Facebook Twitter

საქმე № ას-1425-2023 31 ოქტომბერი, 2025 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი, გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ე.მ. ა.ტ.ე.ვ.ე.“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი:

1. სს „ე.მ. ა.ტ.ე.ვ.ე.“-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. მხარეთა შორის გაფორმდა რამდენიმე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება. მათ სრულად შეასრულეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რაც დასტურდება წარმოდგენილი ანგარიშფაქტურებით. ამდენად, შემსყიდველს წარმოეშვა ვალდებულება, გადაეხადა მათთვის შესრულებული სამუშაოების ღირებულების გადაუხდელი ნაწილი - ჯამურად 266 115.53 ლარი, რის თაობაზეც მრავალგზის წერილობით მიმართეს მოპასუხეს, თუმცა, უშედეგოდ, მას დავალიანება დღემდე არ დაუფარავს.

3. მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, შესაგებელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელემ დაარღვია მათ შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, რის გამოც დაეკისრა პირგასამტეხლო და დაუკავდა ასანაზღაურებელი თანხიდან. ამასთან, მოსარჩელეს საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ არ წარუდგენია ხარვეზის არარსებობის აქტი, რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით: სს „ე.მ. ა.ტ.ე.ვ.ე.“-ს სარჩელი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიმართ დაკმაყოფილდა;

4.2. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაეკისრა სს „ე.მ. ა.ტ.ე.ვ.ე.“-ს სასარგებლოდ №ე.ტ. 102-12 (SPA120016700) ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადასახდელი თანხა - 172 199.48 ლარი ;

4.3. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაეკისრა სს „ე.მ. ა.ტ.ე.ვ.ე.“-ს სასარგებლოდ №ე.ტ.N02-14, (SPA130016294) ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადასახდელი თანხა - 1494.52 ლარი;

4.4. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაეკისრა სს „ე.მ. ა.ტ.ე.ვ.ე.“-ს სასარგებლოდ Nე.ტ.N3-14, (SPA130016291) ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადასახდელი თანხა 2563.95 ლარი;

4.5. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაეკისრა სს „ე.მ. ა.ტ.ე.ვ.ე.“-ს სასარგებლოდ №ე.ტ.N4-14, (SPA130016289) ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადასახდელი თანხა 1922.16 ლარი;

4.6. საქართველოს რეგიონული განვითარების დაინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაეკისრა სს „ე.მ. ა.ტ.ე.ვ.ე.“-ს სასარგებლოდ №ე.ტ.N5-14, (SPA130014909) ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადასახდელი თანხა 19697.81 ლარი;

5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

6. სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 9 სექტემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

6.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება.

6.2. 2012 წლის 2 აგვისტოს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს (შემსყიდველი) და სს „ე.მ. ა.ტ.ე.ვ.ე.“-ს (მიმწოდებელი) საქართველოს ფილიალს შორის, შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემით გამოცხადებული ტენდერის SPA120016700 შედეგების საფუძველზე, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების მიზნით გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ე.ტ. №102-12 ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად:

- სამუშაოს მთლიანი ღირებულება, დღგ-ს გარეშე, შეადგენდა 4 194 914,41 ლარს (2.1 პუნქტი);

- ხელშეკრულების ჯამური ღირებულება, დღგ-ს გათალისწინებით, შეადგენდა 4 949 999 ლარს (2.2 პუნქტი);

- მიმწოდებელი ანგარიშსწორებისას ვალდებული იყო ყოველ თვეში წარმოედგინა ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მთლიანი და ჯამური (დღგ-ს გათვალისწინებით) ღირებულება საანგარიშო პერიოდისა და ნაზარდი ჯამის ჩვენებით (2.4 პუნქტი);

- ანგარიშსწორება მოხდებოდა ყოველთვიურად, ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების და დადასტურებული მოცულობების მიხედვით, მიღება-ჩაბარების აქტის (ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობების მიღების აქტი) და დღგ-ს ანგარიშ-ფაქტურის გაფორმების საფუძველზე, მიღება-ჩაბარების აქტის და დღგ-ს ანგარიშ-ფაქტურის წარდგენიდან 28 დღის განმავლობაში (2.5 პუნქტი);

- ხელშეკრულების ფარგლებში ანაზღაურებული იქნებოდა მხოლოდ იმ შესრულებული სამუშაოების, მათ შორის, შემსყიდველთან შეთანხმებული შესრულებული გაუთვალისწინებელი სამუშაოების ღირებულება, რომლის მოცულობასა და ხარისხზე იარსებობდა უშუალოდ შემსყიდველის და საამისოდ შერჩეული პირის (საზედამხედველო კომპანია) მიერ დადასტურებული აქტი (2.14 პუნქტი);

- სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით, შემსყიდველის მიერ ყოველთვიურად დაკავებული იქნებოდა შესრულებული სამუშაოების ღირებულების 5%, რომლის ნახევრის (2,5%) დაბრუნება მოხდებოდა სამუშაოს სრული დასრულებისა და შემსყიდველის მიერ შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ შედგენილი ობიექტის ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო მეორე ნახევარი საგარანტიო ვადის (ერთი წლის) გასვლის შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის მიერ აქტის შედგენისას დაფიქსირებული იქნებოდა შესრულებული სამუშაოს ნაკლი ან უხარისხობა, მიმწოდებელს აღნიშნული თანხა არ აუნაზღაურდებოდა დეფექტების გამოსწორებამდე (2.18 პუნქტი);

- იმ შემთხვევაში თუ, სხვადასხვა მიზეზების გამო მიმწოდებელი ორგანიზაცია ვერ უზრუნველყოფდა ან უარს განაცხადებდა ზემოხსენებული კომისიის მიერ აქტში დაფიქსირებული დეფექტების აღმოფხვრასთან დაკავშირებით, შემსყიდველი ობიექტზე ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანიზაციასთან ერთად შეაფასებდა დეფექტების აღმოფხვრის ხარჯს და მიმწოდებელს არ აუნაზღაურებდა აღნიშნულ თანხას - ყოველთვიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულების დაკავებული 5%-დან. თუ დეფექტების აღმოფხვის ხარჯისათვის საჭირო თანხა აღემატებოდა დაკავებულ 5%, შემსყიდველი დამატებით დააკისრებდა მიმწოდებელს ზემოაღნიშნული განსხვავების გადახდას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (2.19 პუნქტი);

- ყოველთვიურად შესრულებული სამუშაოების მიღება განხორციელდებოდა ყოველი საანგარიშო თვის არაუგვიანეს 31 რიცხვისა (4.2 პუნქტი);

- მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოები ყოველთვიურად მიღებულად ჩაითვლებოდა მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის (ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობების მიღების აქტი) და დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურის გაფორმების შემდეგ (4.3 პუნქტი);

- ამ ხელშეკრულების ძალით შესრულებული სამუშაოების შემოწმებას და მიღება-ჩაბარებას განახორციელებდა შემსყიდველის მიერ უშუალოდ საამისოდ შერჩეული პირი (საზედამხედველო კომპანია), რომელიც ადგილზე შეამოწმებდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ობიექტზე ყოველ თვეს შესრულებულ სამუშაოთა მოცულობას და ხარისხს (4.4 პუნქტი);

- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა მიმწოდებელი შეატყობინებდა შემსყიდველს სამუშაოთა დასრულების შესახებ. ტექ.ზედამხედველი შეამოწმებდა სამუშაოთა მოცულობას დასრულების თაობაზე და დადასტურების შემთხვევაში გადასცემდა სათანადო ინფორმაციას შემსყიდველს კომისიის ჩამოყალიბების მიზნით (4.5 პუნქტი);

- შემსყიდველი ვალდებული იყო: ა) ეწარმოებინა ინსპექტირება საამისოდ შერჩეულ პირთან ერთად სამუშაოს მიმდინარეობაზე, თანახმად საქართველოს კანონისა "საავტომობილო გზების შესახებ", საგზაო სამუშაოების კლასიფიკაციის შესახებ ინსტრუქციის, საპროექტო დოკუმენტაციის, ტექნიკური პირობების, სპეციფიკაციების, წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და საქართველოში მოქმედი ყველა საჭირო სამშენებლო ნორმების, სტანდარტებისა და წესებისა, რომელთა დარღვევის შემთხვევაში, იგი უფლებამოსილი იყო შეეჩერებინა სამუშაოები; ბ) შეუფერხებლად აენაზღაურებინა მიმწოდებელისათვის შესრულებული სამუშაოს ღირებულება ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად (5.2 პუნქტი);

- ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემსყიდველს, მიმწოდებლისა და ხელშეკრულების ინსპექტირების მიზნით შერჩეული სხვა პირების მონაწილეობით გაფორმდებოდა შესაბამისი აქტი, სადაც დეტალურად იქნებოდა აღწერილი ხელშეკრულების შეუსრულებლობის მიზეზები, რის შემდგომაც შემსყიდველის შეხედულებისამებრ შესაძლებელია გამოყენებულ ყოფილიყო ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიების მექანიზმი. თუ მიმწოდებელის წარმომადგენელი უარს განაცხადებდა აღნიშნული აქტის შედგენაში მონაწილეობაზე, ხსენებული დაფიქსირდებოდა ამავე აქტში და იგი გამოიწვევდა იმავე სამართლებრივ შედეგებს, რასაც გამოიწვევდა მიმწოდებლის წარმომადგენლის მონაწილეობით შედგენილი აქტი. სამუშაოების უხარისხოდ შესრულების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებული იყო თავისი სახსრებით უზრუნველყო წუნის აღმოფხვრა დაუყოვნებლივ (5.5 პუნქტი);

- უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების დაფიქსირება მოხდებოდა შემსყიდველისა და მიმწოდებლის მიერ კომისიური წესით შედგენილ აქტში, რის შემდეგაც მიმწოდებელს არ უნაზღაურდებოდა დეფექტებით შესრულებული სამუშაოთა ღირებულება (5.6 პუნქტი);

- იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მხრიდან - შესრულებულ სამუშაოთა წარმოდგენილი მოცულობები, შემსყიდველის მიერ გადამოწმების შემხთვევაში არ შეესაბამებოდა რეალობას, შემსყიდველი სათანადო აქტის შედგენის შემდეგ არ უნაზღაურებდა მას აღნიშნულ სამუშაოთა ღირებულებას და განიხილავდა ამ უკანასკნელის პასუხისმგებლობის საკითხს (5.7 პუნქტი);

- შემსყიდველი და მის მიერ ინსპექტირებისათვის შერჩეული პირი (შპს "საავტომობილო გზების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციის ზედამხედველობის დირექცია") ვალდებული იყო შესრულებაზე მიმწოდებელთან ერთად ეწარმოებინა სამუშაოების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების მიმდინარეობის კონტროლი (5.8 პუნქტი);

- ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის დამრღვევი მხარე ვალდებული იყო მეორე მხარის მოთხოვნისთანავე გადაეხადა მისთვის პირგასამტეხლოს სახით ხელშეკრულების დარჩენილი ღირებულების 1% არაუგვიანეს 14 საბანკო დღეში და უზრუნველყო დარღვეული უფლების დაუყოვნებლივ გამოსწორება (7.1პუნქტი);

- იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელზე ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებდა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5 (ხუთი) პროცენტს, მეორე მხარეს უფლება ექნებოდა ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულება (7.2 პუნქტი);

- ხელშეკრულების დამდები ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მეორე მხარეს შეეძლო მიეღო გადაწყვეტილება ხელშეკრულების სრული ან მისი ცალკეული პირობის მოქმედების შეწყვეტის შესახებ, რაზედაც აცნობებდა მეორე მხარეს წერილობითი ფორმით (9.1 პუნქტი);

- შემსყიდველი უფლებამოსილი იყო ვადამდე ცალმხრივად შეეწყვიტა ამ ხელშეკრულების მოქმედება, თუ: ა) მიმწოდებელი დაარღვევდა ამ ხელშეკრულების პირობებს (არ ასრულებდა ან არაჯეროვნად ასრულებდა); ბ) მიმწოდებლის მიმართ მიმდინარეობდა გაკოტრების საქმე (მიუხედავად მისი დაწყების დროისა); გ) მიმწოდებლის ქონებას დაედებოდა ყადაღა; დ) მიმდინარეობდა მიმწოდებლის რეორგანიზაცია, თუ ეს გარემოება ზეგავლენას მოახდენდა ან შესაძლებელი იყო მოეხდინა ხელშეკრულების ჯეროვან შესრულებაზე; ე) ამოიწურა ხელშეკრულების გარანტიით განსაზევრული თანხა და მიმწოდებელი არ წარმოადგენდა ახალ გარანტიას (9.4 პუნქტი);

- წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების ინსპექტირებას, მათ შორის, კონტრაქტით გათვალისწინებული ვადების მიმდინარეობის კონტროლს განახორციელებდა შემსყიდველი და მის მიერ საამისოდ შერჩეული პირი (საზედამხედველო კომპანია) (13.1 პუნქტი);

- ამ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შემსყიდველი უფლებამოსილი იყო ნებისმიერ დროს განეხორციელებინა შესრულებული სამუშაოს ხარისხის ინსპექტირება (13.2 პუნქტი);

- მიმწოდებელი ვალდებული იყო საკუთარი ხარჯებით უზრუნველეყო შემსყიდველი კონტროლის (ინსპექტირების) ჩატარებისათვის აუცილებელი პერსონალით, ტექნიკური საშუალებებით და სხვა სამუშაო პირობებით. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი კონტროლის (ინსპექტირების) მიზნით გამოიყენებდა საკუთარ ან მოწვეულ პერსონალს, მის შრომის ანაზღაურებას უზრუნველყოფდა თვით შემსყიდველი (13.3 პუნქტი);

- შემსყიდველს ან მის წარმომადგენელს უფლება ჰქონდა ხელშეკრულების პირობების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე განეხორციელებინა კონტროლი მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობაზე. შესრულებული სამუშაოების ტექნიკური მონიტორინგი და კონტროლი ევალებოდა შემსყიდველი ორგანიზაციის საავტომობილო გზების რეაბილიტაციისა და პერიოდული შეკეთების სამუშაოების ორგანიზაციიისა და მონიტორინგის სამმართველოს, ხოლო ფინანსური მონიტორინგი კი - ფინანსების მართვის სამმართველოს (13.4 პუნქტი);

- მიმწოდებელი ვალდებული იყო საკუთარი ხარჯებით უზრუნველეყო ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი ყველა დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრა (13.5 პუნქტი);

- სამუშაოების მიმდინარეობაზე შემსყიდველი აწარმოებდა კონტროლს თანახმად საქართველოს კანონის "საავტომობილო გზების შესახებ", საგზაო სამუშაოების კლასიფიკაციის შესახებ ინსტრუქციის, საპროექტო დოკუმენტიციის, ტექნიკური პირობების, სპეციფიკაციების, წინამდებარე ხელშეკრულების და საქართველოში მოქმედი ყველა საჭირო სამშენებლო ნორმების, სტანდარტების და წესების თანახმად, რომელთა დარღვევის შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილი იყო შეეჩერებინა სამუშაოების მიმდინარეობა და განეხორციელებინა ამ ხელშეკრულებით და კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები (13.6 პუნქტი);

- ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრებოდა ხელშეკრულების ხელის მოწერის დღიდან, მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულ და ჯეროვან შესრულებამდე - 2013 წლის პირველ ოქტომბრამდე (15.1 პუნქტი) (იხ. ტომი 1, ს.ფ. 18-26).

6.3. ანალოგიური შინაარსის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ე.ტ.№02-14 ხელშეკრულება დაიდო იმავე მხართა შორის, 2014 წლის 17 იანვარს, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზესტაფონი-ბაღდათის საავტომობილო გზის კმ.11-კმ.18.8 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებაზე, რომლის მთლიანი ღირებულება, დღგ-ს გარეშე, განისაზღვრა 3 389 829,66 ლარით, ხოლო ხელშეკრულების ჯამურ ღირებულებად, დღგ-ს გათვალისწინებით, 3 999 999 ლარით (იხ. ტომი 1, ს.ფ. 27-35);

6.4. ანალოგიური შინაარსის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ე.ტ.№3-14 ხელშეკრულება დაიდო იმავე მხართა შორის, 2014 წლის 17 იანვარს, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ.25(0.75)-კმ.34(0.3) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებაზე, რომლის მთლიანი ღირებულება განისაზღვრა 4 661 016,95 ლარით, ხოლო ხელშეკრულების ჯამურ ღირებულებად, დღგ-ს გათვალისწინებით, 5 500 000 ლარით (იხ. ტომი 1, ს.ფ. 186-194);

6.5. ანალოგიური შინაარსის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ე.ტ.№4-14 ხელშეკრულება დაიდო იმავე მხართა შორის, 2014 წლის 17 იანვარს, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის (კმ.36; კმ.43-კმ.45) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, რომლის მთლიანი ღირებულება განისაზღვრა 2 097 457,63 ლარით, ხოლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულება, დღგ-ს გათვალისწინებით, 2 475 000 ლარით (იხ. ტომი 1, ს.ფ. 36-44);

6.6. ანალოგიური შინაარსის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ე.ტ.№5-14 ხელშეკრულება დაიდო იმავე მხართა შორის, 2014 წლის 17 იანვარს, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლა-ტყიბულის საავტომობილო გზის (შ-19) კმ.2-კმ.4 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებაზე, რომლის მთლიანი ღირებულება, დღგ-ს გარეშე, განისაზღვრა 711 863,50 ლარით, ხოლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულება დღგ-ს გათვალისწინებით – 839 999 ლარით (იხ. ტომი 1, ს.ფ. 211-219);

6.7. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 22.05.2015წ. გაცემული №2/188-2014 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, კერძო აღმასრულებლის 11.09.2015წ. №A15050459-008/001 განკარგულებით, კრედიტორ შპს ,,ე–ს“ განცხადება დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო სს „ე.მ. ა.ტ.ე.ვ.ე.“-ს მოთხოვნას დავალდებული საქართველოს საავტომობილი გზების დეპარტამენტის მიმართ - 51 515,66 ლარის ფარგლებში (იხ. ტომი 1, ს.ფ. 133-137);

6.8. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს გზების დეპარტამენტის მიმართ მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 03.04.2019წ. №2/7034-19 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, რომლის თანახმადაც - საქართველოს რეგიონულიი განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს გზების დეპარტამენტს აეკრძალა სს „ე.მ. ა.ტ.ე.ვ.ე.“-სათვის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ე.ტ.№102-2 ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის - 234 456,47 ლარის გადახდა (იხ. ტომი 1,ს.ფ. 99-101, 143-145);

6.9. 31.07.2014წ. მხარეთა შორის დადებული მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად, N5-14 ხელშეკრულების ფარგლებში, სს „ე.მ. ა.ტ.ე.ვ.ე.“-მ შეასრულა/დაასრულა და საექსპლუატაციოდ გამზადებულ იქნა 787 912,42 ლარის ღირებულების სამუშაო, საიდანაც, ხელშეკრულების 2.18 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს გზების დეპარტამენტმა დაუკავა და არ აუნაზღაურა შესრულებული სამუშოების ღირებულების მოცემული სარჩელით სადავო ნაწილი (2,5%) – 19 697,81 ლარი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 308-330);

6.10. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს გზების დეპარტამენტმა, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 7.1 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის მოტივით, შეწყვიტა ე.ტ.№102-12, ე.ტ.N02-14,

ე.ტ.№3-14, ე.ტ.№4-14 ხელშეკრულებები და ხელშეკრულების 2.18 პუნქტის შესაბამისად, ასანაზღაურებელი თანხიდან დაუკავა და არ აუნაზღაურა სს „ე.მ. ა.ტ.ე.ვ.ე.“-ს შესრულებული სამუშოების ღირებულების მოცემული სარჩელით სადავო ნაწილი (2,5%) - 1. ე.ტ.№102-12 ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 172199.48 ლარი; 2. ე.ტ.№02-14 ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 1494.52 ლარი; 3. ე.ტ.N3-14 ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 2563.95 ლარი; 4. ე.ტ.№4-14 ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 1922.16 ლარი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 95-96, 138-140, 146- 152, 239, 241-243, 283-284, 291-292, 299-300).

6.11. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე მხარემ შეასრულა სარჩელით სადავო ღირებულების სამუშაოები, თუმცა, მას აღნიშნული სადავო თანხები (შესრულებული სამუშაოების ღირებულების 2,5%) დაუკავდა მხარეთა შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულებების 2.18 პუნქტის საფუძველზე, რომლის თანახმადაც - სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით, შემსყიდველის მიერ ყოველთვიურად დაკავებული იქნებოდა შესრულებული სამუშაოების ღირებულების 5%, რომლის ნახევარი (2,5%) დაბრუნედებოდა სამუშაოს სრული დასრულებისა და შემსყიდველის მიერ შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ შედგენილი ობიექტის ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო მეორე ნახევარი – საგარანტიო ვადის (ერთი წლის) გასვლის შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის მიერ აქტის შედგენისას დაფიქსირებული იქნებოდა შესრულებული სამუშაოს ნაკლი ან უხარისხობა, მიმწოდებელს აღნიშნული თანხა არ აუნაზღაურდებოდა დეფექტების გამოსწორებამდე;

6.12. სააპელაციო პალატამ, დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მხარეთა შეთანხმება ცალსახად ითვალისწინებდა, რომ სპეციალური კომისიის შექმნის ვალდებულება ჰქონდა შემსყიდველს, რომელსაც უნდა შეემოწმებინა შესრულებულ სამუშაო საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ. სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ მათ შორის დადებული №5-14 ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულებისა და №102-12, N02-14, №3-14, N4-14 ნარდობის ხელშეკრულებების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემდგომ, შემსყიდველს ამგვარი სპეციალური კომისია არ შეუქმნია და შესრულებული სამუშაოების ხარისხი არ შეუმოწმებია, რაც ნარდობის ხელშეკრულებების ზემოაღნიშული პუნქტების შესაბამისად, ცალსახად მის ვალდებულებას წარმოადგენდა. შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის სათანადო მტკიცებულებები იმ გარემოებების დასადასტურებლად, რომ სს „ე.მ. ა.ტ.ე.ვ.ე.“-მ სამუშაოები შეასრულა უხარისხოდ, ნაკლიანად, რაც გამორიცხავს შესრულებული სამუშაოების სარჩელით სადავო ღირებულების დაკავებასა და მის ანაზღაურებაზე უარის თქმას. ამასთან, ის გარემოება, რომ ნარდობის ხელშეკრულებების შეწყვეტის შემდგომ, გარკვეული სამუშაოები განახორციელა სხვა კომპანიამ, ვერ გახდება სს „ე.მ. ა.ტ.ე.ვ.ე.“-ს მიერ უკვე შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი, თანახმად სსკ-ის 636-ე მუხლისა;

6.13. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

7. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

7.1. კასატორის მტკიცებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 თებერვლის განჩინება დაუსაბუთებელია, ვინაიდან საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, არ არსებობდა სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველი. სასამართლოს მიერ არ იყო გამოკვლეული და სრულყოფილად შესწავლილი საქმეში არსებული მტკიცებულებები, გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და ბუნდოვანია სასამართლოს არგუმენტები, თუ რატომ დაეყრდნო მხოლოდ მოსარჩელის მტკიცებულებას და არ გაითვალისწინა დეპარტამენტის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები.

7.2. სასამართლომ, ასევე, არ გაითვალისწინა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება და ამავე სასამართლოს მიერ 2019 წლის 3 აპრილს გაცემული სააღსრულებო ფურცელი №2/7034-19 (სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე), რომლითაც დეპარტამენტს აეკრძალა კომპანიისთვის თანხის გადარიცხვა. პალატამ, ასევე, არ გაითვალისწინა დოკუმენტაცია, რომელიც ეხება საგარანატიო ვადის გასვლის შემდეგ ობიექტებზე აღმოჩენილ ხარვეზებს. გარდა ამისა, არ იქნა გათვალისწინებული, ის გარემოება, რომ კომპანიამ არ შეასრულა მისთვის ხელშეკრულებებით დაკისრებული ვალდებულება და დეპარტამენტში არ წარმოადგინა საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ თითოეული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ობიექტებზე ხარვეზების არ აღმოჩენის შესახებ შესაბამისი დასკვნები.

7.3. კასატორის მტკიცებით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629.1-ე და 636-ე მუხლები და მიუთითებს, რომ ხელშეკრულებების შესაბამისად, კომპანიის მიერ ნაწარმოები სამუშაოები არ იყო ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და ამაზე მითითებულია დეპარტამენტის მიერ როგორც პირველი, ასევე – მეორე ინსტანციის სასამართლოში.

7.4. საკასაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, მხარეთა შორის 2014 წლის 17 იანვარს გაფორმებული (ე.ტ. №4-14) ხელშეკრულების თანახმად, კომპანია ასრულებდა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის ს/გზის კმ36; კმ 43-კმ-45 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. კომპანიის მოთხოვნით, მისი 2014 წლის 2 ივნისის №146/1 წერილის საფუძველზე, ხელშეკრულებაზე 2014 წლის 3 ივნისს გაფორმდა დანართი შეთანხმება №1, რითაც აღნიშნული ხელშეკრულება შეწყდა. დარჩენილი სამუშაოები 2014 წლის 8 ივლისს გაფორმებული (ე.ტ. №35-14) ხელშეკრულების ფარგლებში დაასრულა შპს „F.E“-მა. 2015 წლის 8 მაისის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე სამუშაოები მიღებულ იქნა საექსპლუატაციოდ. აღნიშნული სამუშაოების შესრულების პირველი 2.5% (1 922.16 ლარი) აუნაზღაურდა მოპასუხეს. რაც შეეხება ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით დაკავებულ მეორე 2.5%-ს, აღნიშნულის თაობაზე დეპარტამენტში შემოვიდა შპს „F.E-ის“ 2017 წლის 1-ელი ივნისის წერილი, სადაც აღნიშნული იყო, რომ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის (კმ 36; კმ43-კმ-45) მონაკვეთის შესრულებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, საგარანტიო პერიოდში დაფიქსირებული იყო ხარვეზები, კომპანია „F.E“ საკუთარი სახსრებით ვერ უზრუნველყოფდა ხარვეზების გამოსწორებას და უარი განაცხადა მოთხოვნაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მეორე 2.5%-ის არ ანაზღაურებულა.

7.5. ანალოგიური სიტუაცია იყო ე.ტ. 3-14 ხელშეკრულებასთან დაკავშირებითაც, სადაც სამუშაოები ასევე, „F.E“-მ დაასრულა და შემდგომ წარმოადგინა კორესპონდენცია, სადაც აღნიშნული იყო, რომ შესრულებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, საგარანტიო პერიოდში დაფიქსირებული იყო ხარვეზები, კომპანია „F.E“ საკუთარი სახსრებით ვერ უზრუნველყოფდა ხარვეზების გამოსწორებას და უარი განაცხადა მოთხოვნაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ მეორე 2.5%-ის არ ანაზღაურებულა.

7.6. კასატორის მითითებით, ვინაიდან დეპარტამენტმა ინფორმაცია მიიღო, რომ სამუშაოები არ იყო ხარისხიანი მთლიან მონაკვეთზე (ანუ იმ მონაკვეთზეც, სადაც მოპასუხემ შეასრულა სამუშაოები), შესაბამისად, ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, არ ექვემდებარებოდა ანაზღაურებას (2.5%).

7.7. ე.ტ. 02-14 და ე.ტ. 5-14 ხელშეკრულებებთან დაკავშირებით, კასატორი აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაშიც პირველი 2.5% ანაზღაურებელია, ხოლო მეორე 2.5 %-თან დაკავშირებით მოპასუხის მიერ წერილობითი მოთხოვნაც კი არ იყო შემოსული თანხის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, ყველა წერილი, რაც საქმეშია წარმოდგენილი, ეხება ე.ტ.№102-12 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ასანაზღაურებელ თანხებს.

7.8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ყოველგვარი მსჯელობის გარეშე უბრალოდ მიუთითა, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა კომპანიის მიერ უხარისხოდ განხორციელებულ სამუშაოებზე. ხოლო დეპარტამენტის მიერ წარდგენილ ხარვეზის არსებობის დამადასტურებელ დოკუმენტებზე სასამართლოს განჩინებაში მითითებული საერთოდ არ აქვს. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემული პუნქტი ისევე, როგორც მთლიანი განჩინება, უსაფუძვლო, დაუსაბუთებელია და არ შეესაბამება, როგორც საქართველოს კანონმდებლობას, ასევე – მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებს.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შემოწმების მიზნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

10.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

11. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები.

12. უპირველესად, საკასაციო პალატა ხელშეკრულების სამართლებრივ ბუნებასთან დაკავშირებით, მიუთითებს, რომ სადავო ხელშეკრულებებს ნარდობის შინაარსი აქვს (სსკ-ის 629.1 მუხლის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური). სადავო ხელშეკრულებებით, მოსარჩელემ იკისრა საზღაურის გადახდის სანაცვლოდ, სამუშაოს შესრულების - შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის, ზესტაფონი-ბაღდათის, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის და ხიდი-თერჯოლა-ტყიბულის საავტომობილო გზის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება. შესაბამისად, წინამდებარე გადაწყვეტილების 1-5 პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 636-ე (შემკვეთს უფლება აქვს, სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი) მუხლი.

13. სსკ-ის 636-ე მუხლით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების წინაპირობებია: მხარეთა შორის ნარდობის ხელშეკრულების დადება; მენარდის მიერ შეთანხმებული სამუშაოს ნაწილის შესრულება; სამუშაოს დასრულებამდე შემკვეთის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტა. ნარდობის ხელშეკრულების მოშლა არ ათავისუფლებს შემკვეთს მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების მოვალეობისგან.

14. მენარდის ინტერესების დასაცავად და მხარეთა შორის უფლებებისა და მოვალეობების გონივრული ბალანსის შესანარჩუნებლად, შემკვეთს ეკისრება ვალდებულება, ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, მენარდეს აუნაზღაუროს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი. ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტისას ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს ხელშეკრულების ის ნაწილი, რომელიც უკვე შესრულდა და ის, რომელიც ხელშეკრულების გამო აღარ უნდა შესრულდეს. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ „სსკ-ის 636-ე მუხლში მითითებული ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი არის ფაქტობრივად შესრულებული სამუშაო, რომელიც უნდა აუნაზღაუროს შემკვეთმა მენარდეს და, ასევე, დანახარჯები, რომელიც მოიცავს მენარდის მიერ გაწულ ისეთ ქმედებებს, რომლებიც უკავშირდება კონკრეტული ნარდობის ხელშეკრულების მიზნებისათვის ადამიანური თუ ფინანსური რესურსების მოზიდვას, მაგ. ისეთი სპეციფიკური მასალებისა და მოწყობილობების შეძენას, რომელიც მხოლოდ კონკრეტული ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამუშაოებისთვისაა აუცილებელი და შეუძლებელია მათი სხვაგან გამოყენება, მანქანა-დანადგარებისა და ტექნიკური საშუალებების, შესასრულებელი სამუშაო იარაღის დაქირავება, კონკრეტული სპეციალისტების მოწვევა, რაც ნარდობის სამუშაოებისათვის გაწეულ ფაქტობრივ და იმ დანახარჯებს მოიცავს, რომელსაც, სავარაუდოა, გაიღებდა მენარდე, რადგან საამისოდ განახორციელა გარკვეული ქმედებები“ (შდრ. ას-697-663-2015, 15.12. 2015).

15. ამდენად, ხელშეკრულების შესრულებული ნაწილის მიმართ კანონი ადგენს შეთანხმებული საზღაურის ანაზღაურების ვალდებულებას, ხოლო შეუსრულებული ნაწილის მიმართ ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. მოცემულ შეთხვევში, სასამართლომ დადგინა, რომ მენარდემ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, კერძოდ მხარეთა შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ მოსარჩელე მხარემ შეასრულა სარჩელით სადავო ღირებულების სამუშაოები, თუმცა, მას აღნიშნული თანხები (შესრულებული სამუშაოების ღირებულების 2,5%) დაუკავდა მხარეთა შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულებების 2.18 პუნქტის საფუძველზე, რომლის თანახმადაც - სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით, შემსყიდველის მიერ ყოველთვიურად დაკავებული იქნებოდა შესრულებული სამუშაოების ღირებულების 5%, რომლის ნახევრის (2,5%) დაბრუნება მოხდებოდა სამუშაოს სრული დასრულებისა და შემსყიდველის მიერ შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ შედგენილი ობიექტის ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო მეორე ნახევარი საგარანტიო ვადის (ერთი წლის) გასვლის შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის მიერ აქტის შედგენისას დაფიქსირებული იქნებოდა შესრულებული სამუშაოს ნაკლი ან უხარისხობა, მიმწოდებელს აღნიშნული თანხა არ აუნაზღაურდებოდა დეფექტების გამოსწორებამდე;

16. მხარეთა შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულებების შესაბამისად, სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მხარეთა შეთანხმება ცალსახად ითვალისწინებდა, სპეციალური კომისიას შექმნის ვალდებულება ჰქონდა შემსყიდველს, რომელსაც უნდა შეემოწმებინა შესრულებულ სამუშაო საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ.

17. მხარეთა შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ მათ შორის დადებული №5-14 ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულებისა და №102-12, N02-14, №3-14, N4-14 ნარდობის ხელშეკრულებების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემდგომ, შემსყიდველს ამგვარი სპეციალური კომისია არ შეუქმნია და შესრულებული სამუშაოების ხარისხი არ შეუმოწმებია, რაც ნარდობის ხელშეკრულებების ზემოაღნიშული პუნქტების შესაბამისად, ცალსახად მის ვალდებულებას წარმოადგენდა. შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის სათანადო მტკიცებულებები იმ გარემოებების დასადასტურებლად, რომ სს „ე.მ. ა.ტ.ე.ვ.ე.“-მ სამუშაოები შეასრულა უხარისხოდ, ნაკლიანად, რაც გამორიცხავს შესრულებული სამუშაოების სარჩელით სადავო ღირებულების დაკავებასა და მის ანაზღაურებაზე უარის თქმას. ამასთან, ის გარემოება, რომ ნარდობის ხელშეკრულებების შეწყვეტის შემდგომ, გარკვეული სამუშაოები განახორციელა სხვა კომპანიამ, ვერ გახდება სს „ე.მ. ა.ტ.ე.ვ.ე.“-ს მიერ უკვე შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი.

18. პალატა განმარტავს, რომ შესრულების ნაკლის მტკიცების ტვირთი შემკვეთს ეკისრება. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ შემკვეთმა ვერ დაძლია თავისი მტკიცების ტვირთი, ვერ დაამტკიცა შესრულების ნაკლი, ამიტომ იგი ვალდებულია, მენარდეს აუნაზღაუროს შესრულებული სამუშაოს ღირებულება. პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

19. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, რომ სასამართლომ, არ გაითვალისწინა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება და ამავე სასამართლოს მიერ 2019 წლის 3 აპრილს გაცემული სააღსრულებო ფურცელი №2/7034-19 (სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე), რომლითაც დეპარტამენტს აეკრძალა კომპანიისთვის თანხის გადარიცხვა. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასმართლო სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლეობის დასკვნას, რომ რადგან სააღსრულებო ფურცელი გაცემულია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოყენებულ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებით, მესამე პირის სარჩელის საფუძველზე. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არის დროებითი ღონისძიება, რომელიც მოქმედებს ამ სარჩელთან დაკავშირებით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, შესაბამისად, ამ ღონისძიების ერთ-ერთი სახის გამოყენება მესამე პირის მოთხოვნით, მათ შორის, თანხის გადახდის აკრძალვაც, არ ნიშნავს იმას, რომ ნარდობის სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, მოსარჩელე სს „ე.მ. ა.ტ.ე.ვ.ე.“-ს არ ეკუთვნის ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება მოპასუხე საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან;

20. ზემოხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს არ წარმოუდგენია არცერთი არგუმენტი, დასაბუთებული შედავება, თუ რა საფუძვლით უნდა იქნეს ცნობილი დასაშვებად საკასაციო საჩივარი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებული და კანონიერია, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

21. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

22. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 %.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი