Facebook Twitter

საქმე №ას-688-2025 23 ოქტომბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – სს „ს.კ.ჯ.ჰ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ბ–ო“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 26 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 26 მარტის განჩინებით სს „ს.კ.ჯ.ჰ–ის“ (შემდეგში: მზღვეველი ან კასატორი) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ბ–ოს“ (შემდეგში: დამზღვევი ან მოსარჩელე) სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 259 000 ლარის გადახდა დაეკისრა.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. 25.07.2020წ. მხარეთა შორის №4154/20 სადაზღვევო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება დაიდო, რომლის საფუძველზე ქ.ბათუმში, ........... დასაწყობებული მოსარჩელის სასაქონლო-მატერიალური მარაგები იქნა დაზღვეული (შემდეგში - ხელშეკრულება);

2.2. სადაზღვეო თანხა სასაქონლო მარაგების შემთხვევაში 600000 ლარს შეადგენდა;

2.3. ხელშეკრულების მოქმედების ვადა 24.07.2021-მდე განისაზღვრა;

2.4. მხარეებმა შეათანხმეს დაზღვევის პირობები, რაზედაც პოლისი გასცა;

2.1.1. პოლისის თანახმად სადაზღვევო შემთხვევა იყო შემთხვევა, რომლის შედეგად დამდგარი ზარალი ექვემდებარება ანაზღაურებას.

2.1.2. სადაზღვევო შემთხვევად განიხილება დაზღვევის მოქმედების პერიოდში მომხდარი დაზღვეული რისკის დადგომის შედეგად დაზღვეული ქონების დაზიანება/განადგურება (1.12 პუნქტი);

2.1.3. სადაზღვეო კომპანია აანაზღაურებს ზარალს მას შემდეგ, რაც დოკუმენტალურად დადასტურდება სადაზღვევო შემთხვევის დადგომის ფაქტი (5.1 პუნქტი);

2.1.4. ანაზღაურების ჯამური მოცულობა ფრანშიზის გამოკლებით, არ გადააჭარბებს პოლისში მითითებულ სადაზღვევო თანხის ოდენობას (5.2 პუნქტი);

2.1.5. სადაზღვევო მომსახურების ხელშეკრულება და სადაზღვევო პოლისი ითვალისწინებს ბუნებრივი რისკის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. კერძოდ, დაზღვევის სპეციფიკური პირობების 2.1 მუხლი განსაზღვრავს იმ ჩამონათვალს, რომლის თანახმადაც ანაზღაურდება დაზღვეული ქონების დაზიანება/დანაკარგი ან განადგურების შედეგად მიყენებული პირდაპირი ზიანი მითითებული რისკების შედეგად. A ჯგუფში შედის ისეთი რისკები, როგორიც არის: ხანძარი, აფეთქება, მეხის დაცემა, საფრენი აპარატის ჩამოვარდნა, ხოლო - B ჯგუფში შედის ისეთი რისკები, რასაც ანაზღაურებს პოლისი, როგორიც არის შემდეგი სტიქიური მოვლენები: სეტყვა, წყალდიდობა, მიწისძვრა, მეწყერი, ზვავი, გრუნტის აწევა-დაწევა, თოვლის სიმძიმით გამოწვეული ფიზიკური ზიანი, ჰაერის მასების მოძრაობა 20მ/წმ-ზე მეტი სიჩქარით, რომელიც გამოწვეულია იყო ბუნებრივი პროცესებით ატმოსფეროში.

2.5. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად ქ.ბათუმში, 2020 წლის 1-2 ოქტომბერს დაფიქსირდა ძლიერი ნალექი, ნალექების დღე-ღამურმა რაოდენობამ შედგინა 92,4 მმ, რამაც გამოიწვია ტერიტორიების დატბორვა;

2.6. შპს „ბ. გ. ....-ის“ შეფასების ანგარიშის თანახმად, 2020 წლის 2 ოქტომბრის მდგომარეობით დატბორვის შედეგად მიყენებული ზიანის ღირებულების დასადგენად განხორციელდა ადგილზე ინსპექტირება. დადგინდა დატბორვის შედეგად დაზიანდა მაღაზიაში განთავსებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების გარკვეული ოდენობა. განხორციელდა დაზიანებული და სარეალიზაციოდ ვარგისი მარაგების დიფერენცირება და ინვენტარიზაცია. დაზიანებული მარაგების გარკვეული რაოდენობა იატაკზე იყო განთავსებული, ხოლო ნაწილი-პალეტებზე (14 სმ. სიმაღლეზე). დასკვნაში მითითებულია, რომ პალეტებზე განთავსებული დაზიანებული მარაგების მთლიანი თვითღირებულება დღგ-ს გარეშე იყო 2322,35 ლარი;

