Facebook Twitter

საქმე №ას-849-2025 31 ოქტომბერი, 2025 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი, გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – დ.კ–ვა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – გ.ხ–ძე, ნ.მ–ი, ნ.ჯ–ძე (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – მესაკუთრედ ცნობა, მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობა, ხელშეკრულებების ბათილად ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 13.01.2025წ. გადაწყვეტილებით - დ.კ–ვას (შემდგომში - მოსარჩელე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) სასარჩელო მოთხოვნა გ.ხ–ძის, ნ.მ–ისა და ნ.ჯ–ძის (შემდგომში - მოპასუხე) მიმართ არ დაკმაყოფილდა (იხ: გადაწყვეტილება, ს.ფ. 177-191). გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.05.2025წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო. მოსარჩელემ განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა (იხ: განჩინება, ს.ფ. 228-232).

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 8 ივლისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულია განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

5. გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში.

6. დადგენილია და არც კერძო საჩივრის ავტორი ხდის სადავოდ, რომ ხარვეზის შევსების შესახებ 17.03.2025 წლის განჩინება აპელანტის დას ჩაბარდა 2025 წლის 15 მაისს სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით (იხ. ს.ფ. 224).

7. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობასა და დასკვნებს, სახელდობრ, აპელანტისათვის ხარვეზის გამოსწორების 14-დღიანი ვადის ათვლა 2025 წლის 16 მაისს დაიწყო (შეტყობინების ჩაბარების მეორე დღე, სსსკ-ის მე-60 მუხლი) და 2025 წლის 29 მაისს ამოიწურა (სსსკ-ის 61.1 მუხლი), ამ დროის განმავლობაში აპელანტს არც ხარვეზი გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით არ მიუმართავს სასამართლოსათვის.

8. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 მარტის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის შევსების მიზნით, დაევალა განჩინების ასლის გადაცემიდან 14 დღის ვადაში დაეზუსტებინა სააპელაციო საჩივრის ფასი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში წარედგინა: ა) სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი (შემოსავლის ორდერი); ბ) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე" ,,დ" და ,,ვ" ქვეპუნქტების შესაბამისად, შედგენილი აპელანტის ან/და უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერით.

10. კერძო საჩივრის ავტორი მოითხოვს, რომ გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და მისი სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნეს წარმოებაში. ამასთან, მიუთითებს, რომ ხ.კ–ვამ ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება წარადგინა ვადის დარღვევით, მისი ავადმყოფობის გამო.

11. საკასაციო სასამართლო უარყოფს კერძო საჩივრის ავტორის ამ მოსაზრებას და, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ, აპელანტი ვალდებული იყო, 14 დღის ვადაში შეევსო სააპელაცი საჩივარზე დადგენილი ხარვეზი (იხ. ამავე განჩინების პუნქტი 9). სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის მიზნიდან გამომდინარე კი, 2025 წლის 30 მაისს ანუ ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდგომ ხ.კ–ვას, როგორც აპელანტის წარმომადგენლის მიერ წარდგენილი მინდობილობა და შუამდგომლობა, საპელაციო საჩივრის ფასის დაზუსტებისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, ვერ მიიჩნევა, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულებად და, შესაბამისად, ხარვეზის შევსებად (შდრ. სუსგ. №ას-852-818-2016 12.11.2016წ).

12. ამრიგად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კერძო საჩივრის ავტორს სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში, ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც შესაბამისი შუამდგომლობით არ მიუმართავს სასამართლოსთვის, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე (შდრ. სუსგ-ები: №ას-884-824-2017, 2017 წლის 12 სექტემბრის განჩინება; №ას-558-533-2016, 2016 წლის 15 ივლისის განჩინება; №ას-521-498-2016, 2016 წლის 12 ივლისის განჩინება; №ას-861-811-2015, 2016 წლის 31 მარტის განჩინება).

13. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

14. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ.კ–ვას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.05.2025 წლის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი