№ას-952-2025 8 ოქტომბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თეა ძიმისტარაშვილი, მირანდა ერემაძე
კასატორი – ა.ხ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.ო–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების გაუქმება
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სარჩელის მოთხოვნა
1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ა.ხ–მა (შემდეგში: მოსარჩლე ან კასატორი), მოითხოვა 2021 წლის 25 ოქტომბერს მოსარჩელესა და მ.ო–ძეს (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი) შორის დადებული სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების შეწყვეტა და მოსარჩელისთვის უძრავი ქონების, მდებარე; ქ. თბილისი, .......... (ს/კ ..........) საკუთრებაში დაბრუნება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ იგი კეთილსინდისიერად და გულმოდგინედ ზრუნავდა მოსარჩელეზე მანამდეც, სანამ მათ შორის გაფორმდებოდა სამიდღეშიო რჩენის ხელშეკრულება. 2021 წლის ივლისიდან, მოპასუხე ყოველთვიურად იხდის მოსარჩელის კომუნალურ გადასახადებს, მოპასუხის მიერ მოძიებული გადახდის ქვითრების თანახმად, ჯამურად 2 471.89 ლარი აქვს გადახდილი კომუნალურების სახით. ასევე, იხდის საცხოვრებელი სახლის მომსახურების საფასურს სამ თვეში ერთხელ, რომელიც განსაზღვრულია საცხოვრებელი კორპუსის ამხანაგობის მიერ 82.32 აშშ დოლარის ოდენობით.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. შეწყდა მხარეთა შორის 2021 წლის 25 ოქტომბერს დადებული სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება და უძრავი ქონება მდებარე, ქ. თბილისში, ........., ს/კ ........... საკუთრებაში დაუბრუნდა მოსარჩელეს.
4. მოპასუხის სააპელაციო მოთხოვნა
4.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით მ.ო–ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
5.2. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალების მიხედვით დაადგინა, რომ მხარეთა შორის 2021 წლის 25 ოქტომბერს გაფორმდა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მარჩენალმა იკისრა ვალდებულება ჯეროვნად ერჩინა და მზრუნველობა გაეწია სარჩენისთვის, მთელი სიცოცხლის მანძილზე, გაეწია მატერიალური დახმარება (საკვები, წამლები, მკურნალობა), ხოლო სარჩენმა საკუთრებაში გადასცა მარჩენალს თავისი კუთვნილი უძრავი ქონება (მდებარე: თბილისში, .........., საკადასტრო კოდი ..........; იხ. სამიდღეშიო ხელშეკრულება, ს.ფ 19-24, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ 29, ტ.1).
5.3. რჩენის პირობები განისაზღვრა ხელშეკრულების მეორე პუნქტით, რომლის თანახმად, სარჩოს გადახდა ხდება ნატურალური სახით და მარჩენალი უზრუნველყოფს სარჩენს მთელი სიცოცხლის მანძილზე სარჩენის მიერ ამ ხელშეკრულებით მოთხოვნილი მომსახურებით; მარჩენალი ვალდებულია სარჩენს გაუწიოს სამედიცინო მომსახურება და დაუფაროს მიმდინარე ხარჯები; მარჩენალი ვალდებულია, გადაიხადოს კომუნალური მომსახურების და სხვა გადასახადები ყოველი თვის 15 რიცხვამდე. ხელშეკრულების თანახმად, მისი შესრულებისას მხარეები ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერებითა და გულისხმიერებით ეპყრობოდნენ ერთმანეთს (იხ. სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება; მხარეთა ახსნა-განმარტება).
