საქმე №ა-5876-გან-19-2025
30 ოქტომბერი, 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე ლევან ნემსაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი – ნ.ძ–ვა
მოწინააღმდეგე მხარე – ს.ბ–ი
განმცხადებლის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილების განმარტება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ნ.ძ–ვამ (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „განმცხადებელი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ს.ბ–ის (შემდგომში - „მოპასუხე“) მიმართ არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისა და ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; არასრულწლოვნის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის საცხოვრებელი ადგილი და მამას არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრიდან - 2021 წლის 18 ივნისიდან მის სრულწლოვანებამდე.
3. მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი და მისი გაუქმება მოითხოვა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
5. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ნოემბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი.
7. მოსარჩელემ 2025 წლის 24 ოქტომბერს გაცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება. კერძოდ, განმცხადებელი ითხოვს განმარტებას - მოიაზრებს თუ არა საქართველოდან საზღვარგარეთ გადაადგილების რაიმე შეზღუდვას სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ფორმულირება - ბავშვის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის საცხოვრებელი ადგილი.
8. განმცხადებლის განმარტებით, საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში კონკრეტულად არ არის დაწესებული რაიმე სახის შეზღუდვა ქუჩით, ქალაქით ან ქვეყნით. საცხოვრებელი ადგილის დეფინიცია და მასთან დაკავშირებული პირის უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლით, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით. ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს, ხოლო არასრულწლოვნის საცხოვრებელ ადგილად ითვლება მშობლის უფლების მქონე მშობლების საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, გაეროს ბავშვთა უფლებათა კონვენცია განსაზღვრავს ბავშვის უფლებას, იცხოვროს მშობელთან, ხოლო მშობელს - გადაადგილდეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
9. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადებისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის განცხადება გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე უნდა დარჩეს განუხილველად.
10. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების განმარტების საკითხი რეგლამენტირებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია.
11. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია, პროცესში მონაწილე მხარეებსა და აღმასრულებელს, მათი მოთხოვნისამებრ, განუმარტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანი დებულებები, რაც მიმართული უნდა იყოს გადაწყვეტილების აღსრულების გამარტივებისაკენ, უნდა ემსახურებოდეს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ განსაზღვრული დავის სამართლებრივი შედეგის ზუსტად და ზედმიწევნით შესრულებას, თუმცა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება არ უნდა ცვლიდეს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსს.
12. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების განმარტების საპროცესო ვალდებულება აკისრია იმ სასამართლოს, რომელმაც განსამარტი გადაწყვეტილება გამოიტანა.
13. განსახილველ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა და არასრულწლოვნის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის საცხოვრებელი ადგილი; აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 მაისის განჩინებით; ხოლო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 2024 წლის 27 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლო.
14. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი განცხადების შინაარსიდან გამომდინარე, იგი ითხოვს სწორედ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტებას. ზემოთ განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე კი, აღნიშნული განცხადების განხილვის უფლებამოსილება გააჩნია იმ სასამართლოს, რომელმაც საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიიღო და არა იმას, რომელმაც გაიზიარა ამ გადაწყვეტილებით დადგენილი მართლწესრიგის კანონიერება.
15. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსთვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე ან სასამართლოს შეხედულებაზე ვერ იქნება დამოკიდებული. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არაა უფლებამოსილი, იმსჯელოს წარმოდგენილი განცხადების შინაარსობრივ მხარეზე, რის გამოც მოსარჩელის განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული (იხ. სუსგ საქმე Nა-1994-გან-9-2021, 23 აპრილი, 2021 წელი).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 262-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ.ძ–ვას განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე დარჩეს განუხილველად;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.მოსამართლე: ლევან ნემსაძე