Facebook Twitter

საქმე №ას-72-2025 31 ოქტომბერი, 2025 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი, გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – კ.შ–ია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – თ.დ–ი, ზ.დ–ი (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება

დავის საგანი – კრების ოქმისა და ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების მესაკუთრედ ამხანაგობის ცნობა

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით კ.შ–იას სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „N.... 11“-ის 2011 წლის 19 თებერვლის N2011-45 კრების ოქმი, N24 ავტოფარეხზე (16.92 კვ.მ. ფართით) ზ.დ–ის საკუთრების უფლების დარეგისტრირებაზე თანხმობის გამოხატვის შესახებ. ბათილად იქნა ცნობილი 2015 წლის 6 მარტის ჩუქების ხელშეკრულება, გაფორმებული ერთის მხრივ, ზ.დ–ს, როგორც „მჩუქებელს“ და მეორეს მხრივ, თ.დ–ს, როგორც „დასაჩუქრებულს“ შორის, N24 ავტოფარეხზე, მდებარე - ქალაქ თბილისში, მიცკევიჩისა და გამრეკელის ქუჩებს შორის მიმდებარე საერთო ეზოში, ფართი: 16.30 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N.........). ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „N........ 11“ ცნობილ იქნა ქალაქ თბილისში, მიცკევიჩისა და გამრეკელის ქუჩებს შორის მიმდებარე საერთო ეზოში მდებარე N.. ავტოფარეხის, ფართი: 16.30 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N.........) მესაკუთრედ.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა - თ.დ–მა და ზ.დ–მა, რომლითაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა თ.დ–ის (პ.ნ. ........) და ზ.დ–ის (პ.ნ. .......) სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 31 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოდავე მხარეებმა 2025 წლის 21 ოქტომბერს წარმოადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს მისი დამტკიცების თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და მოცემულ საქმეზე წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით დამკვიდრებულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით (მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ) და 83-ე მუხლის პირველი ნაწილით (მხარეებს უფლება აქვთ წარადგინონ მორიგების აქტი საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე) გარანტირებულია მხარეთა უფლება, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმებით აღიარებულია მოდავე მხარეთა შესაძლებლობა, გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, თავად გადაწყვიტონ სარჩელის ბედი (იხ.: სუსგ №ას-1406-2020, 22.03.2022წ.; №ას-993-2021, 20.04.2022წ.; №ას-715-2021, 27.12.2021წ.; №ას-714-2019, 14.06.2022წ.). ამდენად, დისპოზიციურობის პრინციპი ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგონ თავიანთი არა მარტო მატერიალური, არამედ საპროცესო უფლებები.

მორიგება, ერთი მხრივ, საზოგადოებრივ ურთიერთობებში არსებული სირთულეების დაძლევისა და მხარეთა შორის არსებული კონფლიქტების მოგვარების ეფექტური საშუალებაა, ხოლო, მეორე მხრივ, მორიგება სამოქალაქო საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი და სასამართლო სისტემის მარეგულირებელი სამართლებრივი მოვლენაა. მორიგება სამართლებრივი შესაძლებლობაა, ფაქტია, სამართლებრივი პროცესია, უფრო ზუსტად კი - საპროცესო სამართლებრივი უფლების (მხარის უფლება საქმე მორიგებით დაასრულოს) განკარგვის აქტია საპროცესო სამართლებრივი შედეგით (საქმის წარმოების შეწყვეტა) (იხ.: თამთა მამაიაშვილი. მორიგება, როგორც სამოქალაქო საქმის წარმოების დამთავრების საფუძველი. სადისერტაციო ნაშრომი სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად, თბილისი 2017, გვ.18, 25).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ, ხოლო 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა უფლებებს. შესაბამისად, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და საქმის წარმოება შეწყდეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, მორიგების თაობაზე მხარეებმა ნება გამოავლინეს საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვამდე, შესაბამისად, კანონის ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მორიგების გამო კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (იხ. სუსგ №ას-1504-2020, 22 აპრილი, 2021წ.)

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-3, 49-ე, 83-ე, 218-ე, 272-ე, 273-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაკმაყოფილდეს მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდეს მორიგება, ერთი მხრივ, კ.შ–იას (კასატორი), ხოლო მეორე მხრივ, თ.დ–ს (მოწინააღმდეგე მხარე) შორის, შემდეგი პირობებით:

1.1. კ.შ–ია და თ.დ–ი თანხმდებიან, რომ თ.დ–მა კ.შ–იას ანგარიშზე ჩარიცხოს, მათ შორის მიმდინარე დავის მორიგებასთან დაკავშირებით შეთანხმებული თანხა 50 000 (ორმოცდა ათი ათასი) აშშ დოლარი, თანხის ჩარიცხვის მეორე დღეს კ.შ–იას წარმომადგენელი მ.თ–ა მიმართავს სასამართლოს საქმის შეწყვეტასთან დაკავშირებით.

1.2. შეწყდეს საქმე N2/9047-20, კერძოდ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის N76-მიცკევიჩის 11-ის კრების ოქმის ბათილად ცნობა. 2015 წლის 6 მარტის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა. ავტოფარეხი 24-ის ამხანაგობა ,,......... 11-ის'' საკუთრებაში აღრიცხვის თაობაზე. ქონება მდებარე: ქ. თბილისი, მიცკევიჩის და გამრეკელს შორის მდებარე საერთო ეზოში. ავტოფარეხის N24. ფართი 16.30 კვ.მ. ს/კ ........

2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ოქტომბრის განჩინება. ასევე, გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2023 წლის 15 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილება;

3. მხარეთა მორიგების გამო მოცემულ საქმეზე (საქმე №ას-72-2025) შეწყდეს წარმოება;

4. განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

5. კ.შ–იას დაუბრუნდეს მ.თ–ას პ/ნ ......... მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 851.85 ლარის ოდენობით (საგადასახადო დავალება N8132, გადახდის თარიღი: 09/01/2025 წელი.) შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 30077 3150; კ.შ–იას ასევე დაუბრუნდეს მ.თ–ას პ/ნ ......... მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 567.90 ლარის ოდენობით (საგადასახადო დავალება N2801, გადახდის თარიღი: 09/01/2025 წელი.) შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 30077 3150;

6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი