურღვევია შინაგანაწესი ან შრომის კოდექსის ნორმები, კონფლიქტი არ ჰქონია არც მოსწავლეებთან და არც მათ მშობლებთან, რის გამოც სადავო ბრძანება არის არამართლზომიერი.

მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით, აგრეთვე სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით, მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენდა შინაგანაწესით განსაზღვრული მოთხოვნების განგრძობადი დარღვევა, კერძოდ: დაწესებულების მიერ დადგენილი ინსტრუქციების და მოთხოვნების შეუსრულებლობა ასევე, მოსწავლეების მიმართ გულგრილობა და დაუდევრობა, უთანასწოროდ მოპყრობა.

3.2. მოპასუხის ახსნა-განმარტების თანახმად, მან ყველა პროცედურა ზედმიწევნით დაიცვა. კერძოდ, თავდაპირველად მოსარჩელეს მისცა შენიშვნა, თუმცა ფაქტის არაერთხელ გამეორების გამო დაიწყო დისციპლინური საქმის წარმოება, რის თაობაზეც ეცნობა დასაქმებულს და მიეცა შესაძლებლობა, გამოეხატა საკუთარი პოზიცია. საკითხი განიხილა უშუალოდ კომიტეტმა, რომელმაც დეტალურად გამოიკვლია გარემოებები და მიიღო სრულიად კანონიერი გადაწყვეტილება, რის თაობაზეც დასაქმებულს ეცნობა დასაბუთებული წერილით. სწორედ ამის შემდგომ გამოიცა 2022 წლის 07 ივლისის ბრძანება, რომლითაც 2022 წლის 11 ივლისიდან ე.ი–თან შეწყდა შრომითი ხელშეკრულება და მიეცა კანონით დადგენილი კომპენსაცია - 2 თვის შრომის ანაზღაურება, რაც სკოლის კეთილ ნებას წარმოადგენდა.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

7. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა დავისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

7.1. ე.ი–ი 2009 წლიდან დასაქმებული იყო მოპასუხე ა(ა)იპ კავკასის ფრანგულ სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად. 2014 წლიდან მხარეთა შორის არსებობდა უვადო შრომითი ურთიერთობა. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროისათვის მოსარჩელის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა დარიცხულ 4214 ლარს.

7.2. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, შინაგანაწესი წარმოადგენს მოსარჩელისათვის სავალდებულოდ შესასრულებელ დოკუმენტს. დასაქმებული მოსარჩელე იცნობდა შინაგანაწესის შინაარსს.

სკოლის შინაგანაწესის 1.4. პუნქტით, შინაგანაწესი ვრცელდება კავკასიის ფრანგულ სკოლაში მომუშავე ყველა თანამშრომელზე, მათ შორის, დროებით დაქირავებულ პირებსა და სტაჟიორებზე, მიუხედავად მათი თანამდებობისა და სამუშაო ადგილმდებარეობისა.

შინაგანაწესის 1.5 პუნქტით, შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს შინაგანაწესი ან/და შრომითი ხელშეკრულება, რეგულირდება საქართველოს შრომის კოდექსით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა აქტებით. ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად, წინამდებარე შრომის შინაგანაწესი, ასევე ნებისმიერი და ყველა ინსტრუქცია, პოლიტიკა, წესი ან სხვა დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს, თავის მხრივ, წარმოადგენს თითოეულ და ყველა დასაქმებულთან გაფორმებული შრომის ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. შრომის შინაგანაწესსა და შრომის ხელშეკრულებას შორის კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში გამოიყენება შრომის ხელშეკრულება (კოლექტიური შრომის ხელშეკრულება).

შინაგანაწესის 5.2. პუნქტის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია განახორციელოს კონტროლი დასაქმებულის მიმართ წაყენებული მოთხოვნების შესრულებაზე და გამოიყენოს შრომის შინაგანაწესითა და შრომის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზომები.

შინაგანაწესის 6.1. პუნქტის თანახმად, დასაქმებულთა სამსახურებრივი უფლება- მოვალეობები განისაზღვრება წინამდებარე შინაგანაწესით, სამუშაო აღწერილობითა და შრომის ხელშეკრულებით.

შინაგანაწესის 6.3. პუნქტის თანახმად, დასაქმებული ვალდებულია: უზრუნველყოს მასზე დაკისრებული სამუშაოს საუკეთესოდ შესრულება მისი შესაძლებლობების გათვალისწინებით; არ დაემუქროს და/ან არ მოექცეს ძალადობრივად ან აგრესიულად სხვა თანამშრომლის, მოსწავლის, მოსწავლის მშობლის ან სკოლის სტუმრის მიმართ; დაიცვას პროფესიული ეთიკის, ზნეობისა და სუბორდინაციის ნორმები; კეთილსინდისიერად შეასრულოს საკუთარი ფუნქციები და მისდიოს და შეასრულოს შინაგანაწესით, შრომის ხელშეკრულებითა და სხვა მარეგულირებელი ნორმებით მათზე დაკისრებული მოვალეობები.

შინაგანაწესის 7.1. პუნქტის თანახმად, მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისას დასაქმებულები ვალდებულნი არიან მისდიონ მათი უშუალო ხელმძღვანელების მითითებებს.

შინაგანაწესის 17.1. პუნქტის თანახმად, შინაგანაწესის 17.14 მუხლით გათვალისწინებული ნებისმიერი დარღვევა მისი სიმძიმის ან/და სიხშირის შესაბამისი შემდეგი დისციპლინური ზომები, მათი მნიშვნელობის მიხედვით: შენიშვნა; გაფრთხილება (საბოლოო წერილობითი გაფრთხილება); შრომის ანაზღაურებიდან ერთჯერადად დაქვითვა; უფლებამოსილების შეჩერება; თანამდებობიდან დაქვეითება; სამსახურიდან გათავისუფლება;

შინაგანაწესის 17.2. პუნქტის თანახმად, შენიშვნა გაიცემა დასაქმებულის მიმართ და აფრთხილებს მას მის მიერ ჩადენილი დარღვევის შესახებ. ეს დადასტურდება წერილობით და ასლი შეინახება დასაქმებულის პირად საქმეში.

შინაგანაწესის 17.7 პუნქტის თანახმად, სამსახურიდან გათავისუფლება (შრომითი ხელშეკრულების მოშლა) - სერიოზული და/ან განმეორებითი დარღვევების ან სამუშაოს არასრულყოფილი შესრულებისათვის დამსაქმებელი უფლებამოსილია ცალმხრივად ვადამდე ადრე შეწყვიტოს თანამშრომელთან შრომითი ხელშეკრულება, როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილებისა და ანაზღაურების გარეშე შესაბამისი გადაწყვეტილების შეტყობინებით.

შინაგანაწესის 17.9. პუნქტის თანახმად, შრომის დისციპლინის დარღვევისას დასაქმებულის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების საფუძველი შესაძლოა იყოს დასაქმებულის უშუალო ხელმძღვანელის, კოლეგის, მოსწავლის ან მშობლის მოხსენებითი ბარათი და დასაქმებულის წერილობითი ახსნა-განმარტება ან გენერალური დირექტორის გადაწყვეტილება. დასაქმებულმა, თავის მხრივ, უნდა დაწეროს ახსნა-განმარტებითი ბარათი მის მიმართ დისციპლინური ღონისძიებების გატარების შემთხვევაში. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის სიტყვიერად გაცემის შემთხვევაში, ეს დადასტურდება წერილობით და ასლი შეინახება მუშაკის პირად საქმეში.

შინაგანაწესის 17.10. პუნქტის თანახმად, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა დასაქმებულს ეკისრება მმართველთა საბჭოს წერილობითი გადაწყვეტილების საფუძველზე ან სკოლის მიერ გამოყენებული სხვა ფორმით. დისციპლინური პასუხიმგებლობის ზომა დასაქმებულს ეკისრება არა უგვიანეს 1 თვისა მის მიერ შრომის დისციპლინის დარღვევის დღიდან. შინაგანაწესის 17.11 პუნქტის თანახმად, დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ძალაშია 1 წლის განმავლობაში. თუ ამ პერიოდის განმავლობაში დასაქმებულს არ შეეფარდება ახალი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, ის ავტომატურად წყვეტს მოქმედებას.

შინაგანაწესის 17.14 პუნქტის თანახმად, დარღვევები, რომლებიც გამოიწვევს დისციპლინარული ღონისძიებების გატარების აუცილებლობას, წარმოადგენს, შეუზღუდავად შემდეგს:

სკოლის შინაგანაწესის, შრომის ხელშეკრულების მოთხოვნების, პოლიტიკის, ინსტრუქციების, შიდა წესების, ხელმძღვანელის ბრძანებებისა ან/და მითითებების შეუსრულებლობა და/ან არაჯეროვანი შესრულება;

კვების, ჯანმრთელობის, ჰიგიენის ან უსაფრთხოების წესების ჯიუტი დაუმორჩილებლობა ან/და შეუსაბამობა;

გულგრილი დამოკიდებულება ან გაუფრთხილებლობა, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს სკოლას ან სკოლის მოსწავლეებს, ან გამოიწვიოს თანამშრომლის სამუშაო ტრავმა, ზარალი ან სკოლის ქონების დაზიანება (გაფუჭება);

სამუშაოს არაჯეროვანი ან იმგვარად შესრულება, რომელიც არ შეესაბამება სკოლის მოთხოვნებს ან ინსტრუქციებს კონკრეტული თანამშრომლის მიმართ;

სამუშაო ადგილზე უხამსი, უწმაწური, ბილწი ან შეურაცხმყოფელი სიტყვების გამოყენება; ზემოხსენებული მაგალითების მსგავსი შემთხვევები.

შინაგანაწესის 20.3. პუნქტის თანახმად, შინაგანაწესის მიზნებისათვის კონფიდენციალური ინფორმაცია ნიშნავს: ინფორმაცია გაწეული მომსახურების, ასევე დამსაქმებლის საქმიანობის ან მოსწავლეების შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია და შესრულების მახასიათებელი.

შინაგანაწესის 22.1. პუნქტის თანახმად, შინაგანაწესის შესრულება სავალდებულოა ყველა დასაქმებულისათვის.

შინაგანაწესის 22.2. პუნქტის თანახმად, დასაქმებულები ვალდებული არიან გაეცნონ შინაგანაწესს. დასაქმებულის ხელწერილი შინაგანაწესის გაცნობის თაობაზე თავსდება მის პირად საქმეში.

7.3. ა(ა)იპ კავკასიის ფრანგული სკოლის დირექტორის 30.11.2021 წლის წერილობით შედგენილ შეტყობინებაში ზეპირი გაფრთხილების შესახებ მითითებულია: მოსარჩელეს 30.11.2021 წელს ეცნობა, რომ დირექტორი არ იწონებდა მის ზოგიერთ პროფესიულ ქცევას იმ მოსწავლეების მისამართით, რომელზეც პასუხისმგებელია თავის კლასებში. კონკრეტულად: გულგრილი დამოკიდებულება, რომელსაც შეეძლო მორალური ზიანის მიყენება მოსწავლეებისათვის; შეურაცხმყოფელი გამონათქვამი ზოგიერთ კლასებში; არათანაბარი მოპყრობა; ნეიტრალიტეტის მოვალეობა - რომელსაც ფრანგული დაწესებულება ეფუძნება, არ არის დაცული. წინამდებარე შეტყობინებით სკოლის დირექტორმა დაადასტურა ფაქტი ზეპირი გაფრთხილების შესახებ, რომელიც მან ე.ი–ს მისცა შეხვედრის დროს 2021 წლის 30 ნოემბერს იმ იმედით, რომ ეს მიდგომა ცვლილებებს გამოიწვევდა მის ქცევასა და საქმიანობაში.

7.4. რამდენიმე მშობელმა, ვინაობის გამხელის შეზღუდვის პირობით, შემდეგი წერილობითი შეტყობინებით მიმართა სკოლას:

7.4.1.1. „ბატონო დირექტორო, ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ ჩვენი შვილები ამ სკოლაში სწავლობენ. აქ ყველა პირობაა შექმნილი, რომ ბავშვები ლაღად გრძნობდნენ თავს, მაგრამ სამწუხაროდ ზოგი პედაგოგი, კერძოდ, ქართულის მასწავლებელი გამოირჩევა ტენდენციური დამოკიდებულებით კონკრეტული მოსწავლეებისადმი. საგულისხმოა, რომ ამას საფუძვლად უდევს პოლიტიკური შეხედულებები. ვფიქრობთ, პედაგოგი აპოლიტიკური უნდა იყოს სკოლაში. მიუღებლად მიგვაჩნია, რომ გაკვეთილზე განიხილებოდეს რომელიმე პოლიტიკური პარტიის მოქმედება, თანაც მიკერძოებულად. პედაგოგი იმის მცდელობაში უნდა იყოს, რომ თითოეული მოსწავლის შესაძლებლობები გამოამჟღავნოს. როდესაც პედაგოგს ჰყავს 2-3 რჩეული მოსწავლე, ხოლო მისთვის მიუღებელი პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლის ოჯახის შვილებმა რაც არ უნდა მოინდომონ, მისი მხრიდან ყველაფერი იგნორირებულია, ეს მიუღებლად მიგვაჩნია. სამწუხაროდ, ამას ბავშვები გრძნობენ, აფიქსირებენ და მიუხედავად იმისა, რომ ამ პედაგოგმა გაფრთხილების შემდეგ თითქოს შეცვალა ქმედების ფორმა, მაინც აგრძელებს ცინიკურ მინიშნებებს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩვენი გულის ტკივილი. ვფიქრობთ, რომ ასეთი მასწავლებლის ადგილი ამ დაწესებულებაში არ უნდა იყოს“.

7.4.2. „ბატონო დირექტორო, გიგზავნით ჩვენს გამოცდილებას და წუხილს ქართულის მასწავლებელთან დაკავშირებით. ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ჩემს შვილს მუდმივად ჩაგრავდა ქართულის მასწავლებელი, ქალბატონი ი–ი, რაც გამოიხატებოდა მის მიმართ დამამცირებელი შენიშვნებით და ცუდი დამოკიდებულებით. ის მუდმივად აპირისპირებდა ბავშვებს ერთმანეთს და აგრძნობინებდა ჩემ შვილს, რომ ის არ იყო მართალი. ერთ-ერთი გაკვეთილის მსვლელობისას მან დამირეკა და სკოლაში მისვლა მთხოვა ჩემი შვილის დასაწყნარებლად, რადგან ის ბევრს ტიროდა და ვერ მშვიდდებოდა. ძალიან შემეშინდა და მაშინვე მივედი. ჩემი შვილი დამხვდა ძალიან ცუდ მდგომარეობაში, ძალიან ნანერვიულები. რა თქმა უნდა, ეს გაიგო ადმინისტრაციამაც და შემდეგ წელს იგი ამ კლასს აღარ ასწავლიდა. ერთი წლის შემდეგ კიდევ დაუბრუნდა ჩემი შვილის კლასს. გაკვეთილებზე ის ხშირად გამოთქვამდა უკმაყოფილებას წინა მასწავლებელზე: თუ როგორ დაავიწყდათ ბავშვებს ყველაფერი რაც მან თავად ასწავლა და ახალმა კი არაფერი ასწავლა. მისი დამოკიდებულება ჩემი შვილის მიმართ არ შეცვლილა, კიდევ უფრო დამძიმდა. ეს ნამდვილ ფსიქოლოგიურ და მორალურ ძალადობად იქცა. როდესაც ჩემს შვილს უსვამს კითხვას და ბავშვი პასუხობს, ეუბნება, რომ მას არ ესმის თუ რას ამბობს და მის ლაპარაკს ვერ იგებს. შემდეგ სხვა ბავშვებს ეკითხება გაიგეს თუ არა ამის პასუხები და როდესაც ისინი გაუმეორებენ იგივეს, მხოლოდ ამის შემდეგ ხდება გასაგები პასუხი მასწავლებლისთვის და ამას აკეთებს შეურაცხმყოფელი ფორმით. არის ისეთი დღეები, როდესაც ჩემ შვილს მიმართავს დამამცირებლად კუთხური კილოთი, მაგალითად ეგრეთწოდებული რბილი „ლ“-თი. ასეთი მიმართვით ამცირებს მას ბავშვების წინაშე. გარდა ამისა ის მუდმივად განიხილავდა პოლიტიკურ თემებს კლასში, რაც ხშირად გადაზრდილა ბავშვების კამათში და დაპირისპირებაშიც კი. ის მუდმივად ეძებდა მიზეზს, რომ პოლიტიკაზე ესაუბრა, ნაწარმოებებს აკავშირებდა და ადარებდა დღევანდელ ხელისუფლებას, იგი ასახელებდა მისთვის მოსაწონ პოლიტიკოსებს და მათ მუდმივად აქებდა, ან პირიქით ვინც არ მოსწონდა ცუდად მოიხსენიებდა. ბოლო თვეებში როდესაც ბავშვებმა კვლავ წამოჭრეს პოლიტიკური თემა კლასში, მან დაიწუწუნა, რომ მას უკრძალავენ პოლიტიკაზე საუბარს, მაგრამ ბავშვებისთვის არ დაუშლია. მის მიერ ირიბად წახალისებული ეს დაპირისპირებებიც ჩაგვრის ერთგვარი ფორმაა. ქალბატონმა ი–მა მოახერხა, რომ ამხანაგებს შორის განხეთქილებები ჩამოეგდო, დაყო რა ისინი კარგ და ცუდ მხარეს მყოფებად. ქალბატონ ი–ს ასევე ჰქონდა პრობლემები ჩემ მეორე შვილთან და სხვა ბავშვებთან მის კლასში. ერთ დღეს სერიოზული კამათი გაიმართა ბავშვებს და მასწავლებელს შორის, მან უთხრა ბავშვებს, რომ მათი კლასი არის ყველაზე ცუდი, თუ ისინი მიაღწევენ წარმატებას ცხოვრებაში იგი მათზე ყველგან მხოლოდ ცუდს იტყვის. ამ ძველ თემას იმისთვის ვიხსენებ, რათა აღვნიშნო, რომ მასწავლებლის საქციელი არ არის ახალი და მისი მხრიდან არაკომპეტენტურობის და მიკერძოებულობის გამოვლენა სულ ხდებოდა. ეს და უამრავი კიდევ სხვა ხდებოდა ყოველდღიურად, რისი გადმოცემაც ასე მარტივად შეუძლებელია. ჩემ შვილს მიადგა ძალიან დიდი ფსიქოლოგიური და მორალური სტრესი. გთხოვთ მიიღოთ შესაბამისი ზომები. არ მინდა, რომ ამ მასწავლებელმა ჩემს რომელიმე შვილს ასწავლოს“.

7.4.3. „ბატონო დირექტორო, მსურს კვლავ მოგმართოთ ქალბატონ ი–თან დაკავშირებით ერთი ძალიან სამწუხარო ფაქტის გამო, რაც ამ ზაფხულს მოხდა. ახლახან შევიტყვე, რომ მან სკოლაში ბავშვებს უთხრა ერთ-ერთი მათგანის სახელი და გვარი, რომლის გამოც შეიძლება სკოლიდან გაუშვან. ეს უკვე იქცა მოსწავლეებში განხილვის თემად, გამოიწვია აგრესია იმ ბავშვის მიმართ და სასწავლო წლის დასაწყისში რა შედეგი ექნება, არავინ იცის. მინდა უმორჩილესად გთხოვოთ, რომ ყველაფერი გააკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი წინა წერილი არ მოხვდეს ქალბატონი ი–ის ხელში. ჩემმა შვილმა ისედაც ძალიან დიდი ტრავმა მიიღო მის გამო და არც კი მინდა წარმოვიდგინო, თუ რა შედეგი შეიძლება მივიღოთ, თუ ჩემი წერილი მოსწავლეებს და სხვა პირებს შორის გავრცელდება. თქვენი იმედი მაქვს, რომ დაიცავთ და აარიდებთ ჩემს შვილს შესაძლო თავდასხმას მისგან თუ სხვა პირისაგან“.

7.5. ა(ა)იპ კავკასიის ფრანგული სკოლის დირექტორის 01.07.2022 წლის შეტყობინებით მოსარჩელეს ეცნობა, რომ მოსწავლეების მიმართ გამოჩენილი გულგრილობის, დაუდევრობის, ასევე სკოლის მოთხოვნებთან და მითითებებთან შეუსაბამო ქმედების შესახებაც გადაწყვეტილებას მმართველი კომიტეტი მიიღებდა. თანახმად კავკასიის ფრანგულის სკოლის 2014 წლიდან მოქმედი შინაგანაწესის 17.14 მუხლისა და შრომის კოდექსის მე-13 მუხლისა, მოსარჩელეს ჰქონდა უფლება, კრებას დასწრებოდა სკოლის ერთ თანამშრომელთან ერთად, რომელსაც ის აირჩევდა თავისი სურვილით.

7.6. ა(ა)იპ კავკასიის ფრანგული სკოლის დირექტორის მიერ გაცემულია ცნობა, რომელიც წარმოადგენს მოსწავლეთა ჩვენებების ტრანსკრიფციას, სადაც აღწერილია იმ მოსწავლეების ჩვენებები, რომლებსაც ანონიმურად დარჩენა სურთ, საკუთარი მორალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. ცნობაში მითითებულია, რომ ქალბატონმა ე.ი–მა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, თავისი პროფესიული საქმიანობის ფარგლებში, 2021-2022 სასწავლო წლის განმავლობაში არაერთხელ გამოავლინა მორალური შევიწროებისა და არათანაბარი მოპყრობის ფაქტი თავისი მოსწავლეების მიმართ. გარდა ამისა, მასწავლებელი გაკვეთილებს უთმობდა პოლიტიკის განხილვას და ამ ფორმით რთულ სიტუაციაში აყენებდა მოსწავლეებს. ჩვენებებში მოსწავლეები აცხადებენ: „ქალბატონი ი–ი მადანაშაულებს, რომ მე არ მაქვს პრობლემები, რადგან სკოლის გარეთ მეხმარებიან და არაფერი მაქვს საწუწუნო“; „იგი ყოველთვის განსხვავებულად გვექცეოდა ჩვენ, რადგან გარკვეული ოჯახების შვილები ვართ“; „მერჩის, ყოველთვის გარიყული ვყავარ. ეს პირველად არ ხდება. ვერ ვიგებ მის დაწერილ ნიშნებს“, „მან სთხოვა მოსწავლეებს, გამოეხატათ აზრი პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით“; „მე ამ დროს უხერხულად ვარ, რადგან ის აპირისპირებს კლასს“; „ქალბატონმა ი–მა აგვიხსნა ლექსი. ის დასცინოდა მთავარ პერსონაჟს. მისი თქმით, ის ი–ს განასახიერებდა. მე და ჩემი სხვა კლასელები ძალიან უხერხულად ვიყავით, მაგრამ რეაგირება ვერ გავბედეთ. თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენით“; „იმის მიუხედავად, რომ ელაპარაკეთ, ბატონო, მან გააგრძელა ჩვენთან განსხვავებული მოქცევა და ახლანდელ ხელისუფლებაზე საუბარი“; „მისი მიზეზით ახლაც გაყოფილები ვართ. დაძაბული ურთიერთობაა ჩვენს შორის“; „არ ვიცი როგორ მოვიქცე ამ მასწავლებელთან, არ მაღიარებს“; „მან თქვა, რომ პრემიერმა, რომელიც ციხეშია, დიდი საქმეები გააკეთა და რომ ის იყო სიკეთე, ხოლო ი–ი აბსოლუტური ბოროტება“.

7.7. ა(ა)იპ კავკასიის ფრანგული სკოლის 06.07.2022 წლის მმართველი კომიტეტის ანგარიშის ოქმით, სკოლის დირექტორი საუბრობს ე.ი–თან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე: 2021 წლის 30 ნოემბერს დირექტორმა ზეპირი გაფრთხილება მისცა მასწავლებელს გადაცდომების გამო, რომლის შესახებაც მოსწავლეებმა და მშობლებმა აცნობეს. ქალბატონმა ი–მა აღიარა, რომ გამოიყენა ყოფილი, 2012 წელს მოქმედი, პრემიერის ფიგურა ერთ-ერთი ლექსის სწავლების დროს, მაგრამ აცხადებს, რომ არ გამოუხატავს პირადი აზრი ქვეყნის პოლიტიკურ ვითარებაზე. მეორე მხრივ, მოსწავლეების თქმით, ქალბატონმა ი–მა განაცხადა, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი განასახიერებს ბოროტებას და ზოგიერთი კი - სიკეთეს. ისაუბრა ამ მოსწავლეების მიერ შევიწროების განცდაზე და კონკრეტულად მათ სტიგმატიზირებაზე, იმ მოტივით, რომ ისინი გარკვეულ ოჯახებს მიეკუთვნებიან. ქალბატონმა ი–მა მიანიშნა, რომ ეს არ ყოფილა მისი განზრახვა, მაგრამ ეს აღარ განმეორდებოდა. სკოლის დირექტორმა მასწავლებელს განუცხადა, რომ ოფიციალურად აფრთხილებდა და მოუწოდა გამოეჩინა მეტი წინდახედულება და სწავლების დროს პოლიტიკური პერიპეტიებისაგან თავი შეეკავებინა. ქალბატონმა ი–მა ისევ გაიმეორა შეცდომები, რაშიც ბრალი ედება მოსწავლეებისა და მშობლების ჩვენებების საფუძველზე. დირექტორმა იგი დაიბარა 2022 წლის 04 ივლისს, მძიმე გადაცდომის მოტივით. შეხვედრა 3 საათს გაგრძელდა. შეხვედრას ესწრებოდნენ ბ-ნი პ.კ–ე (მრჩეველი თანამშრომლობისა და კულტურის დარგში), ო.ჟ–ო (პედაგოგიური პერსონალის წარმომადგენელი), ქ-ნი თ.ლ–ძე დირექციის ასისტენტი (თარჯიმანი). შეხვედრის დროს, ქალბატონმა ი–მა არ აღიარა ფაქტები. მან განაცხადა, რომ გაკვეთილებს არ უთმობდა პოლიტიკას. რაც შეეხება მოსწავლეების მიერ დაუცველობის, შევიწროების, დისკრიმინაციის განცდას და მათ მიმართ განსხვავებულ მოპყრობას, ქალბატონმა ი–მა განაცხადა, რომ ამის არსს ვერ იგებდა, თუმცა საუბრის დროს დაინტერესებული მოსწავლეები სხვებისგან განსხვავებულად, გვარებით მოიხსენია, დანარჩენი მოსწავლეები კი, სახელით. ჯერ კიდევ სამი წლის წინ შეამჩნიეს ოჯახებმა ქალბატონი ი–ის მხრიდან მოსწავლეების გარიყვის ფაქტები. ბოლოს დაწესებულების დირექტორი დაინტერესდა, თუ რატომ არ შეხვდა არასოდეს ქალბატონი ი–ი 2021 წლის ნოემბრიდან მოყოლებული მოსწავლეებს ან მათ ოჯახებს, მათი მოსმენის, მხარდაჭერისა და დამშვიდების მიზნით? მმართველი კომიტეტი იღებს გადაწყვეტილებას გადაცდომის გამო სანქციის დაწესებაზე, კავკასიის ფრანგული სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პროცედურების შესაბამისად. დისციპლინური საბჭოს ერთ-ერთი მოქმედი წესით, აქ ადგილობრივი შრომის კოდექსით შემოთავაზებულია სანქციის უმაღლესი ზომა: სამსახურიდან გათავისუფლება გადაცდომის გამო. დირექტორის განცხადებით პედაგოგიური პერსონალის წარმომადგენელმა გამოთქვა აზრი იმის შესახებ, რომ ეს გათავისუფლება მიიჩნევა პოლიტიკურ საქმედ და მედია დაინტერესდება, შესაძლებელია მოჰყვეს პერსონალის გაფიცვაც. მმართველი კომიტეტის წევრები აცხადებენ, რომ ქალბატონი ი–ის გადაცდომები ახალი არ არის. ადრინდელზე საპასუხო რეაქციით ბავშვები დააცილეს მასწავლებელს, ლაპარაკია, აგრეთვე, მასწავლებლის დამაპირისპირებელ განწყობასა და ინტრიგებზე მრავალი წლის განმავლობაში. მმართველი კომიტეტის ერთ-ერთი წევრი აცხადებს, რომ ნულოვანი ტოლერანტობა უნდა გამოცხადდეს, მოსწავლეების მიმართ გულგრილობასა და შევიწროებაზე.

7.8. ა(ა)იპ კავკასიის ფრანგული სკოლის მმართველი კომიტეტის თავმჯდომარის, ფ.რ–ის, 06.07.2022 წლის შეტყობინებით, ე.ი–ის სახელზე დისციპლინური გადაცდომის გამო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ირკვევა, რომ წინასწარი გასაუბრებისას, რომელიც გაიმართა ორშაბათს, 2022 წლის 04 ივლისს, 10 სთ-დან 13:30 სთ-მდე და, რომელსაც ესწრებოდნენ ბ-ნი კ.ი–ი, დაწესებულების დირექტორი ბ-ნი პ.კ–ე, მრჩეველი თანამშრომლობისა და კულტურის დარგში და ბ-ნი ჟ–ო, საშუალო საფეხურის მასწავლებლების წარმომადგენელი, მოსარჩელეს ეცნობა მათი გადაწყვეტილების შესახებ მმართველი კომიტეტის მოწვევასთან დაკავშირებით, კერძოდ, მოსწავლეების მიმართ გულგრილობის ან დაუდევრობისა და დაწესებულების მიერ დადგენილი ინსტრუქციებისა და მოთხოვნების შეუსრულებლობაზე, რაც წარმოადგენს კავკასიის ფრანგული სკოლის შინაგანაწესის 17.14 პუნქტის პირველი და მე-2 ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დისციპლინურ გადაცდომას. მმართველმა კომიტეტმა ოთხშაბათს, 2022 წლის 06 ივლისის სხდომაზე მიიღო დისციპლინური გადაცდომის გამო მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება, თანახმად სკოლის შინაგანაწესის 19.01 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტისა და შრომის კოდექსის 47.1. მუხლის „ო“ ქვეპუნქტისა, შემდეგი მიზეზით: განმეორებითი დაუდევრობა გაკვეთილზე, რამაც მორალური ზიანი მიაყენა მოსწავლეებს; გაკვეთილზე ნეიტრალიტეტის ვალდებულების დარღვევა. დარღვევის ფაქტების შესახებ მოსარჩელე გაფრთხილებული იყო სამშაბათს, 2021 წლის 30 ნოემბერს, მან აღიარა ფაქტები, თუმცა მოსწავლეებისა და მოსწავლეთა მშობლების ჩვენებებით ეს ფაქტები კვლავ განმეორდა. დადგენილი დისციპლინური გადაცდომის გათვალისწინებით, დაწესებულების თანამშრომლად ე. ი–ი დარჩება 2022 წლის 10 ივლისის ჩათვლით. შესაბამისად, მისი გათავისუფლება ძალაშია 2022 წლის 11 ივლისიდან. იგი მიიღებს ორი თვის ანაზღაურებას 30 დღის ვადაში, თანახმად კავკასიის ფრანგული სკოლის შინაგანაწესის 19.4 პუნქტისა.

7.9. ა(ა)იპ კავკასიის ფრანგული სკოლის დირექტორის რაპორტით დისციპლინური გადაცდომის შესახებ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ე.ი–თან დაკავშირებით ირკვევა, რომ მმართველი კომიტეტის სხდომა, რომელიც გაიმართა ოთხშაბათს 2022 წლის 06 ივლისს კავკასიის ფრანგული სკოლის დირექტორის ბატონი კ.ი–ის წინადადებით, მიზნად ისახავს ქალბატონი ე.ი–ის საქმის განხილვას, რომელსაც ბრალი ედება დისციპლინურ გადაცდომაში, რის თაობაზეც დაინტერესებულს ეცნობა 2022 წლის 01 ივლისს. 2022 წლის 04 ივლისს ქალბატონ ი–ს მიეცა ახსნა-განმარტების საშუალება და ემცნო მის მიმართ წარდგენილი ბრალის ელემენტები, ეს მოხდა ბ-ნი ო.ჟ–ოს, ბ-ნი პ.კ–ეს, ქ-ნი თ.ლ–ძის თანდასწრებით, რაც დასტურდება სამსახურიდან გათავისუფლებამდე წინასწარი შეხვედრის ანგარიშით. ქალბატონმა ე.ი–მა ზიანი მიაყენა მე-11 კლასის მოსწავლეებს იმ მოტივით, რომ ისინი სოციალურად და პოლიტიკურად პრივილიგებულად მიჩნეული ოჯახებიდან არიან. დისკრიმინაციულ პედაგოგიურ მიდგომაზე და შეურაცხმყოფელ სიტყვებზე საუბრობენ ამ კლასის მოსწავლეები და მოსწავლეთა მშობლები. პირველად ეს მოხდა 2021 წლის ნოემბერში, გაკვეთილზე მასწავლებლის მიერ ლექსის გამოყენებით, რასაც გაგრძელება მოჰყვა მომდევნო თვეებში და გამოიკვეთა მასწავლებლის მიერ განსხვავებული დამოკიდებულება ამ მოსწავლეების მიმართ. მათ ისაუბრეს შევიწროების განცდაზე და მოსწავლეებს შორის დაძაბულობაზე, რასაც ქალბატონი ი–ის მხრიდან სწორედ ეს განსხვავებული მოპყრობა და გაკვეთილებზე პოლიტიკის განხილვა იწვევდა. ქალბატონმა ე.ი–მა ბევრჯერ ისაუბრა გაკვეთილების დროს პოლიტიკაზე და გამოხატა პირადი შეფასებები ყოფილ პრემიერ-მინისტრზე, ოპოზიციური განწყობა ახლანდელი ხელისუფლებისადმი და სიმპათიები ყოფილი პრეზიდენტის მიმართ. არანაირი საჩივარი არ აღძრულა პოლიციაში. ქალბატონმა ი–მა ისევ გაიმეორა ფაქტები, რომლის გამოც 2021 წლის 30 ნოემბერს სკოლის დირექტორისაგან ზეპირი გაფრთხილება მიიღო. დაფიქსირდა მსგავსი ფაქტების გამეორების შესახებ საფუძვლიანი ეჭვები. ქართული ენისა და ლიტერატურის საგნის მასწავლებლებს შორის არაჯანსაღი ატმოსფერო სუფევს. ამას მოწმობს ქალბატონი ე.ი–ის ზოგიერთი კომენტარი, ერთ-ერთ კოლეგასთან, ქალბატონ ნ.ი–თან მიმართებით. 2022 წელს, დაწყებითი კლასების ზოგიერთმა მოსწავლემ მოისურვა ე.ი–ის ჯგუფის დატოვება. სხვა საკითხებთან ერთად მათ მიერ ნახსენები მიზეზებია: ძალიან მკაცრი დისციპლინა და გაკვეთილების ვერ გაგება, რომლის შედეგია ქართული ენის ჯგუფების არათანაბარი რაოდენობა, კოლეგების ჩივილები. ყოველივე ამას მოჰყვა შემდეგი სანქცია: სამსახურიდან გათავისუფლება გადაცდომის გამო, რამაც მორალური ზიანი მიაყენა მოსწავლეებს; გაკვეთილზე ნეიტრალურობის მოვალეობის დარღვევა.

7.10. ა(ა)იპ კავკასიის ფრანგული სკოლის დირექტორის 07.07.2022 წლის №153 ბრძანებით, ა(ა)იპ კავკასიის ფრანგული სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ე.ი–თან ობიექტური გარემოებების გამო, კერძოდ, გაკვეთილზე ნეიტრალიტეტის ვალდებულების დარღვევისა და გაკვეთილზე განმეორებითი დაუდევრობისათვის, რამაც მორალური ზიანი მიაყენა მოსწავლეებს, 2009 წლის 07 სექტემბერს დადებული შრომითი ხელშეკრულება შეწყდა 2022 წლის 11 ივლისიდან. ბრძანების თანახმად, დაევალა სკოლის ფინანსურ მენეჯერს დასაქმებულისათვის მიეცა კომპენსაცია - 2 თვის შრომის ანაზღაურება - ხელშეკრულების შეწყვეტიდან 30 დღის ვადაში.

შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისათვის ორი თვის შრომის ანაზღაურების კომპენსაციის სახით მიღება დაადასტურა მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე ახსნა-განმარტების დროს.

8. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სააპელაციო პალატამ მისცა შემდეგი სამართლებრივი შეფასება:

8.1. განსახილველი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველს საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი წარმოადგენდა. პალატამ მიუთითა, რომ შინაგანაწესი მოსარჩელისათვის სავალდებულოდ შესასრულებელი დოკუმენტს წარმოადგენდა და მის ცალკეულ პუნქტებზე, კერძოდ, 6.3, 17.1, 17.14 პუნქტებზე მითითებით განმარტა დასაქმებულის ვალდებულებები, დისციპლინური ღონისძიების სახეები და დარღვევები, რომლებიც გამოიწვევდა შესაბამის დისციპლინურ ღონისძიებას.

8.2. პალატამ მიუთითა, რომ შრომით დავებზე მტკიცების ტვირთის განაწილებიდან გამომდინარე, დამსაქმებელი ვალდებული იყო, ემტკიცებინა მოსარჩელის მიერ იმ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი, რომელიც ამ უკანასკნელთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი გახდა. აღნიშნულის დასადასტურებლად მოპასუხე მიუთითებდა საქმეში წარმოდგენილ 04.07.2022 წლით დათარიღებული შეხვედრის ოქმზე, რომლის სისწორე მოსარჩელემ ნაწილობრივ სადავო გახადა, თუმცა ოქმის შინაარსის ავთენტურობა დაადასტურა შეხვედრაზე დამსწრე და სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის ინიციატივით მოწმის სახით დაკითხულმა ო.ჟ–ომ. პალატამ ყურადღება გაამახვილა ამავე შეხვედრის ამონარიდით დადასტურებულ გარემოებაზე, რომ მოპასუხე მხარის დირექტორმა შეახსენა მოსარჩელესთან 30.11.2021 წელს გამართული შეხვედრის შესახებ, როდესაც მას მიეცა სიტყვიერი გაფრთხილება, რაც, შეხვედრის ოქმის მიხედვით, მოსარჩელეს არ უარუყვია და სადავოდ არ გაუხდია. პალატა დაეთანხმა ქვემდგომი ინსტანციის შეფასებას და დადასტურებულად მიიჩნია 30.11.2021 წლით დათარიღებული შეხვედრისა და გასაუბრების ნამდვილობა, რომელიც სასარჩელო მოთხოვნის დაყენების გზით გასაჩივრებული არ იყო. ამასთან, პალატის მითითებით, სკოლის მმართველი კომიტეტის სხდომის ოქმით დასტურდებოდა სახდელის შეფარდებამდე დამსაქმებელის მიერ სკოლის წესდების შესაბამისად მოსარჩელის მიერ შესაძლო გადაცდომის სრულყოფილად გამოკვლევა, რის შედეგადაც კომიტეტმა რეკომენდაციით მიმართა სკოლას, უკიდურესი დისციპლინური სახდელის გამოყენების გზით მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობები შეეწყვიტა.

8.3. პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ შინაგანაწესის დარღვევის უმთავრეს მტკიცებულებას წარმოადგენდა ანონიმური წერილები და მოსწავლეთა ჩვენებები, რითაც მოსწავლეები და მშობლები თავიანთ პრეტენზიას გამოხატავდნენ. პალატამ ყურადღება გაამახვილა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმედ დაკითხული არასრულწლოვნის ჩვენებაზე და ერთ-ერთი დისტანციური საგაკვეთილო პროცესის ვიდეო ჩანაწერზე და განმარტა, რომ აღნიშნული მტკიცებულებები ერთობლიობლივად ადასტურებდა მოსარჩელის მხრიდან პედაგოგიური ეთიკის, სკოლის შინაგანაწესისა და დირექტორის მითითებების შეუსრულებლობას, სასწავლო დაწესებულებაში სკოლის არასრულწლოვანი მოსწავლეების მიმართ უთანასწორო, დამამცირებელ და ღირსების შემლახველ მოპყრობას.

8.4. პალატამ არ გაიზიარა მოწმეთა ჩვენებებისა და ანონიმური წერილების არარელევანტურ მტკიცებულებებად მიჩნევის თაობაზე აპელანტის პოზიცია და მიუთითა, რომ საპირწონე მტკიცებულება, რაც გააქარწყლებდა მოპასუხის პოზიციას, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია.

8.5. პალატამ მიუთითა მასწავლებლის მიერ გაკვეთილის ახსნისას შედარებისთვის 2012 წელს მოქმედი უმაღლესი პოლიტიკური ფიგურების გამოყენების ფაქტზე და აღნიშნა, რომ იმ დროს, როდესაც მასწავლებლისათვის ცნობილი იყო კლასში არსებული მოსწავლის ახლო ნათესაური კავშირის შესახებ, აღნიშნულ თანამდებობის პირთან ნაწარმოების ამა თუ იმ პერსონაჟის გაიგივება და შედარება არაეთიკური იყო.

8.6. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოტივაცია, რომ დამსაქმებელმა კანონით მინიჭებული უფლებამოსილება კეთილსინდისიერად გამოიყენა და იქვე მიუთითა სასწავლო დაწესებულებებში მოქმედ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 ივლისის №57/ნ ბრძანების საფუძველზე დამტკიცებულ „მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსზე", რომელიც ადგენს მასწავლებლის პროფესიული ქცევის წესებს, რის საფუძველზეც ფასდება მათი კომპეტენტურობის ხარისხი და მიუთითა ამავე ბრძანების მე-3 მუხლზე, რომლის თანახმად, მასწავლებელი პროფესიული ვალდებულების შესრულებისას დამოუკიდებელი, კეთილსინდისიერი და მიუკერძოებელია. ამავე ბრძანების მე-4 მუხლის თანახმად კი, მასწავლებელი არ აყენებს მოსწავლეს სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას და არ ახდენს მასზე ემოციურ (ფსიქოლოგიურ) ზეწოლას. მასწავლებელი მოსწავლეებთან ურთიერთობის დროს იცავს მორალურ და ზნეობრივ ნორმებს, არ მიმართავს რელიგიურ (გარდა იმ სკოლების მასწავლებლებისა, რომლებიც ეწევიან რელიგიურ საგანმანათლებლო საქმიანობას) და პოლიტიკურ პროპაგანდას.

8.7. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ დასაქმებულმა მის მიერ ჩადენილი ქმედებით დაარღვია პროფესიული ეთიკის სტანდარტები და შინაგანაწესი იმ ხარისხით, რომელიც დამსაქმებლის მხრიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის ყველაზე მძიმე ზომის - შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი იყო. ამდენად, დამსაქმებლის მიერ გამოვლენილი ნება მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მართლზომიერი იყო და ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობდა. შესაბამისად, არ არსებობდა არც მისი სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საფუძველი.

9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი საფუძვლებით:

9.1. კასატორი არ ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის მსჯელობას, რომ დირექტორმა გააფრთხილა დასაქმებული გულგრილი დამოკიდებულებისა და სხვა გარემოებების გამო. მხოლოდ მოპასუხის პოზიციას წარმოადგენს ის, რომ თითქოს მოსარჩელეს დისციპლინური წარმოების ფარგლებში მიღებული ჰქონდა გაფრთხილება, რის საფუძვლადაც უთითებდა ზეპირ კომუნიკაციაზე. აღნიშნულს მოსარჩელე სადავოდ ხდიდა საქმის წარმოების ყველა ეტაპზე. შესაბამისად, უდავო მტკიცებულებად ვერ ჩაითვლებოდა. კასატორი მიუთითებს შინაგანაწესის 17.9 მუხლზე, რომლის თანახმად, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის სიტყვიერად გაცემის შემთხვევაში, ეს დადასტურდება წერილობით და ასლი შეინახება მუშაკის პირად საქმეში. განსახილველ შემთხვევაში, ასე არ მომხდარა და დოკუმენტის არარსებობის გამო არც ასლი არ გადასცემია მასწავლებელს. ამდენად, კასატორი სადავოდ ხდის არა მხოლოდ მისთვის ზეპირსიტყვიერი შენიშვნის მიცემის ფაქტს, არამედ უფრო მეტიც, დოკუმენტის შედგენის თარიღში მის არარსებობაზე მიუთითებს.

9.2. კასატორი არ ეთანხმება მოსარჩელის მიერ მოსწავლეების მიმართ მორალური ზეწოლის სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებად მიჩნევას. დასაქმებულთან ხელშეკრულება შეწყდა ყოველგვარი კვლევის, გონივრული განსჯისა და კანონმდებლობის გვერდის ავლით და მას საფუძვლად დაედო ერთადერთი არაავთენტური მტკიცებულება - ანონიმური წერილები და აღნიშნულის საფუძველზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა უდავო გარემოებად მიიჩნიეს მოსარჩელის მხრიდან მორალური შევიწროებისა და არათანაბარი მოპყრობის ფაქტები, რის თაობაზეც არათუ სასამართლო პროცესზე არ თქმულა, არამედ ანონიმურ წერილობით დოკუმენტებშიც კი არ არის ნათქვამი.

9.3. სასამართლო უდავო გარემოებად მიიჩნევს სადავო გარემოებებს, კერძოდ, თითქოს დირექტორმა მმართველი კომიტეტის სხდომაზე განმარტა, რომ აშკარა იყო ინტრიგები და დაპირისპირებები. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ კი, მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ მმართველი კომიტეტის შინაარსი და მოპასუხის ახსნა-განმარტება იყო მცდარი. საქალაქო სასამართლოს 26.10.2022 წლის სხდომის ოქმით დასტურდება, რომ მოსარჩელე არ ადასტურებს 2021 წლის 30 ნოემბერს მისთვის ზეპირი გაფრთხილების მიცემის ფაქტს და რაიმე ტიპის გადაცდომის აღიარებას. ზემოაღნიშნული ოქმი რომ სინამდვილეს არ ასახავს, დასტურდება 2022 წლის 04 ნოემბერს მოწმე ო.ჟ–ოს ჩვენებითაც, რომელშიც აპელირებდა მოსარჩელესთან შრომის ურთიერთობის შეწყვეტაზე ყოველგვარი სტანდარტის დაცვის გარეშე. გადაწყვეტილების მიღების პროცესს წინ არ უძღოდა სათანადო მოკვლევა, არაფერი არ იცოდა პედაგოგიურმა საბჭომ და კლასის დამრიგებელმა. მოწმე განმარტავდა, რომ მასწავლებლის მიერ ჩადენილი გადაცდომის შესახებ არათუ ანონიმური, არამედ ავთენტური შეტყობინების წარმოდგენის შემთხვევაშიც კი, სკოლის დირექცია ვალდებულია, ჯეროვნად გამოიკვლიოს, გამოკითხოს მასწავლებელთან დაკავშირებული ათეულობით მოსწავლე, რათა თავიდან აიცილოს სუბიექტური, დაუსაბუთებელი და მიკერძოებული გადაწყვეტილების მიღება. ამ შემთხვევაში კი, მოვლენები ასე არ წარმართულა.

9.4. წინააღმდეგობრივი და ურთიერთგამომრიცხავია ხელშეკრულების შეწყვეტა „სხვა ობიექტურ გარემოების“ საფუძვლით მაშინ, როდესაც დასაქმებულისათვის წაყენებული ბრალდება გულისხმობს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დარღვევასა და მოსწავლეებისათვის მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის შექმნას, რაც, თავის მხრივ, წარმოადგენს პედაგოგის მიერ უხეშ გადაცდომას, რომელიც მოითხოვს მტკიცებულებების მაღალ და უტყუარ სტანდარტს. განსახილველ შემთხვევაში კი, მინიმალური სტანდარტიც ვერ იქნა დაკმაყოფილებული დამსაქმებლის მიერ დასაქმებულთან ხელშეკრულების მითითებული საფუძვლით შეწყვეტისათვის. ამასთან, კასატორის მითითებით, „სხვა ობიექტურ გარემოების“ საფუძვლით ხელშეკრულების შეწყვეტა და 2 თვის კომპენსაციის გადახდა დამსაქმებლის მხრიდან უკანონო ქმედების გადასაფარად უსუსური მცდელობაა.

9.5. საქმეში დაცული არ არის წერილობითი მტკიცებულება იმისა, თუ როდის, ვინ და რის საფუძველზე მიმართა სკოლას მოსარჩელის წინააღმდეგ. მხოლოდ მოგვიანებით სასამართლოში მოწმედ იქნენ მოწვეული პირები, რომლებიც თითქოს ანონიმური წერილების ავტორები იყვნენ და რომლებიც ვერც კონკრეტულ ფაქტებს ვერ ასახელებდნენ, თუ რაში გამოიხატა დასაქმებულის ქმედების უკანონობა და დასახელებული ფაქტების ქრონოლოგიაშიც ცდებოდნენ. ამასთან, საქმეში არ არის წარმოდგენილი ფსიქოლოგის ჩვენება/დასკვნა, რაც დაადასტურებდა დასაქმებულის ქმედებასა და მოსწავლეებისათვის მიყენებულ ფსიქოლოგიურ ტრავმას შორის მიზეზობრივ კავშირს. საქმეში წარმოდგენილი სხდომის ოქმებში ჩანს სასამართლოს მიზანმიმართული მცდელობა, მოუსპოს დასაქმებულს შეჯიბრებითობის პრინციპის რეალიზების მინიმალური შესაძლებლობაც კი, გადაწყვეტილება მიიღოს არა საქმეში არსებული მტკიცებულებებით, არამედ შინაგანი და მიკერძოებული განწყობის საფუძველზე.

9.6. სასამართლო, ერთი მხრივ, ვერ უთითებს შინაგანაწესის რომელი პუნქტი დაარღვია მოსარჩელემ და, მეორე მხრივ, აღნიშნავს, რომ შრომის შინაგანაწესი ყოველთვის ირღვეოდა. კასატორის აზრით, წინაამდეგობრივია აღნიშნული მსჯელობა, რომ სკოლამ იცოდა დასაქმებულის მიერ შინაგანაწესის სისტემატურად დარღვევის შესახებ და არ დგამდა ქმედით ნაბიჯებს მასაწავლებლის არაკანონიერი ქმედებების აღსაკვეთად. მეტიც, სასამართლო დაეთანხმა მოპასუხის მსჯელობას, თითქოს დისციპლინური გადაცდომით დასაქმებულის გათავისუფლება წარმოადგენს ობიექტურ გარემოებას, რომელსაც არაფერი აქვს საერთო შრომის სამართალში ერთმნიშვნელოვნად დადგენილ სტანდარტებთან.

9.7. კასატორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 03 აპრილის საოქმო განჩინების გაუქმებას, რომლითც კასატორს უარი ეთქვა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი მტკიცებულებების: კავკასიის ფრანგული სკოლის თანამშრომელთა დახასიათების, კავკასიის ფრანგული სკოლის ყოფილ მოსწავლეთა ელექტრონული წერილისა და კავკასიის ფრანგული სკოლის ფსიქოლოგის შ.მ–ის წერილის საქმეზე დართვასა და ამავე პირის მოწმედ დაკითხვაზე. ამასთან, კასატორი ითხოვს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვას.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, მიღებული იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), შესაბამისად, საკასაციო პალატისთვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი, საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე, ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც ასახულია წინამდებარე განჩინების 7.1.-7.10. პუნქტებში.

14. უწინარესად, საკასაციო პალატა შეაფასებს კასატორის შუამდგომლობას საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ. პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობა უნდა შემოწმდეს ზეპირი მოსმენის გარეშე, ვინაიდან საქმის მხარეთა დასწრებით განხილვის წინაპირობები არ არსებობს, კერძოდ:

14.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს.

14.2. საქმის განხილვის ფორმის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა. აღნიშნული ემყარება საკასაციო სამართალწარმოების ბუნებას, კერძოდ, საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, არამედ მისი მსჯელობის საგანი საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასებაა. ამასთან, სსსკ-ის 407-ე მუხლით განსაზღვრულია შემოწმების ფაქტობრივი საფუძველი. საკასაციო პალატა აქვე მიუთითებს, რომ სსსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხზე იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა არ ზღუდავს ადამიანის სასამართლოსადმი მიმართვის კონსტიტუციურ უფლებას (№2/6/205,232, 03.07.2003წ. გადაწყვეტილება) (იხ. სუსგ. №ას-807-2020, 12.11.2020წ.; სუსგ №ას-1150-2020, 29.09.2021წ.).

14.3. ამდენად, საკასაციო პალატა არ ამოწმებს საქმის ფაქტობრივ მხარეს, გადაწყვეტილების ფაქტობრივ საფუძველს, რის გამოც უფლებამოსილია, მხარეთა მონაწილეობის გარეშე შეაფასოს საქმის სამართლებრივი მხარე და ისე მიიღოს გადაწყვეტილება, მით უფრო, რომ როცა მხარეები მიმართავენ საკასაციო ინსტანციის სასამართლოს, მათთვის წინასწარვეა ცნობილი, რომ საქმის განხილვა შეიძლება ზეპირი მოსმენის გარეშეც მოხდეს (იხ. სუსგ. №ა-1915-ბ-8-2015, 22.07.2015წ.; იხ. სუსგ. №ას-1150-2020, 29.09.2021წ.).

14.4. საქმეში „ჰერმი იტალიის წინააღმდეგ“ (დიდი პალატის 18.10.2006 წლის გადაწყვეტილება) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ზეპირი მოსმენის აუცილებლობა დამოკიდებულია შესაბამისი სამართალწარმოების კონკრეტულ მახასიათებლებზე. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საფრანგეთის მართლმსაჯულების სისტემაში საკასაციო სასამართლოს განსაკუთრებული როლის გათვალისწინებით, რომელიც შემოიფარგლებოდა იმის შეფასებით, სწორად იქნა გამოყენებული კანონი თუ არა, დასაშვებად მიიჩნია საკასაციო სასამართლოებში დამკვიდრებული საჩივრის განხილვის ფორმალური პროცედურა (ECtHR, ლევაგესანგარიის მომსახურება საფრანგეთის წინააღმდეგ, №21920/93, 1996 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება, პარ. 48) (იხ. სუსგ №ას-1150-2020, 29.09.2021წ.).

15. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების სამართლებრივ საფუძვლად დამსაქმებლის მხრიდან დასახელებულია საქართველოს შრომის კოდექსის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი - სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას, ხოლო ფაქტობრივი საფუძველს, თანახმად შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის პროცესში შექმნილი დისციპლინური წარმოების ამსახველი დოკუმენტებისა, წარმოადგენს დასაქმებულის მიერ საგაკვეთილო პროცესში პოლიტიკური საკითხების განხილვა და ამავე თემაზე პირადი შეფასებების მოსწავლეთა წინაშე გამოხატვა; მოსწავლეთა მიმართ განსხვავებული დამოკიდებულების გამოვლენა იმის გამო, რომ ისინი სხვადასხვა პოლიტიკური თანამდებობის პირებთან ასოცირებული ოჯახის წევრები არიან, რაც მორალურ ზიანს აყენებს მოსწავლეებს; მოსწავლეებთან ნათესაურ კავშირში მყოფ პოლიტიკურ თანამდებობის პირებთან მიმართებით იმგვარი შეურაცხმყოფელი ეპითეტების გამოყენება, რაც მათ თავს შევიწროებულად აგრძნობინებს; პოლიტიკური მოტივით მოსწავლეებს შორის დაძაბულობის გაღვივება.

16. საგულისხმოა, რომ მოსარჩელე დასაქმებული სადავოდ ხდის როგორც სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტობრივ საფუძვლებს, ისე ამ ფაქტების სამართლებრივ კვალიფიკაციას სშკ 47.1 მუხლის „ო“ ქვეპუნქტთან მიმართებით.

17.1. საკასაციო პალატის განსჯით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, სახელდობრ, გაკვეთილის მონაკვეთის ამსახველი ვიდეო ჩანაწერით, მოწმე ნ.დ–ძის, თ.კ–ისა და ქ.ხ–ძის ჩვენებებით, აგრეთვე, თ.კ–ისა და ქ.ხ–ძის მიერ სკოლისადმი ანონიმურობის დაცვის პირობით წარდგენილი წერილობითი მიმართვებით, რომელთა ავტორობაც სასამართლოში მოწმედ დაკითხულმა დასახელებულმა პირებმა (მოსწავლეთა მშობლებმა) დაადასტურეს, სადავო ბრძანების ფაქტობრივი საფუძვლები დადგენილად უნდა ჩაითვალოს.

17.2. პალატა ყურადღებას მიაპყრობს მოწმე ნ.დ–ძის მიერ სასამართლოს წინაშე მიცემულ ჩვენებას, რომელიც მოპასუხე სკოლის მოსწავლეა და უშუალო შემსწრეა მოვლენებისა, რომლებიც ე.ი–ის საგაკვეთილო პროცესში ხდებოდა, კერძოდ, მოსწავლის განმარტებით, მოსარჩელე, როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, საგაკვეთილო მასალასა და დღევანდელ პოლიტიკურ მოცემულობას მუდმივად ერთმანეთს ადარებდა, პარალელს ავლებდა მოქმედ ხელისუფლებასთან და ლანძღავდა მათ, ამ პროცესში რთავდა ბავშვებსაც; მასწავლებლისთვის ცნობილ გარემოებას წარმოადგენდა, რომ კლასში, რომელშიც სწავლობდა ნ.დ–ძე, ირიცხებოდნენ როგორც მმართველი პოლიტიკური ძალის, ისე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ოჯახის წევრები, ამის მიუხედავად, ე.ი–ის, პრაქტიკულად, ყველა გაკვეთილზე განიხილებოდა პოლიტიკა; პედაგოგი ზოგჯერ თავად იჩენდა პოლიტიკური საკითხების განსჯის ინიციატივას და იყოლიებდა მოწაფეებს, ზოგჯერ კი, პოლიტიკურ საკითხებზე ბავშვების მიერ წამოწყებულ საუბარს არ უშლიდა ხელს, რაც განსხვავებულ აზრზე მყოფ მოსწავლეებს შორის დაძაბულობას აღვივებდა; უშუალოდ ნ.დ–ძე მმართველ პარტიასთან ასოცირებულ პირთან ნათესაურ კავშირში მყოფი მოსწავლეა, რის გამოც პედაგოგი მის მიმართ იჩენდა არასასიამოვნო დამოკიდებულებას, მუდმივად ადარებდა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის შვილს, რომელიც იმავე კლასში სწავლობს და აპირისპირებდა მასთან; მოწმე იხსენებს შემთხვევას, როდესაც კლასში, მოსწავლეების თანდასწრებით, ე.ი–მა უთხრა, რომ იგი ეროვნულ გამოცდას ვერ დაძლევდა, ხოლო ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლის შვილს უთხრა, რომ ამ გამოცდას ჩააბარებდა; ამგვარი დამოკიდებულება, მოწმის განმარტებით, მას აკომპლექსებდა და დაძაბულ გარემოს უქმნიდა. მოწმისვე განმარტებით, არცერთ სხვა გაკვეთილზე პოლიტიკის განხილვა არ ხდება, როგორც კი ბავშვები ამგვარ საკითხს წამოჭრიან, პედაგოგები უმალ აწყვეტინებენ საუბარს; რაც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ე.ი–ი არ არის, პოლიტიკური საკითხის განხილვა გაკვეთილზე აღარ მომხდარა, ამ საბაბით ბავშვებს შორის კონფლიქტი აღარ ხდება და, ზოგადად, უკეთესმა გარემომ დაისადგურა.

17.3. მოწმე თ.კ–მა, რომელიც ნ.დ–ძის დედაა, დაადასტურა, რომ წინამდებარე განჩინების 7.4.2. -7.4.3. პუნქტებში ასახული ანონიმური წერილის ავტორი თავად არის; სასამართლოს წინაშე ჩვენების მიცემისას მან განმარტა, რომ როგორც საკუთარი შვილისგან იცის, საგაკვეთილო პროცესში ე.ი–ი საუბრობდა პოლიტიკაზე, მიმდინარე არჩევნებსა და აქციებზე; მასწავლებელი მოსწავლეებს მუდმივად ასხვავებდა საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების შესაბამისად - იმის გამო, რომ მისი შვილი მმართველი პარტიის პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის ახლობელი იყო, მის მიმართ დაუმსახურებელ შენიშვნებს იჩენდა, უყვიროდა, ხოლო ამავე კლასში რიცხული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის შვილის მიმართ იჩენდა განსაკუთრებულ სიყვარულს. გაკვეთილზე მასწავლებელი აკრიტიკებდა მთავრობას, ცუდად მოიხსენიებდა მის წევრებს და მოსწავლეებს პოლიტიკურ საკითხებზე აზრის გამოხატვის უფლებას აძლევდა, რასაც ნ.საკუთარ თავზე იღებდა და განიცდიდა; პოლიტიკურ საკითხებზე წამოჭრილმა პოლემიკამ ერთხელ (მე-6 კლასში) იმდენად სერიოზული დაპირისპირება გამოიწვია, რომ ნ.გაკვეთილზე ატირდა, რის გამოც ე.ი–მა პირადად დაურეკა და სკოლაში მისვლა სთხოვა ბავშვის დასაწყნარებლად; მას შემდეგ, რაც 2021 წლის ნოემბრის თვეში მასწავლებელმა სკოლისგან შენიშვნა მიიღო, პოლიტიკურ თემებს თავად აღარ წამოჭრიდა, ამბობდა, რომ აკრძალული ჰქონდა, თუმცა გაკვეთილის მსვლელობისას ამავე საკითხებზე მოსწავლეებს საუბრის უფლებას კვლავ აძლევდა.

17.4. მოწმე ქ.ხ–ძემ, რომელიც მოპასუხე სკოლის ყოფილი მოსწავლის, ც. ი–ის მშობელია, სასამართლოში მოწმედ დაკითხვისას დაადასტურა, რომ წინამდებარე განჩინების 7.4.1. პუნქტში ასახული ანონიმური წერილის ავტორი თავად არის; მანვე სასამართლოს წინაშე განმარტა, რომ მისი შვილი მმართველი პარტიის ყოფილი თავმჯდომარის ძმის შვილია; შვილის კლასელებისა და მათი მშობლებისგან იცის, რომ მასწავლებელს კლასში ჰყავდა ფავორიტები, რომლებსაც სწყალობდა, ზოგიერთ მოსწავლეს კი, განარჩევდა მათგან (მათ შორის, მის შვილს); განსხვავების ერთ-ერთ მიზეზად მშობელი მასწავლებლის პოლიტიკურ შეხედულებებს მიიჩნევს, რის შესახებაც 2021-2022 სასწავლო წლის დასასრულს წერილობითაც აცნობა სკოლას.

18. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს სამოქალაქო დავაში მოწმის ჩვენების მტკიცებულებად გამოყენების სტანდარტს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ნებისმიერ შემთხვევაში, მოწმეთა კომპეტენცია, პირველ რიგში ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად წესრიგდება (იხ. The Lüdi v. Switzerland, გადაწყვეტილება 15.06.1992, სერია A, N238, გვ. 20, პარაგრაფი 43 და The Schuler-Zgraggen v. Switzerland გადაწყვეტილება 24.06.1993. სერია N263, გვ.21. პარაგრაფი 66). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე და 140-ე მუხლების ანალიზიდან კი გამომდინარეობს, რომ მოწმის ჩვენების მიღებისას ეროვნულმა სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს ყველა იმ ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორით, რაც ამ მტკიცებულების იურიდიულ ბუნებას ახლავს, მათ შორისაა მოწმის, როგორც სუბიექტის დამოუკიდებლობა მხარეთა შორის სადავო ფაქტებისა და მოვლენების მიმართ. მოწმის ჩვენების სარწმუნო მტკიცებულებად მიჩნევის წინაპირობად კანონმდებელი მიიჩნევს ამავე მოწმის ნეიტრალურობას.

19.1. პალატის განსჯით, მოწმედ დაკითხული პირები აკმაყოფილებენ ნეიტრალურობის მოთხოვნას. ჩვენებაში აღწერილი გარემოებების განვითარებამდე, წინარე პერიოდში, მოწმეებსა და მოსარჩელეს შორის არ იკვეთება იმგვარი ურთიერთობის არსებობა, რაც მოწმედ დაკითხულ პირებს მისცემდა პირად მოტივს, შესაძლო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ გაფრთხილების მიუხედავად, ცრუ ჩვენება მიეცათ სასამართლოს წინაშე.

19.2. მოწმეთა მოხმობილი ჩვენებები თანმიმდევრული და დამაჯერებელია და მათში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. მოწმედ დაკითხული პირები სადავო ფაქტობრივი გარემოებების უშუალო შემსწრეები არიან - არასრულწლოვანი ნ.დ–ძე ე.ი–ის საგაკვეთილო პროცესის მონაწილე იყო, ხოლო თ.კ–ი და ქ.ხ–ძე კი, მშობლები, რომელთა შვილებიც ე.ი–ის უარყოფითი განწყობის უშუალო ადრესატებს წარმოადგენდნენ და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტაზე გადაწყვეტილების მიღებამდე მასწავლებლის ქმედებების აღკვეთას ითხოვდნენ სკოლისაგან. ამასთან, პალატა დასძენს, რომ მარტოოდენ ნ.დ–ძის ჩვენებაც კი, ცალკე აღებული, გადმოცემის მანერის, ჩვენების მიცემის პროცესში წარმოშობილი ემოციებისა და მისი ასაკის გათვალისწინებით, სარწმუნოობის იმდენად მაღალი ხარისხით ხასიათდება, საკმარისია სასამართლოს შინაგანი რწმენის ჩამოსაყალიბებლად, რომ მასწავლებლის უარყოფითი დამოკიდებულება ზოგიერთი მოსწავლის მიმართ დიდწილად განპირობებული იყო ამავე მოსწავლეების ნათესაური კავშირით პოლიტიკური თანამდებობის პირთან, რომლის მიმართაც მოსარჩელე განწყობილი იყო ნეგატიურად. მოწმეთა ჩვენებებით და დისციპლინური წარმოების ფარგლებში არასრულწლოვანი მოსწავლეების მშობლების წერილობითი მიმართვებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს მასწავლებლის მხრიდან საგაკვეთილო პროცესში პოლიტიკური საკითხების არაერთჯერადად განხილვისა და ამავე თემაზე პირადი შეფასებების მოსწავლეთა წინაშე გამოხატვის, აგრეთვე, პოლიტიკური საკითხების გარშემო ბავშვებს შორის წამოჭრილ კამათში ჩაურევლობის გამო მოსწავლეებს შორის დაძაბულობის გაღვივებაში ხელშეწყობის ფაქტებს. საგაკვეთილო პროცესის პოლიტიზების დასტურს წარმოადგენს საქმეზე დართული ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ასახულია ე.ი–ის მიერ, დისტანციურ გაკვეთილზე, არასრულწლოვან მოსწავლეთა აუდიტორიის წინაშე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრებასთან დაკავშირებით გაკეთებული პოლიტიკური ხასიათის შეფასებები.

20. ამრიგად, პალატის განსჯით, სადავო გადაწყვეტილების ფაქტობრივი საფუძველი წინამდებარე საქმეში დადასტურებულია, ხოლო საკასაციო პალატის შეფასების საგანია, რამდენად წარმოშობს დასახელებული ფაქტები შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის სშკ 47.1 მუხლის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფუძველს.

21.1. უწინარესად, უნდა აღინიშნოს, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს შორის, ყველაზე ზოგადი ხასიათის ფორმულირება სწორედ განსახილველ შემთხვევაში გამოყენებულ შეწყვეტის საფუძველს აქვს - „სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას“. შესაბამისად, კანონმდებელი რამდენადაც მეტ თავისუფლებას ანიჭებს დამსაქმებელს, დასახელებული ნორმის ფარგლებში შეწყვიტოს შრომითი ურთიერთობა (იმავე მუხლში ჩამოთვლილ შრომის ხელშეკრულების სხვა, უფრო კონკრეტულ და ამომწურავი ხასიათის საფუძვლებთან შედარებით), ამდენადვე, მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს, მაქსიმალურად კონკრეტული, გასაგები და არაორაზროვანი იყოს ინდივიდუალურ შემთხვევაში შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა დასახელებული საფუძვლით (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ოქტომბრის განჩინება საქმეზე №ას-652-2020). ამასთან, მოცემული რეგულაცია არ შეიძლება, გამოდგეს კეთილსინდისიერების პრინციპის, კეთილი ზნის საწინააღმდეგო გათავისუფლების გამართლებისათვის. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად გასაკიცხი მოტივი (მაგ. შურისძიების წყურვილი) არ შეიძლება „ობიექტური გარემოებით“ შეიფუთოს. „ობიექტური გარემოება“ მოსამართლემ უნდა განსაზღვროს თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში, რადგან ყოველგვარ ვითარებაზე მორგებული განმარტება ვერ იარსებებს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ერთი და იგივე „ობიექტური გარემოება“ სხვადასხვა მოცემულობაში განსხვავებულად შეიძლება, შეფასდეს. ასეთ დროს მოსამართლის ხელში მნიშვნელოვან ბერკეტს წარმოადგენს როგორც დამსაქმებლის, ისე დასაქმებულის ქცევის კეთილსინდისიერების სტანდარტით შეფასება...მაშასადამე, მთავარია, რომ მოცემული საფუძვლით ხელშეკრულება შეწყდეს მართლზომიერი საშუალებითა და ობიექტურად გამართლებული გარემოებებით, რაც ასევე არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მხარეთა შორის უფლება-მოვალეობების კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს (გუჯაბიძე ნ., მესხიშვილი ქ., საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები, 2017, გვ. 245-246).

21.2. დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების მართლზომიერად მოშლისათვის განსაზღვრულია შემდეგი წინაპირობები: ა) შრომითი ხელშეკრულების მოშლის საფუძველი იყოს განსხვავებული იმავე მუხლში მითითებული სხვა საფუძვლისაგან; ბ) იგი არ იყოს დამოკიდებული დამსაქმებლის სუბიექტურ ნებაზე; გ) იყოს ფაქტობრივი, ე.ი. იმგვარი, რომლის დამტკიცება და უარყოფა შესაძლებელია; დ) გარეშე, ნეიტრალური დამკვირვებლის თვალში წარმოადგენდეს საკმარის მიზეზს შრომითი ხელშეკრულების მოშლისათვის. ამასთან, ნების გამოხატვის საფუძვლად არსებულ ქმედებასა და ნების გამოვლენას შორის უნდა არსებობდეს შედეგობრივი კავშირი და ე) ხელშეკრულების მოშლით დამდგარ ფაქტობრივ შედეგს ხელშეკრულების შენარჩუნებით დამდგარ ფაქტობრივ შედეგთან უპირატესობა უნდა ჰქონდეს (მრავალთა შორის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებები საქმეებზე: №ას-188-2021; №ას- 715-2019).

21.3. მოცემულ შემთხვევაში, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების კანონიერების დადგენა დამოკიდებული იყო დამსაქმებლის მხრიდან დამაჯერებელი არგუმენტებისა და მტკიცებულებების წარმოდგენაზე, რომლითაც ის დაამტკიცებდა, რომ ურთიერთობის შეწყვეტის ეტაპზე არსებობდა ობიექტური გარემოება, რომელიც გაუმართლებელს ხდიდა შრომითი ურთიერთობის შენარჩუნებას. ასეთ გარემოებად დამსაქმებელმა დასაქმებულის მხრიდან საგაკვეთილო პროცესის პოლიტიზება, პოლიტიკური შეხედულებების გამო მოსწავლეთა დიფერენცირება და ბავშვებს შორის წამოჭრილ პოლიტიკურ კამათში ჩაურევლობით მოსწავლეთა შორის კონფლიქტური ურთიერთობის ფორმირებაში ხელშეწყობა მიიჩნია.

21.4. სშკ-ის 47-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს ხელშეკრულების მოშლას სხვა ობიექტური საფუძვლით, რაც შეიძლება, ცალკეულ შემთხვევაში, გამოწვეული იყოს როგორც დამსაქმებლის, ასევე დასაქმებულის მიზეზით... თითოეულ ასეთ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულების მოშლა ობიექტურად მიზანშეწონილი უნდა იყოს. კერძოდ, უნდა არსებობდეს ისეთი საფუძველი, რომელიც არ არის კანონში უშუალოდ მითითებული, მაგრამ უპირობოდ ამართლებს ხელშეკრულების მოშლას... დასაქმებულის მიმართ ხელშეკრულების მოშლა შეიძლება გამართლებული იყოს ობიექტურად, თუ მისი ქცევა საზოგადოდ საჯარო წესრიგსა და უსაფრთხოებას უქმნის საფრთხე (იხ. ჩაჩავა ს., „შრომის ხელშეკრულების ნებაზე დამოკიდებული და მხარეთა ნებისაგან დამოუკიდებელი შეწყვეტა – 2013 წლის 12 ივნისის ცვლილებებით დამკვიდრებული ახალი კლასიფიკაცია“, შრომის სამართლის უახლესი ცვლილებების სამართლებრივი ასპექტები, 2014, გვ. 118).

21.5. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, უპირველეს ყოვლისა, სასამართლო ამოწმებს რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. ამ საკითხის გამორკვევა შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (იხ. სუსგ. №ას-151-147-2016, 19.04.2016წ.).

21.6. სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებლის პოზიტიური ვალდებულებაა დაასრულოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა მხოლოდ ლეგიტიმური გზებით, ხოლო ნეგატიური - დამსაქმებელს არ უნდა შეეძლოს დასაქმებულის სამსახურიდან გაშვება შესაბამისი და გამართლებული საფუძვლის გარეშე, ამიტომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის იმ რეგულაციებს, რომლებიც სშკ-ის 47-ე და 48-ე მუხლებშია მოცემული, აქვთ ერთგვარი „შემაკავებელი ეფექტი“, რომლის საფუძველიც არის წინაპირობა შრომის ურთიერთობათა მხარეების თვითნებური, გაუმართლებელი გადაწყვეტილებების აღკვეთისთვის.

21.7. „ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაუშვებელია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის პოლიტიზება.

21.8. „მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 ივლისის №57/ნ ბრძანების ,ე-4 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, მასწავლებელი არ ეწევა მოსწავლეებთან რელიგიურ (გარდა იმ სკოლების მასწავლებლებისა, რომლებიც ეწევიან რელიგიურ საგანმანათლებლო საქმიანობას) და პოლიტიკურ პროპაგანდას; მასწავლებელი არ აყენებს მოსწავლეს სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას და არ ახდენს მასზე ემოციურ (ფსიქოლოგიურ) ზეწოლას (4.2. პუნქტი).

21.9. პალატა, სკოლასა და მასწავლებელს შორის დადებული ხელშეკრულების შინაარსობრივი შესწავლის შედეგად ასკვნის, რომ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის ვალდებულების დამდგენ დანაწესებს მხარეთა შორის არსებული ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულება ან შრომის შინაგანაწესი არ შეიცავს. აღნიშნული, ცხადია, არ ნიშნავს იმას, რომ მასწავლებელს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის ვალდებულება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას არ გააჩნდა. ამგვარი ვალდებულების შრომითი ხელშეკრულების/შინაგანაწესის მიღმა დატოვება ვერ დაკვალიფიცირდება შრომითი ურთიერთობის მონაწილე მხარეთა ნებად, მასწავლებელი გაათავისუფლოს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის მოვალეობისაგან. საგაკვეთილო პროცესის პოლიტიზების აკრძალვისა და პოლიტიკური პროპაგანდის დაუშვებლობის საკანონმდებლო დანაწესები კანონისმიერ ვალდებულებათა რიგს მიეკუთვნება და მათი მოდიფიცრება სკოლასა და მასწავლებელს შორის დადებულ ინდივიდუალურ შრომით ხელშეკრულებას არ შეუძლია.

21.10. პალატის განსჯით, საგაკვეთილო პროცესის პოლიტიზებისა და მოსწავლეებთან პოლიტიკური პროპაგანდის დაუშვებლობის პრინციპები საგანმანათლებლო დარგში საქმიანობის ფუძემდებლურ დებულებებს წარმოადგენს და მათი მნიშვნელობა საზოგადოებრივი ცხოვრების ამ დარგში საჯარო წესრიგის დამდგენ ნორმატივებად უნდა იქნეს განხილული. სკოლა სოციალურ გარემოს წარმოადგენს არასრულწლოვნისათვის, რომელშიც იგი დროის მნიშვნელოვან ნაწილს ატარებს, რის გამოც ბავშვის ფიზიკური, ფსიქიკური თუ ემოციური ჩამოყალიბების პროცესში სკოლის მონაწილეობის ხარისხი ძალზედ მაღალია, შესაბამისად, საგანმანათლებლო პროცესის მონაწილე ყველა რგოლი, განსაკუთრებით, აკადემიური პერსონალი, უნდა ფუნქციონირებდეს სწორედ ისე, რომ ბავშვის მოწყვლადი ბუნება დაიცვას სუბიექტური, თავსმოხვეული იდეოლოგიებისაგან, მათ შორის, პოლიტიკური შეხედულებებისგან.

21.11. საქართველოს შრომის კოდექსის 47.1. „თ“ და „ზ“ ქვეპუნქტები შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად განიხილავს (1) ბოლო 1 წლის განმავლობაში დისციპლინური სახდელდადებული მუშაკის მიერ ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით/კოლექტიური ხელშეკრულებით/შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების კვლავ დარღვევას; (2) ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით/კოლექტიური ხელშეკრულებით/შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულებების უხეშ დარღვევას.

21.12. ამრიგად, სშკ 47.1 მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ და „ზ“ ქვეპუნქტები მიემართება ისეთ შემთხვევებს, როდესაც მუშაკი არღვევს სახელშეკრულებო დათქმით განმტკიცებულ მოვალეობებს. ის გარემოება, რომ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვა მხარეთა შორის დადებული ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების/შინაგანაწესის დეკლარირებულ ვალდებულებას არ წარმოადგენდა, დამსაქმებელს აბრკოლებს საქართველოს შრომის კოდექსის 47.1 მუხლის „თ“ ან „ზ“ ქვეპუნქტზე მითითებით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესაძლებლობაში, რაც არ ნიშნავს იმას, უფრო მაღალი ლეგიტიმაციის - ნორმატიული აქტით რეგლამენტირებული კანონისმიერი ვალდებულების რღვევა დამსაქმებლისგან რეაგირების გარეშე უნდა დარჩეს. ასეთი შემთხვევისათვის, პალატის განსჯით, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ლეგიტიმურ საფუძველს სწორედ შრომის კოდექსის 47.1 მუხლის „ო“ ქვეპუნქტი წარმოადგენს, რომლის მიზანიც სწორედ იმგვარი შემთხვევების პრევენციაა, როცა ერთი მხრივ, სშკ 47.1 მუხლის „ა“-„ნ“ ქვეპუნქტები არაქმედითია, თუმცა, მეორე მხრივ, დამსაქმებელს, ანგარიშგასაწევი, ობიექტური, სერიოზული მიზეზის გამო, მაინც არ შეიძლება მოეთხოვოს ხელშეკრულების ძალაში დატოვება.

22. იმის მიუხედავად, რომ საქართველო ანგლო-ამერიკული სამართლის სისტემას არ მიეკუთვნება და პრეცედენტებს უშუალოდ მოქმედი სამართლის ძალა არ გააჩნიათ, კაზუისტური მნიშვნელობით პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, მოიხმოს ამერიკის შეერთებული შტატების მე-7 საოლქო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (საქმეზე Deborah A. Mayer, Plaintiff-appellant, v. Monroe County Community School Corporation, et al., Defendants-appellees, 474 F.3d 477 (7th Cir. 2007)), რომელიც ფაქტობრივი გარემოებებით ჰგავს წინამდებარე საქმეს. მომჩივანს, ციტირებულ საქმეში წარმოადგენდა მასწავლებელი, რომელსაც არ გაუგრძელეს შრომითი ხელშეკრულება საგაკვეთილო პროცესში პოლიტიკური შინაარსის განცხადებების გაკეთების გამო. მომჩივნის აზრით, სკოლამ ხელყო მისი გამოხატვის თავისუფლება, რაც დაცულია აშშ-ის კონსტიტუციის პირველი შესწორებით. ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, პედაგოგმა, მოსწავლის კითხვაზე, მონაწილეობდა თუ არა პოლიტიკურ დემონსტრაციებში, უპასუხა, რომ როდესაც მანქანით ჩაუარა დემონსტრანტებს, რომლებიც აპროტესტებდნენ ერაყში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებს, დაინახა პლაკატი წარწერით „სიგნალი მშვიდობისათვის“ და, მან, დემონსტრანტების მხარდასაჭერად, ავტომობილის ხმოვანი სიგნალი გამოიყენა. მონათხრობმა ზოგიერთი მშობლის უკმაყოფილება გამოიწვია, რის გამოც სკოლამ პედაგოგოებს მოსთხოვა, თავი შეეკავებინათ პოლიტიკურ აზრთა სხვადასხვაობაში მხარედ ყოფნისგან. მომჩივნის აზრით, სწორედ ამ ინციდენტმა განაპირობა სკოლის უარი ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელებაზე. რაიონულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ რადგან ერაყში სამხედრო ინტერვენცია საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხია, მეიერს ჰქონდა უფლება, გამოეთქვა საკუთარი შეხედულებები ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ეს უფლება სამუშაო ადგილზე შეზღუდულია იმ მოთხოვნით, რომ გამოხატვამ არ უნდა შეუშალოს ხელი დამსაქმებლის ბიზნესს. დამსაქმებლის ინტერესების უპირატესობის დადგენის შემდეგ, რაიონულმა სასამართლომ საქმე დამსაქმებლის სასარგებლოდ გადაწყვიტა, რაც გასაჩივრდა სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც, თავის მხრივ, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვა ძალაში და დაადგინა, რომ გამოხატვის თავისუფლება არ აძლევს სკოლის მასწავლებლებს უფლებას, მოსწავლეთა აუდიტორიის წინაშე განიხილონ თემები ან დაიცვან თვალსაზრისი, რომელიც სცდება სასწავლო გეგმას. როდესაც მოხელეები თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას აკეთებენ განცხადებებს, გამოხატვის თავისუფლების მიზნებისთვის ისინი არ საუბრობენ როგორც მოქალაქეები, შესაბამისად, კონსტიტუცია არ იცავს მათ დამსაქმებლის დისციპლინური ზომებისგან (იხ. აშშ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Garcetti v. Ceballos, 547 U.S. 410 (2006)). რაც ასევე მნიშვნელოვანია, დასახელებულ საქმეებში თანამშრომლის მხრიდან პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის მოვალეობის უგულებელყოფის გამო სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევები განხილულია სწორედ „სხვა ობიექტურ გარემოებად“, რომელიც ამართლებს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას (Some Other Substantial Reason, ე.წ. SOSR Dismissal).

23. პალატის განსჯით, მასწავლებელს არ აქვს უფლება, გამოხატოს პირადი პოლიტიკური შეხედულებები საკლასო ოთახში ან სხვაგვარად მოსწავლეებთან პროფესიული ურთიერთობისას. არჩევნების განხილვა, მაშინაც კი, თუკი იგი სასწავლო თემას წარმოადგენს (მაგ: სამოქალაქო განათლებისა და სოციალური მეცნიერებების სწავლებისას), უნდა მოხდეს მასწავლებლის მიერ პირადი პოლიტიკური შეხედულების გაზიარების გარეშე. საკლასო ოთახი არ წარმოადგენს პირადი პოლიტიკური შეხედულებების გამოხატვის ფორუმს.

24.1. მაშინაც კი, როდესაც სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველია არა სშკ 47.1 მუხლის „თ“ ან „ზ“ ქვეპუნქტი, არამედ „ო“ ქვეპუნქტი, მაგრამ სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტობრივი საფუძველი შექმნილია დასაქმებულის წინარე მოქმედებით, გათავისუფლების გადაწყვეტილების კანონიერება უნდა გაიზომოს პროპორციულობის ტესტით, შრომის სამართალში მოქმედი „Ultima Ratio“-ს პრინციპის შესატყვისად, რაც დამსაქმებლისაგან მოითხოვს დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნამდე მისი ქმედების შეფასებას მიზეზ-შედეგობრივი თვალსაზრისით, დარღვევასა (გადაცდომას) და გათავისუფლებას შორის ზომიერი ბალანსის დაცვას. დარღვევაზე რეაგირების მიზნით გამოყენებული ღონისძიებები უპირატესად არსებული ვითარების გამოასწორებას და მუშაკის ქცევის კორექციას უნდა ემსახურებოდეს, რათა მან, შემდგომში, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევა შეძლოს. სამსახურიდან გათავისუფლება გამართლებულია მაშინ, თუკი გადაწყვეტილება შეესაბამება გონივრული რეაგირების ფარგლებს.

24.2. ამ თვალსაზრისით, პალატა შენიშნავს დამსაქმებლის მითითებას, რომ მან ე.ი–ს 2021-2022 წლის ნოემბრის თვის ბოლოს ზეპირი გაფრთხილება მისცა იმ გადაცდომების გამო, რომლის შესახებაც სკოლას მოსწავლის მშობელმა აცნობა. მოწმედ დაკითხულმა თ.კ–მა დაადასტურა, რომ სწორედ ის იყო მშობელი, რომელმაც 2021 წლის ნოემბრის ბოლოს ზეპირად მიმართა სკოლას ე.ი–ის მიერ მისი შვილის მიმართ გამოვლენილი უარყოფითი დამოკიდებულების გამო, რისი სავარაუდო საფუძველიც მასწავლებლის პირადი პოლიტიკური შეხედულებითა და მოსწავლე ნ.დ–ძის მმართველი პარტიის წარმომადგენელთან ნათესაური კავშირის არსებობით იყო განპირობებული (იხ. 04.11.2022წ. სასამართლო სხდომის ოქმი, 12:31 სთ).

24.3. მოსარჩელე უარყოფს სკოლისგან 2021 წლის ნოემბრის თვეში გაფრთხილების მიღების ფაქტს და მიუთითებს, რომ საქმეში ამ გარემოების დამადასტურებელი წერილობითი მტკიცებულება არ არსებობს. აღნიშნულის საპირწონედ, პალატა ყურადღებას კვლავ მიაპყრობს ყურადღებას მოწმე ნ.დ–ძის ჩვენებას, რომელიც იხსენებს, რომ 2021 წლის ნოემბრის შემდეგ, მასწავლებელმა გარკვეული დროით შეწყვიტა პოლიტიკური თემატიკის ინიცირება იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მას პოლიტიკაზე საუბარი ეკრძალებოდა (იხ. 04.11.2022წ. სასამართლო სხდომის ოქმი, 12:59სთ-დან), ასევე მოწმე თ.კ–ის ჩვენებას, რომელიც განმარტავს, რომ 2021 წლის ნოემბერში მის მიერ სკოლის წინაშე ე.ი–ის მიმართ გამოხატული უკმაყოფილების შემდეგ მასწავლებელმა ნ.დ–ძის მიმართ მანამდე არსებული უარყოფითი დამოკიდებულება ერთბაშად შეცვალა, თუმცა მხოლოდ დროებით (იხ. 04.11.2022წ. სასამართლო სხდომის ოქმი 12:42 სთ-დან), ხოლო ქ.ხ–ძის ჩვენების თანახმად, ციცი ი–ი, რომელიც მანამდე მასწავლებლისაგან მუდმივად დაბალ შეფასებებს იმსახურებდა, ნოემბრის თვის შემდეგ უეცრად უმაღლესი ქულებით შეფასდა, რაზედაც ბავშვი ხუმრობით ამბობდა, რომ ქართულ ენასა და ლიტერატურაში წარჩინებული მოსწავლე გახდა (იხ. 04.11.2022წ. სასამართლო სხდომის ოქმი 13:17სთ-დან).

24.4. 2021 წლის ნოემბრის თვის შემდგომ მასწავლებლის ქცევის რადიკალურ (თუმცა დროებით) ცვლილებაზე მოწმეთა მითითება სწორედ იმას მეტყველებს, რომ სკოლის მხრიდან, მოსწავლის მშობლის პრეტენზიის საფუძველზე, მასწავლებელმა ზეპირი გაფრთხილება დანამდვილებით მიიღო და გარკვეული დროის განმავლობაში, აღნიშნული გაფრთხილების ძალით, მოსარჩელემ შეწყვიტა მოსწავლეებთან პოლიტიკურ თემებზე საუბრის ინციატივა და მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებთან ნათესაურ კავშირში მყოფი მოსწავლეების ფსიქოლოგიური შევიწროვება, თუმცა გაფრთხილების შემაკავებელი ეფექტი გამოდგა დროებითი, რასაც მოწმობს თ.კ–ის მიერ, 2022 წლის მაისის თვეში, ამჯერად უკვე წერილობითი ფორმით განხორციელებული მიმართვა სკოლისათვის, სადაც აღწერილია, რომ მასწავლებლის მიერ საგაკვეთილო პროცესის პოლიტიზებამ ფორმა შეიცვალა, კერძოდ, ბავშვებს აძლევს საშუალებას, თავად წამოჭრან პოლიტიკური თემები, რომელშიც, ერთი მხრივ, აღარ ერევა, თუმცა დისკუსიებს არც ხელს უშლის, რაც მისი მხრიდან მოსწავლეთა დაპირისპირების ირიბი წახალისება და, მათ შორის, მისი შვილის შევიწროვების ერთგვარი ფორმაა. განცხადების თანახმად, ქალბატონმა ი–მა მოახერხა თანაკლასელებს შორის განხეთქილების ჩამოდგება, დაჰყო რა ისინი კარგ და ცუდ მხარეს მყოფებად.

24.5. წერილის შინაარსით, მოწმედ დაკითხული ნ.დ–ძის, თ.კ–ისა და ქ.ხ–ძის ჩვენებებით, პალატისთვის თვალსაჩინოა, რომ მასწავლებლის მიმართ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დარღვევისა და მოსწავლეთათვის არათანაბარი, შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნის გამო მიცემულ ზეპირ გაფრთხილებას მასწავლებლის ქცევის კორექცია არ მოჰყოლია და არც გულისხმიერად ქცევის მოტივაცია მიუცია მისთვის, არამედ პოლიტიკური მოტივებით ინსპირირებულ ქცევას მხოლოდ ფორმა შეუცვალა, არსით კი, საგაკვეთილო გარემო კვლავ დარჩა პირადი პოლიტიკური გემოვნების გამოხატვისა და, ამავე მოსაზრებების საფუძველზე მოსწავლეთა დიფერენცირების ასპარეზად. ამრიგად, პალატის განსჯით, სკოლამ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე მის ხელთა არსებული ყველა რესურსი გამოიყენა, თუმცა უშედეგოდ, რის გამოც სამსახურიდან გათავისუფლებაზე მიღებული გადაწყვეტილება პროპორციულია დარღვევის სიმძიმის, განგრძობადი ბუნებისა და შედეგების - არასრულწლოვან მოსწავლეთა შორის შუღლის ჩამოგდებისა და მათი ფსიქოლოგიური კეთილდღეობის ხელყოფის გამო.

25.1. კასატორი სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს საოქმო განჩინებას, რომლითაც ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს 19.10.2022 წლის საოქმო განჩინება კოლეგებისა და ყოფილი მოსწავლეების დახასიათების საქმეზე დართვაზე უარის თქმის შესახებ და 26.10.2022 წლის საოქმო განჩინება სკოლის ფსიქოლოგის შ.მ–ის წერილის საქმეზე მტკიცებულებად დართვასა და მისი მოწმის სახით დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ. საკასაციო პალატის განსჯით, ორივე საოქმო განჩინება გამოტანილია საპროცესო კოდექსის დაცვით და მათი გაუქმების საფუძვლები არ ვლინდება, სახელდობრ: 19.10.2022 წლის საოქმო განჩინებასთან მიმართებით უნდა აღინიშნოს, რომ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად ნეიტრალური გარეშე პირისგან ინფორმაციის მიღების ერთადერთი საშუალება მისი მოწმის სახით სასამართლოში გამოძახებაა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 140-ე-153-ე მუხლების სულისკვეთება მთლიანად აგებულია მოწმის გამოკითხვისას ზეპირობის პრინციპის დაცვის იდეაზე, ზეპირი განმარტებების მიცემის სავალდებულოობა არ შეიძლება ჩანაცვლდეს წერილობით გაცემული ახსნა-განმარტებებით. წერილობით დაფიქსირებული მოწმის ახსნა-განმარტება 102-ე მუხლით გათვალისწინებულ არცერთ მტკიცებულებათა სახეს არ განეკუთვნება და იგი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ამავე კოდექსის 134-ე მუხლით გათვალისწინებულ წერილობით მტკიცებულებად, რადგან წერლობით მტკიცებულებებს წარმოადგენს აქტები, საბუთები, საქმიანი და პირადი ხასიათის წერილები, რომლებიც შეიცავს ცნობებს საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებათა შესახებ. დაკითხვის ზეპირი ფორმა უზრუნველყოფს მოწმისგან ხარისხიანი ჩვენების მიღებას (რაც უზრუნველყოფილია როგორც მოწმის ფიცით, ისე მხარეთა და სასამართლოს უფლებით, კითხვები დაუსვას მოწმეს) და სასამართლოს მიერ ამ ჩვენების სწორ გაგებას (საკითხზე იხ. ქურდაძე შ., ხუნაშვილი ნ., საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალი, მეორე გამოცემა, გამომცემლობა მერიდიანი, გვ. 300-301). ამრიგად, კოლეგებისა და ყოფილი მოსწავლეების მიერ შედგენილი ე.ი–ის დახასიათებები სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრულ მტკიცებულებათა არცერთ სახეს არ წარმოადგენს, რაც საქმეზე მათი დართვის შესაძლებლობას გამორიცხავს. ამასთან, ზოგადი ხასიათის პირად/პროფესიულ დახასიათებებს წინამდებარე სარჩელის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებებთან უშუალო კავშირი არ გააჩნიათ, რის გამოც საკასაციო პალატას დასახელებული დახასიათებები არაგანკუთვნად მტკიცებულებებადაც მიაჩნია. ამდენად, საქმისთვის მათ დართვაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს უარი, რაც ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც, საკასაციო პალატას პროცესუალური თვალსაზრისით მართებულად მიაჩნია.

25.2. რაც შეეხება სკოლის ფსიქოლოგის მიერ შედგენილი წერილის საქმეზე დართვისა და მისი მოწმედ დაკითხვის შუამდგომლობას, საკასაციო პალატა მიუთითებს შემდეგს: საქმეში დაცული მტკიცებულებებიდან არ ვლინდება, რომ სკოლის ფსიქოლოგი მონაწილეობდა ე.ი–ის შესაძლო გადაცდომების მოკვლევის რომელიმე ეტაპში - მოსწავლეებთან/მშობლებთან გასაუბრებაში, სკოლის ადმინისტრაციასა და ე.ი–ს შორის გამართული შეხვედრაში ან მმართველი კომიტეტის სხდომაში, შესაბამისად, სსსკ 140-ე მუხლის მნიშვნელობით იგი ვერ განიხილება პირად, რომლისთვისაც ცნობილია რაიმე გარემოება საქმის შესახებ, შესაბამისად, მისი მოწმედ მოწვევის საფუძველი მოსარჩელე მხარემ ვერ დაასაბუთა. რაც შეეხება სკოლის ფსიქოლოგის წერილს, რომლითაც შ.მ–ი განმარტავს, რომ სკოლის მოსწავლეებს მის წინაშე არ გამოუხატავთ პრეტენზია ე.ი–ის შესახებ, პალატა შენიშნავს, რომ სკოლას პრეტენზიის გაცხადებისა თუ განხილვის პროცესში ფსიქოლოგის მონაწილეობის ფაქტობრივ გარემოებაზე ისედაც არ მიუთითებია, შესაბამისად, ამგვარ წერილობით განმარტებას არ აქვს მტკიცების საგანში შემავალ გარემოებებთან კავშირი, რაც სსსკ 104.1 მუხლიდან გამომდინარე, მისი მტკიცებულებად დართვაზე უარის საფუძველია.

26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

27. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საიდანაც კასატორს, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის გამო, უნდა დაუბრუნდეს 70%, რაც შეადგენს 210 ლარს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე.ი–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. ე.ი–ს (პ/ნ .........) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის (საგადასახადო დავალება №3792, გადახდის თარიღი: 12.06.2023წ, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „თიბისი ბანკი“) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი