საქმე №ას-508-2024 31 ოქტომბერი, 2025 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი, გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ე.გ–ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჯ–მ“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების სრულად გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. შპს „ჯ–მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ე.გ–ას მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. ქ. თბილისში, .......... (ყოფილი ........) ......... მდებარე მიწის ნაკვეთი ფართით 10296 კვ.მ. და მასზე განლაგებული არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობები №1-დან №12-ის ჩათვლით წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას, რომელიც შეიძინა 2003 წლის 3 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. სახალხო დამცველის 2004 წლის 19 აგვისტოს წერილით და მასზე თანდართული მოკვლევის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მდებარე ორსართულიან №2 შენობაში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ იძულებით გადაადგილებული პირების - კ–ას, ა–ას და გ–იას ოჯახები, რომლებმაც შემდგომში დატოვეს ტერიტორია და დღეის მდგომარეობით ისინი შპს „ჯ–ს“ კუთვნილ უძრავ ქონებაში აღარ ცხოვრობენ. იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ 30.01.2014 წელს გაცემული მოწმობით და ასევე, ამომრჩეველთა სიიდან ამონაწერით დასტურდება, რომ მოპასუხე ე.გ–ას დროებითი რეგისტრაციის და ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს - ქ. თბილისი, ...........(ყოფილი ........) ........, სადაც ასევე იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობენ. მოპასუხე არასდროს ყოფილა ჩასახლებული შპს „ჯ–ს“ ტერიტორიაზე. მიუხედავად ამისა, იგი თ. გ–იას გარდაცვალების შემდეგ დაეუფლა მის სარგებლობაში არსებულ ქონებას.
2.2. მოსარჩელის განმარტებით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით დასტურდება, რომ ქ. თბილისში, .......... არსებული ორსართულიანი შენობის პირველ სართულზე მდებარე, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის, ე.გ–ას მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართის ტექნიკური მდგომარეობა მწვავედ ავარიულია და იგი შეფასებულია საცხოვრებლად უვარგისად. ამდენად, მოპასუხის მიერ უკანონოდ დაკავებულ ფართში ყოფნა სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველიცაა. სარჩელის თანახმად, სადავო უძრავ ქონებას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს მოპასუხე, რომელიც უარს აცხადებს მის გამოთავისუფლებაზე.
3. შესაგებლის საფუძვლები:
3.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3.2. შესაგებელში აღნიშნულია, რომ ის 1994 წლიდან ცხოვრობს ........... ქ. (ყოფილი ........) №...-ში. სახალხო დამცველის აპარატთან კ–ას, გ–იასა და ა–ას ოჯახების მიერ გაფორმებული შეთანხმება ანალოგიურად უკავშირდება მას. შესაბამისად, მოპასუხის განმარტებით, მასაც ჰქონდა სადავო ფართში ცხოვრების უფლება. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მოპასუხე მიიჩნევს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება:
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „ჯ–ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე ე.გ–ას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ქ. თბილისში, .......... ქუჩა №..ში მდებარე, მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონებიდან, №2 ორსართულიანი შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე, მოპასუხის მიერ დაკავებული ფართი და აღნიშნული ქონება შპს „ჯ–ს“ გადაეცა გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.
4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, სააპელაციო საჩივრით, გაასაჩივრა ე.გ–ამ.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება.
5.2. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხე სადავო ქონების მართლზომიერად ფლობის ფაქტის საფუძვლად უთითებდა იმ გარემოებას, რომ ის 1994 წლიდან ცხოვრობს ......... (ყოფილი .......) №..-ში. აღნიშნულ ტერიტორიაზე იყო ქარხანა „თბილხელსაწყო“, სადაც მოპასუხემ დაიწყო მუშაობა, ხოლო შენობის პირველ სართულზე (სადაც ამჟამად მოპასუხე ცხოვრობს) ცხოვრების უფლება მისცა ქარხნის ყოფილმა დირექტორმა, თ.ბ–მა. მოპასუხის განმარტებით, აღნიშნული ტერიტორია კომპაქტურად განსახლების ობიექტი არასდროს ყოფილა. ე.გ–ას თქმით, იგი ჩაწერილი იყო ...... №2-ში, საიდანაც ამოეწერა და ჩაეწერა იმ მისამართზე, სადაც გ–იების ოჯახი ცხოვრობდა. მოპასუხე ასევე აღნიშნავდა, რომ მის მიმართ გამოცემულია ადმინისტრაციული დაპირება, საცხოვრებელი სადგომით უზრუნველყოფის შესახებ, რომელიც ჯერ არ შესრულებულა. საქმეში წარმოდგენილია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ასლი, რომლის თანახმად, ე.გ–ას დროებით საცხოვრებელ ადგილად მითითებულია - ქ. თბილისი, ........... იმავე მისამართზეა რეგისტრირებული მოპასუხე ამომრჩეველთა ერთიანი სიის თანახმად. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 203-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, სასამართლომ მოსამზადებელ სხდომაზე მხარეებს შესთავაზა საქმეში სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მესამე პირად ჩართვა, თუმცა ასეთი შუამდგომლობა მხარეებს არ წარუდგენიათ. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „პ“ ქვეპუნქტის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული საცხოვრებელი ფართობი არის საცხოვრებელი ფართობი, სადაც დევნილი/დევნილი ოჯახი მესაკუთრის თანხმობის საფუძველზე, მონაცემთა ბაზის მიხედვით რეგისტრირებულია ან რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს. ამავე კანონის მე-14 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზების აღმოფხვრამდე ან დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფამდე დევნილს არ ასახლებენ მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართობიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც: ა) დევნილთან ფორმდება წერილობითი შეთანხმება მის მიერ დაკავებული ფართობის სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფის თაობაზე; ბ) დევნილს გამოეყოფა შესაბამისი საცხოვრებელი ფართობი, რომლითაც არ გაუარესდება მისი საყოფაცხოვრებო პირობები; გ) ხდება სტიქიური ან სხვა მოვლენა, რომელიც ითვალისწინებს კომპენსაციას და რეგულირდება საერთო წესით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, დევნილის/დევნილი ოჯახის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართობი, ამ კანონის მე-4 მუხლის „პ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულის გარდა, არის ის საცხოვრებელი ფართობი, სადაც ამ კანონის ამოქმედებამდე დევნილი განასახლა სახელმწიფომ, რომელიც მონაცემთა ბაზაში აღრიცხული იყო, როგორც დევნილთა კომპაქტურად (ორგანიზებულად) განსახლების ობიექტი, რომელშიც სამინისტრო ყოველწლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად ანაზღაურებდა ადმინისტრაციის, საყოფაცხოვრებო და კომუნალური (მათ შორის, მოხმარებული ელექტროენერგიის) მომსახურების ხარჯებს და რომელიც სახელმწიფო ან კერძო საკუთრება იყო. კონკრეტულ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ სადავო უძრავ ქონებას მოპასუხე ფლობს მართლზომიერი საფუძვლით. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება, რომ ქ. თბილისში, ......... ქუჩა №..-ში მოპასუხე მესაკუთრის თანხმობის საფუძველზე ცხოვრობს. ასევე არ დასტურდება, რომ მოპასუხე აღნიშნულ ქონებაში განასახლა სახელმწიფომ, როგორც დევნილთა კომპაქტურად (ორგანიზებულად) განსახლების ობიექტში. ამდენად, ე.გ–ამ სათანადო არგუმენტებისა და მტკიცებულებების წარმოდგენის გზით ვერ შეძლო დაედასტურებინა, უძრავი ნივთის ფლობის სამართლებრივი საფუძვლის არსებობა. სწორედ მოპასუხე მხარეს ეკისრებოდა იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მის მიერ ნივთის მფლობელობა მართლზომიერია. მართლზომიერი მფლობელია პირი, რომელიც სამართლებრივი საფუძვლით ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას. მაშასადამე, მართლზომიერი მფლობელობა მიუთითებს ობიექტურად არსებულ ფაქტორებზე, რაც ვლინდება მფლობელობის სამართლებრივი საფუძვლის არსებობაში (იხ. სუსგ. საქმე №ას-1574-2019, 28.04. 2020 წელი).
5.3. ზემოაღნიშნული სამართლებრივი მოწესრიგების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის სახელზე სადავო უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული ჩანაწერი საკუთრების უფლების შესახებ გაუქმებული არ იყო, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეს სადავო ნივთზე გააჩნდა საკუთრების უფლება და იგი არ იყო შეზღუდული მოპასუხე მხარისაგან ამ ნივთის მართლზომიერი ფლობის უფლებით, რადგანაც მოპასუხე მხარე არ წარმოადგენდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 160-162-ე მუხლებით დაცული უფლების მქონე პირს - მართლზომიერ მფლობელს.
6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
6.1. კასატორი უთითებს, რომ ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლოებმა ისე დააკმაყოფილეს ვინდიკაციური სარჩელი, რომ მხედველობაში არ მიიღეს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გაცემული ადმინისტრაციული დაპირება, რომლითაც მას მიეცა შესაძლებლობა ქ. თბილისი 40 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი მოეძებნა 600 აშშ დოლარად თითოეული კვადრატული მეტრის გათვალისწინებით. კასატორი უთითებს, რომ მითითებული თანხა, დღევანდელი საბაზრო კვლევის პირობებში არ შეესაბამება რეალურად არსებულ უძრავი ქონების ფასებს და შეუძლებელია გამოყოფილი თანხის ფარგლებში რაიმე საცხოვრებლად ვარგისი ფართის მოძიება.
6.2. კასატორის მტკიცებით, არასწორია სასამართლოების მიერ გაკეთებული დასკვნა, თითქოს მასსა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს შორის დაიდო შეთანხმება კასატორის მიერ დაკავებული ფართის სანაცვლოდ სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფის თაობაზე, მისივე მტკიცებით ასეთი შეთანხმება ბუნებაში არ არსებობს.
6.3. კასატორი გასაჩივრებულ განჩინებას დაუსაბუთებლად მიიჩნევს იმ კუთხითაც, რომ ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლოებმა არ გაიზიარეს მისი სოციალური სტატუსი, იგი წარმოადგენს სოციალურად დაუცველ პირთა კატეგორიას, არის პენსიონერი და ამავდროულად იძულებით გადაადგილებული პირი, რომელიც გასაჩივრებული განჩინების ძალით, საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩენის რისკის ქვეშ დგას.
6.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 აპრილის განჩინებით ე.გ–ას საკასაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
10. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების გამოთხოვა.
11. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება ფართოდაა განმარტებული და იგი მოიცავს მთელ რიგ ქონებრივ/ფულად უფლებებს, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში RYSOVSKYY v. UKRAINE განმარტა, რომ როდესაც სასწორზე დევს საზოგადოებრივი ინტერესი, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, როგორიცაა მაგალითად საკუთრების უფლება, საჯარო ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერების ფარგლებში, სათანადოდ და, რაც მთავარია, შესაბამისად (RYSOVSKYY v. UKRAINE, 2012).
12. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – მარქსი ბელგიის წინააღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება“(მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).
13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
14. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
15. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
16. სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, უნდა გამოიკვეთოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, რათა მოსარჩელეს უფლება ჰქონდეს, ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს (სუსგ 03.02.2021წ. საქმე №ას-136-2019, 29.01.2021წ. საქმე №ას-1437-2020, 12.12.2016წ. №ას-1043-1004-2016).
17. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში ირიცხება მოსარჩელე - შპს „ჯ“ (ს.ფ. 16-17), თუმცა ფაქტობრივად ქონება მოპასუხის მფლობელობაშია. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ მოპასუხის მოთხოვნის შემწყვეტ შესაგებელში მითითებულია, რომ მოსარჩელე, როგორც იძულებით გადაადგილებული პირი, პენსიონერი და სოციალურად დაუცველი, წარმოადგენს ქონების მართლზომიერ მფლობელს, რომელსაც სადავო უძრავ ქონებაში ცხოვრების უფლება სახელმწიფოს მხრიდან მიენიჭა. ამასთან, კასატორი მფლობელობის მართლზომიერების ფაქტს ამყარებდა იმ გარემოებას, რომ ის 1994 წლიდან ცხოვრობს ............ ქ. (ყოფილი .........) №......-ში. აღნიშნულ ტერიტორიაზე იყო ქარხანა „თბილხელსაწყო“, სადაც მოპასუხემ დაიწყო მუშაობა, ხოლო შენობის პირველ სართულზე (სადაც ამჟამად მოპასუხე ცხოვრობს) ცხოვრების უფლება მისცა ქარხნის ყოფილმა დირექტორმა, თ.ბ–მა. მოპასუხის განმარტებით, აღნიშნული ტერიტორია კომპაქტურად განსახლების ობიექტი არასდროს ყოფილა. ე.გ–ას თქმით, იგი ჩაწერილი იყო ........ №2-ში, საიდანაც ამოეწერა და ჩაეწერა იმ მისამართზე სადაც გ–იების ოჯახი ცხოვრობდა (იხ. 2023 წლის 13 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 13:14:48 სთ.). მოპასუხე ასევე აღნიშნავდა, რომ მის მიმართ გამოცემულია ადმინისტრაციული დაპირება, საცხოვრებელი სადგომით უზრუნველყოფის შესახებ, რომელიც ჯერ არ შესრულებულა.
18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სადავო გარემოებების მტკიცების გარკვეულ სტანდარტს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
19. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
20. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, შპს „ჯ–ს“ საკუთრებაშია უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისი, ......... ქუჩა №.. (ს/კ ..........). მოსარჩელემ წარმოადგინა საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლითაც დაადასტურა საკუთრების უფლების არსებობა სადავო ქონებაზე (ს.ფ. 16-18). სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მოპასუხე ე.გ–ა ფლობს მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ნივთს. რაც შეეხება ფლობის მართლზომიერებას, აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია (სსსკ-ის 162-ე მუხლი). საკასაციო პალატა სრულად იზიარებს, გასაჩივრებული განჩინების დასკვნას მასზედ, რომ კონკრეტულ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ სადავო უძრავ ქონებას მოპასუხე ფლობს მართლზომიერი საფუძვლით. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება, რომ ქ. თბილისში, .......... №..-ში მოპასუხე მესაკუთრის თანხმობის საფუძველზე ცხოვრობს. ასევე არ დასტურდება, რომ მოპასუხე აღნიშნულ ქონებაში განასახლა სახელმწიფომ, როგორც დევნილთა კომპაქტურად (ორგანიზებულად) განსახლების ობიექტში. ამდენად, ე.გ–ამ სათანადო არგუმენტებისა და მტკიცებულებების წარმოდგენის გზით ვერ შეძლო დაედასტურებინა, უძრავი ნივთის ფლობის სამართლებრივი საფუძვლის არსებობა. სწორედ მოპასუხე მხარეს ეკისრებოდა იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მის მიერ ნივთის მფლობელობა მართლზომიერია. მართლზომიერი მფლობელი კი ის პირია, რომელიც სამართლებრივი საფუძვლით ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას, რომლის შესახებაც კასატორმა დავის განხილვის ვერცერთ ეტაპზე ვერ მიუთითა.
21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03).
22. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
23. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
24. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
25. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
27. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე.გ–ას საკასაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
გოჩა ჯეირანაშვილი