2.7. 2020 წლის 1-2 ოქტომბერს მომხდარი დატბორვის შედეგად დაზიანებული საქონლის ჩამოწერის საკითხზე მოსარჩელემ შემოსავლების სამსახურს მიმართა. შემოსავლების სამსახურმა შეადგინა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტი, რომლის თანახმად, ჩამოწერას დაექვემდებარა 268169,40 ლარის ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა;

2.8. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 14.12.2021წ. N008649721 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, „ქ. ბათუმში, ......... მდებარე საწყობში, 2020 წლის 01-02 ოქტომბერს მოსული უხვი ნალექის (წვიმის) დროს (დამკვეთის განმარტებით და მასზე დაყრდნობით), თუ მიწის დონიდან არაუმცირეს 12/30 სმ.-ის სიმაღლეზე და კედლიდან 30 სმ.-ის დასაწყობებული იქნებოდა საქონელი, შესაძლებელი იყო მომხდარიყო შემოდინებული წყლის შედეგად მათი დაზიანება“. დასკვნის კვლევით ნაწილში ექსპერტმა მიუთითა, ობიექტის ინსპექტირების დროს ობიექტზე წყლის შემოდინების და დატბორვის კვალი შემჩნეული იქნა შენობის კედლებსა და სასაწყობე ფართში მოწყობილი თაროების საყრდენ ბოძებზე 15-30სმ-ის სიმაღლეზე. 07.10.2020წ.;

2.9. 16.08.2021წ. და 16.09.2021წ. წერილებით მოსარჩელემ სადაზღვევო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 01.10.2020წ. მომხდარი სტიქიური მოვლენების- წყალდიდობის გამო, სადაზღვევო კომპანიას მოსთხოვა, დასაწყობებული სასაქონლო მარაგების დაზიანებისათვის ზარალის ანაზღაურება 265 677,4 ლარისა (იატაკზე განთავსებული მარაგების ზარალი) და 2234,60 ლარის (პალეტებზე განთავსებული მარაგების ზარალი) ოდენობით, რაც მოპასუხემ უარყო.

3. სააპელაციო პალატამ დავა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ი) 799-ე, 820-ე და 821-ე მუხლებით მოაწესრიგა.

4. რაკი, მოთხოვნის გამომრიცხავ შესაგებელში მოპასუხე აღნიშნავდა, რომ სადაზღვევო შემთხვევა - წყალდიდობა არ დამდგარა, სააპელაციო პალატამ იმსჯელა რას გულისხმობდა ხელშეკრულებაში „წყალდიდობასთან“ დაკავშირებით გამოხატული ნება.

5. მოსარჩელის ქონების დაზიანება გამოიწვია არა უბრალოდ წვიმამ, არამედ - ძლიერმა ნალექმა.

6. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობის თანახმად, ქ.ბათუმში, 2020 წლის 1-2 ოქტომბერს დაფიქსირდა ძლიერი ნალექი, ნალექების დღე-ღამურმა რაოდენობამ 92,4მმ. შედგინა, რამაც გამოიწვია ტერიტორიების დატბორვა.

7. ზემოაღნიშნული გარემოება, შესაძლებელია შეფასდეს ხელშეკრულებით შეთანხმებულ „წყალდიდობად“, ვინაიდან ხსენებული მოვლენა არ წარმოადგენს ჩვეულ, სტანდარტულ შემთხვევას, და რომ ზიანის დადგომის მიზეზი გახდა, სწორედ ძალიან ძლიერი ნალექით გამოწვეული წყლის უჩვეულოდ დიდი მასის ჩადინება საწყობის ტერიტორიაზე, რის შედეგადაც ტერიტორია დაიტბორა.

8. უდავოა, რომ სადაზღვევო კომპანია - მოპასუხე, დამზღვევს ხელშეკრულების პირობებს სთავაზობს, რა დროსაც, მნიშვნელოვანია ხელშეკრულების პირობის განსაზღვრა სამართლიანობის საფუძველზე, რასაც სსკ-ის 325-ე მუხლი უზრუნველყოფს.

9. სადაზღვევო კომპანია დასაზღვევ რისკებში წვიმით გამოწვეული ძლიერი ნალექის შედეგად შენობების დატბორვის გამორიცხვით და მისი წყალდიდობის ეფექტისაგან მკვეთრი განსხვავებით, მხარეს სთავაზობს არასამართლიან პირობას, რამეთუ დამდგარი შემთხვევა შედეგობრივად უთანაბრდება წყალდიდობას, რადგან ძლიერი წვიმის დროსაც შესაძლებელია შენობის დატბორვა. განსხვავება მხოლოდ იმაშია, დატბორვა საიდან მომდინარეობს - მიწის ზედაპირიდან, როგორც ეს წაყალდიდობის შემთხვევაშია, თუ ციდან, როგორც ეს უხვი ძლიერი ნალექის შემთხვევაში ხდება წვიმის სახით. თუმცა ორივე შემთხვევას განაპირობებს წყლის უჩვეულოდ დიდი მოქცევა.

10. შედეგის ამგვარი დიფერენცირება, როგორც ამას სადაზღვევო კომპანია ასაბუთებს, ფაქტობრივად გამორიცხავს მოსარჩელის უფლების რეალიზებას, რადგან უდავოა, რომ დაზღვეული ობიექტი, მართალია ბათუმშია, თუმცა არ მდებარეობს არც მდინარის პირას, არც ზღვის ზოლში.

11. ამიტომ, მოპასუხის მიერ ხელშეკრულების 2.3.1. მუხლზე მითითებით მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ეწინააღმდეგება სამართლიანობის და კეთილსინდისიერად ქცევის სტანდარტს.

12. საქმეში წარმოდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 14.12.2021წ. N008649721 დასკვნა, რომლითაც ირკვევა, რომ ზიანი დადგებოდა მაშინაც, თუ მარაგები დასაწყობებული იქნებოდა მიწის დონიდან არაუმცირეს 12 და კედლიდან არაუმცირეს 30 სმ.-ის დაცილებით. გარდა ამისა, თავად მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობების თანახმად, მზღვეველი ვალდებული იყო შეემოწმებინა დასაწყობებული საქონელი რა პირობებში ინახებოდა, რაც მას არ გაუკეთებია. საქმეში არ არსებობს რაიმე დოკუმენტი (მითითება/გაფრთხილება), რომ მოსარჩელეს საქონელი წესის დარღვევით ჰქონდა დასაწყობებული.

13. საბოლოოდ, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, სადაზღვევო შემთხვევა, დაზღვევის ხელშეკრულებითა და სადაზღვევო პოლისით დაფარულ სადაზღვევო რისკს მიკუთვნება და დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების წინაპირობას წარმოადგენს.

14. სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით საკასაციო საჩივარი წარმოადგინა მოპასუხემ.

15. კასატორი აღნიშნავს, ხელშეკრულების პირობების მიხედვით ანაზღაურდება ზარალი, რომელიც წყალდიდობას მოჰყვა შედეგად. დატბორვა არ წარმოადგენს იმ სტიქიურ მოვლენას, რომელიც ანაზღაურდება პოლისის მიხედვით. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს, რომ წყალდიდობის დროს სახეზე უნდა იყოს მდინარის წყლის დონით მიყენებული ზიანი, რაც მოცემულ შემთხვევაში არ დამდგარა.

16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

17. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

18. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე (სსსკ-ის 391.5 მუხლი).

19. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

20. საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია რამდენად კანონიერად დაკმაყოფილდა მოსარჩელე დამზღვევის მოთხოვნა, სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის მოპასუხე მზღვეველის მიერ ანაზღაურების თაობაზე.

21. ის სამართლებრივი შედეგი რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს - სადაზღვევო თანხის ანაზღაურება, სსკ-ის 799-ე მუხლიდან გამომდინარეობს (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება).

22. საკასაციო პალატა განმარტავს, დაზღვევა არის ურთიერთობა ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად, გარკვეული გარემოების(სადაზღვევო შემთხვევის) დადგომისას, ამ პირთა მიერ გადახდილი სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიებით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე (სუსგ-ები №ას-535-2020, 5 ოქტომბერი, 2021, პ.11.).

23. ხელშემკვრელ მხარეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობა და განხორციელება დამოკიდებულია მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების (არსებობის შემთხვევაში ხელშეკრულების დანართების) პირობებსა და დათქმებზე, იმგვარად, რომ კონკრეტული სადაზღვევო შემთხვევა, რომელიც წარმოადგენს სადაზღვევო რისკის რეალიზაციის შედეგს, მხარეების მიერ არსებითი პირობის სახით წინასწარ არის განსაზღვრული ხელშეკრულებაში (შდრ: ი. გაგუა, ბიზნესდავები და სასამართლო პრატიკა, თბილისი, 2017წ., გვ.119).

24. დაზღვევის ხელშეკრულება ალეატორულ, ანუ სარისკო გარიგებას წარმოადგენს. ერთი მხრივ, დამზღვევი მიდის რისკზე იმ გაგებით, რომ იხდის სადაზღვევო პრემიას და სადაზღვევო შემთხვევა შეიძლება არც დადგეს ან მზღვეველმა უარი უთხრას დამზღვევს სადაზღვევო საზღაურის გადახდაზე ან ვერ შეძლოს მისი ანაზღაურება გადახდისუუნარობის გამო; მზღვეველი რისკავს იმ თვალსაზრისით, რომ შედარებით მცირე სადაზღვევო პრემიის მიღების პირობებში, მსხვილი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, იგი ვალდებული ხდება, გადაიხადოს გაცილებით მეტი თანხა (შდრ: ქ. ირემაშვილი, მხარეთა უფლებრივი თანაფარდობის კრიტერიუმები სადაზღვევო ურთიერთობებში, 2016, გვ.85.).

25. სსკ-ის 799-ე მუხლით ერთმნიშვნელოვნადაა განსაზღვრული, რომ დაზღვევის მიზანი ფიზიკური და იურიდიული პირების ინტერესების დაცვაა. დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა, ხოლო ის, თუ რა შეიძლება იყოს დაზღვევის ობიექტი, მოცემულია სსკ-ის 820-858-ე მუხლებში, კერძოდ, ასეთი შეიძლება იყოს ქონება ან პიროვნება.

26. ზემომითითებული განმარტებებიდან გამომდინარეობს, რომ დაზღვევის ხელშეკრულება სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა უფლებების დაცვის მნიშვნელოვანი გარანტიაა.

27. სახელშეკრულებო ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნების შეუსრულებლობა უკვე ვალდებულების დარღვევაა.

28. ვალდებულების დარღვევისათვის სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამოხატულებას ჰპოვებს მოვალეზე კანონით დადგენილი ქონებრივი ზემოქმედების ზომებში.

29. სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე, რომელიც არღვევს ვალდებულებას, პასუხს აგებს დაზარალებულის წინაშე. ვალდებულების შესრულების ლეგიტიმური სახელშეკრულებო ინტერესი სამართლებრივი დაცვის თვალსაზრისით, განსაკუთრებული სიკეთეა ნებისმიერ სამართლებრივ სისტემაში (სუსგ №ას-504-2024, 04 ოქტომბერი, 2024წ.).

30. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ შემდეგ გარემოებაზე მიუთითა: 2020წ. 01-02 ოქტომბერს სტიქიური მოვლენის, უხვი ნალექის გამო, დაიტბორა ქ. ბათუმში, ........... მდებარე შენობაში განთავსებული სასაქონლო-მატერიალური მარაგები. ამავდროულად, მოსარჩელემ წარმოადგინა სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობა, რომლის თანახმად, ქ.ბათუმში, 2020 წლის 1-2 ოქტომბერს დაფიქსირდა ძლიერი ნალექი, ნალექების დღე-ღამურმა რაოდენობამ 92,4მმ. შედგინა, რამაც გამოიწვია ტერიტორიების დატბორვა.

31. შესაბამისად, დასადგენია, წარმოიშვა თუ არა დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ის პირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც მოპასუხე ვალდებულია სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი აანაზღაუროს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოსარჩელის მიერ მითითებული სადაზღვევო შემთხვევა, მიეკუთვნება თუ არა, მხარეთა შორის დადებული დაზღვევის ხელშეკრულებით შეთანხმებულ რისკს.

32. დასმულ საკითხზე პასუხის გასაცემად რელევანტურია დაზღვევის ხელშეკრულების ის ჩანაწერი, რომლის მიხედვით ხელშეკრულების საგანია ქ.ბათუმში, ............. დასაწყობებული მოსარჩელის სასაქონლო-მატერიალური მარაგების დაზღვევა მოპასუხის მიერ, წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, დამზღვევის მხრიდან სადაზღვევო პრემიის გადახდის საფუძველზე, მათ შორის, წყალდიდობისგან.

33. კასატორის პოზიცია იმის თაობაზე, რომ ხელშეკრულების პირობების მიხედვით ანაზღაურდება ზარალი, რომელიც წყალდიდობას მოჰყვა შედეგად, ხოლო დატბორვა არ წარმოადგენს იმ სტიქიურ მოვლენას, რომელიც ანაზღაურდება პოლისის მიხედვით; წყალდიდობის დროს სახეზე უნდა იყოს მდინარის წყლის დონით მიყენებული ზიანი, რაც მოცემულ შემთხვევაში არ დამდგარა, ვერ გამორიცხავს მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილებას.

34. ამ თვალსაზრისით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რაკი მოსარჩელის ქონება დაზიანდა არა უბრალოდ წვიმის, არამედ - ძლიერი ნალექის შედეგად, ეს გარემოება შესაძლებელია შეფასდეს, ხელშეკრულებით შეთანხმებულ „წყალდიდობად“ - სადაზღვევო შემთხვევად, რადგან ხსენებული მოვლენა არ წარმოადგენს ჩვეულებრივ სტანდარტულ შემთხვევას, ზიანის დადგომის მიზეზი გახდა სწორედ ძალიან ძლიერი ნალექით გამოწვეული წყლის უჩვეულოდ დიდი მასის ჩადინება საწყობის ტერიტორიაზე, რის შედეგადაც ტერიტორია დაიტბორა.

35. შექმნილი ფაქტობრივი მოცემულობა საფუძველს ქმნის დასკვნისათვის, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული სადაზღვევო შემთხვევა, დაზღვევის ხელშეკრულებითა და სადაზღვევო პოლისით დაფარულ სადაზღვევო რისკს მივაკუთვნოთ, ხოლო კასატორის მიერ გაცხადებული მიზეზებით დამზღვევის მოთხოვნის უარყოფა, წინააღმდეგობაში მოდის, როგორც სამართლიანობის, ისე - კეთილსინდისიერი ქცევის სტანდარტთან, რომელიც კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელ არაერთ ნორმაშია იმპლიმენტირებული, მათ შორის, სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილში, რომლის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი.

36. კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას.

37. საკასაციო პალატის მოსაზრებით, კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეთა თანამშრომლობა, მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინება, მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერების გამოჩენა საჭიროა ამ ურთიერთობის ნორმალურად განვითარებისათვის.

38. ამასთან, უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში განმარტებულია, რომ: „დაზღვევის ხელშეკრულების სადავო პირობა სსკ-ის 325-ე მუხლის (თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე; თუ მხარე პირობებს არ მიიჩნევს სამართლიანად, ან მათი განსაზღვრა ჭიანურდება, გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო) მიხედვით სამართლიანობის საფუძველზე უნდა განისაზღვროს. აშკარაა, რომ სადაზღვევო კომპანიამ, დასაზღვევ რისკებში წვიმით გამოწვეული ძლიერი ნალექის შედეგად შენობების დატბორვის გამორიცხვით და მისი წყალდიდობის ეფექტისგან რადიკალურად განსხვავებით, მხარეს არასამართლიანი პირობა შესთავაზა, რადგან დამდგარი სადაზღვევო შემთხვევა შედეგობრივად უთანაბრდება წყალდიდობას და შენობის დატბორვა ძლიერი წვიმის დროსაცაა შესაძლებელი. ორივე შემთხვევას წყლის უჩვეულოდ დიდი მოქცევა იწვევს. სადაზღვევო რისკის მზღვეველისეული განსაზღვრება, ფაქტობრივად, მართლაც გამორიცხავდა მოსარჩელის უფლების რეალიზებას, რადგან, დაზღვეული ობიექტი არც მდინარის პირას არ მდებარეობდა და, არც - ოკეანისა და ზღვის სანაპირო ზოლში. ამდენად, დამზღვევი ვერ ივარაუდებდა, რომ სადაზღვევო კომპანია წყალდიდობას მხოლოდ მთვარისა და მზის მიზიდულობით გამოწვეულ წყლის უჩვეულოდ დიდ მოქცევასთან გააიგივებდა და წყალდიდობით გამოწვეულ ზიანში, ძლიერი წვიმის შედეგად დატბორვით გამოწვეული ზიანი არ იგულისხმებოდა“ (იხ., სუსგ №ას-1206 -2021, 2 მარტი, 2022წ.).

39. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.

40. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

41. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი (სსსკ-ის 401.4 მუხლი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სს „ს.კ.ჯ.ჰ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. სს „ს.კ.ჯ.ჰ–ს“ (ს.კ:......) დაუბრუნდეს 13.05.2025წ.-ს №1747116926 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 8000 ლარის 70% – 5,600 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის № 200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე