Facebook Twitter

საქმე №ას-721-2025 31 ოქტომბერი, 2025 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „მ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ლ.მ–სი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების სრულად გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით საქმისწარმოების განახლება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. 2023 წლის 29 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შპს „ლ.მ–სის“ წარმომადგენელმა შპს „მ–ის“ მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით.

2. მოსარჩელის განმარტებით, შპს „ლ.მ–სი“ წარმოადგენდა ავტომობილების ნაწილების სარეალიზაციო ობიექტს, რომელიც საქმიანობს ქალაქ თბილისში. შპს „მ–ი“ წლების განმავლობაში თანამშრომლობდა შპს „ლ.მ–სთან“ და პერიოდულად იხდიდა მიმდინარე დავალიანებების ნაწილს. ბოლო მონაცემებით მან დავალიანება დაფარა 2023 წლის 30 იანვარს - 130 ლარის ოდენობით. სარჩელის აღძვრის დროისთვის შპს „მ–ის“ გადაუხდელი დავალიანება ჯამში შეადგენდა 12 477 ლარს. სარჩელზე დართული საგადახდო ანგარიშფაქტურები მოიცავდა 2022 წლის 3 ოქტომბრიდან 2023 წლის 3 იანვრამდე პერიოდს და ყველა ანგარიშფაქტურა დადასტურებულია მოპასუხე მხარის მიერ.

3. 2024 წლის 19 ივნისს მოპასუხე შპს „მ–მა“ წარადგინა შესაგებელი, რომლითაც ნაწილობრივ ცნო სარჩელი.

4. 2024 წლის 6 თებერვალს 11:30 საათზე დანიშნულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე გამოცხადდა შპს „ლ.მ–სის“ წარმომადგენელი, ხოლო მოპასუხე შპს „მ–ის“ წარმომადგენელი არ გამოცხადებულა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის. შპს „მ–ის“ წარმომადგენელს 2024 წლის 24 იანვრის სატელეფონო აქტით ეცნობა სხდომის დროის, თარიღისა და ადგილის შესახებ (ს.ფ. 67) სხდომაზე გამოცხადებულმა მოსარჩელემ გამოიყენა თავისი საპროცესო უფლება და მოპასუხე შპს „მ–ის“ არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 6 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოსარჩელე შპს „ლ.მ–სის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე შპს „მ–ს“ შპს „ლ.მ–სის“ სასარგებლოდ დაეკისრა 12 677 ლარის გადახდის ვალდებულება.

6. 2024 წლის 1 აპრილს მოპასუხე შპს „მ–ის“ წარმომადგენელმა წარადგინა საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე, აღნიშნულის მიზეზად კი, სხდომის თარიღის არცოდნა და სასამართლო უწყების ჩაუბარებლობა მიუთითა.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 14 ივნისის განჩინებით შპს „მ–ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 6 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

8. აღნიშნული განჩინება და დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „მ–ის“ წარმომადგენელმა.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 იანვრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 6 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2024 წლის 14 ივნისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

10. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2024 წლის 6 თებერვალს 11:30 საათზე, რის შესახებაც მოპასუხე მხარეს ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. კერძოდ, შპს „მ–ის“ წარმომადგენელს, 2024 წლის 24 იანვრის სატელეფონო აქტით ეცნობა სხდომის დროის, თარიღისა და ადგილის შესახებ (ს.ფ. 67) სასამართლო სხდომაზე მოპასუხე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე უცნობებია სასამართლოსათვის. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტს არ წარმოუდგენია არცერთი მტკიცებულება რაც მის გამოუცხადებლობას საპატიოდ აქცევდა.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 იანვრის განჩინება, საკასაციო წესით, გაასაჩივრა შპს „მ–ის“ წარმომადგენელმა.

12. საკასაციო საჩივარში მხარე უთითებს, რომ არასწორია სასამართლოს დასკვნა სხდომის თარიღის შესახებ შეტყობინების მხარისთვის, კანონით დადგენილი წესით, ჩაბარების შესახებ, რადგან საზოგადოებას არ მიუღია უწყება სასამართლოდან, ამიტომ წარმომადგენელს არ ჰქონდა შესაძლებლობა სასამართლო პროცესზე გამოცხადებულიყო და დაეცვა მოპასუხის ინტერესები, მათ შორის, დავა დაესრულებინა მორიგებით. კასატორის მტკიცებით, ამ პირობებში საერთოდ გაუმართლებელია სასამართლოს მსჯელობა სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული დასაბუთებულობის შესახებ.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ივლისის განჩინებით, შპს „მ.მ–ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

17. საკასაციო პალატის განსჯით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც დადგენილად მიიჩნევა შემდეგი:

- შპს „მ–ი“ წლებია თანამშრომლობს შპს „ლ.მ–სთან“ და სხვადასხვა დროს სხვადასხვა რაოდენობით ყიდულობს საჭირო საქონელს;

- მოპასუხე წლების განმავლობაში პერიოდულად იხდიდა მიმდინარე დავალიანებების ნაწილს, ბოლო მონაცემებით მან დავალიანება დაფარა 2023 წლის 30 იანვარს 130 ლარის ოდენობით;

- შპს „მ–ის“ გადასახდელი დავალიანება ჯამში შეადგენს 12 477 ლარს, რაც დასტურდება შპს „მ–ის“ ანგარიშის ბარათის საბუღალტრო ამონაწერით;

- საგადახდო ანგარიშფაქტურები მოიცავს 2022 წლის 3 ოქტომბრიდან 2023 წლის 3 იანვრამდე პერიოდს და ყველა ანგარიშფაქტურა დადასტურებულია მოპასუხე მხარის მიერ;

- 2023 წლის 29 მარტს მოსარჩელემ მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს გამარტივებული წარმოების სამსახურს მათთვის თანხის დაკისრების მოთხოვნით, რის გამოც გადახდილ იქნა გამარტივებული წარმოების საფასური 200 ლარი;

- მოპასუხე კომპანიამ წარადგინა პროტესტი, რის გამოც აღსრულების ეროვნული ბიუროს 2023 წლის 1 მაისის გადაწყვეტილებით უარი ეთქვა მოსარჩელეს დავალიანების გადახდევინების ბრძანების გამოცემაზე.

18. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს კასატორის იმ პრეტენზიაზე, რომელიც სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარის გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევის შესახებ შედავებას მიემართება და განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არეგულირებს საქმის განხილვაზე მხარეთა გამოუცხადებლობის სამართლებრივ შედეგებს, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად მიიჩნევა, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა არსებობდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის შემადგენლობის ყველა ელემენტი: ა) მოპასუხისათვის საქმის განხილვის შესახებ ინფორმაციის შეტყობინება გონივრულ ვადაში; ბ) მოპასუხის საქმის განხილვაზე გამოუცხადებლობა; გ) გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არარსებობა; დ) მოსარჩელის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. აღნიშნული საფუძვლების კუმულაციურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას (იხ.: სუსგ №ას-152-148-2016, 03.06.2016წ.; №ას-1508-2023, 31.01.2024წ.). თუმცა იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენს და ქმნის ამა თუ იმ ურთიერთობის რეგულირების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმის მოძიების შემდგომ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებს თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია (იხ.: სუსგ №ას-1468-1388-2017, 11.05.2018წ.; №ას-563-2023, 20.07.2023წ.; №ას-1405-2024, 26.12.2024წ.).

20. ამასთან, სასამართლო ყოველთვის არის ვალდებული, შეამოწმოს, ხომ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.

21. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის შემადგენლობის ყველა ელემენტი. ამასთან, არ იკვეთებოდა ხსენებული მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრული, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის განმაპირობებელი გარემოება. ასევე აღსანიშნავია, რომ საქმეზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი არცერთი გარემოება არ დადგენილა.

22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია მოპასუხე მხარის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის ფაქტი. დასახელებული გარემოება, თავის მხრივ, მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილების მიზეზი გახდა. ამასთან, პალატა ყურადღებას ამახვილებს კასატორის საკასაციო პრეტენზიებზე და განმარტავს, რომ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის შედეგად არ დასტურდება საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები.

23. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ შესაძლებლობას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი განსაზღვრავს (დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს ამავე კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის), საპატიო გარემოებათა სამართლებრივ წრეს კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს (რომლის შესატყვისად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა უნდა დადასტურდეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე).

24. იმისათვის, რომ სასამართლომ პროცესზე მხარის გამოუცხადებლობა საპატიოდ მიიჩნიოს, უნდა არსებობდეს ორი წინაპირობა: 1. გამოუცხადებლობა გამოწვეული უნდა იყოს განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით და 2. აღნიშნული განსაკუთრებული ობიექტური გარემოება მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს უნდა ხდიდეს მხარის პროცესზე გამოცხადებას ან/და გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ სასამართლოსთვის შეტყობინებას. სასამართლომ რომ მხარის მიერ მითითებული მიზეზი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნიოს, უნდა შეექმნას მხარის გამოცხადების ობიექტური შეუძლებლობის მყარი შინაგანი რწმენა (იხ.: სუსგ №ას-780-780-2018, 22.10.2019წ; №ას-484-2023, 16.05.2023წ; №ას-1527-2023, 26.01.2024წ.).

25. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მხარეთა შეჯიბრებითობაზეა დამყარებული და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი თითოეულ მხარეს უდგენს ვალდებულებას, სათანადო მტკიცებულებით დაასაბუთოს მოთხოვნა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით კი განსაზღვრულია მხარის აბსოლუტური შესაძლებლობა, თავადვე განსაზღვროს სადავო გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები და წარუდგინოს ისინი სასამართლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც დამტკიცებას საჭიროებს, მხოლოდ მხარის განმარტებით ვერ დადგინდება. ამდენად, სათანადო მტკიცებულებით დადასტურებას საჭიროებს საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზად დასახელებული ნებისმიერი გარემოება, რომელზეც მხარე მიუთითებს.

26. საკასაციო პალატა კასატორისათვის დაკისრებულ მტკიცების ტვირთზე ამახვილებს ყურადღებას და მიუთითებს, რომ მისი ერთადერთი შედავება მიემართება იმას, რომ სასამართლოდან კომპანიაში არ მისულა უწყება, რის გამოც შპს „მ–ის წარმომადგენელს“ შეეზღუდა საპროცესო უფლებები. ამ პრეტენზიასთან მიმართებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა მატერიალური თვალსაზრისით უწყების გაგზავნის იმპერატივს არ ითვალისწინებს და უწყების ჩაბარების შესაძლებლობას სატელეფონო შეტყობინების გზით, ასევე დასაშვებად მიიჩნევს (იხ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლები). განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა დაინიშნა 2024 წლის 6 თებერვალს 11:30 საათზე, რის შესახებაც მოპასუხე მხარეს ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. კერძოდ, შპს „მ–ის“ წარმომადგენელს (რწმუნებულება ს.ფ. 63), 2024 წლის 24 იანვრის სატელეფონო აქტით ეცნობა სხდომის დროის, თარიღისა და ადგილის შესახებ (ს.ფ. 67) სასამართლო სხდომაზე მოპასუხე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე უცნობებია სასამართლოსათვის.

27. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სწორედ იმ მიზნით აწესებს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის მიზეზის შეფასების ზემოთ მოყვანილ წესს, რომ მხარეებმა საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ და მხოლოდ ობიექტურად გამოუვალი მდგომარეობა იქნეს მიჩნეული დასახელებული მოვალეობების შეუსრულებლობის საპატიო მიზეზად (იხ. საქმე №ას-455-2024, 14 ივნისი, 2024).

28. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ იმისათვის, რათა სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მიზეზი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნიოს, მას უნდა შეექმნას მხარის გამოცხადების ობიექტური შეუძლებლობის მყარი შინაგანი რწმენა. ამ შემთხვევაშიც, ისევე როგორც, ზოგადად, სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, სასამართლო სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის ყოველი კონკრეტული შემთხვევა უნდა შეფასდეს ინდივიდუალურად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით (იხ. საქმე №ას-183-2023, 31 მაისი, 2023 წელი). საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შეუძლებლობის საპატიო მიზეზზე და ამ გარემოების წინასწარ სასამართლოსათვის შეტყობინების შეუძლებლობაზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის მიერ მითითებული საფუძველი სასამართლოს უფლებამოსილებაა (შდრ. სუსგ საქმე №ას-1270-2018, 2 ნოემბერი, 2018).

29. საკასაციო პალატა მხარეს განუმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობა მხარეთა თანაბარი მოპყრობისა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს ემყარება. საკასაციო პალატა სამართალწარმოების დისპოზიციურობის, პროცესის ეკონომიურობის პრინციპებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების გათვალისწინებით განმარტავს, რომ ნებისმიერი საპროცესო მოქმედების განხორციელებისას დაცული უნდა იყოს მხარეთა შორის უფლება-მოვალეობათა განაწილების სამართლიანი ბალანსი. ერთი მხარის მიერ თავისი საპროცესო უფლების არამართლზომიერად გამოყენებამ არ უნდა დააბრკოლოს მოდავე მხარის უფლებების რეალიზაცია და უსაფუძვლოდ არ უნდა გააჭიანუროს პროცესი (იხ. სუსგ. საქმეზე №ას-1412-2018, 2018 წლის 10 დეკემბერი, სუსგ Nას-29-29-2016 2016 წლის 9 მარტი).

30. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

31. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

32. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

33. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს დაუბრუნდება 633,85 ლარის 70% – 443,69 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „მ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. შპს „მ–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ხ.გ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 633,85 ლარის (საგადახდო დავალება N5580 გადახდის თარიღი 19.06.2025), 70% - 443,69 ლარი.

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი