საქმე Nა-1728-შ-45-2025 31 ოქტომბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი - ს.ჯ–ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას და აღსრულებას მოითხოვს შუამდგომლობის ავტორი – საბერძნეთის რესპუბლიკა, ქალაქ ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2024 წლის 14 ნოემბრის N3612/2024 გადაწყვეტილება
დავის საგანი – მხარდაჭერის მიმღებად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ს.ჯ–მა, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მიმართა ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს მისი შვილის მხარდამჭერად (მეურვედ) დანიშვნის მოთხოვნით. ათენის სასამართლომ დაადგინა, რომ ათენის სასამართლოს გააჩნდა უფლებამოსილება განეხილა საქმე, რადგან სასამართლოს განსჯადობა განისაზღვრა შ.ხ–ის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სასამართლომ ასევე შეაფასა მხარდაჭერილი პირის ინტერესები და მიიჩნია, რომ მის მხარდამჭერად დედის - ს.ჯ–ის დანიშვნა იყო მიზანშეწონილი, რის შედეგადაც, ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ს.ჯ–ი დაინიშნა შ.ხ–ის სრულ მეურვედ, განუსაზღვრელი ვადით.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2025 წლის 14 აპრილს წარმოდგენილი განცხადებით, შუამდგომლობის ავტორი ითხოვს საბერძნეთის რესპუბლიკა, ქალაქ ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2024 წლის 15 ნოემბრის N3612/2024 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას.
3. საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2025 წლის 19 ივნისს წარმოდგენილი განცხადებითა და დართული ცნობით, დასტურდება, რომ საბერძნეთის რესპუბლიკა, ქალაქ ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2024 წლის 15 ნოემბრის N3612/2024 გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში.
4. წარმოდგენილი განცხადებით დასტურდება, რომ შ.ხ–ის მამა - ზ.ხ–ი გარდაიცვალა 2022 წელს, ხოლო შ.ხ–ი - საქართველოს მოქალაქეა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ივნისის განჩინებით წარმოდგენილი შუამდგომლობა, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულია წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
6. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
7. ს.ჯ–ის წარმომადგენელმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილებების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
8. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული საბერძნეთის რესპუბლიკა, ქალაქ ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2024 წლის 15 ნოემბრის N3612/2024 გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ საქმის განმხილველმა სასამართლომ შეაფასა მხარდაჭერილი პირის ინტერესები და მიიჩნია, რომ ფსიქიკური აშლილობის გამო მიზანშეწონილი იყო მისი სრულიად ქმედუუნაროდ ცნობა, რის შედეგადაც ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, სასამართლომ ს.ჯ–ი დანიშნა შ.ხ–ის სრულ მეურვედ, განუსაზღვრელი ვადით.
9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
10. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, საბერძნეთის რესპუბლიკა, ქალაქ ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2024 წლის 14 ნოემბრის N3612/2024 გადაწყვეტილება შ.ხ–ის ფსიქიკური აშლილობის გამო სრულიად ქმედუუნაროდ ცნობისა და მის კანონიერ მეურვედ (მხარდამჭერად), განუსაზღვრელი ვადით, დედის - ს.ჯ–ის დანიშვნის შესახებ, ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.
12. რაც შეეხება შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნას ამავე გადაწყვეტილებების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევის შესახებ, სასამართლო განმარტავს, რომ „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა. ამავე კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას. რადგანაც ქმედუუნაროდ ცნობისა და მეურვედ დანიშვნის თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილებების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობით მიიღწევა ის იურიდიული შედეგი, რომლის დადგომაც მხარეს სურს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ გადაწყვეტილებების აღსასრულებლად მიქცევის მოთხოვნის მიმართ მხარეს არ გააჩნია ნამდვილი იურიდიული ინტერესი, რაც ამ ნაწილში შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მულებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს.ჯ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს საბერძნეთის რესპუბლიკა, ქალაქ ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2024 წლის 14 ნოემბრის N3612/2024 გადაწყვეტილება შ.ხ–ის კანონიერ მეურვედ (მხარდამჭერად) განუსაზღვრელი ვადით, დედის - ს.ჯ–ის დანიშვნის შესახებ.
3. ს.ჯ–ის შუამდგომლობა საბერძნეთის რესპუბლიკა, ქალაქ ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2024 წლის 14 ნოემბრის N3612/2024 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
გოჩა ჯეირანაშვილი