5.4. აპელანტის განმარტებით, მოსარჩელე სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაში, მდებარე ქ. თბილისი, . .........., ბინა №1-ში გადასვლამდე (იყო მშენებარე კორპუსი), ცხოვრობდა ქ.თბილისში ........, ბინა N78ა-ში, რომელი სახლიც რეგისტრირებული იყო ნ.მ–ზე. საქმეში წარმოდგენილი კომუნალური და სხვა გადახდების ქვითრებით დადასტურებული ჩარიცხვები დაახლოებით შეადგენს - 3 000 ლარს;
5.5. მოსარჩელე არის სოციალურად დაუცველთა ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რომელსაც გარკვეული პერიოდი მოეხსნა სტატუსი და აპელანტის ჩართულობით კვლავ აღუდგა. ის ყოველთვიურად იღებდა 50 ლარიან დახმარებას. (იხ. 28.02.2023 წლის განცხადების რეგისტრაციის ცნობა; ამონაწერი სოციალურად დაუცველთა ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან);
5.6. მოპასუხე ყოველთვიურად ურიცხავდა თანხას ან ხელზე აძლევდა მოსარჩელეს, რომელი თანხაც განკუთვნილი იყო მხოლოდ მისი პირადი საჭიროებისა და მიზნებისათვის. დღევანდელი მდგომარეობით წარმოდგენილია 7 302.8 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრები;
5.7. მოპასუხე უზრუნველყოფდა მოსარჩელის ოჯახის ექიმთან ვიზიტს, მის მიერ გამოწერილი მედიკამენტების შეძენასა და მიწოდებას. მოსარჩელე რეგისტრირებული გახლდათ შპს „K.“, სადაც მისი ოჯახის ექიმი გახლავთ ნ.ხ–ი (იხ. ა.ხ–ის ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი).
5.8. მოპასუხე ახორციელებდა ა.ხ–ის სახელით ყველა ვაუჩერის მიღებას გამგეობიდან, რომლითაც შესაძლებელია სარგებელი მიეღო მოსარჩელე მხარეს. ასევე, ის უზრუნველყოფდა ექიმის რჩევით მედიკამენტების შეძენას და მიწოდებას მოსარჩელისათვის (იხ. ა.ხ–ის ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი, მედიკამენტების შეძენის ქვითრები, ფაქტის კონსტანტაციის დოკუმენტი);
5.9. მოპასუხემ სადავო უძრავ ქონებაში ჩაატარა სარემონტო სამუშაოები და შექმნა ის პირობები, რომელიც მისი აზრით საჭირო იყო მოსარჩელისათვის და ყველა ნივთი მიიტანა და დაამონტაჟა ქ.თბილისში, ..............., სართ. 3, ბინა №1, კერძოდ, ა) 02.02.2022 წელს შპს „ზ.პ–ში“ შეძენილ იქნა კარები და მისი საჭირო აქსესუარები, რომელშიც მოპასუხემ გადაიხადა 279 ლარი. (იხ. ინვოისი); ბ) 03.07.2023 წელს შპს „ე.ე–ში“ შეძენილ იქნა ლედ სერია ტელევიზორი, რომელშიც გადახდილია 239 ლარი. (იხ. ინვოისი); გ) 30.07.2022 წელს შპს „ტ.ჰ–ში“ შეძენილია მაცივარი 949 ლარად. (იხ. ზედნადები); დ) მოწმის პ.ა–ის (პ/ნ ........) ნოტარიულად დამოწმებული ხელწერილით დასტურდება, რომ 21.12.2021 წელს დაამონტაჟა კონდიცირების სისტემის გაყვანილობები ქ.თბილისში .........., რაშიც მოპასუხემ გადაიხადა 600 ლარი; ე) მოწმის ა.ზ–ის (პ/ნ ........) ნოტარიულად დამოწმებული ხელწერილით დასტურდება, რომ 2022 წლის მარტი-აპრილის თვეში მოპასუხისგან მიიღო შეკვეთა სამზარეულოს ავეჯის დამზადების და მოწყობის ქ.თბილისში, ..........., აღნიშნულ ხელწერილში დეტალურად აღწერილია გამოყენებული მასალა და კვადრატულობა, რაშიც მ.ო–ძის მიერ გადახდილია 1 986 ლარი; ვ) მოპასუხის ხარჯებით გადავიდა ა.ხ–ი სადავო უძრავ ქონებაში მდებარე ქ.თბილისში, ..........., მოწმის ა.ე–ძის (პ/ნ .......) ნოტარიულად დამოწმებული ხელწერილით დასტურდება, რომ 2022 წლის აგვისტოს დასაწყისში ...........ქუჩა №78ა-ს მე-2 სართულიდან ავეჯი და საყოფაცხოვრებო ნივთები გადატანილ იქნა ქ.თბილისში, .......... მესამე სართულზე, რა მომსახურებაშიც მოპასუხემ გადაიხადა 1 200 ლარი; მ.ო–ძე მუდმივად აწვდიდა მოსარჩელეს სახლში მომზადებულ ცხელ და ცივ კერძებს. ასევე აღსანიშნავია, რომ სადავო უძრავი ქონების მიმდებარედ ქ.თბილისში, .......... მდებარეობს მაღაზია ორი ნაბიჯი და ნიკორა, სადაც მოპასუხის მიერ ხდებოდა ყოველდღიური საჭიროების პროდუქტების შეძენა და ცხელ კერძებთან ერთად მოსარჩელისათვის მიტანა. (იხ. მაღაზიის ქვითრები). აღნიშნული გარემოება დადასტურებულია 21.05.2024 წელს სასამართლო სხდომაზე მოწმედ გამოკითხული მ.ქ–ის და რ.უ–ას მიერ, რომლებმაც მიაწოდეს ინფორმაცია სასამართლოს ყველა დასმულ შეკითხვაზე, თუ როგორ ზრუნავს მოპასუხე მოსარჩელეზე და კეთილსინდისიერად ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, რომელ ფაქტობრივ გარემოებებსაც არერთხელ თავად დასწრებიან.
5.10. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, განსახილველი დავის ფარგლებში მოსარჩელეს ეკისრებოდა იმ გარემოების სარწმუნოდ დადასტურების ვალდებულება, რომ მარჩენალმა დაარღვია სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობა, რის გამოც, მხარეთა ურთიერთობა უკიდურესად გამწვავდა და მათ მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულება ობიექტურად შეუძლებელია.
5.11. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა კონკრეტულად რაში გამოიხატა მოპასუხის მიერ სამისდღეშიო რჩენის სახელშეკრულებო მოვალეობათა შეუსრულებლობა და რის საფუძველზე აღარ არსებობს მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელების წინაპირობა.
5.12. საქმეში წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულებების გათვალისწინებით პალატა ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ მარჩენალი არ ზრუნავდა მის ჯანმრთელობასა და ჰიგიენაზე, რაც შეუძლებელს ხდიდა მათ შორის არსებული ურთიერთობის გაგრძელებას. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ სარჩელში აღნიშნული გარემოებები არ შეიძლება გახდეს ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, რადგან ამგვარი პოზიცია საფრთხეს უქმნის სამოქალაქოსამართლებრივ ურთიერთობათა სტაბილურ განვითარებას. პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლო სარჩელის დაკმაყოფილება, თუ დადგინდებოდა ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხე არღვევდა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოვალეობებს. სააპელაციო სასამართლოს მიერ კი დადგინდა, რომ მოპასუხეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებანი არ დაურღვევია. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მხრიდან სარწმუნო მტკიცებულებების წარუდგენლობის შედეგად სსკ-ის 949-ე საფუძვლით ხელშეკრულების შეწყვეტის წინაპირობა არ არსებობს. კერძოდ, მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარუდგინა მოპასუხის მხრიდან მისი შეურაცხყოფის და მხარეთა შორის აუტანელი ურთიერთობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განმარტება იმის თაობაზე, რომ მოპასუხე არღვევდა ხელშეკრულების პირობებს, არ წარმოადგენს და ვერ გახდება მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტის კანონით დადგენილი საფუძველი.
6. მოსარჩელის საკასაციო მოთხოვნა
6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება ან ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
6.2. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაუსაბუთებლად შეეზღუდა ხანდაზმულ პირს საკუთრების უფლების დაბრუნების შესაძლებლობა და ფაქტობრივად არსებული შედეგით დარჩა უმეურვეოდ. სასამართლომ, მხარეთა შორის არსებული დაძაბული ურთიერთობა და აუტანლობა არ მიიჩნია საკმარის საფუძვლად სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების მოშლისთვის.
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 18 აგვისტოს განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ი) 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
12. საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ №ას-53-49-2017, 07 აპრილი 2017 წელი).
13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირი, რომელიც კისრულობს სამისდღეშიო სარჩოს გადახდას (მარჩენალი), მოვალეა გადაუხადოს იგი სარჩოს მიმღებს (სარჩენს) მთელი სიცოცხლის მანძილზე, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს. სამისდღეშიო სარჩო შეიძლება დადგინდეს ფულადი ან ნატურალური სახით (ბინით, კვებით, მოვლით და სხვა აუცილებელი დახმარებით) [სსკ-ის 941-ე მუხლი]. სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების მნიშვნელოვანი იურიდიული თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ ის აღჭურვილია ალეატორული ნიშან-თვისებებით. სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებაში უცნობ მოვლენას წარმოადგენს ვადის ამოწურვა, ვალდებულების შესრულების შეწყვეტა ერთ-ერთი მხარის მიერ. სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება ატარებს ალეატორულ ხასიათს, რამდენადაც მისი შედეგი მხოლოდ ხელშეკრულების დასრულებისას ხდება ცნობილი, რომლის შემდეგაც შესაძლოა დადგინდეს, რომ ხელშეკრულება ერთი მხარისათვის სარგებლის, ხოლო მეორისათვის - ზარალის მომტანი აღმოჩნდა (იხ. ბ. ტ–ი, „სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება - წარმოშობის საფუძვლები და მხარეთა უფლება - მოვალეობანი (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიმართება მისი მოწესრიგების თანამედროვე ტენდენციებთან)“, სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარმოდგენილი დისერტაცია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იურიდიული ფაკულტეტი, თბილისი, 2021, გვ. 56-58). პრობლემურ საკითხს წარმოადგენს გადაჭარბებული სახსრების რისკი, ანუ რისკი იმისა, რომ მარჩენალისათვის გადაცემული ქონება ვერ დაფარავს გაღებულ ხარჯებს ან პირიქით, გადაცემული ქონება ბევრად მეტი აღმოჩნდება გადახდილ სარჩოსთან შედარებით (Spigel, Die vertaglich begründete Leibrente – Untersuchung zum deutschen im Verglaich zum französischen und österreichischen Recht, Passau,Univ., Diss.,2014, S. 264.; Schneider, Kalkulation von Lifetime bzw.Reverse Mortgages – Eine kritische Analyse am Beispil des Us[1]amerikanischen Home Equity Conversion Mortgage (HECM) – Modells, Wiesbaden, 2009, S.119-121, მითითებულია სამოქალაქო კოდექსის 941-ე მუხლის ელექტრონულ კომენტარში, https://gccc.tsu.ge/, ზურაბ ძლიერიშვილი, გვ. 15, ველი 44, ბოლო დამუშავება: 2 ივლისი, 2022). სარჩოს ოდენობა, რომელსაც სარჩენი ღებულობს მარჩენალისაგან სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით, შეიძლება შეადგენდეს მარჩენალისათვის გადასაცემი ქონების ღირებულების უმნიშვნელო ნაწილს, ხოლო ზოგ შემთხვევაში კი შეიძლება მნიშვნელოვნად გადააჭარბოს კიდევაც ქონების ღირებულებას (რაც აიხსნება იმით, რომ რჩენა განსაზღვრულია სარჩენის სიცოცხლის ვადით, თუმცა მხარეები შეიძლება განსაზღვრულ დროზე შეთანხმდნენ) (იხ. სუსგ საქმე №ას-1009-1268-04, 24 მარტი, 2005წ).
14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება მიეკუთვნება ქონების გადაცემის ტიპის ხელშეკრულებებს (ამ ხელშეკრულებებს მიეკუთვნება აგრეთვე ნასყიდობა, ჩუქება, სესხი, ქირავნობა, იჯარა და სხვა) და ამით განსხვავდება სამუშაოს შესრულების (ნარდობა), მომსახურების გაწევის (დავალება, შუამავლობა და სხვ.) და სადამფუძნებლო ხელშეკრულებებისაგან (ერთობლივი საქმიანობის - ამხანაგობის ხელშეკრულება). სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით ხდება განსაზღვრული ქონების გადაცემა საკუთრებაში. ამით იგი განსხვავდება ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემის ტიპის ხელშეკრულებებისაგან (იჯარა, ქირავნობა და სხვ.). სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების დადება შეიძლება განპირობებული იყოს სხვადასხვა გარემოებით, ძირითადად იგი იდება იმ შემთხვევებში, როდესაც სარჩენი არის შრომისუუნარო, ანდა განიცდის მატერიალურ გაჭირვებას და საჭიროებს მოვლას. იგი დებს ხელშეკრულებას მარჩენალთან, რომელსაც მოვლისა და დახმარების სანაცვლოდ გადასცემს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ქონებას (სარჩენის საკუთრებაში არსებული უძრავი თუ მოძრავი ნივთები). სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება არის ვადიანი, მაგრამ ვადა, როგორც წესი, კალენდარული თარიღით კი არ განისაზღვრება, არამედ სარჩენის მთელი სიცოცხლის ხანგრძლივობით. თუმცა, ხელშეკრულებით შეიძლება სხვა რამეც იყოს გათვალისწინებული, ანუ მარჩენალი და სარჩენი შეთანხმდნენ კონკრეტულად განსაზღვრულ დროზე, რომლის განმავლობაშიც მარჩენალი კისრულობს სარჩენისათვის სარჩოს გადახდას. სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების ერთ-ერთი უმთავრესი თავისებურება მისი სასყიდლიანი ხასიათია, რადგან მიზნად ისახავს მომავალში სარჩენის ქონების გადასვლას მარჩენალის საკუთრებაში განსაზღვრული შემხვედრი ანაზღაურების გადახდის გზით. ამით სამისდღეშიო რჩენა განსხვავდება ჩუქების ხელშეკრულებისაგან (იხ. სუსგ საქმე №ას-178- 167-2017, 14 ივლისი, 2017 წელი).
15. სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება ურთიერთობათა იმ კატეგორიას განეკუთვნება, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მხარეთა სუბიექტურ განწყობას სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების მიმართ. ერთ შემთხვევაში, ეს არის სარჩენის სურვილი, მის საკუთრებაში არსებული ქონება (ამ შემთხვევაში საცხოვრებელი სახლი) განკარგოს იმდაგვარად, რომ უზრუნველყოს თავისთვის ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა; იყოს უზრუნველყოფილი ცხოვრების სათანადო პირობებით, ჯანსაღი და აუცილებელი კვების პროდუქტებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებისათვის სავალდებულო მედიკამენტებით, სათანადო ადამიანური ყურადღებით და სხვა. სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების დადებას უმეტესწილად, სწორედ სარჩენი პირის მოლოდინი განაპირობებს, რომ მარჩენალად არჩეული პირისათვის გარკვეული ქონებრივი შეღავათის მინიჭების შედეგად, იგი სიცოცხლის ბოლომდე უზრუნველყოფილი იქნება ღირსეული ცხოვრების პირობებით. ფაქტობრივად, ეს მიზანი განაპირობებს სარჩენის მიერ ქონების განკარგვას ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში. თავის მხრივ, ამგვარი სახელშეკრულებო ბოჭვა მარჩენალისათვისაც წარმოშობს პოზიტიურ სამართლებრივ შედეგს. იმ ვალდებულებების პარალელურად, რომელთა შესრულებასაც იგი კისრულობს სარჩენის წინაშე მისი რჩენის ვალდებულების თავისთავზე აღებით, მარჩენალი, საბოლოო ჯამში, ურთიერთობის ნორმალური განვითარების პირობებში, მის მიერ გაწეული ხარჯის თუ სხვა ადამიანური რესურსის გაღების საკომპენსაციოდ, სარჩენის გარდაცვალების შემდეგ მოიპოვებს სრულ უფლებას, შეუზღუდავ საკუთრების უფლებას სარჩენის ქონებაზე. საგულისხმოა, რომ მატერიალური კეთილდღეობის გარდა, სამისდღეშიო რჩენა ადამიანურ ღირებულებებსაც უკავშირდება, როგორიცაა კონტრაჰენტებს შორის ნდობა, პატივისცემა, მადლიერების განცდა, ურთიერთობის სურვილი, კეთილგანწყობა და სხვა. ამგვარი სახელშეკრულებო ურთიერთობის ნორმალური განვითარება მეტწილად დამოკიდებულია კონტრაჰენტის პიროვნების სწორ შერჩევაზე, მასთან არსებულ სულიერ კავშირზე. ამიტომაც რისკი, რომელიც თან ახლავს სამისდღეშიო რჩენის ურთიერთობებს, ერთდროულად ორ ასპექტში ვლინდება: ვალდებულების არაჯეროვანი ან საერთოდ შეუსრულებლობა და ადამიანური შეუთავსებლობა (იხ. სუსგ საქმე №ას-1205-1125-2017, 24 ნოემბერი, 2017 წელი).
16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებელი უშვებს სარჩენსა და მარჩენალს შორის ურთიერთობის გართულების ალბათობას და ითვალისწინებს მხარეთა უფლებებს შორის სამართლიანი ბალანსის შენარჩუნების წესს. უპირველეს ყოვლისა, ეს ვლინდება საწყის ეტაპზე მარჩენალისათვის ქონების შეზღუდული უფლებებით გადაცემაში, ანუ, მართალია, მარჩენალი კანონით დადგენილი წინაპირობების დაცვის შედეგად მოიპოვებს საკუთრების უფლებას სარჩენის ქონებაზე, თუმცა, მხოლოდ შეზღუდული სახით, რაც განკარგვითი უფლებამოსილებების შეზღუდვაში ვლინდება (სსკ-ის 945-ე მუხლი). თავის მხრივ, ეს არის ბერკეტი სარჩენის ხელში, რათა შეინარჩუნოს გადაცემული ქონების საწყისი სამართლებრივი მდგომარეობა იმ შემთხვევისათვის, თუ მხარეთა შორის ურთიერთობის გაგრძელება შეუძლებელი გახდება; სწორედ ამიტომ, კანონმდებელი ითვალისწინებს ამგვარი სახელშეკრულებო ურთიერთობის გაუქმების გართულებულ წესს, რაც განპირობებულია, უპირველეს ყოვლისა, იმ სამართლებრივი შედეგით, რაც თან ახლავს სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების გაუქმებას. ხელშეკრულების გაუქმება წარმოშობს სარჩენის უფლებას, მოითხოვოს გადაცემული ქონების უკან დაბრუნება, რასაც არეგულირებს სსკ-ის 949-ე მუხლი;
17. სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება აქვთ მხარეებს იმ შემთხვევაში, თუ მეორე მხარე არღვევს ამ ხელშეკრულებით დაკისრებულ ვალდებულებებს, რის გამოც მხარეთა შორის ურთიერთობა აუტანელი გახდა ან სხვა არსებითი მიზეზები უკიდურესად აძნელებს, ან შეუძლებელს ხდის ხელშეკრულების გაგრძელებას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, მითითებული გარემოებების არსებობა (მხარეთა შორის ურთიერთობა აუტანელი გახდა ან არსებობს სხვა არსებითი მიზეზები, რაც უკიდურესად აძნელებდა, ან შეუძლებელს ხდიდა ხელშეკრულების გაგრძელებას) განსახილველ შემთხვევაში არ დაფიქსირებულა, რადგან აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში განხილვით არ დგინდება;
18. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებსა და შეფასებას და განმარტავს, რომ მოპასუხე მოსარჩელის სასარგებლოდ, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობებს პერიოდულად ასრულებდა, რაც გამოიხატებოდა მარჩენალი პირის მხრიდან სარჩენის დახმარებაში, რომელიც მოიცავდა როგორც მისთვის სურსათის, მედიკამენტებისა და სხვა საჭიროებების შეძენასა და უზრუნველყოფას; სარჩენი პირის სხვადასხვა საცხოვრებლად აუცილებელი მოთხოვნების დაკმაყოფილებას; მოპასუხე პერიოდულად იხდიდა მოსარჩელის კომუნალურ გადასახადებს, ეხმარებოდა მას სოციალურად დაუცველი სტატუსის მოპოვებაში; მ.ო–ძემ ა.ხ–ის სასარგებლოდ მისთვის საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად შეიძინა და დაამონტაჟა საცხოვრებელ სახლში სხვადასხვა ავეჯი და ტექნიკა. (იხ. გადახდის ქვითრები ს.ფ 202-315, ტ. 1, ამონაწერი სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ს.ფ 334-337, ტ.1, სალაროს შემოსავლის ორდერები 316-326, ტ. 1, ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი ს.ფ 344-377, ტ.1, მედიკამენტების შეძენის ქვითრები, 388-394, ტ.1 სურსათის მაღაზიის ქვითრები, ს.ფ 378-387, ტ.1, ტექნიკის მაღაზიის ინვოისები, ს.ფ 417- 422, ტ.1, მხარეთა ახსნა-განმარტება).
19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლობა შესაძლებლობას აძლევს მხარეებს, დადგენილი საფუძვლების არსებობისას ცალმხრივად განაცხადონ უარი სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებაზე. კერძოდ, სსკ-ის 949-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებაზე უარის თქმის საფუძველი შეიძლება იყოს სახელშეკრულებო მოვალეობათა ისეთი დარღვევა, რომლის შედეგად მხარეთა შორის ურთიერთობა აუტანელი გახდა, ანდა არსებობს სხვა მიზეზები, რომლებიც უკიდურესად აძნელებს ან შეუძლებელს ხდის მხარეთა შორის ურთიერთობების შემდგომ გაგრძელებას. ამასთან, იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადაცემული უძრავი ქონება ხელშეკრულების შეწყვეტისას უბრუნდება სარჩენს, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტამდე გაწეული ხარჯები მარჩენალს არ უნაზღაურდება, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
20. სსსკ-ის (შემდგომ - სსსკ) მე-4 მუხლით რეგლამენტირებულია პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე წარმართვა და დადგენილია, რომ მხარეებს აქვთ როგორც ფაქტების მითითების, აგრეთვე მტკიცებულებათა წარდგენის გზით საკუთარი პოზიციის დადასტურების შესაძლებლობა. გარდა ამისა, დემოკრატიულ საზოგადოებაში ფუნდამენტური მნიშვნელობა ენიჭება მხარეთა თანასწორობის დაცვას (სსსკ-ის მე-5 მუხლი), რაც იმას ნიშნავს, რომ საქმის განხილვის თითოეულ ეტაპზე სასამართლო ინარჩუნებს ნეიტრალიტეტს და მოსამართლეს მიუკერძოებლად, მხოლოდ მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებისა და მტკიცებულებათა ობიექტური შეფასების გზით, უყალიბდება შინაგანი რწმენა დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ამა თუ იმ ფაქტის არსებობის თაობაზე. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესი, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102-ე მუხლი). მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. ამ გარემოებების დამტკიცება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
21. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ მოსარჩელეს სარწმუნოდ უნდა დაემტკიცებინა მარჩენალის მიერ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ფაქტი, რამაც მხარეთა შორის ურთიერთობის იმგვარი გაუარესება გამოიწვია, რაც ხელშეკრულების მოქმედებას ობიექტურად უშლიდა ხელს.
22. სსსკ-ის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს. მტკიცებულებათა შეფასება ეფუძნება შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და არა - სასამართლოს სუბიექტურ მოსაზრებებს. მტკიცებულების გამოკვლევა, უპირველესად, გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (იხ. სუსგ საქმე Nას-406-383-2014, 17 აპრილი, 2015 წელი). აქედან გამომდინარე, მოწმის ჩვენებაც, როგორც ერთ-ერთი მტკიცებულება, უნდა შეფასდეს ყველა იმ ობიექტური და სუბიექტური ფაქტორით, რაც ამ მტკიცებულებების იურიდიულ ბუნებას ახლავს, მათ შორისაა მოწმის, როგორც სუბიექტის დამოუკიდებლობა მხარეთა შორის სადავო ფაქტებისა და მოვლენების მიმართ. სწორედ ამ კრიტერიუმებით განისაზღვრება ჩვენებაში გადმოცემული ფაქტების იურიდიული სანდოობა.
23. მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს. მტკიცებულებათა შეფასება ეფუძნება შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და არა - სასამართლოს სუბიექტურ მოსაზრებებს. სასამართლოს, როგორც ნეიტრალური არბიტრის როლი მტკიცების პროცესში შემოიფარგლება მტკიცების საგნის სწორად განსაზღვრით, მხარეთა შეჯიბრებითობის ხელმძღვანელობით, წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობა-განკუთვნადობის შემოწმებითა და შეკრებილ მტკიცებულებათა სსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილი წესით შესწავლა-ანალიზით, სწორედ მათ საფუძველზე ყალიბდება მოსამართლის შინაგანი რწმენა და იგი საფუძვლად დაედება მიღებულ გადაწყვეტილებას (სუსგ №ას-839-805-2016, 2017 წლის 6 მარტი). ამასთან, სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი გულისხმობს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ისე განაწილებას, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია, ანუ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა - მას, ვინც უარყოფს.
24. ამდენად, ზემოაღნიშნული ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის მტკიცების საგანში შედიოდა იმ გარემოების არსებობის სარწმუნო მტკიცებულების გზით დადასტურება, რომ სამისდღეშიო ხელშეკრულების კონტრაჰენტმა დაარღვია ნაკისრი ვალდებულება, აღნიშნული მოტივით მხარეების ურთიერთობა უკიდურესად გამწვავდა და მხარეთა მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულება ობიექტურად შეუძლებელია, რაც მოსარჩელემ ვერ დაადასტურა. მოპასუხემ კი წარადგინა არაერთი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ ის კეთილსინდისიერად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მხოლოდ ზეპირი ახსნა-განმარტება ვერ გახდება ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი.
25. საკასაციო სასამართლო, კასატორის მიერ მითითებული პრეტენზიების პასუხად კვლავ განმარტავს, რომ მან სასამართლოს ვერ წარუდგინა მოპასუხის მხრიდან მისი შეურაცხყოფის და მხარეთა შორის აუტანელი ურთიერთობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განმარტება იმის თაობაზე, რომ მოპასუხე არღვევდა ხელშეკრულების პირობებს და აუტანელი იყო მათი ურთიერთობა, არ წარმოადგენს და ვერ გახდება მხარეთა შორის გაფორმებული სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების შეწყვეტის სსკ-ის 949-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი; ამავდროულად მხარის ახსნა-განმარტება უნდა დასტურდებოდეს რელევანტური მტკიცებულებებით. (სუსგ №ას-367-2020, 23.09.2020).
26. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
27. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, კასატორს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ივლისის განჩინებით გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის 3 450 ლარის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, კასატორს ა.ხ–ს (..........) უნდა დაევალოს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის 3 450 ლარის 30%-ის - 1 035 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე, 284-ე მუხლებით, 401-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა.ხ–ის საკასაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. ა.ხ–ს (.........) უნდა დაევალოს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის 3 450 ლარის 30%-ის - 1 035 ლარის გადახდა;
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილი იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300 773 150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. კოჭლამაზაშვილი
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
მ. ერემაძე