Facebook Twitter

საქმე №ას-604-2025 03 ნოემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შპს „ტ.კ–ი“ (სს „თ.ბ–ის“ უფლებამონაცვლე) (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ.გ–ნი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილსის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. 2019 წლის 19 დეკემბერს, ერთი მხრივ სს „თ.ბ–ს“ (უფლებამონაცვლე - შპს „ტ.კ–ი“) (შემდეგში: გამსესხებელი ან მოსარჩელე ან კასატორი) და მეორე მხრივ, თ.გ–ნს (შემდეგში: მსესხებელი ან მოპასუხე) შორის საბანკო კრედიტის N423706-10784938 ხელშეკრულება დაიდო, რომლის საფუძველზეც, მსესხებელზე 20000 ლარი გაიცა. ხელშეკრულებით განისაზღვრა კრედიტის ვადა: 16.12.2022 წელი, წლიური საპროცენტო სარგებელი: 19,5%, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: 23,87%, კრედიტის გაცემის საკომისიო: 495 ლარი. მსესხებელს გადახდა უნდა განეხორციელებინა ყოველი თვის 16 რიცხვში.

2. მოსარჩელემ მსესხებლის წინააღმდეგ აღძრული სარჩელით, დავალიანების შესახებ ცნობასა და გადახდების ისტორიაზე დაყრდნობით, მსესხებლისაგან დავალიანების დაფარვა მოითხოვა.

2. მსესხებელმა მოთხოვნის გამომრიცხველი და განხორციელების შემაფეხებელი შესაგებელი წარადგინა, რომლითაც უარყო დავალიანების მოცულობა, პირგასამტეხლოს გონივრულობა და მოთხოვნის ნაწილი ხანდაზმულად მიიჩნია.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი 19 938,60 ლარის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდა (საიდანაც ძირითადი თანხაა - 16039,85 ლარი, სარგებელი - 3898,75 ლარი), დანარჩენ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

4. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება, რომ პანდემიის გამო, მსესხებელმა ისარგებლა ბანკის მიერ შეთავაზებული „საშეღავათო პერიოდით“ და სესხის დაფარვა 2022 წლის ოქტომბრამდე გადაუვადდა.

5. უდავო გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ საკრედიტო ურთიერთობაზე „საშეღავათო პერიოდის“ გავრცელებით და სესხის გადახდის გადავადებით, მოსარჩელეს გაეზარდა როგორც ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ძირითადი თანხის გადახდის ვადა და სარგებლის ოდენობა, ასევე, შეიცვალა გადახდის დაფარვის გრაფიკი. მოპასუხემ უარყო შეთანხმების არსებობა „საშეღავათო პერიოდით“ სარგებლობაზე, ხოლო მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ მოპასუხე მითითებული პირობებით ხელშეკრულების ცვლილებას დაეთანხმა.

6. ზემომითითებულიადან გამომდინარე, ვინაიდან მხარეები არ შეთანხმებულან საშეღავათო პერიოდით სარგებლობაზე (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ი) 50-ე და 327-ე მუხლი) 2020 წლის 16 იანვრიდან 2020 წლის 16 ოქტომბრამდე შესასრულებელი ვალდებულება ხანდაზმულია.

7. 16.10.2020 წლიდან არსებული დავალიანების გადახდა კი, დაეკისრა მოპასუხეს.

8. გადაწყვეტილების გაუქმების და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით წარდგენილი მოსარჩელის სააპელაციო საჩივარიც უარყოფილი იქნა. მოსარჩელემ სააპელაციო პრეტენზია იმ გარემოებაზე დააფუძნა, რომ პანდემიის პერიოდში ბანკის მიერ შეთავაზებული „საშეღავათო პერიოდით“ მოპასუხემ ისარგებლა და სესხის დაფარვა 2020 წლის ოქტომბრამდე გადაუვადდა. ვალდებულება დაირღვა 2020 წლის ოქტომბერში, რის შემდგომაც, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, გადახდა აღარ განხორციელებულა.

9. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დაფარვის გრაფიკის მონაცემებით ყოველთვიურად მსესხებელს 738.46 ლარი უნდა გადაეხდა. თანხა უნდა გადახდილიყო ყოველი თვის 16 რიცხვში. გადახდა იწყებოდა 2020 წლის 16 იანვრიდან და სრულდებოდა 2022 წლის 16 იანვარს. მსესხებელმა ბოლო გადახდა შეასრულა 2020 წლის თებერვალში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი გამომდინარეობდა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების დარღვევიდან, შესაბამისად, თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე წარმოადგენდა უფლების დარღვევას და ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადის ათვლა თავიდან იწყებოდა.

10. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილია 2023 წლის 16 ოქტომბერს, სარჩელის აღძვრიდან წინა სამი წლის პერიოდზე მოსარჩელის მოთხოვნა არ არის ხანდაზმული, ხოლო 2020 წლის 16 ოქტომბრამდე წარმოშობილი მოთხოვნები ხანდაზმულია.

11. ხანდაზმულობის საკითხის გამოსარიცხად მოსარჩელე იმ გარემოებაზე მიუთითებდა, რომ მოთხოვნა ფულადი ვალდებულების შესრულებაზე 2020 წლის ოქტომბრიდან წარმოიშვა, მანამდე კი მოპასუხე „საშეღავათო პერიოდით“ სარგებლობდა და დავალიანების დაფარვის ვალდებულება არ გააჩნდა. 2020 წლის ოქტომბრიდან სარჩელის აღძვრამდე კი - 2023 წლის ოქტომბერი, პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებიდან არცერთი პერიოდის მოთხოვნა ხანდაზმული არაა.

12. „საშეღავათო პერიოდით“ სარგებლობასთან მიმართებით წარმოდგენილი მოსარჩელის სააპელაციო პრეტენზია უარყოფილი იქნა. მტკიცების ტვირთი, რომ მხარეთა შეთანხმება „საშეღავათო პერიოდით“ სარგებლობასთან მიმართებით არსებობდა, გამსესხებლის საპროცესო მოვალეობას წარმოადგენდა.

13. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის თანახმად, 2020 წლის 23 მარტს ტელეფონის ნომერზე: 597 112 117, მსესხებელს გაეგზავნა შეტყობინება: „გამარჯობა, თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ მიმდინარე სესხ(ებ)ზე 3-თვიანი საშეღავათო პერიოდით. დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაუკავშირდეთ თქვენს მომსახურე ექსპერტს, ან ქოლ ცენტრს (*2727)“. ამავე წლის 6 ივნისს, მსესხებელს გაეგზავნა შეტყობინება: „გამარჯობა, გაცნობებთ რომ თქვენი მოთხოვნის/თანხმობის საფუძველზე, თქვენს ბიზნეს სესხ(ებ)ზე (ხელშეკრულების №423706-10784938) მარტი-ივნისის თვეების პერიოდში განხორციელდა არსებული გადახდის გრაფიკის ცვლილება (პროლონგირება). განახლებული გადახდის გრაფიკი და პირობები შეგიძლიათ იხილოთ ინტერნეტ ბანკში, ან მიიღოთ ინფორმაცია ნებისმიერ სერვისცენტრში.“

14. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაში, საკრედიტო დაწესებულება ხელშეკრულების „ძლიერ“ კონტრაჰენტს წარმოადგენს, ხოლო, რიგ შემთხვევებში, ვალდებულებითსამართლებრივი შინაარსის ნორმები კრედიტორის მიერ ინდივიდუალურად, წინასწარ არის განსაზღვრული და მათი სტანდარტულ პირობებად მიჩნევის წინაპირობას ქმნიან, თუმცა, ბანკის მხრიდან საპროცენტო სარგებლის დარიცხვის ვადა და ოდენობა იმგვარი სახელშეკრულებო დანაწესებია, რომლებზე შეთანხმებაც, მიუხედავად მათი წინასწარ ჩამოყალიბებისა და მრავალჯერადად გამოყენებისა, მსესხებლის ნების სავალდებულოდ გამოვლენის შედეგად მიიღწევა, რამდენადაც, წარმოდგენილი პირობები არსებით გავლენას ახდენენ მსესხებლის სამართლებრივ მდგომარეობაზე. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მოპასუხემ ამგვარი პირობით შეთანხმებული სახელშეკრულებო ვალდებულების ცვლილების შესახებ თანხმობა განაცხადა (სსკ-ის 50-ე და 327-ე მუხ.), რაც საკმარისია დასკვნისთვის, რომ მხარეთა შორის შეთანხმება 2019 წლის 19 დეკემბრის ხელშეკრულების პირობების შეცვლაზე მიღწეული არ ყოფილა.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ სარჩელი ნაწილობრივ ხანდაზმულია და მოთხოვნა მხოლოდ 19 938 ლარის ნაწილში სწორად დაკმაყოფილდა.

16. სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით საკასაციო საჩივარი წარმოადგინა მოსარჩელემ.

17. კასატორი აღნიშნავს, მსესხებელმა პანდემიის პერიოდში ისარგებლა ბანკის მიერ შეთავაზებული „საშეღავათო პერიოდით“ - უარი საშეღავათო პერიოდით სარგებლობაზე არ განუცხადებია.

18. მსესხებელს უნდა სცოდნოდა, რომ საშეღავათო პერიოდის გავრცელებას მოჰყვებოდა ცვლილება საკრედიტო ხელშეკრულებაში და ხელშეკრულება იმავე პირობებით რა პირობებითაც გაფორმდა არ გაგრძელდებოდა.

19. ხელშეკრულების მიხედვით, ბანკი უფლებამოსილი იყო შეტყობინებისთვის გამოეყენებინა კომუნიკაციის ნებისმიერი - ელექტრონული, ციფრული და სხ. საშუალება.

20. მოპასუხემ მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განმარტებებით უარყო მოსარჩელის მითითებები, რაც შემხვედრი ვალდებულებებისაგან თავის არიდებას ემსახურება და რაიმე მტკიცებულებითი მნიშვნელობა არ გააჩნია.

21. მოსარჩელეს მოთხოვნა 2020 წლის ოქტომბერს წარმოეშვა, სარჩელი აღძრულია 2023 წლის ოქტომბრში, მაშასადამე სამწლიანი ხანდაზმულობის დაცვით,

22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

23. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

24. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე (სსსკ-ის 391.5 მუხლი).

25. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

26. გამსესხებლის საკასაციო პრეტენზია ფულადი ვალდებულების 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადის ათვლის სისწორეს მიემართება. კასატორის მტკიცებით, მსესხებელმა პანდემიის პერიოდში ისარგებლა ბანკის მიერ შეთავაზებული „საშეღავათო პერიოდით“ - უარი საშეღავათო პერიოდით სარგებლობაზე არ განუცხადებია, რის გამოც, გამსესხებელს გრაფიკით გათვალისწინებული თანხის დაფარვაზე მოთხოვნა „საშეღავათო პერიოდის“ დასრულების შემდეგ - 2020 წლის ოქტომბერში წარმოეშვა. რაც იმაზე მიუთითებს, რომ 2023 წლის ოქტომბერში დავალიანების დაფარვის შესახებ სარჩელი ხანდაზმულობის ვადაშია აღძრული.

27. კასატორის პრეტენზიას საკასაციო პალატა არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ კასატორი სააპელაციო საჩივარშიც ანალოგიურ პრეტენზიაზე უთითებდა, რასაც ამომწრავად გაეცა პასუხის სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში.

28. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი.

29. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი - კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი).

30. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მოსარჩელისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას. თავის მხრივ, მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ სარჩელის მოთხოვნის შინაარსს.

31. ის სამართლებრივი შედეგი, რისი მიღწევაც მოსარჩელე ბანკს სურს - სესხად გაცემული თანხის (ძირი, პროცენტი და პირგასამტეხლო) მოპასუხისთვის დაკისრება, სსკ-ის 867-ე (საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა, მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით), 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი), 868-ე (მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი), 417-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის), 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის) მუხლებიდან გამომდინარეობს.

32. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).

33. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია (სსსკ-ის 407.2 მუხლი) შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

33.1.2019 წლის 19 დეკემბერს, მხარეთა შორის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება დაიდო, რომლის საფუძველზე, მსესხებელზე 20000 ლარი გაიცა. ხელშეკრულებით განისაზღვრა კრედიტის ვადა: 16.12.2022 წელი, წლიური საპროცენტო სარგებელი: 19,5%, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: 23,87%, კრედიტის გაცემის საკომისიო: 495 ლარი;

33.2.დაფარვის გრაფიკის მონაცემებით ყოველთვიურად მსესხებელს 738.46 ლარი უნდა გადაეხდა;

33.3.თანხა უნდა გადახდილიყო ყოველი თვის 16 რიცხვში;

33.4.გადახდა იწყებოდა 2020 წლის 16 იანვრიდან და სრულდებოდა 2022 წლის 16 იანვარს;

33.5.მსესხებელმა ბოლო გადახდა შეასრულა 2020 წლის თებერვალში;

33.6.2023 წლის ოქტომბერში მოსარჩელემ მსესხებლის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა, რომლითაც მსესხებლისაგან დავალიანების დაფარვა მოითხოვა;

33.7.მსესხებელის მოთხოვნას მოპასუხემ მოთხოვნის განხორციელების შემაფეხებელი შესაგებელი დაუპირისპირა, რომლითაც მოთხოვნის ნაწილი ხანდაზმულად მიიჩნია.

34. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის ისეთ ეფექტურ საშუალებას, როგორიცაა შესაგებელი.

35. შესაგებელი, როგორც მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამოქალაქო სამართალწარმოებაში, მასში ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი ასევე ერთგვარი გამოხატულებაა დისპოზიციურობის (სსსკ-ის მე-3 მუხ.) პრინციპისა, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. საპროცესო ავტონომიის ფარგლებში მოპასუხის გადასაწყვეტია ცნობს თუ არა სარჩელს, დაასრულებს თუ არა საქმეს მორიგებით, ან რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს, რაც გარკვეულწილად დავაში შესვლას და სარჩელში მითითებულ გარემოებებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. შესაბამისად, სარჩელის წარმატება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე სარჩელისაგან.

36. შესაგებლის ზოგადი კლასიფიკაცია შემდეგია: მატერიალური და საპროცესო შესაგებელი; აბსტრაქტული (ზოგადი) და კონკრეტული შესაგებელი; მარტივი და კვალიფიციური (არსებითი) შესაგებელი.

37. რა ტიპის შესაგებელს წარადგენს მოპასუხე, სრულად თავსდება ამ უკანასკნელის ნების ავტონომიის ფარგლებში.

38. კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება გამომდინარეობს 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან (ივარაუდება, რომ შედავებული უნდა იყოს დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი ფაქტები და არა სამართლებრივი მოსაზრებები, ე.ი. ისეთი ფაქტები, რომელთა არსებობა წარმოშობენ მოთხოვნას), წინააღმდეგ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები, დამტკიცებულად ითვლება. მოსამართლემ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს პირველ რიგში საპროცესო შესაგებელს, ხოლო ამის შემდეგ მატერიალურ შესაგებელს.

39. მოპასუხის მხრიდან არსებითი ხასიათის შედავების შემთხვევაში, მოსამართლემ უნდა მოიძიოს სამართლებრივი ნორმა, რომელიც გამორიცხავს, წყვეტს ან აფერხებს მოთხოვნის განხორციელებას, ხოლო ნორმის წინაპირობების შემოწმება იმავე წესით ხორციელდება. აქაც მნიშვნელოვანია რას პასუხობს მოსარჩელე მოპასუხის არსებით შედავებას, არ არის გამორიცხული მოსარჩელემაც კვალიფიციური პასუხი გასცეს მოპასუხის ამგვარ განმარტებას. ამდენად მოსამართლე ასე უწყვეტად გადადის მოსარჩელის სტადიიდან მოპასუხის სტადიაზე და პირიქით, ვიდრე არ დასრულდება მხარეთა განმარტებების ურთიერთგაცვლის პროცესი, რომლის შედეგადაც უნდა გაირკვეს უდავო და სადავო (მტკიცების საგანში შემავალი) ფაქტები. შესაგებლის შინაარსობრივი მხარე, განსაკუთრებით ფაქტობრივი ნაწილი გავლენას ახდენს მტკიცების ტვირთზე.

40. მატერიალური შესაგებლის ერთ-ერთი სახეა მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი - ხანდაზმულობის შესაგებელი, რომელსაც განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია.

41. საკასაციო პალატა განმარტავს, სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა სამ წელს შეადგენს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა ექვს წელს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

42. სსკ-ის 144-ე მუხლი პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

43. ხანდაზმულობის ინსტიტუტის თავისებურება ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე (სსკ-ის 144.1 მუხ.).

44. ხანდაზმულობის ვადების დაწესებით, კანონმდებლის მიზანია გამორიცხოს კრედიტორის უფლების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყონებლივ აღდგენის სტიმულირებას.

45. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელის წარდგენისას, მოპასუხე შესაძლოა სადავოდ არ ხდიდეს სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ასევე, ეთანხმებოდეს ვალდებულების არსებობას და აღიარებდეს მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობას, თუმცა, უარს აცხადებდეს მის შესრულებაზე, რადგან მოთხოვნა ხანდაზმულად მიაჩნდეს (სსკ-ის 144-ე მუხ.).

46. ხანდაზმულობის ვადა სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას მატერიალური და არა პროცესუალური თვალსაზრისით.

47. სასარჩელო ხანდაზმულობის ინსტიტუტი წარმოადგენს უფლების დაცვის მატერიალურ-სამართლებრივ საშუალებას, რადგან სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნა მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არსებობს, თუმცა სასამართლო წესით ამ მოთხოვნის იძულებითი განხორციელება კონკრეტული წინაპირობის არსებობისას, არ ხდება.

48. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინება სასამართლოს მიერ ხორციელდება არა საკუთარი ინიციატივით, არამედ მხოლოდ საქმის განხილვაში მონაწილე მხარეების (მხარის) მიერ აღნიშნულზე მითითების შემთხვევაში. მაგალითად, მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლების შემოწმება მიმდინარეობს მოპასუხის შედავების შემოწმების ეტაპზე (იხ., ჰაინ ბოელინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, გვ.170; მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში მოკლე შესავალი რელაციის მეთოდში სამოქალაქო კოდექსის მიხედვით შემუშავებული პრაქტიკული მაგალითებით, შტეფან შმიტი, ჰარალდ რიჰტერი, GIძ, 2013, 20).

49. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელი აერთიანებს ორ ნაწილს: სარჩელის აღძვრისა და სარჩელის დაკმაყოფილების უფლებას. რადგან სასარჩელო ხანდაზმულობა არის დარღვეული უფლების იძულებითი განხორციელების ვადა, ის უკავშირდება სწორედ სარჩელის დაკმაყოფილების უფლებას. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლით ისპობა უფლების იძულებითი განხორციელების შესაძლებლობა მატერიალური და არა საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით. შესაბამისად, სასარჩელო ხანდაზმულობის ინსტიტუტი მიჩნეული უნდა იქნეს მატერიალური სამართლის კუთვნილებად კანონმდებლობაში მისი ადგილისა და სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით.

50. სასარჩელო ხანდაზმულობა არ არის აბსტრაქტული სამართლებრივი კატეგორია. კანონმდებლობა ითვალისწინებს მისი დაწყებისა და დასრულების მომენტს.

51. მოთხოვნის შემოწმებისას აუცილებელია განისაზღვროს ხანდაზმულობის კონკრეტული ვადის გამოყენებისა და მისი ათვლის საკითხი. ერთმანეთისაგან განასხვავებენ ხანდაზმულობის ვადის ათვლის ობიექტურ და სუბიექტურ მომენტებს. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან ანუ იმ მომენტთან, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს.

52. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების საფუძველია უფლების დარღვევა, რომელიც შესაძლოა კანონიდან გამომდინარეობდეს ან ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვას (შდრ: ნ.კვანტალიანი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, მუხლი 130-ე, ველი 2. თბილისი, 2017 წელი; ლადო ჭანტურია, საქართველოს სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, თბილისი, 2011,123).

53. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის სწორი გამოთვლისათვის არსებითია, ზუსტად დადგინდეს მოთხოვნის წარმოშობის დრო.

54. სასამართლო პრაქტიკაში განმარტებულია, ხანდაზმულობის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე (სსკ-ის 144.1-ე მუხლი) (იხ., სუსგ №ას-657-2023 25 იანვარი, 2024 წელი, პ.68) .

55. სსკ-ის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

56. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე.

57. განსახილველ შემთხვევაში, გამსესხებელმა ვერ დაადასტურა მის მიერ მითითებული მთავარი სადავო გარემოება, რომ მსესხებელმა სესხის გადავადების პირობები დეტალურად იცოდა (იხ. საკასაციო საჩივარი). საქმის მასალების მიხედვით დადგენილია, რომ 2019 წლის 19 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე, მსესხებელზე 20000 ლარი გაიცა. ხელშეკრულებით განისაზღვრა კრედიტის ვადა: 16.12.2022 წელი. დაფარვის გრაფიკის მონაცემებით ყოველთვიურად მსესხებელს 738.46 ლარი უნდა გადაეხდა. თანხა უნდა გადახდილიყო ყოველი თვის 16 რიცხვში. გადახდა იწყებოდა 2020 წლის 16 იანვრიდან და სრულდებოდა 2022 წლის 16 იანვარს. მსესხებელმა ბოლო გადახდა შეასრულა 2020 წლის თებერვალში. სარჩელი აღძრულია 2023 წლის ოქტომბერში.

58. იმის გათვალისწინებით, რომ მსესხებელმა მიუთითა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, ქვემდგომი ინტანციის სასამართლოებმა მიიჩნიეს, რომ 2020 წლის ოქტომბრამდე მოთხოვნა ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ ხანდაზმულია.

59. სარჩელის ხანდაზმულობაზე მოპასუხის შედავებამ მტკიცების ტვირთი, რომ სარჩელი ხანდაზმულობის ვადის დაცვითაა აღძრული შეაბრუნა მოსარჩელის მხარეს (იხ., გაგუა ი., მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე, რედ-ბი: ძლიერიშვილი ზ, კვანტალიანი ნ, 2020, 229).

60. მოსარჩელემ (აპელანტი, კასატორი), მოთხოვნის წარმოშობის მომენტის განსასაზღვრად მსესხებლის მხრიდან „საშეღავათო პერიოდით“ სარგებლობის შესახებ ბანკის შეთავაზებასა და ამ პირობების მსესხებლის მიერ მიღებაზე მიუთითა, რის გამოც, გამსესხებელი მოთხოვნის წარმოშობის მომენტად 2020 წლის ოქტომბერს მიიჩნევდა.

61. კასატორის ამ შედავებას, საკასაციო პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს და მიუთითებს სასამართლო პრაქტიკაზე, რომელშიც განმარტებულია შემდეგი: „..მსესხებელმა სესხის გადავადების შესახებ შეთავაზება მიიღო, რაც მას არ უარუყვია, რეალურად კი ბანკმა მსესხებელს კრედიტის ვადა გაუგრძელა, ამასთან, გაიზარდა გადასახდელი თანხაც, რაც ხელშეკრულების უჩვეულო პირობაა, რომლის თაობაზეც მსესხებლის თანხმობა აუცილებელი იყო (სსკ-ის 344-ე, 346-ე მუხლები) (იხ., სუსგ №ას-1029-2023, 13 ოქტომბერი, 2023წ).

62. ხოლო იმის დასადგენად, თუ რა ჩაითვლება ხელშეკრულების უჩვეულო სტანდარტულ პირობად, საკასაციო პალატა განმარტავს, საქართველოში ხელშეკრულების სტანდარტული პირობები ევროპული კერძო სამართლის რეცეფციის შედეგს წარმოადგენს. სსკ-ის 342-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების სტანდარტული პირობებისთვის დამახასიათებელია შემდეგი წინაპირობები: ა) იგი უნდა იყოს წინასწარ ჩამოყალიბებული; ბ) გამიზნული უნდა იყოს მრავალჯერადი გამოყენებისთვის; გ) ერთი მხარე უნდა ადგენდეს კონკრეტული სახელშეკრულებო ურთიერთობისთვის და დ) აღნიშნულის მეშვეობით კანონით დაგდენილი ნორმებისგან განსხვავებული ან უნდა მოხდეს მათი შემვსები წესების დადგენა.

63. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება იმის თქმა, რომ ხელშეკრულების სტანდარტული პირობები მრავალჯერად დასადებ ხელშეკრულებებთან მიმართებით გამოიყენება.

64. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სტანდარტული პირობები არის სახელშეკრულებო პირობები. ეს დებულება გულისხმობს, რომ სტანდარტული პირობები ყოველთვის წარმოადგენს სახელშეკრულებო პირობებს, ანუ ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად მიიჩნევა და ხელშეკრულების მონაწილე მხარეების უფლებრივ მდგომარეობას აწესრიგებს.

65. სტანდარტული პირობები არ განიხილება ხელშეკრულებისაგან განცალკევებულ პირობებად, იმის მიუხედავად, რომ შესაძლებელია სტანდარტული პირობები ტექნიკურად არსებობდეს ხელშეკრულებისაგან განცალკევებულად (მაგ., შესაძლებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება დაიდოს ზეპირი ფორმით, მაგრამ, თუ შემთავაზებელს საკუთარი სარეწის ფარგლებში თვალსაჩინო ადგილას გამოკრული აქვს სტანდარტული პირობები, ეს პირობები ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად მიიჩნევა და მხარეთა შორის არსებული სამართალურთიერთობის მომწესრიგებელ დებულებებად განიხილება).

66. სტანდარტული პირობები არის წინასწარ ჩამოყალიბებული პირობები. რომლებსაც შემთავაზებელი აყალიბებს ხელშეკრულების დადებამდე და მათი შეთავაზება ხდება ყველა მომხმარებლისათვის სტანდარტული ფორმით და არ დგინდება ინდივიდუალურად.

67. სტანდარტული პირობები არის მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნული პირობები.

68. მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნულობა გულისხმობს სტანდარტული პირობების არაერთჯერად ხასიათს, ანუ შემთავაზებლის მიერ ჩამოყალიბებული პირობები არ არის გამიზნული მხოლოდ ერთ ან რამდენიმე კონკრეტულ პირთან დასადები ხელშეკრულებისათვის და ისინი აბსოლუტურად ყველა მომხმარებლისათვის საერთოა.

69. ეს დებულება არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს, თუ შემთავაზებელმა ჩამოაყალიბა სტანდარტული პირობა, მისი მრავალჯერადი გამოყენება არის სავალდებულო და სხვა შემთხვევაში არ შეიძლება პირობა ჩავთვალოთ სტანდარტულად. აღნიშნული დათქმა გულისხმობს არა პირობის მრავალჯერადად გამოყენების ვალდებულებას, არამედ მრავალჯერადი გამოყენებადობის შესაძლებლობას, ანუ პირობა ისეთი ფორმით უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რომ მისი გამოყენება შესაძლებელი იყოს არაერთჯერადად, ნებისმიერი მომხმარებლის მიმართ.

70. სტანდარტულ პირობებს ერთი მხარე (შემთავაზებელი) უდგენს მეორე მხარეს ანუ სტანდარტული პირობის შინაარსი ფორმულირებული და დადგენილია მხოლოდ შემთავაზებლის მიერ და სამართალურთიერთობის მონაწილე მეორე მხარეს არ აქვს შესაძლებლობა გავლენა მოახდინოს მისი შინაასის ფორმულირებაზე. სწორედ ამ გარემოებით არის განპირობებული, რომ სსკ-ის 345-ე მუხლის თანახმად, სტანდარტული პირობების ტექსტის ბუნდოვანებისას მისი განმარტება ხდება მეორე მხარის სასარგებლოდ. სტანდარტული პირობებით უნდა მოხდეს კანონით დადგენილი ნორმებისაგან განსხვავებული ან მათი შემვსები წესების დადგენა.

71. სტანდარტული პირობების კიდევ ერთ სპეციფიკურ მახასიათებელ ნიშანს წარმოადგენს ის გარემოება, რომ ამ პირობებით უნდა მოხდეს კანონით დადგენილი ნორმებისაგან განსხვავებული ან მათი შემვსები წესების დადგენა. ამ პირობაში, რა თქმა უნდა, მოიაზრება კანონის დისპოზიციური ნორმები და ნებისმიერი სტანდარტული პირობა, რომელიც ეწინააღმდეგება კანონის იმპერატიულ ნორმას, არის ბათილი.

72. ხელშეკრულების სტანდარტული პირობების გამოყენება თანამედროვე ბაზრის განვითარების ერთ-ერთ სამართლებრივ შედეგს წარმოადგენს. იგი გამოიყენება უამრავ სამართლებრივ ურთიერთობებში, მაგალითად, საბანკო სახელშეკრულებო ურთიერთობებისას. ხელშეკრულების სტანდარტული პირობები ხელშეკრულების თავისუფლების ბუნებაში ჩარევის ერთ-ერთი გავრცელებული მაგალითია (იხ: Schmidt H., Einbeziehung von AGB im unternehmerischen Geschäftsverkehr, NJW, Heft 46, Verlag C.H. Beck, München, 2011, 3330.).

73. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სტანდარტული პირობები ყოველდღიურად ვითარდება. აღნიშნულის დასტურია ელექტრონული ხელშეკრულება, რომელსაც მეწარმე სუბიექტები ერთმანეთთან საქმიანი ურთიერთობიდან გამომდინარე დებენ.

74. ხელშეკრულების სტანდარტული პირობებისა და ხელშეკრულების თავისუფლების შეზღუდვის საკითხებზე მსჯელობისას უნდა გამოვყოთ ის ძირითადი პრინციპები, რაც საკანონმდებლო დონეზე დასახელებულ სამართლებრივ ინსტიტუტს აწესრიგებს: ა) კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვა და ბათლობის სამართლებრივი წინაპირობა; ბ) შინაარსის კონტროლი; გ) მომხმარებელთა უფლებების დაცვის გარანტი.

75. კონკრეტული გამონაკლისების გარდა, სტანდარტულ ხელშეკრულებაში გაწერილი პირობები უმეტეს შემთხვევაში ბათილ ნორმებს არ წარმოადგენს, თუმცა არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც, როდესაც, სტანდარტული პირობები მთლიანი ხელშეკრულების ბათილობას იწვევს. მაგალითად, როდესაც დომინირებული მდგომარეობის მქონე საწარმო მის მომხმარებელს ხელშეკრულების არათანაბარ პირობებს სთავაზობს და სხვ. ასეთის არსებობისას, უმეტეს შემთხვევებში, ბათილი ნორმები ეწინააღმდეგება კეთილსინდისიერების პრინციპს და ხელშეკრულების მონაწილე ერთ მხარეს პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს.

76. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობებში სამართლიანობის მოთხოვნათა დაცვა უდიდეს როლს თამაშობს. სწორედ ამ თვალსაზრისით, კეთილსინდისიერების პრინციპი შესაძლებელია კონკრეტული პირობის გონივრულად განსაზღვრის საკითხს ეფუძნებოდეს. განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს ეხება (მაგალითად, იმ გულისხმიერების ვალდებულებას, რაც მხარეს ასეთ შემთხვევაში გააჩნია). ასევე, მხარეთა მიერ თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებით არ უნდა გაიწეროს კეთილსინდისიერების საწინააღმდეგო პირობა და სხვ. დაცვის თითოეული ასეთი მექანიზმი მიმართულია როგორც ხელშეკრულების მხარის უფლებების რეალიზების, ასევე, პრაქტიკისა და ეკონომიკური საქმიანობის სწორად წარმართვისკენ (შდრ: Lakies T., AGB-Kontrolle von Vertragstrafenvereinbarungen, ArbR Aktuell, Heft 13, Verlag C.H. Beck, München, 2014, ველი 313 ).

77. ხელშეკრულების სტანდარტული პირობებისას შინაარსის კონტროლზე საუბრისას უნდა შევეხოთ სამ უმთავრეს დამახასიათებელ საკითხს: ა) მის დანიშნულებას, ბ) ნორმათა კონკურენციას სსკ-ის სხვა სამართლებრივ ინსტიტუტებთან მიმართებით და გ) შინაარსის თავისუფლებისა და შინაარსის კონტროლის ურთიერთმიმართებას (იხ: სერგი ჯორბენაძე, ხელშეკრულების თავისუფლების ფარგლები სამოქალაქო სამართალში, თბილისი, 2016, 189).

78. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ხელშეკრულების სტანდარტული პირობების შინაარსის კონტროლი სამართლებრივი შედეგებისთვისაა სარგებლის მომტანი. მისი უმთავრესი დანიშნულებაა, დაიცვას იმ პირთა მიმართ კერძო ავტონომიის ძირითადი პრინციპები, რომლებიც ყიდულობენ მომსახურებას, პროდუქტს, და სხვ. აღნიშნული კი გამოიხატება ხელშეკრულების შინაარსის კონტროლის დასაშვებობაში, რაც, თავის მხრივ, შეიძლება იყოს სამართლებრივ დონეზე მოწესრიგებული მაკონტროლებელი ინსტრუმენტი. მართალია, შინაარსის კონტროლის მიზანს პირთა უფლებების დაცვა წარმოადგენს, მაგრამ ეს ისე არ უნდა იქნეს გაგებული, თითქოს, სსკ-ის სხვა მომწესრიგებელი ნორმები ასეთ დროს არ გამოიყენება. მეტიც, ზოგიერთ შემთხვევაში ხელშეკრულების სტანდარტული პირობები საერთოდ არ გამოიყენება და საკითხის გადაჭრისთვის მხოლოდ სსკ-ის ცალკეულ ნორმებზეა სასამართლოს მიერ ყურადღება გამახვილებული. ამგვარი მსჯელობა აბსოლუტურად მისაღები და სამართლებრივად დასაბუთებულია. შედარების თვალსაზრისით შესაძლებელია გერმანიის სამოქალაქო კოდექსის მოყვანა, სადაც სტანდარტული პირობების ბათილობის შემთხვევაში გამოიყენება გსკ-ის ზოგადი ნორმებით განსაზღვრული დათქმები, რომლებიც ნორმის ბათილობას ეხება. აღნიშნული, პირველ რიგში, ეფუძნება შინაარსის კონტროლის მიზანს (შდრ: Hellwege P., Allgemeine Geschäftsbedingungen, einseitig gestellte Vertragsbedingungen und die allgemeine Rechtsgeschäftslehre, Verlag Mohr Siebeck, Tübingen, 2010, 138.). საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ხელშეკრულების თავისუფლების შეზღუდვის უმთავრეს წინაპირობას შინაარსის კონტროლი წარმოადგენს, როდესაც ჩარევა (ზემოქმედება) ხდება უშუალოდ ხელშეკრულების შინაარსზე. სტანდარტული პირობების შემთხვევაში, ჩარევა მრავალჯერადი გამოყენების ხელშეკრულებათა შინაარსის შეზღუდვისკენაა მიმართული. შესაბამისად, ხელშეკრულების თავისუფლების რეალიზაცია იმავე დოზით, როგორც ეს სხვა შემთხვევებშია შესაძლებელი, სტანდარტული პირობებისას არ გვხვდება. შეიძლება ითქვას, რომ კერძო სამართლის პრინციპი: რაც კანონით აკრძალული არაა, ყველაფერი დაშვებულია, ხელშეკრულების სტანდარტული პირობებისას შეზღუდული სახით გამოიყენება, რაც შინაარსის კონტროლის აუცილებლობასა და მისი არსებობის ფარგლებს განამტკიცებს (შდრ: Schade F., Wirtschaftsprivatrecht: Grundlagen des bürgerlichen Rechts sowie des Handels- und Wirtschaftsrechts, 2. Auflage, Verlag A. Kohlhammer GmbH, Stuttgart, 2009, Rn. 178-181).

79. განსახილველ საქმეზე საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს იმსჯელოს სსკ-ის 344-ე მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმად, სტანდარტული პირობების ისეთი დებულებები, რომლებიც ფორმის მიხედვით იმდენად უჩვეულოა, რომ მეორე მხარეს არ შეეძლო მათი გათვალისწინება, ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად არ იქცევა. იმავეს ადგენს გერმანიის სამოქალაქო კოდექსიც, კერძოდ, სტანდატული პირობა თუნდაც აკმაყოფილებდეს კანონმდებლის მოთხოვნებს, იგი ვერ გადაიქცევა ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად, თუ მეორე მხარისათვის ასეთი პირობების არსებობა მოულოდნელი იყო (შდრ: Becker, in Beck OK BGB, 45.Aufl, §305c, Rn.2). ეს წესი თანაბრად მოქმედებს როგორც მომხმარებლის, ისე მეწარმისათვის წაყენებული სტანდარტული პირობების შემთხვევაში, რადგან მეწარმესაც არ ეკისრება ფაკულტატური ვალდებულება სტანდარტული პირობების სრულად წაკითხვისა თუ ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკების წარმოებისა (შდრ: რუსიაშვილი/ალადაშვილი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, ჭანტურია (რედ.), 2019, მუხლი 344, ველი 2.). ამით შემთავაზებლის კონტრაჰენტის უჩვეულო და მოულოდნელი პირობებისაგან დაცვის მიზნით შექმნილია ე.წ. ნეგატიური ჩართვის წინაპირობა - პირობა არ უნდა იყოს უჩვეულო, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდება ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილი. სსკ-ის 344-ე მუხლი გვევლინება სტანდარტული პირობების სამართალში მოქმედი სიცხადის პრინციპის ერთ-ერთ გამოხატულებად.

80. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ გარემოების შემოწმება, საერთოდ სახეზეა თუ არა სტანდარტული პირობა (სსკ-ის 342-ე მუხლი) და, ამის დადასტურების შემთხვევაში, ხდება თუ არა ის ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილი (სსკ-ის 343-ე მუხლი), სისტემურად წინ უსწრებს სსკ-ის 344-ე მუხლის დანაწესის შემოწმებას.

81. სსკ-ის 344-ე მუხლის მიხედვით, კონტროლი არის „ხელშეკრულებაში ჩართვის ნეგატიური კონტროლი“ და შესაბამისად, იმ შედეგის კორექტირება, რომლის მიხედვითაც პირობა „თავისთავად“ იქნებოდა ძალაში, უჩვეულო რომ არ ყოფილიყო.

82. რაც შეეხება სსკ-ის 346-ე მუხლის დანაწესს, „ბათილია ხელშეკრულებათა სტანდარტული პირობა, მიუხედავად ხელშეკრულებაში მისი ჩართვისა, თუ იგი ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპების საწინააღმდეგოდ საზიანოა ხელშეკრულების მეორე მხარისათვის. ამასთან, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოებები, რომელთა არსებობისას იქნა ეს პირობები ხელშეკრულებაში შეტანილი, მხარეთა ორმხრივი ინტერესები და სხვა” (შდრ: სუსგ №1585-2022, 12 ივნისი, 2023 წ., პ.41.7.5.).

83. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ერთი მხრივ სსკ-ის 344-ე და, მეორე მხრივ 346-348-ე მუხლების (ჩართვის ნეგატიური კონტროლი) წინაპირობების შემოწმება შეიძლება მოხდეს პარალელურად, თუმცა ეს აუცილებელი არ არის. არა ყოველი პირობა, რომელიც უჩვეულოა, არის იმავდროულად (და მხოლოდ ამის გამო) შინაარსობრივად დაუშვებელი და პირიქით. სამართლებრივი შედეგი ორივე შემთხვევაში იდენტურია: ხელშეკრულების დანარჩენი ნაწილი რჩება ძალაში და უჩვეულო თუ შინაარსობრივად დაუშვებელ პირობას ანაცვლებს კანონისმიერი დისპოზიციური დანაწესები.

84. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უჩვეულოდ ჩაითვლება სტანდარტული პირობების ის დებულებები, რომლებიც ხეშეკრულების მეორე მხარეს, მისთვის მოულოდნელად დამატებით ვალდებულებებს აკისრებს ან შეთანხმებულ შესრულებას არსებითად ცვლის და ხელშეკრულების მხარეს მათი გათვალისწინება არ შეეძლო (შდრ: ლ.ჭანტურია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2001, მუხლი 344, გვ.190.).

85. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმის დასადგენად, თუ რა ჩაითვლება ხელშეკრულების უჩვეულო სტანდარტულ პირობად, აუცილებელია შედარება 1ჩვეულ“ რეგულაციასთან, რაც წამოჭრის საკითხს იმასთან დაკავშირებით, თუ ვისი თვალსაწიერიდან უნდა განისაზღვროს, რა ჩაითვლება „ჩვეულ“ წესად. ნების გამოხატვის შინაარსის დადგენისას, გადამწყვეტია არა შემთავაზებლის, არამედ მიმღების თვალსაწიერი (შდრ: Becker, in Beck OK BGB, 45.Aufl, §305c, Rn.14). მნიშვნელობა ენიჭება არა კონკრეტული მეორე მხარის სუბიექტურ დამოკიდებულებას, არამედ კეთილსინდისიერების პრინციპის საფუძველზე ჩამოყალიბებულ მოლოდინს. სსკ-ის 344-ე მუხლის ამოქმედებისათვის, ხელშეკრულების სტანდარტული პირობის უჩვეულო დებულება უნდა იყოს იმავდროულად მოულოდნელი ანუ უნდა ჰქონდეს ე.წ. „მოუმზადებლად თავზე დატყდომის ეფექტი“. ასევე გაასთვალისწინებელია გარემოებები, რომლებშიც იდება ცალკეული ხელშეკრულება შემთავაზებლის ქცევის ჩათვლით (შდრ: რუსიაშვილი/ალადაშვილი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, ჭანტურია (რედ.), 2019, მუხლი 344, ველი 18.).

86. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო პალატამ განმარტა, შემთავაზებელს აქვს შესაძლებლობა, გააქარწყლოს სტანდარტული პირობის მოულოდნელობის ეფექტი. ამისათვის, პირველ რიგში, აუცილებელია პირობის რეგულაციური შინაარსის ახსნა ან კანონისმიერი თუ ტიპიური სახელშეკრულებო ალტერნატიული რეგულაციის მკაფიოდ აღწერა. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლია კონტრაჰენტს, გაცნობიერებულად მიიღოს გადაწყვეტილება, უღირს თუ არა პირობის ხელშეკრულებაში ჩართვა. მოულოდნელობის მომენტი არ არის სახეზე, როცა მხარეებმა უჩვეულო დებულება ხელშეკრულების დადებამდე დეტალურად განიხილეს. მკაფიო მითითებისა და განმარტების ვალდებულება აქვს შემთავაზებელს და არცერთ შემთხვევაში ხელშეკრულების მეორე მხარეს. უჩვეულო და მოულოდნელი სტანდარული პირობის ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად არქცევის შემთხვევაში, დგება შემდეგი სამართლებრივი შედეგი: ხელშეკრულება დადებულად ითვლება ამ პირობის გარეშე. ის რეგულაციური ვაკუუმი, რაც გამოწვეულია უჩვეულო სტანდარტული პირობის ხელშეკრულებაში არჩართვით, უნდა ამოივსოს კანონის დისპოზიციური ნორმებით. ხელშეკრულების დანარჩენი ნაწილი ძალაში რჩება (სუსგ №ას-372-2023, 6 ოქტომბერი, 2023წ.).

87. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კერძო სამართლის ფარგლებში სახელშეკრულებო თანასწორობის დაცვას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, რაც უნდა გამოიხატოს როგორც ცალკეული სახელშეკრულებო ურთიერთობების შემთხვევაში საკითხის გადაწყვეტისას, ისე საკანონმდებლო მოწესრიგების ასპექტში. სამართლიანობა ბოჭავს კანონმდებელს. კერძოსამართლებრივი ურთიერთობისას კანონმდებლის მიზანს კერძო სამართლისთვის დამახასიათებელი და მნიშვნელოვანი პრინციპების დაცვა წარმოადგენს. სახელშეკრულებო ურთიერთობებში კი ასეთია სახელშეკრულებო თანასწორობა და სახელშეკრულებო სამართლიანობა, რომელიც ერთიანობაში უნდა იქნეს განხილული.

88. ამდენად, შეიძლება იმის თქმა, რომ სახელშეკრულებო თანასწორობის დარღვევა გამოიწვევს სახელშეკრულებო სამართლიანობის დარღვევას.

89. სწორედ ასეთი შედეგის თავიდან აცილების მიზნით, სამოქალაქო კანონმდებლობა ხელშეკრულების თავისუფლების შეზღუდვით გონივრულ ფარგლებს უწესებს მის მონაწილე მხარეებს და ამით სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის აღდგენისკენ დგამს ნაბიჯს (შდრ: Di Fabio U., Form und Freiheit, DNotZ, Heft 5, Verlag C.H. Beck, München, 2006, S. 346.).

90. შექმნილ ფაქტობრივ მოცემულობაში, მოსარჩელემ (კასატორი) ვერ დაადასტურა, რომ ხელშეკრულების არსებითად შეცვლის შესახებ შეთავაზებულ პირობას მსესხებელი დაეთანხმა, აღნიშნული საქმეზე წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება. მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც დადგენილია რომ მსესხებელს სადავო პირობის სმს შეტყობინებით შეთავაზების შემდეგაც არცერთი გადახდა ბანკის სასარგებლოდ არ უწარმოებია; გარდა ამისა, მსესხებელი თავადაც უარყოფს ასეთი პირობის მიღებას (მასზე დათანხმებას).

91. ყოველივე ზემოაღნიშნული გამორიცხავს იმ ვარაუდის დაშვების შესაძლებლობას, რომ მსესხებელმა „საშეღავათო პერიოდით“ ისარგებლა, რამაც ამ უკანასკნელს ვალდებულების ახალი ვადით შესრულების პასუხისმგებლობა წარმოუშვა.

92. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.

93. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

94. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი (სსსკ-ის 401.4 მუხლი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ტ.კ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. შპს „ტ.კ–ს“ (ს.კ:.........) დაუბრუნდეს 01.05.2025წ.-ს №1746088905 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე