Facebook Twitter

საქმე №ას-564-2025

31 ოქტომბერი 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,

არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ხ.ხ–ვა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ა.კ–ძე (მოსარჩელე)

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით, ა.კ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხე ხ.ხ–ვას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, .........., ოფისი №1(მშენებარე), სართული 2, შენობა №1, ფართი 141,30 კვ.მ., ს/კ№......... და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრე ა.კ–ძეს.

2. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემაზე, მოსარჩელეს ეთქვა უარი. არ დაკმაყოფილდა ხ.ხ–ვას შეგებებული სარჩელი. გაუქმდა შეგებებულ სარჩელზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ა.კ–ძეს (პ/ნ ........) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის, მდებარე: ქ. თბილისი, ........... (ს/კ ..........) გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ხ.ხ–ვამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, გასაჩივრებულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 ივლისის განჩინებით, ხ.ხ–ვას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ხ.ხ–ვამ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

7. კასატორის, ხ.ხ–ვას წარმომადგენელმა, რ.რ–მა, 2025 წლის 30 ოქტომბერს, საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა და განაცხადა, რომ უარს ამბობს საკასაციო საჩივარზე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სსსკ, 208-ე მუხლის თანახმად), რადგან მხარეთა შორის, სასამართლოსგან დამოუკიდებლად, შედგა მორიგება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და კასატორის, ხ.ხ–ვას წარმომადგენლის, რ.რ–ის განცხადების საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და მოცემულ საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

8. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რასაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს.

9. სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სსსკ-ის XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.

10. სსსკ-ის მე-2 მუხლით განსაზღვრულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით, ხოლო, ამავე კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული, ცხადია, გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები) ან უარი თქვან მათ გასაჩივრებაზე (იხ.: სუსგ №ას-1573-2018, 26.09.2019 წ.; №ას-1793-2019, 12.03.2020 წ.; №ას-712-2020, 4.03.2021 წ.).

11. კასატორმა განაცხადა, რომ საკასაციო საჩივარზე ამბობს უარს, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, ამდენად, მან განახორციელა სსსკ-ის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია, რაც საკასაციო საჩივარზე წარმოების შეწყვეტის საფუძველია, ვინაიდან სსსკ-ის 409-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) შეცვლისადმი განისაზღვრება მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით (იხ. სუსგ. საქმე №ას-688-2024, 08.10.2025წ.).

12. სსსკ-ის 399-ე მუხლიდან გამომდინარე, ამავე კოდექსის 378-ე და 272-ე მუხლების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.

13. საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 399-ე და 378-ე მუხლების საფუძველზე, კასატორს განუმარტავს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმით მას უფლება ერთმევა კვლავ გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) საკასაციო წესით.

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

15. კასატორს დაუბრუნდება მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სრულად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 273-ე, 372-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კასატორ, ხ.ხ–ვას წარმომადგენლის, რ.რ–ის შუამდგომლობა, საკასაციო საჩივარზე უარის თქმის თაობაზე, დაკმაყოფილდეს და ხ.ხ–ვას საკასაციო საჩივარზე შეწყდეს წარმოება;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. განემარტოთ მხარეებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 ივლისის განჩინების საკასაციო საჩივრით კვლავ გასაჩივრება დაუშვებელია;

4. კასატორს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს, რ.რ–ის მიერ, სს „თიბისი ბანკში“, 14.07.2025წ. N4906 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

არჩილ კოჭლამაზაშვილი