საქმე №ას-278-2025 31 ოქტომბერი, 2025 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,
გოჩა ჯეირანაშვილი
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ე.პ.ჯ–ია“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ს.ხ–ან (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 05 ივნისის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობის შეწყვეტა და ხელშეშლის აღკვეთა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ს.ხ–ანმა სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ე.პ.ჯ–იას“ მიმართ, უკანონო მფლობელობის შეწყვეტისა და ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. მოსარჩელის მამას - ს.ხ–ს, ქ. ახალქალაქში ........., 1989 წლიდან გამოყოფილი ჰქონდა მიწის ნაკვეთი ავტოფარეხის ასაშენებლად. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის მამამ, თავის სიცოცხლეში, დაიწყო ავტოფარეხის მშენებლობა, რომლის დამთავრებაც ვერ შეძლო. 2005 წლის 20 ივლისიდან ავტოფარეხის მიმდებარედ, მის უკანა მხარეს, მოსარჩელის მამას საკუთრებაში გამგეობამ გადასცა 150 კვმ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. მოსარჩელის მამის გარდაცვალების შემდეგ აღნიშნული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეს წარმოადგენს ს.ხ–ანი და მისი ძმები.
2.2. იქ მდებარე საცხოვრებელ კორპუსებს ელექტროენერგია მიეწოდებოდა მიწისქვეშა ელ. გადამცემი კაბელებით. 2007 თუ 2008 წელს, დეკემბერში, წინასაახალწლო დღეებში, გასკდა მიწისქვეშა კაბელი და მოსახლეობას შეუწყდა ელ.ენერგიის მიწოდება. ენერგოკომპანიის თანამშრომლებმა ვერ აღმოფხვრეს მიწისქვეშ არსებული დაზიანება და მოსახლეობა, რომ არ დარჩენილიყო ელ.ენერგიის გარეშე, ელექტრო ენერგიის მიწოდება მოახდინეს მიწის ზედა ახალი გადამცემი ხაზით, რომელიც გაჭიმული იყო ელ. გადამცემ ბოძებზე. მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში ხუთი წლის წინ, როდესაც იგი და მისი ოჯახის წევრები სახლში არ იმყოფებოდნენ, მოპასუხის თანამშრომლების მიერ მოსარჩელესთან შეუთანხმებლად, თვითნებურად იქნა გადმოტანილი მაღალი ძაბვის ელ.გადამცემი ხაზის ბოძი, რომელიც მანამდე სხვა ადგილას იყო განთავსებული.
2.3. აღნიშნული ბოძის გამო მოსარჩელეს ხელი ეშლება მისი მიწის ნაკვეთით თავისუფლად სარგებლობაში, აწ. გარდაცვლილი მოსარჩელის მამის მიერ დაწყებული მშენებლობის დასრულებაში, რაშიც ხელს უშლის მოპასუხის მიერ მოსარჩელის მიწის ნაკვეთში უკანონოდ განთავსებული მაღალი ძაბვის ელ.გადამცემი ხაზის ბოძის არსებობა.
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3.2. მოპასუხის მტკიცებით, მოსარჩელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაგებლის თანახმად, მოსარჩელის პოზიცია იმის თაობაზე, რომ: ქ. ახალქალაქში, ......... ქუჩაზე, დღეის მდგომარეობით არსებული 10 კვ. საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის ნაცვლად 2007-2008 წლებამდე (და არც მასზე წინ) განთავსებული იყო საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზი და მისი საშუალებით ხორციელდებოდა მოსახლეობის ელ. მომარაგება არ შეესაბამება სინამდვილეს. სს „ე.პ. ჯ–ას“ ბალანსზე რიცხული ქ.ახალქალაქში, ......... ქუჩაზე მდებარე, 10 კვ სადავო საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი, კერძოდ, ქვესადგური ახალქალაქი 110/35/10 კვ-დან გამომავალი 10 კვ-ის ფიდერი „ქალაქი 2“-ს 10 კვ სეგხ, განთავსებულია გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან. სს „ე.პ.ჯ–იას“ აღნიშნული ქსელი გადმოეცა 2007 წელს სს „გ.ს.ე.კ–აგან“ შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე და მას შემდეგ უწყვეტად ფლობს და სარგებლობს აღნიშნული ქსელით, უწევს ექსპლუატაციასა და ახორციელებს მიმდებარე ტერიტორიაზე აბონენტების ელ.მომარაგებას. უფრო მეტიც, კომპანიის აღნიშნული ელ.გადამცემი ხაზი რეგისტრირებული აქვს საჯარო რეესტრში ს.კ ......, ამდენად, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია მითითება იმის თაობაზე, რომ საკაბელო ელ.გადამცემი ხაზი მოგვიანებით ჩაანაცვლა საჰაერო ელ.გადამცემმა მაღალი ბოძის ხაზებმა, ვინაიდან მსგავსი მიწისქვეშა ელ.გადამცემი ხაზი ბუნებაში არ არსებულა.
3.3. სიმართლეს ასევე არ შეესაბამება მოსარჩელის მითითება, მასზედ, რომ კომპანიის თანამშრომლებმა მასთან შეუთანხმებლად, თვითნებურად, გადაიტანეს ელ.გადამცემი ხაზის საყრდენი ხოდიკიანის კუთვნილ მიწაზე, რომელიც მანამდე სხვაგან იყო განთავსებული.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4.1. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით ს.ხ–ანის სარჩელი მოპასუხე სს „ე.პ.ჯ–ას“ მიმართ დაკმაყოფილდა. მოპასუხე სს „ე.პ.ჯ–ას“ დაევალა შეეწყვიტა მოსარჩელის მიწის ნაკვეთის უკანონო მფლობელობა და საკუთარი ხარჯებით უზრუნველეყო მოსარჩელის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთიდან (ზონა ... სექტორი ... კვარტალი ... ნაკვეთი 54), მოპასუხის მიერ უკანონოდ განთავსებული მაღალი ძაბვის ელექტრო ენერგიის გადამცემი ბოძის სხვა ადგილას გადატანა, რათა ხელი არ შეშლოდა აღნიშნული მიწის ნაკვეთით თავისუფლად სარგებლობაში.
4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით, გაასაჩივრა სს „ე.პ.ჯ–ამ“, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ივნისის განჩინებით სს „ე.პ.ჯ–ას“, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება.
5.2. სააპელაციო პალატამ იმ არგუმენტთან მიმართებით, რომ საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი, კერძოდ, ქვესადგური (სადავო ბოძი) განთავსდა დაახლოებით, გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან, აღნიშნა, რომ მიწის ნაკვეთის ს.ხ–ის სახელზე პრივატიზების საფუძველი გახდა ახალქალაქის რაიონული გამგეობის 2000 წლის 24 ივნისის N10/53 დადგენილება, იმ დროს მოქმედი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად (ეს კანონი ძალაში იყო 22.06.2007 წლამდე). აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ კანონით რაიონის, ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, აღმასრულებელი ორგანოების კომპეტენციას განეკუთვნება: ა) სახელმწიფო მიწის განკარგვის პროცესის ორგანიზება და მართვა; ბ) საკონკურსო კომისიის დანიშვნა და სახელმწიფო მიწის საჯარო წესით გაყიდვის ორგანიზება; გ) სახელმწიფოს სახელით სახელმწიფო მიწის განკარგვის შესახებ მოლაპარაკებების წარმოება; დ) სახელმწიფოს სახელით იჯარის, აღნაგობის, ქირავნობის, უზუფრუქტისა და ნასყიდობის ხელშეკრულებების გაფორმება. ხოლო იმავე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო მიწა სარგებლობაში ან საკუთრებაში განიკარგება კონკურსის, აუქციონის ან პირდაპირი განკარგვის წესით. მხოლოდ საქართველოს მთავრობის ნებართვით იყო შესაძლებელი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შემდეგი მიწის ნაკვეთების განკარგვა: გ) მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც განლაგებულია საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის ობიექტები (სატრანსპორტო და მიწისქვეშა კომუნიკაციები, წყალმომარაგება, კანალიზაცია, კავშირგაბმულობა და ელექტროგაყვანილობა). ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ მართებულად აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, პრივატიზების საფუძველი გახდა რაიონის აღმასრულებელი ორგანოს მიერ - კანონთან შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს კომპეტენციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება, რაც გულისხმობდა, რომ გასხვისებულ მიწის ნაკვეთზე არ იყო განლაგებული საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის ობიექტები - სატრანსპორტო და მიწისქვეშა კომუნიკაციები, წყალმომარაგება, კანალიზაცია, კავშირგაბმულობა და ელექტროგაყვანილობა. სააპელაციო პალატამ მნიშვნელოვნად მიიჩნია აღენიშნა, რომ არ ფიქსირდებოდა რაიმე ელექტროგაყვანილობა. გამგეობის დადგენილება და თვით პრივატიზების აქტი გასაჩივრებული არ იყო და გააჩნდა კანონიერი ძალა.
5.3. სააპელაციო პალატამ დასძინა, რომ „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო მიწის ნაკვეთები უნდა დარეგისტრირებულიყო საჯარო რეესტრში (საადგილმამულო წიგნში). 2005 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი, მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისას კადასტრულ რუკაზე მოცემული უნდა იყოს მიწის და სხვა უძრავი ქონების სარეგისტრაციო ნომერი, საზღვრები, გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, ელექტროგადამცემი ხაზები და ა.შ. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს, დასკვნა მასზედ, რომ პრივატიზებისას გამგეობამ ჩაატარა რეგისტრაცია და მიწის ნაკვეთს მიანიჭა სარეგისტრაციო საკადასტრო ნომერი, ამასთან ელექტროგადამცემი ხაზების შესახებ მონაცემები არ არსებობდა. რაც სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ასევე გულისხმობდა იმას, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე 2005 წლის 20 ივლისის მდგომარეობით არ იყო განთავსებული რაიმე ელექტროგაყვანილობა. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მოპასუხეს სადავო ხაზობრივი ნაგებობის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი არ წარმოუდგენია.
5.4. სააპელაციო პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა მოწმეთა ჩვენებაზე და ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 25 ოქტომბრის ადგილზე დათვალიერების ოქმში მითითებულ გარემოებებზე, რომლის საფუძველზეც განმარტა, რომ 2013 წლის მდგომარეობით, ადგილზე იყო ერთი ბოძი მ.ხ–ის ავტოფარეხთან/ფუნდამენტთან, ხოლო 2020 წლამდე ელ. გადამცემი ხაზი შეცვლილია და გადატანილია მოსარჩელის ავტოფარეხთან ახლად დადგმულ ბოძზე, ხოლო 2020 წლის მდგომარეობით ადგილზე იყო ორი ბოძი, ერთი ცარიელი (ელექტრო მავთულის გარეშე) მ.ხ–ის ავტოფარეხთან/ფუნდამენტთან, ხოლო მეორე ბოძი უკვე ს.ხ–ანის ავტოფარეხთან. ამასთან, ადგილზე დათვალიერების დროს, 2022 წლის 25 ოქტომბერს, ადგილზე იყო მხოლოდ ერთი ბოძი ს.ხ–ანის ავტოფარეხთან. აღსანიშნავია, მოწმე მ.ი–ძის ჩვენება, რომელმაც ადგილზე დათვალიერების შემდეგ განმარტა, რომ მაღალი ძაბვის არის ერთი ბოძი, მეორე ბოძი, რომელიც ფუნდამენტის უკან დგას, არ იცის თუ სად წავიდა და ვინ წაიღო, რეაბილიტაციის დროს, თუ ხაზი არ გადადის იცვლება დაზიანებული მდგარი.
5.5. სააპელაციო პალატამ საქმის მასალების კვლევის შედეგად დაასკვნა, რომ მოსარჩელე (როგორც პირველი რიგის მემკვიდრე), ქ. ახალქალაქში ......... მიმდებარე საცხოვრებელ კორპუსთან, დღემდე უწყვეტად ფლობს მამამისის გარდაცვალებიდან დატოვებულ მიწის ნაკვეთებს: 1) ნაკვეთი, სადაც დგას ნახევრად აშენებული ავტოფარეხი, 2) ამ ავტოფარეხის უკანა მხარეს 150 კვ.მ. ფართით ნაკვეთს (ზონა ... სექტორი ... კვარტალი ... ნაკვეთი 54), სადაც დგას სადავო ელ. ბოძი. ამასთან მოსარჩელე ამ ნივთზე ახორციელებს ფაქტობრივ ბატონობას და იგი ამ უძრავი ნივთის კეთილსინდისიერი, მართლზომიერი მფლობელია. პალატის მოსაზრებით, სადავო ელ. ბოძი მოსარჩელისათვის ხელისშემშლელი გარემოებაა, რადგან იგი ხელს უშლის მოსარჩელეს თავისუფლად ფლობდეს ნივთით და დასრულდეს ავტოფარეხის მშენებლობა. ამასთან დადგენილია, რომ ბოძი განთავსებულია მისი ნების გარეშე, ხოლო ავტოფარეხის მშენებლობა დაწყებული იყო მაშინ, როდესაც ტერიტორიაზე არ იყო არანაირი ელექტრო გაყვანილობის ბოძი. შესაბამისად, დადგინდა, რომ მოპასუხე ფაქტობრივად ფლობს მოსარჩელის მიწის ნაკვეთს შესაბამისი უფლების გარეშე, რაც წარმოადგენს დაუშვებელ ხელყოფას მოსარჩელის ინტერესების საწინააღმდეგოდ, რის გამოც სარჩელი მართლზომიერად დაკმაყოფილდა და არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.
5.6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება, საკასაციო წესით, გაასაჩივრა სს „ე.პ.ჯ–ამ“, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
6.1. კასატორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტურ საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებზე, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა დავის გადაწყვეტისას და განჩინება დააფუძნა იმ სამართლებრივ ნორმებს, რომლებიც არ უნდა გამოეყენებინა.
6.2. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას მხოლოდ მოსარჩელის საკუთრების უფლების დაცვის ვალდებულებაზე ისაუბრა და ყურადღების მიღმა დატოვა კასატორის საკუთრების უფლება ელ. გადამცემ ხაზზე, რომელიც იდენტურ სამართლებრივ დაცვას საჭიროებდა.
6.3. კასატორი მოიხმობს 2013 წლის 24 დეკემბრის N366 დადგენილებას და მანამდე მოქმედი პრეზიდენტის 2009 წლის 27 დეკემბრის N964 ბრძანებულებას, რომლებიც მისი აზრით, აწესრიგებს ელექტრონული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონაში მოხვედრილი მიწის ნაკვეთის მესაკუთრისა და ქსელის მესაკუთრეს შორის წარმოშობილ ურთიერთობებს. მოხმობილი სამართლებრივი ნორმებით, ქსელის მესაკუთრეს აქვს უპირატესი უფლება ისარგებლოს ელექტრული ქსელის დაცვის ზონაში მოხვედრილი მიწის ნაკვეთით და ამ უფლების გამოყენებისთვის არ არის ვალდებული გადაუხადოს მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს რაიმე სახის კომპენსაცია. ამასთან, კასატორი უთითებს, რომ მოხმობილი ნორმატიული აქტები მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, ქსელის მფლობელის თანხმობის გარეშე უზღუდავს სხვადასხვა ტიპის სამუშაოების შესრულების უფლებას, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი უნდა გამხდარიყო.
6.4. კასატორი არ ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას და აცხადებს, რომ საქმის განხილვის ყველა ეტაპზე, კასატორი სადავოდ ხდიდა მოსარჩელის უფლებას სადავო მიწის ნაკვეთთან (სადაც დგას ავტოფარეხი) დაკავშირებით, კერძოდ, კასატორი მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. კასატორის აზრით, მოსარჩელე სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების ფაქტს ადასტურებდა სარეგისტრაციო მოწმობის გარეკანითა და საკადასტრო გეგმით, რომელთა მიხედვით მოწმობა გაცემულია ს.ხ–ის და არა ს.ხ–ანის სახელზე. ამასთან, კასატორი უთითებს, რომ საქართველოს კანონმდებლობით, ყველანაირი მშენებლობის წარმოებას წინ უნდა უსწრებდეს ნებართვა, მოსარჩელეს კი არ წარმოუდგენია შესაბამისი მუნიციპალიტეტისგან გაცემული მშენებლობის უფლება.
6.5. კასატორის აზრით, სრულიად დაუსაბუთებელია სასამართლოს დასკვნა, თითქოს მიწის ნაკვეთის შეძენისას მასზე არ იყო განთავსებული ელ. გადამცემი ხაზის საყრდენი. კასატორი აცხადებს, რომ სინამდვილეს არ შეესაბამება ის გარემოება, რომ ქ. ახალქალაქში, ...... ქუჩაზე, დღეის მდგომარეობით არსებული 10 კვ. საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის ნაცვლად 2007-2008 წლებამდე (და არც მასზე წინ) განთავსებული იყო საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზი და მისი საშუალებით ხორციელდებოდა მოსახლეობის ელ.მომარაგება. კასატორის მტკიცებით, სს „ე.პ.ჯ–ას“ ბალანსზე რიცხული ქ.ახალქალაქში, ........ ქუჩაზე მდებარე, 10 კვ სადავო საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი, კერძოდ, ქვესადგური ახალქალაქი 110/35/10 კვ-დან გამომავალი 10 კვ-ის ფიდერი „ქალაქი 2“-ს 10 კვ სეგხ, განთავსებულია გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან. სს „ე.პ.ჯ–იას“ აღნიშნული ქსელი გადმოეცა 2007 წელს სს „გ.ს.ე.კ–აგან“ შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე და მას შემდეგ უწყვეტად ფლობს და სარგებლობს აღნიშნული ქსელით, უწევს ექსპლუატაციასა და ახორციელებს მიმდებარე ტერიტორიაზე აბონენტების ელ.მომარაგებას. უფრო მეტიც, კასატორის მტკიცებით, კომპანიის აღნიშნული ელ.გადამცემი ხაზი რეგისტრირებული აქვს საჯარო რეესტრში ს.კ .......... ამდენად ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია მითითება იმის თაობაზე, რომ საკაბელო ელ.გადამცემი ხაზი მოგვიანებით ჩაანაცვლა საჰაერო ელ.გადამცემმა მაღალი ბოძის ხაზებმა, ვინაიდან მსგავსი მიწისქვეშა ელ.გადამცემი ხაზი ბუნებაში არ არსებულა, აღნიშნულს ადასტურებს, საქმის მასალებში კასატორის მიერ წარმოდგენილი ცალხაზოვანი სქემაც, რომელიც 2006 წლით თარიღდება. მისივე აზრით, სიმართლეს ასევე არ შეესაბამება მოსარჩელის მითითება, რომ ხუთი წლის წინ კომპანიის თანამშრომლებმა მასთან შეუთანხმებლად, თვითნებურად, გადაიტანეს ელ.გადამცემი ხაზის საყრდენი ხოდიკიანის კუთვნილ მიწაზე, რომელიც მანამდე სხვაგან იყო განთავსებული.
6.6. კასატორი აცხადებს, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტა არ შეიძლებოდა დაფუძნებოდა მოწმეთა ჩვენებებს და საქმის მასალებში წარმოდგენილ ფოტოსურათებს, რომლებიც არ არის დათარიღებული. ამასთან, კასატორი აცხადებს, რომ სააპელაციო სასამართლოში ბოლო ფოტოსთან დაკავშირებით მესაკუთრემ აღნიშნა, რომ 2019 წელს იყო გადაღებული და მასზე ჩანდა უკვე გადატანილი საყრდენი. აღნიშნული პოზიციაც ადასტურებს მესაკუთრის პოზიციის არამართებულობას ვინაიდან შეუძლებელია 2019 წლის ფოტოზე გამოჩენილიყო 2020 წელს გადატანილი საყრდენი. სარჩელში მითითებული გარემოებების საწინააღმდეგო მოსაზრებაა ისიც, რომ თითქოს მოსარჩელემ 2014 წელს ააშენა ავტოფარეხი, ვინაიდან შეუძლებელია უკვე ამოშენებულ საძირკველში/ბეტონში 2020 წელს კასატორ კომპანიას ჩაესვა საყრდენი, რაც ასევე დადასტურდა კასატორის მიერ გამოძახებული მოწმის ჩვენებითაც. გარდა ამისა, ბუნებრივია 2014 წელს ამოშენებული საძირკველი უნდა ჩანდეს 2019 წლის ფოტოზეც, რაც არ ჩანს. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელემ თავად მოაქცია საყრდენი ბეტონში, რითიც მნიშვნელოვნად გაართულა საჭიროების შემთხვევაში საყრდენზე ჩასატარებელი სამუშაოების ჩატარების შესაძლებლობა.
6.7. კასატორი შეჯამების სახით აღნიშნავს, რომ კომპანია რეგულარულად ახორციელებს ქსელის უსაფრთხო და გამართული ფუნქციონირებისთვის სხვადასხვა სამუშაოებს. ასეთი სამუშაოები დაახლოებით 6 წლის წინ ჩატარდა მოსარჩელის მიერ მითითებულ ადგილას, თუმცა ამ დროს არ მომხდარა მაღალი ძაბვის ელ. გადამცემი ხაზის საყრდენის ადგილმდებარეობის შეცვლა.
6.8. კასატორი ასევე, არ იზიარებს გასაჩივრებულ განჩინებაში გაკეთებულ შეფასებას ელ. გადამცემ ხაზზე მოპასუხის საკუთრების უფლების დამადასტურებელი ამონაწერის არარსებობასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ მთავრობის 31.05.19 წლის N255 დადგენილებით დამტკიცებულ „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების“ დანართი N1 თანახმად, I კლასს განეკუთვნება 1კ. ვოლტიდან 20 კ. ვოლტამდე ელექტროგადამცემი ხაზები. ამასთან, განსაკუთრებული მნიშნვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვის წესის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 31.05.2019 წ. N257 დადგენილების 51-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, 1-20 კმ.დე ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა წარმოებს ნებართვის გაცემის გარეშე, წერილობითი დადასტურების საფუძველზე. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტორული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 94-ე მუხლის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობა სავალდებულო წესით, არ საჭიროებს ნებართვის აღებას და ექვემდებარება მარტივ-წერილობით შეტყობინებას. კასატორი, ასევე უთითებს, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.12.2019 წლის N 487 ბრძანებით დამტკიცებულ „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-15 მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის თანახმად, რეგისტრაციის მიზნებისთვის უძრავ ნივთად არ მიიჩნევა წიაღისეული, მცენარეები, მცირე არქიტექტურული ფორმები, დროებითი, არაკაპიტალური ან/და ისეთი ხაზობრივი ობიექტები, რომლებზეც კანონით დადგენილი წესით არ გაიცემა მშენებლობის ნებართვა. მოხმობილი სამართლებრივი ჩარჩოს საფუძველზე, კასატორი ამტკიცებს, რომ სადავო 10 კვ. საჰაერო ელექტრონული გადამცემი ხაზი არ ექვემდებარება საჯარო რეესტრში რეგისტრაციას.
6.9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 5 მარტის განჩინებით, სს „ე.პ.ჯ–იას“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
7. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
11. საკასაციო პალატის განსჯით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც დადგენილად მიიჩნევა შემდეგი:
- ქ. ახალქალაქში .......... საცხოვრებელი კორპუსის წინ, მიწის ნაკვეთებზე არის რიგი აშენებული/ნახევრად აშენებული ავტოფარეხები, საიდანაც ერთ-ერთი ეკუთვნის მოსარჩელეს. სწორედ ამ ავტოფარეხთან მდებარე მიწის ნაკვეთზე დგას ელექტროგაყვანილობის (ელ. გადამცემი ხაზის) სადავო ბოძი. მოპასუხეს ბოძთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის თაობაზე წერილობითი კომუნიკაცია ჰქონდა სწორედ მოსარჩელესთან. მოპასუხე კომპანია დავობს სწორედ მოსარჩელესთან, ამ უკანასკნელის მიერ ავტოფარეხის მშენებლობის თაობაზე. მოპასუხე სადავოდ არ ხდის, რომ მოსარჩელე არის დაინტერესებული პირი ბოძთან დაკავშირებით დავაზე. რასაც ადასტურებს მოპასუხის მიერ წარდგენილი ფოტოსურათები (ს.ფ.22, 70-74).
12. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია მოსარჩელის მიერ აღძრული ნეგატორული სარჩელის წარმატებულობა, ვინაიდან სარჩელის თანახმად, მოპასუხის განმგებლობის სფეროს მიკუთვნებული ელ. გადამცემი ხაზის საყრდენი გადის მოსარჩელის ავტოფარეხის უკანა კედლის კუთხეში, რაც შეუძლებელს ხდის მოსარჩელის მამის მიერ დაწყებული ავტოფარეხის მშენებლობის დასრულების შესაძლებლობას.
13. ამ მიმართებით საკასაციო პალატა უპირველესად ყურადღებას მიაპყრობს კასატორის იმ არგუმენტს, რომ მოსარჩელეს არ აქვს დადასტურებული საკუთრების უფლება ვინაიდან არ აქვს წარმოდგენილი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. ამ მიმართებით მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ როგორც ეს საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, ნეგატორული სარჩელი მიმართულია უფლების ისეთი დარღვევის წინააღმდეგ, რაც არ არის დაკავშირებული ნივთის მფლობელობის დაკარგვასთან, მაგრამ ხელშემშლელია ნივთის სარგებლობისა და განკარგვისათვის, ე.ი. პირი მოკლებულია ამ უფლებამოსილებათა განხორციელების შესაძლებლობას, რადგან სხვა პირი თავისი მოქმედებით ხელს უშლის მათ რეალიზებას. ამ სარჩელის საფუძველია გარემოებები, რომლებიც აფუძნებს მოსარჩელის მიერ ნივთით სარგებლობისა და განკარგვის უფლებამოსილებას, ასევე ამტკიცებს, რომ მესამე პირთა მოქმედება აბრკოლებს მათ განხორციელებას. მოსარჩელეს არ ევალება, ამტკიცოს მოპასუხის მოქმედების ან უმოქმედობის არამართლზომიერება, ის ივარაუდება, სანამ მოპასუხე არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას. ნეგატორული სარჩელი მიზნად ისახავს მესაკუთრის თავისუფლების აღიარებას ხელმყოფისაგან, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, ზიანის ანაზღაურებასა და დაცვის გარანტიების შექმნას შემდგომში შესაძლო ხელყოფისაგან. ნეგატორული სარჩელით სარგებლობს როგორც მესაკუთრე, ისე ნებისმიერი მართლზომიერი მფლობელი (იხ. სუსგ №ას-1723-2019№ას-843-809-2016, 26.10.2016წ.). მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და კასატორს დასაბუთებული შედავების გზით არ გაუქარწყლებია, ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, 2005 წლის 20 ივლისს, ახალქალაქის რაიონული გამგეობის 2000 წლის 24 ივნისის N10/53 დადგენილების საფუძველზე, ს.ხ–მა (მოსარჩელის მამა) შეიძინა ახალქალაქის რაიონული გამგეობისაგან არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი 150 კვ.მ. ფართით. ხოლო წარმოდგენილი სარეგისტრაციო მოწმობით (09.08.2005 წელი) დგინდება ს.ხ–ზე რეგისტრაციის ფაქტი (ს.კ. ზონა .. სექტორი... კვარტალი ... ნაკვეთის ნომერი 54.). დადგენილია, რომ მოსარჩელე არის ს.ხ–ის შვილი, შესაბამისად პირველი რიგის მემკვიდრე. ხოლო გარდაცვალების მოწმობის თანახმად, ს.ხ–ი გარდაიცვალა 2012 წლის 17 თებერვალს. ს.ხ–ს გარდაცვალებამდე ქ. ახალქალაქში ......... საცხოვრებელ კორპუსში, ჰქონდა ბინა, დაუსრულებელი (ნახევრად აშენებული) ავტოფარეხი და ამ ავტოფარეხის უკანა მხარეზე პრივატიზებული მიწის ნაკვეთი 150 კვ.მ. ფართით, რომლებიც შედის სამკვიდრო დანაშთ ქონებაში, ყოველივე ზემოაღნიშნული კი, კასატორის შედავებას დაუსაბუთებლად აქცევს, ვინაიდან მას არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც მოსარჩელის მართლზომიერი მფლობელობის ფაქტს გააბათილებდა.
14. სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა წარმოადგენს ნეგატორულ სარჩელს, რომელიც, მესაკუთრის დაცვის მიზნით, მიმართულია უფლების დამრღვევი პირის წინააღმდეგ. სასამართლო ამ ტიპის სარჩელის განხილვისას ადგენს არა რაიმე ახალ უფლებას (აწესებს, ცვლის, წყვეტს და სხვა), არამედ მოდავე სუბიექტთა უფლებრივი მდგომარეობის შეუცვლელად ახდენს სამოქალაქო უფლების სწორი რეალიზაციის წესის განსაზღვრას. აღნიშნული ტიპის სარჩელი დაკმაყოფილდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ნივთის მესაკუთრე/მართლზომიერი მფლობელი, რომლის საკუთრების ხელყოფა ან საკუთრების გამოყენებაში სხვაგვარი ხელშეშლა ხორციელდება სხვა პირის უკანონო მოქმედებით (სუსგ. საქმე №ას-1041-998-2016 გადაწყვეტილება, №ას-843-809-2016 განჩინება).
15. საკასაციო პალატა ასევე, არ იზიარებს კასატორის არც იმ მოსაზრებას, რომ არ დასტურდება ელ. გადამცემი ხაზის საყრდენების ადგილმონაცვლეობის ფაქტი. ამ მიმართებით საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმის მასალებში წარმოდგენილ მთელ რიგ მტკიცებულებებს სახელდობრ: მიწის ნაკვეთის ს.ხ–ის სახელზე პრივატიზების საუძველია ახალქალაქის რაიონული გამგეობის 2000 წლის 24 ივნისის N10/53 დადგენილება, იმ დროს მოქმედი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად (ეს კანონი ძალაში იყო 22.06.2007 წლამდე). აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ კანონით რაიონის, ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, აღმასრულებელი ორგანოების კომპეტენციას განეკუთვნება: ა) სახელმწიფო მიწის განკარგვის პროცესის ორგანიზება და მართვა; ბ) საკონკურსო კომისიის დანიშვნა და სახელმწიფო მიწის საჯარო წესით გაყიდვის ორგანიზება; გ) სახელმწიფოს სახელით სახელმწიფო მიწის განკარგვის შესახებ მოლაპარაკებების წარმოება; დ) სახელმწიფოს სახელით იჯარის, აღნაგობის, ქირავნობის, უზუფრუქტისა და ნასყიდობის ხელშეკრულებების გაფორმება. ხოლო იმავე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო მიწა სარგებლობაში ან საკუთრებაში განიკარგება კონკურსის, აუქციონის ან პირდაპირი განკარგვის წესით. მხოლოდ საქართველოს მთავრობის ნებართვით არის შესაძლებელი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შემდეგი მიწის ნაკვეთების განკარგვა: გ) მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც განლაგებულია საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის ობიექტები (სატრანსპორტო და მიწისქვეშა კომუნიკაციები, წყალმომარაგება, კანალიზაცია, კავშირგაბმულობა და ელექტროგაყვანილობა). ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად აღნიშნეს, რომ მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული პრივატიზების საფუძველია რაიონის აღმასრულებელი ორგანოს მიერ - კანონთან შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს კომპეტენციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება, რაც გულისხმობს, რომ გასხვისებულ მიწის ნაკვეთზე არ იყო განლაგებული საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის ობიექტები - სატრანსპორტო და მიწისქვეშა კომუნიკაციები, წყალმომარაგება, კანალიზაცია, კავშირგაბმულობა და ელექტროგაყვანილობა. მოცემულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რომ არ ფიქსირდებოდა რაიმე ელექტროგაყვანილობა. გამგეობის დადგენილება და თვით პრივატიზების აქტი გასაჩივრებული არ არის და კანონიერ ძალაშია. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო მიწის ნაკვეთები რეგისტრირებული უნდა იქნეს საჯარო რეესტრში (საადგილმამულო წიგნში). 2005 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისას კადასტრულ რუკაზე მოცემული უნდა იყოს მიწის და სხვა უძრავი ქონების სარეგისტრაციო ნომერი, საზღვრები, გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, ელექტროგადამცემი ხაზები. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა, მოცემულ შემთხვევაში, სავსებით სწორად გაამახვილეს ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ პრივატიზებისას გამგეობამ ჩაატარა რეგისტრაცია და მიწის ნაკვეთს მიანიჭა სარეგისტრაციო საკადასტრო ნომერი, ამასთან ელექტროგადამცემი ხაზების შესახებ მონაცემები არ არსებობდა, რაც საკასაციო პალატის მოსაზრებით, ქმნის პრეზუმფციას, რომ, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე 2005 წლის 20 ივლისის მდგომარეობით არ იყო განთავსებული რაიმე ელექტროგაყვანილობა.
16. ამ მიმართებით ასევე, საყურადღებოა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 25 ოქტომბრის ადგილზე დათვალიერების ოქმში მითითებული ინფორმაცია და სხდომაზე გამოკითხული მოწმეთა ჩვენებები. კერძოდ: სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა - მეზობლებმა გ.თ–მა და შ.ს–ძემ განმარტეს, რომ ს.ხ–ანთან ერთ კორპუსში ცხოვრობენ, მათ საცხოვრებელ კორპუსში ადრე ელექტრო ხაზი კაბელით იყო დაკავშირებული, ხოლო შემდეგ ავარიის გამო 2006 წლის ბოლოს, ახალ წლამდე, შეცვლილი იყო საჰაერო ელექტრო გადამცემი - ბოძით. მათ ასევე განმარტეს, რომ ერთ ფოტოში, სადაც ავტოფარეხის უკანა მხარეს ჩანს წითელი სახურავით ოთხსართულიანი შენობა, რომელსაც მანამდე სახურავი არ ჰქონდა, 2019 დაიწყეს მისი სახურავის დადგმა და 2020 წელს დაასრულეს. ამ ფოტოსურათებში, სადაც იკვეთება აღნიშნული ოთხსართულიანი შენობა წითელი ახლად გაკეთებული სახურავით, ნათლად ჩანს ორი ბოძი - მოსარჩელის ავტოფარეხის უკანა მხარეს და გვერდით, მ.ხ–ის ავტოფარეხთან (ფუნდამენტთან), საიდანაც გვერდზე (მ.ხ–ის ავტოფარეხთან) ბოძი ცარიელია, ელ.გადამცემი ხაზების (ელექტრო მავთულის) გარეშეა. მოწმეებმა - მეზობლებმა გ.თ–მა და შ.ს–ძემ განმარტეს, რომ მოსარჩელის ავტოფარეხის გვერდით არსებული ავტოფარეხის ფუნდამენტი ეკუთვნის მოსარჩელის ძმას მ.ხ–ს, ხოლო 2006 წელს, როდესაც ელექტრო ხაზი კაბელი შეცვლილი იყო საჰაერო ელექტრო გადამცემი - ბოძით, თავიდან განთავსებული იყო მ.ხ–ის ავტოფარეხთან (ფუნდამენტის უკან); ხოლო ახალი ბოძი ჩადგეს 2020 წლამდე. გ.თ–მა მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ფოტოებიდან ორი ფოტოს მის მიერ არის გადაღებული თავისი შვილის ქორწილის დროს, 2013 წელს. აღნიშნული ფოტოსურათით ჩანს, რომ 2013 წლის მდგომარეობით ადგილზე იყო ერთი ბოძი მ.ხ–ის ავტოფარეხთან/ფუნდამენტთან. აღსანიშნავია, რომ ახალქალაქის რაიონულმა სასამართლოს მითითებით, აღნიშნული ფოტოსურათები თანხვედრაშია 2022 წლის 25 ოქტომბერს ჩატარებულ ადგილზე დათვალიერების დროს არსებულ მდგომარეობასთან, კერძოდ, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 25 ოქტომბრის ადგილზე დათვალიერების ოქმის მიხედვით, დათვალიერებული იქნა ქ. ახალქალაქში; .......... მდებარე ს.ხ–ანის და მისი ძმის - მ.ხ–ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, სადაც განთავსებულია ავტოფარეხები და ელექტრო სადენის ბოძი. ადგილზე დათვალიერებით და მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ფოტოსურათებით, ასევე მხარეთა განმარტებით იდენტიფიცირებული იქნა ავტოფარეხების მდგომარეობა და ადგილსამყოფელი, კერძოდ, სახურავამდე აშენებული ავტოფარეხი, რომლის უკან უშუალოდ დგას სადავო ბოძი, ეკუთვნის მოსარჩელეს. ასევე აღსანიშნავია სს ,,ე.პ.ჯ–იას“ ყოფილი ინჟინრის - მ.ი–ძის ჩვენებაც, რომელმაც განმარტა, რომ ფოტოზე რაც ჩანს ორი ბოძი, ორივეზე ელექტრო გაყვანილობა გადის, ორივე ელექტრო კომპანიის საკუთრებაა. თუმცა ფოტოებზე ჩანს, რომ ორივე ბოძზე ელექტრო გაყვანილობა არ გადის, ერთი ბოძი ცარიელია, ელ.გადამცემი ხაზების (ელექტრო მავთულის) გარეშეა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებულ განჩინებაში მოყვანილ დასკვნას, რომ 2013 წლის მდგომარეობით, ადგილზე იყო ერთი ბოძი მ.ხ–ის ავტოფარეხთან/ფუნდამენტთან, ხოლო 2020 წლამდე ელ. გადამცემი ხაზი შეცვლილია და გადატანილია მოსარჩელის ავტოფარეხთან ახლად დადგმულ ბოძზე, ხოლო 2020 წლის მდგომარეობით ადგილზე იყო ორი ბოძი, ერთი ცარიელი (ელექტრო მავთულის გარეშე) მ.ხ–ის ავტოფარეხთან/ფუნდამენტთან, ხოლო მეორე ბოძი უკვე ს.ხ–ანის ავტოფარეხთან. რაც შეეხება სასამართლოს მიერ ადგილზე დათვალიერების დროს, 2022 წლის 25 ოქტომბერს, დადგენილ გარემოებებს: გამოიკვეთა, რომ ადგილზე იყო მხოლოდ ერთი ბოძი ს.ხ–ანის ავტოფარეხთან. აღსანიშნავია, მოწმე მ.ი–ძის ჩვენება, რომელმაც ადგილზე დათვალიერების შემდეგ განმარტა, რომ მაღალი ძაბვის არის ერთი ბოძი. მეორე ბოძი, რომელიც ფუნდამენტის უკან დგას, არ იცის თუ სად წავიდა, ვინ წაიღო. რეაბილიტაციის დროს, თუ ხაზი არ გადადის იცვლება დაზიანებული მდგარი.
17. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეჯერების შედეგად საკასაციო პალატა აშკარად დაუსაბუთებლად მიიჩნევს კასატორის იმ პრეტენზიას, რომ საქმის მასალებით ვერ დადასტურდა ელ. გადამცემი ბოძის (საყრდენის) ადგილმონაცვლეობა, ასევე დაუსაბუთებელია მისი შედავება ფოტოსურათების დათარიღების არარსებობასთან დაკავშირებითაც. ამ მხრივ, საკასაციო პალატა კასატორს განუმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც უძრავი ქონების მართლზომიერ მფლობელი უთითებს მის საკუთრებაში აღმართული ხაზობრივი ნაგებობის შესახებ, რომლის პატრონაჟიც კასატორის განმგებლობის სფეროს მიეკუთვნება, ამასთან წარმოადგენს ფოტოსურათებს და ამ ფოტოსურათების ავთენტურობის დადგენისთვის იხმობს მოწმეთა ჩვენებებს, სასამართლოს აზრით, საწინააღმდეგო გარემოების მტკიცების ტვირთი სწორედ მოპასუხის მხარეზეა, კერძოდ, მან უნდა ადასტუროს სხვისი საკუთრებით მართლზომიერი სარგებლობის ფაქტი, რაც მხოლოდ საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებების კრიტიკით და ზეპირსიტყვიერი ჰიპოთეტური ახსნა-განმარტებების მიცემით არ დაიძლევა. ამდენად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად დაადგინა, რომ ს.ხ–ანი სადავო მიწის ნაკვეთის (სადაც განთავსებულია სადავო ბოძი) მართლზომიერი მფლობელია, როგორც პირველი რიგის მემკვიდრე და იმავდროულად ფაქტობრივი მფლობელი, ხოლო კასატორმა ვერ დაადასტურა, რომ სადავო საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი, კერძოდ, ქვესადგური (სადავო ბოძი) მოსარჩელის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსდა მართლზომიერად.
18. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას ელ. გადამცემ ხაზზე მოპასუხის საკუთრების უფლების დამადასტურებელი ამონაწერის არარსებობასთან დაკავშირებით კრიტიკას და აღნიშნავს, რომ მის მიერ საკასაციო საჩივარში მოყვანილი სამართლებრივი აქტები შეეხება ელ. გადამცემი ხაზების თუ ბოძების (საყრდენების) მშენებლობას და მისთვის საჭირო ნებართვის გაცემის წესს, მაშინ როდესაც განსახილველი დავა არ ეხება ელ. გადამცემი ხაზების მშენებლობას, არამედ სადავოა მოსარჩელის საკუთრების მართლზომიერი ფლობის ფაქტი. კასატორის მიერ მოხმობილი სამართლებრივი ჩარჩოს საპირწონედ საკასაციო პალატა მოიხმობს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმადაც ხაზობრივ ნაგებობას წარმაოდგენს: საკომუნიკაციო ნაგებობა, საავტომობილო გზა, რკინიგზა, ყველა სახის მილსადენი, გვირაბი, საჰაერო-საბაგირო გზა, ელექტროგადამცემი ხაზი, კავშირგაბმულობის ხაზი, ფუნიკულიორი, დამბა, არხი. თავის მხრივ კი, ამავე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, უძრავი ნივთი არის მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე, შენობა-ნაგებობა (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული), შენობა-ნაგებობის ერთეული (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული) და ხაზობრივი ნაგებობა, რომელიც ექვემდებარება ისეთივე წესით დარეგისტრირებას, როგორც უძრავი ქონება. ის, რომ ეს გარემოება იმთავითვე ცნობილია კასატორისთვის და საკასაციო საჩივარში მოხმობილი ეს არგუმენტი მხოლოდ გასაჩივრებული განჩინების დაუსაბუთებელ კრიტიკას მიემართება დასტურდება კასატორის სააპელაციო საჩივარსა და სააპელაციო საჩივარში ელ. გადამცემი ხაზის საკასადასტრო მონაცემის მითითებით, რა დროსაც იგი ამტკიცებდა, რომ კომპანიის აღნიშნული ელ.გადამცემი ხაზი რეგისტრირებული ჰქონდა საჯარო რეესტრში (ს.კ.......), თუმცა სათანადო მტკიცებულების წარმოდგენის გზით ეს გარემოება ვერ დაადასტურა.
19. ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთში განთავსებულია მოპასუხის ელ. გადამცემი ხაზის საყრდენი, ხოლო მოპასუხე ვერ ადასტურებეს მოსარჩელის მიწის ნაკვეთით სარგებლობის კანონიერ საფუძველს, პალატას საფუძვლიანად მიაჩნია სარჩელი ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე. შესაბამისად, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციების მსჯელობას, რომ სასარჩელო მოთხოვნა სრულად აკმაყოფილებს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრულ წინაპირობებს, რამაც შექმნა სარჩელის დაკმაყოფილების კანონისმიერი საფუძველი.
20. შეჯამების სახით უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია ნეგატორული სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელი გარემოებები, კერძოდ: მოსარჩელე სადავო უძრავი ნივთის მართლზომიერი მფლობელია და იგი, მოპასუხის მხრიდან ხელშეშლის გამო, ვერ სარგებლობს უძრავი ნივთით, შესაბამისად, არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საკმარისი ფაქტობრივ-სამართლებრივი წანამძღვრები.
21. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
22. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
23. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
24. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს დაუბრუნდება 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ე.პ.ჯ–იას“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. სს „ე.პ.ჯ–იას“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება 1798843630/გადახდის თარიღი 10.07.2024), 70% - 210 ლარი.
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
გოჩა ჯეირანაშვილი