საქმე №ა-5984-შ-136-2025 31 ოქტომბერი, 2025 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – კერძო სააქციო საზოგადოება ,,ს.''
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,T.''
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას და აღსრულებას მოითხოვს მხარე - უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლო 2025 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:
უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალტასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2025 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით შპს ,,T.'', კერძო სააქციო საზოგადოება ,,ს–ის'' სასარგებლოდ დაეკისრა მიწოდებული საქონლის საფასურისა და ყველა მოსაკრებლის ჩათვლით 9470.32 აშშ დოლარის ანაზღაურება, საიდანაც შპს ,,T.'' მოსარჩელისთვის გადახდილი აქვს 1185 აშშ დოლარი. არბიტრაჟის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისი მიღების თარიღიდან შესულია კანონიერ ძალაში და ექვემდებარება დაუყონებლივ აღსრულებას.
2025 წლის 30 ოქტომბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა კერძო სააქციო საზოგადოება ,,ს.'' წარმომადგენელმა და მოითხოვა უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლო 2025 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება. შუამდგომლობის ავტორმა, წარმოდგენილი უცხო ქვეყნის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების გარდა, ასევე მოითხოვა უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ყადაღა დაედოს შპს ,,T.'' -ის ს/კ .......... საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ ფულად სახსრებს საქართველოში რეგისტრირებულ ყველა საბანკო დაწესებულებაში მოპასუხისთვის დაკისრებული თანხის 8285.32 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ფარგლებში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოდგენილი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების, შუამდგომლობისა და თანდართული მასალების გაცნობის შედეგად განმარტავს, რომ კერძო სააქციო საზოგადოება ,,ს–ის'' წარმომადგენლის მოთხოვნას უცხო ქვეყნის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უარი უნდა ეთქვას განსახლველად მიღებაზე.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. თავის მხრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საპროცესო საკითხები განიხილება სწორედ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლი ადგენს, რომ საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამდენად, საკასაციო სასამართლო საქმის განხილვის ამა თუ იმ ეტაპზე უფლებამოსილია, იხელმძღვანელოს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებისათვის დადგენილი წესებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება ზემდგომი წესით საქმის განხილვის მარეგულირებელ ნორმებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოებში სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მის წარმოებაში არსებულ სამოქალაქო საქმეებს განიხილავს სწორედ ეროვნული საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული წესების შესაბამისად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის. იმავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.
ამდენად, საკასაციო სასამართლო საქმის განხილვის ამა თუ იმ ეტაპზე უფლებამოსილია იხელმძღვანელოს ქვემდგომი ინსტანციის წესით საქმის განხილვის მარეგულირებელი ყველა იმ ნორმით, რომლებიც არ ეწინააღმდეგებიან ზემდგომი წესით საქმის განხილვის მარეგულირებელ წესებს.
,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ’’ საქართველოს კანონის 731 მუხლის მიხედვით, საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ხდება ,,არბიტრაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35622 მუხლის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35613 მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად და „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 731-ე მუხლის თანახმად, საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ხდება „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
„არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის თანახმად, მხარემ, რომელიც შუამდგომლობს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე, უნდა წარმოადგინოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების სათანადოდ დამოწმებული დედანი (საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი გადაწყვეტილებისათვის) ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი, აგრეთვე ამ კანონის მე-8 მუხლში მითითებული საარბიტრაჟო შეთანხმების დედანი ან მისი სათანდოდ დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). თუ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ან შეთანხმება არ არის შესრულებული ქართულ ენაზე, მხარემ უნდა წარმოადგინოს ასევე ქართულ ენაზე ამ საბუთების სათანადოდ დამოწმებული თარგმანი.
განსახილველ შემთხვევაში შუამდგომლობას არ ერთვის საარბიტრაჟო შეთანხმებების დედნები ან მათი სათანადოდ დამოწმებული ასლები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლე სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს (შუამდგომლობას), თუ იგი შეტანილია ამ კოდექსის 178-ე მუხლში (გარდა იმავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილისა, თუ მოსარჩელეს მითითებული აქვს მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო მიზეზი) მითითებული პირობების დარღვევით. ამავე კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად კი, სარჩელის (შუამდგომლობის) მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლე გამოიტანს დასაბუთებულ განჩინებას. განჩინებაში უნდა მიეთითოს აგრეთვე, თუ როგორ უნდა იქნეს აცილებული საქმის აღძვრის დამაბრკოლებელი გარემოებანი. სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს (შუამდგომლობის ავტორს), რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს რა კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად სააქციო საზოგადოება ,,ს–ს'' უარის უნდა ეთქვას მის განსახილველად მიღებაზე.
საკასაციო სასამართლო შუამდგომლობის ავტორის დამატებითი მოთხოვნის (უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ყადაღა დაედოს შპს ,,T.'' -ის ს/კ ....... საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ ფულად სახსრებს საქართველოში რეგისტრირებულ ყველა საბანკო დაწესებულებაში მოპასუხისთვის დაკისრებული თანხის 8285.32 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ფარგლებში) შესახებ განმარტავს, რომ ვინაიდან წინამდებარე შემთხვევაში არ არსებობს წარმოდგენილი უცხო ქვეყნის საარბიტრაჟო სასამართლო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობის წარმოებაში მიღების საფუძველი, შუამდგომლობის ავტორს ზემოაღნიშნულ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზეც უნდა ეთქვას უარი. ამასთან საკასციო სასამართლო განმარტავს, რომ შუამდგომლობის ავტორს არ ერთმევა უფლება ხელახლა მოითხოვოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, განჩინებაში მითითებული დარღვევის გამოსწორებით, მომავალში წარმოდგენილი შუამდგომლობის ფარგლებში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის 44-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე, 187-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სააქციო საზოგადოება ,,ს–ს'' უარი ეთქვას შუამდგომლობის განსახილველად მიღებაზე.
2. სააქციო საზოგადოება ,,ს–ს'' უარი ეთქვას, შპს ,,T.'' -ის ს/კ ...... სახელზე არსებულ საბანკო ანგარიშებზე საქართველოში არსებულ ყველა საბანკო დაწესებულებაში განთავსებულ ფულად სახსრების მოპასუხისთვის დაკისრებული თანხის 8285.32 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ფარგლებში ყადაღის დადებაზე.
3. შუამდგომლობის ავტორს დაუბრუნდეს მის მიერ წარმოდგენილი დედანი დოკუმენტები.
4. განემარტოს შუამდგომლობის ავტორს, რომ განჩინებაში მითითებული დარღვევის გამოსწორების შემთხვევაში ის არ კარგავს უფლებას, ამავე შუამდგომლობით კვლავ მომართოს სასამართლოს.
5. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ამირან ძაბუნიძე